არჩევნები

გადარჩებიან მხოლოდ ძლიერები - საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

94
საქართველოს პრეზიდენტმა ყველას „მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიისკენ“ მოუწოდა, თუმცა ქვეყანაში ცოტას თუ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია

თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ოფიციალურად იწყება წინასაარჩევნო კამპანია - ორ თვეში, 31 ოქტომბერს, ამომრჩევლები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევენ.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ COVID-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა, რომელმაც ორშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნების თარიღი.

თუმცა წინა რამდენიმე კვირამ აჩვენა, რომ უახლოესი ორი თვე მშვიდი არ იქნება. სკანდალს სკანდალი მოსდევს. ოპოზიციამ გამარჯვების შემთხვევაში გეგმები უკვე დააწყო, მმართველ პარტიაში კი მტკიცედ სწამთ, რომ კვლავ „ოცნება“ გაიმარჯვებს.

ფართო არჩევანი

პარტიების საბოლოო სია, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სექტემბრის პირველ რიცხვებში გაირკვევა. თუმცა უკვე ცხადია, რომ 150 ადგილზე პარლამენტში პრეტენზიას 1%-იანი ბარიერით შთაგონებული რეკორდულად ბევრი პარტია აცხადებს.

ამ მომენტისთვის საქართველოს ცესკომ დაასრულა მხოლოდ იმ პარტიების რეგისტრაცია, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ იყვნენ - სიაში მოხვდა 59, უარი უთხრეს ცხრას. საპარლამენტო პარტიებისთვის, რომელთაც წარმომადგენლები მოქმედ პარლამენტში ჰყავთ, განაცხადების შეტანის ვადა ამ კვირას დასრულდება, 57 დღით ადრე არჩევნებამდე.

საბოლოო სიას კი ცესკო კენჭისყრამდე ერთი თვით ადრე გამოაცხადებს.

თუმცა პრეტენდენტების სია უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია რაოდენობითაც და შინაარსითაც. მასში არიან პარტიები პენსიონერებისა და ახალგაზრდებისთვის, ნაციონალისტებისთვის, ემიგრანტებისთვის, მონარქისტებისთვის, დემოკრატებისთვის, ლიბერალებისთვის, კონსერვატორებისთვის, ლეიბორისტებისა და სოციალისტებისთვის.

ესენი არიან: ყველა არჩევნების უცვლელი მონაწილე „ძველი ლეიბორისტი“ შალვა ნათელაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ტექსტური შეტყობინებების მოყვარული გიორგი ვაშაძე, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური, ეპატაჟური ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ბანკირი მამუკა ხაზარაძე და სამოქალაქო აქტივისტი ალეკო ელისაშვილი. ამჯერად არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა რადიკალიზმით ცნობილმა ულტრანაციონალისტების „ქართულმა მარშმა“ სანდრო ბრეგაძის თაოსნობით.

ოპოზიცია თავისი ხმების დასაცავად ემზადება >>

და, რასაკვირველია, ლიდერთა შორის არიან: უცვლელი „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ქვეყნის ყველაზე კარგად დაფინანსებული პარტიების ხუთეულში მოხვდა ასევე ოპოზიციონერ ბანკირთა მოძრაობა „ლელო“.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გამოაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის და როგორ. ყოფილმა მმართველმა პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი განაცხადა, რომ სააკაშვილს მომავალი პრემიერის თანამდებობაზე განიხილავს.

ლიდერები და აუთსაიდერები

საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნება“ პარტიების რეიტინგში მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა პრინციპულ კითხვად რჩევა, მოიპოვებს თუ არა იგი ხმათა უმრავლესობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო გახდება კოალიციური მთავრობის შექმნა და „ოცნება“ შესაძლოა ყველას წინააღმდეგ მარტო დარჩეს.

ოპოზიციური ტელეარხების მიერ შეკვეთილი გამოკითხვები „ოცნებას“ ხმათა 30%-დან 35%-მდე მიაკუთვნებენ, პროსახელისუფლებო კი - 50%-ს. სწორედ ამ სხვაობას ექნება პრინციპული მნიშვნელობა არჩევნების დასრულების შემდეგ.

პარტია Edisson Research-ის გამოკითხვა IRI-ის გამოკითხვა Survation-ის გამოკითხვა
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო  39% 33% 52%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16% 16% 19%
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 5% 5% 8%
პატრიოტთა ალიანსი 3% 3% 5%
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი 3% 3% 4%
ლელო საქართველოსთვის 3% 2% 5%

წინასწარ შეთანხმდნენ

26 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და არჩევნების წინ კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ხელმომწერთა შორის არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“.

მემორანდუმის ტექსტში ოპოზიციური პარტიები საუბრობენ „ოლიგარქიულ რეჟიმზე“ და ხაზს უსვამენ ოპოზიციის კოორდინირებული საქმიანობის აუცილებლობაზე იმ პირობებში, როდესაც „ადმინისტრაციული რესურსები ივანიშვილის ხელშია მობილიზებული“.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა >>

ამ დროისთვის ცნობილია, რომ შეიქმნება ერთიანი შტაბი ხმების დასაცავად „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, ოპოზიცია გეგმავს არჩევნებზე დარღვევების საერთო საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნას.

ჩარტერები არჩევნებისთვის

ვიდრე ოპოზიცია ამომრჩევლებს ხელისუფლების მხრიდან არჩევნების დაგეგმილი გაყალბებით აშინებს, მთავრობა კენჭისყრაზე, კორონავირუსის მიუხედავად, მაქსიმალურად ბევრ დამკვირვებელს იწვევს.

„არჩევნები მაღალი სტანდარტებით უნდა ჩავატაროთ და ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, - აღნიშნა პრემიერმა გახარიამ. საქართველოს საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ დახურულია პანდემიის გამო, მაგრამ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზადაა ჩარტერული რეისების დასანიშნად, რათა დამკვირვებლებმა ქვეყანაში ჩამოსვლა შეძლონ.

„ქართული ოცნება“ გამოვიდა ინიციატივით, გაამკაცროს სასჯელი ამომრჩეველთა იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო. პროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში. ის ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმით დაწყებული, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დასრულებული.

ოპოზიციამ საპასუხოდ ხელისუფლების მზაკვრული გეგმების ვერსია წამოაყენა. პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა სერგო კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამგვარად მმართველი პარტია ცდილობს დამკვირვებლების თვალში „თეთრი და ფუმფულა“ გამოჩნდეს.

94
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (149)
სატვირთო

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს

66
(განახლებულია 15:21 23.09.2020)
საქართველოდან ექსპორტი 14,7%-ით შემცირდა, იმპორტი კი 17,5%-ით. ვაჭრობის კუთხით დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ჩინეთთან დაფიქსირდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 16,7%-ით შემცირდა და 7 მილიარდზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

იმპორტმა 2020 წლის იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17,5%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (7,5%), სპირტიანი სასმელების (10,9%) და ოქროს (30,7%) ექსპორტი გაიზარდა. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 37,2%-ით, ფეროშენადნობების – 29,8%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 8,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 53,3%-ით, აზოტოვანი სასუქების – 10.2%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 21,1%-ით.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის (13,5%) და შინაური ფრინველის ხორცისა და შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტების (3,9%) იმპორტი გაიზარდა.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში დაეცა 32,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 16,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 31,4%-ით, სამკურნალო საშუალებების – 12,6%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,5%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-აგვისტოს პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 970,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 15,1%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 22,6 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 877,4 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 46,9 ათასი ტონა შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 353,2 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 14,9 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 9,3%-ით და შეადგინა 820,6 მილიონ დოლარზე მეტი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7%. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 68,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 24 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 47,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, ოთხი ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 239,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 314,6 ათასი ტონა ხორბალი, 82 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, დაახლოებით 24,5 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან 737,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,5%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა 164,4 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 22,2 ათას ტონაზე მეტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, დაახლოებით 4,5 ათასი ტონა საბურავები, 327 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმლის თარგები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 593,8 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – 383,6 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 358,6 მილიონი დოლარი, აშშ – 385,6 მილიონ დოლარზე მეტი, გერმანია – 268,4 მილიონ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 284,6 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 136,6 მილიონ დოლარზე მეტი.

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15,9%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 7,5%-ით, ხოლო იმპორტი – 19,3%-ით. 

ვარდნის ტემპის კლება ივნისში დაიწყო – საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 16%-ით, მათ შორის ექსპორტი – 13,1%-ით, ხოლო იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი იყო 33%, ექსპორტის – 30,6%, ხოლო იმპორტის – 34,3%.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები. 

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები?
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა. სიტუაციის შემდგომ გაურესებას კი, შესაძლოა, მორიგი მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში უკვე დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ვაჭრობა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა აღარ გაჩნდეს. ამ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ.

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეზღუდვებმა გამოიწვია, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული ფენების მასშტაბურმა დახმარებამ ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 8%-მდე ზრდა გამოიწვია.

66
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი

საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს: პროგნოზები მიმდინარე წლის ბოლომდე

87
(განახლებულია 14:37 22.09.2020)
ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მეცნიერებისა და ტექნიკის, ტურიზმის, მშენებლობის, დასვენებისა და გართობის სფეროებში.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ 12,3%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წლის პირველ კვარტალში, როცა პირველ ნახევარში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ არ იყო დაწესებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2,2% იყო.

მეორე კვარტალში მშპ-ის მოცულობამ მიმდინარე ფასებში დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა. 2020 წლის აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 6,3% შეადგინა.

2019 წელს საქართველოს მშპ-ის ზრდა, 2018 წელთან შედარებით, 5,1% იყო.

რომელ სფეროებში ფიქსირდება ზრდა და კლება

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, განთავსების ადგილებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის, მშენებლობის, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკის ტოპ–ხუთი სფერო, სადაც 2020 წლის II ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა 

ეკონომიკის სფერო ვარდნა %
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება

54,7
განთავსების ადგილებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნვეყოფა 40,0
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა 28,8
მშენებლობა 24,5
ხელოვნება, დასვენება და გართობა 24,1

2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება (14,3%), განათლება (11,7%), სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (6,4%), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (4,7%).

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, სახელმწიფო მმართველობის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სფეროები.

2020 წლის II კვარტალში მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე ტოპ–5 დარგი 

ეკონომიკის სფერო ზრდა %
ვაჭრობა 14,2
უძრავ ქონებასთნ დაკავშირებული ოპერაციები 12,7
სოფლის მეურნეობა 10,2
გადამამუშავებელი მრეწველობა 9,9
სახელმწიფო მმართველობა 7,5

 

როგორია მიმდინარე წლის პროგნოზები

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 4%-ს მიაღწევს. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მშპ-ის 5%-იან კლებას პროგნოზირებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზს ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 2020 წელს 4%-დან 5%-მდე გააუარესა. ამასთან, სსფ მომავალი წლისთვის პოზიტიურ პროგნოზს იძლევა. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება. ამასთან, მშპ 2019 წლის დონეს მხოლოდ 2022 წელს მიაღწევს.

თუმცა, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, ხოლო 2021 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდას 4,5%-იან დონეზე ელოდება.

87
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ბარაკ ობამა

„დრო და დრო გიპასუხებთ“ - ბარაკ ობამამ Twitter-ზე თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

0
(განახლებულია 09:18 24.09.2020)
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის დრო და დრო იქნება კავშირზე და გაუზიარებს ამერიკელებს თავის გეგმებს არჩევნებთან დაკავშირებით

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აშშ–ის ექს–პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Twitter–ზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, გაუგზავნონ მას შეტყობინებები მომავალ  არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

​„მოსინჯეთ რაღაც ახალი. თუ შეერთებულ შტატებში იმყოფებით, გამომიგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 773-365-9687. მინდა გავიგო, როგორ მიდის თქვენი საქმეები, რაზე ფიქრობთ და როგორ გეგმავთ ხმის მიცემას წელს“, — წერს ობამა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის დრო და დრო იქნება კავშირზე და გაუზიარებს ამერიკელებს თავის გეგმებს არჩევნებთან დაკავშირებით.

აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერსაა დაგეგმილი. ვადამდელი ხმის მიცემა ზოგ შტატში უკვე დაიწყო. მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონკურენტი არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია.

0
თემები:
მსოფლიო დღეს