სპეცრაზმი ზუგდიდში

Lacasa de Zugdidi ანუ ბლოკბასტერები ისვენებენ! ზუგდიდის სპეცოპერაციამ სოცქსელები ააფეთქა

112
(განახლებულია 21:10 22.10.2020)
წაიკითხეთ „Sputnik-საქართველოს“ მასალაში, როგორი რეაქცია ჰქონდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ზუგდიდის სპეცოპერაციაზე.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. უკვე მეორე დღეა მთელი საქართველო განიხილავს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ გალდავას თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია. არსებული ინფორმაციით, სამი მათგანი დამნაშავემ ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კირცხთან, ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

„სპექტაკლი და მეტი არაფერი!“

სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის არცთუ ცოტა სკეპტიკოსი მოიძებნა – ბევრმა მომხდარს დადგმული სპექტაკლი უწოდა. მხოლოდ ვინ და რა მიზნით გაითამაშა იგი – ამაზე უნდა ვიმკითხაოთ.

„არც ერთი წამით არ მჯერა. ნახევარი მილიონის მოტეხვა უნდოდათ და მოტეხეს კიდეც. ვერასდროს ვერ იპოვიან, საუკუნის ძარცვა კი ყველას დაავიწყდება“, – ფიქრობს თამარა ტომა.

„სპექტაკლი დადგეს... კომედია და მეტი არაფერი...“ – წერს Eleonora Zechadse.

„ეჰ, მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ კარგი სპექტაკლია, ვიღაცამ ძალიან კარგი ფული შეჭამა“, – დარწმუნებულია Dimitri Polenin.

ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებელი თემის განხილვას იუმორით მიუდგა და თავდამსხმელი ჰოლივუდური ბლოკბასტერების მთავარ გმირებს შეადარა.

„ესაა რემბოც, შვარცნეგერიც, ბრიუს უილისიც ერთ ფლაკონში!“ – წერს ნანა სირაძე.

„ზორო გამოჩნდა, იქნებ ღარიბების დახმარება გადაწყვიტა!“ – ხუმრობს დაჯი ჩუტკერაშვილი.

ცხარე დისკუსიების მოყვარულმა ზოგიერთმა მომხმარებელმა კი მომხდარი ქართული პოლიტიკური ასპარეზის ორ მთავარ მეტოქეს – ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. რა თქმა უნდა, ხუმრობით.

„უეჭველი მიშა იყო, ფული გაუთავდა და ბანკში მივიდა“, – წერს Roini Gvilava.

„წყეული ბიძინა, რომ გაიძულა ეს ყველაფერი მოგეფიქრებინა“, – წერს Maka Maka.

ყველაფერი სერიოზულადაა

რა თქმა უნდა, ზოგიერთი თემას სერიოზულად მიუდგა და გვერდი აუარა სამართალდამცველი ორგანოებისა და პოლიტიკური სისტემის კრიტიკას.

„საჭიროა უმკაცრესად დასჯა! ასეთი საქმეები – სახუმარო არ არის! ასეთი უპასუხისმგებლობით უამრავი ადამიანი საფრთხეში აღმოჩნდა“, – წერს თეიმურაზ ქუთათელაძე.

„ყოჩაღ, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს! როგორი უბედურება აიცილა თავიდან ქვეყანამ, თანაც ასეთ რთულ პერიოდში შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, – წერს Marika Chikovani.

„ვერ გავიგე, სად გაქრა ამ ფულით და ჩაკეტილ საზღვრებში? ეს რა იყო? საწყალი ხალხი, როგორი საათები გადაიტანეს იქ...“ – წერს Anna Lomidze.

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ისეთებიც მოიძებნენ, ვინც თავდამსხმელის ქცევა გაამართლა. მომხდარის შედეგად ხომ არავინ დაშავებულა, თავდამსხმელმა კი თავისას მიაღწია.

„რაც მან მოიპარა... ჩემი აზრით, არ მოუპარავს... რაც ეკუთვნოდა, ის აიღო... პლუს-მინუს რამდენიმე ასეული, არა აქვს მნიშვნელობა... თუ მართლა სამხედროა, დაფიქრდით, იქნებ ისეთები გადაიტანა, რომ ეს ფულიც ცოტაა. იქნებ მეტიც ეკუთვნოდა, ასე რომ, ნუ განსჯით და არ განისჯებით“, – ასეთი უჩვეულო აზრი გამოთქვა ნონა გაბრელიანმა.

Lacasa de Zugdidi

ამერიკული პლატფორმის Netflix-ის მოყვარულებმა ზუგდიდში მომხდარი ამბავი ცნობილ ესპანურ სერიალს „ქაღალდის სახლს“ (Lacasa de papel) შეადარეს.

სერიალი ესპანეთის სამეფო ხაზინის ძარცვის შესახებ მოგვითხრობს. ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთს მიმართავენ ქალაქების სახელებით – ტოკიო, მოსკოვი, ბერლინი, დენვერი, ოსლო, ჰელსინკი, რიო და ნაირობი – ინკოგნიტო პირის ხელმძღვანელობით, ზედმეტსახელად „პროფესორი“, მძევლებად აჰყავს რამდენიმე ათეული მოქალაქე და ხაზინაში რამდენიმე დღის განმავლობაშია დაბანაკებული. ბოლოს ისინი ათავისუფლებენ ყველა მძევალს, თან მიაქვთ რამდენიმე მილიარდი ევრო და გაურკვეველი მიმართულებით ქრებიან.

სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი, მაგრამ ადგილობრივები ხუმრობენ, რომ საქართველოში ახალი სეზონი უფრო ადრე ნახეს, ვიდრე მთელ მსოფლიოში.

„ფეისბუქის“ მომხმარებლებმა 21 ოქტომბრის მოვლენებს ხუმრობით Lacasa de Zugdidi უწოდეს. ზოგიერთმა „ფან-არტიც“ კი გააკეთა – სერიალის მთავარ გმირებს გაუნაწილა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქების სახელები – ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ხობი, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ.

მომხმარებლებს არც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქციელი გამორჩენიათ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლებთან ადგილის გაცვლა შესთავაზა. „ქაღალდის სახლის“ მოყვარულებმა ის სერიალის გმირ არტურიტოს შეადარეს – ესაა უარყოფითი პერსონაჟი, სამეფო ხაზინის დირექტორი, რომელიც ცდილობს მძარცველებს ხელი შეუშალოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამით ის კიდევ უფრო ართულებს მძევლების მდგომარეობას.

კიდევ ერთი პარალელი სერიალთან – დიდი ბრიტანეთის ელჩის ქალიშვილი – მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მძევალია. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის დროს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ზუგდიდის მერის ოჯახის წევრი იმყოფებოდა.

112
სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში

სირიელი თურქომანები ყარაბაღში: ომში წასვლა თუ დიდი გადასახლება?

9
(განახლებულია 18:19 27.11.2020)
შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ

სირიელი ბოევიკი-ახალმოსახლეები ომის შემდგომი მთიანი ყარაბაღისთვის რეალობად შეიძლება იქცნენ. ისტორიაში ამის არაერთი ანალოგი მოიპოვება, მაგალითად, ალბანელების გადასახლება სერბეთის კოსოვოში ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში. თურქეთისთვის ეს ორგანიზებული მიგრაცია - დამატებითი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად მოიკიდოს ფეხი სამხრეთ კავკასიაში, თანაც დიდი ხნით.

შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ. სამმხრივი შეთანხმების მიღწევისა და ომის შეწყვეტის დღიდან არაფერი თქმულა ტურისტი-ტერორისტების სამშობლოში დაბრუნებაზე. დიდია ალბათობა, რომ სირიელები თავიანთი ოჯახებით აზერბაიჯანისთვის დაბრუნებულ რაიონებში დასახლდნენ.

ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა ხელს უწყობს თურქომანული ოჯახების მიგრაციას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მთიანი ყარაბაღის რაიონებში (მათ აზერბაიჯანის მოქალაქეობას ჰპირდებიან), რათა რეგიონის დემოგრაფია შეცვალოს. თურქეთს უკვე აქვს მსგავსი ტრანსფორმაციის გამოცდილება ქალაქ აფრინში (სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტიღაა დარჩენილი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შაფან ალ-ხაბურიმ Sky News Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია თურქეთის მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში სირიელი ოჯახების გადასახლებას ეხება, და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ხელისუფლება არ ივიწყებს 1923-1929 წლებში ყარაბაღის ტერიტორიაზე „წითელი ქურთისტანის რესპუბლიკის“ არსებობას, რომლის დედაქალაქიც ლაჩინში მდებარეობდა.

ეს პროექტი სულაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. ახალმოსახლე თურქომანები ტერორისტული გამოცდილებით წარმოადგენენ სავსებით მომზადებულ „სამხედრო კონტინგენტს“, რომელიც მზადაა, მოკრძალებული ანაზღაურების სანაცვლოდ ნებისმიერ ადგილას ნებისმიერს დაუპირისპირდეს. ხოლო ყარაბაღის ჰიპოთეტური გარდაქმნა „კავკასიურ კოსოვოდ“ ანკარას შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერ დროს მიიღოს ზომები მოძმე ხალხის დასაცავად. თურქეთის პარლამენტმა უკვე მოიწონა აზერბაიჯანში ჯარის გაგზავნის საკითხი. და ეს მხოლოდ დასაწყისია სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური თამაშისა - რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების - „ჯებხათ ან-ნუსრას“, „ფირქათ ხამზას“, „სულთან მურადის“ და ექსტრემისტული ქურთული დაჯგუფებების მონაწილეობით.

კავკასიის ახალი „იანიჩრები“

თურქეთის მხარე ოფიციალურად უარყოფს აზერბაიჯანში დაქირავებული მეომრების გაგზავნას და აცხადებს, რომ სომხეთს ეხმარებიან ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკები, რომლებიც ათწლეულებია, თურქეთის ხელისუფლებას ებრძვიან. ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხეთის მხარეს არიან სირიელი და ლიბანელი ბოევიკები, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ უკვე არააქტუალური. მყიფე მშვიდობას დრო გამოცდას უწყობს. აუცილებელია ყარაბაღის ჩიხიდან დიპლომატიური გამოსავლის ძიება და არა ახლო აღმოსავლეთიდან საეჭვო წარსულის მქონე „კოლონიალისტების“ ჩასახლება.

შეგახსენებთ, რომ ლატაკიისა და ალეპოს პროვინციებში 100 ათასამდე სირიელი თურქომანი ცხოვრობს, რომლებიც არაერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული და მრავალი წელია, სირიის სამთავრობო ძალებს ებრძვიან. თურქეთის ხელისუფლება თურქომანების შეიარაღებულ ფორმირებებს ეხმარება. მედიარესურსმა Аfrinpost-მა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სირიის ჩრდილოეთში, ქურთული რეგიონის ცენტრში, აფრინში გახსნა ორი ოფისი მთიან ყარაბაღში, „აზერბაიჯანის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე“, ოჯახებით გადასახლების მსურველთა დასარეგისტრირებლად. ოფისებთან უკვე რიგები დგას (უპირატესად, ხომსის პროვინციიდან). როგორც ჩანს, ამ ხალხის მოტივაციაზე კარგად იზრუნეს. მთიან ყარაბაღში მიგრანტების გასაგზავნად თურქეთის დაზვერვას მათი მონაცემები თავის ბაზაში შეჰყავს.

ქურთული კულტურის აზერბაიჯანული ცენტრის ხელმძღვანელის, ფაჰრადინ ფაშაევის შეფასებით, დღეს აზერბაიჯანში 240 ათასამდე ქურთი ცხოვრობს, მაგრამ თურქეთი მთიან ყარაბაღში არა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქურთების, არამედ თურქომანების გადმოსახლებას გეგმავს. მისაღებია თუ არა ეს აზერბაიჯანისთვის, რომ აღარაფერი ითქვას სომხურ მოსახლეობაზე?

1923 წლის აღწერის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მოსახლეობის 94%-ს სომხები შეადგენდნენ, 6%-ს კი აზერბაიჯანელები. ქურთები და რუსები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ყარაბაღში სომხური მოსახლეობა 77%-მდე შემცირდა, აზერბაიჯანული კი 21%-მდე გაიზარდა. 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებულმა ომმა ვითარება შეცვალა. დემოგრაფიული შემადგენლობა რთულად პროგნოზირებადი გახდა.

სამხედროების საქმიანი დღეები

რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღის სომხურ ნაწილში ძალას არ იშურებენ ომის შემდგომი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ინჟინერ-გამნაღმველები საინჟინრო დაზვერვას აწარმოებენ, რათა განაღმონ გზები, გაწმინდონ დამწვარი ტექნიკისგან. სტეპანაკერტში აღდგენილია საგზაო მოძრაობა, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ობიექტების ელექტრო- და წყალმომარაგება, მოქმედებს ჰუმანიტარული ცენტრი... სახლებს დაუბრუნდა რამდენიმე ათასი ადგილობრივი მოსახლე.

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების თანახმად, 25 ნოემბერს აზერბაიჯანული ჯარის ქვედანაყოფებმა ქელბაჯარის რაიონი დაიკავეს, 20 ნოემბერს - აგდამის რაიონი და მალე (1 დეკემბერს) მათ ხელში ლაჩინის რაიონი გადავა. აზერბაიჯანული მხარისთვის ტერიტორიების გადაცემა, რუსი სამშვიდობოების შუამდგომლობით, არ ითვალისწინებს 1992 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მომენტალურ დაბრუნებას.

ყარაბაღის შემდგომი ბედი დიდწილად დამოკიდებულია ავტონომიური რესპუბლიკის ჯარსა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. შვიდი რაიონის ტრანსფორმაცია სომხური „უსაფრთხოების ზონიდან“ ისეთივე დაცლილ და სახიფათო აზერბაიჯანულ ზონად - მეტად არასასურველია. შვიდი რაიონის სირიელი თურქომანებით დასახლების ალბათობა არსებობს. 28 წლის შემდეგ „არსად“ ასობით ათასი აზერბაიჯანელი დევნილის დაბრუნება, რომლებმაც უკვე მოიკიდეს ფეხი ახალ ადგილებზე, ძალიან რთული ამოცანაა. ასე შეიძლება ჩანაცვლდეს ერთი ეთნოსი მეორით.

ამას წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს „თანაბარი როლი“ მიუძღოდათ კონფლიქტის გადაჭრაში. თურქეთის სამხედრო მრჩევლები ქვეყანაში მრავლად არიან. მათი სოლიდური რაოდენობა ყარაბაღისგან მოშორებულ, მაგრამ სომხეთთან მოსაზღვრე ნახჭევნის ავტონომიაში, მეტყველებს ბაქოსა და ანკარის მზადყოფნაზე დიდი ომისთვის მთელ „სომხურ ფრონტზე“. რუსეთმა საომარი მოქმედებების შეწყვეტას ხელი შეუწყო და ამით ყველა კმაყოფილი არ არის.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება სამმხრივი შეთანხმების მიღწევის შემდეგაც გრძელდება. თურქეთის პატრულირება ყარაბაღში სადამკვირვებლო პუნქტებს შორის იგეგმება და, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანია: „ჩვენ მას აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებების შესაბამისად განვახორციელებთ“.

სავსებით ნათელია, რომ საუბარი არ არის ერთობლივ სადამკვირვებლო ცენტრზე. ანკარა მზადაა მოქმედებისთვის რეგიონის ინტერესებისა და კონფლიქტის მხარეთა შორის მშვიდობის დამყარების ლოგიკის საწინააღმდეგოდ. შესაძლოა, „ახალი მშვიდობა“ ყარაბაღში ვიღაცას ძალიან უშლიდეს ხელს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

9
თემები:
რუსეთი დღეს
გოგონა გაკვეთილზე

სამი მთავარი პრობლემა, რომლებსაც განათლება გადააწყდა პანდემიის დროს

11
(განახლებულია 16:40 27.11.2020)
ვინ ადაპტირდება ონლაინ–სწავლებაზე ყველაზე მარტივად, შეიძლება თუ არა ტრადიციული სწავლება ვირტუალური კურსებით შეიცვალოს და როგორ შეიძლება „დავამეგობროთ“ ასაკოვანი პედაგოგები სოციალურ ქსელებთან?

დიანა კურმანოვა

ამ კითხვებზე პასუხების გაცემას „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ფორუმზე შეეცადნენ.

კორონავირუსი, რა თქმა უნდა, ნეგატიური მოვლენაა. თუმცა განათლების სფეროსთვის აქაც შეიძლება მოიძებნოს ახალი შესაძლებლობები. ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ფორუმის სპიკერები 2019-2020 წლების პროგრამებზე მსჯელობისას, რომელიც ფედერალური პროექტის „კადრები ციფრული ეკონომიკისთვის“ ფარგლებში გაიმართა 26 ნოემბერს Россия сегодня-ს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.

„როსსოტრუდნიჩესტვომ“ 40 საგანმანათლებლო პროექტი გამოუშვა სარეალიზაციოდ, რომლებითაც 92 ქვეყნის 100 ათასზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა“, — აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ შევცოვმა.

ყველა ამ პროექტს აერთიანებდა საერთო მიზანი: დახმარებოდნენ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალ ტექნოლოგიებში გარკვევაში, ვინაიდან თანამედროვე ცხოვრება „ციფრულში“ გადადის: ონლაინ სულ უფრო მეტი საკითხის გადაჭრა ხდება შესაძლებელი. 2019 წლისგან განსხვავებით, „როსსოტრუდნიჩესტვო“ 2020 წელს, პანდემიის გამო, თითქმის ყველა პროექტს ონლაინ რეჟიმში ახორციელებდა. ერთი მხრივ, პროგრამას ეს წაადგა, მეორე მხრივ კი პანდემიამ გამოავლინა პრობლემები, რომლებსაც ინტერნეტში მოსწავლეებიც აწყდებიან და პედაგოგებიც.

ციფრული უთანასწორობა სოციალურ ნაპრალს ნიშნავს

რუსეთის საზოგადოება „ზნანიეს“ თავმჯდომარის ლიუბოვ დუხანინას თქმით, პანდემია აღრმავებს ნაპრალს ტექნიკურად მომზადებულ ადამიანებსა და იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც ან შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ ონლაინზე გადასასვლელად, ან ცოდნა მედიაგანათლების სფეროში.

„ამიტომაც მნიშვნელოვანია არა მარტო IT–სპეციალისტებზე ორიენტირებული პროექტები, არამედ მასობრივი პროექტები“, — განაცხადა მან.

მარტო 2019 წელს „როსსოტრუდნიჩესტვომ“ 250 მასობრივი ღონისძიება გამართა: ვირტუალური რეალობის დღეები, VR-მუზეუმები, სასწავლო კურსები და ბიზნეს–ჰაკატონები — გუნდური შეჯიბრები ინოვაციური პროექტების შემქმნელებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ონლაინ–პლატფორმები ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის — მაგალითად, შეიძლებოდა მუზეუმის ექსპოზიციების ნახვა ვირტუალური რეალობის სათვალის გარეშე, ამასთან შეიძლებოდა პროგრამების უმეტესობაში ტელეფონით შესვლა.  

თაობათა პრობლემა

„გაკვეთილების ონლაინ–ფორმატთან ადაპტირება ყველაზე მეტად „ძველი სკოლის“ პედაგოგებს გაუჭირდათ — ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი იშვიათად სარგებლობენ ინტერნეტით. ამ ნაკლის აღმოფხვრაში მათ პროექტი „ციფრული კურატორი“ ეხმარება, რომელიც ბელარუსზეც ვრცელდება“, — ამბობს ლიუბოვ დუხანინა.

ციფრული განათლების კურსები 1800-მა ადმიანმა გაიარა ბელარუსში, მათ შორის იყვნენ როგორც მინსკელი, ისე სხვა ქალაქების მასწავლებლები.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები პედაგოგებს ახალგაზრდების გაგებაშიც ეხმარება. მაგალითად, იყენებენ რა აქტიურად ონლაინ–ინსტრუმენტებს, მასწავლებლებს ესმით, რომ ბავშვებს აქვთ უნარი, აღიქვან დიდი ტექსტები ინტერნეტში, თუ ისინი სწორად იქნება გაფორმებული.

ახლა პედაგოგებისთვის განკუთვნილი ამ პროექტებით ყაზახეთი და უზბეკეთიც დაინტერესდნენ.

ბავშვებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ

„ონლაინ–პროგრამებს ყველაზე უკეთ ბავშვები ითვისებენ“, — მიაჩნია პაველ შევცოვს. მის მოსაზრებას ადასტურებენ პროექტ „ინჟინირიუმის“ ავტორები, რომელიც „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დახმარებით შექმნეს ბაუმანის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა.

„ინჟინირიუმი — ეს საგანმანათლებლო ცენტრების ქსელია, რომლებშიც უკვე მიიღო მონაწილეობა 40 ქვეყნის შვიდი ათასმა ბავშვმა, — ამბობს ცენტრ „რუსეთის კომპოზიტების“ ხელმძღვანელი მარგარიტა სტოიანოვა. — ჩვენ წერტილი გვაქვს ყაზახეთში, ალმათში, სადაც პროგრამირების, 3D მოდელირებისა და რობოტოტექნიკის გაკვეთილები მიმდინარეობს. ჩვენს ონლაინ–კურსებზე მოთხოვნაა არა მარტო დსთ-ში. ჩვენ უკვე შემოგვიერთდა ავსტრალია, ვინაიდან პროგრამებს ინგლისური სუბტიტრები ახლავს. და ეს ეფექტური პოპულარიზაციაა არა მარტო ინჟინერიისა, არამედ რუსული ენისაც. ენის სწავლა ყოველთვის უფრო მარტივია საინტერესო თემებით“.

სტოიანოვას აზრით, ონლაინ–გარემოს განვითარება ვერ შეცვლის ტრადიციულ განათლებას,  ვინაიდან თანამშრომლობისთვის ურთიერთობაა მნიშვნელოვანი, და იმედი აქვს, რომ 2021 წელს ყველანი ისევ ჩვეულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.

11
თემები:
რუსეთი დღეს
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით ხუთი ათასამდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

0
(განახლებულია 18:25 27.11.2020)
ბოლო თვეებში მედპერსონალის დეფიციტი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ამიტომ პანდემიასთან ბრძოლაში მომიჯნავე სამედიცინო სფეროების სპეციალისტებსაც ჩართავენ

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ათასამდე მედპერსონალია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ესაა მიახლოებული ციფრი და ინფიცირებული მედპერსონალის ზუსტი რაოდენობა დადგინდება. მედპერსონალის დეფიციტი დღეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც დღესდღეობით არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ. 

სპეციალისტებს ანაწილებენ ცხელ წერტილებში. მაგალითად, როდესაც სექტემბერში აჭარაში ეპიდვითარება გაუარესდა, თბილისიდან რეგიონში რეანიმატოლოგები გაემგზავრნენ. ისინი დღემდე იქ მუშაობენ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა, აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს უფლება აქვს, ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, ვინაიდან დანარჩენ შემთხვევებში რაიმე განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.

 „ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდსასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველი დარტყმა მედპერსონალს მიადგა სექტემბერში, როდესაც ბევრი მედიკოსი დაინფიცირდა. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. გაბუნიამ ასევე აღნიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. სამხედრო ექიმები ჩართული არიან პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში. 

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის, მანქანები შეიძინა. მისი თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითოელ რეგიონზე ერთი მანქანის მობილიზებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით, „სასწრაფო დახმარების“ მანქანებისთვის შეძენილი იქნება დამატებითი აღჭურვილობა. 

გაბუნიამ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში მკურნალობს 5.577 პაციენტი, მათგან 1.034-ს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება, 360 მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. 27 ნოემბერს, დილით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი ადგილი იყო.

 „მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის გვქონდეს თავისუფალი ადგილები. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, ის კოვიდ–სასტუმროში უნდა გაიგზავნოს. იქ მუშაობს საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი“, - ხაზი გაუსვა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში 123 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი, გარდაიცვალა 1161.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში