სკოლების დეზინფექცია

სანიტარული საათი, ცვლები და გაუქმებული ბუფეტები - როგორი იქნება სწავლა საქართველოში

2157
(განახლებულია 09:57 16.08.2020)
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად სკოლები გაიხსნება 15 სექტემბრიდან, თუმცა მასწავლებლებისა და ბავშვებისთვის უამრავი შეზღუდვა იმოქმედებს

ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით მშობლებს შეექმნებათ წარმოდგენა მომავალ სასწავლო პროცესზე. ისინი თავად გადაწყვეტენ, რა არის მათთვის უკეთესი - დისტანციური სწავლება თუ ასეთი სკოლა.

წესი პირველი: არანაირი სურდო

დადგენილი წესების მიხედვით, სკოლაში შესულებს აუცილებლად გაუზომავენ ტემპერატურას.

სკოლაში პირბადეების გარეშე იქნებიან მხოლოდ მოსწავლეები, დანარჩენმა პერსონალმა და მშობლებმა აუცილებლად უნდა ატარონ პირბადეები. მოსწავლეებს თმა მჭიდროდ შეკრული და დამაგრებული უნდა ჰქონდეთ.

ცხელებისას ექიმთან მიმართვა აუცილებელია და კორონავირუსზე შემოწმების გარეშე შემდგომში არც ბავშვი, არც მოზრდილი სკოლაში არ დაიშვება. წესები ვრცელდება რესპირატორული დაავადების ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ტემპერატურა 37 გრადუსს აღემატება და ის გაკვეთილზე შეუძლოდ გახდება, მას პირბადეს გაუკეთებენ, სპეციალურ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ და მშობლებს გამოიძახებენ. თუ მშობლები განსაზღვრულ დროს ვერ მიაკითხავენ შვილს, სკოლა თავად გამოიძახებს სასწრაფო დახმარებას. იგივე წესები ვრცელდება რესპირატორული დაავადების სიმპტომებს, მათ შორის სურდოს.

კლასის დამრიგებელი ვალდებული იქნება იცოდეს თითოეული მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის მიზეზი და დოკუმენტურად დააფიქსიროს გაცდენები მიზეზის მითითებით.

წესი მეორე: არანაირი ხალხმრავლობა

იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება, სწავლა იქნება ცვლებში. თუ მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეებთან ორ მეტრზე ახლო დისტანციაზე იმყოფება, მას გაკვეთილის დროს პირბადე უნდა ეკეთოს.

ცვლებს შორის იქნება სანიტარული საათი, რა დროსაც ჩატარდება დეზინფექცია.

გარდა ამისა, ყველა კლასის მოსწავლეები შესვენებაზე ერთდროულად არ გავლენ. გაკვეთილების ხანგრძლივობაში ისეთი სხვაობა უნდა იყოს დაცული, რომ შესვენებების დროსაც მოსწავლეებს შორის დისტანცია იყოს დაცული.

იგივე ეხება სასკოლო ბუფეტს. იმ შემთხვევაში, თუ რიგში დისტანციის დაცვის საშუალება არ არის, მიზანშეწონილია კლასში სადილების სისტემის შემოღება, როდესაც მოსწავლეები საკვებს კონტეინერებით ატარებენ.

ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვნად შეიცვლება კაბინეტური სისტემაც. სპეციალიზებულ კაბინეტებში გაკვეთილებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება უნდა იყოს და აუცილებლად ჩატარდეს დეზინფექცია.

წესი მესამე: ყველა სკოლაში თითო ექიმი

რეკომენდაციების თანახმად, თითოეულ სკოლაში უნდა იყოს მოწყობილი სამედიცინო კაბინეტი მითითებული აღჭურვილობით და მედიკამენტების ჩამონათვალით.

სავალდებულოა თერმომეტრი, ტონომეტრი, სათბურები, სასწორი, სიმაღლის გასაზომი, მაცივარი.

მედიკამენტებს შორის კაბინეტში უნდა იყოს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური, პირღებინების საწინააღმდეგო, საგულე საშუალებები, ცხვირის და ყურის წვეთები, ამოსახველებელი და სხვა მედიკამენტები, რომლებიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის არის საჭირო.

2157
თემები:
COVID-19 საქართველოში (1802)
მუშები მშენებლობაზე

დისკრიმინაცია, შვებულება და უსაფრთხოება: შრომის კოდექსი კარდინალურად იცვლება

55
(განახლებულია 00:51 25.09.2020)
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი და ზეპირი შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მესამე, საბოლოო მოსმენით მისაღებად ემზადება.

დოკუმენტის ბოლო ვარიანტი უკვე მოიწონა წამყვანმა, ჯანდაცვის კომიტეტმა და ახლა მას საბოლოო კენჭისყრაზე გაიტანენ.

ახალი დოკუმენტი მოიცავს სერიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება ისეთ ნორმებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების აღმოფხვრა, ასევე დასაქმებულთა სასარგებლოდ ცვლილება შევიდა შვებულების, მივლინების, სამუშაო საათების და კონტრაქტის შესახებ შესაბამის თავებში.

ნორმები მშრომელთათვის

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი და ზეპირი შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება, თუ საუბარია სამუშაოზე ერთ თვეზე მეტი ვადით. კონტრაქტის მოქმედების ვადა ერთი წელია, მაგრამ თუ საუბარია კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე ან სეზონურ სამუშაოებზე, ვადა შეიძლება იყოს ნაკლები.

თუ კონტრაქტის ვადა აღემატება 30 თვეს, ის ითვლება უვადოდ. ასევე უვადო იქნება შეთანხმება, თუ მისი ვადა არაერთი გაგრძელების შედეგად 30 თვეს გასცდა. კონტრაქტის ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე უნდა უყო შედგენილი და რამდენიმე ენაზე შეიძლება გაფორმდეს.

კონტრაქტში ჩვეულებრივი ნორმების გარდა უნდა იყოს გაწერილი დანამატები, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების წესები, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულება და მისი ვადები.

გამოსაცდელი ვადისათვის გათვალისწინებული კონტრაქტი უნდა ფორმდებოდეს ექვს თვეზე ნაკლები ვადით და მხოლოდ წერილობითი ფორმით და ის უნდა იყოს ანაზღაურებადი - ანაზღაურების ოდენობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

სიახლე შეეხო ასევე სტაჟირებას. ამიერიდან სტაჟიორები ვერ ჩაანაცვლებენ მუშაკებს. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა 6 თვეს შეადგენს, ანაზღაურებადის - ერთ წელიწადს. უფასო სტაჟირება კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულმა ადამიანმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაიაროს. სტაჟიორთან წერილობითი კონტრაქტი ფორმდება.

ახალი წესების თანახმად, პირი მივლინებაში შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს 45 დღისა. რაც შეეხება სამუშაო საათებს, ის უცვლელი დარჩა - კვირაში 40 საათი ჩვეულებრივი საწარმოსთვის და 48 საათი - 8-საათიანზე უფრო ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმის საწარმოებში. თუმცა იქვე მითითებულია, რომ თითოეულმა თანამშრომელმა ცვლებს შორის უნდა დაისვენოს სულ მცირე 12 საათის განმავლობაში.

იქვე მითითებულია, რომ 6 საათზე მეტი სამუშაო დღის შემთხვევაში თანამშრომლებს ერთსაათიანი შესვენების უფლება აქვთ. ასევე დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულისთვის ორი კვირის განმავლობაში ერთხელ ზედიზედ ორი დასვენების დღე.

ცვლებში მუშაობისას დასაქმებულმა არ უნდა იმუშაოს ზედიზედ ორი ცვლა, ხოლო ერთი ცვლიდან მეორეზე გადასვლის შესახებ დამსაქმებელმა დასაქმებული 10 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს.

ზეგანაკვეთური სამუშაო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 4 საათს და დღეში 2 საათს. ამასთან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება საათობრივი ხელფასის საათში 125%-ს უნდა შეადგენდეს, თუმცაღა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ასევე დამატებითი დასვენების დღის გამოყოფაზე (შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაცვლად).

ღამის ცვლა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს დღე-ღამეში, ხოლო დასაქმებული უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას და ექიმების რეკომენდაციის შემთხვევაში ის უნდა გადაიყვანონ დღის ცვლაში.

ოფიციალურ უქმე დღეებში მუშაობა მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, შესაბამისი ანაზღაურებით.

ცვლილებები შვებულების უფლებასაც შეეხო. დასაქმებულთათვის ის ისევ 24 სამუშაო დღეს შედგენს. ხოლო ორსულობის გამო შვებულებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ახლა კანონმდებლობაში ორი ახალი ცნება გაჩნდა - შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, რომელიც 126 სამუშაო დღეს შეადგენს და რომელსაც დასაქმებული თავისი სურვილით გაანაწილებს ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე.

ამას ემატება ბავშვის მოვლის გამო შვებულების 604 დღე, საიდანაც 57 დღე ანაზღაურებადია. ამ შვებულებით სარგებლობა შეუძლია როგორც ბავშვის დედას, ისე მამას, სურვილის მიხედვით, ასევე რიგ-რიგობით, თუ დედას შვებულებით ბოლომდე არ უსარგებლია. ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში წასვლის შესახებ დასაქმებულმა დამსაქმებელი ორი კვირით ადრე უნდა გააფრთხილოს.

ეს შვებულებები ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, თუმცა დამსაქმებელს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი თანხის გადახდა შეიძლება მოუწიოს.

დისკრიმინაციის აკრძალვა და შრომის უსაფრთხოება

ცვლილებებში გაჩნდა კატეგორიული აკრძალვა დასაქმებულთა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციაზე. ამასთან დასაქმებულის მხრიდან საჩივრის შეტანის შემთხვევაში დამსაქმებელს თავად უწევს მტკიცება იმისა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა.

ასევე შრომის კოდექსში ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შეუქმნას დასაქმებულს უსაფრთხო შრომის პირობები და უზრუნველყოს უსაფრთხოების დარღვევის პრევენციის სისტემა.

თავად დასაქმებული უფლებამოსილია უარი თქვას ისეთ სამუშაოზე, რომელიც მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ასევე დასაქმებული ვალდებულია აანაზღაუროს მკურნალობის ყველა ხარჯი მუშაობის დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში. მავნე და სახიფათო სამუშაოების შემთხვევაში, დამსაქმებელი თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების სამედიცინო შემოწმებას.

შრომის კოდექსის გარდა, გამომავალი ცვლილებები 15 კანონში შედის.

55
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში
სატვირთო

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს

70
(განახლებულია 15:21 23.09.2020)
საქართველოდან ექსპორტი 14,7%-ით შემცირდა, იმპორტი კი 17,5%-ით. ვაჭრობის კუთხით დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ჩინეთთან დაფიქსირდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 16,7%-ით შემცირდა და 7 მილიარდზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

იმპორტმა 2020 წლის იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17,5%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (7,5%), სპირტიანი სასმელების (10,9%) და ოქროს (30,7%) ექსპორტი გაიზარდა. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 37,2%-ით, ფეროშენადნობების – 29,8%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 8,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 53,3%-ით, აზოტოვანი სასუქების – 10.2%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 21,1%-ით.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის (13,5%) და შინაური ფრინველის ხორცისა და შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტების (3,9%) იმპორტი გაიზარდა.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში დაეცა 32,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 16,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 31,4%-ით, სამკურნალო საშუალებების – 12,6%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,5%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-აგვისტოს პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 970,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 15,1%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 22,6 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 877,4 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 46,9 ათასი ტონა შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 353,2 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 14,9 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 9,3%-ით და შეადგინა 820,6 მილიონ დოლარზე მეტი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7%. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 68,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 24 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 47,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, ოთხი ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 239,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 314,6 ათასი ტონა ხორბალი, 82 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, დაახლოებით 24,5 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან 737,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,5%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა 164,4 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 22,2 ათას ტონაზე მეტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, დაახლოებით 4,5 ათასი ტონა საბურავები, 327 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმლის თარგები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 593,8 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – 383,6 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 358,6 მილიონი დოლარი, აშშ – 385,6 მილიონ დოლარზე მეტი, გერმანია – 268,4 მილიონ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 284,6 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 136,6 მილიონ დოლარზე მეტი.

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15,9%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 7,5%-ით, ხოლო იმპორტი – 19,3%-ით. 

ვარდნის ტემპის კლება ივნისში დაიწყო – საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 16%-ით, მათ შორის ექსპორტი – 13,1%-ით, ხოლო იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი იყო 33%, ექსპორტის – 30,6%, ხოლო იმპორტის – 34,3%.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები. 

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები?
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა. სიტუაციის შემდგომ გაურესებას კი, შესაძლოა, მორიგი მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში უკვე დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ვაჭრობა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა აღარ გაჩნდეს. ამ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ.

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეზღუდვებმა გამოიწვია, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული ფენების მასშტაბურმა დახმარებამ ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 8%-მდე ზრდა გამოიწვია.

70
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მოალერსე წყვილი

ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ვის გაუმართლებს სასიყვარულო ასპარეზზე ოქტომბერში

0
(განახლებულია 11:53 24.09.2020)
ზოდიაქოს ზოგიერთი თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის შემოდგომის შუა პერიოდი ძალზე ხელსაყრელი იქნება სიყვარულის თვალსაზრისით

ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება საბედისწერო შეხვედრა, რომელიც მათ დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. ისინი სიყვარულის „მორევში“ ჩაიძირებიან.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

კურო

კუროები ოქტომბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. დიდი ხანია, ასეთ სიყვარულს ეძებთ და ამ თვეში მიაღწევთ საწადელს – თქვენს გულში რომანტიკული გრძნობებისა და ემოციების ქარცეცხლი დატრიალდება. კუროების ცხოვრებაში ასეთი შეხვედრები ხშირად არ ხდება – მეორე ნახევარს თვითონ სამყარო გამოგიგზავნით, თქვენ კი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სასწორი

ოქტომბერში სასწორის ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ინტუიციას გულდასმით უნდა მოუსმინოთ. სწორედ ის მიგანიშნებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ კი თქვენი გადასაწყვეტი იქნება – მოიპოვოთ ბედნიერება, თუ მარტო დარჩეთ. სასწორებისთვის ეს შეხვედრა საბედისწერო იქნება, ამიტომ დიდხანს ფიქრი არ ღირს.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

მერწყული

მერწყულები ხშირად იძირებით საკუთარ ფიქრებში. ამ დროს კი ნამდვილად ღირს, აქეთ–იქით გაიხედოთ. ამ შემთხვევაში დაინახავთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სულაც არაა შორს, არამედ გვერდით დგას. ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ახლო გარემოცვიდან იყოს. შესაძლოა, ის არ გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან, მაგრამ სწორედ მას უწერია, თქვენი ბედი გახდეს. თუ ასტროლოგების რჩევებს გაითვალისწინებთ, ოქტომბერში საოცარი ბედნიერება გელოდებათ.

0