წინასაარჩევნო კამპანია

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? მასშტაბური კვლევის შედეგები

155
(განახლებულია 21:38 19.10.2020)
მასშტაბური კვლევა, რომელმაც 9 ათასი ადამიანი მოიცვა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩატარდა.

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები.

ელისაშვილი არჩევნების ორ დღეში ჩატარების ინიციატივით გამოდის >>

გამოკითხვაში, რომელიც 12-დან 29 სექტემბრამდე ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 9 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა. კვლევის ცდომილება, კომპანია Survation-ის მტკიცებით, მინიმალურია და 1,3%-ს არ აღემატება.

როგორც წესი, მსგავს გამოკითხვებში საქართველოში დაახლოებით 2 ათასი რესპონდენტი მონაწილეობს ხოლმე.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებლად უსწრებს სხვა პარტიებს და მას ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი – 55,6% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე რეიტინგში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ 19,8%-ით. მესამეზე კი - ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ 5,2%-ით.

ხმები პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 55,6%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19,8%
  • „ევროპული საქართველო“ - 5,2%
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5,1%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,8%
  • „ლელო“ - 3,1%
  • ლეიბორისტული პარტია - 2,7%
  • „გირჩი“ - 2,1%
  • „ერთიანი საქართველო“ - 1,1%
  • „თავისუფალი დემოკრატები“ - 0,2%
  • სხვა პარტიები - 1,3%

ეს კომპანია მმართველ პარტიას ყველაზე მაღალ რიცხვებს უწერს ხოლმე. სხვა გამოკითხვების მიხედვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35-45%-ის ფარგლებში მერყეობს. თავად „ოცნება“ ირწმუნება, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 60%-ს მიიღებს.

მეტი დამაჯერებლობისთვის რესპონდენტებს დაუსვეს დასაზუსტებელი კითხვა: „რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს, თუ საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდება“. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სრულიად დარწმუნებულია – 68%
  • მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია – 24%
  • მხოლოდ უმნიშვნელოდაა დარწმუნებული – 4%
  • ბოლომდე არ არის დარწმუნებული – 4%

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რესპონდენტების 72% გეგმავს. კიდევ 13% „ალბათ“ წავა არჩევნებზე, 11% კი ირჩევს "50/50" ვარიანტს. არ მიდის არჩევნებზე 4%.

რეაქციები

გამოკითხვის შედეგები ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საპარლამენტო არჩევნები რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს.

„Survation-ის კვლევებს აქვს კატასტროფული პრობლემა მეთოდოლოგიაში. „ქართული ოცნება" 35-37%-ზე მეტს ვერ აიღებს, ამის გარანტიას ვაძლევ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია აქტივობა. არავინ არ უნდა მოვეშვათ, ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი უნდა მოვიდეს. ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა და ამ უმძიმესი ვითარების შეცვლა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებას და პროფესიონალთა ახალი გუნდის მოსვლას ხელისუფლებაში“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში გამოკითხვის შედეგებს ენდობიან.

„ეს კვლევები „ქართული ოცნების" შემთხვევაში არის რეალობასთან ახლოს. საზოგადოებასთან ჩვენ ურთიერთობა გვქონდა საკმაოდ მჭიდრო. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერი და ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია სარგებლობდეს ასეთი მაღალი რეიტინგით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ეგზიტპოლები

ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია Survation თანამშრომლობს წამყვან მედიაბრენდებთან, როგორებიცაა BBC და Guardian. საპარლამენტო არჩევნების დღეს Survation და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნებენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

 

155
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში

სირიელი თურქომანები ყარაბაღში: ომში წასვლა თუ დიდი გადასახლება?

43
(განახლებულია 20:51 27.11.2020)
შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ.

სირიელი ბოევიკი-ახალმოსახლეები ომის შემდგომი მთიანი ყარაბაღისთვის შეიძლება რეალობად იქცნენ. ისტორიაში ამის არაერთი ანალოგი მოიპოვება, მაგალითად, ალბანელების გადასახლება სერბეთის კოსოვოში ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში. თურქეთისთვის ეს ორგანიზებული მიგრაცია – დამატებითი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად მოიკიდოს ფეხი სამხრეთ კავკასიაში, თანაც დიდი ხნით.

შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ. სამმხრივი შეთანხმების მიღწევისა და ომის შეწყვეტის დღიდან არაფერი თქმულა ტურისტი-ტერორისტების სამშობლოში დაბრუნებაზე. დიდია ალბათობა, რომ სირიელები თავიანთი ოჯახებით აზერბაიჯანისთვის დაბრუნებულ რაიონებში დასახლდნენ.

ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა ხელს უწყობს თურქომანული ოჯახების მიგრაციას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მთიანი ყარაბაღის რაიონებში (მათ აზერბაიჯანის მოქალაქეობას ჰპირდებიან), რათა რეგიონის დემოგრაფია შეცვალოს. თურქეთს უკვე აქვს მსგავსი ტრანსფორმაციის გამოცდილება ქალაქ აფრინში (სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტიღაა დარჩენილი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შაფან ალ-ხაბურიმ Sky News Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია თურქეთის მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში სირიელი ოჯახების გადასახლებას ეხება, და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ხელისუფლება არ ივიწყებს 1923-1929 წლებში ყარაბაღის ტერიტორიაზე „წითელი ქურთისტანის რესპუბლიკის“ არსებობას, რომლის დედაქალაქიც ლაჩინში მდებარეობდა.

ეს პროექტი სულაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. ახალმოსახლე თურქომანები ტერორისტული გამოცდილებით წარმოადგენენ სავსებით მომზადებულ „სამხედრო კონტინგენტს“, რომელიც მზადაა, მოკრძალებული ანაზღაურების სანაცვლოდ ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერს დაუპირისპირდეს. ხოლო ყარაბაღის ჰიპოთეტური გარდაქმნა „კავკასიურ კოსოვოდ“ ანკარას შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერ დროს მიიღოს ზომები მოძმე ხალხის დასაცავად. თურქეთის პარლამენტმა უკვე მოიწონა აზერბაიჯანში ჯარის გაგზავნის საკითხი. და ეს მხოლოდ დასაწყისია სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური თამაშისა – რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების „ჯებჰათ ან-ნუსრას“, „ფირქათ ჰამზას“, „სულთან მურადის“ და ექსტრემისტული ქურთული დაჯგუფებების მონაწილეობით.

კავკასიის ახალი „იანიჩრები“

თურქეთის მხარე ოფიციალურად უარყოფს აზერბაიჯანში დაქირავებული მეომრების გაგზავნას და აცხადებს, რომ სომხეთს ეხმარებიან ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკები, რომლებიც ათწლეულებია, თურქეთის ხელისუფლებას ებრძვიან. ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხეთის მხარეს არიან სირიელი და ლიბანელი ბოევიკები, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ უკვე არააქტუალური. მყიფე მშვიდობას დრო გამოცდას უწყობს. აუცილებელია ყარაბაღის ჩიხიდან დიპლომატიური გამოსავლის ძიება და არა ახლო აღმოსავლეთიდან საეჭვო წარსულის მქონე „კოლონიალისტების“ ჩასახლება.

შეგახსენებთ, რომ ლატაკიისა და ალეპოს პროვინციებში 100 ათასამდე სირიელი თურქომანი ცხოვრობს, რომლებიც არაერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული და მრავალი წელია სირიის სამთავრობო ძალებს ებრძვიან. თურქეთის ხელისუფლება თურქომანების შეიარაღებულ ფორმირებებს ეხმარება. მედიარესურსმა Аfrinpost-მა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სირიის ჩრდილოეთში, ქურთული რეგიონის ცენტრში, აფრინში გახსნა ორი ოფისი მთიან ყარაბაღში, „აზერბაიჯანის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე“ ოჯახებით გადასახლების მსურველთა დასარეგისტრირებლად. ოფისებთან უკვე რიგები დგას (უპირატესად, ჰომსის პროვინციიდან). როგორც ჩანს, ამ ხალხის მოტივაციაზე კარგად იზრუნეს. მთიან ყარაბაღში მიგრანტების გასაგზავნად თურქეთის დაზვერვას მათი მონაცემები თავის ბაზაში შეჰყავს.

ქურთული კულტურის აზერბაიჯანული ცენტრის ხელმძღვანელის ფაჰრადინ ფაშაევის შეფასებით, დღეს აზერბაიჯანში 240 ათასამდე ქურთი ცხოვრობს, მაგრამ თურქეთი მთიან ყარაბაღში არა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქურთების, არამედ თურქომანების გადმოსახლებას გეგმავს. მისაღებია თუ არა ეს აზერბაიჯანისთვის, რომ აღარაფერი ითქვას სომხურ მოსახლეობაზე?

1923 წლის აღწერის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მოსახლეობის 94%-ს სომხები შეადგენდნენ, 6%-ს კი აზერბაიჯანელები. ქურთები და რუსები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ყარაბაღში სომხური მოსახლეობა 77%-მდე შემცირდა, აზერბაიჯანული კი 21%-მდე გაიზარდა. 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებულმა ომმა ვითარება შეცვალა. დემოგრაფიული შემადგენლობა რთულად პროგნოზირებადი გახდა.

სამხედროების საქმიანი დღეები

რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღის სომხურ ნაწილში ძალას არ იშურებენ ომის შემდგომი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ინჟინერ-გამნაღმველები საინჟინრო დაზვერვას აწარმოებენ, რათა განაღმონ გზები, გაწმინდონ დამწვარი ტექნიკისგან. სტეფანაკერტში აღდგენილია საგზაო მოძრაობა, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ობიექტების ელექტრო- და წყალმომარაგება, მოქმედებს ჰუმანიტარული ცენტრი... სახლებს დაუბრუნდა რამდენიმე ათასი ადგილობრივი მოსახლე.

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების თანახმად, 25 ნოემბერს აზერბაიჯანული ჯარის ქვედანაყოფებმა ქელბაჯარის რაიონი დაიკავეს, 20 ნოემბერს – აღდამის რაიონი და მალე (1 დეკემბერს) მათ ხელში ლაჩინის რაიონიც გადავა. აზერბაიჯანული მხარისთვის ტერიტორიების გადაცემა რუსი სამშვიდობოების შუამდგომლობით არ ითვალისწინებს 1992 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მომენტალურ დაბრუნებას.

ყარაბაღის შემდგომი ბედი დიდწილად დამოკიდებულია ავტონომიური რესპუბლიკის ჯარსა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. შვიდი რაიონის ტრანსფორმაცია სომხური „უსაფრთხოების ზონიდან“ ისეთივე დაცლილ და სახიფათო აზერბაიჯანულ ზონად – მეტად არასასურველია. შვიდი რაიონის სირიელი თურქომანებით დასახლების ალბათობა არსებობს. 28 წლის შემდეგ „არსად“ ასობით ათასი აზერბაიჯანელი დევნილის დაბრუნება, რომლებმაც უკვე მოიკიდეს ფეხი ახალ ადგილებზე, ძალიან რთული ამოცანაა. ასე შეიძლება ჩანაცვლდეს ერთი ეთნოსი მეორით.

ამას წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს „თანაბარი როლი“ მიუძღოდათ კონფლიქტის გადაჭრაში. თურქეთის სამხედრო მრჩევლები ქვეყანაში მრავლად არიან. მათი სოლიდური რაოდენობა ყარაბაღისგან მოშორებულ, მაგრამ სომხეთთან მოსაზღვრე ნახჭევანის ავტონომიაში მეტყველებს ბაქოსა და ანკარის მზადყოფნაზე დიდი ომისთვის მთელ „სომხურ ფრონტზე“. რუსეთმა საომარი მოქმედებების შეწყვეტას ხელი შეუწყო და ამით ყველა კმაყოფილი არ არის.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება სამმხრივი შეთანხმების მიღწევის შემდეგაც გრძელდება. თურქეთის პატრულირება ყარაბაღში სადამკვირვებლო პუნქტებს შორის იგეგმება და, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანია: „ჩვენ მას აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებების შესაბამისად განვახორციელებთ“.

სავსებით ნათელია, რომ საუბარი არ არის ერთობლივ სადამკვირვებლო ცენტრზე. ანკარა მზადაა მოქმედებისთვის რეგიონის ინტერესებისა და კონფლიქტის მხარეთა შორის მშვიდობის დამყარების ლოგიკის საწინააღმდეგოდ. შესაძლოა, „ახალი მშვიდობა“ ყარაბაღში ვიღაცას ძალიან უშლიდეს ხელს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

43
თემები:
რუსეთი დღეს
გოგონა გაკვეთილზე

სამი მთავარი პრობლემა, რომლებსაც განათლება გადააწყდა პანდემიის დროს

15
(განახლებულია 16:40 27.11.2020)
ვინ ადაპტირდება ონლაინ–სწავლებაზე ყველაზე მარტივად, შეიძლება თუ არა ტრადიციული სწავლება ვირტუალური კურსებით შეიცვალოს და როგორ შეიძლება „დავამეგობროთ“ ასაკოვანი პედაგოგები სოციალურ ქსელებთან?

დიანა კურმანოვა

ამ კითხვებზე პასუხების გაცემას „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ფორუმზე შეეცადნენ.

კორონავირუსი, რა თქმა უნდა, ნეგატიური მოვლენაა. თუმცა განათლების სფეროსთვის აქაც შეიძლება მოიძებნოს ახალი შესაძლებლობები. ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ფორუმის სპიკერები 2019-2020 წლების პროგრამებზე მსჯელობისას, რომელიც ფედერალური პროექტის „კადრები ციფრული ეკონომიკისთვის“ ფარგლებში გაიმართა 26 ნოემბერს Россия сегодня-ს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.

„როსსოტრუდნიჩესტვომ“ 40 საგანმანათლებლო პროექტი გამოუშვა სარეალიზაციოდ, რომლებითაც 92 ქვეყნის 100 ათასზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა“, — აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ შევცოვმა.

ყველა ამ პროექტს აერთიანებდა საერთო მიზანი: დახმარებოდნენ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალ ტექნოლოგიებში გარკვევაში, ვინაიდან თანამედროვე ცხოვრება „ციფრულში“ გადადის: ონლაინ სულ უფრო მეტი საკითხის გადაჭრა ხდება შესაძლებელი. 2019 წლისგან განსხვავებით, „როსსოტრუდნიჩესტვო“ 2020 წელს, პანდემიის გამო, თითქმის ყველა პროექტს ონლაინ რეჟიმში ახორციელებდა. ერთი მხრივ, პროგრამას ეს წაადგა, მეორე მხრივ კი პანდემიამ გამოავლინა პრობლემები, რომლებსაც ინტერნეტში მოსწავლეებიც აწყდებიან და პედაგოგებიც.

ციფრული უთანასწორობა სოციალურ ნაპრალს ნიშნავს

რუსეთის საზოგადოება „ზნანიეს“ თავმჯდომარის ლიუბოვ დუხანინას თქმით, პანდემია აღრმავებს ნაპრალს ტექნიკურად მომზადებულ ადამიანებსა და იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც ან შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ ონლაინზე გადასასვლელად, ან ცოდნა მედიაგანათლების სფეროში.

„ამიტომაც მნიშვნელოვანია არა მარტო IT–სპეციალისტებზე ორიენტირებული პროექტები, არამედ მასობრივი პროექტები“, — განაცხადა მან.

მარტო 2019 წელს „როსსოტრუდნიჩესტვომ“ 250 მასობრივი ღონისძიება გამართა: ვირტუალური რეალობის დღეები, VR-მუზეუმები, სასწავლო კურსები და ბიზნეს–ჰაკატონები — გუნდური შეჯიბრები ინოვაციური პროექტების შემქმნელებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ონლაინ–პლატფორმები ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის — მაგალითად, შეიძლებოდა მუზეუმის ექსპოზიციების ნახვა ვირტუალური რეალობის სათვალის გარეშე, ამასთან შეიძლებოდა პროგრამების უმეტესობაში ტელეფონით შესვლა.  

თაობათა პრობლემა

„გაკვეთილების ონლაინ–ფორმატთან ადაპტირება ყველაზე მეტად „ძველი სკოლის“ პედაგოგებს გაუჭირდათ — ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი იშვიათად სარგებლობენ ინტერნეტით. ამ ნაკლის აღმოფხვრაში მათ პროექტი „ციფრული კურატორი“ ეხმარება, რომელიც ბელარუსზეც ვრცელდება“, — ამბობს ლიუბოვ დუხანინა.

ციფრული განათლების კურსები 1800-მა ადმიანმა გაიარა ბელარუსში, მათ შორის იყვნენ როგორც მინსკელი, ისე სხვა ქალაქების მასწავლებლები.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები პედაგოგებს ახალგაზრდების გაგებაშიც ეხმარება. მაგალითად, იყენებენ რა აქტიურად ონლაინ–ინსტრუმენტებს, მასწავლებლებს ესმით, რომ ბავშვებს აქვთ უნარი, აღიქვან დიდი ტექსტები ინტერნეტში, თუ ისინი სწორად იქნება გაფორმებული.

ახლა პედაგოგებისთვის განკუთვნილი ამ პროექტებით ყაზახეთი და უზბეკეთიც დაინტერესდნენ.

ბავშვებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ

„ონლაინ–პროგრამებს ყველაზე უკეთ ბავშვები ითვისებენ“, — მიაჩნია პაველ შევცოვს. მის მოსაზრებას ადასტურებენ პროექტ „ინჟინირიუმის“ ავტორები, რომელიც „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დახმარებით შექმნეს ბაუმანის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა.

„ინჟინირიუმი — ეს საგანმანათლებლო ცენტრების ქსელია, რომლებშიც უკვე მიიღო მონაწილეობა 40 ქვეყნის შვიდი ათასმა ბავშვმა, — ამბობს ცენტრ „რუსეთის კომპოზიტების“ ხელმძღვანელი მარგარიტა სტოიანოვა. — ჩვენ წერტილი გვაქვს ყაზახეთში, ალმათში, სადაც პროგრამირების, 3D მოდელირებისა და რობოტოტექნიკის გაკვეთილები მიმდინარეობს. ჩვენს ონლაინ–კურსებზე მოთხოვნაა არა მარტო დსთ-ში. ჩვენ უკვე შემოგვიერთდა ავსტრალია, ვინაიდან პროგრამებს ინგლისური სუბტიტრები ახლავს. და ეს ეფექტური პოპულარიზაციაა არა მარტო ინჟინერიისა, არამედ რუსული ენისაც. ენის სწავლა ყოველთვის უფრო მარტივია საინტერესო თემებით“.

სტოიანოვას აზრით, ონლაინ–გარემოს განვითარება ვერ შეცვლის ტრადიციულ განათლებას,  ვინაიდან თანამშრომლობისთვის ურთიერთობაა მნიშვნელოვანი, და იმედი აქვს, რომ 2021 წელს ყველანი ისევ ჩვეულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.

15
თემები:
რუსეთი დღეს
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში