ბაზრობაზე

ინფლაციის დონე საქართველოში არ იცვლება: ახალი მონაცემები

75
(განახლებულია 15:38 04.11.2020)
საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ინფლაციის დინამიკა ბოლო თვეებში რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 3,8% შეადგინა 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,8% შეადგინა. სექტემბერში ინფლაციის თვის მაჩვენებელი 0,7% იყო.

რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს>>

„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში ყველაზე მეტად ფასები შემცირდა სასტუმროებსა და რესტორნებზე 0,04%-ით, საყოფაცხოვრებო–კომუნალურ სფეროში – 0,01%-ით. ამავე დროს, გაძვირდა კვების პროდუქტები – 0,28%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0,18%-ით, ასევე ჯანდაცვა – 0,09%-ით.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს მან 2019 წლის დეკემბერში მოიმატა.

წლის დასაწყისიდან ინფლაციის წლიურმა დონემ კლება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტს კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

ამის მიუხედავად, ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათის ფასმა 1,74%-ით მოიმატა: ხილი გაძვირდა 3,2%-ით, რძე, ყველი და კვერცხი – 6%-ით, ხორცი – 3,5%-ით, პურპროდუქტები – 7,8%-ით. კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გაიზარდა ჯანდაცვის მომსახურების ფასებიც 9%-ით.

როგორ შეიცვლება ინფლაცია

საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ბოლო თვეების ინფლაციის დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.

„წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3,8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან (3%) ახლოს იქნება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განაპირობებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მდგომარეობა მომავალ პერიოდებშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, საყურადღებოა ასევე საგარეო მოთხოვნის შემცირება.

75
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (839)
ძველი თბილისის დაკეტილი კაფეები და რესტორნები

„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

869
(განახლებულია 20:11 30.11.2020)
რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობა შეიზღუდა. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება ამ სექტორისთვის მოულოდნელი, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ემუქრება თუ არა ბიზნესის ამ სახეობას განადგურება?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა, დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში ხანგრძლივად ვიმოგზაურე... არახალია, ვირტუალურ სამყაროში მთელი სიდიადით შეიგრძნობთ ჩვენი დროების მრავალფეროვნებას. ვინ რა თქვა, ვინ რას აპირებს, ვინ ვისთან და რა ვითარებაში, ვინ ვის რითი ემუქრება, ვის რა სწყინს და ვის რა უხარია?.. ერთი სიტყვით, სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობათა შორის ყურადღება მეგობრის FACEBOOK-ის კედელზე გამოქვეყნებულმა წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ფოტოპორტრეტმა მიიქცია. იქვე იყო საგულისხმო მინაწერიც: „ვხედავ, დეკემბერში დაბადებული ხალხი რესტორნებში ვერ გადაიხდიან დაბადების დღეს!“ ბევრი ვიცინე, მეგობარი ხუმრობდა. წამითაც არ დამიშვია, რომ წინასწარმეტყველი საიუბილეო თარიღების აღნიშვნის დისლოკაციის ადგილის პროგნოზირებით დაკავდებოდა, ის მხოლოდ გლობალურ საკითხებს უთმობს ყურადღებას. არ შევმცდარვარ, გადავამოწმე, ქალბატონი ლელას კედელიც დავათვალიერე, თუმცა მსგავსი არაფერი მინახავს. დღევანდელი გადასახედიდან კი ნათელია, რომ ხუმრობა რეალობად იქცა. მკითხველი ბრძანებს, მეგობარი შეცდა, ერთი თვით შემოიფარგლა, არადა დეკემბრის იუბილარების ბედს იანვარში დაბადებულებიც გაიზიარებენო და მართალიც იქნება. სიტყვა გამიგრძელდა, დროა, ყურადღება მთავარი სათქმელისკენ მივაპყრო. მადლობა მეგობარს, უწყინარმა ხუმრობამ წინამდებარე სტატიაზე მუშაობის სტიმული მომცა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, გამონაკლისი არც სარესტორნო ბიზნესია. კერძოდ, მრავალპუნქტიან დოკუმენტში ვკითხულობთ: „რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. Takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებები. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მათთვის შოკისმომგვრელი იყო. შეზღუდვის შედეგად კი მეოთხედ მილიონამდე ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მუშაობს, უმუშევარი დარჩება.

„შეხვედრების დროს ჩვენ მთავრობას ვთავაზობდით – ოქროს შუალედი მოგვენახა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ უკვე არსებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი მომხდარიყო და ვინც არღვევდა მოთხოვნებს, მკაცრად ეგო პასუხი. მაგრამ მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრისას ასეთი ვერსია არც კი განიხილებოდა“, − განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ რესტორნების 90 პროცენტი ვეღარც გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 11.000 რესტორანი, მათ შორის 40 პროცენტი − თბილისში, 60 პროცენტი − დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. „თბილისსა და დიდ ქალაქებში რამდენიმე რესტორანი ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის ისე, რომ რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ შეზღუდვების შედეგად მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ“, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე, რომელიც დასძენს, რომ „ლოკდაუნს“ შედეგი არც წინა შემთხვევაში გამოუღია, გარდა იმისა, რომ ბიზნესს პრაქტიკულად გადაულახავი პრობლემები შეუქმნა. კოტე გაბრიჩიძის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პაკეტი კარგია, მაგრამ ფაქტიურად განადგურების პირას მყოფი

ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება დიდი შეღავათი ვერ იქნება.

„მესმის, ამ „ლოკდაუნებით“ შედეგი მიგვეღო, მაგრამ არა მარტო სარესტორნო ბიზნესი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურეთ, ხოლო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ. ამჯერად საუბარია რესტორნების ე.წ. დელივერი სერვისით მუშაობაზე. პროდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, თანამშრომელი როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და მერე უკან სახლში როგორ უნდა დაბრუნდეს, ამაზე არავინ ფიქრობს“, − აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა პოზიციას ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც იზიარებს. მათი შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ სფეროში მომუშავე პერსონალი COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდ რისკ-ზონას არ წარმოადგენს.

„დიდი საწარმოები, მშენებლობის სექტორი და სხვა სექტორები, რაც ქმნის ეკონომიკის დიდ ნაწილს, იმათ რატომ არ აჩერებენ, იქ არ არის ვირუსის გავრცელების რისკ-ზონა მაღალი? ცხადია: ის რომ გააჩერონ, მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება. არასამართლიანი მიდგომაა, რატომ ვაჩერებთ კვების ობიექტებს? საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება გასაგებია, ეს ვირუსის გავრცელების ტემპს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეჭვი მეპარება, კვების ობიექტებისა და რესტორნების ოპერირების შეჩერება რამენაირად ამცირებდეს ვირუსის გავრცელების ტემპს. თუ რომელიმე საწარმო არის ვირუსის ტემპის გავრცელების მაღალი მატარებელი, ეს პირველ რიგში დიდი საწარმოებია, სადაც ბევრი ადამიანი ერთდროულად მუშაობს“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

მისი შეფასებით, არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, გამოიწვევს ეკონომიკის ვარდნას, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი უმუშევარი დარჩება. ექსპერტი მიანიშნებს, რომ, ზოგადად, დაწესებული რეგულაციები ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობის შედეგია.

„როგორ ხორციელდება მართვის პროცესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში?.. სწორად მართვა ნიშნავს, საავადმყოფოებში ხვდებოდნენ ის პაციენტები, რომელთაც ჰოსპიალიზაცია სჭირდებათ. პროცესის სამართავად ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომელიც მან ვერ გამოიყენა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ვერ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევა, ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ვის არა, როგორ ვმართოთ ეს პროცესი. ჯანდაცვის სისტემის მართვის პროცესში არ მეგულება ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ეფექტური მართვა შესაძებელია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ვერ ახერხებს. ამის ფასს კი დანარჩენი საზოგადოება ვიხდით ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებით“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად შეზღუდვების გამკაცრება და გაფართოება საქართველოს ეკონომიკაზე რომ ნეგატიურად იმოქმედებს, ამას არავინ უარყოფს. საკამათო არც ის არის, რომ ქვეყანას მძიმე ზამთარი და გაზაფხული ელის. ახლა მთავარია, რომ მკაცრად დავიცვათ რეგულაციები და მედიკოსთა რეკომენდაციები. სხვაგვარად ალბათ ვერც თებერვალ-მარტში დაბადებულებს ექნებათ დაბადების დღის არა თუ რესტორანებში, არამედ ვიწრო წრეში გადახდის ხალისი. და, ბოლოს, არ დავივიწყოთ, ადამიანის მრავალ უფლებათა შორის მთავარი სიცოცხლის უფლებაა. სხვა ყველაფერი მოიცდის!..

 

869
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მიმოხილვა: როგორ წარმოიშვა მითები თურქული დრონების შესახებ ყარაბაღში

23
(განახლებულია 10:09 29.11.2020)
საომარი მოქმედებები 21-ე საუკუნეში არ შეიძლება იყოს „იაფი და გაბრაზებული“, მაგრამ ვერც ცალკეული ტექნოლოგია, მაგალითად, როგორიცაა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები, გამარჯვების გარანტი ვერ იქნება.

განმსაზღვრელ როლს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის მთელი სისტემა, თავდაცვითი მრეწველობის პოტენციალის, არსენალებისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების ჩათვლით. ყარაბაღის კონფლიქტმა პირველ რიგში თურქული Bayraktar TB2-ის უპირატესობა კი არ აჩვენა ჰაერში, არამედ სომხეთის მხრიდან საკუთარი ძალების გადაჭარბებით შეფასება და თავდაცვის ცუდი ორგანიზაცია მიწაზე.

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მედია-სივრცეში არაერთი შეფასებითი პუბლიკაცია გაჩნდა, რომელთა შინაარსი ორ მარტივ მტკიცებულებამდე შეიძლება დავიყვანოთ:

1. აზერბაიჯანმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ თურქული დრონები ჰქონდა;

2. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „მძიმე“ სისტემები უსარგებლო ხდება დრონების თანამედროვე ომში.

ესოდენ გამარტივებული მიდგომა ექსპერტების შედარებით აბსტრაქტული სამხედრო-ტექნიკური ცოდნითა და ასევე სომხური საბრძოლო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მარცხის თვალსაჩინო მაგალითების უზარმაზარი რაოდენობით აიხსნება. მაგრამ რეალობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი შეხედულებები მასზე.

სასწაულები არ არსებობს, ნებისმიერი ფილმის რეჟსორის ჩანაფიქრის ნაყოფია. „ბაირახტრებისა“ თუ აზერბაიჯანის არმიის სხვა დრონების მიერ ყარაბაღში გადაღებული ვიდეოსიუჟეტები იმთავითვე მოწინააღმდეგის საბრძოლო სულის განადგურებასა და თურქული დრონების შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ამასთან კადრს მიღმა რჩებოდა „ამაო ფრენები“ და შეცდომები, ასევე ათობით დრონის ჩამოგდების კადრები.

ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების ძირითადი ინსტრუმენტები კვლავ საარტილერიო იარაღი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები რჩება. ჯარებში ამგვარი ტექნიკა უფრო მეტია, ვიდრე უპილოტო საფრენი აპარატები. არტილერია შეუდარებლად ძლიერია საომარი სიძლიერის კუთხით. მაგალითად,  მილიონ დოლარად ღირებულ Bayraktar-ს სამიზნემდე 150 კგ საბრძოლო მასალის მიტანა შეუძლია, ხოლო შედარებით ბიუჯეტური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ერეთ ზალპში ტონობით მომაკვდილენელი ლითონი შედის. ამგვარად, არტილერია მნიშვნელოვნად ამცირებს სამიზნეების განადგურების „თვითღირებულებას“.  

დაუდევარი თავდაჯერებულობა

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწორად ორგანიზებულ, ეშელონირებულ სისტემას მოწინააღმდეგის დრონების ნებისმიერ რაოდენობასთან გამკლავება შეუძლია, ხოლო რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებს წამებში შეუძლია მათი კოორდინატების გამოთვლა.  ამასობაშ კი ყარაბაღში განთავსებული სომხური თავდაცვის სისტემების ცალკეული კომპლექსები ვერ უზრუნველყოფდა საიმედო თავდაცვას ― არა მარტო მოძველებული მახასიათებლების გამო. ამაზე ისახებოდა სამსახურის ორგანიზების დონეც და სისტემის არარსებობაც. შევნიშნავთ, რომ 1960-იანი წლების საზენიტოპსარაკეტო კომპლექსები Стрела-10 და Оса-АКМ ზოგჯერ ვერ აღწევდნენ „ბაირახტრებამდე“ რვა კილომეტრის სიმაღლეზე. ხოლო თანამედროვე კომპლექსები Тор-М2КМ და Бук-М2Э მხოლოდ ერევანსა და მეწამორის ატომურ სადგურს იცავდნენ.

კიდევ ერთი პრობლემა ― ეს ადგილზე შენიღბვის არარსებობა იყო. ცალკეული სამხედრო ობიექტები თითქოს ყვიროდნენ, მომკალიო.

მეორე მხრივ, როცა თურქულმა დრონებმა „შემთხვევით“ დაიწყეს ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე შეფრენა, იქ სწორად ორგანიზებულმა თავდაცვისა და რადიოელექტრონული  ბრძოლის სისტემებმა უპრობლემოდ ჩამოყარეს ისინი. შესაბამისად, დრონებმა მალევე შეწყვიტეს იქ ფრენები. 

1994 წლის გამარჯვებამ ჩამოაყალიბა და წლების განმავლობაშ განამტკიცა მითი სომხური არმიის უძლეველობის შესახებ ყარაბაღის მიმართულებით. მხოლოდ ამით შეიძ₾ება აიხსნას სერიოზული საინჟინრო ნაგებობების არარსებობა მდინარე არაქსიდან მრავას ქედამდე ასკილომეტრიან ხაზზე. ღია ტრანშეები და საცეცხლე წერტილები, ბლინდაჟები ― ეს გასული საუკუნის დასაწყისის ფორტიფიკაციის ნიმუშებია.  სომხურ მხარეს არ უზრუნია გამძლე საცეცხლე წერტილებისა (რკინაბეტონის) და მიწისქვეშა კომუნიკაციების შექმნაზე, მიუხედავად იმისა, რომ დრო სრულიად საკმარისი ჰქონდათ ― 25 წელზე მეტი. ამ ფონზე კი სომხეთის პრემიერ მინისტრი 2019 წელს აცხადებდა, ყარაბაღი სიმხეთიაო (თუმცა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არ ცნო), ხოლო თავდაცვის მინისტრმა დავის ტონოიანმა კონცეფციის ასეთი ფორმულირება ჩამოაყალიბა: „ახალი ტერიტორიები ახალი ომის შემთხვევაში“.

სომხური მხარის სამხედრო პოტენციალი 27 სექტემბრისთვის რამდენჯერმე ჩამორჩებოდა აზერბაიჯანულს. თუმცა მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მაინც დიდი მსხვერპლი ჰქონდა. სამხრეთის მიმართულებით აზერბაიჯანულმა ძალებმა ერთ-ერთ ეტაპზე ათმაგი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 30-40 კილომეტრით წაიწიეს წინ.  ბაქოს ბლიცკრიგი არ შედგა. უნდა აღვნიშნოთ სომეხი სამხედროებისა და მოხალისეების სიმტკიცე და სიმამაცე, რომლებსაც საბრძოლო მართვის ცენტრალიზებული სისტემის, ჰაერიდან დაცვის არქონის პირობებში უწევდათ ბრძოლა.

სირიული და ლიბიური გამოცდილება

თუ რუსული თავდაცვის სისტემებისა და თურქული დრონების შედარების თემას დავუბრუნდებით, შეიძლება სირიასა და ლიბიაში მომხდარი „დრონთა ცვენა“ გავიხსენოთ, სადაც პროფესიონალურად გამოიყენეს საზინიტო-სარაკეტო კომპლექსები Тор-М2КМ, Бук-М2Э და Сосна.. ასეთივე მაღალეფექტურობა გამოავლინა Панцирь-С1-მაც. ეს კომპლექსები დროულად რომ განეთავსებინათ მთიან ყარაბაღში, ისინი თურქულ „ბაირახტრებს“ ერთ შანსსაც არ დაუტოვებდნენ.

რუსეთმა სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი კომპლექსები Леер-3 გადაისროლა. მისი ძირითადი ამოცანები ― ეს ფიჭური კავშირის GSM-ს, 3G და 4G სისტემების სიგნალების ჩახშობაა. კომპლექსი ერთი ავტომობილი „კამაზისა“ და ორი-სამი დრონ „ორლან-10-სგან“ შედგება, რომელთა გამოყენების რადიუსი 120 კმ-ა.

დრონს შეუძლია აღმოაჩნოს ტელეფონები, პლანშეტები აწარმოოს დაზვერვა, დაიტანოს მონაცემები ციფრულ რუკაზე და გადასცეს ისინი არტილერიას იერიშის მისატანად.

ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ გაყინულია და არა გადაჭრილი, და დაზვერვისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს მცირედითაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

23
ადამიანები ბალონებს ჟანგბადით ავსებენ

აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად ჟანგბადს აჩუქებს

0
(განახლებულია 11:39 01.12.2020)
აზერბაიჯანულმა კომპანია Baku steel–მა, გარდა იმისა, რომ სამედიცინო ჟანგბადი სრულიად უანგაროდ გადმოსცა ქვეყანას, ასევე თავის თავზე აიღო მისი ტრანსპორტირების ხარჯები

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად სამედიცინო ჟანგბადს უსასყიდლოდ გადმოსცემს, იუწყება საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში.

კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ>>

„საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მადლობას უხდის აზერბაიჯანულ კომპანია Baku steel–ს, რომელმაც უანგაროდ გამოყო საჭირო რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი. ეს კომპანია ასევე საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს.

უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემა ამოწურულია.

ჟანგბადის კონცენტრატორი არის აპარატი, რომელიც ატმოსფეროდან ჟანგბადის მოლეკულებს გამოყოფს, ახდენს მის კონცენტრაციას და ნაკადის სახით სუფთა ჟანგბადს გადასცემს. მას იყენებენ ჟანგბადის თერაპიის დროს, როდესაც პაციენტს ჟანგბადი მაღალი კონცენტრაციით მიეწოდება.

ტიკარაძის თქმით, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დამონტაჟებულია რუხის კლინიკაში. მას ასევე დააყენებენ ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

რაც შეეხება დანარჩენ კლინიკებს, ისინი ჟანგბადის კონცენტრატორებს აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში