გიორგი ვაშაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“: საქმეები, ამბიციები და წარსულის ჩრდილები

69
(განახლებულია 20:13 10.10.2020)
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს“, ყველა გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს

პარტიის დაარსების იდეა გიორგი ვაშაძეს ეკუთვნის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლსა და მისი ხელისუფლების ყველაზე წარმატებული პროექტების ავტორს.

გზა თანამებრძოლობიდან ოპონენტობამდე

საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებამდე გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ–ერთ ყველაზე პროგრესულ შემსრულებლად მიჩნეოდა.

სწორედ მას ეკუთვნის საქართველოს ყველაზე პოპულარული პროექტის, იუსტიციის სახლის იდეა, სადაც ყველა სახელმწიფო სერვისი ერთ შენობაში იქნებოდა განთავსებული „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

ვაშაძესვე ეკუთვნის პირადობის ელექტრონული მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქეების ელექტრონული ხელმოწერების შემოღების იდეაც.

სწორედ ამ პროგრესული იდეების დამსახურება იყო ის ფაქტი, რომ გიორგი ვაშაძე სააკაშვილის კეთილგანწყობით სარგებლობდა და უკრაინაში სამუშაოდ გადასვლის წინადადებაც კი მიიღო მისგან, სადაც იუსტიციის სახლის იდეა უნდა გაემეორებინა.

მაგრამ დროთა განმავლობაში ვაშაძესა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და 2016 წელს ვაშაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წავიდა და დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა დაიწყო — დააფუძნა რა პარტია „ახალი საქართველო“.

თუმცა ყოფილ პარტიასთან თანამშრომლობა არ შეუწყვეტია — 2018 წელს მისი ახალი პარტია „ნაცმოძრაობასთან“ ერთ ბლოკში შედიოდა, ხოლო თავად გიორგი ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის („სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე) წინასაარჩევო შტაბს ხელმძღვანელობდა.

საბოლოოდ, 2020 წლის გაზაფხულზე, გიორგი ვაშაძის პარტია გავიდა ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“, რომელშიც მთავარ როლს „ნაცმოძრაობა“ თამაშობს.  

დამოუკიდებელი სვლა არჩევნებისკენ

ბლოკიდან გასვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ სახელწოდება შეუცვალა პარტიას და მას „სტრატეგია აღმაშენებელი“ უწოდა. ამასთან მიიღო გადაწყვეტილება, არჩევნებში მონაწილეობა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანთან ერთად მიეღო.

ვაშაძემ, კოლეგებთან მოლაპარაკებების გზით, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა მოიპოვა და მათი კანდიდატი გახდა ისნის მაჟორიტარულ ოლქში.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიებიდან გიორგი ვაშაძეს მხარი არ დაუჭირა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებიუიც უკმაყოფილოები აღმოჩნდნენ როგორც მისი აგრესიული პიარ–კამპანიით, ისე ვაშაძის ამბიციებით — გახდეს საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი. ახლა მას თავის ოლქში არა მარტო „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, არამედ ყოფილ თანამებრძოლ „ნაცმოძრაობასთანაც“ მოუწევს ბრძოლა. თუმცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ გიორგი ვაშაძე ჯაბნის თავის ყოფილ თანამებრძოლებს.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო პროგრამას, ის მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების, სოციალური პროგრამებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირებისკენ.

 

69
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (307)
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი

მიმოხილვა: აშშ ნაღმმზიდებს ჰიპერბგერითი რაკეტებით აიარაღებს

28
(განახლებულია 20:42 28.10.2020)
ათობით გემი და წყალქვეშა ნავი, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადალახვა, სწრაფი გლობალური დარტყმის სტრატეგია — პენტაგონმა გადაწყვიტა ჰიპერბგერითი რაკეტებით გადააიარაღოს Arleigh Burke-ს კლასის ყველა ესკადრონული ნაღმმზიდი.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ამბიციური პროექტი 70-ზე მეტი „ვიმპელის“ ხელახალ აღჭურვას ითვალისწინებს. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის — რაკეტა ჯერ ჭკუაზე არ მოუყვანიათ, ხოლო ესკადრონულ ნაღმმზიდებს ღრმა მოდერნიზაცია ესაჭიროება.

სწრაფად არ გამოვა

პენტაგონის გეგმებით, ჰიპერბგერით იარაღზე პირველებს ახალ ატომურ სუბმარინა „ვირგინიებსა“ და ნაღმმზიდ „ზამვოლტებს“, მერე კი „არლი ბიორკის“ კლასის ხომალდებს გადაიყვანენ, რომლებიც აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების ყველაზე მასობრივ შემტევ „ვიმპელებად“ მიიჩნევა.

სირთულე ისაა, რომ ამერიკული ჰიპერბგერითი რაკეტები, გაბარიტების გამო, უბრალოდ ვერ მოთავსდება ესკადრონული ნაღმმზიდების უჯრედებში. ხომალდებს სერიოზული მოდერნიზაცია ესაჭიროება. რა დაჯდება და რა დრო დასჭირდება ამას — ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ის სამედრო–საზღვაო ძალების ბევრი წყალზედა ხომალდი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, რასაც თავად პენტაგონიც აღიარებს. მაგალითად, 30-მდე „არლი ბიორკის“ სამსახურის ვადა დასასრულს უახლოვდება, ხოლო მოდერნიზაცია, რაზეც უკვე ასობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, არცთუ ძალიან აუმჯობესებს სიტუაციას.

აშკარაა, რომ მოძველებული ნაღმმზიდების ახალი გამშვები დანადგარებითა და ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვა მიზანშეწონილი არ არის. ექსპერტების აზრით, მიუხედავად პენტაგონის ხმამაღალი განცხადებებისა, ეს ხომალდები ისევ ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკების“ ანაბარა დარჩება.

„ამდენი ნაღმმზიდის სწრაფად გადაიარაღება არ გამოვა. პროგრამა დიდი ალბათობით ორი მიმართულებით წავა: მოდერნიზდება მხოლოდ ახალი „არლი ბიორკები“ და ახალ ხომალდებზე ჰიპერბგერითი რაკატების გამშვები დანადგარები დამონტაჟდება. ფასებს ამერიკელები არ შეუშინდებიან — დღეს ისინი მზად არიან დახარჯონ ნებისმიერი თანხები, ოღონდ მსოფლიო ბალანსი გაათანაბრონ და დომინანტი პოზიცია დაიბრუნონ“, — აცხადებს სამხედრო ექსპერტი ალექსეი ლეონკოვი.

ძვირად და გაბრაზებულად

თავის მხრივ, ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფლოტის გადაიარაღების პროგრამის წარმატებისთვის ან ახალი ნაღმმზიდები გახდება საჭირო, ან შედარებით მცირე ზომის რაკეტები.

„ფლოტისთვის საბაზისოდ უკვე აირჩიეს იგივე პროექტი, რომელიც სახმელეთო ჯარებისთვის იყო შერჩეული, ეს Advanced Hypersonic Weapon-ია, — აზუსტებს ლეონკოვი. — ორსაფეხურიანი და მყარსაწვავიანი. პირველი საფეხური ამჩქარებელია, მეორე — დამგეგმავი ბლოკი. საზღვაო ბაზირების რაკეტების დადგმას მარტო „არლი ბიორკის“ ნაღმმზიდებზე კი არ გეგმავენ, არამედ „ოჰაიოსა“ და „ვირგინიის“ კლასის წყალქვეშა ნავებზეც. ახლა მათ სწორედ ამისთვის უტარდება მოდერნიზაცია“.

რაც შეეხება ჰიპერბგერითი იარაღის პერსპექტიულ მატარებლებს, პენტაგონი ჯერ ისევ სწავლობს ახალი თაობის ხომალდის პროექტს. ნაღმმზიდი DDG Next, გეგმის მიხედვით, „არლი ბიორკზე“ ბევრად დიდი და ამასთან უფრო ტევადიც იქნება გამშვები დანადგარებისა და გაძლიერებული შეიარაღებისთვის.

შეგახსენებთ: ამერიკელებმა მანამდე უკვე სცადეს „ბიორკების“ ჩანაცვლება, მაგრამ წარუმატებლად — ტექნოლოგიურად დაწინაურებული ნაღმმზიდი Zumwalt ძალიან მოუქნელი გამოვიდა და არაერთი პრობლემა შეუქმნა სამხედრო მეზღვაურებს.

პირველი Zumwalt-ის წყალში ჩაშვებისას მწყობრიდან გამოვიდა მთავარი დანადგარი — ხომალდი პანამის არხში გაჩერდა და ის ბუქსირით გადაიყვანეს უახლოეს სამხედრო–საზღვაო ბაზაზე სარემონტოდ. ელექტროაღჭურვილობის კრიტიკული პრობლემები გამოუვლინდა კიდევ ერთ „ვიმპელს“.

ამასთან Zumwalt-ის ფასი ავიამზიდის ღირებულებას უტოლდება. თითოეული ესკადრონული ნაღმმზიდი აშშ-ის ბიუჯეტს 4,5 მლრდ დოლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ნაცვლად დაგეგმილი 32 ხომალდისა, პენტაგონი მხოლოდ სამით შემოიფარგლა.

ყველაფრიდან ჩანს, რომ Zumwalt-ების ჰიპერბგერული იარაღით აღჭურვა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ არ იციან სხვა რაში გამოიყენონ ისინი. რადგან საბრძოლო მოქმედებებისთვის ეს ხომალდები არ ვარგა, სარდლობა მათ ახალი რაკეტების გამოსაცდელ პლატფორმად განიხილავს.

დამწევის როლში

წყალქვეშა მატარებელი — ეს, პირველ რიგში, მრავალმიზნობრივი სუბმარინა „ვირგინიაა“. მათი გადაიარაღების იმედი 2028 წლისთვის აქვთ. ამ სუბმარინებს რთავენ ე.წ. სწრაფი გლობალური იერიშის პროგრამაში, რომელიც არაბირთვულ წერტილოვან დარტყმებს მოიაზრებს პლანეტის ნებისმიერ წერტილში ერთი საათის განმავლობაში. სახმელეთო ჯარები პირველ ჰიპერბგერით კომპლექსებს ოდნავ ადრე — 2023 წელს მიიღებენ. რუსეთში კი ეს ყველაფერი უკვე არის შეიარაღებაში.

მაგალითად, სტრატეგიული დანიშნულების კომპლექს „ავანგარდის“ შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე გახდა. მოიერიშე ნაწილი — კონტინენტთაშორისი რაკეტა УР-100Н და დამგეგმავი ნაწილი, რომელიც ზემაღალ ტემპერატურას უძლებს, ატმოსფეროს მკვრივ ფენებში საათში 25 ათას კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. კომპლექსის სერიული წარმოება ორი წლის წინ დაიწყო, ხოლო „ავანგარდით“ შეიარაღებული პირველი პოლკი საბრძოლო განრიგში 2019 წლის დეკემბერში დააყენეს. ამ წლის ბოლომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ორენბურგის ოლქში კიდევ ორი რაკეტისთვის მოამზადებს ინფრასტრუქტურას.

არც ფლოტი ჩამორჩება. ოქტომბრის დასაწყისში გენერალურმა შტაბმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონის“ წარმატებული გამოცდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც რვა მახზე მეტი სიჩქარე განავითარა (საათში 9,5 ათასი კმ) და 450 კილომეტრი დაფარა 4,5 წუთში. პერსპექტივაში რაკეტას ათასი კმ-ით დაშორებული სამიზნის განადგურება და 9 მახამდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.

როგორც მოსალოდნელია, კომპლექსს შეიარაღებაში 2021 წელს მიიღებენ. მისით აღიჭურვება მოქმედი და მშენებარე წყალზედა ხომალდები და ასევე სუბმარინები. კერძოდ, 2025-2026 წლების მიჯნაზე რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტი ორ ფრეგატს ააგებს პროექტ 22350-დან. „ცირკონით“ აღჭურვილი პირველი სუბმარინა მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ გახდება. მეზღვაურებს მას დეკემბერში გადასცემენ. ამ დროისათვის წყალქვეშა ნავი გამოცდებს გადის.

გარდა ამისა, რუსეთი ფლობს საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერით იარაღ Кинжал-ს („ხანჯალი“). რამდენიმე მატარებელი უკვე არის ბაზირებული სამხრეთ სამხედრო ოლქში, ხოლო 2024 წლამდე Кинжал-ებით კრასნოიარსკის მხარის პოლკი აღიჭურვება.

კომპლექსი სამიზნეს 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე ანადგურებს. ქობინი („ბოეგოლოვკა“) შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან სპეციალური — ბირთვული მუხტით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

28
თემები:
რუსეთი დღეს
სავალუტო ჯიხური

რა ხდება სავალუტო ბაზარზე? ანუ არის რეკორდის რეკორდი!..

519
(განახლებულია 15:31 28.10.2020)
ეროვნული ბანკის მიერ ბოლო რვა თვეში სავალუტო აუქციონებზე გაიყიდა ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი, მაგრამ ლარი მაინც გარბის. რატომ? დაზარალებული საბანკო სექტორი, სესხების გაძვირების მიუხედავად გაზრდილი საკრედიტო პორტფელი...

სამსონ ხონელი

ღვინობისთვე იწურება და სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მალე წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ისტორიის საკუთრება გახდება – საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 

მავანნი ცვლილებებს ითხოვენ, მავანნი ცვლილებებს უფრთხიან და მავანნიც ცვლილებების საჭიროებას უბრალოდ ვერ ხედავენ. მაინც რომელი ჭარბობს, შენ რას ფიქრობ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ელოდება, რომ წინამდებარე სტატიაში საარჩევნო თემატიკას გამოვეხმაურები. არ არის ასე, ახლა „სხვაგან ქრის ჩემი გონება“. კითხვას უპასუხოდ მაინც არ დავტოვებ – დრო გვიჩვენებს. მთავარია, ასარჩევთაგან უმრავლესობამ უკვე თავად იცის, ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ დარჩება „სალაყბოს“ მიღმა. სხვა საკითხია, რომ ყველა, ვინც პრაქტიკულად ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩება, იტყვის − არჩევნები გაყალბდა, მოგებული არჩევნები წამართვეს! 

მანამდე კი ქვეყანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევს. არახალია – ყველაფერი მოსულა, ძნელია გაარკვიო, რა შეიძლება და რა არა?!

სიტყვა გამიგრძელდა, თემას ავცდი და, შესაძლოა, მკითხველმა მიმითითოს, რომ შინაარსი სათაურს არ პასუხობს. მართალიც იქნება. ერთი სიტყვით, ვიდრე პოლიტიკური ელიტა მისი უდიდებულესობა ამომრჩევლის ვერდიქტის მოლოდინშია, სავალუტო ბაზარზე რეკორდი დამყარდა. ის ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა. დროა შეცდომა გამოვასწოროთ...

27 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მილიონი დოლარი გაყიდა და წელს მის მიერ სავალუტო ბაზრისთვის მიწოდებული თანხის ჯამურმა მოცულობამ უკვე 609.65 მილიონი დოლარი შეადგინა. კი, მაგრამ რეკორდი სად არის? − ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე გაყიდული თანხის მოცულობის ათწლიანი რეკორდი ჯერ კიდევ 22 ოქტომბერს მოხსნა, როცა სავალუტო ბაზარს მორიგი 40 მილიონი დოლარი მიაწოდა. უკვე მაშინ სავალუტო აუქციონებზე კობა გვენეტაძის უწყების მიერ გაყიდული თანხის ჯამურმა მოცულობამ 569.65 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ამავე მაჩვენებელს 278.55 მილიონი დოლარით აღემატება. ასე რომ, სულ ხუთ დღეში კობა გვენეტაძის უწყებამ რეკორდი ორჯერ „გააუმჯობესა“... 

საგულისხმოა, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გამყარების მიზნით მიმდინარე წლის 13 მარტიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ინტერვენცია 19-ჯერ განახორციელა. ამისდა მიუხედავად განვლილ პერიოდში ეროვნული ვალუტა თითქმის 22 პუნქტით გაუფასურდა. თუ 14 მარტისთვის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2.99 ლარი ღირდა, 27 ოქტომბერს ერთი დოლარის ღირებულებამ 3.22 ლარი შეადგინა. დასკვნა მარტივია და თანაც ძალიან მძიმე. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზრისთვის რეკორდული მოცულობის დოლარის მიწოდების მიუხედავად, წელს ლარის გაუფასურების ტემპიც რეკორდულად მაღალია. არც ის არის რთული წარმოსადგენი, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები რომ არა, რა ნიშნულს დაიპყრობდა ლარი. რატომ ვერ ხერხდება ლარის წონასწორობის დაჭერა ეროვნული ბანკის ძალისხმევის მიუხედავად? ამ საკითხზე ბოლო პერიოდში უკვე ბევრი ვისაუბრე და ახლა თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ შეგახსენებთ, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებია.

რაც შეეხება 2010 წლის, ანუ ძველი რეკორდის მაჩვენებელს, ათი წლის წინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარის მიწოდების მიზნით ინტერვენცია 33-ჯერ განახორციელა და ჯამში 331.2 მილიონი დოლარი გაიყიდა. მიმდინარე წელთან შედარებით, 2010 წელს ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე მცირე რაოდენობის დოლარი გამოჰქონდა. მინიმალური თანხის მოცულობა 2 მილიონი, ხოლო მაქსიმალური – 20 მილიონი დოლარი იყო. კობა გვენეტაძის უწყების მიერ 2020 წლის ბოლო რვა თვის განმავლობაში სავალუტო ბაზრისთვის მიწოდებული დოლარის მინიმალური მოცულობა 20 მილიონი, მაქსიმალური კი 40 მილიონი დოლარია.

მიმდინარე წლის ბოლომდე ორი თვე რჩება და დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარს კიდევ ათეულობით დოლარს მიაწვდის, თუმცა ანალიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კობა გვენეტაძის უწყება ეროვნულ ვალუტას აღარ შეეხიდოს და მას თუნდაც კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად ფართო გასაქანი მისცეს. დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი კობა გვენეტაძის უწყება საბანკო სექტორის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება ვნახოთ, როგორია კომერციული ბანკების ძირითადი პარამეტრები.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე ოქტომბრის დასაწყისის მდგომარეობით, ქვეყნის საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.37 მილიარდი ლარით, ანუ 6.61 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.26 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის ოქტომბერში 54.34 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.46 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია.

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯამურად 252 მილიონი ლარი იზარალეს. დაზარალებულ ბანკებს შორის „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს. მისი ზარალი, პირველი ცხრა თვის მონაცემებით, 77.9 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საბანკო სექტორის ზარალის 30.8 პროცენტია. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე კვარტალთან შედარებით, როდესაც 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზე იყო, მესამე კვარტალი ოთხმა ბანკმა მოგებით დაასრულა. მომგებიანი კომერციული ბანკების რეიტინგს სათავეში უდგას „კრედო ბანკი“, რომლის მოგება 5.1 მილიონი ლარია. მომდევნო პოზიციები ასე განაწილდა: „ზირაათ ბანკი საქართველო“ − 0.5 მილიონი ლარი; „იშ ბანკი საქართველო − 0.3 მილიონი ლარი და ბოლოს „სილქ როუდ ბანკი“ − 0.2 მილიონი ლარი.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ ოქტომბრისათვის 32.84 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.91 მილიარდი ლარით, ანუ 6.19 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96 პროცენტით მეტია სექტემბრის დასაწყისის ამავე მაჩვენებელზე.

ოქტომბერს კომერციული ბანკები გაზრდილი ვადიანი დეპოზიტებით შეხვდნენ. კერძოდ, ზრდამ 821.96 მილიონი ლარი, ანუ 5.66 პროცენტი, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.42 პროცენტი შეადგინა. მოთხოვნამდე დეპოზიტები სექტემბერში 1.09 მილიარდი ლარით, ანუ 6.66 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.45 პროცენტით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 38.41 პროცენტია. რაკიღა დეპოზიტებზე დავიწყეთ საუბარი, ორიოდე სიტყვა საპროცენტო განაკვეთებზეც ვთქვათ.

მიმდინარე წლის სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ყველა სახის კრედიტი გაძვირდა. კერძოდ, შინამეურნეობებისთვის გაიზარდა იპოთეკური, ავტოსესხისა და უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების საპროცენტო განაკვეთი. ამავე პერიოდში ზრდა არ შეხებია სალომბარდე სესხს, თუმცა მასზე დაწესებული პროცენტი მაინც მაღალია. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10.96 პროცენტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საპროცენტო განაკვეთი 9.27 პროცენტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 20.01 პროცენტიდან 24.28 პროცენტამდე გაიზარდა ავტოსესხებზე. სხვაობამ მთელი 3.27 პროცენტი შეადგინა. მოქალაქეებს ასევე გაუძვირდათ სამომხმარებლო სესხიც. კერძოდ, თუ 2019 წლის სექტემბერში სამომხმარებლო კრედიტის პროცენტი 19.13 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 20.97 პროცენტია. ამავე პერიოდში 11,71 პროცენტიდან 13,97 პროცენტამდე გაძვირდა უზრუნველყოფილი სამომსმარებლო სესხიც. საანგარიშო პერიოდში საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილა მხოლოდ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხსა და სალომბარდე სესხზე. კერძოდ, გასული წლის სექტემბერში არაუზრუნველოყოფილ სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 21.38 პროცენტს შეადგენდა, 2020 წლის სექტემბრის ბოლოს 23.06 პროცენტი იყო. რაც შეეხება სალომბარდე სესხის პროცენტს, თუ შარშან სექტემბერში ის 20.99 პროცენტი იყო, 2020 წლის სექტემბერში 20.09 პროცენტს შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ ზოგადად კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიუხედავად კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.89 მილიარდი ლარით, ანუ 5.49 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.73 პროცენტით გაიზარდა. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელმა 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში 36.38 მილიარდი ლარი შეადგინა. რა გახდა საკრედიტო პორტფელის ზრდის მიზეზი, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ბოლო შვიდი-რვა თვის განმავლობაში ათასობით ადამიანმა შემოსავლები დაკარგა და ამდენივეს შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდა? ექსპერტების შეფასებით, სესხების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო სამთავრობო პროგრამამ, რომელიც იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტის სუბსიდირებას გულისხმობს.

დღეისათვის სულ ეს არის, რამდენიმე დღით გემშვიდობებით. თქვენს ყურადღებას უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიპყრობ, რა თქმა უნდა, არჩევნებს თუ გადავურჩი...

 

519
დიდი ბორბალო

29 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 10:35 28.10.2020)
გაეცანით 29 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

29 ოქტომბერს დაბადებულები

29 ოქტომბერს ძალზე მიმზიდველი ადამიანები იბადებიან. შეუძლებელია, მათ ხიბლსა და ქარიზმას გაუძლო - შეწინააღმდეგებას აზრი არა აქვს, თითოეული ახალი ნაცნობი მოჯადოებული და მოხიბლული რჩება.

ეს თავისთავად ხდება, მაგრამ ამ დღეს დაბადებულებისთვის ეს ძალიან დიდი სარგებლის მომტანია. ქარიზმას სხვაგვარად რბილი იარაღსაც უწოდებენ. 29 ოქტომბერს დაბადებულებს თავისუფლად შეუძლიათ შესანიშნავი მანიპულატორები გახდნენ თან ისე, რომ მათი თანამოსაუბრე ვერც კი იგრძნობს ამ ადამიანების გავლენას.

დიდი შესაძლებლობები ამ ადამიანებში თავდაჯერებულობას ბადებს, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პლანეტაზე მძლეთამძლე არავინაა; ზედმეტია ექსპერიმენტების ჩატარება ახლობლებზე, ნაცნობებზე და მათი გამოყენება საკუთარი თავისთვის სარგებლის მიზნით.

29 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ძალაუფლებისმოყვარე, წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანები არიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, აღიარება. მათი მომხიბვლელობა მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტესთანაა შერწყმული. გარეგნულად ეს ადამიანები ნაზი და რბილი ჩანან, მაგრამ, შესაძლოა, ძალზე სასტიკი და მკაცრი იყვნენ. ისინი არ პატიობენ ღალატს. მოტყუებული მორიელი ძალზე საშიში მტერია.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

ამასთან, ეს ადამიანები მზად არიან თანამშრომლობისთვის, კარგად მუშაობენ გუნდთან, ამასთან, შესაძლოა, ლიდერობის პრეტენზია არც ჰქონდეთ, აკმაყოფილებთ ავტორიტეტული პროფესიონალის სახელი.

პროფესიული საქმიანობის მხრივ, 29 ოქტომბერს დაბადებულები ნოვატორები არიან. აქვთ ორიგინალური იდეები და სტრატეგიები, ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებამდე აქვთ გათვლილი.

აინტერესებთ მხოლოდ რეალური საქმეები. საქმიანობის სფეროდ, უმეტესად, საზოგადოებრივ საქმიანობას ირჩევენ. პოლიტიკოსებს შორის ბევრი მორიელია.

ჯანმრთელობა

29 ოქტომბერს დაბადებულები იშვიათად ავადდებიან სერიოზულად, მაგრამ ორგანიზმის თითოეულ მინიშნებას ყურადღებას აქცევენ. მათ არ უნდა მიმართონ მკურნალობის საეჭვო მეთოდებს, ამაზე დაეხარჯებათ უამრავი დრო და თანხა, ორგანიზმს კი შეიძლება ავნონ.

რჩევა:

თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია, სტრესს თავი აარიდო; მნიშვნელოვანია შედეგების აღკვეთის სწავლა. უნდა შეიმუშაოთ მოდუნების, დასვენების თქვენეული მეთოდიკა, რათა სამუშაოზე არ „გადაიწვათ“.

0