პარტიების წინასაარჩევნო სიმბოლიკა

შეხვედრები, კანდიდატები, გამოკითხვები, ანგარიშები - საქართველოს პოლიტიკური კვირის შედეგები

90
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა წინასაარჩევნო კამპანიაზე და ფაქტობრივად პოლიტიკური ბრძოლის გრადუსი მინიმუმამდე დაწია

ბოლო ორი კვირა საკმაოდ მშვიდი გამოდგა, რამდენიმე დაპირისპირების მიუხედავად, და პარტიების კონკურენცია განცხადებებსა და ადგილებზე აგიტაციაში გამოიხატა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრები, შეხვედრები, შეხვედრები

ამ კვირაში პარტიების წარმომადგენლები მთლიანად გადაეშვნენ ამომრჩევლებთან შეხვედრებში.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საზეიმო ვითარებაში წარმოადგენდა თავის კანდიდატებს, „ევროპული საქართველო“ მშვიდად იკრიბებოდა რეგიონებში და ეცნობოდა პრობლემებს, „გირჩმა“ კი შეხვედრებისთვის ბარები და რესტორნები აირჩია.

„ოცნების“ შეხვედრები მარტვილში:

„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა:

პარტიებმა „სამართლიანობისთვის“, „მოქალაქეები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ დეპუტატების კანდიდატების სიები წარადგინეს.

კვირის კანდიდატი

კვირის კანდიდატი გახდა ბანკირი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გამარჯვების შემთხვევაში ის პრემიერ-მინისტრი გახდება.

მამუკა ხაზარაძე პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა >>

„ლელომ“ ასევე პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მიმართულებების მიხედვით მომავალი მინისტრების ვინაობებიც დაასახელა.

კვირის მიტინგი

ყველაზე განსახილველი თემა გახდა „ძალა ერთობაშიას“ ბლოკის მიტინგი, რომლის სათავეში დგას ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ბათუმში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა გაცნობოდნენ ბლოკის კანდიდატებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოესმინათ. და ეს ყველაფერი ხდებოდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რომლის ერთ-ერთი ეპიცენტრია სწორედ ბათუმი და მთლიანად აჭარა.

ახლა ყველა განიხილავს, შეიძლებოდა თუ არა მიტინგის ჩატარება.

ინციდენტები

წინასაარჩევნო კვირას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მოხდა ერთბაშად სამი შეტაკება, რა დროსაც დაშავდნენ „ლელოს“, „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

სამივე შემთხვევაში შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დამნაშავეებიც დაადგინა.

წინასაარჩევნო საქმეები

სანამ პარტიები წინასაარჩევნო კამპანიით იყვნენ დაკავებულები, ცესკომ კენჭისყრის დღის უსაფრთხოებაზე იზრუნა. მასსა ადა შსს-ს შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი იმის შესახებ, რომ პოლიცია 31 ოქტომბერს სიმშვიდის შენარჩუნებაზე იზრუნებს.

ცესკომ სხვადასხვა მიზეზების გამო პარტიების სიაც შეკვეცა. ახლა წინასაარჩევნო რბოლას აგრძელებს 48 პარტია და ორი ბლოკი, რომლებიც პარლამენტში ადგილებისთვის ბრძოლას ჯერჯერობით აგრძელებენ.

არჩევნები უსაფრთხო პირობებში: ცესკომ ახალი წესები დაადგინა >>

არ დავიწყებია ცესკოს უცხოეთში მყოფი თანამემამულეებიც. უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო უბნები 38 ქვეყანაში გაიხსნება.

უცხოური საქმეები

სანამ ქვეყნის შიგნით აგიტაცია მიმდინარეობს, „ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა დაკავდეს აგიტაციით ემიგრანტებს შორის და გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც საარჩევნო უბნების ყველაზე დიდი რაოდენობა გაიხსნება.

თუმცა უცხოეთში ამომრჩევლებთან შეხვედრას მშვიდად არ ჩაუვლია, სააკაშვილს სამი უცნობი პირი დაესხა თავს. თუმცა საქართველოს ექს-პრეზიდენტს ვერ მიწვდნენ და შეხვედრა მაინც შედგა.

რას ამბობენ დამკვირვებლები

გასულ კვირაში თავისი ანგარიშები წარადგინეს ერთბაშად რამდენიმე ადგილობრივმა ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნებს აკვირდება.

საპარლამენტო არჩევნებს დამკვირვებელთა რეკორდული რაოდენობა მიადევნებს თვალს >>

ამ ანგარიშების თანახმად, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია მთლიანობაში მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა დარღვევები არის. ყველაზე ხშირი დარღვევებია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ზეწოლა ამომრჩევლებზე.

რას ამბობენ რეიტინგები

განვლილ კვირაში გამოქვეყნდა პარტიების რეიტინგი, რომელიც „ტვ პირველის“ დაკვეთით კომპანია Edison Research-მა შეადგინა.

ამ გამოკითხვის მიხედვით, ლიდერობას ინარჩუნებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, თუმცა მხოლოდ 36%-იანი მხარდაჭერით, დანარჩენი პროცენტები გადაინაწილეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ამასთან ყოფილ მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სულ 17% აქვს.

მესამე ადგილზე რჩება „ევროპული საქართველო“ – 5%. შემდეგ მოდის „გიორგი ვაშაძე - სტრატეგის აღმაშენებელი“ – 4%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, „გირჩი“ – 2%, „ლელო საქართველოსთვის“ – 2%, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ – 1%მ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ – 1%, „გამარჯვებული საქართველო - ირაკლი ოქრუაშვილი“ – 1%.

90
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (274)
წინასაარჩევნო აგიტაცია

ჩხუბი, შეხვედრები და კორონავირუსი: არჩევნების ბოლოსწინა კვირა საქართველოში

56
არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, პარტიებმა თავისი სიები წარადგინეს, ცესკომ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო და კორონავირუსის ყველა „სიურპრიზი“ გაითვალისწინა, ხოლო დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე ბოლო ანგარიშები გამოაქვეყნეს

გასულ კვირაში რამდენიმე სერიოზული ინციდენტი მოხდა, ასევე გარკვეულ განწყობას კორონავირუსის პანდემია ქმნის.

ცესკოს გადაწყვეტილებები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას უკვე საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. სულ 7 102 600 ბიულეტენი დაიბეჭდება.

თბილისის 7 სტამბაში 3 160 900 ბიულეტენი დაიბეჭდება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - 584 000 ბიულეტენი.

გარდა ამისა, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების შესახებ კორონავირუსით დაავადებულთათვის, რომლებიც საკარანტინე ზონებსა და კლინიკებში იმყოფებიან. ამისათვის 127 სპეცუბანი გაიხსნება, სადაც განსაკუთრებული წესები იმოქმედებს.

აგრეთვე ცესკომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად საუბნო საარჩევნო კომისიები წევრების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში არასრული შემადგენლობით სპეცჯგუფების სახით მაინც იფუნქციონირებენ.

ცნობილია საქართველოს ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობაც - 3 526 032 ადამიანი.

ბურჯანაძე ხელისუფლებას და ცესკოს არჩევნების გაყალბების სქემის შემუშავებაში ადანაშაულებს >>

კორონავირუსი და არჩევნები

კორონავირუსს კი მწყობრიდან სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი გამოჰყავს. გასულ კვირაში ინფექცია არჩევნების ორ ცნობილ მონაწილეს დაუდგინდა.

დაავადდა ლიდერი პარტიისა „ლელო საქართველოსთვის“ მამუკა ხაზარაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

ასევე კორონავირუსს უკავშირდება გასულ კვირას მომხდარი სკანდალი, როდესაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ აქციაზე ბათუმში, შემდეგ კი ქუთაისში გამართულ აქციაზე ადამიანები არ იცავდნენ დისტანციას და პირბადეების გარეშე იყვნენ. ბლოკი მოსახლეობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

კვირის ინციდენტები

ამ კვირასაც არ ჩაუვლია ინციდენტების გარეშე. ორშაბათს საღამოს ბოლნისში მოხდა თავდასხმა „ძალა ერთობაშიას“ ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატზე, პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე კახა ოქრიაშვილზე.

ვინ იყო პიროვნება, რომელიც ავჭალაში ავტომობილში ჩაცხრილეს >>

შტაბის წარმომადგენლები სოფელ ნიხიდურიდან ავტომობილით თბილისში მიემგზავრებოდნენ, როდესაც მათ სავარაუდოდ ბოლნისიდან ორი მანქანა აედევნა. ერთ-ერთმა გაუსწრო პოლიტიკოსებს, მეორე უკნიდან მიუახლოვდა. მათ გზა გადაუჭრეს შტაბის წარმომადგენლებს, აიძულეს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა, რის გამოც პოლიტიკოსების მანქანა ხევში გადავარდა.

გარდა ამისა, ოპოზიციონერების მისამართით დაახლოებით ექვსჯერ ისროლეს.

ისმოდა სროლა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან დმანისში, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, დღემდე უცნობია.

ორივე შემთხვევას შსს იძიებს.

ანგარიშები არჩევნების წინ

ამასობაში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მსვლელობის შეფასებას აგრძელებენ.

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა წინასაარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც აფასებს ცესკოს მუშაობას, საარჩევნო კამპანიების კუთხით მიმდინარე მდგომარეობას, გენდერულ თანასწორობას პოლიტიკაში და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიასა და დეზინფორმაციას, ასევე COVID-19-ის ზემოქმედებას საარჩევნო პროცესებზე.

ბიულეტენი მოიცავს პერიოდს 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე და აქცენტს აკეთებს რამდენიმე ძირითად დასკვნაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა: ძალადობა და მუქარები ჟურნალისტების მიმართ ბოლნისსა და მარნეულში, საპროტესტო აქცია პანკისში, რომლის გამო პანკისის საზოგადოებრივმა რადიომ დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა; „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა უარი მონაწილეობა მიიღოს დებატებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებში; ანონიმური გვერდები სოციალურ ქსელებში, რომლებიც როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ახდენენ.

ორგანიზაცია ურჩევს საარჩევნო სუბიექტებს თავი შეიკავოს ისეთი თემების განხილვისგან, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს საზოგადოებრივი დაპირისპირების და განხეთქილების რისკებს.

საკუთარი ანგარიში წარმოადგინა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციამ - სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED). დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე და მასში მითითებულია ყველა გამოვლენილი დარღვევა, მათ შორის: პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ცხრა სავარაუდო შემთხვევა; სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის ორი ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ერთი ფაქტი; ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის ათი ფაქტი; შესაძლო პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან დათხოვნის სამი ფაქტი და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების 18 ფაქტი.

56
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (274)
წინასაარჩევნო კამპანია

სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთთან გარიგებული არიან? მწვავე დებატების მორიგი რაუნდი

78
(განახლებულია 22:10 23.10.2020)
წინასაარჩევნო მარათონი  საქართველოში მალე დასრულდება - საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება

 

ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ პირველი არხზე მორიგ დებატებში მიიღო მონაწილეობა.

გადაცემა „დებატები 2020“-ში მონაწილეობდნენ:

– ირაკლი ჯამბურია („თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“)

– ირაკლი ყიფიანი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“)

– ირაკლი ქართველიშვილი („ახალი ქრისტიან-დემოკრატები“)

– ზურაბ ჭიაბერაშვილი („ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო“)

ეკონომიკური პროგრამა

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ეკონომიკურ პროგრამაში საუბარია თავისუფალი ბაზრის პოტენციალის გამოყენებასა და ასევე, ე.წ. პროგრესულ გადასახადზე.

 „პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა დაანგრია, ვინაიდან ის დამოკიდებული იყო ტურიზმზე და ვალის ეკონომიკაზე. პანდემიის დროს მთელმა ქვეყანამ იზარალა, მარტო ბანკებმა მიიღეს მოგება. პროცენტის შემცირებაზე იყო საუბარი, ამის ნაცვლად კი მათ საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ საბანკო ეკონომიკისგან, ვალის ეკონომიკისგან. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს აქვს ვალი, თანაც ისეთი ვალი, რომელსაც ვერ იხდის. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც პენსიას ვერ იღებს ვალის გამო“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

პარტია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ ეკონომიკურ პროგრამაში აქცენტი კეთდება ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და აღორძინებაზე.

 „საქართველოში 730 დასახელების მინერალური წყალია. მაგრამ არავის უფიქრია 730 ქარხნის აშენება, რომელშიც, თითოეულში, მინიმუმ 100 ადამიანი დასაქმდებოდა. ეს ნიშნავს 73 ათას სამუშაო ადგილს. ამდენივე ოჯახში შევიდოდა ხელფასი, ამდენივე იქნებოდა უზრუნველყოფილი ელემენტარული საარსებო წყაროთი. ამგვარად, ფული შემოვიდოდა ბიუჯეტში. ამის ნაცვლად, ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მინერალურ წყალს, რომლის თითებზე ჩამოთვლაც შეიძლება“, - განაცხადა ჯამბურიამ. 

პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პროგრამაში საუბარია გადასახადების შემცირებაზე, სოციალური დახმარების გაზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებაზე.

 „გადასახადების შემცირების, ნაკლები რეგულაციის და ბიუროკრატიის პროგრამა, ინვესტიციების მოზიდვა არის გასაღები იმისა, რომ წარმოება ქვეყანაში განვითარდეს. ხოლო კონკრეტულად რომელი წარმოება, რომელი სფეროები განვითარდება - ამას გადაწყვეტს თავად მეწარმე, თავად ბიზნესი, თავად ხალხი. მთავრობის ამოცანაა - შექმნას საუკეთესო ბიზნესგარემო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პროგრამა ითვალისწინებს გადასახადების, კერძოდ, მოგების გადასახადის ეტაპობრივად გაუქმებას.

 „ჩვენ საქართველო უნდა ვაქციოთ შესაძლებლობების ქვეყნად, რათა საქართველოში წარმატებულ ადამიანს უნდოდეს ბიზნეს–საქმიანობის განხორციელება. ერთადერთი გამოსავალია - საქართველომ ინტენსიურად აითვისოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, მიღწეული ევროკავშირთან, მიღწეული ჩინეთთან და ვიმუშაოთ, რათა ახალი ხელშეკრულებები გაფორმდეს სხვა ქვეყნებთან. თუ საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც არ არსებობს საშემოსავლო და მოგების გადასახადი, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ განვითარებული ქვეყნების ინვესტორებისთვის ეს არის ადგილი, სადაც ისინი მოინდომებენ ბიზნესსაქმიანობის წარმოებას“, - განაცხადა ყიფიანმა.  

განათლება

პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პროგრამაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სასწავლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის საკითხზე.

 „კერძო სკოლებში მოსწრება უკეთესია, ვიდრე საჯარო სკოლებში. საჯარო სკოლებიც უნდა გავხადოთ ისეთი, სადაც მოსწრების ხარისხი ამაღლდება. ამისათვის კი აუცილებელია, რომ სკოლა გახდეს მოსწავლის, რათა მოსწავლემ მიიღოს საუკეთესო განათლება. ამას ყველაზე უკეთ ემსახურება დეცენტრალიზაცია, მათ შორის, დერეგულაცია. ჩვენ უნდა გავზარდოთ სკოლის ვაუჩერი, მეტი ფული წავიდეს სკოლაში, რაც მოემსახურება მასწავლებლების ხელფასების ზრდას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პროგრამა ითვალისწინებს განათლების სისტემის დაფინანსების გაორმაგებას და ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლას.

 „განათლებით უნდა დავამარცხოთ სიღარიბე. დღეს ქვეყანაში 70 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში, რომელიც ვერ იღებს სრულფასოვან განათლებას. ეს პირდაპირ ნიშნავს ხვალინდელ ღარიბ საქართველოს. სწორედ დღეს ამ 70 ათას ბავშვს არ აქვს სრულფასოვანი განათლება, ეს არის ყველაზე დიდი რისკი, რატომაც საქართველოში შეიძლება იყოს სიღარიბე. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიციის პროგრამით, ჩვენ ვაორმაგებთ განათლების საბიუჯეტო დაფინანსებას და გადავდივართ ვაუჩერულ დაფინანსებაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მშობელს ვაძლევთ 2 ათას ლარს და მას თავისი შვილი შეუძლია წაიყვანოს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლაში. ჩვენი მიზანია - განათლების სისტემაში გავაჩინოთ კონკურენცია“, - განაცხადა ყიფიანმა.

განათლების დონისა და ხარისხის გაზრდა „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ პროგრამის ძირითადი ხედვაა.  

 „ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც უნდა ისწავლოს, ჩააბაროს, განათლება მიიღოს და გამოადგეს თავის ქვეყანას, ვერ ღებულობს განათლებას უსახსრობის გამო. ქვეყანაში წარმატებულად ის ითვლება, რომელიც სკოლას დაამთავრებს, საზღვარგარეთ წავა, იქ მიიღებს განათლებას და ან ჩამოვა, ან არ ჩამოვა და იქ დარჩება. რეალურად საქართველო კარგავს ამ ახალგაზრდა ძალას, რომელმაც უნდა განავითაროს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.  

პარტიის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ პროგრამაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ხარისხიანი განათლება მოსახლეობის ყველა ფენისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

 „პირველ რიგში, სანამ ჩვენ განათლებაზე ვისაუბრებთ, ეკონომიკაა მოსაწესრიგებელი. თუ ეკონომიკურად არ გაძლიერდნენ ოჯახები, თუ არ შემცირდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, როგორ ჩამოვიდნენ ეს ადამიანები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სად მიიღონ განათლება? როგორ უნდა ისწავლონ, თუ საჭმლის ფული არ აქვთ? 30 წელიწადში რეფორმების შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა მდიდარი და ღარიბი, მდიდრები სწავლობენ, ღარიბები - ვერ სწავლობენ“, - განაცხადა ჯამბურიამ. 

კითხვა-პასუხი

დებატების მორიგ რაუნდში პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა გადაცემის წამყვანის კითხვებს უპასუხეს.

ჟურნალისტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამიდან ამონარიდი წაიკითხა: „ხელისუფლება მოქალაქის ცხოვრებაში არ იჭრება, ადამიანის თავისუფლებას, პირად ცხოვრებას, კანონის უზენაესობას და სამართლიანობას განუხრელად იცავს, კერძო საკუთრება დაცულია, თავისუფალი მეწარმე წნეხს არ განიცდის, ოჯახების უსაფრთხოება და სიმშვიდე უზრუნველყოფილია, ხელისუფლება გამაერთიანებელია და არა გამყოფი, დაპირისპირებისა და შუღლის გამღვივებელი.  თუ თქვენ ერთპარტიული ხელისუფლება გექნებათ და უმრავლესობაში იქნებით, რატომ უნდა დაგიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი შესრულდება – კითხვა დასვა დებატების წამყვანმა. 

 „ჩვენ წარმოვადგენთ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიული სუბიექტებისგან და მინდა აღვნიშნო, რომ ეს გაერთიანება გადაიქცა საზოგადოებრივ ერთობად და ამის მაგალითია რეფორმების გუნდი, რომელმაც შეიმუშავა ქვეყნის განვითარების გეგმა პარტიებთან ერთად. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს საზოგადოებრივი ერთობა, რომელიც პარტიული მრავალფეროვნების საფუძველს ქმნის პარლამენტში, არის გარანტი იმისა, რომ ეს რეფორმები განხორციელდება. სწორედ ეს მთავარი რეფორმა, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას, პროკურატურას, ეკონომიკურ რეფორმებს, არის გარანტია ჩვენი ქვეყნის წარმატების და ჩვენს ქვეყანაში მეტი შესაძლებლობის გაჩენის“, - განაცხადა ყიფიანმა.

მომდევნო კითხვის ადრესატი „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი იყო. წამყვანი დაინტერესდა, რომელ პარტიებთან ითანამშრომლებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში მოხვდებიან.

 „ჩვენ პარლამენტში ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პარტიასთან. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ იდეა ლიბერალურ და კონსერვატორულ ელემენტებზე დაფუძნებული იდეოლოგიაა. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტი ხომ პოლიტიკური მოლაპარაკებების მაგიდაა. დიალოგი შესაძლებელია ყველა პოლიტიკურ გუნდთან და ჯგუფთან“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

ვისთან გამორიცხავთ თანამშრომლობას ან გყავთ თუ არა უკვე პარტნიორები, ვისთანაც წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა? - ამ კითხვით მიმართა წამყვანმა პარტიის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ ლიდერს.

 „პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობას, რომელიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ ეს ცესკოში დაითვლება და გამოჩნდება გამარჯვებული ან დამარცხებული მხარე... ჩემი ოპონენტი წეღან ამტკიცებდა, რომ შევარდნაძე გადააგდეს. შევარდნაძე კი არ გადააგდეს, მან თავისი „მოქალაქეთა კავშირის“  ახალგაზრდულ ფრთას, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბარა ხელისუფლება. ასე არ იყო? შეიძლება გარიგებულიც არიან ერთმანეთთან (ბიძინა ივანიშვილთან, რედ.), არ გებადებათ ასეთი შეკითხვა? რატომ უპირისპირდებიან ყოველთვის წინასაარჩევნოდ ერთმანეთს, შემდეგ კი ჩახუტებული არიან პარლამენტში. საჯაროდ ერთმანეთს მტერს ეძახიან, შემდეგ კი ეხუტებიან. გატყუებენ, ჩემო კარგებო, გატყუებენ“, - განაცხადა ჯამბურიამ.

მორიგი კითხვა წამყვანმა ზურაბ ჭიაბერაშვილს დაუსვა: თუ „ევროპულ საქართველოს“ მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ექნება, ამ შემთხვევაში ის მაინც გაუზიარებს ძალაუფლებას სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს?

 „ქვეყნის მოსახლეობის 75% ამბობს, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრინციპული მიდგომაა ზუსტად ის, რომ დავეთანხმოთ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პარტიებმა, „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, უნდა გამონახონ საერთო ენა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალებისგან და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, რომელიც მიიღებს ურთიერთშეთანხმებით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სიკეთეს მოუტანს მოქალაქეებს და ამ ქვეყანას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

78
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (274)
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას არ აპირებს

0
დადგა დრო დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც არსებულ ფუნდამენტზე უკეთეს შენობას ააგებს, განაცხადა წულუკიანმა

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.

წულუკიანის თქმით, აქტიურად ვრცელდება ხმები მის დაბრუნებაზე, თუმცა თვითონ მსგავს არაფერს არ გეგმავს.

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დატოვა. წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია. ის მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა და თანამდებობაზე დარჩა ყველა სხვა მინისტრზე დიდ ხანს. მან იმუშავა ხუთი პრემიერ-მინისტრის დროს - ბიძინა ივანიშვილის, გიორგი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას დროს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 48 პარტია და ორი ბლოკი.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება