ფულის კუპიურები

ფულადი გადმორიცხვები საქართველოში კვლავ იზრდება

228
(განახლებულია 15:52 17.08.2020)
ორი წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან – ივლისში გადმოირიცხა 40,4 მილიონი აშშ დოლარი.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებას განაგრძობს>>

რუსეთიდან საქართველოში 2020 წელს 3,7%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. ივლისში რუსეთიდან 40,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 21,4%.

რა მოცულობის ვალუტა გამოიგზავნა საქართველოში

საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა 0,3%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 957,7 მლნ დოლარი შეადგინა.

რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზეა – ამ ქვეყნიდან იანვარი-ივლისის პერიოდში გადმორიცხულმა თანხამ 186,1 მლნ დოლარი შეადგინა – ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,4%. რუსეთიდან 2020 წლის დასაწყისიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა 21,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ზრდის ტენდენცია გრძელდება

ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება – ივნისში 17,8%-იანი მატების შემდეგ ივლისში წლიურმა ზრდამ 22,1% შეადგინა.

„თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი“, – წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში, „ფეისბუქის“ გვერდზე.

ფულადი გზავნილები აპრილში 42,3%-ით შემცირდა, მაგრამ მაისში – მხოლოდ 9,6%-ით.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილები მომდევნო თვეებში გამოიგზავნა, რამაც ასევე იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე.

„მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც, ფულადი გზავნილების გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს. აღნიშნული დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის და, საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს“, – წერს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკი საქართველოს სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს>>

რა ოდენობის თანხა გაიგზავნა საქართველოდან

ივლისში საქართველოდან უცხო ქვეყნებში 22,2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 15,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ 128,3 მლნ დოლარი გაიგზავნა, რაც 0,2%-ით მეტია 2019 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე.

228
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან - 2021 სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

8
(განახლებულია 12:45 22.01.2021)
გულშემატკივრები ტოკიოში ქართველი ოლიმპიელების გამოსვლას ელოდებიან. საინტერესო წელი იქნება ქართული რაგბისთვისაც. პარალელურად ფეხბურთელები განაწყენებული ქომაგის გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო გადაიდო ან სულაც ჩაიშალა 2020 წელს დაგეგმილი უამრავი სპორტული ღონისძიება. გულშემატკივართათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო გასულ წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გადადება. კორონავირუსთან ვაქცინაციით დაწყებულ ბრძოლას მსოფლიო საზოგადოება იმედის თვალით შეჰყურებს, რაც ჩვენც იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელი სპორტული თვალსაზრისით ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

იმედიანად არის განწყობილი ქართველი ქომაგიც, რადგან ქართულ სპორტს საინტერესო წელი ელოდება და ფედერაციები გარკვეულ სახეობებში მსოფლიო ტურნირებზე უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას გეგმავენ.

მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო. ოლიმპიადის ლიცენზიები ქართველი სპორტსმენების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვს, დანარჩენები კი ოლიმპიადამდე დაგეგმილ ტურნირებზე იბრძოლებენ ლიცენზიების მოსაპოვებლად. რთული წელი ექნებათ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში განცდილი მარცხით გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს. საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მუნდიალისთვის შესარჩევ ეტაპს გაივლის, სადაც უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება. რაც შეეხება კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს, ისინი ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლები იქნებიან. მოუთმენლად ველით UFC-ში ჩვენი მებრძოლების გამოსვლებსაც, მიუხედავად პანდემიისა, მათ 2020-ში უამრავი სიხარული გვაჩუქეს. ასევე წინ გველის ძიუდოში თბილისის გრანდ-სლემი და უამრავი სხვა სპორტული ღონისძიება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

იაპონიის დედაქალაქმა ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12,5 ათასზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს.

ოლიმპიადის ხსენებაზე ქართველ გულშემატკივარს პირველი ალბათ ლაშა ტალახაძე გაახსენდება. ჩვენი გოლიათის მარცხს სხვა ქვეყნის სპორტის ქომაგები და წარმომადგენლებიც კი არ განიხილავენ და მით უფრო მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება ქართველ ქომაგს. ტალახაძის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან და არაამქვეყნიური ძალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთი ოლიმპიური ოქროს იმედი ამ სახეობაში ნამდვილად უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო ხანს, ტალახაძის გარდა, არაერთმა ქართველმა ძალოსანმა მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ტურნირებზე და არ არის გამორიცხული, ფედერაციას კიდევ ჰქონდეს დაგეგმილი ოლიმპიური მედლები.

ტრადიციულად საქართველოს მედლების მოპოვების დიდი შანსი ექნება საჭიდაო სპორტის სახეობებში. საინტერესო იქნება ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა, სადაც უამრავი ახალი სახე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წელი წარმატებით დაიწყეს ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა, რომლებმაც დოჰას მასტერსზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულეს. არ უნდა დაგვავიწყდეს თავისუფალი სტილით ჭიდაობა, სადაც ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილის იმედი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო სპორტში ისეთი ფენომენალური მოვლენა, როგორიც ჩვენი მსროლელი ნინო სალუქვაძეა, რომელიც თავის მე-9 (!) ოლიმპიადაზე მიდის. წარმატებები ვუსურვოთ ნინოს და იმედი ვიქონიოთ, რომ მასთან ერთად ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვა სახეობებშიც მოუტანენ ქვეყანას ჯილდოებს.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ საფეხბურთო ნაკრები მუნდიალის შესარჩევისთვის ემზადება

კარგი იქნება, თუ კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად დავიწყებას მიეცემა 2020 წლის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მარცხის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ აიცრუა გული ქართულ ფეხბურთზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილად რთული გზა აქვთ გასავლელი. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

მუნდიალის შესარჩევზე საქართველო პირველ შეხვედრას 2021 წლის 25 მარტს სტუმრად გამართავს შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში კვლავ შვედებთან მოგვიწევს დაპირისპირება.

ნაკრების სხვა პრობლემებს ახლა ისიც დაემატა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ფედერაცია ისევ ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული კლუბებიც. ევროსარბიელზე, მსგავსად წინა სეზონებისა, კვლავ ოთხი გუნდი იასპარეზებს. ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ (თასის გამარჯვებული) უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე გასვლას შეეცდებიან.

ქართველი მორაგბეებისთვის წელი რუსეთთან შეხვედრით იწყება

„ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ შეხვვედრას რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან 6 თებერვალს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნული შეხვედრა არაფერს წყვეტს, მაყურებელი ქართველ მორაგბეთა მატჩებს ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება. „დათვებს“ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა შევხვედროდით, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო.

შემდეგ კი ლევან მაისაშვილის შეგირდებს წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელით, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საუბარია ასევე ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზე, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" შესაძლოა არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართონ.

კალათბურთელები ევრობასკეტისთვის გახურდებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წელს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხ შეხვედრას, ე.წ. „ბაბლს“ უმასპინძლებს. 2021 წლის თებერვალში ჩვენი ნაკრები ჯერ სერბეთის დამარცხებას შეეცდება, შემდეგ კი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის შეგირდებმა „ბაბლის“ პრინციპით ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებულად იასპარეზეს. ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ ფინეთთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

საქართველო ევრობასკეტი-2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. მიუხედავად ამისა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ დაუზოგავთ და შესარჩევი ეტაპის აქამდე გამართული ყველა მატჩი მოიგეს, თანაც უმეტესი მათგანი – სერიოზული საკადრო დანაკლისების პირობებში. მეორე მხრივ, ძირითადი შემადგენლობის დანაკლისმა გამოავლინა პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ნაკრებს მომავალში უდავოდ გამოადგებიან.

2021 წლის ზაფხულში საქართველო 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ქართველი სპორტსმენები თანდათან სახელს იხვეჭენ

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები პოპულარული გახდა. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი UFC-სკენ არის მიმართული, სადაც ექვსი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე – ეს იმ მებრძოლთა ჩამონათვალია, რომლებმაც გასულ წელს თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრეს, და არ არის გამორიცხული, რომ ქართველ მონაწილეთა რიცხვი მიმდინარე სეზონისთვის კიდევ გაიზარდოს.

აღნიშნული ექვსი მებრძოლისგან 2021 წელს ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურ თავდადებასა და წარმატებებს ელოდება. UFC-ში ქართველთა მომავალი მეტოქეების ვინაობა წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ასე რომ, წელს საინტერესო სპორტული 2021 გველოდება, წარმატებების იმედით დაველოდოთ წლის ბოლოს შეჯამებას.

 

8
გარემოვაჭრეები

საქართველოში ინფლაციის დონე მკვეთრად შემცირდა: რაშია ფასების ვარდნის მიზეზი

227
(განახლებულია 14:26 20.01.2021)
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ მინუს 1% შეადგინა. ნოემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 0,9% იყო.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2019 წლის დეკემბერი – 2020 წლის დეკემბერი) 2,4% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

ასე რომ, 2019 წლის თებერვლიდან პირველად ინფლაციის წლიური დონე მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლები აღმოჩნდა.

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს 1% შეადგინა. ნოემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 0,9% იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ყველაზე მეტად ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებაზე – 22%-ით. ამავე დროს, ფასები გაიზარდა სურსათსა (2,1%) და ტრანსპორტზე (2,4%).

კომუნალურ მომსახურებაზე ფასების კლების მიზეზები

„საქსტატით“ განმარტებით, დეკემბერში ინფლაციის დონის კლების მიზეზი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება გახდა, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამასთან, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება ხორციელდება მათი მოხმარების მიხედვით, ხოლო წყალმომარაგების და დასუფთავების სერვისის – მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით.

პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური. ანუ, სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს. აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე აბონენტებისთვის დეკემბერში განხორციელდა ტარიფის სრული სუბსიდირება, რაც მათთვის 0-ის ტოლ ტარიფს გულისხმობს. დანარჩენი აბონენტებისთვის კი ტარიფი დარჩა უცვლელი“, – ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სუბსიდირების შედეგი გათვალისწინებული იქნა დეკემბის ინფლაციის დონის გაანგარიშებისას, რამაც გარკვეულწილად შეამცირა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გასული თვეების დინამიკასთან შედარებით.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. 

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომუნალურ მომსახურებაზე ფასები 21,7%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ფასებმა დაიწია ტრანსპორტზე (2,3%), გართობასა და დასვენებაზე (2,8%). ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,8%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 11,3%-ით, მზესუმზირის ზეთი – 27,2%-ით, ყავა და ჩაი – 13,4%-ით, პურპროდუქტები – 7%-ით, ხორცი – 1,7%-ით, ხილი კი გაიაფდა 4,5%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,6%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

მარტო ციფრებით ვერ „გაძღები“

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის გამოთვლის ფორმულა არ გამოდგება ადამიანების კეთილდღეობისა და მათი შემოსავლების გასაზომად. 

„მოქალაქეების სამომხმარებლო კალათა შეზღუდულია და, სამწუხაროდ, დღეისათვის არსებული იმ შემოსავლების გათვალისწინებით, რომელიც მოსახლეობას აქვს, ეს კალათა უფრო მეტად დამძიმდა, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკა. ინფლაციის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა საკვები არ არის, იმიტომ რომ ადამიანები საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ხარჯავენ ფულს“, – განაცხადა ხუხაშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საქმე ისაა, რომ პირველადი მოხმარების საგნები 15-30%-ით გაძვირდა.

მოსახლეობაში შემოსავლების არქონა დეფლაციურ პროცესებს გამოიწვევს

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ აღნიშნა, რომ მთავრობამ მოსახლეობისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება განახორციელა, სტატისტიკის სამსახურმა კი ეს მონაცემები აღრიცხა, როგორც დაკლებული ფასები. 

„ისეთი ფენომენი შეიქმნა, რომ სადღაც მარტში სიტუაცია შეიძლება ისე წავიდეს, რომ ჩვენ შეიძლება დეფლაციური პროცესები მივიღოთ, რაც მოსახლეობაზე უარესად აისახება. ეს ნიშნავს, რომ ფასების ვარდნა მოხდება იმის ფონზე, რომ მოსახლეობას არ ექნება ფული სურსათის შესაძენად“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში. ექსპერტის თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობას არ ექნება შემოსავალი, მოთხოვნა იქნება ნაკლები.

„ამ შემთხვევაში მთავრობას კვლავ მოუწევს მოსახლეობის დახმარება და მან უნდა მოიფიქროს, თუ როგორ განახორციელოს ეს“, – განაცხადა შენგელიამ.

თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ინფლაციის კლების დინამიკა განპირობებულია სუსტი ჯამური მოთხოვნით და მოსალოდნელია, რომ ეს გავლენა მომავალშიც დარჩება. გარდა ამისა, საყურადღებოა საგარეო მოთხოვნის შემცირებაც.

227
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)
რუსთაველის თეატრი

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა

0
(განახლებულია 12:45 22.01.2021)
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი თეატრია, რომელსაც მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ბრძანება 2020 წლის დეკემბრის თვეში დამტკიცდა.

„ამიერიდან თეატრის სახელწოდებაა – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – აღნიშნულია რუსთველის თეატრის „ფეისბუქ"–გვერდზე.

ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. პირველი სეზონი 1879 წელს „დრამატული კომიტეტის’’ წევრების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, დიმიტრი ყიფიანის, დავით ერისთავისა და ივანე მაჩაბლის დიდი ძალისხმევით გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე“.

თეატრის ამჟამინდელ შენობას საძირკველი 1898 წელს ჩაეყარა და საზეიმოდ 1901 წელს გაიხსნა.

რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კოტე მარჯანიშვილი (1922-1926 წლები), ალექსანდრე ახმეტელი (1926-1935), მიხეილ თუმანიშვილი (1968-1969), თემურ ჩხეიძე. 1979 წლიდან დღემდე დასის ხელმძღვანელი გახლავთ რეჟისორი რობერტ სტურუა. 

რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ ისეთი არაჩვეულებრივი მსახიობები, როგორიც იყვნენ: ალექსანდრე იმედაშვილი, ვალერიან შალიკაშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, გოგი გეგეჭკორი, კოტე მახარაძე, კახი კავსაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ჯემალ ღაღანიძე, გოგი ხარაბაძე, რამაზ ჩხიკვაძე და სხვ.

0
თემები:
საქართველო და კულტურა