სატვირთო

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს

101
(განახლებულია 15:21 23.09.2020)
საქართველოდან ექსპორტი 14,7%-ით შემცირდა, იმპორტი კი 17,5%-ით. ვაჭრობის კუთხით დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ჩინეთთან დაფიქსირდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 16,7%-ით შემცირდა და 7 მილიარდზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

იმპორტმა 2020 წლის იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17,5%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (7,5%), სპირტიანი სასმელების (10,9%) და ოქროს (30,7%) ექსპორტი გაიზარდა. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 37,2%-ით, ფეროშენადნობების – 29,8%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 8,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 53,3%-ით, აზოტოვანი სასუქების – 10.2%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 21,1%-ით.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის (13,5%) და შინაური ფრინველის ხორცისა და შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტების (3,9%) იმპორტი გაიზარდა.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში დაეცა 32,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 16,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 31,4%-ით, სამკურნალო საშუალებების – 12,6%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,5%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-აგვისტოს პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 970,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 15,1%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 22,6 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 877,4 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 46,9 ათასი ტონა შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 353,2 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 14,9 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 9,3%-ით და შეადგინა 820,6 მილიონ დოლარზე მეტი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7%. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 68,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 24 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 47,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, ოთხი ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 239,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 314,6 ათასი ტონა ხორბალი, 82 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, დაახლოებით 24,5 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან 737,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,5%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა 164,4 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 22,2 ათას ტონაზე მეტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, დაახლოებით 4,5 ათასი ტონა საბურავები, 327 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმლის თარგები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 593,8 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – 383,6 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 358,6 მილიონი დოლარი, აშშ – 385,6 მილიონ დოლარზე მეტი, გერმანია – 268,4 მილიონ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 284,6 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 136,6 მილიონ დოლარზე მეტი.

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15,9%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 7,5%-ით, ხოლო იმპორტი – 19,3%-ით. 

ვარდნის ტემპის კლება ივნისში დაიწყო – საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 16%-ით, მათ შორის ექსპორტი – 13,1%-ით, ხოლო იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი იყო 33%, ექსპორტის – 30,6%, ხოლო იმპორტის – 34,3%.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები. 

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები?
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა. სიტუაციის შემდგომ გაურესებას კი, შესაძლოა, მორიგი მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში უკვე დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ვაჭრობა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა აღარ გაჩნდეს. ამ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ.

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეზღუდვებმა გამოიწვია, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული ფენების მასშტაბურმა დახმარებამ ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 8%-მდე ზრდა გამოიწვია.

101
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (780)
Вакцина британской компании AstraZeneca

მოსაზრება: ვაქცინა და მაიმუნები - ბრტანული ფეიკი რუსულ ფეიკზე

3
(განახლებულია 18:41 22.10.2020)
ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი რუსული საინფორმაციო დივერსია გაშიფრეს. თანაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეს მთავარი თემა იყო ალბიონზე 

ვლადიმირ კორნილოვი

არადა, წარმოიდგინეთ, რამდენი პრობლემაა ახლა დიდ ბრიტანეთში: საშინელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მთავრობის ახალი საკარანტინო ზომების წინააღმდეგ მთელი რეგიონები ჯანყდება, ევროკავშირთან Brexit–ის შესახებ მოლაპარაკებებში ჩიხშია, შოტლანდიის სახელმწიფოს შემადგენლობიდან გასვლის იდეის მხარდაჭერამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია – რასაც შეიძლება ქვეყნის დაშლა მოჰყვეს. და ამ პირობებში ბრიტანული გაზეთების პირველ გვერდებზე ქვეყნდება მთავარი ახალი ამბავი:შეშლილიRusskies აცხადებენ, რომ ვაქცინა შიმპანზებად გადაგვაქცევს“.

პრაქტიკულად ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა სასაცილო კოლაჟები, რომლებზეც ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის ფოტოები იეტებად იყო გადაკეთებული და ახლდა წარწერა: „მე მიყვარს ჩემი თოვლის კაცის ვაქცინა“. ეყრდნობოდნენ რა რაღაც წყაროს, ყველა ეს გაზეთი აცხადებდა, რომ მსგავსი ფოტოები რუსეთის სახელმწიფოს, ან რუსეთის ოფიციალური პირების განკარგულებით იწარმოებოდა და ვრცელდებოდა — როგორც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი მომავალი ბრიტანული კორონავირუსული ვაქცინისთვის ჩირქის მოსაცხებად და იმის გასაცხადებლად, რომ ის ადამიანებს მაიმუნებად აქცევს.

ამ ინფორმაციების პირველწყარო გაზეთი The Times–ი იყო, რომელმაც ვითომ საკუთარი გამოძიების სახითა გამოაქვეყნა რამდენიმე სენსაციური მასალა ამ თემაზე. თითქოს სურათები რედაქციას „დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართულმა“ მავანმა მიაწოდა, რომელიც შეშფოთებული იყო იმ ზარალით, რომლის მიყენებაც შეეძლო ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის“. სწორედ ამ „შეშფოთებულმა მავანმა“ განაცხადა, რომ რაღაცნაირად უკავშირდება  მხიარულ სურათებს.

მაგრამ რა შუაშია აქ რუსეთის სახელმწიფო? ამ კითხვას The Times–ი ინტრიგნულად სვამდა. მოწინავე სტატიაში ის აცხადებდა: გაუგებარია, იყო თუ არა ეს პროპაგანდისტული მცდელობა ავტორიზებული უშუალოდ კრემლის მიერ, მაგრამ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ზოგი რუსი ჩინოვნიკი ჩართული იყო მის ორგანიზებასა და გავრცელებაში“.

ძირიტად სტატიაში კი ეს მტკიცება უკვე ისე კატეგორიულად აღარ  ჟღერს: „ოქსფორდის კვლევის საწინააღმდეგო კამპანია შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის ოფიციალურ პირებს. <…> ამ პირების ჩართულობა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ კრემლმა უბრძანა ან იცოდა ამ პროპაგანდისტული მცდელობის შესახებ“.

მოკლედ, გაზეთის მრავალრიცხოვან მკითხველს მაინც არ განუმარტეს თითქმის ყველა გაზეთის სათაურში გამოტანილი მთავარი ინტრიგა. ამის ნაცვლად მათ გაზეთის საიტზე შესვლასა და ამ თემაზე 40 წუთიანი პოდკასტის მოსმენას სთავაზობდნენ, აქაოდა, იქ ყველაფერი დაწვრილებითაა ახსნილი და დამტკიცებულიო.

როგორც ჩანს, სხვა მედიასაშუალებები (ბრიტანულიცა და ამერიკულიც) არ ჩაურღმავდნენ და The Times–ის ნათქვამს ენდნენ, რომ პოდკასტში რუსეთის ოფიციალური პირების ინტერნეტ–მემების წარმოებასთან კავშირის ყველა მტკიცებულება არსებობდა, რომლებიც ბრიტანული ვაქცინის დისკრედიტაციას ახდენდა.

მაგრამ თუ The Times–ის პოდკასტს მოუსმენთ, აღმოაჩენთ: რომ ლამის მთელი ტრანსლაციის განმავლობაში ისმის დაპირება, ახლა კი დაგიმტკიცებთ რუსეთის მთავრობის ამ ამბავთან კავშირსო. და როცა საქმე ორგანიზატოერბამდე მიდის, იქ კირილ დმიტრიევის გვარი სახელდება — რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორისა.

გაზეთის ჟურნალისტები შტატიან „კრემლოლოგებთან“ ერთად განიხილავენ დმიტრიევის პიროვნებას, მის ფონდსა და ასევე იმას, იცოდა თუ არა თავად ვლადიმირ პუტინმა მათ მიერ ორგანიზებული კამპანიის შესახებ. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ The Times–ი, ბოლოს და  ბოლოს, კვალზე გავიდნენ. მაგრამ სემდეგ ისმის გასაოცარი ფრაზა: „კირილ დმიტრიევი არ მოიხსენიება ჩვენ ხელთ არსებულ მტკიცებულებებში და მინიშნებაც კი არ არის, რომ მას დეზინფომაციის კამპანიასთან კავშირი აქვსო. და მორჩა. აქ იკარგება იდუმალი „რუსი ჩინოვნიკების“  კვალი.

შემდეგ მოდის მორიგი „ინსაიდი“, რომ თითქოს ზოგ რუსულ სახელმწიფო არხზე ფეიკიც კი მზადდებოდა იმაზე, რომ ბრიტანული ვაქცინის გამოცდის დროს ორი პაციენტი დაიღუპა, მაგრამ მათ სიკვდილს საგულდაგულოდ მალავენო. და თითქოს ეს არის იმის დასტური, რო ვაქცინა მარტო მაიმუნებზე მუშაობს და არა ადამიანებზე. თუმცა იქვე ცხადდება, რომ „კამპანია არ დაწყებულა, შესაძლოა ეს რუსული ტელევიზიისთვისაც კი მეტისმეტი იყო“. ანუ ეს არავის არსად გამოუქვეყნებია და ჩვენ არ ვიცით, საიდან მოიტანეს ეს პოდკასტის ავტორებმა.

ამასთან ბრიტანული კომპანია AstraZeneca–ს ვაქცინის გამოცდისას ერთი პაციენტ მართლაც გარდაიცვალა ბრაზილიაში. მაგრამ ეს ამბავი მსოფლისო სააგენტოებმა გაავრცელეს და ამის „რუსული დეზინფორმაციისთვის“ მიკუთვნება, ძნელია.

ამგვარად, არცერთ მასალაში არ არის არცერთი ფაქტი, რომელიც რუსეთის სახელმწიფს ჩართულობას დაადასტურებდა სასაცილო მემების წარმოებაში ჯონსონსა და კოვიდზე. ინტერნეტი მართლაც გადავსებულია ასეთი ფოტოებით. მაგრამ მათი პირველწყაროს მოძებნის მცდელობას ოლოს მაინც The Times–ის იმ ნომრამდე მივყავართ, რომელშიც ისინი პირველად დაიბეჭდა. ჩვენ არ ვიცით, გამოქვეყნდა თუ არა ისინი მანამდე სადმე სხვაგან, თუ ამ გაზეთმა მისცა სტარტი მათ ფართო გავრცელებას მსოფლიოში.

გაზეთი ირწმუნება, რომ მსგავსი მემები სამ მოკრძალებულ რესურსზე იყო ატვირთული, საიდანაც ორი ბრიტანული იყო და ერთიც ბრიუსელისა. გამოდის, რომ ასეთი კოლაჟების მთავარი გამავრცელებელი სწორედაც რომ The Times–ი იყო.

რომ ვივარაუდოთ კიდეც, რომ ვიღაცას მართლაც უნდოდა ბრიტანული ვაქცინისთვის ჩირქის მოცხება, გამოდის, რომ მან ძალიან ეფექტურ და იაფ ხერხს მიაგნო: უბრალოდ შეუგდო ის რედაქციას „რუსული დეზინფორმაციის“ მტკიცებულებად და მორჩა, მემები თავად გავრცელდა ინტერნეტში. წარმოუდგეელი ეფექტია. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ გა მოდის, რომ ეს The Times–ის გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი.

თუმცა ამ ისტორიაში რუსეთიდან თუნდაც ვინმეს ჩართულობის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ჩვენ ვხედავთ მსრისხანე ოფიციალურ ერაქციას ლონდონის მხრიდან. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრნა დომინკ რაბმა მოსკივი ოქსფორდის ვაქცინის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ასე სანქციებიც არ დააგვიანებს. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ თავად The Times–ი ირწმუნება, ნაკლებ დასაჯერებელია, რომ კრემლს კავშირი ჰქონდეს ამ ისტორიასთანო. ბრიტანელი მინისტრისთვის სავალდებულო არ არის, სათაურს იქით რამე წაიკითხოს.

მთავარია რომ შეკითხვაზე, „რაში სჭირდება ეს რუსეთშ?“, ამ გაზეთის სარედაქციო  სვეტი უბრალოდ პასუხობს: არღვევს გლობალურ ნდობას ყველა ვაქცინის მიმართო. მაგრამ რუსეთისთვის არანაირად არ არის ხელსაყრელი ვაქცინაციის მიმართ ნდობის დანგრევა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის ამ მომენტისთვის ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც უკვე აქვს ორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინა. მაგრამ ვის აღელვებს ამ შემთხვევაში ლოგიკა დასავლეთში.

რუსეთის საელჩომ ბრიტანეთში მყის განმარტა: ვარაუდი იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია რაიმე სახის პროპაგანდა აწარმოოს ბრიტანული ვაქცინის მიმართ ნდობის დაკრგვის მიზნით, თავისთავად არის დეზინფორმაციის მაგალითი.

ჩნდება კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა: რაში სჭირდება ეს ყველაფერი ბრიტანულ მედიასაშუალებებს? თუმცა ამაზე პასუხი სტატიის დასაწყისშივეა მოცემული. როგორც მინიმუმ, ორიოდე დღით საზოგადოება ქვეყნის რეალური პრობლემებიდან გადართულია და რუსების მზა კვრობაზე ბობოქრობს. ხოლო როცა „მაიმუნების ვაქცინაზე“ სტატიების ეფექტი ჩაივლის, ახალი სენსაციის შეგდება შეიძლება პირველ გვერდზებზე გატანით — მაგალითად იმის შესახებ, რომ ეს მზაკვარი რუსები ოლიმპიადა 2020–ის ჩაშლას ცდილობდნენ, ხოლო მამაცმა ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა ეს შეთქმულება აღკვეთესო. კიდევ ორიოდე დღით ხმაური და სკანდალები უზრუნვლყოფილი იქნება. ოღონდ არავინ მოითხოვოს, ერთი მტკიცებულება ან მოწმე მაინც წარმოადგინეთო. ეს მეტისმეტი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

3
თემები:
რუსეთი დღეს
სპეცრაზმი ზუგდიდში

Lacasa de Zugdidi ანუ ბლოკბასტერები ისვენებენ! ზუგდიდის სპეცოპერაციამ სოცქსელები ააფეთქა

28
(განახლებულია 18:33 22.10.2020)
წაიკითხეთ Sputnik-საქართველოში, როგორი რეაქცია ჰქონდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. უკვე მეორე დღეა მთელი საქართველო იხილავს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მეთაურის, ავთანდილ გალდავას თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია. სამი მათგანი დამნაშავემ ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კირცხთან, ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

 „სპექტაკლი და მეტი არაფერი!“

სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის არცთუ ცოტა სკეპტიკოსი მოიძებნა - ბევრმა მომხდარს დადგმული სპექტაკლი უწოდა. მხოლოდ ვინ და რა მიზნით გაითამაშა იგი - ამაზე უნდა ვიმკითხაოთ.

 „არცერთი წამით არ მჯერა. ნახევარი მილიონის მოტეხვა უნდოდათ და მოტეხეს კიდეც. ვერასდროს ვერ იპოვიან, საუკუნის ძარცვა კი ყველას დაავიწყდება“, - ფიქრობს თამარა ტომა.

„სპექტაკლი დადგეს... კომედია და მეტი არაფერი...“ - წერს Eleonora Zechadse.

„ეჰ, მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ კარგი სპექტაკლია, ვიღაცამ ძალიან კარგი ფული შეჭამა“, - დარწმუნებულია Dimitri Polenin.

ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებელი თემის განხილვას იუმორით მიუდგა და თავდამსხმელი ჰოლივუდური ბლოკბასტერების მთავარ გმირებს შეადარა.

„ესაა რემბოც, შვარცნეგერიც, ბრიუს უილისიც ერთ ფლაკონში!“ - წერს ნანა სირაძე.

„ზორო გამოჩნდა, იქნებ ღარიბების დახმარება გადაწყვიტა!“ - ხუმრობს დაჯი ჩუტკერაშვილი.

ცხარე დისკუსიების მოყვარულმა ზოგიერთმა მომხმარებელმა კი მომხდარი ქართული პოლიტიკური ასპარეზის ორ მთავარ მეტოქეს - ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს - დაუკავშირა. რა თქმა უნდა, ხუმრობით.

„უეჭველი მიშა იყო, ფული გაუთავდა და ბანკში მივიდა“, - წერს Roini Gvilava.

„წყეული ბიძინა, რომ გაიძულა ეს  ყველაფერი მოგეფიქრებინა“, - წერს Maka Maka.

ყველაფერი სერიოზულადაა

რა თქმა უნდა, ზოგიერთი თემას სერიოზულად მიუდგა და გვერდი აუარა სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიტიკური სისტემის კრიტიკას.

„საჭიროა უმკაცრესად დასჯა! ასეთი საქმეები - სახუმარო არ არის! ასეთი უპასუხისმგებლობით უამრავი ადამიანი საფრთხეში აღმოჩნდა“, - წერს თეიმურაზ ქუთათელაძე.

„ყოჩაღ, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს! როგორი უბედურება აიცილა თავიდან ქვეყანამ, თანაც ასეთ რთულ პერიოდში შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, - წერს Marika Chikovani.

 „ვერ გავიგე, სად გაქრა ამ ფულით და ჩაკეტილ საზღვრებში? ეს რა იყო? საწყალი ხალხი, როგორი საათები გადაიტანეს იქ...“ - წერს Anna Lomidze.

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ისეთებიც მოიძებნენ, ვინც თავდამსხმელის ქცევა გაამართლა. მომხდარის შედეგად ხომ არავინ დაშავებულა, თავდამსხმელმა კი თავისას მიაღწია.

„რაც მან მოიპარა... ჩემი აზრით, არ მოუპარავს... რაც ეკუთვნოდა, ის აიღო... პლუს-მინუს რამდენიმე ასეული, არა აქვს მნიშვნელობა... თუ მართლა სამხედროა, დაფიქრდით, იქნებ ისეთები გადაიტანა, რომ ეს ფულიც ცოტაა. იქნებ მეტიც ეკუთვნოდა, ასე რომ, ნუ განსჯით და არ განისჯებით“, - ასეთი უჩვეულო აზრი გამოთქვა ნონა გაბრელიანმა.

Lacasa de Zugdidi

ამერიკული პლატფორმის Netflix-ის მოყვარულებმა ზუგდიდში მომხდარი ამბავი ცნობილ ესპანურ სერიალ „ქაღალდის სახლს“ (Lacasa de papel) შეადარეს.

სერიალი ესპანეთის სამეფო ხაზინის ძარცვის შესახებ მოგვითხრობს. ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთს მიმართავენ ქალაქების სახელებით - ტოკიო, მოსკოვი, ბერლინი, დენვერი, ოსლო, ჰელსინკი, რიო და ნაირობი - ინკოგნიტო პირის ხელმძღვანელობით, ზედმეტსახელად „პროფესორი“, მძევლებად აჰყავს რამდენიმე ათეული მოქალაქე და ხაზინაში რამდენიმე დღის განმავლობაშია დაბანაკებული. ბოლოს ისინი ათავისუფლებენ ყველა მძევალს, თან მიაქვთ რამდენიმე მილიარდი ევრო და გაურკვეველი მიმართულებით იმალებიან.

სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი, მაგრამ ადგილობრივები ხუმრობენ, რომ საქართველოში ახალი სეზონი უფრო ადრე ნახეს, ვიდრე მთელ მსოფლიოში.

ფეისბუქის მომხმარებლებმა 21 ოქტომბრის მოვლენებს ხუმრობით Lacasa de Zugdidi უწოდეს. ზოგიერთმა „ფან-არტიც“ კი გააკეთა - სერიალის მთავარ გმირებს გაუნაწილა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქების სახელები - ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ხობი, აბაშა, მარტვილი და ჩხოროწყუ.

მომხმარებლებს არც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას საქციელი გამორჩენიათ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლებთან ადგილის გაცვლა შესთავაზა. „ქაღალდის სახლის“ მოყვარულებმა ის სერიალის გმირ არტურიტოს შეადარეს - ესაა უარყოფითი პერსონაჟი, სამეფო ხაზინის დირექტორი, რომელიც ცდილობს მძარცველებს ხელი შეუშალოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამით ის კიდევ უფრო ართულებს მძევლების მდგომარეობას.

კიდევ ერთი პარალელი სერიალთან - დიდი ბრიტანეთის ელჩის ქალიშვილი - მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მძევალია. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკის ფილიალში თავდასხმის დროს ზუგდიდის მერის ოჯახის წევრი იმყოფებოდა.

28
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

0
(განახლებულია 18:54 22.10.2020)
მუზეუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და პირველი ორი თვე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც  კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.

მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.

ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც  იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა