მარტოხელა ხანდაზმულების დახმარება

COVID-19-ის გამო სურსათის დეფიციტი არ იყო:სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ანგარიში

115
უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ყველას დაანახა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფდა სურსათის შეუფერხებელ მომარაგებას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის უწყების მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

პანდემიის შექმნილი მძიმე კრიზისის დროს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა იმ საკითხების გადაჭრა, რომლებიც მარაგების მართვას, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება.

დავითაშვილის თქმით, ქვეყნის არცერთ რეგიონში არ შექმნილა სურსათის დეფიციტი.

უმოკლეს ვადებში ამუშავდა სუბსიდირების პროგრამები, ხოლო საზკვების ობიექტებს, მცირე და მსხვილ მაღაზიებს რეგულარულად ეგზავნებოდა რეკომენდაციები პანდემიის პირობებში მუშაობის შესახებ, აღნიშნა მან.

აგრარული ბაზრების ფუნქციონირებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები. სააგენტოს ზედამხედველობითა და რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდა გაწმენდა-შეკეთების მასშტაბური სამუშაოები თითქმის 90 აგრარულ ბაზარში, განაცხადა დავითაშვილმა.

ფერმერების დახმარება

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის განვითარება, და COVID-19-ის პირობებში მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მისი მნიშვნელობა უფრო თვალსაჩინო გახადა. ბაზრების დახურვამ და იმპორტულ პროდუქტებზე ფასების ზრდამ აიძულა ხელისუფლება, დახმარება გაეწია ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.

ფერმერების დასახმარებლად ხელისუფლებამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელზეც 300 მილიონი ლარი გამოყო. პროგრამა მიმართულია იმ ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე, რომლებიც რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფლობენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია არის დახმარების გაწევის ძირითადი ფაქტორი. დავითაშვილის განცხადებით, ამ პროგრამის წყალობით დაახლოებით 200 ათასი ფერმერი დამატებითი შეღავათებით სარგებლობს.

132 ათასზე მეტ ფერმერს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგრობარათებზე უკვე დაერიცხათ აგროქულები - 1 ჰექტარზე 200 ლარი. აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

დარიცხული სუბსიდიის ოდენობა უკვე 30 მლნ ლარს აჭარბებს, ხოლო ფერმერებმა სპეციალიზებულ მაღაზიებში უკვე 24,3 მილიონ ლარზე მეტი გაანაღდეს, აღნიშნა დავითაშვილმა. აგროქულების დარიცხვა დღესაც გრძელდება.

სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში 32 ათასი ტონა დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები 123,7 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად 5,2 მლნ ლარამდე დაზოგეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში წყალმომხმარებლებს (42 ათას ფიზიკურ და იურიდიულ პირს) სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება (8 მლნ ლარამდე). ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰექტრამდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. კომპანია „საქართველოს მელიორაციის“ მონაცემებით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, 34,6 ათასმა ფერმერმა უკვე 3,8 მილიონ ლარზე მეტი ეკონომია გააკეთა.

აგრარული სექტორის განვითარება

დავითაშვილმა აგრარული წარმოების გაძლიერების მიმართულებით უწყების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების მიზნით ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების დაფინანსებას ნერგების შესაძენად, კონკურენტუნარიანი და თანამედროვე მეურნეობების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. პროგრამის ამოქმედებიდან ახალი ბაღები გაშენდა 10,5 ათას ჰექტარზე.

გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს იმ ფერმერების დახმარებასაც, ვისი ნარგავებიც სტიქიის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა. ისინი ახალ, ხარისხიან ნერგებს მიიღებენ.

წელს მრავალწლიანი კულტურები 2 ათას ჰექტარზე დაირგო. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.

მასშტაბური პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ რეალიზაციის წყალობით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსები.

პირველადი საწარმოო, გადამამუშავებელი და შესანახი პროცესების გასაუმჯობესებლად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყების დღიდან გაიცა საერთო ჯამში 2,7 მილიარდი ლარის ღირებულების 46,4 ათასი კრედიტი. სააგენტოს თანადაფინანსებამ 379,3 მილიონი ლარი შეადგინა. 

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში მობილიზებულია 300 მილიონი ლარი. 2020 წლის განმავლობაში 372 მილიონი ლარის ოდენობით 6,2 ათასი კრედიტი გაიცა. სააგენტოს თანადაფინანსებამ 64,3 მილიონი ლარი შეადგინა.

პროექტს შეუერთდა 13 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაცია.

გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაიცა 17,5 ათასი პოლისი. ამ დროისთვის დაზღვეულია 18 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, რაც 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

  • აგროდაზღვევა არის მექანიზმი, რომელიც მოსავლის შენარჩუნებისა და სტიქიით გამოწვეული ზარალის კომპენსაციის შესაძლებლობას იძლევა.

ბოლო ექვს წელიწადში ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალის მოცულობამ 44 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დავითაშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 16 ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნას. საინვესტიციო ღირებულება 19 მილიონ ლარს ასცდა.

რთველის წარმატება

პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო ყურძნის მოსავლის აღება და ჩაბარება. ქვეყანაში მოიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავალი 25 ათასზე მეტმა ფერმერმა ჩააბარა, მათმა შემოსავალმა თითქმის 310 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს მევენახეების მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ გადაწყვიტა ორი ჯიშის ყურძნის - რქაწითელის და კახური მწვანის სუბსიდირება.

სუბსიდიები მიიღეს ღვინის კომპანიებმა, რომლებმაც ამ ჯიშის არანაკლებ თითო ტონა ყურძენი ჩაიბარეს და გადაამუშავეს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დაწესდა ფიქსირებული შესასყიდი ფასი - არანაკლებ 80 თეთრი ერთ კილოგრამზე. სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 30 თეთრი ერთ კილოგრამზე. სუბსიდირების მოცულობამ 51 მილიონ ლარს მიაღწია.

რეკორდული ექსპორტი

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ქართული პროდუქციის ექსპორტის ტემპი რეკორდული სისწრაფით იზრდება.

2020 წელს, 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია:

  • ატამი და ვაშლატამა - 25,3 ათასი ტონა. ექსპორტიდან შემოსავალმა შეადგინა 21,3 მილიონი დოლარი.
  • ვაშლი - 6,7 ათასი ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 2,9 მლნ დოლარი.
  • თხილი - 12,7 ათასი ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 65,7 მლნ დოლარი.
  • ხურმა და კოროლიოკი - 10,8 ათასი ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 5,7 მლნ დოლარი.
  • მანდარინი - 16 ათასი ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 7,7 მლნ დოლარი.
  • ლურჯი მოცვი - 674 ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 3,8 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს, დავითაშვილის სიტყვებით, შემოსავალი შემცირებულია, რაც გასაკვირი არ არის, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის გათვალისწინებით.

საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად მარკეტინგული საქმიანობა გრძელდებოდა დისტანციურად, ონლაინ-დეგუსტაციებისა და ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა რეკლამა ღვინით ონლაინ-ვაჭრობის რეიტინგულ ვებგვერდებზე, ტელევიზიასა და რადიოში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ქართული ღვინის სარეკლამო გვერდები შეიქმნა.

გარდა ამისა, შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც 1,5 ათასამდე ღვინის ბოთლი რამდენიმე ათეული მცირე მეღვინეობიდან, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ, დაეგზავნა იმპორტიორებს მთელ მსოფლიოში.

 

 

 

115
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (191)
კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“

მიმოხილვა: რუსეთის ფლოტი ფლაგმანს შეცვლის

169
(განახლებულია 09:53 16.01.2021)
მძიმე სარაკეტო ატომური კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“ (პროექტი 1144 „ორლანი“) რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ფლაგმან „პეტრე დიდს“ ჩაანაცვლებს.

ანდრეი კოცი

ახალი რაკეტები, თანამედროვე საბორტე აღჭურვილობა, უნიკალური საბრძოლო შესაძლებლობები - სავარაუდოდ ეს 2022 წელს მოხდება. 

პირველი რანგი

პროექტ 1144 „ორლანის“ კრეისერები ავიამზიდების შემდეგ უდიდესი ხომალდებია მსოფლიოში. წყალწყვა — 25,8 ათასი ტონა, სიგრძე — 250 მეტრი, სიგანე — 28,5 მეტრი, ეკიპაჟი — 760 კაცი.

