რუბლი და იუანი

მოსაზრება: რუსეთმა და ჩინეთმა ზურგი აქციეს დოლარს

186
(განახლებულია 20:41 18.08.2020)
მოსკოვი და პეკინი ამერიკულ ვალუტაზე უარის თქმის გზას ადგანან. დოლარის წილი რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობაში მინიმუმზეა, ხოლო ეროვნული ვალუტების წილი ― მაქსიმუმზე.

ნატალია დემბინსკაია

ეკონომისტები დარწმუნებული არიან, რომ საბოლოოდ ყველაფერი „ფინანსური ალიანსით“ დასრულდება, სადაც ამერიკულ ფულად ერთეულს საერთოდ არ დარჩება ადგილი. ამასთან, ინვესტორები უკვე გამოდიან მთავარი სარეზერვო ვალუტიდან და ოქროზე გადადიან.

პირველ კვარტალში რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ოპერაციებში, პირველად ისტორიაში, დოლარის წილი 50 პროცენტიდან 46%-მდე დაეცა. ახლა ევროს წილი 30%-ია, ხოლო ეროვნული ვალუტებისა ― რუბლისა და იუანისა ― 24%. ასეთი ცვლა რუსული ეკონომიკის „დედოლარიზაციისა“ და მისი მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია აშშ-ის ახალი სანქციების საპირისპიროდ.

ბოლო წლებში მოსკოვი და პეკინი გეგმაზომიერად აძევებენ დოლარს ორმხრივი ვაჭრობიდან. ჯერ კიდევ 2014 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს სამწლიან სვოპ-შეთანხმებას 150 მლრდ იუანზე (24,5 მლრდ დოლარი), რომელიც ერთობლივ წვდომას ხდის შესაძლებელს ეროვნულ ვალუტებზე ღია ბაზარზე მისი შეძენის აუცილებლობის გარეშე.

2015 წელს გარიგებების თითქმის 90% დოლარში ხორციელდებოდა, მაგრამ უკვე 2019 წელს რაოდენობამ 51% შეადგინა. ხოლო რუსულმა ნავთობგიგანტმა „როსნეფტმა“ ყველა საექსპორტო კონტრაქტი ევროში გადაიყვანა.   

როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, რუსულ-ჩინური დედოლარიზაცია „გარღვევის მომენტს“ უახლოვდება, რომელსაც „ფინანსური ალიანსის“ ფორმირება შეუძლია ამერიკული ვალუტის გარეშე.

რუსეთისა და ჩინეთის გაძლიერება ― დოლარზე მოთხოვნის მოსალოდნელი ვარდნის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, განსაკუთრებული მიზეზია. როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკები მიუთითებენ, ამერიკულ ვალუტას ძირს ფედერალური რეზერვი უთხრის.

ეკონომიკის მხარდასაჭერად რეგულატორმა ფსონი ნულამდე შეამცირა და საბეჭდი დაზგა აამუშავა. კორონავირუსული კრიზისის დაწყებამდე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბაზრებში თითქმის ექვსი ტრილიონი დოლარის „გადასხმა“ განახორციელა. ფინანსისტები „ისტორიულ ექსპერიმენტზე“ ალაპარაკდნენ: საბეჭდი დაზგა მთელი სიმძლავრით მუშაობს და ქვეყანას არაფრით უზრუნველყოფილი ნაღდი ფულით ამარაგებს. და ეს ნელ-ნელა კლავს დოლარს.

ამერიკული ვალუტის ინდექსაცია განუხრელად ვარდება. აპრილიდან დოლარმა, ექვსი ძირითადი ვალუტის კალათთან შედარებით, ათი პროცენტი დაკარგა ― ესოდენ დაბლა ეს მაჩვენებელი ბოლოს 2018 წელს დაეშვა. 

ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბანკმა Goldman Sachs-მა გამოთვალა, რომ საბეჭდმა დაზგამ ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსი უკვე 2,8 ტრილიონით გაბერა. ინვესტორები გამოდიან დოლარის აქტივებიდან და ოქროზე გადადიან. და ეს სახელმწიფო ობლიგაციებზე ზეკრიზისული კურსის ფონზე ხდება: ტრეჟერისის რეალური შემოსავლები ნულზეა.

„ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ოთხ ტრილიონ დოლარზე მეტი დაბეჭდა რამდენიმე თვეში ― ეს იმაზე მეტია, ვიდრე გასული 11 წლის განმავლობაში იყო. რეაქციაც ადეკვატურია: ყიდიან არაფრით უზრუნველყოფილ ვალუტას და დოლარი უფასურდება“, ― აცხადებს ფინანსური ექსპერტი და ინვესტორი იან მარჩინსკი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი რისკებზე ჯერ კიდევ აგვისტოს მოხსენებაში იძლეოდა გაფრთხილებას. კრიზისთან ბრძოლისთვის დაბეჭდილი ტრილიონობით დოლარი და ზეკრიზისული კურსი ძირს უთხრის სარეზერვო ვალუტას: ინვესტორები გარბიან აშშ-ის სახელმწიფო ვალიდან.

სსფ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილის ჟუ მინის აზრით, კონგრესის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი მინიმუმ სამი ტრილიონი დოლარით იძლევა ნამდვილი კრახის გამოწვევის რისკს.

„სანერვიულო ის კი არ არის, რომ კურსი მომავალში 30%-ით შემცირდება, არამედ ის, რომ მოხდება ერთმომენტური მოვლენა, აფეთქება, რომელიც მოულოდნელად დაუკარგავს დოლარს ინვესტორების ნდობას“, ― აღნიშნა ჟუ მინმა.

მისი თქმით, „აფეთქება“ შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ ვალებით დამძიმებული მსხვილი კომპანიები გაკოტრებას დაიწყებენ. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კორპორატიული სექტორი კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა, ხოლო დაბალმა კურსმა მას სესხების მოცულობის მკვეთრი ზრდის შესაძლებლობა მისცა.

შედეგად, ამერიკულ ეკონომიკას ფედერალური მთავრობის 26-ტრილიონიანი ვალი გაუჩნდა და, როგორც შვეიცარიულ UBS-ში მიაჩნიათ, საბოლოოდ ეს დოლარს დაარტყამს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო ვალის ზრდა, დიდი ალბათობით, ამერიკულ ვალუტაზე აისახება“, ― ამბობს ტომას ფლური, UBS WealthManagement-ის სტრატეგი.

დოლარი ჯერ კიდევ სარგებლობს „უზომო პრივილეგიებით“, მაგრამ ეს ეპოქა დასასრულს უახლოვდება, მიაჩნია საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ს აზიური დივიზიონის ყოფილ ხელმძღვანელს სტივენ როუჩს. 2021 წელს, როგორც ფინანსისტი ამბობს, ამერიკული ფულადი ერთეული შეიძლება მესამედით გაუფასურდეს. ამას მოსახლეობის ანაბრების მკვეთრი შემცირება გამოიწვევს აშშ-ის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების კრიზისიდან წარმატებული გამოსვლის ფონზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

186
რუსი გამნაღმველები ყარაბაღში

მიმოხილვა: განაღმვის პერსპექტივები მთიან ყარაბაღში

8
(განახლებულია 17:06 25.11.2020)
მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებების ზონებისა და სხვა რაიონების ფეთქებადსაშიში საგნებისგან განაღმვა ასობით კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორიის ეტაპობრივ გაწმენდას გულისხმობს.

ეს უზარმაზარ ხარჯებსა (მილიონობით დოლარს) და ათწლეულების განმავლობაში დამქანცველ შრომას მოითხოვს, რათა სახიფათო მიწები კვლავ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებად იქცეს.

დანაღმული ტერიტორიები, აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და თვითნაკეთი ასაფეთქებლები ნებისმიერი პოსტკონფლიქტური ტერიტორიის მთავარ პრობლემად მიიჩნევა. სასიკვდილო საფრთხის მუდმივი არსებობის უახლესი მაგალითია 23 ნოემბერს სოფელ მაგადიზის მიდამოებში მომხდარი აფეთქება, რა დროსაც ადგილზე აზერბაიჯანელი და რუსი სამხედროები და ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კონფლიქტის ზონაში ასეთი საფრთხე ყოველდღიურად ელოდება სამშვიდობოებს, გამნაღმველებსა და მაშველებს.

ერევნის აეროდრომებზე გუშინ 100-ზე მეტი სამხედრო გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრიდან. ასევე გადასროლილია 13 ერთეული სპეციალური ტექნიკა. საინჟინრო ქვედანაყოფები დღეს ერევანი–გორისი–სტეფანაკერტის მარშრუტს გაივლიან. გამნაღმველების მოწინავე რაზმებმა გზებისა და ობიექტების განაღმვა მთიან ყარაბაღში 23 ნოემბერს უკვე დაიწყეს.

მარტო ერთ მონაკვეთზე რუსმა გამნაღმველებმა დაახლოებით 30 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იპოვეს. როგორც წესი, ნაპოვნი საბრძოლო მასალები სპეციალურ პოლიგონზე ან ადგილზევე ნადგურდება აფეთქების გზით. ნაღმების საძიებელი თანამედროვე საშუალებები და დამცავი აღჭურილობა რისკს ამცირებს, მაგრამ სამხედროების სიცოცხლისთვის საფრთხეს არ გამორიცხავს.

მისიის სირთულე

თანამედროვე ლოკალური და რეგიონული კონფლიქტები საომარი მოქმედებების პერმანენტული ხასიათითა და დანაღმული მოედნების, ფუგასების, ნაღმ–ხაფანგებისა და სხვა „სიურპრიზების“ ფართო გამოყენებით განსხვავდება. კონფლიქტის მხარეები, დიდი რაოდენობით ჯარების არყოლის შემთხვევაში, მტკიცე, ეშელონირებული თავდაცვის ასაგებად ქვედანაყოფებსა და საბრძოლო ტექნიკას ცალკეულ მონაკვეთებზე ათავსებენ, ხოლო „ხვრელებს“ ძირითადად დანაღმული მოედნებით ქოლავენ. საამისოდ ყარაბაღში ძირითადად საბჭოთა წარმოების ნაღმებს იყენებდნენ. ამინდის კაპრიზების გავლენით ისინი დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოდის და დანაღმული მოედნების „განახლება“ ხდება.

დიდი ალბათობით, კონფლიქტის მხარეები ახალ დანაღმულ მოედნებს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე „მოხსნიან“, მაგრამ მრავალწლიანი დაპირისპირების განმავლობაში დანაღმული მოედნების ზუსტი ადგილმდებარეობა არავინ იცის. ცალკე პრობლემაა აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვების არსებობა. ყარაბაღის მიწაში მრავალი ათასი ფეთქებადსაშიში საგანია დამარხული. ამიტომაც რუსი გამნაღმველების ათობით წლიანი დამქანცველი მუშაობა, გაეროსა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების რესურსების აქტიური ჩართვა – მინიმალური პირობაა ტერიტორიის ომის მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

მანამდე აზერბაიჯანის განაღმვის ეროვნული სააგენტოს (ANAMA) ხელმძღვანელმა გაზანფარ ახმედოვმა განაცხადა, რომ ბაქოს კონტროლქვეშ გადასული ტერიტორიების სრულ განაღმვას ყარაბაღში ათ წელზე მეტი დრო დასჭირდება.

გაერთიანებული ძალისხმევები

გაეროს განაღმვის საკითხთა სამსახურმა (UNMAS) მხოლოდ გასულ წელს 19 ქვეყანაში (ერაყის, სირიისა და ავღანეთის ჩათვლით) დაახლოებით 495 მლნ დოლარი დახარჯა. შესაძლოა ამ სახსრების ნაწილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების გასანაღმადაც გადამისამართდეს. UNMAS-ის მონაცემებით, მისია იქ დეკემბრის დასაწყისში განთავსდება. სპეციალისტები პირველ რიგში მთა–ტყიან ადგილებში მუშაობის სირთულეებს შეაფასებენ. დიდი ალბათობით, გამნაღმველთა ერთობლივი ძალისხმევა ლტოლვილების პოსტკონფლიქტურ ზონაში დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

იმედის მომცემია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერიშის პოზიციაც, რომელიც მზად არის რუსეთთან თანამშრომლობისა და ერთობლივი მოქმედებებისთვის მთიან ყარაბაღში.

 

8
ფულის კუპიურები

ლარის საშემოდგომო თავგადასავალი და მზადება ახალი წლისთვის...

253
(განახლებულია 16:08 25.11.2020)
ეროვნული ბანკი ლარის მომავალზე პროგნოზს აქვეყნებს. როგორია ეროვნული ვალუტის საახალწლო პერსპექტივა, წონასწორობის რა ნიშნულს დაიჭერს ლარი? ანალიტიკურ წრეებში კობა გვენეტაძის უწყებას აკრიტიკებენ, რატომ?

სამსონ ხონელი

შემოდგომა მიილია. რამდენიმე დღე და დრო ზამთრის პირველ თვეს აითვლის. მალე წლის შეჯამების ჟამი დადგება, თუმცა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი კაცობრიობის ისტორიაში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მატიანედ დარჩება.

გლობალური გამოწვევა მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას მკვეთრად ნეგატიურად დაეტყო. ეკონომიკურმა შოკმა უკლებლივ ყველა ქვეყანა მოიცვა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი ყველაზე საგრძნობლად ეროვნული ვალუტის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ დაახლოებით 12 პროცენტით გაუფასურდა! თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის დინამიკას, მარტივად დავინახავთ, რომ ლარს ანტირეკორდების დამყარების წელი უდგას.

ეროვნული ვალუტის კურსმა რეკორდული დაღმასვლა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.48-3.50 ლარის ფარგლებში მერყეობდა. უკვე ზაფხულში ეროვნული ვალუტა შედარებით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარი 3.08 ლარი ღირდა.

საშემოდგომოდ კი, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისა და ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთი ამერიკული დოლარი 3,30-3.35 ლარის ფარგლებში იყიდება.

რა არის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი? ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია და ჩვენი დროების აქტუალურ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა წინამდებარე სტატიაშიც მექნება. ექსპერტ-ანალიტიკოსები, მთავრობის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი ლარის რეკორდული გაუფასურების მიზეზად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. არ არის საკამათო, რომ გლობალური კრიზისის ვითარებაში ქვეყანაში ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა შემოდის, ფაქტობრივად განულებულია შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, რომლის წილიც ქვეყნის ეკონომიკაში 8 პროცენტია, გაუარესებულია უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის ბალანსი. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ლარზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. ამას მოსახლეობაში უარყოფითი მოლოდინებიც ემატება. მომავლის მიმართ გაურკვევლობის განცდა ყალიბდება, რაც მოსახლეობას აიძულებს ხელში ეჭიროთ მყარი ვალუტა. ასეთი ვალუტა არის დოლარი და არა ლარი. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება და, შემცირებული მიწოდების პირობებში, ძვირდება კიდეც.

ექსპერტ-ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილურობით არც წინა წლებში გამოირჩეოდა. ლარი ფსკერზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეშვებოდა, მაშინაც კი, როდესაც ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგში იყო და ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფუძველს არ იძლეოდა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, ლარის კურსის დაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და არის ქვეყანაში არსებული ფულის ჭარბი მასა. მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტის კურსი ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობით დგინდება. ეკონომიკაში ლარის მოცულობის გაზრდით ლარისა და დოლარის მასებს შორის ბალანსი ირღვევა. გვაქვს ბევრი ლარი და ცოტა დოლარი. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეროვნული ვალუტა უფასურდება. გასულ წელს ეკონომიკაში ლარის მასა დაახლოებით 23 პროცენტით გაიზარდა. ეს პროცესი მიმდინარე წელსაც გრძელდება. კერძოდ, სექტემბერში ფულის მასამ 13.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის მასის ზრდა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს. კობა გვენეტაძის უწყების დასკვნით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ფულის გაზრდილი მასის არგუმენტის გამოყენება არ არის სწორი და ის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. არადა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას აკრიტიკებს და ლარის დევალვაციაზეც პასუხისმგებლობას სწორედ კობა გვენეტაძის უწყებას აკისრებს. მათი შეფასებით, ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, სავალუტო აუქციონზე ინტერვენციებს ახორციელებს, დოლარის გაყიდვით ბაზრიდან ლარს იღებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რეფინანსირების სესხების გაცემით ბაზარს ლარს აწვდის. როგორც წესი, ბაზრიდან ამოღებული ლარის მასას ბევრად აღემატება ბაზრისთვის მიწოდებული ლარის მასა, რაც საბოლოოდ საფინანსო ბაზარზე ლარის ჭარბ რაოდენობას იწვევს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, არც ე.წ. სუსტი ლარის პოლიტიკამ გაამართლა. „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს სტაბილური ეროვნული ვალუტა. რაც უფრო ხშირი იქნება რყევა და ლარის კურსის გაუფასურება, მით უფრო მძიმე ვითარებაში იქნება ბიზნესი თუ წარმოება. დღევანდელი ტიპის ინტერვენციები არაეფექტურია. სავალუტო ბაზარზე აუცილებელია აქტიური მოქმედებები... კერძოდ, ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მუდმივ რეჟიმში, როგორიც ეროვნულ ბანკს ეს პანდემიის საწყის ეტაპზე ჰქონდა“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე.

როგორია პერსპექტივა? ეროვნული ბანკის პროგნოზით, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა კვლავაც სოლიდური იქნება. ამიტომ მომდევნო წლების განმავლობაში ლარის ნომინალური გაცვილითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურების სტაბილურ ნიშნულზე დარჩება. კობა გვენეტაძის უწყების ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია სავალუტო ნაკადების აღდგენა, შედეგად – 2021-2022 წლებში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ წლიურად 5-5 პროცენტით გამყარდება. არსებობს პესიმისტური სცენარი, რომლის მიხედვით, 2021-2022 წლებში ქვეყანაში რეცესია გაგრძელდება, რეგიონში დაძაბული პოლიტიკური ვითარება იქნება და 2021 წელს ეროვნული ვალუტა კიდევ 20 პროცენტით გაუფასურდება. ხოლო 2022 წლიდან, ეკონომიკური გაჯანსაღების პირობებში, ლარი 5 პროცენტით გამყარდება. რას გვპირდება რეალისტური სცენარი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, კითხვას მარტივად ვუპასუხებ: ასეთი სცენარი ბუნებაში არ არსებობს, რეალისტური იქნება, რასაც დროსა და სივრცეში დავინახავთ და ჯიბეზე ვიგრძნობთ. ასე რომ, დაველოდოთ...

ამასობაში მედიაპლატფორმა Forbes იუწყება, რომ ტრანსნაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup 2021 წელს დოლარის 20 პროცენტით გაუფასურებას პროგნოზირებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანალიტიკოსების ამგვარი ვარაუდი ეყრდნობა მოლოდინს, რომ უკვე მომავალი წლიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, რაც საერთაშორისო ვაჭრობას აღადგენს და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. მათივე შეფასებით, დოლარის კურსზე ასევე ნეგატიურად აისახება ფედერალური რეზერვის ფრთხილი პოლიტიკა. ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დოლარის გაუფასურებას ხელს შეუწყობს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. კერძოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, რაც ქვეყნის შიგნით ბიზნესის წარმოებას ახალისებს, ხოლო ჯო ბაიდენი გადასახადების გაზრდის მომხრეა, რამაც სავსებით შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ინვესტიციების გადინება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინეთთან სავაჭრო ომი, რომელსაც, ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ახლადარჩეული პრეზიდენტი, მართალია, ბოლომდე ვერ შეწყვეტს, მაგრამ, სავარაუდოდ, შეარბილებს მაინც, რაც განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე დადებითად იმოქმედებს და დოლარზე უარყოფითად აისახება. და, ბოლოს, დოლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება გახდეს, რის სურვილსაც ჯო ბაიდენი აფიქსირებს. ეს ევროს მიმართ ინვესტორებს წაახალისებს. ერთი სიტყვით, Citigroup-ის ანალიტიკოსები მომავალი წლიდან დოლარის გაუფასურებას ელოდებიან. მეტიც, არ არის გამორიცხული, ეს 1985 წლის შემდეგ დოლარის რეკორდული გაუფასურება იყოს, როდესაც დოლარი მსოფლიოს ექვს ვალუტასთან მიმართებაში წლის განმავლობაში 18.5 პროცენტით გაუფასურდა. ბუნებრივია, ახლაც საუბარია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ვალუტაზე. მათ შორის ქართული ლარი ჯერ არ მოიაზრება...

 

253
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში