ამომრჩეველთა ბიულეტენები ურნაში

არჩევნების რეკორდები: რატომაა 2020 წლის არჩევნები უნიკალური

134
(განახლებულია 20:58 30.10.2020)
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ნებისმიერ შემთხვევაში შევა როგორც უნიკალური

Sputnik-საქართველო მკითხველს სთავაზობს ხუთ არგუმენტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უნიკალურობაზე მიუთითებს.

არჩევის პროცედურის უნიკალურობა

არჩევნები 2020 - ერთადერთი არჩევნები იქნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც მაჟორიტარული ოლქების შემცირების პირობებში შერეული სისტემით ჩატარდება. ამ არჩევნებზე 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით აირჩევენ, 30-ს - მაჟორიტარულით.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე 150 დეპუტატიდან 77 პროპორციული სისტემით იყო არჩეული, 73 კი - მაჟორიტარულით. მომდევნო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

გარდა ამისა, წლევანდელი არჩევნები პირველია საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი - 1%-იანი გამსვლელი ბარიერით. ყველა წინა და მომდევნო არჩევნებზე პარტიებისთვის ბარიერი 5% იყო და იქნება.

არჩევნებში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა

ამჟამინდელ არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობს, მათგან შვიდი ორ ბლოკს ქმნის.

პროპორციული სიით გათვალისწინებულ 120 ადგილზე 6880 კანდიდატი იყრის კენჭს, რომელთაგან 2532 უპარტიოა.

30 მაჟორიტარულ ადგილზე პრეტენდენტების რაოდენობაა 485, ამასთან, თბილისში 8 ადგილისთვის 149 ადამიანი იბრძვის.

საშუალოდ, პროპორციული სისტემით ერთ სადეპუტატო ადგილზე 57 ადამიანი მოდის, ხოლო ერთ მაჟორიტარულ ადგილზე - 16 ადამიანი.  

წინასაარჩევნო ხარჯები

წელს ცესკო არჩევნების ჩასატარებლად 42,8 მილიონ ლარს დახარჯავს. აქედან უდიდესი ნაწილი საარჩევნო კომისიებს მოხმარდება.

თავად პარტიებმა კი წინასაარჩევნო კამპანიაზე რეკორდულად დიდი თანხა დახარჯეს.

ბოლო, 12 ოქტომბრის მონაცემებით, პარტიებმა დაახლოებით 23 მილიონი ლარი დახარჯეს, საიდანაც 20-ზე მეტი 50-დან რვა მონაწილეზე მოდის.

არჩევნების შედეგების უნიკალურობა

დამდეგი არჩევნების მთავარი ინტრიგაა - შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით ოპოზიცია მოიპოვებს უპირატესობას?

მაგრამ კენჭისყრის შედეგები ისტორიული იქნება ყველა შემთხვევაში: „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ისტორიაში პირველად შეინარჩუნებს ერთი პარტია ძალაუფლებას მესამე ვადით. ხოლო თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა - საქართველოს ისტორიაში პირველად დააბრუნებს მმართველი პარტია მართვის ბერკეტებს.  

არჩევნები კორონავირუსის პირობებში

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ისტორიაში შევა, როგორც პირველი არჩევნები კორონავირუსის პირობებში.

ამომრჩევლები უბნებზე პირველად გამოცხადდებიან ნიღბებით, ხოლო საკარანტინე სივრცეებში, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის სპეციალური უბნები გაიხსნება.

გარდა ამისა, საქართველოს ისტორიაში პირველად საარჩევნო კომისიების წევრებს, დამკვირვებლებსა და მასმედიის წარმომადგენლებს ციხეებში არჩევნების პროცესის გასაშუქებლად კარანტინში ყოფნა მოუწიათ.

კორონავირუსის გამო პირველად არ ექნება მნიშვნელობა კომისიის წევრების რაოდენობას, რადგან თუ რამდენიმე წევრს სახიფათო ვირუსი აღმოაჩნდება, მათ სპეცჯგუფები ჩაანაცვლებენ.

რეკორდი არ შედგა

მიუხედავად ყველა სხვა რეკორდისა, მსოფლიო პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა არჩევნებზე მოკრძალებული იქნება.

სულ არჩევნებზე დარეგისტრირდა 48 საერთაშორისო დამკვირვებლების ორგანიზაცია, თუმცა მათი უმრავლესობა მოკრძალებული შემადგენლობით შემოიფარგლა.

დამკვირვებლების მისიები შეამცირეს ისეთმა ორგანიზაციებმაც, როგორებიცაა ოდირი/ეუთო, აშშ-ის ნაციონალ-დემოკრატიული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ხოლო ევროკავშირმა პანდემიის გამო გადაწყვიტა, სულაც არ გამოგზავნოს დამკვირვებლები საქართველოში.

 

 

134
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)
თბილისი

ქამარმოჭერილი ბიზნესი და არაპროგნოზირებადი ეკონომიკა...

335
(განახლებულია 15:25 03.12.2020)
როგორი ზამთარი და გაზაფხული გველოდება წინ, რა ელის ქვეყნის ეკონომიკას ე.წ. „ლოკდაუნის" მეორე ეტაპის შემდეგ, როდემდე იქნება ეკონომიკა პანდემიის მძევალი და გაუძლებს თუ არა ბიზნესი მკაცრ შეზღუდვებს?..

სამსონ ხონელი

მძიმე ზამთარი გველოდება − ასეთია მოსახლეობის დიდი ნაწილის მოლოდინი, რასაც ბოლო დღეების მოვლენებიც ადასტურებს. არ ცდება, ვინც ვარაუდობს, რომ არც გაზაფხული იქნება მარტივი. გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ხელისუფლებამ მიმდინარე წელს ეკონომიკური საქმიანობა მეორედ შეზღუდა. მოგეხსენებათ, COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გიორგობისთვის 26 რიცხვში მიიღო...

უკვე ორი დღის შემდეგ ეკონომიკა ფაქტობრივად სრულად ჩაიკეტა. მთავრობის ამ ვერდიქტს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება მოჰყვა.

კერძო სექტორში დასაქმებული თუ თვითდასაქმებული მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა მთავრობას გადაწყეტილების გადასინჯვისკენ მოუწოდა და მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის ვადების საკუთარი ვარიანტები შესთავაზა.

მოქალაქეების კიდევ ერთმა ნაწილმა პროტესტის ფორმასაც მიმართა. გაისმა კითხვაც – რა მნიშვნელობა აქვს, კორონავირუსი მომკლავს თუ შიმშილი?!. საინტერესოა, რამდენად არსებობს საკითხის ამგვარად დაყენების საფუძველი და რა შედეგებამდე მიიყვანს შექმნილი ვითარება ქვეყნის ეკონომიკას? მომდევნო სტრიქონები ამ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემის მოკრძალებული მცდელობაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით, ხოლო პირველ ცხრა თვეში – 5.1 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, წლის ბოლოს გაცილებით უფრო მძიმე შედეგი გველოდება. ზოგადად, დეკემბრის თვე ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, მაგრამ შეზღუდვების მეორე ეტაპის შედეგად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუარესდება. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, როგორ აისახება ეს გაუარესება ციფრებში. შეგახსენებთ: მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად სრული ჩაკეტვის შედეგად ეკონომიკა დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, ამჯერად, სავარაუდოდ, ასეთი მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დიდი სხვაობაც არ იქნება. დაახლოებით ანალოგიურ სურათს მივიღებთ. ხოლო შეზღუდვების მეორე ეტაპის ნეგატიური გავლენა დიდწილად მომავალი წლის შედეგებზე აისახება.

„მთავრობა ვარაუდობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს დაახლოებით 5 პროცენტით გაიზრდებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4.3 პროცენტით ზრდას პროგნოზირებდა. ახალ რეალობაში, როცა მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერებულია, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ვეჭვობ, რომ 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 3 პროცენტს გადააჭარბოს. მიმდინარე წლის უარყოფითი მოვლენები თავს სწორედ 2021 წელს იჩენს. სავარაუდოდ, ბევრი კომპანია გაკოტრდება... შესაძლოა, ვირუსული პანდემიიდან გაკოტრების პანდემიამდეც მივიდეთ“, – აცხადებს ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, ამას 3-4 წელი მაინც დასჭირდება.

კიდევ ერთი საკითხია – რამდენად საკმარისია ის 1.1 მილიარდი ლარი, რომლის დახარჯვასაც მთავრობა, ერთი მხრივ, ბიზნესის წასახალისებლად და, მეორე მხრივ, სხვადასხვა სოციალური პროგრამების განსახორციელებლად გეგმავს. გააჩნია ვისთვის, რისთვის და რა ვადაში − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. რა გაეწყობა, განვმარტავ, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებით ბიზნესსა და მოსახლეობაში გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის, სოციალური შოკის შესასუსტებლად, ექსპერტთა შეფასებით, საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხა დიდი ვერაფერი ნუგეშია და აქ სხვა ტიპის ღონისძიებებია საჭირო – რეალური რეფორმები უნდა გატარდეს. მათ შორის, ხელისუფლებამ რეალურად უნდა მოუჭიროს ქამრებს. უნდა შემცირდეს ბიურაკრატიის შენახვაზე გამოყოფილი თანხები. აუცილებელია გადასახადების შემცირებაც. პირველ რიგში ეს ეხება დამატებული ღირებულების გადასახადს. შესაძლებელია აქციზის გადასახადის შემცირებაც.

არახალია, მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს ეროვნული ვალუტის პერსპექტივა იწვევს. წონასწორობის რა ნიშნულს დაიკავებს ლარი? საკამათო არ არის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვები, როდიდან და რა სიმძლავრით ამუშავდება ბიზნესი.

„დღეს ეკონომიკა ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემის მძევალია. როდის იქნება ვაქცინა ან ეფექტური სამკურნალო საშუალება, შეძლებს თუ არა მედიცინა უხილავი, მკვლელი ვირუსი უახლოეს მომავალში დაამარცხოს? პირველ რიგში, სწორედ ამ კითხვებზე მიღებული პასუხები განსაზღვრავს, როდიდან დაიქოქება ეკონომიკა. სწორედ ამის შემდეგ გვიჩვენებს ეკონომიკური ზრდის ტემპი მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკას და ეროვნული ვალუტის ბედის განჭვრეტასაც მეტ-ნაკლებად მაშინ შევძლებთ.

შექმნილმა ვითარებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და რეალური სექტორის განვითარებაზე ზრუნვა. არ შეიძლება ეკონომიკის და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები იყოს", − განაცხადა ანალიტიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

მანვე ყურადღება გაამახვილა, რომ ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებს ხარჯავს, მიმდინარე წელს კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარს უკვე მილიარდამდე დოლარი მიაწოდა. პარალელურად ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ საბანკო სექტორს ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად ფულადი რესურსი მიაწოდოს. ანუ ზრუნავს, რომ ბანკები არ გაკოტრდნენ. ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკი ფულს ერთი ჯიბიდან იღებს და მეორეში იდებს. ბუნებრივია, შედეგი არ ჩანს, ლარი ფსკერზე ეშვება და დღეს არავინ იცის, რა სიღრმეზეა ეს ფსკერი.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თავის განცხადებებში კიდევ უფრო მკაცრი და რადიკალურია.

„თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი შიმშილისთვის გაიწირა. ვინც დღეს ამ გადაწყვეტილებას ამართლებს, ან ვერ აცნობიერებს მის ტრაგიკულ შედეგებს ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე, ან ამის გაცნობიერება არ სურს“, − აცხადებს ანალიტიკოსი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

მისი თქმით, კომენდანტის საათის გამკაცრებას ემატება ტრანსპორტის, სავაჭრო სფეროსა და სამასპინძლო დაწესებულებების გაჩერება. არადა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში წამყვან ადგილებს ეს სექტორები იკავებენ, საერთო სიკეთის 20 პროცენტი მათი წილია. მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტზე მეტი ტურიზმზე მოდიოდა.

„ცხადია, ეს არ არის ჯანსაღი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოქმედი ეკონომიკური გუნდის არჩევანია და სწორედ ამაზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში. ეს გვესმოდა დღენიადაგ, რომ ტურიზმი უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივი. სწორედ ამ პოლიტიკამ ჩააგდო ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში. საზღვრები დაკეტილია, ტურიზმიდან შემოსავლები 97 პროცენტით შემცირდა. ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მისი მომიჯნავე დარგებისთვის ერთადერთი წყარო შიდა ტურიზმია. მაგრამ მთავრობამ შეზღუდვები ამ მიმართულებითაც დააწესა, როცა ზამთრის კურორტები ჩაკეტა. ეს ყველაფერი უკვე ჩვენი ეკონომიკის 40 პროცენტს აღწევს და 40 პროცენტით გაჩერებულ ეკონომიკას წერტილოვნად შეზღუდული ვუწოდოთ – ცოტა უხერხულია“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებით დაახლოებით 300 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება, არადა, 100 ათასი სამუშაო ადგილი წინა „ლოკდაუნის“ დროს უკვე დაიკარგა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებულ მოსახლეობას და, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას.

რაც შეეხება სოციალურ პაკეტებს, რომლებიც მთავრობამ შეზღუდვების საპირწონედ აამოქმედა, პაატა ბაირახტარის თქმით, ორი ტიპის სოციალური პაკეტი გვაქვს: ერთჯერადი – 300-ლარიანი და ექვსთვიანი – 1200 ლარის ოდენობით.

სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რეგულაციების გამო გაჩერდებიან, მთავრობისგან მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას. რადგან შეზღუდვები ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს, ეს დახმარება თვეში სულ 150 ლარი გამოდის.

1200-ლარიანი დახმარება ექვს თვეზე ნაწილდება და მიიღებენ ისინი, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებული და სამსახური პანდემიის დროს დაკარგა.

„მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად შესაძლებელია ზრდასრულმა ადამიანმა თვეში 200 ან 150 ლარად გაიტანოს თავი. ეს თანხა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზეც ნაკლებია. სხვა საკითხია ამ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია და რეალურობა. შეიძლება ითქვას, მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისთვის გაწირა. ეს სოციალური პაკეტები ვერ პასუხობს გამოწვევებს, და საკითხავია, მათი ამოწურვის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ კი ახალი სამსახურის შოვნას, ვინაიდან ბიზნესების უდიდესი ნაწილი რეანიმირებას ვეღარ შეძლებს“, − აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებები მწვავე და კრიტიკულია, ხოლო რაც შეეხება პროგნოზს − რბილად რომ ვთქვათ, არაოპტიმისტურია. თუმცა ფინანსთა სამინისტრო გვაიმედებს, რომ ეკონომიკა 2021 წლის მეორე ნახევარში გაჯანსაღების პროცესს გაააქტიურებს. რა გაეწყობა, დაველოდოთ. მანამდე კი ქვეყნის პირველ ფინანსისტს ივანე მაჭავარიანს და მის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ჯანმრთელობა ვუსურვოთ...

 

335
სისხლის ანალიზის ჩაბარება

აივ-ინფექცია/შიდსი სასიკვდილო განაჩენი არაა ყველაფერი, რაც ამ ვირუსზე უნდა ვიცოდეთ

39
(განახლებულია 20:56 01.12.2020)
დღეს მსოფლიო აივ-ინფექცია/შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (World AIDS Day) აღნიშნავს. პირველად ეს დღე 1988 წელს აღინიშნა და მისი მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა აივ-ინფექციის გავრცელებისადმი.

შიდსის პირველი დიაგნოზი 1981 წელს აშშ-ში დაისვა (ტერმინი „შიდსი” – „შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის” აბრევიატურაა, იგივე AIDS – Acquired Immune Deficiency syndrome), 1983 წელს კი მეცნიერმა ლუკ მონტანიემ აღმოაჩინა ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს და მას ძალზე ბანალური სახელი – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ-ინფექცია, Human immune Deficiency Virus, შემოკლებით – HIV) უწოდა.

ვეცდებით დღევანდელ სტატიაში მოგაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები ვირუსის შესახებ, რა არის აივ-ინფექცია/შიდსი, როგორია მისი სიმპტომები, როგორ გადაეცემა, რა ღირს მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორია სტატისტიკა და ა.შ.

AIDS/HIV ციფრებში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 80 მლნ ადამიანია ინფიცირებული და 40 მილიონზე მეტი გარდაცვლილი. 2019 წლის ბოლოსთვის კი მსოფლიოში 38 მლნ აივ ინფიცირებულია (მათმა 20%-ზე მეტმა არც იცის, რომ ვირუსის მატარებელია), მათ შორისაა 1.8 მლნ 15 წლამდე ასაკის ბავშვი.

საქართველო აივ-ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. შიდსით დაავადების პირველი და იმ წელს ერთადერთი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. 2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით,  საქართველოში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 8598 შემთხვევა (6422 – მამაკაცი, 2176 – ქალი). პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 4441 პაციენტს, 1781 გარდაიცვალა. 2020 წელს კი გამოვლინდა 496 ახალი შემთხვევა.

რა არის აივ-ინფექცია/შიდსი?

აივ-ინფექცია არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რომლის ბოლო კლინიკურ სტადიასაც წარმოადგენს შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. მიუხედავად მეცნიერების მცდელობისა, ჯერჯერობით შიდსის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს. სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების კონტროლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა და, შესაბამისად, სიცოცხლის გახანგრძლივება.

საიდან წარმოიშვა აივ-ინფექცია?

დღემდე სადავოა აივ-ინფექციის ზუსტი წარმოშობის ადგილი. ყველაზე სარწმუნო ვერსიაა, რომ მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსმა (მივ) ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მუტაცია განიცადა. ათწლეულების მანძილზე ვირუსი ნელ-ნელა გავრცელდა მთელ აფრიკაში და შემდეგ მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე.

აივ-ინფექცია/შიდსის სტადიები

აივ-ინფექციის მიმდინარეობის შემდეგ სტადიები გამოიყოფა:

მწვავე ინფექცია – ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში გრიპის მსგავსი სიპტომებით ვითარდება. აღნიშნულ სტადიას მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, ან პირველადი აივ-ინფექცია ეწოდება.

ქრონიკული (ასიმპტომური) აივ-ინფექცია – ამ შემთხვევაში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მრავლდება ნაკლები სიხშირით, არ ხდება კლინიკური სიმპტომების გამოვლენა.

შიდსი – ინფექციის განვითარების ბოლო სტადია, როდესაც იმუნური სისტემა მკვეთრად დასუსტებულია და ადამიანი დაუცველია სხვადასხვა ინფექციებისა და სიმსივნური დაავადებების განვითარებისგან. შესაბამისი მკურნალობის გარეშე პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 წელი, იმუნური სისტემის დაქვეითების დროს მიმდინარე დაავადებების განვითარების შემთხვევაში კი დაახლოებით ერთი წელია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი დაავადების განვითარების ყველა ეტაპზე გადამდებია.

როგორ გადაეცემა აივ-ინფექცია/შიდსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

აივ-ინფექციის გადაცემა შესაძლებელია მოხდეს:

- დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს

- შიდსით დაავადებული დედისგან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს

- დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას (რისკ-ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)

- ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას

- ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა:

- წყლით, საცურაო აუზით სარგებლობით

- ჰაერით

- კოღოსა და მწერების ნაკბენით

- ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.

- ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით

- საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით

- დახველებით, ცემინებით

- საერთო ტუალეტის ან აბაზანით სარგებლობისას

- აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობით სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში

რამდენად სიცოცხლისუნარიანია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გარემოში?

აღსანიშნავია, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გარემოში (ადამიანის ორგანიზმის გარეთ) დიდხანს ვერ ცოცხლობს.

როგორ უნდა გავიგოთ, რომ ვართ ინფიცირებული

მართალია, აივ-ინფექციას კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ-ინფექცია/შიდსზე. ესენია:

არამოტივირებული ცხელება; ძლიერი საერთო სისუსტე; წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად; ოფლიანობა; ლიმფური კვანძების გადიდება; ფაღარათი; სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე; თეთრი ფერის ნადები ენაზე; გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას; ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება (დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია) და სხვ.

როგორ უნდა მოვიქცეთ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში

დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს, სადაც ჩაუტარდება აივ-ინფექციის გამოვლენის სპეციალური სადიაგნოსტიკო ტესტები.

აივ-ზე ტესტირება უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ:

1. ერთხელ მაინც გქონიათ დაუცველი სექსი;

2. გაქვთ ტატუირება ან პირსინგი;

3. ეჭვი შეგიტანიათ სამედიცინო ხელსაწყოების სტერილურობაში (მაგალითად, სტომატოლოგთან, ან სილამაზის სალონში ვიზიტისას);

4. დაგჭირვებიათ სისხლის დონაცია;

5. თუ თქვენი პარტნიორი არის აივ–დადებითი;

როგორ ხდება აივ-ინფექცია/შიდსის მკურნალობა?

აივ-ინფექცია/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსისგან ორგანიზმის საბოლოოდ განდევნის მეთოდი, მაგრამ შესაძლებელია ვირუსის გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება.

თუ შიდსის დიაგნოზის დასმისას პაციენტი დროულად დაიწყებს მკურნალობას, მისი იმუნური სისტემა ჯანსაღდება, ე.წ. იმუნური უჯრედების რაოდენობა იზრდება, სისხლში კი ვირუსის ოდენობა მცირდება. გარკვეული პერიოდის მერე სისხლში ვირუსი ნულის ნიშნულზე ჩამოდის, იმუნიტეტი კი ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, სხვა, არაინფიცირებული ადამიანების მსგავსია. თუმცა, შიდსის კლინიკური დიაგნოზი, რომელიც თავიდანვე დაესვა ადამიანს, არ იცვლება. ერთადერთი, რაც პაციენტს მოეთხოვება – ცხოვრების ჯანსაღი წესი და აივ-ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების სიცოცხლის ბოლომდე მიღებაა. ადამიანები ამ დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში.

რაც უფრო ადრე იქნება დასმული აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოზი, მით უფრო მარტივად და ეფექტიანად მოხდება მასთან გამკლავება. დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება მკურნალობა, რაც გულისხმობს ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს, დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში 1, 2, ან 3 აბის მიღებას, რომელსაც თითქმის არ გააჩნია გვერდითი ეფექტი.

რა ღირს აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს. საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ.

თუ ადამიანს აღმოაჩნდა აივ-ინფექცია, ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები ჰეპატიტებზე, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. მის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.

 

39
საქართველოს ნაკრების მატჩი შოტლანდიასთან რაგბიში

ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ

0
(განახლებულია 17:26 03.12.2020)
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფიჯისთან გასამართი მატჩის წინ რამდენიმე ცვლილებაა. გუნდს ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე  ვერ დაეხმარება.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 5 დეკემბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ირლანდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მიღებული ტრავმების გამო მატჩს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე გამოტოვებენ. გარკვეული ცვლილებებია ასევე სათადარიგოთა შემადგენლობაშიც. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გორგაძეს ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული.

ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან დაპირისპირებამდე სასტარტო შემადგენლობასა და ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „ბორჯღალოსნები“ დუბლინში მაქსიმალურად გამოცდილი და ძლიერი შემადგენლობით წარდგებიან.

„სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები და სტატისტიკური მდგომარეობა. ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ვაკვირდებოდით. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა ასევე ნაკრების სუსტ მხარეებსა და შესაძლო ტაქტიკურ სვლებზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ სამივე შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს. მაისაშვილი ამის მიზეზებზეც ისაუბრა:

„ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტშივე შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენი თამაშის მართვა დახვეწის პროცესშია. ასევე უმნიშვნელოვანესია ფიზიკური მომზადება, ამ მხრივ გუნდი სრულ მზადყოფნაშია. მთლიანობაში შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე“, - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

  • ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);
  • შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);
  • მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისთან და უელსთან ჩვენი გუნდი 0 ქულით დამარცხდა, ხოლო ირლანდიასთან მატჩში მეტოქეთა მოგროვებულ 23 ქულას გიორგი კვესელაძემ ერთი დადებული ლელოთი უპასუხა. თავის მხრივ აღნიშნულ შეხვედრაში წვლილი შეიტანა თედო აბჟანდაძემაც და ნაკრებს ზუსტად შესრულებული გარდასახვისა და საჯარიმო დარტყმის შედეგად ხუთი ქულა მოუტანა.

საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის შაბათს, 5 დეკემბერს საქართველოს დროით 16:00 საათზე დუბლინში დაუპირისპირდება.

0
თემები:
სპორტის ამბები