Tu-95MS

მიმოხილვა: რუსეთისა და ჩინეთის ბომბდამშენები წყნარი ოკეანის თავზე

1119
(განახლებულია 21:20 25.12.2020)
რუსეთმა და ჩინეთმა ტექნოლოგიურად და სიტყვაძუნწად მონიშნეს თავიანთი ინტერესები და შესაძლებლობები წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

ორი ქვეყნის სტრატეგიული ბომბდამშენების ერთობლივმა პატრულირებამ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ბაზების მოწყვლადობა წარმოაჩინა.

ავიადაჯგუფება, რომელშიც ორი რუსული Ту-95МС და ოთხი ჩინური „ჰუნ-6“ შედიოდა, 22 დეკემბერს 10 საათის განმავლობაში წარმატებით პატრულირებდა იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების აკვატორიის თავზე. „სტრატეგებს“ მარშრუტის ცალკეულ უბნებზე რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების განამადგურებელი Су-35С და ასევე იაპონიის სამხედრო–საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებელი F-15 აცილებდა, რომლებიც ცაში განგაშის სიგნალზე აუშვეს.

ამოცანების შესრულების პროცესში თვითმფრინავები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოქმედებდნენ — არ არღვევდნენ მეზობელი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ მისიას გეგმური ხასიათი ჰქონდა და არ იყო მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, ემსახურებოდა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედების დონის ამაღლებას.  

მსგავსი ოპერაციები ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეებს წარმოაჩენს ორ ქვეყანას შორის. ერთობლივმა მისიამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ცნობით, ავიადაჯგუფება რამდენჯერმა შეიჭრა „საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში“. „შეჭრაზე“ პასუხად სამხრეთ კორეის სამხედრო–საჰაერო ძალებმა ასევე აუშვეს ცაში თავიანთი გამანადგურებლები.

დასავლურმა „დერჟავებმა“ რუსეთ–ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობის ზრდას „სერიოზული საფრთხე“ უწოდეს. ხოლო შეერთებულმა შტატებმა შენიშნა, რომ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ძალთა ბალანსი მათ სასარგებლოდ არ იცვლება.

პატრულირების თავისებურებები

რუსეთ–ჩინეთის ერთობლივი მისია 22 დეკემბერის ადრე დილით დაიწყო. როდესაც ოთხი ჩინური ბომბდამშენი „საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში“ შევიდა კუნძულ იოდოს მხრიდან, იქ უკვე იმყოფებოდა 15 რუსული თვითმფრინავი. მიუხედავად სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის განგაშისა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სპეციალისტებს ეროვნული საჰაერო სივრცის დარღვევა არ გამოუვლენიათ. სეულის მიერ 2013 წელს ცალმხრივად დადგენილი „საიდენტიფიკაციო ზონა“ იურიდიულად არავის ავალდებულებს, წინასწარ შეატყობინოს მასში შესვლის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩინურმა მხარემ მაინც გააფრთხილა სეული ერთობლივი წვრთნების შესახებ.

რაღა თქმა უნდა, იმ დილით განგაში გამოცხადდა ახლომდებარე აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ბაზა იოკოსუკაზეც, რომელიც „ერთი ხელის გაწვდენაზე“ მდებარეობდა რუსული და ჩინური რაკეტმზიდებიდან. მაგრამ რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო–საჰაერო ძალების „სტრატეგებმა“ მხოლოდ გეგმურად შეამოწმეს სავარაუდო სამხედრო მოქმედებების თეატრი და სიგნალი გაუგზავნეს ამერიკელ პარტნიორებს, რომლებიც რეგიონში თავისი წესების თავს მოხვევას ცდილობს.

ამერიკელების აზრით, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო დაზვერვის საშუალებები და სტრატეგიული ბომბდამშენები ამერიკის საჰაერო–კოსმოსური თავდაცვის სარდლობის (NORAD) შესაძლებლობებს სწავლობენ და სულ უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს აშშ-ის საზღვრების სიახლოვეს.

მანამდე ანალიტიკურმა გამოცემა The National Interest-მა აღნიშნა, რომ ახალი თაობის რუსულ და ჩინურ რაკეტებს შეუძლია საფრთხე შეუქმნას აშშ-ის ავიაციას.

ჩინური „ომის ღმერთი“ 

ჩინური სტრატეგიული ბომბდამშენი „ჰუნ-6К“ (პირობითი სახელი „ომის ღმერთი“) ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციაა, რომელსაც საფუძვლად საბჭოთა Ту-16А უდევს (1950-იანი წლების ბოლოს ჩინეთს რამდენიმე თვითმფრინავი და ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეცა). „სტრატეგი“ წინა ვერსიებისგან „ჭკვიანი“ ელექტრონიკითა და უახლესი შეიარაღებით გამოირჩევა, შეუძლია ბირთვული დარტყმა მიიტანოს ათასი კილომეტრის მანძილზე. აქვს შორი აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური, დაზვერვის ოპტიკურ–ელექტრონული სადგური და სხვა საჭირო შესაძლებლობები.

ჩინური საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა AKD-20-ის გაშვების მაქსიმალური სიშორე „სტრატეგიდან“, სხვადასხვა მონაცემებით, 1600-დან 2500 კილომეტრამდეა. მოწინააღმდეგის სახმელეთო ობიექტების დასაზიანებლად შეუძლია გამოიყენოს აგრეთვე რაკეტა KD-88, რომელიც დამიზნების ინერციული, სატელევიზო და ინფრაწითელი კავშირის არხებითაა აღჭურვილი გამოსახულების მზიდ თვითმფრინავზე გადასაცემად.

არსენალში ასევე არის ზებგერითი რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები „ინცზი-12“ და „ინცზი-100“, რომლებსაც ავამზიდის განადგურება შეუძლიათ მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოქმედების არელაში შეუსვლელად. ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, მართვადი რაკეტა „სტანდარტი-2“ არ იძლევა ჩინური „ინცზების“ ჩაჭერის გარანტიას.

„ომის ღმერთი“ რუსული ძრავებითაა აღჭურვილი, რომელთა სიმძლავრე 12 ათასი კგძ/სმ-ია. პლანერის კონსტრუქციაში 30% კომპოზიტური მასალებია. ფრენის სიშორე საწვავით შევსების გარეშე — 5 ათას კილომეტრამდე. ხოლო რუსულ „დათვთან“ ერთად ჩინური „სტრატეგის“ სიმძლავრე კიდევ მეტად იზრდება.

საკონტინეტთაშორისო ბომბდამშენი–რაკეტმზიდი Ту-95 МС „დათვი“ საკმაოდ კარგადაა ცნობილი მსოფლიოში იმით, რომ 5 ათასი კილომეტრის დაშორებით შეუძლია დარტყმის განხორციელება. აუცილებლობის შემთხვევაში მას პირდაპირ რუსეთის ტერიტორიიდან შეუძლია სარაკეტო იერიშის მიტანა. მისი პატრულირების ზონა პრაქტიკულად შეუზღუდავია მანძილის მიხედვით. საწვავით შევსების გარეშე მანქანას 15 ათასამდე კმ-ის გადალახვა შეუძლია, საწვავის დამატებით შევსების შემთხვევაში კი — 30 ათასი კმ-ის.

მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად „სტრატეგი“ ფრთოსან რაკეტა Х-101-სა და Х-102-ს (ფრენის სიშორე 5500 კმ) და ასევე Х-55-ს იყენებს (ფრენის სიშორე 3500 კმ-მდე). ყველაზე შეიარაღებულად მიიჩნევა Ту-95МС-16, რომელსაც 16 ფრთოსანი რაკეტის ზიდვა შეუძლია.

რუსეთის შორი ავიაცია 2020 წელს ექვსი მოდერნიზებული სტრატეგიული რაკეტმზიდი Ту-95МС-ით შეივსო.

თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 2020 წელს 15%-ით გაიზარდა ამერიკული თვითმფრინავებისა და გემების რუსეთის საზღვრებთან სადაზვერვო და სადემონსტრაციო მოქმედებების ინტენსივობა. სისტემატური ხასიათი მიეცა ნატოს წვრთნებს, რომლებიც ერთდროულად ტარდება რუსეთის დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ მიჯნებთან. მარტო აგვისტო–სექტემბერში მანევრებში 55 ათასი საბრძოლო თვითმფრინავმა და თორმეტმა ხომალდმა მიიღო მონაწილეობა. რუსეთს მოუხდა „სარკისებური ზომების“ გატარება, რაც 22 დეკემბერს ფრიად დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

1119
ვაქცინა „ეპივაკკორონა“

რას უნდა ველოდოთ „ეპივაკკორონისგან“: ყველაფერი COVID-19-ის პეპტიდური ვაქცინის შესახებ

63
(განახლებულია 13:44 23.01.2021)
„პივაკკორონას“ ასპროცენტიანი იმუნოლოგიური ეფექტურობა აქვს, ირწმუნებიან მისი შემქმნელები ნოვოსიბირსკის ცენტრ „ცექტორიდან“.

ტატიანა პიჩუგინა

ეს სინთეტიკური პრეპარატია, რომელიც SARS-CoV-2-ის ცილა-საცეცის პატარა ფრაგმენტებისგან შედგება. ახლა ვაქცინას სამი ათასზე მეტ მოხალისეზე ცდიან. ამავდროულად ის სამოქალაქო ბრუნვაშიც გავიდა. აღინიშნება, რომ მას ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს, ამიტომ ვაქცინა უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაცაა გამოსადეგი.

რისგან შედგება „ეპივაკკორონა?“

ვაქცინა SARS-CoV-2-ის ცილა-საცეცის სამი მოკლე ფრაგმენტისგან შედგება, რომლებიც მზიდავ ცილაზეა დამიზნებული. ამ ფრაგმენტებს პეპტიდები ეწოდება, აქედან წარმოდგემა ვაქცინის სახელი - პეპტიდური.

რომელი პეპტიდები შედის ვაქცინაში?

„ვექტორის“ განცხადებით, ვაქცინური პეპტიდები შეიცავს В-უჯრედულ ეპიტოპებს, Т-ჰელპერული ეპიტოპების წყარო მზიდავი ცილაა.

ცილა-საცეცი ეხმარება ვირუსულ ნაწილაკს, მიემაგროს ადამიანის უჯრედს და შეაღწიოს მის შიგნით. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს საცეცები ორგანიზმის უფრო მეტ იმუნურ პასიხს იწვევს. ბიოლოგების ტერმინოლოგიით, ცილა-საცეცი — ეს ანტიგენია.

ამ ცილის მოლეკულა ძალიან დიდია და მასში განსაკუთრებული უბნები — ეპიტოპებია. მათ იმუნური სისტემის უჯრედები ამოიცნობს და ინფექციასთან ბრძოლის მექანიზმს ააქტიურებს.

„არსებობს В და Т ეპიტოპები. მათან პირველს ანტიგენური დეტერმინანტები ჰქვია. ეს არის ანტიგენის მოლეკულის უბნები, რომლებიც ანტისხეულებს უკავშირდებიან. მაგრამ მანამდე ეს უბნები В ლიმფოციტების რეცეპტორებს უკავშირდებიან და მათი პლაზმურ ჯრედებად გადაქცევის პროცესს იწყებენ, რომლებსაც ანტისხეულების გამომუშავების უნარი აქვთ“, — ამბობს პროფესორი ეკატერინა კოლესანოვა.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

აცრის შედეგად მზიდავი ცილა სამივე პეპტიდს ადამიანის В ლიმფოციტს აწვდის, ააქტიურებენ მას და დამცავი ანტისხეულების — იმუნოგლობულინების გამომუშავება იწყება.

„ვექტორში“ ადასტურებენ, რომ აცრის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები სპეციფიკურია კორონავირუსის ცილა-საცეცის მიმართ. იმუნოზირებული მოხალისეებისგან აღებული სისხლის შრატი ვირუსის გამანეიტრალებელ აქტიურობას ავლენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტისხეულებს არა მარტო კორონავირუსის ამოცნობის, არამედ მისი განადგურების უნარიც აქვს.

შეიცავს თუ არა „ეპივაკკორონა“ კორონავირუსს ან რომელიმე სხვა ვირუსს?

არანაირი ვირუსი და მათი ნაწილები მასში არ არის. ამით განსხვავდება ის „სპუტნიკ V-სგან“, რომელშიც ადენოვირუსები შედის. „ეპივაკკორონაში“ არ არის რნმ, დნმ, არანაირი ცოცხალი კომპონენტი, კონსერვანტები და ანტიბიოტიკები. შემადგენლობა დეტალურად არის აღწერილი „როსპოტრებნადზორის“ საიტზე და ასევე ვაქცინის ინსტრუქციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

როგორ იქმნება პეპტიდური ვაქცინა?

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

პეპტიდების ქიმიური სინთეზით — ცალკეული ამინომჟავური ნარჩენების ჯაჭვის თანმიმდევრული ზრდის პროცესით.
აინთეტიკურ პეპტიდებს აერთიანებენ მზიდავ ცილასთან. ეს საჭიროა მდგრადი მოლეკულების მისაღებადაც. რაც უფრო მოკლეს პეპტიდი, მით მალე ირღვევა ისინი.

როგორ კეთდება აცრა?

ვაქცინა სუსპენზიის სახით გამოდის და ინექციით შეჰყავთ მხრის კუნთში. პეპტიდური პრეპარატები არ იძლევა იმუნიტეტის სწრაფ და მძლავრ პასუხს, ამიტომ „ეპივაკკორონა“ ორჯერ შეჰყავთ თანაბარი დოზებით 21 დღიანი შუალედით.

გვერდითი ეფექტები

I-II ფაზაში მონაწილე მოხალისეები ამბობდნენ, რომ ჰქონდათ მცირე ტკივილი ნანემსარზე, რომელიც მალე ქრებოდა. სხვა უსიამოვნო შეგრძნებები არ აღუწერიათ.

ვაქცინა „ეპივაკკორონა“
photo: press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

„ეპივაკკორონას“ არაოფიციალურ Telegram-არხზე, რომელიც პოსტრეგისტრაციული გამოცდების (მესამე ფაზა) მონაწილეებმა შექმნეს, მინიმალური გვერდითი ეფექტების შესახებ საუბრობენ: დისკომფორტი, ნანემსრის შეწითლება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ძლიერი ტკივილი მხარში. მაღალი ტემპერატურა და სხეულში მტვრევა არავის გამოვლენია, ან აცრასთან მკისი კავშირი არ დადასტურებულა.

როგორია „ეპივაკკორონას“ ეფექტურობა?

„არსებობს იმუნოლოგიური და პროფილაქტიკური ეფექტურობა. პირველი — ეს სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებაა. კლინიკური გამოცდების I და II ფაზებისას სპეციფიკური ანტისხეულები ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა. პროფილაქტიკური ეფექტურობა — ეს აცრილების დაავადებისგან დაცვაა. კვლევები პოსტრეგისტრაციული გამოცდების მსვლელობისას გრძელდება, მონაცემები თებერვალში გვექნება“, — აცხადებენ „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახურში.

როგორ შეიძლება თავად შევამოწმოთ ვაქცინის მოქმედება?

უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი კორონავირუსის S-ცილის მიმართ IgG-ის კლასის ანტისხეულებზე არა უადრეს 35-42 დღისა ვაქცინის პირველი დოზის შეყვანიდან. მაგრამ ყველა ტესტ-სისტემა ვერ ხედავს „ეპივაკკორონას“ მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს.

„როპოტრებნადზორში“ აცხადებენ, რომ ამისთვის მხოლოდ ტესტ-სისტემა SARS-CoV-2-IgG-ვექტორია გამოსადეგი.

გარდა ამისა, ვაქცინის შემქმნელების თქმით, „ეპივაკკორონას“ მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს კარგად „ხედავს“ ფირმა Biopharmaceuticals-ის მიერ წარმოებული რეკომბინირებული ცილა S1.

მესამე ფაზის მონაწილე მოხალისეების დაკვირვებით, რომლებმაც საკუთარი ნებით ჩააბარეს ტესტები, IgG-ანტისხეულები სამს აღმოაჩნდა. პირველი ვაქცინა მათ გასული წლის დეკემბერში მიიღეს.

კიდევ ვინ ქმნის პეპტიდურ ვაქცინებს კორონავირუსის წინააღმდეგ?

პეპტიდური ვაქცინები მთელ მსოფლიოში ექსპერიმენტულ სტადიაზეა. მათი შექმნა და შემოწმება დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომაც ჩამორჩებიან ისინი Mრნმ, ვექტორულ და ინაქტივირებულ ვაქცინებს.

ჯანმოს სიაში 19 იანვრისთვის, „ეპივაკკორონას“ გარდა, კიდევ ორი პეპტიდური ვაქცინა-კანდიდატი იყო. მათ ადამიანებზე ცდიან.
მულტიპეპტიდურ კოქტეილს pVAC-SARS-CoV-2-ს, რომელიც ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში შეიქმნა, ახლა გამოცდების პირველ ფაზას გადის.

პრეპარატი UB-612, რომელიც ტაივანურმა კომპანია United Biomedical Inc., Asia-მ შექმნა ამერიკულ COVAXX-თან ერთად, გამოცდების II-III ფაზაზეა.

63
თემები:
რუსეთი დღეს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

216
(განახლებულია 17:39 22.01.2021)
გულშემატკივრები ტოკიოში ქართველი ოლიმპიელების გამოსვლას ელოდებიან. საინტერესო წელი იქნება ქართული რაგბისთვისაც. პარალელურად ფეხბურთელები განაწყენებული ქომაგის გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო გადაიდო ან სულაც ჩაიშალა 2020 წელს დაგეგმილი უამრავი სპორტული ღონისძიება. გულშემატკივართათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო გასულ წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გადადება. კორონავირუსთან ვაქცინაციით დაწყებულ ბრძოლას მსოფლიო საზოგადოება იმედის თვალით შეჰყურებს, რაც ჩვენც იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელი სპორტული თვალსაზრისით ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

იმედიანად არის განწყობილი ქართველი ქომაგიც, რადგან ქართულ სპორტს საინტერესო წელი ელოდება და ფედერაციები გარკვეულ სახეობებში მსოფლიო ტურნირებზე უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას გეგმავენ.

მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო. ოლიმპიადის ლიცენზიები ქართველი სპორტსმენების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვს, დანარჩენები კი ოლიმპიადამდე დაგეგმილ ტურნირებზე იბრძოლებენ ლიცენზიების მოსაპოვებლად. რთული წელი ექნებათ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში განცდილი მარცხით გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს. საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მუნდიალისთვის შესარჩევ ეტაპს გაივლის, სადაც უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება. რაც შეეხება კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს, ისინი ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლები იქნებიან. მოუთმენლად ველით UFC-ში ჩვენი მებრძოლების გამოსვლებსაც, მიუხედავად პანდემიისა, მათ 2020-ში უამრავი სიხარული გვაჩუქეს. ასევე წინ გველის ძიუდოში თბილისის გრანდ-სლემი და უამრავი სხვა სპორტული ღონისძიება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

იაპონიის დედაქალაქმა ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12,5 ათასზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს.

ოლიმპიადის ხსენებაზე ქართველ გულშემატკივარს პირველი ალბათ ლაშა ტალახაძე გაახსენდება. ჩვენი გოლიათის მარცხს სხვა ქვეყნის სპორტის ქომაგები და წარმომადგენლებიც კი არ განიხილავენ და მით უფრო მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება ქართველ ქომაგს. ტალახაძის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან და არაამქვეყნიური ძალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთი ოლიმპიური ოქროს იმედი ამ სახეობაში ნამდვილად უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო ხანს, ტალახაძის გარდა, არაერთმა ქართველმა ძალოსანმა მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ტურნირებზე და არ არის გამორიცხული, ფედერაციას კიდევ ჰქონდეს დაგეგმილი ოლიმპიური მედლები.

ტრადიციულად საქართველოს მედლების მოპოვების დიდი შანსი ექნება საჭიდაო სპორტის სახეობებში. საინტერესო იქნება ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა, სადაც უამრავი ახალი სახე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წელი წარმატებით დაიწყეს ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა, რომლებმაც დოჰას მასტერსზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულეს. არ უნდა დაგვავიწყდეს თავისუფალი სტილით ჭიდაობა, სადაც ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილის იმედი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო სპორტში ისეთი ფენომენალური მოვლენა, როგორიც ჩვენი მსროლელი ნინო სალუქვაძეა, რომელიც თავის მე-9 (!) ოლიმპიადაზე მიდის. წარმატებები ვუსურვოთ ნინოს და იმედი ვიქონიოთ, რომ მასთან ერთად ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვა სახეობებშიც მოუტანენ ქვეყანას ჯილდოებს.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ საფეხბურთო ნაკრები მუნდიალის შესარჩევისთვის ემზადება

კარგი იქნება, თუ კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად დავიწყებას მიეცემა 2020 წლის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მარცხის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ აიცრუა გული ქართულ ფეხბურთზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილად რთული გზა აქვთ გასავლელი. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

მუნდიალის შესარჩევზე საქართველო პირველ შეხვედრას 2021 წლის 25 მარტს სტუმრად გამართავს შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში კვლავ შვედებთან მოგვიწევს დაპირისპირება.

ნაკრების სხვა პრობლემებს ახლა ისიც დაემატა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ფედერაცია ისევ ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული კლუბებიც. ევროსარბიელზე, მსგავსად წინა სეზონებისა, კვლავ ოთხი გუნდი იასპარეზებს. ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ (თასის გამარჯვებული) უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე გასვლას შეეცდებიან.

ქართველი მორაგბეებისთვის წელი რუსეთთან შეხვედრით იწყება

„ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ შეხვვედრას რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან 6 თებერვალს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნული შეხვედრა არაფერს წყვეტს, მაყურებელი ქართველ მორაგბეთა მატჩებს ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება. „დათვებს“ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა შევხვედროდით, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო.

შემდეგ კი ლევან მაისაშვილის შეგირდებს წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელით, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საუბარია ასევე ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზე, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" შესაძლოა არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართონ.

კალათბურთელები ევრობასკეტისთვის გახურდებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წელს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხ შეხვედრას, ე.წ. „ბაბლს“ უმასპინძლებს. 2021 წლის თებერვალში ჩვენი ნაკრები ჯერ სერბეთის დამარცხებას შეეცდება, შემდეგ კი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის შეგირდებმა „ბაბლის“ პრინციპით ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებულად იასპარეზეს. ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ ფინეთთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

საქართველო ევრობასკეტი-2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. მიუხედავად ამისა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ დაუზოგავთ და შესარჩევი ეტაპის აქამდე გამართული ყველა მატჩი მოიგეს, თანაც უმეტესი მათგანი – სერიოზული საკადრო დანაკლისების პირობებში. მეორე მხრივ, ძირითადი შემადგენლობის დანაკლისმა გამოავლინა პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ნაკრებს მომავალში უდავოდ გამოადგებიან.

2021 წლის ზაფხულში საქართველო 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ქართველი სპორტსმენები თანდათან სახელს იხვეჭენ

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები პოპულარული გახდა. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი UFC-სკენ არის მიმართული, სადაც ექვსი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე – ეს იმ მებრძოლთა ჩამონათვალია, რომლებმაც გასულ წელს თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრეს, და არ არის გამორიცხული, რომ ქართველ მონაწილეთა რიცხვი მიმდინარე სეზონისთვის კიდევ გაიზარდოს.

აღნიშნული ექვსი მებრძოლისგან 2021 წელს ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურ თავდადებასა და წარმატებებს ელოდება. UFC-ში ქართველთა მომავალი მეტოქეების ვინაობა წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ასე რომ, წელს საინტერესო სპორტული 2021 გველოდება, წარმატებების იმედით დაველოდოთ წლის ბოლოს შეჯამებას.

 

216
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 იანვარი

0
(განახლებულია 12:50 24.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 25 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღეს ადამიანების უმრავლესობას ისეთი განწყობა შეექმნება, რომ სულ უბრალო ცხოვრებისეული მოვლენებისგან უსაზღვრო სიხარულს მიიღებს და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტება. გასეირნება ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ფინჯანი ყავა ან ჩაი მეგობრებთან ერთად, გემრიელი საჭმელი – ეს ყოველივე იმდენ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ, რამდენსაც რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა მოგანიჭებდათ. ამ დღეს არ ღირს სერიოზულ გეგმებზე ფიქრი, რადგან დიდია ალბათობა, სასურველი რეალობად აღიქვათ. სამაგიეროდ, იდეალური დღეა რომანტიკისა და სიყვარულისთვის.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ვერძი: განწყობის ნატამალიც კი არ გაქვთ იმისა, რომ რამე გააანალიზოთ ან დეტალებს ჩაუღმავდეთ. მზად ხართ, გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად მიღოთ და გულისძახილს მიჰყვეთ. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ინტუიციაზე დაყრდნობა დღეს არ ივარგებს. წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდება და მათზე დაფიძნებული გადაწყვეტილება – არასწორი. შესაძლო გართულებებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიიღოთ.

კურო: დღეს ძალიან უნდა იფრთხილოთ, განსაკუთრებით სარისკო და ავანტიურულ პროექტებთან დაკავშირებით. იღბალზე მინდობა არ შეიძლება, არის დამანგრეველი კრახის საფრთხე. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ იღბალი თვითონ ჩაგივარდათ ხელში, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკოთ. გონივრული იქნება დროის მოგება და პროექტის სამომავლოდ გადადება: მალე სიტუაცია ცხადი გახდება და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.

ტყუპი: ისეთი ენთუზიაზმით ხართ სავსე, რომ უკუშედეგი შეიძლება მიიღოთ. იმის ნაცვლად, რომ წინ წახვიდეთ, გულმოდგინე „სწრაფვით, მგნებარებითა და გარღვევებით“ გარშემომყოფები შეიძლება გააღიზიანოთ და ეს ყველა წამოწყებას დაამუხრუჭებს. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, სჯობს, დაზოგოთ ძალები და აქცენტი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე გადაიტანოთ. ხოლო თუ ვითარება თქვენს აქტიურობას მოითხოვს, ეცადეთ, ზედმეტი ენთუზიაზმი და გატაცება არ გამოავლინოთ.

კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები მოდუნებასა და კარგად დასვენებას გირჩევენ. ეს აუცილებელია, რათა აღიდგინოთ ენერგია და სასიცოცხლო ძალები. ერთი კია – ირგვლივ მყოფების გაგების იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ აჯობს, მოქმედების იმიტაციაზე იფიქროთ ისე, რომ არ დააზარალოთ არც საკუთარი თავი და არც სხვები. შესაძლოა, საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ, ზოგიერთი სამომავლოდ გადადოთ. მთავარია, ამან არ დაგამძიმოთ – სულ მალე ამ საქმეებს ახალი შემართებითა და ძალებით შეუდგებით.

ლომი: დღეს კარგი „შეჯანჯღარება“ გჭირდებათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველაფერი სულერთია. სინამდვილეში კი თქვენი ემოციები რუტინამ ჩაახშო და თუ ყოველდღიურ ყოფაში მრავალფეროვნების შეტანას შეძლებთ, ჩამქრალ ენთიაზიაზმს გააცოცხლებთ. დაფიქრიდით, იქნებ ღირს, დროებით გადადოთ საქმეები და ქალაქგარეთ გახვიდეთ დასასვენებლად. ან პირიქით – ახალ პერსპექტიულ პროექტს შეეჭიდოთ, თუნდაც ეს პერსპექტივა ბოლომდე გამოკვეთილი არ იყოს. თქვენი გადასაწყვეტია, ვარსკვლავების აზრით კი დღეს ცოტაოდენი ავანტიურა არ გაწყენდათ.

ქალწული: დღეს ნებისმიერი რამ, რისი მამოძრავებელი ძალაც თქვენ ხართ, შეიძლება ჩავარდეს. და თუმცა ეს ჩავარდნები წვრილმანებს შეეხება, თქვენს ყურადღებას მთლიანად დაიპყრობს და აზროვნების კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს. შედეგად გაგიჭირდებათ კარგი შედეგებით თავის წარმოჩენა. სხვათა შორის, გარშემომყოფები და ხელმძღვანელობაც კი თქვენგან რამე სახის გმირობას არც ელოდება შექმნილი საერთო პრობლემების ფონზე.

სასწორი: ექსპერტები კატეგორიულად არ გიორჩევენ მარტო მოქმედებას. ეს ისეთი დღეა, როდესაც დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ მაინც ცდით, შეიძლება სავალალო შედეგები მიიღოთ. ასე რომ, თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, მოგიწევთ მისი გარჩევა ირგვლივ მყოფებთან, მათი რჩევების მოსმენა, კომპრომისის მოძებნა. მაგრამ შედეგი დახარჯული ძალისხმევის კომპენსირებას მოახდენს. ეს რთული გზა ბევრად ეფექტური აღმოჩნდება.

მორიელი: დღეს ავანტიურაში ჩაბმა კარგ არაფერს მოგიტანთ არც სამუშაო და არც პირად ცხოვრებაში. ყველგან, სადაც ოდნავ მაინც გაქვთ იღბლის იმედი, ჩავარდნა გელოდებათ. იღბალი დღეს თქვენთვის „ისვენებს“. უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, ამისთვის საკმარისი იქნება, რომ არ გარისკოთ და ყველაფერში ნაცადი, კონსერვატიული კურსი შეინარჩუნოთ. შეგიძლიათ მიმდინარე საქმეებს მიხედოთ – არე თუ გვიან, ისიც თქვენი გასაკეთებელია.

მშვილდოსანი: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდეთ – ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეცდომებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. არ არის გამორიცხული, რომ ცხვირწინ ვერ დაინახოთ და შეამჩნიოთ რამე, ან ელემენტარული რამ შეგეშალოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეძლებთ მუშაობას მეწყვილესთან ერთად – მისი კონტროლი შეცდომებისგან დაგიცავთ და უფრო ყურადღებიანი გახდებით.

თხის რქა: დღეს კარგი იქნება, თუ სხვების მონაწილეობით დიდ პროექტებს არ შეეჭიდებით – ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოგივიდეთ. იგივე ეხება ნებისმიერ ერთობლივ წამოწყებას. ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ეს ნიშნავს, რომ ყურადღება იმ პროექტებზე უნდა გადაიტანოთ, სადაცთქვენ ხართ პირადად პასუხისმგებელი და სადაც ვერავინ შეგიშლით ხელს.

მერწყული: დღეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ მოაწყოთ პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია – გარშემომყოფები ამას ძალზე პოზიტიურად შეხვდებიან. გაქვთ განწყობა, რომ ემოციების ენაზე ისაუბროთ და ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც ყველა „ფრიადზე“ გაიგებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს არაა აუცილებელი, მსმენელი ციფრებითა და ფაქტებით დაამძიმოთ. საკმარისია კაშკაშა, გადამდები ემოციები და ადამიანები სიამოვნებით გამოგყვებიან უკან.

თევზები: უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ყველაფერი ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამასთან სიურპრიზები შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნოც. მაგალითად, არაა გამორიცხული სირთულეები ისეთ საქმეებში, რომლებიც უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი გგონიათ. მოკლედ რტომ ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში მოვლენების პულსზე უნდა გეჭიროთ ხელი და მზად იყოთ საქმეებში მოულოდნელობებისთვის.

0