რუსეთს ამ ტიპის ორი ვიმპელი ჰყავს — „პეტრე დიდი“, რომელიც ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაშია, თუმცა მოდერნიზაციაზე წავა, როგორც კი „ნახიმოვი“ მწყობრში შევა. ორივე კბილებამდე შეიარაღებული საზღვაო პლატფორმაა, რომლებსაც ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლიათ. სტანდარტული კომპლექტი: 20 გამშვები დანადგარი გემსაწინააღმდეგო რაკეტა П-700 „გრანიტისთის“, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „ოსა-М“, „კინჟალი“ და С-300Ф „ფორტი“, ნავსაწინააღმდეგო რაკეტო-ტორპედოები „მეტელი“ და „ვოდოპადი“, რეაქტიული ბომბმტყორცნები და ავტომატური ორლულიანი ქვემეხი АК-130.

ატომური ენერგეტიკული დანადგარი, ავტონომიურობა — ორი თვე, სიჩქარე — 31 კვანძი. სვლის სიშორე — პრაქტიკულად შეუზღუდავი. კრეისერებს უკიდურესი ჩრდილოეთის პირობებში შეუძლიათ მუშაობა და აქვთ უნარი, უზრუნველყონ რუსეთის ყოფნა არქტიკის რეგიონში, რომელსაც ბევრი ანალიტიკოსი ახლო მომავალში ბუნებრივი რესურსებისთვის პოტენციურ ბრძოლის ველად მიიჩნევენ.

მაგრამ ყველა ხომალდი თანდათან ბერდება. თუ 80-იანების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში „ორლანებს“ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა, ახლა ვითარება შეიცვალა. და რადგან პირველი რანგის დიდი სამხედრო ხომალდების მშენებლობასთან დაკავშირებით რუსეთში ჯერჯერობით პრობლემებია, თავდაცვის სამინისტრომ უკვე არსებულების მოდერნიზაცია გადაწყვიტა.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პლატფორმა

„ადმირალი ნახიმოვი“ რემონტზე ჯერ კიდევ 1999 წელს გაუშვეს, მაგრამ ფაქტობრივი სამუშოები კრეისერზე მხოლოდ 2013 წელს დაიწყო, როდესაც თავდაცვისკენ, როგორც იქნა, სერიოზული ფული წავიდა. 2015 წელს საწარმო „სევმაშში“ ხომალდს ძველი აღჭურვილობა მოხსნეს და კორპუსის დეფექტები გამოავლინეს. მოდერნიზაციის დასრულება 2018 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ვადამ არაერთხელ გადაიწია. რემონტში კორექტივები შეჰქონდათ, საბორტე აღჭურვილობასა და შეიარაღებაში სულ უფრო მეტი სიახლე შედიოდა.

გასული წლის მაისში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკომ განაცხადა, რომ მძიმე კრეისერი ერთ-ერთი პირველი მიიღებდა ჰიპერბგერით რაკეტა „ცირკონებს“.

„ორლანები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის მძლავრი სახომალდე სისტემით. მოდერნიზაციამდე „ნახიმოვს“ С-300Ф „ფორტი“ ჰქონდა, ახლა კი ის უფრო სრულყოფილი С-400-ის საზღვაო ვარიანტს მიიღებს. „ადმირალ ნახიმოვზე“ С-400-ის გამშვები 96 შახტი განთავსდება, რაც მას საჰაერო შეტევებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ხომალდად აქცევს მსოფლიოში.

ოთხმოცი უჯრედი

გარდა ამისა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „კორტიკი“ უფრო თანამედროვე „პანცირ-МЕ-თი“ შეიცვლება, ხოლო საზენიტო რაკეტები „ოსა-М-ი“ — ახალი სისტემის „რედუტით“. თუმცა მოდერნიზაცია ყველაზე მეტად მაინც დამრტყმელ კომპლექსებს შეეხება. გარდა „ცირკონებისა“, „ადმირალი ნახიმოვი“ შეიარაღდება გემსაწინააღმდეგო რაკეტა П-800 „ონიქსითა“ და ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“. ყველა მათგანი 80 უჯრედიანი ვერტიკალური გამშვები დანადგარებიდან ЗС14 გაიშვება, რომელთა დამონტაჟებისთვის ხომალდიდან П-700 „გრანიტის“ აღება გახდა საჭირო.

„გრანიტები“ თავის დროზე მოწინავე იარაღი იყო — სიჩქარე 3 მახი, სიშორე — 625 კმ. ხუთას კილოტონიან ბირთვულ ქობინს ერთი მოხვედრით შეუძლია ავიამზიდის განადგურება. მაგრამ დიდი გაბარიტები აქვს — 10 მ სიგრძე და წონა დაახლოებით შვიდი ტონა. ახალ გემსაწინააღმდეგო რაკეტებს საბრძოლო ნაწილი ნაკლებად მძლავრი აქვს, თუმცა უფრო სწრაფი და ზუსტი.

განახლდება კრეისერის ნავსაწინააღმდეგო შეიარაღებაც და ელექტრონული „შიგთავსიც“, რომელიც ყველაზე თანამედროვეთი ჩანაცვლდება. ეს სერიოზულად აამაღლებს ეკიპაჟის სიტუაციურ ინფორმირებულობას და მნიშვნელოვნად გააფართოვებს საბორტე შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, კრეისერი უზრუნველყოფილი იქნება კავშირისა და ნავიგაციის მოწინავე სისტემებით. რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსითა და ასევე სამი მოდერნიზებული ვერტმფრენ Ка-27М-ისგან შემდგარი ავიაჯგუფით. ეს მანქანები ეკიპაჟს მნიშვნელოვნად გაუადვილებს სავარაუდო მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების აღმოჩენას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას!

169
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა

აშშ კვლავ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მიუბრუნდა

228
(განახლებულია 21:19 15.01.2021)
ინტერესთა კონფლიქტი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პერსპექტივა: რუსეთი აშენებს, გერმანია დაზღვევის ფონდს ქმნის, შვედეთს „გაზის ომის“ ეშინია, აშშ სანქციებს აწესებს, ბრიტანეთი კი მას მხარს უჭერს.

დანიური კომპანია Ramboll, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მონაწილეა, ვაშინგტონის სანქციების გამო შეშფოთებულია, იუწყება მასმედია. მართლაც, 1 იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა პროექტში ჩართული ყველა სუბიექტის წინააღმდეგ ზომები გააძლიერა. თუმცა მშენებლობა გრძელდება. ევროპაში ამ საკითხის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება: სანამ გერმანელები ამზადებენ ფონდს სანქციებისგან თავის დასაცავად, ბრიტანელებს სურთ ამერიკელების მაგალითს მიბაძონ, შვედებს კი „გაზის ომის“ დაწყების ეშინიათ. რა ელის მილსადენს – ამის შესახებ РИА Новости-ს მიერ მომზადებულ ნატალია დემბინსკის მასალაში წაიკითხავთ.

ძველი მეთოდები

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახმელეთო ნაწილის მშენებლობა სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე დასრულებულია. ახლა მილები გაჰყავთ გერმანიის წყლებში, შემდეგ სამუშაოები დანიის წყლებში გაგრძელდება. პროექტი დასასრულს უახლოვდება. თუმცა ვაშინგტონში ამის აღიარება არ სურთ. 1 იანვრიდან მოქმედებს ახალი კანონი თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც რუსული გაზსადენის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს. 

კერძოდ, საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც ტესტირების, ინსპექციის ან სერტიფიცირების მომსახურებით არიან დაკავებული. ნორვეგიულმა კომპანია DNV GL-მა უკვე განაცხადა, რომ წყვეტს გაზსადენის შემოწმებას და მის სერტიფიცირებას ვერ შეძლებს.

როგორც ამას წინათ აშშ-ის სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, კანონს თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უშიშროებისა და „ისეთი ზესახელმწიფო–მეტოქეების შესაკავებლად, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი“. ეს დოკუმენტი გაამყარებს აშშ-ის უპირატესობას „ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში“.

„გაზპრომს“ დაახლოებით 150 კილომეტრის სიგრძის მილების ჩაყრა დარჩა. 120 – დანიაში და 30-ზე ოდნავ მეტი – გერმანიაში. სამუშაოების 94% დასრულებულია. სამუშაოებს ევროპის ხუთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია აფინანსებს. ვაშინგტონის ხელის შეშლის მიუხედავად, 11 იანვარს, ერთწლიანი შესვენების შემდეგ განახლდა მუშაობა გერმანიის ტერიტორიულ წყლებში. 15 იანვრიდან მილების გაყვანას დანიის სანაპიროსთანაც დაიწყებენ.

მილგამყვან „ფორტუნას“ დაეხმარებიან რუსეთის საზღვაო–სამაშველო სამსახურის გემები „მურმანი“ და „ბალტიის მკვლევარი“, ასევე სხვა ხომალდები. ზღვაში მილსადენის გაყვანის ხაზიდან ორივე მხარეს დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში დროებით აკრძალული ზონა გამოცხადდება.

როგორც ამას წინათ „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ელენა ბურმისტროვამ განაცხადა, მილსადენის საზღვაო ნაწილის მშენებლობის დასრულების ვადა დამოკიდებულია გარკვეულ გარემოებებზე, კერძოდ, ამინდზე.

დაცვითი მექანიზმი

ამასობაში აშშ-ში ევროპულ კომპანიებს, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, რუსეთს მილსადენის გაყვანაში ეხმარებიან, კვლავ ემუქრებიან.

„ჩვენ ვცდილობთ მათ რისკები გავაცნოთ და მოვუწოდოთ, უარი თქვან თანამშრომლობაზე, ვიდრე გვიანი არ არის“, – მოჰყავს Reuters-ს სახელმწიფო დეპარტამენტში თავისი წყაროს სიტყვები. უახლოეს დღეებში თეთრი სახლი, ამ სააგენტოს ინფორმაციით, არასასურველი ორგანიზაციების სიას გამოაქვეყნებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აცხადებენ: მოსკოვს ეჭვი არ ეპარება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წარმატებაში, როგორც არ უნდა ეცადოს ვაშინგტონი „გაზპრომის“ დასავლეთევროპელ პარტნიორებზე ზეწოლას.

გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს კვლავაც ეკონომიკურ პროექტად მიიჩნევენ. მათთვის მიუღებელია აშშ-ის სანქციები, რის შესახებაც ამ დღეებში გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ულრიკე დემერმაც ისაუბრა. მეტიც, იანვრის დასაწყისში გერმანიის მეკლენბურგ–წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეგიონული მთავრობის ინიციატივას, შეიქმნას ეკოლოგიური ფონდი „კლიმატისა და გარემოს დაცვა MV“.

ეს ფონდი ამერიკული სანქციების გასანეიტრალებლად შეიქმნა. ორგანიზაცია შეძლებს მშენებლობისთვის საჭირო მოწყობილობის შეძენას. და, უპირველეს ყოვლისა, მილსადენს ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვან პროექტად აღიარებს.

როგორც გერმანული Bild აზუსტებს, ეს შესაძლებელს გახდის – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს „გარემოს დაცვის პრინციპული ელემენტის“ კლასიფიკაცია მიენიჭოს.

ფონდი აპირებს კომერციული საწარმოს დარეგისტრირებას, რომელიც მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით იქნება დაკავებული. კომპანიები, რომლებსაც სანქციებით დაემუქრებიან, რუსულ მხარესთან ითანამშრომლებენ იმ ეკონომიკური ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებსაც აღნიშნული საწარმო უზრუნველყოფს.

დრო არ ითმენს

მოასწრებენ თუ არა გერმანელები თავის დაცვას სანქციებისგან? დამკვირვებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი მხრივ, ფონდმა მიიღო ინვესტიციები და უფლებამოსილება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ვაშინგტონს ძალისხმევა წყალში ჩაუყაროს, აღნიშნავს კომპანია ТМТ-ს დირექტორი დანილ როსტოვცევი.

„თუმცა ფონდის შექმნის ინიციატივამ საზოგადოების, განსაკუთრებით, „მწვანეთა“ უკმაყოფილება გამოიწვია. ეკოლოგები არაეთიკურად და აღმაშფოთებლად მიიჩნევენ ამგვარი მეთოდებით ისეთი პროექტის ხელშეწყობას, რომელიც, მათი აზრით, სულაც არ არის „მწვანე“, არამედ სახიფათოა გარემოსთვის“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მხარდამჭერები საზოგადოებასთან მოლაპარაკებას.

ამავდროულად, დამოუკიდებელი სამრეწველო ექსპერტის ლეონიდ ხაზანოვის აზრით, ბერლინი არც ერთ შემთხვევაში არ დაუთმობს ვაშინგტონს: გერმანიას სჭირდება რუსეთის ცისფერი საწვავი, უფრო იაფი, ვიდრე ამერიკული თხევადი აირი. და მით უფრო აუცილებელია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება: ეს ბაზარი სტრატეგიულია გერმანული კომპანიებისთვის.

„რასაკვირველია, ფონდზე სანქციები გავრცელდება, მაგრამ ისინი არაეფექტური იქნება. მისი ქვეკონტრაქტორების წინააღმდეგ კი საჭირო გახდება ახალი კანონპროექტის მომზადება, მისი გატანა კონგრესზე, ლოდინი, ვიდრე პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ამ პროცედურას შესაძლოა ნახევარი წელიწადი დასჭირდეს. ამ დროის განმავლობაში კი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაც დასრულდება“, – მსჯელობს ექსპერტი. თუმცა არ გამორიცხავს გართულებებს მილსადენის ამუშავების ეტაპზე – სწორედ აშშ-ის თავდაცვით ბიუჯეტში გათვალისწინებული სანქციების გამო. 

შიში და სიძულვილი

ბრიტანელებს სურთ ამერიკელების მაგალითს მიბაძონ. როგორც ბრიტანეთის კონსერვატორმა დეპუტატმა დანიელ კოჩინსკიმ განაცხადა, რუსული გაზსადენი „მეტისმეტად სახიფათოა“ – იმით, რომ ნატოს ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ყველა გაზისა და ნავთობის ქსელის გვერდის ავლით, „პირდაპირ რუსეთში“ მიდის. მისი სიტყვებით, ბრიტანელებს აღარ აკავებს ევროკავშირის წევრობა, ამიტომ „საჭიროა ამერიკელ მეგობრებს მივყვეთ და დავაწესოთ სანქციები ყველა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობს“.

შვედეთში კი შიშობენ, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ნიადაგს შექმნის „გაზის ომისთვის“, თანაც ქვეყნის მილსადენთან უშუალო სიახლოვის პირობებში. როგორც Svenska Dagbladet აღნიშნავს, ამერიკელი დემოკრატი ამ პროექტის „უფრო სასტიკი მოწინააღმდეგეც კია, ვიდრე დონალდ ტრამპი“. ხოლო თავად სკანდინავიური სამეფოსთვის ეს საკითხი უკვე გადაჭრილია: მთავრობამ მოიწონა შვედეთის ეკონომიკურ ზონაში მილსადენის გაყვანა.

„გაზპრომისთვის“ ბაიდენის პრეზიდენტობის ნეგატიურ ასპექტად მიიჩნევა მისი ენერგეტიკული პოლიტიკა, ე.წ. მწვანე კურსი. დემოკრატები გეგმავენ 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას, რათა ქვეყანა 2035 წლამდე ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკაზე, 2050 წლისთვის კი ნულოვან გამონაბოლქვზე გადავიდეს. თუმცა რუსეთისთვის მწვანე ენერგეტიკაც ხელსაყრელია: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით შესაძლებელია არა მხოლოდ ბუნებრივი აირის გადატანა, არამედ წყალბადისაც. ევროპაში წყალბადის საწვავზე მოთხოვნილება პოტენციურად ძალიან მაღალია.

თავად აშშ-ში ეჭვი ეპარებათ, რომ ყველაფერი შესრულდება, რასაც თეთრი სახლი „ნაკადს“ ჰპირდება. როგორც ვირჯინიის შტატის ყოფილი სენატორი რიჩარდ ბლეკი ირწმუნება, მოსკოვთან მოლაპარაკება მშენებლობის დასრულებაზე ბაიდენს უხმაუროდ ურჩევნია. სანაცვლოდ კი იგი ვაშინგტონისთვის რაიმე სარგებლის გამოძალვას შეეცდება.

 

ავტორის თვალსაზრისი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

228
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 16 იანვარს

0
(განახლებულია 10:10 16.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2987 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 16 იანვარს
ლარის კურსი 16 იანვარს
0