საპატრულო პოლიცია

დანაშაულის რიცხვმა საქართველოში იკლო: კრიმინალური სტატისტიკა

62
(განახლებულია 09:48 04.10.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ხდება

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაახლოებით 39,1 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11,44%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მხოლოდ მესამედი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან არ გადიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დანაშაულის ყველაზე მცირე რაოდენობა აპრილზე მოდის, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

თვე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა
იანვარი 5 334
თებერვალი 5 692
მარტი 5 366
აპრილი 3 493
მაისი 4 224
ივნისი 5 258
ივლისი 5 691
აგვისტო 6 031
დანაშაული საქართველოში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული ქურდობაა – რვა თვეში ასეთი 11,9 ათასი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 21,85%.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსრდა 3,6 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 63,87%.

კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში საქართველოში დანაშაული შემცირდა>>

მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 2,6 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 74,49%.

ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულის პირველი ხუთეული

დანაშაულის სახეობა დანაშაულის რაოდენობა
ქურდობა 11 933
ოჯახური ძალადობა 3 642
ნარკოდანაშაული 2 575
სატრანსპორტო დანაშაული 2 147
მუქარა 2 028

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 60 მკვლელობა, აქედან 23 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 255 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 78 – გაუპატიურება, ექვსი – ადამიანებით ვაჭრობა, 17 – მექრთამეობა და ორი – ტერირიზმის შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩთვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 11 483 ადამიანი. აქედან 1 441 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 4 054 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

საშიში სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოს გზებზე ავარიების შედეგად>>

წინასწრი პატიმრობით დასრულდა საქმე 4 625 ბრალდებულისთვის, დანარჩენები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

62
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1157)
ფოთის პორტი

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს

47
(განახლებულია 16:18 20.10.2020)
საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 14,9%-ით შემცირდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდში ექსპორტზე 2,4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 12,1%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა 5,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–სექტემბერში 3,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,8%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (14,1%), სპირტიანი სასმელების (10,8%) და ოქროს (29,5%) ექსპორტი გაიზარდა. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 37,7%-ით, ფეროშენადნობების – 24,9%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 5,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 49,5%-ით, აზოტოვანი სასუქების – 21%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 16,9%-ით.

რა შემოაქვთ საქართველოში

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის (8,2%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (0,8%) და შინაური ფრინველის ხორცისა და შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტების (0,5%) იმპორტი გაიზარდა.

ამავე დროს, აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაეცა 31,5%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 32,5%-ით, სამკურნალო საშუალებების – 12%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,3%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 1,1 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 13,5%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა დაახლოებით 27,8 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 940,5 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა 53,1 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 383 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 17,1 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 9,4%-ით და შეადგინა 934,6 მლნ დოლარზე მეტი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,5%. 

 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 79,5 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 28,2 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, 53,1 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 4,6 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 255,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 368,7 ათასი ტონა ხორბალი, 89 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, 26,5 ათას ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 864,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,7%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა დაახლოებით 203,1 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 10,2 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, 2,5 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 27,3 ათასი ტონა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, 5,8 ათას ტონაზე მეტი საბურავები, 404,5 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმლის თარგები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 640 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – 465,5 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 417,4 მილიონი დოლარი, აშშ – დაახლოებით 460,5 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 312,6 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 311,9 მილიონი დოლარი, იტალია – დაახლოებით 152,7 მილიონი დოლარი.

რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით „საქატატის“ მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ეტაპობრივად უბრუნდება დადებით განვითარებას. 

„საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში ექსპორტმა 332 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე დროს, დეფიციტი 98,5 მლნ დოლარით გაუმჯობესდა.

„ძალზე სასიხარულოა, რომ სექტემბერში ექსპორტი 8,6%-ით გაიზარდა. ამავე დროს შემცირდა იმპორტი, რაც ნიშნავს  საგარეო ვაჭრობის სალდოს გაუმჯობესებას“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი აქვს სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო პროდუქციას.

47
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
წინასაარჩევნო კამპანია

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? მასშტაბური კვლევის შედეგები

117
(განახლებულია 21:38 19.10.2020)
მასშტაბური კვლევა, რომელმაც 9 ათასი ადამიანი მოიცვა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩატარდა.

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები.

ელისაშვილი არჩევნების ორ დღეში ჩატარების ინიციატივით გამოდის >>

გამოკითხვაში, რომელიც 12-დან 29 სექტემბრამდე ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 9 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა. კვლევის ცდომილება, კომპანია Survation-ის მტკიცებით, მინიმალურია და 1,3%-ს არ აღემატება.

როგორც წესი, მსგავს გამოკითხვებში საქართველოში დაახლოებით 2 ათასი რესპონდენტი მონაწილეობს ხოლმე.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებლად უსწრებს სხვა პარტიებს და მას ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი – 55,6% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე რეიტინგში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ 19,8%-ით. მესამეზე კი - ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ 5,2%-ით.

ხმები პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 55,6%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19,8%
  • „ევროპული საქართველო“ - 5,2%
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5,1%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,8%
  • „ლელო“ - 3,1%
  • ლეიბორისტული პარტია - 2,7%
  • „გირჩი“ - 2,1%
  • „ერთიანი საქართველო“ - 1,1%
  • „თავისუფალი დემოკრატები“ - 0,2%
  • სხვა პარტიები - 1,3%

ეს კომპანია მმართველ პარტიას ყველაზე მაღალ რიცხვებს უწერს ხოლმე. სხვა გამოკითხვების მიხედვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35-45%-ის ფარგლებში მერყეობს. თავად „ოცნება“ ირწმუნება, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 60%-ს მიიღებს.

მეტი დამაჯერებლობისთვის რესპონდენტებს დაუსვეს დასაზუსტებელი კითხვა: „რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს, თუ საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდება“. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სრულიად დარწმუნებულია – 68%
  • მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია – 24%
  • მხოლოდ უმნიშვნელოდაა დარწმუნებული – 4%
  • ბოლომდე არ არის დარწმუნებული – 4%

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რესპონდენტების 72% გეგმავს. კიდევ 13% „ალბათ“ წავა არჩევნებზე, 11% კი ირჩევს "50/50" ვარიანტს. არ მიდის არჩევნებზე 4%.

რეაქციები

გამოკითხვის შედეგები ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საპარლამენტო არჩევნები რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს.

„Survation-ის კვლევებს აქვს კატასტროფული პრობლემა მეთოდოლოგიაში. „ქართული ოცნება" 35-37%-ზე მეტს ვერ აიღებს, ამის გარანტიას ვაძლევ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია აქტივობა. არავინ არ უნდა მოვეშვათ, ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი უნდა მოვიდეს. ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა და ამ უმძიმესი ვითარების შეცვლა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებას და პროფესიონალთა ახალი გუნდის მოსვლას ხელისუფლებაში“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში გამოკითხვის შედეგებს ენდობიან.

„ეს კვლევები „ქართული ოცნების" შემთხვევაში არის რეალობასთან ახლოს. საზოგადოებასთან ჩვენ ურთიერთობა გვქონდა საკმაოდ მჭიდრო. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერი და ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია სარგებლობდეს ასეთი მაღალი რეიტინგით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ეგზიტპოლები

ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია Survation თანამშრომლობს წამყვან მედიაბრენდებთან, როგორებიცაა BBC და Guardian. საპარლამენტო არჩევნების დღეს Survation და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნებენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

 

117
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ქალი

2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

0
(განახლებულია 18:29 20.10.2020)
2021 წელს არ ღირს მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებსა და მეექვსე გრძნობაზე მინდობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წლის დასაწყისშივე მოქმედებების გეგმის შედგენა და მის მიხედვით მოქმედება.

2021 წელი მარტივი არ იქნება, მაგრამ ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებების შანსს ზრდის.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2021 წელი თეთრი ლითონის ხარის წელი იქნება, რომელიც თებერვლიდან დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მოვემზადოთ „რკინისებრი" წლისთვის და ყურადღება ჯანმრთელობაზე გავამახვილოთ.

ხარი მიზნების თანდათანობით მიღწევის სიმბოლოა და მიმართულია შედეგსა და შრომისმოყვარეობაზე. ასტროლოგები ამბობენ, რომ მიზნების მიღწევა 2021 წელს უნდა მოხდეს ემოციების გარეშე, მშვიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო შედეგი არ დადგება.

ქალი ვერძი

წლის დასაწყისში სახლი უნდა მოაწესრიგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ძველმანების გადაყრა და სისუფთავის დაცვა, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები შეიძლება უარყოფითად იყვნენ განწყობილი, წესრიგი და სისუფთავე კი ამ უარყოფითი განწყობის განეიტრალებას შეუწყობს ხელს. დიდი წარმატება ელოდება მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ან უკვე იპოვა და ახლა გულისა და ხელის შეთავაზებას ელოდება.

ქალი კურო

წლის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება თქვენთვის. შეძლებთ წარმატებების მიღწევას საქმეებში, იპოვით ახალ გატაცებას. გაზაფხულის ბოლოდან კი ერთგვარი უიღბლობის დრო დადგება, რომელსაც, პირველ რიგში, ოპტიმიზმით უნდა ებრძოლოთ. არ ღირს ნეგატიურად განწყობა. ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე და არ დახარჯოთ ბევრი ფული. ეს უარყოფითი პერიოდი მალე გაივლის, შემოდგომაზე ვითარება კვლავ უკეთესობისკენ შემობრუნდება. შვებულების აღების ან სამოგზაუროდ წასვლის დაგეგმვა სწორედ სექტემბერ–ოქტომბრისთვის აჯობებს.

ქალი ტყუპი

ტყუპებს დიდი წარმატებების პერიოდი გელოდებათ სასიყვარულო სფეროში და ზოგადად, ურთიერთობებში. 2021 წელი იღბლიანი ნაცნობობის დროა. ეს იქნება წელიწადი, როცა შეძლებთ გარკვეული ტოქსიკური აზროვნებისგან გათავისუფლებას, რომელიც ბედნიერებაში გიშლით ხელს. ესაა გათავისუფლებისა და პოზიტიური აზრების დრო. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება.

ქალი კირჩხიბი

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკაში კარდინალური ცვლილებების გამო წლის დასაწყისი, თებერვლამდე მაინც, რთული იქნება. ამ პერიოდში სჯობს, ყურადღება გადაიტანოთ საშინაო საქმეებზე, ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე. გაზაფხულის დაწყებიდან წლის ბოლომდე უკვე საჭიროა აქტიურობის რეჟიმზე გადართვა. სამუშაოზე და საქმიანობაში აუცილებელი იქნება მეტი ინიციატივის გამოჩენა.

ქალი ლომი

ლომებმა 2021 წელს სიმშვიდისკენ უნდა აიღოთ გეზი. თითოეული ნერვული დაძაბულობა, გადაღლა უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე, ჯანმრთელობასა და იღბალზე. თქვენ ზოდიაქოს ნიშნებში ერთ–ერთი ყველაზე „უკარება“ ქალების რიცხვში ხართ, თქვენი გულის მოგება ადვილი არ არის, მაგრამ 2021 წელს, სჯობს, ეს დამოკიდებულება ცოტა შეცვალოთ. მამაკაცებს სურთ თქვენთან ურთიერთობების აწყობა, მაგრამ დახურულ კარს თავით არავინ დაუწყებს მტვრევას. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, მთელი წელი სტაბილური და ხელსაყრელი იქნება.

ქალი ქალწული

ქალწულებს დიდი წარმატებები გელოდებათ საქმიანობაში, განსაკუთრებით, თუ თქვენი პროფესია გაყიდვებს უკავშირდება. შემოსავლების გაზრდისთვის მეტი სიმტკიცე და ძალა უნდა გამოიჩინოთ. სიყვარულში ვარსკვლავები არცთუ კეთილგანწყობილი იქნებიან. თუ რამე ძვირადღირებულის ყიდვა გსურთ, სჯობს, ეს წლის დასაწყისში, ასევე აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში გააკეთოთ.

ქალი სასწორი

სასწორებს ასტროლოგები გირჩევენ, მთელი ყურადღება სახლში ბედნიერების მოზიდვაზე გადაიტანოთ. სახლში გამეფებული ენერგეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ აქ უნდა დაისვენოთ, გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. დიდი წარმატება გელოდებათ მარტოხელებს – დიდია ალბათობა იმისა, რომ რომ საყვარელი ადამიანის ძებნა წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს ცივ თვეებში მოსალოდნელი არ არის – ელოდეთ სიყვარულს ზაფხულში.

ქალი მორიელი

მორიელებს ცხოვრებაში სასიამოვნო დაუგეგმავი ცვლილებები გელოდებათ. ვარსკვლავები ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებიან, ხოლო მის შესანარჩუნებლად დროისა და ძალების დახარჯვა მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროს ეხება. ექსპერტები დაჟინებით გირჩევენ, არ გააღვივოთ საყვარელ მამაკაცში დანაშაულისა და სირცხვილი გრძნობა, ასევე არ მოაწყოთ მისი ეჭვიანობის პროვოცირება.

ქალი მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, წელი ყველაზე მთავარი ფინანსური და საქმესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრით დაიწყოთ. აპრილიდან სასიყვარულო თავგადასავლების დრო დადგება. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ექსპერტები მათ ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ საყვარელ ადამიანს, ოჯახს. ყველაზე დიდი წარმატებები ელოდება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე მშვილდოსნებს.

ქალი თხის რქა

2021 წელი თქვენთვის იდეალური დროა სამუშაოს შეცვლის, შემოქმედებითი გარღვევების, ახალი იდეების წამოყენებისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, კარიერული წინსვლისთვის მოქმედება. თქვენ ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნების ჩამონათვალში ხართ, რაც ნიშნავს, რომ ადვილად შეგიძლიათ გადალახოთ დაბრკოლებები გზაზე. 2021 ის წელია, როცა უკან არ უნდა დაიხიოთ და ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. თქვენი დევიზი ამ წელს არის „მხოლოდ წინ!“

ქალი მერწყული

ქალ მერწყულებს ძალიან გაგიმართლებთ სიყვარულში. ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ მიმართულებას, რადგან აქ გამართლება ხან იქნება და ხან – არა. გმართებს სიფრთხილეც – შესაძლებელია მოტყუება, თაღლითობა, რის გამოც დიდი თანხა შეიძლება დაკარგოთ. ძვირადღირებული ნივთების შეძენას ასტროლოგები ზაფხულსა და ზამთრის დასაწყისში გირჩევენ.

ქალი თევზები

თევზებმა ენერგეტიკის მხრივ უნდა იფრთხილოთ, თორემ ძალა და ენერგია არაფრისთვის გეყოფათ. გაზაფხულზე სასიამოვნო სიურპრიზები, იღბლიანობა და პოზიტივი გელოდებათ. ზაფხულში ჯანსაღად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და არ გარისკოთ. შემოდგომასა და ზამთარში კი, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ ცდუნებებს და დიდი დრო დაუთმოთ ეჭვებთან და ნეგატივთან ბრძოლას. 2021 წელს ასევე უნდა შეებრძოლოთ იმპულსურობას. არ ღირს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა.

0