საზენიტო კომპლექსი

მიმოხილვა: რუსული საზენიტო კომპლექსი - საუკეთესო იარაღი დრონებთან ბრძოლისთვის

205
(განახლებულია 14:18 02.10.2020)
შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს საუკეთესო სარაკეტო და სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსების დისკრედიტაციის ცალკეული მცდელობები რუსეთის დასავლელი კონკურენტების მხრიდან მკაცრ რეალობასთან შეხვედრას ვერ უძლებს.

საბრძოლო ვითარებაში რუსეთის იარაღი საგრძნობლად ჯაბნის დასავლური წარმოების უახლეს ნიმუშებს. მობილური კომპლექსი Панцирь – С - ამის ნათელი მაგალითია. 

აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკულმა სარდლობამ (AFRICOM) დაგვიანებით, თუმცა მაინც აღიარა, რომ რუსეთში დამზადებულმა საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსმა Панцирь-С1/Э-მ 2019 წლის ნოემბერში ლიბიაში ჩამოაგდო ამერიკული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9 Reaper და იტალიის არმიის მრავალსამიზნიანი უპილოტო MQ-1 Predator. AFRICOM-ის დაზვერვის მეთაურს, კონტრ-ადმირალ ჰაიდი ბერგს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 და 21 ნოემბერს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის რაიონში აშშ-ისა და ნატოს დრონები ჩამოაგდო Панцирь-მა, რომელსაც ლიბიის ნაციონალური არმია იყენებს. კომპლექსის 50 ერთეული არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა რუსეთში შეიძინა და წარმატებით იყენებდა საემიროებში, შემდეგ კი ლიბიაში გადაისროლა.

ცნობილია, რომ უპილოტოები - MQ-9 Reaper და MQ-1 Predator - იქმნებოდა, როგორც სახმელეთო სამიზნეებზე უნაკლო მონადირე, მაგრამ ის ვერ მოერია მაღალტექნოლოგიურ რუსულ Панцирь-ს ლიბიაში. ამასთან, მისი ფასისა და ეფექტის თანაფარდობის თვალსაზრისით Панцирь С1/Э (ნატოს კოდიფიკაციით - SA-22 Greyhound, საექსპორტო ფასი - 14 მლნ დოლარამდე) გაცილებით აღემატება ამერიკული წარმოების ძვირადღირებულ მძიმე უპილოტო აპარატებს (30 მლნ დოლარამდე).

ადრე MQ-9 Reaper ირანის, სირიისა და იემენის ტერიტორიებზეც ჩამოუგდიათ, მაგრამ ეს უპილოტო აპარატი მაინც აშშ-ისა და ნატოს ზოგიერთი ქვეყნის დამრტყმელი დრონების ფლაგმანად რჩება. პენტაგონი მხოლოდ უახლოეს მომავალში გეგმავს უპილოტოების სპეციალური ოჯახის შექმნას, რომელთა დანიშნულება რუსული Панцирь-С1 კომპლექსების განადგურება იქნება. ახალი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები შედარებით მცირე ზომის იქნება, 100 კგ-მდე მასით, 130 კმ/სთ სიჩქარით, 350 კმ სიშორით. ჯერ კი აშშ-ის არმია ამუშავებს Панцирь-ის განადგურების მეთოდებს არიზონაში, იუმას პოლიგონზე, იმით, რაც გააჩნია.

ოლიმპიური ნახტომი

წლების განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა რეგიონში Панцирь-ის კომპლექსებმა ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და სპეციალისტების საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურეს. სირიაში კომპლექსი „ჭკვიან რაკეტებთან“ და ძნელად შესამჩნევ უპილოტო აპარატებთან დაპირისპირების ყველაზე ეფექტური საშუალების რეპუტაციით სარგებლობს.

სირიის გამოცდილების გათვალისწინებით, მოდერნიზებული საექსპორტო საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსი Панцирь-С1М აღიჭურვა შესაძლებლობით, ეფექტურად აღმოაჩინოს და გაანადგუროს ყველა სახის უპილოტო აპარატი მაქსიმალურ მანძილზე. Панцирь-СМ-ის ახალი მოდიფიკაცია სამიზნეს 75 კმ-ის მანძილზე ხედავს, ახალი რაკეტების სამიზნე რადიუსი კი 40 კმ იქნება.

ვფიქრობ, სექტემბრის ბოლო დღეებში Панцирь მთიან ყარაბაღშიც გამოადგებოდათ, შეამცირებდა კონფლიქტის მხარეთა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგს. სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარები აქტიურად იყენებენ მზვერავ და დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომელთა დანახვა და განადგურება საკმაოდ რთულია.

თანამედროვე ტენდენციები ისეთია, რომ საჰაერო სამიზნეების გამანადგურებელი და სიჩქარის განვითარების შესაძლებლობები მუდმივად იზრდება, ზომა და ხილვადობა კი მცირდება. Панцирь -ის საცეცხლე მართვის სისტემა ინტეგრირებულია ფაზებად დაყოფილ ანტენასთან ცხაურით, აცილებს საჰაერო სამიზნეებს და საკუთარ რაკეტებს, არჩევს საფრენი აპარატების უმცირეს დეტალებსაც კი. სამ რადარს - ოპტიკურს, შორი მანძილის (50 კმ-მდე) და მიზნის თანხლებს - არ აქვს ბრმა ზონა.

საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსი Панцирь-С ერთადერთი თავდაცვითი სისტემაა მსოფლიოში, რომელიც გუმბათის ნაწილში ითავსებს მძლავრ საარტილერიო და მრავალრეჟიმიან სარაკეტო შეიარაღებას, მართვის ინტეგრირებულ რადიოლოკაციურ-ოპტიკურ სისტემას. კომპლექსი საიმედოდ იცავს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს არანაკლებ 20 კმ-ის რადიუსში ყველა თანამედროვე საფრენი და ზებგერითი რაკეტისგან, საავიაციო ბომბისა და უპილოტო აპარატისგან.

Панцирь-ი აღჭურვილია ოთხი ათეული ორსაფეხურიანი საზენიტო მართული რაკეტით და შეუძლია ერთბაშად რამდენიმე სამიზნის განადგურება, რომლებიც წამში 1000 მ სიჩქარით მოძრაობენ. ამასთან, ძვირიც არ არის (არარაციონალურია С-300 და С-400 საზენიტო კომპლექსების ძვირადღირებული რაკეტების დახარჯვა მოწინააღმდეგის იაფფასიან უპილოტოებზე). საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსის საბრძოლო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს 30 მმ-იანი კალიბრის ორი ექვსლულიანი ქვემეხი, წუთში 5000 გასროლის შესაძლებლობით.

კომპლექსი Панцирь რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სახმელეთო ჯარის შეიარაღებაშია, წარმატებით აქვს გავლილი გამოცდა პოლარულ წრეზე, აქვს უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი. რუსეთმა უკვე მიიღო 15 განაცხადი უცხოელი პარტნიორებისგან. მსოფლიოში Панцирь-ს პირდაპირი ანალოგი არ მოეპოვება, უახლოეს მომავალში არც არის მოსალოდნელი. ამერიკელებს ძალიან გაუჭირდებათ „ანტი-Панцирь“-ის უპილოტო აპარატების ოჯახის შექმნა.

კონცეპტუალური ორთაბრძოლა

საიმედო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა - ჯარისა და დამრტყმელი შეიარაღების საბრძოლო სიმტკიცის საფუძველია. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტიანობის მიმართ თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, Панцирь-С-მ უახლესი ჰიპერბგერითი რაკეტა მიიღო (სიჩქარე 5 მახამდე). 

„დასახლებული“ სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსის ბაზაზე რუსი სპეციალისტები ქმნიან საზენიტო რობოტ-ავტომატ Панцирь-ს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, ჩამოყალიბებულია ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები. მანქანა ხელოვნური ინტელექტით ავტომატურად აღმოაჩენს, ამოიცნობს და გაანადგურებს მიზანს - ოპერატორის მონაწილეობის გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზედაბალი და ზემაღალი ტემპერატურის პირობებში, მოწინააღმდეგის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის (ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული) გამოყენების შემთხვევაში. ამგვარად, რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში ახალ ტექნოლოგიურ გარღვევას განახორციელებს. და აუცილებლად გაუზიარებს მიღწევებს კეთილგანწყობილ მოკავშირეებსა და პარტნიორებს.

ამერიკული გამოცემა The National Interest-ი Панцирь-ს უწოდებს იდეალურ იარაღს უპილოტოების მასირებული შეტევების მოსაგერიებლად. და შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარის სახმელეთო ძალები ყოველთვის ელოდებიან საჰაერო თავდასხმას და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მრავალფეროვან არსენალს ფლობენ. აშშ-ის სახმელეთო ჯარები იმდენად მიეჩვივნენ სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობის იმედად ყოფნას, რომელთაც საჰაერო საფრთხის ნიველირების უნარი გააჩნიათ, რომ არ აქვთ Панцирь -ის მსგავსი, მოქმედების ახლო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტური კომპლექსი. ამასთან, საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსის საჰაერო სამიზნისკენ გასროლის ფასი - ასჯერ ნაკლებია შემტევი უპილოტოს ღირებულებაზე, Панцирь-ის დანაკარგი კი საბრძოლო ვითარებაში - მინიმალური, და გამოწვეულია მხოლოდ რთული ტექნიკის არასათანადო ექსპლუატაციით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს! 

205
ქალი პროდუქტებით ქუჩაში

რატომ ვაჭრობს საქართველო ნაკლებს და გაძვირდება თუ არა პური

82
(განახლებულია 14:38 29.10.2020)
ეკონომისტების შეფასებით, საგარეო ვაჭრობის შემცირების ძირითადი მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემია და ის ეკონომიკური პრობლემებია, რაც ამ ვირუსის გავრცელებამ შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მსოფლიოში.

ნატა პატარაია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 14,9%-ით შემცირდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. 9 თვეში ექსპორტზე 2,4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა, რაც 12,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო იმპორტმა 5,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

ქვეყანაში იმპორტის შემცირება მოთხოვნის კლებამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებით არის განპირობებული, აღნიშნა ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

„კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობა, გაიზარდა უმუშევრობა, თვითდასაქმებული მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმცირდა შემოსავალი, რასაც დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი. ყოველივე ამან ნეგატიურად იმოქმედა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე და, შესაბამისად, შეამცირა ბაზარზე მოთხოვნაც“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ნიკა შენგელია
ნიკა შენგელია

ეკონომიკის ექსპერტი ფიქრობს, რომ იმპორტის მოცულობის შემცირებამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება ბაზარზე გარკვეული პროდუქტების დეფიციტიც კი გამოიწვიოს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირით.

რაც შეეხება გაძვირებული დოლარით შეძენილი იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებას, ეკონომისტის აზრით, გარკვეულ ჯგუფებზე ფასების ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.

„თებერვლიდან ველოდებით ფასების მატებას პურზე, ხორცზე და რძის პროდუქტებზე, რადგან ხორბალზე, სიმინდზე და სოიოზე სასაქონლო ბირჟებზე ფასი რეკორდულად მატულობს“ – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

რაც შეეხება ექსპორტისგან მიღებულ ნაკლებ შემოსავალს, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 9 თვეში შემოსული ნაკლები დოლარი ლარის კურსზე მოცემულ შემთხვევაში ზეგავლენას ვერ მოახდენს.  

„მოკლევადიან პერიოდში ეროვნულ ვალუტაზე იმოქმედებს პოლიტიკური სტაბილურობის ფაქტორი, ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს – არჩევნების ჩატარების შემდეგ როგორი ვითარება იქნება საქართველოში“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფომ „კორონა ეკონომიკის“ პირობებში ეკონომიკის რეცესიიდან გამოსაყვანად უნდა შეიმუშაოს განვითარების სტრატეგია და მიჰყვეს მას. 

„მხოლოდ ტურისტული სექტორზე ფიქრი შედეგებს ვერ მოიტანს. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს უნდა მიექცეს ყურადღება. ვინაიდან ჯერჯერობით ქართული ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია არ არის წარმოდგენილი, მანამდე მცირე და საშუალო მეწარმეობის დასახმარებლად შემოშავებული პროექტები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა შენგელიამ.

ეკონომისტ რატი აბულაძის აზრით კი, საგარეო ვაჭრობა მთელ მსოფლიოში შემცირდა და შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში ეს ტენდენცია უფრო მასშტაბურიცაა, ვიდრე საქართველოში.

რატი აბულაძე
რატი აბულაძე

„სამწუხაროდ, საერთაშორისო ვაჭრობის ნეგატიურ მაჩვენებელს ქმნის შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა, დასუსტებული ბიზნესი, შემცირებული შემოსავლები, დაკლებული სარგებელი და გაზრდილი უმუშევრობა“, – აღნიშნა რატი აბულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, მეწარმეები, რომლებიც აწვდიდნენ პროდუქციას გლობალურ ბაზრებს, ეპიდემიის გამო შეეჯახნენ ბაზრებთან წვდომის პრობლემებს, მოთხოვნის სტრუქტურის ცვლილებას, მიწოდების ქსელში წარმოქმნილ შეფერხებებს,  სასაზღვრო და სავაჭრო შეზღუდვებს. დასაქმებულ პირთა ვირუსით ინფიცირების მასშტაბურობის გამო საფრთხის წინაშე დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და დაგეგმილ ვადებში მუშაობაც.

„უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული კონფლიქტების, პოლიტიკური კონფრონტაციების, პანდემიისა და ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე ბიზნესი, კონკურენცია და ბაზრის მოცვა სულ უფრო რთული გახდა“, – აღნიშნა რატი აბულაძემ.

მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში საქართველო პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებს. საქართველოს საგარეო სავაჭრო აქტივობის აღდგენა კი დამოკიდებულია ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალ სავაჭრო სქემებზე, აქტიურ ბიზნეს-პოლიტიკაზე და აგრესიული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, აშშ, გერმანია, ბულგარეთი, იტალია.

 

82
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი

მიმოხილვა: აშშ ნაღმმზიდებს ჰიპერბგერითი რაკეტებით აიარაღებს

43
(განახლებულია 20:42 28.10.2020)
ათობით გემი და წყალქვეშა ნავი, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადალახვა, სწრაფი გლობალური დარტყმის სტრატეგია — პენტაგონმა გადაწყვიტა ჰიპერბგერითი რაკეტებით გადააიარაღოს Arleigh Burke-ს კლასის ყველა ესკადრონული ნაღმმზიდი.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ამბიციური პროექტი 70-ზე მეტი „ვიმპელის“ ხელახალ აღჭურვას ითვალისწინებს. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის — რაკეტა ჯერ ჭკუაზე არ მოუყვანიათ, ხოლო ესკადრონულ ნაღმმზიდებს ღრმა მოდერნიზაცია ესაჭიროება.

სწრაფად არ გამოვა

პენტაგონის გეგმებით, ჰიპერბგერით იარაღზე პირველებს ახალ ატომურ სუბმარინა „ვირგინიებსა“ და ნაღმმზიდ „ზამვოლტებს“, მერე კი „არლი ბიორკის“ კლასის ხომალდებს გადაიყვანენ, რომლებიც აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების ყველაზე მასობრივ შემტევ „ვიმპელებად“ მიიჩნევა.

სირთულე ისაა, რომ ამერიკული ჰიპერბგერითი რაკეტები, გაბარიტების გამო, უბრალოდ ვერ მოთავსდება ესკადრონული ნაღმმზიდების უჯრედებში. ხომალდებს სერიოზული მოდერნიზაცია ესაჭიროება. რა დაჯდება და რა დრო დასჭირდება ამას — ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ის სამედრო–საზღვაო ძალების ბევრი წყალზედა ხომალდი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, რასაც თავად პენტაგონიც აღიარებს. მაგალითად, 30-მდე „არლი ბიორკის“ სამსახურის ვადა დასასრულს უახლოვდება, ხოლო მოდერნიზაცია, რაზეც უკვე ასობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, არცთუ ძალიან აუმჯობესებს სიტუაციას.

აშკარაა, რომ მოძველებული ნაღმმზიდების ახალი გამშვები დანადგარებითა და ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვა მიზანშეწონილი არ არის. ექსპერტების აზრით, მიუხედავად პენტაგონის ხმამაღალი განცხადებებისა, ეს ხომალდები ისევ ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკების“ ანაბარა დარჩება.

„ამდენი ნაღმმზიდის სწრაფად გადაიარაღება არ გამოვა. პროგრამა დიდი ალბათობით ორი მიმართულებით წავა: მოდერნიზდება მხოლოდ ახალი „არლი ბიორკები“ და ახალ ხომალდებზე ჰიპერბგერითი რაკატების გამშვები დანადგარები დამონტაჟდება. ფასებს ამერიკელები არ შეუშინდებიან — დღეს ისინი მზად არიან დახარჯონ ნებისმიერი თანხები, ოღონდ მსოფლიო ბალანსი გაათანაბრონ და დომინანტი პოზიცია დაიბრუნონ“, — აცხადებს სამხედრო ექსპერტი ალექსეი ლეონკოვი.

ძვირად და გაბრაზებულად

თავის მხრივ, ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფლოტის გადაიარაღების პროგრამის წარმატებისთვის ან ახალი ნაღმმზიდები გახდება საჭირო, ან შედარებით მცირე ზომის რაკეტები.

„ფლოტისთვის საბაზისოდ უკვე აირჩიეს იგივე პროექტი, რომელიც სახმელეთო ჯარებისთვის იყო შერჩეული, ეს Advanced Hypersonic Weapon-ია, — აზუსტებს ლეონკოვი. — ორსაფეხურიანი და მყარსაწვავიანი. პირველი საფეხური ამჩქარებელია, მეორე — დამგეგმავი ბლოკი. საზღვაო ბაზირების რაკეტების დადგმას მარტო „არლი ბიორკის“ ნაღმმზიდებზე კი არ გეგმავენ, არამედ „ოჰაიოსა“ და „ვირგინიის“ კლასის წყალქვეშა ნავებზეც. ახლა მათ სწორედ ამისთვის უტარდება მოდერნიზაცია“.

რაც შეეხება ჰიპერბგერითი იარაღის პერსპექტიულ მატარებლებს, პენტაგონი ჯერ ისევ სწავლობს ახალი თაობის ხომალდის პროექტს. ნაღმმზიდი DDG Next, გეგმის მიხედვით, „არლი ბიორკზე“ ბევრად დიდი და ამასთან უფრო ტევადიც იქნება გამშვები დანადგარებისა და გაძლიერებული შეიარაღებისთვის.

შეგახსენებთ: ამერიკელებმა მანამდე უკვე სცადეს „ბიორკების“ ჩანაცვლება, მაგრამ წარუმატებლად — ტექნოლოგიურად დაწინაურებული ნაღმმზიდი Zumwalt ძალიან მოუქნელი გამოვიდა და არაერთი პრობლემა შეუქმნა სამხედრო მეზღვაურებს.

პირველი Zumwalt-ის წყალში ჩაშვებისას მწყობრიდან გამოვიდა მთავარი დანადგარი — ხომალდი პანამის არხში გაჩერდა და ის ბუქსირით გადაიყვანეს უახლოეს სამხედრო–საზღვაო ბაზაზე სარემონტოდ. ელექტროაღჭურვილობის კრიტიკული პრობლემები გამოუვლინდა კიდევ ერთ „ვიმპელს“.

ამასთან Zumwalt-ის ფასი ავიამზიდის ღირებულებას უტოლდება. თითოეული ესკადრონული ნაღმმზიდი აშშ-ის ბიუჯეტს 4,5 მლრდ დოლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ნაცვლად დაგეგმილი 32 ხომალდისა, პენტაგონი მხოლოდ სამით შემოიფარგლა.

ყველაფრიდან ჩანს, რომ Zumwalt-ების ჰიპერბგერული იარაღით აღჭურვა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ არ იციან სხვა რაში გამოიყენონ ისინი. რადგან საბრძოლო მოქმედებებისთვის ეს ხომალდები არ ვარგა, სარდლობა მათ ახალი რაკეტების გამოსაცდელ პლატფორმად განიხილავს.

დამწევის როლში

წყალქვეშა მატარებელი — ეს, პირველ რიგში, მრავალმიზნობრივი სუბმარინა „ვირგინიაა“. მათი გადაიარაღების იმედი 2028 წლისთვის აქვთ. ამ სუბმარინებს რთავენ ე.წ. სწრაფი გლობალური იერიშის პროგრამაში, რომელიც არაბირთვულ წერტილოვან დარტყმებს მოიაზრებს პლანეტის ნებისმიერ წერტილში ერთი საათის განმავლობაში. სახმელეთო ჯარები პირველ ჰიპერბგერით კომპლექსებს ოდნავ ადრე — 2023 წელს მიიღებენ. რუსეთში კი ეს ყველაფერი უკვე არის შეიარაღებაში.

მაგალითად, სტრატეგიული დანიშნულების კომპლექს „ავანგარდის“ შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე გახდა. მოიერიშე ნაწილი — კონტინენტთაშორისი რაკეტა УР-100Н და დამგეგმავი ნაწილი, რომელიც ზემაღალ ტემპერატურას უძლებს, ატმოსფეროს მკვრივ ფენებში საათში 25 ათას კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. კომპლექსის სერიული წარმოება ორი წლის წინ დაიწყო, ხოლო „ავანგარდით“ შეიარაღებული პირველი პოლკი საბრძოლო განრიგში 2019 წლის დეკემბერში დააყენეს. ამ წლის ბოლომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ორენბურგის ოლქში კიდევ ორი რაკეტისთვის მოამზადებს ინფრასტრუქტურას.

არც ფლოტი ჩამორჩება. ოქტომბრის დასაწყისში გენერალურმა შტაბმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონის“ წარმატებული გამოცდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც რვა მახზე მეტი სიჩქარე განავითარა (საათში 9,5 ათასი კმ) და 450 კილომეტრი დაფარა 4,5 წუთში. პერსპექტივაში რაკეტას ათასი კმ-ით დაშორებული სამიზნის განადგურება და 9 მახამდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.

როგორც მოსალოდნელია, კომპლექსს შეიარაღებაში 2021 წელს მიიღებენ. მისით აღიჭურვება მოქმედი და მშენებარე წყალზედა ხომალდები და ასევე სუბმარინები. კერძოდ, 2025-2026 წლების მიჯნაზე რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტი ორ ფრეგატს ააგებს პროექტ 22350-დან. „ცირკონით“ აღჭურვილი პირველი სუბმარინა მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ გახდება. მეზღვაურებს მას დეკემბერში გადასცემენ. ამ დროისათვის წყალქვეშა ნავი გამოცდებს გადის.

გარდა ამისა, რუსეთი ფლობს საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერით იარაღ Кинжал-ს („ხანჯალი“). რამდენიმე მატარებელი უკვე არის ბაზირებული სამხრეთ სამხედრო ოლქში, ხოლო 2024 წლამდე Кинжал-ებით კრასნოიარსკის მხარის პოლკი აღიჭურვება.

კომპლექსი სამიზნეს 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე ანადგურებს. ქობინი („ბოეგოლოვკა“) შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან სპეციალური — ბირთვული მუხტით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

43
თემები:
რუსეთი დღეს
სიტუაცია ნიცაში თავდასხმის შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

0
პრეზიდენტმა დაგმო სიძულვილით ჩადენილი თავდასხმა და განაცხადა, რომ ლოცულობს დაშავებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის“, – დაწერა ზურაბიშვილმა თავის Twitter-ში.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი