მოსწავლეები

COVID-19 და სკოლები ყველაფერი საქართველოში სასწავლო წლის დაწყების შესახებ

86
(განახლებულია 18:24 15.09.2020)
კორონავირუსი და სასწავლო პროცესი სკოლებში შეუთავსებელია, გადაწყვიტეს საქართველოს მთავრობაში და სწავლის დისტანციურად დაწყების განკარგულება გასცეს. ჯერჯერობით 1 ოქტომბრამდე. ვარკვევთ, რა იქნება შემდეგ.

საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოსწავლე – პირველკლასელებიც და ისინიც, ვინც სკოლის ზღურბლს პირველად დიდი ხნის წინ გადააბიჯა, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, 2020 წელი ხომ მოულოდნელობებით სავსე და მძიმე იყო: დისტანციური სწავლება და თანმდევი სირთულეები – სკოლის მოწაფეები და სტუდენტები ერთმანეთს და პედაგოგებს ვერ ხვდებოდნენ. 

ოფიციალურად საქართველოში სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში დღეს, 15 სექტემბრიდან განახლდა. საქართველოში 2 ათასზე მეტი სკოლა და 500 ათასამდე მოსწავლეა. სწავლა განახლდა ზოგან კლასებსა და აუდიტორიებში, ზოგან კი დისტანციურად. საქმე ისაა, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეში მკვეთრად გაუარესდა და ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობამ 170-ს მიაღწია.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ზუგდიდსა და გორში, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში იძულებული არიან ორი კვირის განმავლობაში კვლავ დისტანციურ რეჟიმში ისწავლონ.

ამის შემდეგ იგეგმება სწავლის კლასებსა და აუდიტორიებში განახლება. თუმცა, ყველაფერი მაინც ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს.

ამასთან, არაერთმა კერძო სასწავლო დაწესებულებამ მუშაობა 1 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემდეგ ხელისუფლებამ ისინიც დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა.

გაკვეთილების ხანგრძლივობა

პანდემია ყველას თავის წესებს კარნახობს, რაც გაკვეთილების ჩატარების ფორმასა და დროსაც შეეხო. კერძოდ, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს სამი გაკვეთილის ჩატარება, რომელთა ხანგრძლივობა I-IV კლასებისთვის 15-20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, V-IX კლასებისთვის – 25-30 წუთს, ხოლო X-XII კლასებისთვის – 35-40 წუთს.

ამასთან, მიზანშეწონილია დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ინტერაქციული ტექნიკის გამოყენება – 15-20-წუთიანი შესვენებებით, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას ითვალისწინებს. პერიოდულად შეიძლება თვალების სავარჯიშოების გაკეთებაც. მაგალითად, მზერის გადატანა ეკრანიდან მოშორებით მდებარე ნივთზე, ან 5-6-ჯერ დახამხამება. 

სკოლა ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა და არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში. ასეთი სკოლები ვალდებული არიან შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები.

საქმე ისაა, რომ თავდაპირველად სკოლებს შერეული სწავლების მოდელის დანერგვის შესაძლებლობა მისცეს, რაც მოიცავს სწავლას როგორც კლასებში, ისე დისტანციურად, თუმცა I-IV კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში მისვლა აუცილებელი იყო. მაგრამ მოგვიანებით ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მთავრობის გეგმები შეიცვალა.

თუ ბავშვები 1 ოქტომბერს მაინც დაბრუნდებიან სკოლებში, შერეული მოდელის შემთხვევაში, დისტანციური სწავლება V-VI კლასებში შესაძლებელი იქნება კვირაში ერთი დღე; VII-XI კლასებისთვის – კვირაში მაქსიმუმ ორი დღე; XII კლასებისთვის – კვირაში მაქსიმუმ სამი დღე. 

სკოლები დამოუკიდებლად შეძლებენ ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობის (მინიმუმ 30 წუთი) და გაკვეთილების დაწყების დროის განსაზღვრას უფროსი, საშუალო და დაბალი კლასებისთვის (08:30, 08:45 ან 09:00).

ზოგიერთი სკოლა აპირებს ორცვლიან სწავლებაზე გადასვლას, რათა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შეხება არ ჰქონდეთ დანარჩენი კლასების მოსწავლეებთან. სკოლების ნაწილმა გადაწყვიტა ორი ან სამი შესასვლელის მოწყობა, რათა შენობის კართან ბავშვების თავშეყრა აეცილებინა თავიდან.

შეზღუდვები მოსწავლეებისა და სკოლებისთვის

ამასობაში ბავშვებმა, რომლებიც სკოლაში წასვლას შეძლებენ, უნდა დაიცვან გარკვეული წესები. პირველ რიგში, შესასვლელთან ყველას ტემპერატურას გაუზომავენ. მოწაფეების გარდა, ყველას პირბადე უნდა ეკეთოს, სკოლის მოსწავლეებს აუცილებლად შეკრული უნდა ჰქონდეთ თმა.

ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მისვლა და კორონავირუსის ინფექციაზე ტესტის გაკეთება, რის გარეშეც მოწაფე სასწავლო პროცესზე არ დაიშვება. 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მოსწავლეს ცალკე ოთახში შეიყვანენ და მშობლებს გამოიძახებენ. თუ მშობლები გარკვეულ დროში არ გამოცხადდებიან, სკოლა სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოიძახებს. 

კლასების ხელმძღვანელები ვალდებული არიან იცოდნენ და დოკუმენტურად დააფიქსირონ მოსწავლეების მიერ გაკვეთილების გაცდენა. ახალი წესების თანახმად, მოსწავლეები შესვენებაზე ერთდროულად ვერ გავლენ. რეკომენდებულია სადილების სისტემის კლასებში გადატანა, რადგან სასადილოები დაიკეტა.

ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ერთმანეთის ნივთები. გაციების, ტემპერატურის ან სხვა რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში მშობლებმა არ უნდა გაუშვან ბავშვი სკოლაში. ყველა სკოლაში უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი.

ცვლილებების თანახმად, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, 2023 წლის 1 იანვრამდე განათლების სამინისტრო ვალდებული იქნება, ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტი გახსნას. ამჟამად სამედიცინო პუნქტი მხოლოდ 532 სკოლაში ფუნქციონირებს. 2023 წლის 1 იანვრამდე კი ისინი ყველა, 2 ათასამდე სკოლაში გაიხსნება.

ყოველი მათგანის მოსაწყობად საჭიროა დაახლოებით 5 ათასი ლარი. ამ თანხაში შედის ინვენტარიც და აუცილებელი სამედიცინო პრეპარატებიც. სულ სკოლებში სამედიცინო პუნქტების გახსნისთვის საჭიროა 10 მილიონი ლარი.

წესები სასწავლო დაწესებულებებისთვის

რეკომენდაციების თანახმად, ქვეყნის ყველა სასწავლო დაწესებულება უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით და დალაგდეს სველი წესით.

ლექციებზე დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია.

10 სექტემბრამდე ყველა სკოლა მომარაგდა პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი ხსნარებით, ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით.

საქართველოს სტამბებში გამოცემულია 2,8 მილიონზე მეტი წიგნი მოსწავლეებისთვის.

მოსწავლეების მშობლებმა, რომლებსაც დისტანციურად სწავლა უწევთ, უკვე მიიღეს სახელმძღვანელოები. პირველკლასელებმა კი – კომპიუტერებიც.

„ტელესკოლა“ დაიწყო

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც განათლების სამინისტრომ პანდემიის დროს დანერგა, იყო „ტელესკოლა“.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელმაც სტარტი 30 მარტს აიღო. განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. 

ტელეგაკვეთილებს გამოცდილი მასწავლებლები ატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

„ტელესკოლის“ ფარგლებში ყველა კლასისთვის 15-წუთიანი გაკვეთილი იქნება, კვირაში ერთხელ ერთ საგანში. არის ერთი სიახლე: ინგლისურის გაკვეთილები არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვის ჩატარდება.

ელექტრონული ჟურნალი

ახალი სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ჟურნალი ივსება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ პლატფორმაზე.

სკოლებში ელექტრონული ჟურნალი შემოდის>>>

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს არ აქვს სათანადო პირობები (კომპიუტერი, ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას, ყოველი კვირის ბოლოს კი მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი).

„Sputnik–საქართველო“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!

86
თემები:
განათლება საქართველოში (318)
მუშები მშენებლობაზე

დისკრიმინაცია, შვებულება და უსაფრთხოება: შრომის კოდექსი კარდინალურად იცვლება

190
(განახლებულია 14:09 25.09.2020)
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი, ხოლო ზეპირი შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მესამე, საბოლოო მოსმენით მისაღებად ემზადება.

დოკუმენტის ბოლო ვარიანტი უკვე მოიწონა წამყვანმა – ჯანდაცვის კომიტეტმა და ახლა მას საბოლოო კენჭისყრაზე გაიტანენ.

ახალი დოკუმენტი მოიცავს სერიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება ისეთ ნორმებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების აღმოფხვრა, ასევე დასაქმებულთა სასარგებლოდ ცვლილებები შევიდა შვებულების, მივლინების, სამუშაო საათების და კონტრაქტის შესახებ შესაბამის თავებში.

ნორმები მშრომელთათვის

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი, ხოლო ზეპირი შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება – თუ საუბარია სამუშაოზე ერთ თვეზე მეტი ვადით. კონტრაქტის მოქმედების ვადა ერთი წელია, მაგრამ თუ საუბარია კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე ან სეზონურ სამუშაოებზე, ვადა შეიძლება იყოს ნაკლები.

თუ კონტრაქტის ვადა აღემატება 30 თვეს, ის ითვლება უვადოდ. ასევე უვადო იქნება შეთანხმება, თუ მისი ვადა არაერთი გაგრძელების შედეგად 30 თვეს გასცდა. კონტრაქტი ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს შედგენილი და რამდენიმე ენაზე შეიძლება გაფორმდეს.

კონტრაქტში ჩვეულებრივი ნორმების გარდა უნდა იყოს გაწერილი დანამატები, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების წესები, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულება და მისი ვადები.

გამოსაცდელი ვადისათვის გათვალისწინებული კონტრაქტი უნდა ფორმდებოდეს ექვს თვეზე ნაკლები ვადით და მხოლოდ წერილობითი ფორმით და ის უნდა იყოს ანაზღაურებადი - ანაზღაურების ოდენობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

სიახლე შეეხო ასევე სტაჟირებას. ამიერიდან სტაჟიორები ვერ ჩაანაცვლებენ მუშაკებს. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა 6 თვეს შეადგენს, ანაზღაურებადის - ერთ წელიწადს. უფასო სტაჟირება კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულმა ადამიანმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაიაროს. სტაჟიორთან წერილობითი კონტრაქტი ფორმდება.

ახალი წესების თანახმად, პირი მივლინებაში შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს 45 დღისა. რაც შეეხება სამუშაო საათებს, ის უცვლელი დარჩა - კვირაში 40 საათი ჩვეულებრივი საწარმოსთვის და 48 საათი - 8-საათიანზე უფრო ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმის საწარმოებში. თუმცა იქვე მითითებულია, რომ თითოეულმა თანამშრომელმა ცვლებს შორის უნდა დაისვენოს სულ მცირე 12 საათის განმავლობაში.

იქვე ასევე მითითებულია, რომ 6 საათზე მეტი სამუშაო დღის შემთხვევაში თანამშრომლებს ერთსაათიანი შესვენების უფლება აქვთ. ასევე დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულისთვის ორი კვირის განმავლობაში ერთხელ ზედიზედ ორი დასვენების დღე.

ცვლებში მუშაობისას დასაქმებულმა არ უნდა იმუშაოს ზედიზედ ორი ცვლა, ხოლო ერთი ცვლიდან მეორეზე გადასვლის შესახებ დამსაქმებელმა დასაქმებული 10 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს.

ზეგანაკვეთური სამუშაო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 4 საათს და დღეში 2 საათს. ამასთან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება საათობრივი ხელფასის საათში 125%-ს უნდა შეადგენდეს, თუმცაღა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ასევე დამატებითი დასვენების დღის გამოყოფაზე (შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაცვლად).

ღამის ცვლა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს დღე-ღამეში, ხოლო დასაქმებული უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას და ექიმების რეკომენდაციის შემთხვევაში ის უნდა გადაიყვანონ დღის ცვლაში.

ოფიციალურ უქმე დღეებში მუშაობა მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, შესაბამისი ანაზღაურებით.

ცვლილებები შვებულების უფლებასაც შეეხო. დასაქმებულთათვის ის ისევ 24 სამუშაო დღეს შედგენს. ხოლო ორსულობის გამო შვებულებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ახლა კანონმდებლობაში ორი ახალი ცნება გაჩნდა - შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, რომელიც 126 სამუშაო დღეს შეადგენს და რომელსაც დასაქმებული თავისი სურვილით გაანაწილებს ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე.

ამას ემატება ბავშვის მოვლის გამო შვებულების 604 დღე, საიდანაც 57 დღე ანაზღაურებადია. ამ შვებულებით სარგებლობა შეუძლია როგორც ბავშვის დედას, ისე მამას, სურვილის მიხედვით, ასევე რიგ-რიგობით, თუ დედას შვებულებით ბოლომდე არ უსარგებლია. ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში წასვლის შესახებ დასაქმებულმა დამსაქმებელი ორი კვირით ადრე უნდა გააფრთხილოს.

ეს შვებულებები ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, თუმცა დამსაქმებელს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი თანხის გადახდა შეიძლება მოუწიოს.

დისკრიმინაციის აკრძალვა და შრომის უსაფრთხოება

ცვლილებებში გაჩნდა კატეგორიული აკრძალვა დასაქმებულთა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციაზე. ამასთან დასაქმებულის მხრიდან საჩივრის შეტანის შემთხვევაში დამსაქმებელს თავად უწევს მტკიცება იმისა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა.

ასევე შრომის კოდექსში ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შეუქმნას დასაქმებულს უსაფრთხო შრომის პირობები და უზრუნველყოს უსაფრთხოების დარღვევის პრევენციის სისტემა.

თავად დასაქმებული უფლებამოსილია უარი თქვას ისეთ სამუშაოზე, რომელიც მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ასევე დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს მკურნალობის ყველა ხარჯი მუშაობის დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში. მავნე და სახიფათო სამუშაოების შემთხვევაში დამსაქმებელი თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების სამედიცინო შემოწმებას.

შრომის კოდექსის გარდა, მისგან გამომავალი ცვლილებები კიდევ 15 კანონში შედის.

190
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში
სატვირთო

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს

80
(განახლებულია 15:21 23.09.2020)
საქართველოდან ექსპორტი 14,7%-ით შემცირდა, იმპორტი კი 17,5%-ით. ვაჭრობის კუთხით დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ჩინეთთან დაფიქსირდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 16,7%-ით შემცირდა და 7 მილიარდზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

იმპორტმა 2020 წლის იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17,5%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (7,5%), სპირტიანი სასმელების (10,9%) და ოქროს (30,7%) ექსპორტი გაიზარდა. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 37,2%-ით, ფეროშენადნობების – 29,8%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 8,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 53,3%-ით, აზოტოვანი სასუქების – 10.2%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 21,1%-ით.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის (13,5%) და შინაური ფრინველის ხორცისა და შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტების (3,9%) იმპორტი გაიზარდა.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში დაეცა 32,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 16,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 31,4%-ით, სამკურნალო საშუალებების – 12,6%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,5%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-აგვისტოს პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 970,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 15,1%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 22,6 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 877,4 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 46,9 ათასი ტონა შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 353,2 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 14,9 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 9,3%-ით და შეადგინა 820,6 მილიონ დოლარზე მეტი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7%. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 68,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 24 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 47,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, ოთხი ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 239,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 314,6 ათასი ტონა ხორბალი, 82 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, დაახლოებით 24,5 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან 737,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,5%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა 164,4 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 22,2 ათას ტონაზე მეტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, დაახლოებით 4,5 ათასი ტონა საბურავები, 327 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმლის თარგები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 593,8 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – 383,6 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 358,6 მილიონი დოლარი, აშშ – 385,6 მილიონ დოლარზე მეტი, გერმანია – 268,4 მილიონ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 284,6 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 136,6 მილიონ დოლარზე მეტი.

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15,9%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 7,5%-ით, ხოლო იმპორტი – 19,3%-ით. 

ვარდნის ტემპის კლება ივნისში დაიწყო – საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 16%-ით, მათ შორის ექსპორტი – 13,1%-ით, ხოლო იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი იყო 33%, ექსპორტის – 30,6%, ხოლო იმპორტის – 34,3%.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები. 

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები?
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა. სიტუაციის შემდგომ გაურესებას კი, შესაძლოა, მორიგი მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში უკვე დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ვაჭრობა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა აღარ გაჩნდეს. ამ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ.

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეზღუდვებმა გამოიწვია, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული ფენების მასშტაბურმა დახმარებამ ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 8%-მდე ზრდა გამოიწვია.

80
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

0
ყველაზე კრიტიკული ტონი მთავრობის მიმართ ჰქონდა :მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი Postv–ს – 33%

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართული მასმედია ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას. შემდეგ მოდიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამაზე მეტყველებს საპარლამენტო არჩევნების შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგმა მასობრივი ინფორმაციის 43 საშუალება მოიცვა: 12 ტელეარხი, 10 რადიო, რვა გაზეთი და 13 ონლაინ–გამოცემა. კვლევა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Internews Georgia და CRRC–საქართველო – თანამშრომლობით. მონიტორინგი2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მონიტორინგის პირველი შედეგები

„ქართული ოცნება უფრო დადებით კონტექსტში გააშუქა ტელეარხმა „იმედი“ (29%), ხოლო ნეგატიურად – ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ (72%).

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გააშუქა „მთავარმა არხმა“ (6%), ხოლო ნეგატიურად – ტელეარხმა „ობიექტივმა (79%).

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო დაუთმა ტელეარხმა „ფორმულამ“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მთელი დროის 1%–ზე ოდნავ მეტს. ყველაზე მეტად პარტიას დადებითად იხსენებდა „TV პირველი“ და „კავკასია (2%). ყველაზე ნეგატიურად ეს პარტია გააშუქეს „იმედის“ ეთერში.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო დაუთმო „TV პირველმა“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მხოლოდ 3%–ს. ყველაე მეტად დადებითად პარტია გააშუქა ტელეარხმა „კავკასია“ (21%).

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო დაუთმო „იმედმა“. ნეგატიური გაშუქება შეადგენდა 74%–ს.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული ტონი ჰქონდა „მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი – Postv–ს – 33%.

„წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მედიამონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები. როგორც წინა წლებში, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020