ახალაშენებული ბინები

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბინას ვიგირავებთ... ანუ სად იმალება ეშმაკი

361
(განახლებულია 14:44 11.09.2020)
ინტერნეტ-რესურსებზე, სადაც მომხმარებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს ეცნობა, ბინების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების გარდა, გარიგების კიდევ ერთი ტიპი – გირაო გვხვდება.

განცხადებები ბინების დაგირავების თაობაზე ორი სახისაა, ერთი – როდესაც მეპატრონე თანხის სანაცვლოდ გარკვეული ვადით ბინას საცხოვრებლად იმას გადასცემს, ვისგანაც ფული ისესხა, ხოლო მეორე – როდესაც მეპატრონე რჩება ბინაში და მევახშეს ყოველთვიურად უხდის ქირის სახით ნასესხები თანხის პროცენტს.

უძრავი ქონების პორტალებზე გამოქვეყნებული განცხადებები ბინების დაგირავების თაობაზე საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. მოთხოვნილი თანხა ბინის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია, თვეში გადასახდელი პროცენტი კი გასესხებული თანხის 2,5-3%-ს შეადგენს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე, მაგალითად, საბანკო ანაბრის შემთხვევაში იქნებოდა.

რას გულისხმობს ბინის დაგირავება

ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი განმარტავს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გირავნობა მხოლოდ მოძრავი ქონების შემთხვევაში ხდება, მაგრამ მოსახლეობა უძრავი ქონების ბაზარზე დამკვიდრებულ გარიგების ამ ტიპს გირაოს უწოდებს.

„როდესაც პირს აქვს რაღაც თანხა, რომელიც შეუძლია გადასცეს ბინის მესაკუთრეს მის ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ ყოველგვარი ქირის გარეშე, ამ შემთხვევაში მხარეებს შორის იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება ფორმდება. რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებული ვადის ამოწურვის შემდეგ მსესხებელი უბრუნებს გამსესხებელს თავის ფულს, ხოლო ეს უკანასკნელი ცლის ბინას“, – აღნიშნა ირაკლი უტიაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან” საუბრისას.

თუ ბინის მეპატრონე ფულს დროზე ვერ დააბრუნებს, კანონი ამ შემთხვევაში მასზე დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ითვალისწინებს, ხოლო თუ სესხის დაბრუნებას საერთოდ ვერ შეძლებს, მაშინ ბინა აუქციონზე გაიყიდება.

რაც შეეხება ბინის დაგირავებას მეპატრონის ცხოვრების უფლებით, ეს საკითხიც კანონით რეგულირდება, იმისათვის, რომ ფიზიკურ პირებს პროცენტით თანხის გასესხება არ შეეზღუდოთ. ამ შემთხვევაში მხარეებს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

„პირი, რომელსაც აქვს თანხა, რომლის გასხვისებაც უნდა სხვა ფიზიკურ პირზე, ფულის გადაცემის შემდეგ იფორმებს მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ქონებას თავის სახელზე. ხელშეკრულებაში იდება ნასყიდობა, მაგრამ მეპატრონეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინის გამოსყიდვის უფლება რჩება. ამავდროულად ფულის გამსესხებელს უფლება აქვს გააქირაოს ბინა იმაზე, ვისაც თანხა გადასცა ან მის ახლობელზე. რა თქმა უნდა, ეს ფიქტიური გარიგებაა, რომლის ფიქტიურობის დადასტურებაც ამ შემთხვევაში ძალიან რთულია“, – თქვა ირაკლი უტიაშვილმა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სინამდვილეში ეს, ასე ვთქვათ, ფულის გასესხების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, პირველ რიგში, ბინის მეპატრონისთვის.

გამსესხებელი, ანუ მევახშე გასესხებული თანხის დაკარგვის შემთხვევაში კანონით უფრო დაცულია, რადგან ბინა უკვე მის სახელზეა გაფორმებიული და თუ დადგენილ ვადაში გამოსყიდვა არ მოხდება, მაშინ ბინა ავტომატურად მას რჩება.

ადრე, როდესაც იპოთეკა და სესხის ხელშეკრულება ფორმდებოდა, იპოთეკარი ვერ გადაიფორმებდა ბინას აუქციონის გარეშე, ან შეეძლო გადაფორმება მხოლოდ იმ შემთხვეაში, თუ მესაკუთრე ხელს მოაწერდა, რომ თანახმა იყო იპოთეკარისთვის ბინა გადაეფორმებინა, რადგან სესხს ვერ იხდიდა.

„ახლა კი აუქციონიც აღარ გჭირდება, პირდაპირ შეგიძლია გადაიფორმო. ამიტომ ამ შემთხვევაში ფულის მსესხებლის რისკი უფრო დიდია, ვიდრე გამსესხებლის“, – თქვა ირაკლი უტიაშვილმა.

გამოსყიდვის ვადის ამოწურვის შემდეგ მევახშე ამ ბინას უკვე სრულად განკარგავს – თუ უნდა, იპოთეკით დატვირთავს ან გაყიდის. მას ასევე შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოასახლოს ბინიდან უკვე ყოფილი მფლობელი.

„მართალია, მევახშის უფლებები ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით კანონით უფრო დაცულია, მაგრამ გამოსახლებას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ეს პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს, თუ მოსამართლემ მესაკუთრის სარჩელი გამოსახლების თაობაზე დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დააკმაყოფილა“, – აღნიშნა ირაკლი უტიაშვილმა.

თუ მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა და ასეც ხდება ხოლმე, თუ რამე სერიოზული გარემოება არ არის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მიიქცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად გამოსახლების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს შეიძლება გასაჩივრების უფლება ჰქონდეს.

ეშმაკი დეტალებშია...

ირაკლი უტიაშვილის თქმით, ძირითადი პრობლემა, რომელსაც გამსესხებლები და მათი ადვოკატები აწყდებიან ხოლმე – თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში არასწორად შევსებული დოკუმენტაციაა, კერძოდ, ხელშეკრულებაში შეიძლება შეცდომით ეწეროს უძრავი ქონების მონაცემები, საკადასტრო კოდი. ასევე შეიძლება იყოს დაუზუსტებელი რეგისტრაცია.

„ხშირად რეესტრში არ არის დადგენილი ნახაზი, საცხოვრებელი ბინის შემთხვევაში ზოგჯერ არის ხოლმე პრობლემა – სად მდებარეობს ეს ბინა, ასევე დაზუსტებული უნდა იყოს უძრავი ქონების ამონაწერში ბინის მისამართი, ნომერი, სართული, სადარბაზო, კორპუსი. შედარებული რამდენად ემთხვევა იმას, რაც აჩვენა მეპატრონემ დამგირავებელს და უთხრა – ესაა ჩემი ბინა და აქ უნდა იცხოვროო“, – თქვა ირაკლი უტიაშვილმა.

ხშირ შემთხვევაში მესაკუთრე აჩვენებს დამგირავებელს სხვა ბინას, ხელშეკრულებაში კი სხვა საკადასტრო კოდს წერს. ბინა, რომელიც მევახშემ ან იპოთეკარმა ნახა, შეიძლება ღირდეს 100 ათასი დოლარი, ხელშეკრულებაში კი ჩაიდოს ბინა, რომლის ფასიც 20–30 ათასი დოლარია. ამ დროს პირმა გაასესხოს 50 ათასი და იზარალოს, თუ ეს თანხა არ დაუბრუნდა.

„ჩემს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა ხშირად მქონია, ამიტომ ხალხს დეტალების გადამოწმებას ვურჩევ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საჯარო რეესტრში ხელშეკრულების ხელმოწერის წინ კიდევ ერთხელ გადამოწმდეს, ხომ არ არის ბინა იმ მომენტისთვის იპოთეკით დატვირთული, რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში უპირატესობა პირველად იპოთეკარს ენიჭება“, – განაცხადა ირაკლი უტიაშვილმა.

თუ უძრავ ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულება რამდენიმე პირთან გაფორმდა, მაშინ ბინა აუქციონზე გადის და ჯერ პირველი მათგანის მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება, ხოლო სხვა დანარჩენები ითვლებიან დაზარალებულად.

ირაკლი უტიაშვილის თქმით, მსგავს შემთხვევებს ადგილი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროსაც აქვს, ამ შემთხვევაში საქმე უფრო რთულად არის ხოლმე, რადგან ხელშეკრულება უძრავი ქონების გაყიდვის თაობაზე შეიძლება ნოტარიუსთან იყოს გაფორმებული და რეესტრში არ ჩანდეს.

ერთი დაზარალებულის ამბავი

გიორგი ჩ-მ ქუთაისში სამი წლის წინ საკუთარი სახლი მკურნალობის ხარჯების დასაფარად საჭირო თანხის უქონლობისა და ვალების გამო გაყიდა, მევალეების გასტუმრების შემდეგ კი დარჩენილი 20 000 დოლარით თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ფართი იგირავა მეპატრონის ცხოვრების უფლებით. ამ ფართის დაგირავება გიორგის „მაკლერმა“ ურჩია, რომელიც ამავე დროს ამავე სახლის ამხანაგობის წევრი იყო, მანვე აიღო თანხა და იზრუნა გარიგების იურიდიულ მხარეზეც.

„მაკლერი“ გიორგის ნასესხები თანხის 3 პროცენტს რამდენიმე თვის მანძილზე უხდიდა, შემდეგ შეწყვიტა ქირის გადახდაც და არც ნასესხები თანხა დაუბრუნა უკან დათქმული ვადის ამუწურვის შემდეგ.

გიორგიმ გადაწყვიტა დახმარებისთვის იურისტისთვის მიემართა. გაირკვა, რომ ფართი, რომელიც მას ხელშეკრულების გაფორმებამდე აჩვენეს, რამდენჯერმეა გადაყიდული. გიორგი პირველი მყიდველი არ არის და, შესაბამისად, ის არც ერგება.

ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფართი საცხოვრებლის ნაცვლად საერთოდ კომერციული აღმოჩნდა, რომელსაც ხელშეკრულებაში მოხსენიებული პიროვნება არ ფლობდა. ასევე შეცდომითაა ჩაწერილი დოკუმენტში ვითომ მეპატრონის პირადი ნომერიც.

კეკელიძის 62 ნომერში მდებარე 18-სართულიანი კორპუსი, სადაც გიორგის დასაგირავებელი ფართი აჩვენეს, უკვე აშენებულია, მაგრამ სახლში ვერავინ შედის, კორპუსი დაყადაღებულია ბინების გადაყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ახლა გიორგი დაზარალებულის სტატუსს ელოდება და იმედი აქვს, რომ გასესხებული თანხის დაბრუნებას მაინც შეძლებს, თუმცა რამდენი ხანი გაჭიანურდება ეს პროცესი, უცნობია.

ასეთი მაგალითები მრავლადაა ქართულ სინამდვილეში და სწორედ ამიტომ, თუ მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობას გადაწყვეტთ, აუცილებლად დეტალურად შეისწავლეთ გარიგების იურიდიული მხარე!

ნატა პატარაია

361
თბილისი

საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს: პროგნოზები მიმდინარე წლის ბოლომდე

55
(განახლებულია 14:37 22.09.2020)
ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მეცნიერებისა და ტექნიკის, ტურიზმის, მშენებლობის, დასვენებისა და გართობის სფეროებში.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ 12,3%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წლის პირველ კვარტალში, როცა პირველ ნახევარში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ არ იყო დაწესებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2,2% იყო.

მეორე კვარტალში მშპ-ის მოცულობამ მიმდინარე ფასებში დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა. 2020 წლის აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 6,3% შეადგინა.

2019 წელს საქართველოს მშპ-ის ზრდა, 2018 წელთან შედარებით, 5,1% იყო.

რომელ სფეროებში ფიქსირდება ზრდა და კლება

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, განთავსების ადგილებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის, მშენებლობის, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკის ტოპ–ხუთი სფერო, სადაც 2020 წლის II ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა 

ეკონომიკის სფერო ვარდნა %
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება

54,7
განთავსების ადგილებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნვეყოფა 40,0
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა 28,8
მშენებლობა 24,5
ხელოვნება, დასვენება და გართობა 24,1

2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება (14,3%), განათლება (11,7%), სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (6,4%), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (4,7%).

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, სახელმწიფო მმართველობის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სფეროები.

2020 წლის II კვარტალში მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე ტოპ–5 დარგი 

ეკონომიკის სფერო ზრდა %
ვაჭრობა 14,2
უძრავ ქონებასთნ დაკავშირებული ოპერაციები 12,7
სოფლის მეურნეობა 10,2
გადამამუშავებელი მრეწველობა 9,9
სახელმწიფო მმართველობა 7,5

 

როგორია მიმდინარე წლის პროგნოზები

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 4%-ს მიაღწევს. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მშპ-ის 5%-იან კლებას პროგნოზირებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზს ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 2020 წელს 4%-დან 5%-მდე გააუარესა. ამასთან, სსფ მომავალი წლისთვის პოზიტიურ პროგნოზს იძლევა. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება. ამასთან, მშპ 2019 წლის დონეს მხოლოდ 2022 წელს მიაღწევს.

თუმცა, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, ხოლო 2021 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდას 4,5%-იან დონეზე ელოდება.

55
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
განახლებული მოესანი პარლამენტის წინ

საარჩევნო ალიანსები, პირველი დამკვირვებლები და რეიტინგები - კვირის შედეგები

95
მოულოდნელი გაერთიანებები, ყოფილი მინისტრების აჩრდილები და ბოლო მომენტში მიღებული გადაწყვეტილებები - ქვეყანამ, რომელიც ყველაფერთან ერთად აქტიურად ებრძვის კორონავირუსს, წინასაარჩევნო რბოლის კიდევ ერთი რთული კვირა გადაიტანა

გასული კვირა უხვად იყო გაჯერებული საარჩევნოდ შექმნილი კავშირებით და პოლიტიკური რეიტინგებით, რომლებიც ამ დღეებში ამომრჩევლებს ერთი მეორეს მიყოლებით მიაყარეს. ამ უამრავ რეიტინგში აქტიური წინასაარჩევნო რბოლის წინ წინასაწარი შედეგები შეჯამდა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, და, ხელისუფლება ირწმუნება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში მაინც შედგება.

კორონავირუსი ხელს ვერ შეუშლის ვერც საერთაშორისო ამომრჩევლების ჩამოსვლას - პირველივე კვირაში რეგისტრაცია ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიარა. ადგილობრივი ორგანიზაციების რაოდენობა ბევრჯერ მეტი იქნება - 49-მ უკვე გაიარა რეგისტრაცია, განაცხადების მიღება კი ახალი დაწყებულია.

საარჩევნოდ თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია ყველა საუბნო კომისია. ცესკომ 21 942 ვაკანტურ ადგილზე 21 894 ადამიანი უკვე შეარჩია.

კვირის მთავარი მოვლენა

ამჯერად კვირის მთავარი მოვლენა გახდა ერთბაშად ორი შერწყმა - ხუთი პარტიის კავშირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით, ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ და „მემარცხენე ალიანსის“ კავშირი. ამგვარად, საქართველოში გაჩნდა ახალი წინასაარჩევნო ბლოკი, ხოლო „მემარცხენე ალიანსმა“ წინასაარჩევნო რბოლა შეწყვიტა.

ახალი წინასაარჩევნო ბლოკი ატარებს სახელწოდებას „ძალა ერთობაშია“ და მასში შევიდნენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპული დემოკრატები“.

ყველაზე უჩვეულოა ამ გაერთიანებაში რესპუბლიკელების ხილვა. ჯერ კიდევ რვა წლის წინ ეს პარტია იყო კოალიციაში „ნაცმოძრაობის“ დაუძინებელ მოწინააღმდეგესა და ბლოკის ამჟამინდელ მთავარ კონკურენტებთან, მოქმედ მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“, ხოლო მათ ლიდერებს მთავრობასა და პარლამენტში ხელმძღვანელი პოსტები ეკავათ.

კვირის სკანდალი

თუმცა, შექმნიდან რამდენიმე დღეში ბლოკში ნამდვილი სკანდალი აგორდა.

მიზეზი უყო ჭორები, თითქოს ბლოკის სიაში თუ მომავალ მთავრობაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის გვარი წერია.

სკანდალი ააგორა პარტიის გენერალურმა მდივანმა ნიკა მელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ პარტიაში, რომლის წევრი ვანო მერაბიშვილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მელია ოპოზიციის ერთადერთი მაჟორიტარობის კანდიდატია, რომელსაც, რეიტინგების მიხედვით, არჩევნებზე მოგების შანსი აქვს.

კვირის აქცია

სანამ მთავარ ოპოზიციურ ძალაში სიის გამო ვნებათაღელვა არ ცხრებოდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიამ „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ გააკეთა თავისი სვლა ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელოს“ წინააღმდეგ.

ვინ გახდება პრემიერი? ახალმა კვლევამ პარტიების გამარჯვების შანსები შეაფასა >>

ულტრანაციონალისტურმა „ქართულმა მარშმა“ „ლელოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა და მის ლიდერს ხალხის ფულის მოპარვა დასდო ბრალად. პოლიციის ჩარევის წყალობით აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა, თავად „ლელოში“ „ქართული მარშის“ უკან მმართველი პარტიის ინტერესები დაინახეს.

ოპოზიციური მხარდაჭერა

ამ კვირაში საბოლოოდ გახდა ცხადი განხეთქილება ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს შორის.

ბოლო შტრიხი ამაში შეიტანა პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რომელმაც მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქში მხარი დაუჭირა არა ბლოკის კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს, არამედ „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატ ბექა ნათელაშვილს.

საზოგადოება გააკვირვა ოპოზიციური პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც საარჩევნოდ გაერთიანდა ორ ძალასთან, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს. მისმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება არ წამოაყენოს კანდიდატები თბილისში და მხარი მმართველი პარტიის კანდიდატებს დაუჭიროს.

გამოკითხვები, გამოკითხვები, გამოკითხვები...

გასულ კვირას პარტიების რამდენიმე რეიტინგი დაიდო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა ერთბაშად ოთხმა ორგანიზაციამ: GORBI, Edison Research, NDI და IRI.

გამოკითხვის შედეგებით, ამომრჩეველთა უმრავლესობა მზად არის ხმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცეს. სხვადასხვა გამოკითხვებით, მისი რეიტინგი 17%-დან 56,3%-მდე მერყეობს. მეორე ადგილზეა „ნაცმოძრაობა“ რეიტინგით 5%-დან 15%-მდე.

გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია და ის გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებს.

95
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მოხალისეების ვაქცინაცია კორონავირუსზე

რუსეთში არ გამორიცხავენ COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

0
ამჟამად გამალეის ცენტრში შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Спутник V-ის საცდელი პარტიები რუსეთის ყველა რეგიონმა მიიღო

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინას Спутник V-ს სხვა ქვეყნებს მასობრივად არ გადასცემენ, რადგან საჭიროა რუსეთის მოქალაქეების ვაქცინაციის უზრუნველყოფა, განაცხადა გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.

ამასთან რუსეთი მზადაა მიაწოდოს მსურველებს პრეპარატის საწარმოო ტექნოლოგიები, მაგრამ ამისათვის მიმღებ ქვეყანაში შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეები უნდა არსებობდეს.

გინცბურგის გათვლებით, იმისათვის, რომ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა აიცრას, 9-დან 12 თვემდეა საჭირო.

„საწარმო, რომელიც გამალეის ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს, სამ ცვლაში მუშაობს, მაგრამ ახლოსაც ვერ უზრუნველყოფს იმ მოცულობებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის (რუსეთის - რედ.) მოსახლეობის ვაქცინირებისთვისაა საჭირო, - აღნიშნა გინცბურგმა. - ამჟამად ტექნოლოგიების ტრანსფერი მინიმუმ 3-4 საწარმოო მოედანზე ხორციელდება. იმედი მაქვს, რომ ნოემბრისთვის ამ მოედნებზე ერთ თვეში 5-6 მილიონ დოზას გამოუშვებენ. ეს საშუალებას მოგვცემს 9-12 თვეში ავიდეთ 70-80%-იან ვაქცინაციის დონეზე, რითაც შესაძლებელი გახდება პოპულაციურ დონეზე აღნიშნული ვირუსის ცირკულაციის შეწყვეტა“.

მეცნიერის თქმით, ვაქცინის წარმოებისთვის საჭიროა განსაკუთრებული ტექნოლოგიები, რომლებითაც იქმნება მონოკლონური ნივთიერებები, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ასეთი მოედნები არსებობს სხვადსხვა ქვეყნებში, მაგრამ არა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ (ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში - რედ.) ტექნოლოგიური მოედნები მზადაა. თუ ისინი ამისათვის დამოუკიდებლად მოემზადებიან, ესე იგი ტრანსფერის განხორციელება ღვთის ნება ყოფილა. მაგრამ, სავარაუდოდ, იქ იქნება ბელარუსის ანალოგიურად, რომლისთვისაც ჩვენ მოვიძიებთ გარკვეულ საშუალებებს იმისათვის, რომ სხვადასხვა პირობებით დავეხმაროთ. მაგრამ დავეხმარებით. საკუთარ მოსახლეობასთან ერთად დავიცავთ ჩვენს უახლოეს მეზობლებს, - განმარტა სპეციალისტმა. - ვერაფერს ვიტყვი სახელმწიფო დონეზე, მაგრამ ჩემს დონეზე ბევრ ჩვენს რესპუბლიკასთან (ყოფილი სსრკ-ის - რედ.) მუდმივად მიმდინარეობს საუბრები, მომართვები და შესაძლო ურთიერთქმედებების განხილვები“.

მასობრივად ვაქცინის მიწოდება არ მოხდება, დააზუსტა გინცბურგმა. მაგრამ წარმოება შეიძლება აეწყოს ისეთ ქვეყნებში, სადაც შესაბამისი პროფილის მსხვილი საწარმოები არსებობს. მაგალითად, ინდოეთში.

ალექსანდრ გინცბურგის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რუსული ვაქცინის გამოცდებში.

„რამდენადაც ვიცი, ჩვენს ლაბორატორიაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, - განუცხადა Sputnik-ს ალექსანდრ გინცბურგმა. - არანაირ დისკრიმინაციულ მომენტს ჩვენი კანონმდებლობა არ შეიცავს“.

ამჟამად გამალეის ცენტრში შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Спутник V-ის საცდელი პარტიები რუსეთის ყველა რეგიონმა მიიღო.

გარდა ამისა, 22 სექტემბერს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთ ანტიკორონავირუსულ ვაქცინაზე გასცა კლინიკური კვლევების ჩატარების უფლება. პრეპარატი ჩუმაკოვის სახელობის ცენტრშია დამზადებული.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში