ამერიკელი სამხედროები

მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი რეკორდულ სამხედრო ბიუჯეტს

112
(განახლებულია 18:54 23.12.2020)
ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა თავდაცვის ბიუჯეტი მოიწონეს. 2021 წელს ვაშინგტონი სამხედრო საჭიროებებზე რეკორდული 740 მლრდ დოლარის დახარჯვას აპირებს.

ანდრეი კოცი

გეგმაშია შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, ახალი ტექნოლოგიების შემუშავება, ასევე აშშ-ის გეოპოლიტიკური გავლენის შემდგომი ზრდა — სანქციების დაწესება ოპონენტებისთვის და დახმარების გაწევა მოკავშირეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი პროექტზე ვეტოს დადებით დაიმუქრა, ბიუჯეტს მაინც დაამტკიცებენ.

კამათი პრეზიდენტთან

თავდაცვითმა ბიუჯეტმა აშშ-ის უმაღლეს ხელისუფლებაში კამათი გამოიწვია. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ავღანეთში, კორეასა და გერმანიაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებით. მანამდე ის აღნიშნული კანონპროექტის იმ ნაწილს ეწინააღმდეგებოდა, რომელიც სამოქალაქო ომის დროინდელი გენერლების პატივსაცემად წოდებული სამხედრო ბაზებისთვის სახელების გადარქმევასა და ასევე მონათმფლობელური სამხრეთის ნებისმიერი სიმბოლიკის ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტს ასევე არ მოსწონს ის ფაქტი, რომ დოკუმენტი არ აუქმებს კომუნიკაციების სფეროში ეთიკის შესახებ 1996 წლის კანონის 230-ე პუნქტს, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს სასამართლო სარჩელებისგან იცავს სამომხმარებლო კონტენტის განთავსების, წაშლის ან სხვა ტიპის მოდერირების შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ ტრამპს ძველი ანგარიშები აქვს Twitter-თან, Facebook-თან და მთელ რიგ სხვა ინტერნეტ-პლატფორმებთან, რომლებიც ხშირად ნიშნავენ პრეზიდენტის განცხადებებს, როგორც „დეზინფორმაციას“ ან „სადავო კონტენტის შემცველს“. ტრამპმა არაერთხელ დასდო ბრალი მათ ცენზურაში და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში. ის ირწმუნებოდა, რომ სოციალური ქსელები და მედიასაშუალებები აუცილებლად უნდა აგებდნენ იურიდიულ პასუხს გამოქვეყნებულ მასალებზე.

მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის პროექტს 438-დან 300-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. ეს წარმომადგენელთა პალატას პრეზიდენტის ვეტოს გადალახვის საშუალებას აძლევს. თანაც კანონს სენატშიც დაუჭირეს მხარი — 84 მომხრე და 13 მოწინააღმდეგე.

სანქციები და მხარდაჭერა

ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი გეოპოლიტიკური სიახლე — „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციებია. ამერიკელები გულმოდგინედ და თანმიმდევრულად ცდილობენ რუსეთის პოზიციების შერყევას ნახშირწყალბადების ბაზარზე. ბიუჯეტი სასჯელს ითვალისწინებს გაზსადენის მშენებლობაში ხელშეწყობისა და მილგამყვანი ხომალდებისთვის ტექნიკური მოდერნიზაციის გაწევისთვის.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უკვე 94%-ით არის მზად. დარჩენილია სულ 76 კილომეტრის დასრულება. სანქციებისთვის რომ თავი აერიდებინა, გერმანია ეშმაკობაზე წავიდა და სპეციალური ფონდი შექმნა გაზსადენის დასასრულებლად. იურიდიულად სამუშაოთა მწარმოებლები ამ სტრუქტურის დაკვეთებს შეასრულებენ ისე, რომ არ ექნებათ პირდაპირი კავშირი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან.

ამერიკელები გვარიან ზეწოლას აპირებენ თურქეთზეც. ბიუჯეტი ითვალისწინებს სანქციებს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ის შეძენა–ექსპლუატაციისთვის. გასული კვირის ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს განცხადება იმის შესახებ, რომ ეს გარიგება საფრთხეს უქმნის ამერიკული პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის უსაფრთხოებას, ასევე მოსკოვს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეს თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე და თავდაცვით მრეწველობაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო ზომებით დაიმუქრა. С-400 უკვე დიდი ხანია, რაც ვაშინგტონსა და ანკარას შორის საჯილდაო ქვად არის ქცეული. ამერიკელებმა უკვე ამოიღეს თურქეთი მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-35-ის სახელმწიფო პროგრამიდან. პენტაგონში შიშობენ, რომ უახლესი გამანადგურებლების შესახებ ინფორმაცია თურქეთის საზენიტო–სარაკეტო სისტემებიდან მოსკოვში მოხვდება.

ამერიკელები განაგრძობენ აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების — ბალტიისპირეთისა და პოლონეთის დაფინანსებას. ეს სახელმწიფოები ვაშინგტონისთვის პლაცდარმია რუსეთის შესაკავებლად. გამოიყოფა 250 მლნ დოლარი კიევისთვისაც — უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. დეტალები არ კონკრეტდება, მაგრამ, დიდი ალბათობით, საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანავტომობილების, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისა და მცირე ხომალდების გადაცემაზე.

ტოტალური გადაიარაღება

ბუნებრივია, რომ აშშ არც საკუთარ თავს გაანაწყენებს. 740 მილიარდიდან პენტაგონის საბაზო საჭიროებებზე 635,5 მლრდ დოლარი დაიხარჯება. დანარჩენი კი ენერგეტიკაში ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებს (26,6 მლრდ) და უცხოურ ოპერაციებს (69 მლრდ) მოხმარდება. განსაკუთრებულად ხაზგასმულია შეიარაღებაში ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების მიღება მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

ბირთვული ტრიადის მოდერნიზაციისთვის თითქმის 30 მილიარდია გამოყოფილი. ეს სახსრები კავშირისა და მართვის ახალი სისტემების (7 მლრდ), შორი მანძილის ბომბდამშენ B-21 Raider-ის (2,8 მლრდ), ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი უახლესი სუბმარინების (4,4 მლრდ) შექმნაზე გაიხარჯება. ბირთვული ქობინების („ბოეგოლოვკა“) მზიდი, „ჰაერი–მიწა“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების პროექტი 474 მილიონს მიიღებს, ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების პროგრამები GBSD კი — 1,5 მილიარდს.

ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარებას 20 მლრდ დოლარი მოხმარდება. შეიძენენ საზღაო ბაზირების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა SM-3-ებს, საინფორმაციო მართვით სისტემა AEGIS-ს, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებს THAAD. მოდერნიზაციას გაივლის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი Patriot. კოსმოსური ჯარებისთვის 15 მილიარდი დოლარია დარეზერვებული — აშშ-ის თანამგზავრული დაჯგუფების შემდგომი გაფართოებისთვის. დაახლოებით 10 მლრდ დოლარი კიბერსივრცეში ოპერაციებზე დაიხარჯება — როგორც შემტევზე, ისე თავდაცვითზე.

სამხედრო–საჰაერო ძალები 57 მილიარდს მიიღებენ. ამ ფულით ისინი 79 გამანადგურებელ F-35-ს, საწვავით შემავსებელ 15 ერთეულ KC-46-ს, 24 გამანადგურებელ–ბომბდამშენ F/A-18 Super Hornet-ს, 52 მოიერიშე ვერტმფრენ AH-64E Apache-სა და მთელ რიგ სხვა ტექნიკას შეიძენენ.

სამხედრო–საზღვაო ძალებზე 2021 წელს ამერიკელები 32,3 მლრდ დოლარს დახარჯავენ: ახალი თაობის სათავო სუბმარინა Columbia-ს, Ford-ის კლასის ავიამზიდის, Virginia-ს კლასის წყალქვეშა ნავის, Arleigh Burke-ს ორი ესკადრონული ნაღმმზიდის, FFG(X)-ის ერთი ფრეგატის, სადესანტო ხომალდ LPD-ს, ტანკერისა და ასევე ორი უეკიპაჟო დიდი ხომალდის — USV Large-ს აგებაზე.

სახმელეთო ჯარებისთვის გათვალისწინებულია 13 მილიარდი დოლარი. შეიძენენ 4 ათასზე მეტ მსუბუქ ჯავშანმანქანას, 32 მრავალმიზნობრივ ჯავშანავტომობილებს, 72 საბრძოლო ამფიბიას და ასევე მოდერნიზაციას ჩაუტარებენ Abrams-ის ტიპის 89 ტანკს. არ დაივიწყებენ მომავლის ტექნოლოგიებსაც: ჰიპერბგერით იარაღზე 3,2 მლრდ დაიხარჯება, მიკროელექტრონიკაზე — 1,5 მლრდ, ხოლო ხელოვნურ ინტელექტს 841 მილიონი დოლარი მოხმარდება.

აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი კვლავაც იზრდება და ყოველწლიურად ახალ–ახალ რეკორდებს ამყარებს. ნათელია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში შტატების საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.

112
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

751
(განახლებულია 15:57 01.03.2021)
რატომ და როგორ იზრდებოდა საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთი წლის ქრონიკა ციფრებში. დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა, როცა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო და რა დაღი დაასვა COVID-19-მა ქვეყნის ეკონომიკას?

სამსონ ხონელი

ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვაუწყა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, განვლილ პერიოდს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ვნახოთ, როგორი იყო ვირუსის გავრცელების დინამიკა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ უხილავ მტერთან საბრძოლველად და, რაც მთავარია, როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამთავითვე უნდა ითქვას, მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და COVID-19-თან საბრძოლველად მზადება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლოს ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან, ხოლო 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა საქართველომდეც მოაღწია, მარტის დასაწყისში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. მარტის პირველ კვირაში იტალიასთან ავიამიმოსვლა აიკრძალა, ხოლო მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს ორკვირიანი კრანტინი და თვითიზოლაცია დაუწესდა.

მარტის თვის მეორე დეკადაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. ამავე პერიოდში დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა, დაიხურა ყველა ტიპის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაძლო დარღვევევბზე საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა – ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარი.

31 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აიკრძალა საქალაქთაშორისო და ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მგზავრობა ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტომობილებით, ასევე ტაქსით. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა. ამავე პერიოდიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

აპრილის თვის ბოლოს მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა მაისის თვის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამავე პერიოდში ხალხის რჩეულებმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს. მთავრობას თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა საჭირო უკვე აღარ იყო. კანონის მოქმედების ბოლო ვადა 15 ივლისით განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, ბოლოს კი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ზაფხულის თვეებში, სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის გადასარჩენად შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილი იყო. 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ინფიცირების სულ 1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. ეპიდემიოლოგთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საშემოდგომოდ ინფიცირების რაოდენობის მატება სწორედ საზაფხულოდ კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების შედეგია.

სექტემბრის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6192-ს მიაღწია. ზუსტად ერთი თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი 40 ათასს მიუახლოვდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. თუ გიორგობისთვის ბოლოს ქვეყანას 136.000-მდე კოვიდ-ინფიცირებული ჰყავდა, გასული წლის ბოლოს მათი რაოდენობა 227.000-მდე გაიზარდა.

მთავრობა იძულებული გახდა, ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ გაემკაცრებინა. პირბადე გარე სიცრცეშიც სავალდებულო გახდა. ნოემბრის პირველი დეკადის ბოლოს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აიკრძალა. კომენდატის საათის გამოცხადებიდან მალევე, 28 ნოემბრიდან ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა, ანუ „ლოკდაუნი“ მეორედ გამოცხადდა. აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო თითქმის 37 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა.

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლად დამტკიცებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას კოვიდ-რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა გააცნო. გარკვევით ითქვა ისიც, რომ თუ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესს გაითვალისწინებს, ქვეყანა თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორ აისახება შეზღუდვების მორიგი მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია − როდიდან და რა სახის რეგულაციები უნდა დაწესებულიყო, როგორია კოვიდ-შეზღუდვების ეფექტი ეპიდსიტუაციაზე და მისი ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე?

არახალია, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. თანმიმდევრულად მივყვეთ და რამდენიმე პარამეტრი მიმოვიხილოთ.

მთლიანი შიდა პროდუქტი − გასულ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებეელი 1994 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი – 6.1 პროცენტი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მსოფლიო მაჩვენებელს 2.1 პროცენტით აღემატება. არასახარბიელოა მიმდინარე წლის პროგნოზიც. მართალია, ბიუჯეტი 4.3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, ხოლო ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი წლის პირველი თვე ეკონომიკის 11.5 პროცენტიანი შემცირებით დასრულდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები − სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გასული წლის საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით ვიხელმძღვანელოთ. ამ პერიოდში საქართველოში 719 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებია და ბოლო ათი წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საგარეო ვაჭრობა − გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, კერძოდ, ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი − 16.6 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებებით, იმპორტის შედარებით უფრო დიდი მოცულობით შემცირება მისი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებამ კი არა, ნავთობზე ფასების ვარდნამ და მსყიდველობითუნარიანობის კლებამ განაპირობა.

ფულადი გზავნილები − გასული წლის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან რეკორდული ოდენობის − 1.886 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საგარეო ვაჭრობაც შემცირდა, ინვესტიციების მოცულობაც, ტურიზმიც და პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური აქტივობა, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდაში გარკვეული როლი მისმა ბოლომდე გაოფიციალურებამაც შეასრულა. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის გამო ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები კონკრეტულ ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიდიოდა და, შესაბამისად, მარტივად აღირიცხებოდა.

ტურიზმი − არავის გაუკვირდება, სფეროდან შემოსავალი ფაქტობრივად განულდა. სექტორი 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა.   

უმუშევრობა − გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1,197 მილიონს დაუბრუნდა, რაც შვიდი წლის წინანდელი მაჩვენებელია.  

ეროვნული ვალუტა − თავისი არსებობის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში პირველად გასცდა სამიან ნიშნულს. გასულ წელს ლარი საშუალოდ 16 პროცენტით გაუფასურდა.

და, ბოლოს, სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის ზუსტი სტასტისტიკა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა თითქმის 100 ათასით გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ასეთია COVID-19-ის ერთი წლის არასრული სტატისტიკა. ვნახოთ, რა იქნება კიდევ ერთი წლის შემდეგ. შეძლებს თუ არა საქართველო დროულად დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, გაუსწორდეს პანდემიას, დაამარცხოს უხილავი მტერი და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს... მანამდე კი, სხვა რა დაგვრჩენია, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები.

 

751
კომოანია Standard & Poor's -ს ლოგო

როგორ აისახა პანდემია საქართველოს ეკონომიკაზე: S&P პროგნოზს აუარესებს

68
(განახლებულია 14:31 28.02.2021)
სააგენტო ვარაუდობს, რომ 2020 წელს საქართველოს რეალური მშპ-ის 6%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წელს ის 4%-ით გაიზრდება. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივებზე ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა გავლენა იქონიოს.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რისკები უცხოური ინვესტიციებისთვის, კორონავირუსის გამო ექსპორტის შემცირება და ტურიზმის შემოსავლების კუთხით პროგნოზის გაუარესება - ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global Ratings.

სააგენტომ გადახედა თავის პროგნოზს საქართველოს მიმართ და ის „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ ჩამოაქვეითა. ამავე დროს უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი და მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები BB/B დონეზე დატოვა.

„ნეგატიური პროგნოზი ასახავს რისკებს, რომლებიც შეიძლება შეექმნას საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს საკმარისი სავალუტო შემოსავლების გენერირების კუთხით. სავარაუდოდ, ტურისტული სექტორის აღდგენა ვაქცინების გლობალურ დანერგვას ჩამორჩება, და ჩვენ ვერ ვივარაუდებთ 2019 წლის ტურისტული აქტიურობის დონის 2024 წლამდე დაბრუნებას. მეტად არასტაბილურ შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად ამან შეიძლება გააუარესოს უცხოური ინვესტიციების მოდინების საშუალოვადიანი პერსპექტივები, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ზრდისთვის და საგარეო დაფინანსებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დროს S&P აღნიშნავს, რომ სააგენტო მზადაა გადახედოს პროგნოზს და ის „სტაბილურით“ შეცვალოს, თუ სავალუტო შემოსავლები მოსალოდნელზე სწრაფად აღდგება.

ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე

სააგენტო ვარაუდობს, რომ 2020 წელს საქართველოს რეალური მშპ-ის 6%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წელს ის 4%-ით გაიზრდება. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივებზე ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა გავლენა იქონიოს.

S&P რისკებად აფასებს ტურიზმის სუსტ აღდგენას, ვაქცინაციის ნელ ტემპს და უცხოური ინვესტიციების მოდინების შემცირებას.

„გარდა ამისა, ხშირი პოლიტიკური კრიზისების შედეგად არსებობს რეფორმების იმპულსის შესუსტების და უცხოური ინვესტორების მიერ საქართველოს სტაბილურობის აღქმის რისკი“, - ნათქვამია ანგარიშში.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ზრდის პერსპექტივებს საფრთხე შეიძლება შეუქმნას ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ნაადრევმა გამკაცრებამ.

„ეკონომიკურ აქტივობას, მათ შორის შერყეულ სასტუმრო სექტორში, სარგებელს მოუტანს შემზღუდავი ზომების შერბილება. შეზღუდვები კვლავ დაწესდა 2020 წლის ბოლო კვარტალში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შემდეგ. 2021 წელს სახელმწიფო მხარდაჭერის ზოგიერთი ზომების გაგრძელებამ ასევე უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნეს სააგენტოში.

ასევე, S&P საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ამბიციურს უწოდებს.

„მიგვაჩნია, რომ მსოფლიო მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის შესახებ საკმაოდ ამბიციურია. მოსალოდნელია, რომ საქართველო 2021 წლის პირველ ნახევარში COVAX-ისგან დაახლოებით 214 ათას დოზას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის შუა პერიოდში ვაქცინაციის დონე მოსახლეობის საერთო რიცხვის 2,8%-ს შეადგენს (ერთ ადამიანზე ორი დოზის გათვალისწინებით),“ - აღნიშნულია ანგარიშში.

სწორედ ვაქცინის დანერგვაზე იქნება დამოკიდებული ტურისტული სექტორის ბედი, მიაჩნიათ სააგენტოში.

„ტურისტული სექტორის პერსპექტივები ბუნდოვანი რჩება. იმ დროს, როდესაც  შიდა ტურისტული აქტივობა გარკვეულწილად გრძელდებოდა 2020 წელს, ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შემოდინება 2019 წელთან შედარებით 83%-ით შემცირდა. ჩვენი თვალსაზრისით, ამ სექტორის ბედი დაკავშირებული იქნება  ვაქცინის დანერგვის პროგრესთან არა მხოლოდ ქვეყანის შიგნით, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, საიდანაც ჩამოდის საქართველოს ვიზიტორების უმეტესობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე

S&P ნეგატიურად აფასებს ასევე პოლიტიკური კრიზისის ზეგავლენას.

„პოლიტიკურმა დაძაბულობამ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შესაძლოა შეასუსტოს რეფორმების იმპულსი და ხელისუფლების ცენტრალიზაციის რისკების ფონზე ავნოს საერთაშორისო ინვესტორების აღქმას საქართველოს სტაბილურობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ თუმცაღა ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ სავარაუდოდ არ დაკმაყოფილდება, არსებობს სივრცე სხვა პოლიტიკური დათმობებისთვის, რომლებიც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანდა.

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, რაც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის დაკავების საქმეს უკავშირდებოდა, კიდევ უფრო ართულებს საქართველოში მოკლევადიანი პოლიტიკის განჭვრეტას. თუმცა, მთავრობის მიერ გაცხადებული მაკროეკონომიკური დღის წესრიგი უცვლელი რჩება“, - აღნიშნეს სააგენტოში.

ხელისუფლების რეაქცია

საქართველოს მთავრობაში საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება დადებითად შეაფასეს.

„სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

ამავე დროს მან განმარტა, რით არის გამოწვეული სააგენტოს ნეგატიური პროგნოზი.

„სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური“ პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რისი მაღალი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზადყოფნას,“ – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

S&P შეფასება და Fitch-ის მონაცემები

ერთი კვირის წინ სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დატოვა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე. პროგნოზი - „ნეგატიურია“.

„ნეგატიური“ პროგნოზი, Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, ასახავს კორონავირუსის პანდემიის მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

მათი მტკიცებით, პანდემია იწვევს მსხვილი ტურისტული სექტორის მქონე საქართველოს მცირე, ღია ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას, საბიუჯეტო ანგარიშების შესამჩნევ გაუარესებას, მათ შორის, სახელმწიფო ვალის ზრდას, და უფრო მოწყვლადს ხდის მას, რაც მომდინარეობს საქართველოს დიდი საგარეო ვალიდან და მიმდინარე ანგარიშის უფრო ფართო სტრუქტურული დეფიციტიდან BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით.

Fitch-ის პროგნოზით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული 6,1%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს – 5.8%-ით გაიზრდება.

სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მშპ-ის ზრდის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს შიდა მოთხოვნილების მატება წარმოადგენს, ვინაიდან შეზღუდვების შემსუბუქება ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული, ჩვეულებრივზე დიდი ხარჯი, კერძო სექტორის სუსტი გაჯანსაღების მიუხედავად, ინვესტიციებს წაახალისებს.

68
საქართველოში ბაზრობები ამუშავდა

საქართველოში ფასების ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

0
(განახლებულია 23:13 02.03.2021)
თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის თებერვალი – 2020 წლის თებერვალი) 3,6% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“

2021 წლის თებერვალში, 2021 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა.

რუსული ხორბლის გაძვირება ქართველ მეწარმეებს ალტერნატივის ძებნას აიძულებს >>

„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.

როგორ იცვლებოდა ინფლაციის დონე გასულ წელს

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. 

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8% და ამ დონეზე სამი თვე შენარჩუნდა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2021 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებაზე (21,2%).

ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,2%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 6,4%-ით, მზესუმზირის ზეთი – 34,3%-ით, ყავა და ჩაი – 12,4%-ით, პურპროდუქტები – 8,7%-ით. ხილი კი გაიაფდა 4,8%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

რა მოქმედებს საქართველოში ფასების დინამიკაზე

ბოლო ორ თვეში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირებასთან, რაც დროებით ხასიათს ატარებს. 

პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

„როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მიმდინარე პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

 სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, რაც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა შენარჩუნებულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და ლარის გაუფასურებული კურსის გამო.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, რჩება გაურკვევლობის მაღალი დონე როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის თვალსაზრისით.

0