ქართული ოცნების წარმომადგენლები

მე ამირჩიე! როგორ რეკლამას მიმართავენ პარტიები, ანუ კრეატივი ქართულად

46
(განახლებულია 19:01 09.10.2020)
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ქართული პარტიები მილიონობით ლარს ხარჯავენ რეკლამაზე, რათა ამომრჩევლების ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვონ.

საპარლამენტო არჩევნებამდე 21 დღე რჩება. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბებში თავდაუზოგავად შრომობენ შინაარსიანი ლოზუნგებისა და თვალსაჩინო სურათების მოსაფიქრებლად, რომლებიც ამომრჩეველს ადვილად დაამახსოვრდება და კანდიდატს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს.

ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო, გაზეთები, რეკლამა ქუჩებში... ადრესატმა რომ აღიქვას, პოლიტიკური რეკლამა დასამახსოვრებელი უნდა იყოს. რა ვითარებაა კრეატივთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოში, ამის შესახებ „Sputnik-საქართველო“ გესაუბრებათ.

ფული არ არის? სამაგიეროდ კრეატივია

„ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და უფასო პოლიტიკური ბილბორდები“ – ეს ქართული წინასაარჩევნო რბოლის ყველაზე დიდი „გირჩის“ სარეკლამო რგოლია. ავტორი ამომრჩეველს იმთავითვე უხსნის, რომ მას ძვირადღირებული ბილბორდებისთვის თანხა, მმართველი პარტიის კანდიდატებისგან განსხვავებით, არ აქვს (ამიტომ კადრში სრულიად გამიზნულად გაიელვებს ხოლმე მმართველი პარტიის დეპუტატი გია ვოლსკი). „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეკონომიის მიზნით თავად დადის თბილისის ქუჩებში სპეციალური კონსტრუქციით და მოქალაქეებს „ცოცხალ ბილბორდს“ აჩვენებს. ნახეთ როგორ გამოიყურება პარტიის „ბილბორდი“:

ყველამ იცის, როგორ უყვართ საქართველოში ფეხბურთი. ეს საიდუმლოს არც ზურაბ ჯაფარიძისა და მისი გუნდისთვის წარმოადგენს. ამიტომ „გირჩმა“ ისარგებლა ბელარუსის გუნდთან საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შეხვედრით და თავისი პარტიის ფერის მაისურში გამოწყობილმა, რომელსაც ნომერი 36 აწერია, გულშემატკივრები ტელევიზორის ეკრანებთან მიიპატიჟა. პუბლიკაცია ბევრმა გაიზიარა, რაც ამ პიარ–სვლის წარმატებაზე მეტყველებს. 

წინასაარჩევნო კამპანიას შემოქმედებითად მიუდგა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“. მათ გამოიყენეს პროგრამა „კარდაკარ“, რომელსაც მეტად საფუძვლიანად ასრულებენ.

სენაკი-ფოთი-ხობის მაჟორიტარულ ოლქში მათი კანდიდატის – გიგა ბოკერიას წინასაარჩევნო შტაბს სათავეში უდგას მისი მეუღლე, ჟურნალისტი, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. 

იგი თავის Facebook-გვერდზე დღეში რამდენჯერმე აქვეყნებს დეტალურ ფოტო- და ვიდეოანგარიშებს გაწეული სამუშაოს შესახებ.

ამ პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან სტუმრად დადიან. გიგა ბოკერია კი ხშირად სრულიად განსხვავებულ გარემოში ჩანს – ღვინის ჭიქით ხელში ან არყის გამოხდის პროცესში. 

წინასაარჩევნო კამპანია ბოკერიამ ფეხბურთისა და ჭადრაკის ტურნირებით, პრეზენტაციებით, ახალგაზრდობისთვის მოწყობილი საღამოებით, ტერიტორიის დასუფთავების ეკოლოგიური პროექტებით შეავსო, რითიც პროვინცია გამოაცოცხლა.

სენაკისა და ფოთის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ ქალაქებში ისეთი მხიარულება და გართობაა, რაც ბოლო 30 წელია არ ყოფილა. 

რაც შეეხება მთლიანობაში „ევროპელებს“, პარტიის მთელი სარეკლამო კამპანია აგებულია თეზისზე – საჭიროა ბიძინა ივანიშვილის მმართველობისგან გათავისუფლება და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების არდაშვება. 

„შენი“ ადამიანი

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამომრჩეველთან უშუალო, შინაურული ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. სარეკლამო რგოლებში ის ხან ბაზარში სეირნობს, ხან ქალაქის ქუჩებში, ესაუბრება მოქალაქეებს პრობლემებზე და აუცილებლად ახსენებს, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მისი საქმიანობისას აშენდა და გაიხსნა იუსტიციის სახლი. 

მკაფიოდ და მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი იდეა „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“. „მომავალი თქვენ გეკუთვნით“ – ამბობენ ლეიბორისტები და ასე ამბობენ, რომ თავიანთ რიგებში მეტი ახალგაზრდის მიზიდვა სურთ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოველი ქალაქისთვის, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავს წარდგენილი, ცალკე სლოგანი აარჩია. მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის ლოზუნგია: „ქუთაისი – ხელოვნებისა და კულტურის ქალაქი“.

მმართველი პარტია კი გამოირჩევა ბილბორდების, სარეკლამო რგოლებისა და ლოზუნგების სიმრავლით და ნაკლები ორიგინალობით. ლოზუნგი – „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“ – „ქართული ოცნების“ წარმატებული პროექტების სიმბოლოა.

ლურჯ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ბილბორდებიდან ამომრჩევლებს პოტენციური დეპუტატები უღიმიან. 

Предвыборная символика. Баннер правящей партии Грузинская мечта - Созар Субари
© Sputnik / Alexander Imedashvili
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერი – სოზარ სუბარი

აი, ასეთი კრეატიულობით უდგებიან წინასაარჩევნო კამპანიას პოლიტიკური სუბიექტები. და მაინც, თქვენ რომელი პარტიის რეკლამა მოგწონთ?

46
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (245)
ფოთის პორტი

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს

21
(განახლებულია 10:32 20.10.2020)
საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 14,9%-ით შემცირდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდში 2,4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 12,1%–ით ნაკლები გასული წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა 5,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–სექტემბერში 3,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,8%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (14,1%), სპირტიანი სასმელების (10,8%) და ოქროს (29,5%) ექსპორტი გაიზარდა. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 37,7%-ით, ფეროშენადნობების – 24,9%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 5,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 49,5%-ით, აზოტოვანი სასუქების – 21%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 16,9%-ით.

რა შემოაქვთ საქართველოში

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის (8,2%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (0,8%) და შინაური ფრინველის ხორცისა და შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტების (0,5%) იმპორტი გაიზარდა.

ამავე დროს, აღნიშნულ პერიოდში  მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაეცა 31,5%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 32,5%-ით, სამკურნალო საშუალებების – 12%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,3%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 1,1 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 13,5%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა დაახლოებით 27,8 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 940,5 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა 53,1 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 383 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 17,1 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 14,9%-ით და შეადგინა 8,1 მლრდ დოლარზე მეტი.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 9,4%-ით და შეადგინა 934,6 მლრდ დოლარზე მეტი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,5%. 

 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 79,5 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 28,2 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, 53,1 ათას ტონაზე მეტი  მინერალური და მტკნარი წყალი, 4,6 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 255,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 368,7 ათასი ტონა ხორბალი, 89 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, 26,5 ათას ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 864,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,7%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა დაახლოებით 203,1 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 10,2 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, 2,5 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 27,3 ათასი  ტონა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, 5,8 ათას ტონაზე მეტი საბურავები, 404,5 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმლის თარგები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 640 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – 465,5 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 417,4 მილიონი დოლარი, აშშ – დაახლოებით 460,5 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 312,6  მილიონი დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 311,9 მილიონი დოლარი, იტალია – დაახლოებით 152,7 მილიონი დოლარი.

რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით „საქატატის“ მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ეტაპობრივად უბრუნდება დადებით განვითარებას. 

 „საქსტატის“ მონამცემებით, სექტემბერში ექსპორტმა 332 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე დროს, დეფიციტი 98,5 მლნ დოლარით გაუმჯობესდა.

 „ძალზე სასიხარულოა, რომ სექტემბერში ექსპორტი 8,6%–ით გაიზარდა. ამავე დროს შემცირდა იმპორტი, რაც ნიშნავს  რომ საგარეო ვაჭრობის სალდოს გაუმჯობესებას“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი აქვს სასოფლო–სამეურნეო და ტექსტილის პროდუქციას.

21
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
წინასაარჩევნო კამპანია

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? მასშტაბური კვლევის შედეგები

101
(განახლებულია 21:38 19.10.2020)
მასშტაბური კვლევა, რომელმაც 9 ათასი ადამიანი მოიცვა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩატარდა.

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები.

ელისაშვილი არჩევნების ორ დღეში ჩატარების ინიციატივით გამოდის >>

გამოკითხვაში, რომელიც 12-დან 29 სექტემბრამდე ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 9 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა. კვლევის ცდომილება, კომპანია Survation-ის მტკიცებით, მინიმალურია და 1,3%-ს არ აღემატება.

როგორც წესი, მსგავს გამოკითხვებში საქართველოში დაახლოებით 2 ათასი რესპონდენტი მონაწილეობს ხოლმე.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებლად უსწრებს სხვა პარტიებს და მას ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი – 55,6% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე რეიტინგში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ 19,8%-ით. მესამეზე კი - ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ 5,2%-ით.

ხმები პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 55,6%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19,8%
  • „ევროპული საქართველო“ - 5,2%
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5,1%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,8%
  • „ლელო“ - 3,1%
  • ლეიბორისტული პარტია - 2,7%
  • „გირჩი“ - 2,1%
  • „ერთიანი საქართველო“ - 1,1%
  • „თავისუფალი დემოკრატები“ - 0,2%
  • სხვა პარტიები - 1,3%

ეს კომპანია მმართველ პარტიას ყველაზე მაღალ რიცხვებს უწერს ხოლმე. სხვა გამოკითხვების მიხედვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35-45%-ის ფარგლებში მერყეობს. თავად „ოცნება“ ირწმუნება, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 60%-ს მიიღებს.

მეტი დამაჯერებლობისთვის რესპონდენტებს დაუსვეს დასაზუსტებელი კითხვა: „რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს, თუ საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდება“. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სრულიად დარწმუნებულია – 68%
  • მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია – 24%
  • მხოლოდ უმნიშვნელოდაა დარწმუნებული – 4%
  • ბოლომდე არ არის დარწმუნებული – 4%

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რესპონდენტების 72% გეგმავს. კიდევ 13% „ალბათ“ წავა არჩევნებზე, 11% კი ირჩევს "50/50" ვარიანტს. არ მიდის არჩევნებზე 4%.

რეაქციები

გამოკითხვის შედეგები ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საპარლამენტო არჩევნები რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს.

„Survation-ის კვლევებს აქვს კატასტროფული პრობლემა მეთოდოლოგიაში. „ქართული ოცნება" 35-37%-ზე მეტს ვერ აიღებს, ამის გარანტიას ვაძლევ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია აქტივობა. არავინ არ უნდა მოვეშვათ, ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი უნდა მოვიდეს. ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა და ამ უმძიმესი ვითარების შეცვლა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებას და პროფესიონალთა ახალი გუნდის მოსვლას ხელისუფლებაში“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში გამოკითხვის შედეგებს ენდობიან.

„ეს კვლევები „ქართული ოცნების" შემთხვევაში არის რეალობასთან ახლოს. საზოგადოებასთან ჩვენ ურთიერთობა გვქონდა საკმაოდ მჭიდრო. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერი და ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია სარგებლობდეს ასეთი მაღალი რეიტინგით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ეგზიტპოლები

ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია Survation თანამშრომლობს წამყვან მედიაბრენდებთან, როგორებიცაა BBC და Guardian. საპარლამენტო არჩევნების დღეს Survation და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნებენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

 

101
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (245)
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა

0
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მეტი – 425 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში თბილისში დაფიქსირდა. სულ ბოლო 24 საათში 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია.

რესტორნები მცხეთაშიც 22:00 საათიდან დაიკეტება>>

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

არსებული სტატისტიკით, 372 ინფიცირებულია იმერეთში, აჭარაში - 193. გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში - სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ცხრა, სამცხე-ჯავახეთში ასევე ცხრა შემთხვევა.

„აქედან მძიმე 341 პაციენტია, მათ შორის 172 - თბილისში, აჭარაში - 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით, გვყავს 75 პირი. მათ შორის თბილისში 49, ხოლო აჭარაში -10. 1672 პირი განაწილებულია კოვიდსასტუმროებში, საიდანაც 1079 არის აჭარაში, ხოლო 449 -თბილისში. 5670 ადამიანი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, ამჟამად საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4726 პირი, აქედან თბილისში განაწილებულია 1005, აჭარის რეგიონში -2337, თვითიზოლაციაშია 21962 პირი, მათ შორის თბილისში 3 798, აჭარაში – 8 821, იმერეთში – 3 369.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში