საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400

მიმოხილვა: „პრომეთეოსი“ სამიზნეს 550 კმ-ზე ანადგურებს

79
(განახლებულია 19:46 18.08.2020)
უახლესი საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-500 „პრომეთეოსის“ გამოჩენა რუსეთის მიმართ უპრეცედენტო საგარეო საფრთხეებითაა გამოწვეული.

გასულ კვირაში რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს და გააცილეს 46 უცხოური თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც დაზვერვას აწარმოებდნენ რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან. ამის შესახებ გაზეთი „კრასნაია ზვეზდა“ წერდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ქვეყნის საჰაერო საზღვრების დარღვევა დაუშვებელია, მაგრამ ამგვარი „სტუმრების“ რაოდენობა განუხრელად იზრდება. პენტაგონი ასე ამუშავებს სტრატეგიას, ტაქტიკასა და „არაპროგნოზირებადი დარტყმის“ ტექნოლოგიურ ალგორითმებს. რუსეთი იძულებულია რეაგირება მოახდინოს და სავარაუდო აგრესორის კუთვნილი დრონების კონტროლისა და განადგურების კიდევ უფრო ეფექტური საშუალებები შექმნას.

მთავრდება საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-500 „პრომეთეოსის“ გამოცდა, რა დროსაც რაკეტამ რეკორდულ მანძილზე, 553 კმ-ზე დააზიანა სამიზნე. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირობა დადო, რომ სისტემის მიწოდება ჯარებში 2020 წელს დაიწყება.

მანამდე სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა: „საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-500-ის მახასიათებლები იძლევა საშალებას, გარდა აეროდინამიკული და ბალისტიკური სამიზნეებისა, ასევე განადგურდეს ყველა მოდიფიკაციის ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის, ახლო კოსმოსში“.   

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უნიკალური კომპლექსი С-500 „პრომეთეოსი“ უნივერსალურ სისტემა „ხმელეთი-ჰაერს“ განეკუთვნება, რომელსაც აქვს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მაღალი პოტენციალი და აქვს უნარი, გაანადგუროს ყველა საჰაერო სამიზნე ― ბალისტიკური, აეროდინამიკული, ჰიპერბგერითი ― დღეისათვის უკვე მიღწეულ და პერსპექტიულ ყველა სიჩქარეზე. აუცილებლობის შემთხვევაში „პრომეთეოსს“ შეუძლია „ოთხ წამში“ ჩამოაგდოს F-35. მოქმედების ეფექტურობით მას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და უახლოეს ათწლეულში არც ექნება.

საზღვაო ჰორიზონტები

„პრომეთეოსი“ დაეხმარება „ტრიუმფს“ და რუსეთის ფედერაციის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ერთიანი სისტემის ღერძი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პოტენციური მოწინააღმდეგის ხილული და უხილავი დაზვერვითი და შემტევი თვითმფრინავები მიზანში რუსეთის საზღვრიდან 600 კმ-ში იქნება ამოღებული.

შავი ზღვის მიმართულებით С-500-ის სისტემები ყირიმიდან, წმინდა ჰიპოთეტურად, შეძლებენ ჩამოაგდონ აგრესორის სტრატეგიული ბომბდამშენები ბუქარესტის, ანკარისა თუ კიევის თავზე (ყველა ამ შემთხვევაში სამიზნემდე მანძილი 550 კმ-ზე ნაკლები არ იქნება).

ბალტიის ზღვის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი გააძლიერებს ბალტიის თავზე არსებულ არასაფრენ ზონაში ტექნოლოგიურ უნარებს. კალინინგრადის ოლქში განთავსებული „პრომეთეოსი“ შეძლებს საიმედოდ გააკონტროლოს საჰაერო სივრცე მთელი პოლონეთის, გერმანიის ნაწილის, დანიის (კოპენჰაგენის ჩათვლით), ჩეხეთისა და სლოვაკეთის თავზე. ამგვარად, С-500 საკმაოდ სწრაფად გააუფასურებს ამერიკული ჯარების განთავსებას პოლონეთის ტერიტორიაზე და ვაშინგტონისა და ვარშავის სამხედრო პარტნიორობის გაფართოებას. მეორე მხრივ, ახალი რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა საიმედოდ გადაკეტავს საჰაერო სივრცეს მოკავშირე ბელარუსის თავზე.

ამერიკული ჟურნალი The National Interest განგაშით აკვირდება „პრომეთეოსის“ გამოცდებს და იუწყება: „ეს ახალი თაობის იარაღია, რომლის დანიშნულებაც ისაა, რომ გააძლიეროს ისედაც ძლიერი С-400 სისტემა, რომელიც მოსკოვს აქვს... С-500-ს აქვს მაღლივი სამიზნეების განადგურების უპრეცედენტო შესაძლებლობები შორ მანძილზე, და შეუძლია ებრძოლოს „სტელსის“ ტექნოლოგიით შექმნილ თვითმფრინავებს“.

პენტაგონისთვის ეს მართლაც უსიამოვნო „აღმოჩენაა“ ― თითოეული კომპლექსით ათი სამიზნის ერთდროული განადგურების 600-კილომეტრიანი ზღვარი. რა თქმა უნდა, უახლესი რუსული სისტემა შეამცირებს აშშ-ის და მისი მოკავშირეების სამხედრო-საჰაერო ძალების თავისუფლების ხარისხს ბალტიისა და შავი ზღვების თავზე. კალინინგრადის ოლქიდან С-500 საბრძოლო ვითარებაში შეძლებენ გაანადგურონ ფრთოსანი რაკეტები და „უხილავი“ F-35-ები შორ მანძილზე. თუმცა, თუ ამერიკელი მფრინავები „წითელ ხაზს“ არ გადაკვეთენ ყირიმში, კალინინგრადისა თუ ლენინგრადის ოლქებში, ასევე რუსეთის სხვა რეგიონებში, ყოველდღიურად არ „გამოეკიდებიან ჰაერში“ აღმოსავლეთ ევროპის მშვიდობიანი რეგიონების თავზე, მათ არაფერი ექნებათ სანერვიულო. „პრომეთეოსი“ მხოლოდ დაცვისთვისაა შექმნილი საგარეო აგრესიის შემთხვევაში, რათა ეფექტურად განახორციელოს „იძულებითი მშვიდობა“.

კოსმოსური სიმაღლეები

სამხედრო სტრატეგიები და კონფლიქტები ტექნოლოგიურად სულ უფრო რთული ხდება. დედამიწის ორბიტაზე დაზვერვისა და ნავიგაციის ბევრი სისტემაა გაყვანილი. აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა არც ისე დიდი ხნის წინ „არამეგობარი სახელმწიფოების“ თანამგზავრული დაჯგუფებებისა და შეტევითი ოპერაციების „ნეიტრალიზაციის“ მისიები დაგეგმეს. პენტაგონი კოსმოსში ოპერაციებს საბრძოლო მოქმედებების ცალკე სფეროდ განიხილავს, ამიტომ ადრე თუ გვიან განათავსებს დედამიწის ახლო ორბიტაზე შეტევით შეიარაღებას (კინეტიკურს, ლაზერულსა თუ ელექტრომაგნიტურს). შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია ამუშავებენ თავდასხმის კოსმოსურ საშუალებებს და შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ ის.

ჰოლივუდური სცენარით „ვარსკვლავურ ომებში“ მონაწილეობა რუსეთს არაფერში სჭირდება. „პრომეთეოსების“ სახმელეთო ქსელი, რომელიც სწრაფად მოხსნის ორბიტულ საფრთხეებს, ნებისმიერ „ვარსკვლავურ ფლოტზე“ ოპტიმალურად და ეფექტურად გამოიყურება.

С-500-ის ტექნოლოგიები სამხედრო საქმეში ახალ ჰორიზინტებს შლის და პირდაპირ გავლენას ახდენს ახლო კოსმოსსა და გლობალურ გეოპოლიტიკაზე. ამასთან რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არავინ იტყვის უარს ინტეგრირებულ, ღრმად ეშელონირებულ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებზე. С-500, С-400 და С-300 ეფექტურად დაიცავს რუსეთის საჰერო სივრცეს სხვადასხვა საფრთხეებისგან.

და ბოლოს: С-500-ის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება С-400-ის შესაძლებლობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკულ ანალოგ Patriot Advanced Capability-3-ზე. ამასთან, ეგვიპტური გამოცემა Sasapost-ის ინფორმაციით, უახლესი რუსული სისტემები შეიძლება დაახლოებით 500 მლნ დოლარი ღირდეს მაშინ, როდესაც Patriot-ის ფასი ერთი მილიარდი დოლარია, ხოლო THAAD-ის ― 3 მლრდ დოლარი. მობილურ „პრომეთეოსს“ შეუძლია წარმატებული გახდეს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

79
რუსი გამნაღმველები ყარაბაღში

მიმოხილვა: განაღმვის პერსპექტივები მთიან ყარაბაღში

8
(განახლებულია 17:06 25.11.2020)
მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებების ზონებისა და სხვა რაიონების ფეთქებადსაშიში საგნებისგან განაღმვა ასობით კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორიის ეტაპობრივ გაწმენდას გულისხმობს.

ეს უზარმაზარ ხარჯებსა (მილიონობით დოლარს) და ათწლეულების განმავლობაში დამქანცველ შრომას მოითხოვს, რათა სახიფათო მიწები კვლავ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებად იქცეს.

დანაღმული ტერიტორიები, აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და თვითნაკეთი ასაფეთქებლები ნებისმიერი პოსტკონფლიქტური ტერიტორიის მთავარ პრობლემად მიიჩნევა. სასიკვდილო საფრთხის მუდმივი არსებობის უახლესი მაგალითია 23 ნოემბერს სოფელ მაგადიზის მიდამოებში მომხდარი აფეთქება, რა დროსაც ადგილზე აზერბაიჯანელი და რუსი სამხედროები და ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კონფლიქტის ზონაში ასეთი საფრთხე ყოველდღიურად ელოდება სამშვიდობოებს, გამნაღმველებსა და მაშველებს.

ერევნის აეროდრომებზე გუშინ 100-ზე მეტი სამხედრო გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრიდან. ასევე გადასროლილია 13 ერთეული სპეციალური ტექნიკა. საინჟინრო ქვედანაყოფები დღეს ერევანი–გორისი–სტეფანაკერტის მარშრუტს გაივლიან. გამნაღმველების მოწინავე რაზმებმა გზებისა და ობიექტების განაღმვა მთიან ყარაბაღში 23 ნოემბერს უკვე დაიწყეს.

მარტო ერთ მონაკვეთზე რუსმა გამნაღმველებმა დაახლოებით 30 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იპოვეს. როგორც წესი, ნაპოვნი საბრძოლო მასალები სპეციალურ პოლიგონზე ან ადგილზევე ნადგურდება აფეთქების გზით. ნაღმების საძიებელი თანამედროვე საშუალებები და დამცავი აღჭურილობა რისკს ამცირებს, მაგრამ სამხედროების სიცოცხლისთვის საფრთხეს არ გამორიცხავს.

მისიის სირთულე

თანამედროვე ლოკალური და რეგიონული კონფლიქტები საომარი მოქმედებების პერმანენტული ხასიათითა და დანაღმული მოედნების, ფუგასების, ნაღმ–ხაფანგებისა და სხვა „სიურპრიზების“ ფართო გამოყენებით განსხვავდება. კონფლიქტის მხარეები, დიდი რაოდენობით ჯარების არყოლის შემთხვევაში, მტკიცე, ეშელონირებული თავდაცვის ასაგებად ქვედანაყოფებსა და საბრძოლო ტექნიკას ცალკეულ მონაკვეთებზე ათავსებენ, ხოლო „ხვრელებს“ ძირითადად დანაღმული მოედნებით ქოლავენ. საამისოდ ყარაბაღში ძირითადად საბჭოთა წარმოების ნაღმებს იყენებდნენ. ამინდის კაპრიზების გავლენით ისინი დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოდის და დანაღმული მოედნების „განახლება“ ხდება.

დიდი ალბათობით, კონფლიქტის მხარეები ახალ დანაღმულ მოედნებს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე „მოხსნიან“, მაგრამ მრავალწლიანი დაპირისპირების განმავლობაში დანაღმული მოედნების ზუსტი ადგილმდებარეობა არავინ იცის. ცალკე პრობლემაა აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვების არსებობა. ყარაბაღის მიწაში მრავალი ათასი ფეთქებადსაშიში საგანია დამარხული. ამიტომაც რუსი გამნაღმველების ათობით წლიანი დამქანცველი მუშაობა, გაეროსა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების რესურსების აქტიური ჩართვა – მინიმალური პირობაა ტერიტორიის ომის მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

მანამდე აზერბაიჯანის განაღმვის ეროვნული სააგენტოს (ANAMA) ხელმძღვანელმა გაზანფარ ახმედოვმა განაცხადა, რომ ბაქოს კონტროლქვეშ გადასული ტერიტორიების სრულ განაღმვას ყარაბაღში ათ წელზე მეტი დრო დასჭირდება.

გაერთიანებული ძალისხმევები

გაეროს განაღმვის საკითხთა სამსახურმა (UNMAS) მხოლოდ გასულ წელს 19 ქვეყანაში (ერაყის, სირიისა და ავღანეთის ჩათვლით) დაახლოებით 495 მლნ დოლარი დახარჯა. შესაძლოა ამ სახსრების ნაწილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების გასანაღმადაც გადამისამართდეს. UNMAS-ის მონაცემებით, მისია იქ დეკემბრის დასაწყისში განთავსდება. სპეციალისტები პირველ რიგში მთა–ტყიან ადგილებში მუშაობის სირთულეებს შეაფასებენ. დიდი ალბათობით, გამნაღმველთა ერთობლივი ძალისხმევა ლტოლვილების პოსტკონფლიქტურ ზონაში დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

იმედის მომცემია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერიშის პოზიციაც, რომელიც მზად არის რუსეთთან თანამშრომლობისა და ერთობლივი მოქმედებებისთვის მთიან ყარაბაღში.

 

8
ფულის კუპიურები

ლარის საშემოდგომო თავგადასავალი და მზადება ახალი წლისთვის...

253
(განახლებულია 16:08 25.11.2020)
ეროვნული ბანკი ლარის მომავალზე პროგნოზს აქვეყნებს. როგორია ეროვნული ვალუტის საახალწლო პერსპექტივა, წონასწორობის რა ნიშნულს დაიჭერს ლარი? ანალიტიკურ წრეებში კობა გვენეტაძის უწყებას აკრიტიკებენ, რატომ?

სამსონ ხონელი

შემოდგომა მიილია. რამდენიმე დღე და დრო ზამთრის პირველ თვეს აითვლის. მალე წლის შეჯამების ჟამი დადგება, თუმცა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი კაცობრიობის ისტორიაში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მატიანედ დარჩება.

გლობალური გამოწვევა მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას მკვეთრად ნეგატიურად დაეტყო. ეკონომიკურმა შოკმა უკლებლივ ყველა ქვეყანა მოიცვა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი ყველაზე საგრძნობლად ეროვნული ვალუტის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ დაახლოებით 12 პროცენტით გაუფასურდა! თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის დინამიკას, მარტივად დავინახავთ, რომ ლარს ანტირეკორდების დამყარების წელი უდგას.

ეროვნული ვალუტის კურსმა რეკორდული დაღმასვლა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.48-3.50 ლარის ფარგლებში მერყეობდა. უკვე ზაფხულში ეროვნული ვალუტა შედარებით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარი 3.08 ლარი ღირდა.

საშემოდგომოდ კი, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისა და ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთი ამერიკული დოლარი 3,30-3.35 ლარის ფარგლებში იყიდება.

რა არის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი? ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია და ჩვენი დროების აქტუალურ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა წინამდებარე სტატიაშიც მექნება. ექსპერტ-ანალიტიკოსები, მთავრობის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი ლარის რეკორდული გაუფასურების მიზეზად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. არ არის საკამათო, რომ გლობალური კრიზისის ვითარებაში ქვეყანაში ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა შემოდის, ფაქტობრივად განულებულია შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, რომლის წილიც ქვეყნის ეკონომიკაში 8 პროცენტია, გაუარესებულია უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის ბალანსი. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ლარზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. ამას მოსახლეობაში უარყოფითი მოლოდინებიც ემატება. მომავლის მიმართ გაურკვევლობის განცდა ყალიბდება, რაც მოსახლეობას აიძულებს ხელში ეჭიროთ მყარი ვალუტა. ასეთი ვალუტა არის დოლარი და არა ლარი. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება და, შემცირებული მიწოდების პირობებში, ძვირდება კიდეც.

ექსპერტ-ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილურობით არც წინა წლებში გამოირჩეოდა. ლარი ფსკერზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეშვებოდა, მაშინაც კი, როდესაც ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგში იყო და ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფუძველს არ იძლეოდა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, ლარის კურსის დაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და არის ქვეყანაში არსებული ფულის ჭარბი მასა. მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტის კურსი ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობით დგინდება. ეკონომიკაში ლარის მოცულობის გაზრდით ლარისა და დოლარის მასებს შორის ბალანსი ირღვევა. გვაქვს ბევრი ლარი და ცოტა დოლარი. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეროვნული ვალუტა უფასურდება. გასულ წელს ეკონომიკაში ლარის მასა დაახლოებით 23 პროცენტით გაიზარდა. ეს პროცესი მიმდინარე წელსაც გრძელდება. კერძოდ, სექტემბერში ფულის მასამ 13.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის მასის ზრდა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს. კობა გვენეტაძის უწყების დასკვნით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ფულის გაზრდილი მასის არგუმენტის გამოყენება არ არის სწორი და ის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. არადა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას აკრიტიკებს და ლარის დევალვაციაზეც პასუხისმგებლობას სწორედ კობა გვენეტაძის უწყებას აკისრებს. მათი შეფასებით, ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, სავალუტო აუქციონზე ინტერვენციებს ახორციელებს, დოლარის გაყიდვით ბაზრიდან ლარს იღებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რეფინანსირების სესხების გაცემით ბაზარს ლარს აწვდის. როგორც წესი, ბაზრიდან ამოღებული ლარის მასას ბევრად აღემატება ბაზრისთვის მიწოდებული ლარის მასა, რაც საბოლოოდ საფინანსო ბაზარზე ლარის ჭარბ რაოდენობას იწვევს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, არც ე.წ. სუსტი ლარის პოლიტიკამ გაამართლა. „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს სტაბილური ეროვნული ვალუტა. რაც უფრო ხშირი იქნება რყევა და ლარის კურსის გაუფასურება, მით უფრო მძიმე ვითარებაში იქნება ბიზნესი თუ წარმოება. დღევანდელი ტიპის ინტერვენციები არაეფექტურია. სავალუტო ბაზარზე აუცილებელია აქტიური მოქმედებები... კერძოდ, ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მუდმივ რეჟიმში, როგორიც ეროვნულ ბანკს ეს პანდემიის საწყის ეტაპზე ჰქონდა“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე.

როგორია პერსპექტივა? ეროვნული ბანკის პროგნოზით, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა კვლავაც სოლიდური იქნება. ამიტომ მომდევნო წლების განმავლობაში ლარის ნომინალური გაცვილითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურების სტაბილურ ნიშნულზე დარჩება. კობა გვენეტაძის უწყების ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია სავალუტო ნაკადების აღდგენა, შედეგად – 2021-2022 წლებში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ წლიურად 5-5 პროცენტით გამყარდება. არსებობს პესიმისტური სცენარი, რომლის მიხედვით, 2021-2022 წლებში ქვეყანაში რეცესია გაგრძელდება, რეგიონში დაძაბული პოლიტიკური ვითარება იქნება და 2021 წელს ეროვნული ვალუტა კიდევ 20 პროცენტით გაუფასურდება. ხოლო 2022 წლიდან, ეკონომიკური გაჯანსაღების პირობებში, ლარი 5 პროცენტით გამყარდება. რას გვპირდება რეალისტური სცენარი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, კითხვას მარტივად ვუპასუხებ: ასეთი სცენარი ბუნებაში არ არსებობს, რეალისტური იქნება, რასაც დროსა და სივრცეში დავინახავთ და ჯიბეზე ვიგრძნობთ. ასე რომ, დაველოდოთ...

ამასობაში მედიაპლატფორმა Forbes იუწყება, რომ ტრანსნაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup 2021 წელს დოლარის 20 პროცენტით გაუფასურებას პროგნოზირებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანალიტიკოსების ამგვარი ვარაუდი ეყრდნობა მოლოდინს, რომ უკვე მომავალი წლიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, რაც საერთაშორისო ვაჭრობას აღადგენს და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. მათივე შეფასებით, დოლარის კურსზე ასევე ნეგატიურად აისახება ფედერალური რეზერვის ფრთხილი პოლიტიკა. ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დოლარის გაუფასურებას ხელს შეუწყობს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. კერძოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, რაც ქვეყნის შიგნით ბიზნესის წარმოებას ახალისებს, ხოლო ჯო ბაიდენი გადასახადების გაზრდის მომხრეა, რამაც სავსებით შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ინვესტიციების გადინება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინეთთან სავაჭრო ომი, რომელსაც, ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ახლადარჩეული პრეზიდენტი, მართალია, ბოლომდე ვერ შეწყვეტს, მაგრამ, სავარაუდოდ, შეარბილებს მაინც, რაც განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე დადებითად იმოქმედებს და დოლარზე უარყოფითად აისახება. და, ბოლოს, დოლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება გახდეს, რის სურვილსაც ჯო ბაიდენი აფიქსირებს. ეს ევროს მიმართ ინვესტორებს წაახალისებს. ერთი სიტყვით, Citigroup-ის ანალიტიკოსები მომავალი წლიდან დოლარის გაუფასურებას ელოდებიან. მეტიც, არ არის გამორიცხული, ეს 1985 წლის შემდეგ დოლარის რეკორდული გაუფასურება იყოს, როდესაც დოლარი მსოფლიოს ექვს ვალუტასთან მიმართებაში წლის განმავლობაში 18.5 პროცენტით გაუფასურდა. ბუნებრივია, ახლაც საუბარია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ვალუტაზე. მათ შორის ქართული ლარი ჯერ არ მოიაზრება...

 

253
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში