ბათუმის პორტი

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას და როგორ უნდა გაიზარდოს წარმოება

160
(განახლებულია 14:31 04.08.2020)
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოს ხელისუფლება აიძულა პრიორიტეტებს გადახედოს. მთავრობამ განაცხადა იმპორტის ჩანაცვლების გეგმებზე, შეიმუშავა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, რომელიც მიმართულია ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისი ღრმავდება – მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირება გრძელდება. 

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, გამონაკლისი არც ვაჭრობის სფეროა – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იანვარი–ივნისთან შედარებით, 18,2%-ით შემცირდა.

კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას – „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარი–ივნისში ექსპორტზე 1,5 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გაიტანეს – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლები. წლის დასაწყისიდან რეექსპორტის გარეშე ექსპორტი 3%-ით შემცირდა და დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა.

„Sputnik–საქართველო“ მოგაწვდით ინფორმაციას, რას აწარმოებს საქართველო, კორონავირუსის პერიოდში რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას და როდის გაუმჯობესდება ვაჭრობის მაჩვენებლები.

რას აწარმოებს საქართველო

საქართველოში საქონლის ფართო ასორტიმენტი იწარმოება — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ძვირფასი ლითონის კონცენტრატები და მადნები, აზოტოვანი სასუქი, ფქვილი და ხორცის, თევზის და კიბორჩხალასებრთა გრანულები, ოქრო, თხილი და სხვ.

საქართველოდან ექსპორტზე გადის ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, ბოსტნეული და ხილი, მათ შორის, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, მწვანილი, მანდარინი, ვაშლი, მსხალი და ატამი. 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქართველო შეუფერხებლად ახორციელებს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა „მწვანე დერეფანი“, რომლის წყალობითაც ექსპორტიორები ახერხებენ ხილის სწრაფად გატანას საზღვარგარეთ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი.

უწყების ცნობით, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 6,2 ათასი ტონა პროდუქცია გავიდა, რაც 640 ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული ხილის ექსპორტმა 5,5 ათასი ტონა შეადგინა.

წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლსატამას დიდ მოსავალს ელოდებიან – 35 ათას ტონაზე მეტი. 2019 წლის სეზონზე საქართველოდან 13,2 ათას ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა. აქედან რუსეთში 80%-ზე მეტი – 10,7 ათასი ტონა. სომხეთში გატანილია 1,3 ათასი ტონა, ხოლო აზერბაიჯანში – 667 ტონა. 

მსოფლიო ბაზარზე პოზიციების გამყარებას, პანდემიის მიუხედავად, გეგმავენ თხილის ექსპორტიორებიც. როგორც წესი, თხილის მოსავლის აღება ივლისის ბოლოს იწყება. წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს მოსავალი 50 ათას ტონას მიაღწევს.

„მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, წელს უკეთეს მდგომარეობას ველოდებით. საერთაშორისო ბაზარს საუკეთესო ხარისხის თხილით მოვამარაგებთ. მოსალოდნელია, რომ ბოლო წლებში ყველაზე დიდი და ყველაზე ხარისხიანი მოსავალი გვექნება“, – განუცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა გაზეთ „რეზონანსს“.

წინასწარი შეფასებით, თხილის მოსავალი თურქეთში 2020 წელს 620 ათას ტონას შეადგენს, რაც 15%-ით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე. საქართველოსთვის ეს მსოფლიო ბაზარზე პოზიციების განმტკიცების კარგი შესაძლებლობაა.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას

ექსპორტი მცირდება, რადგანაც ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ იგი გაგვაქვს, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაიამ. 

„საერთაშორისო ვაჭრობა ეცემა, იმიტომ რომ შემოსავალი მცირდება. როდესაც შემოსავალი მცირდება, მცირდება ხარჯებიც, ანუ მოხმარება. ამაში ასევე შედის იმპორტული პროდუქციაც – ჩვენ 70% იმპორტულ პროდუქტს მოვიხმართ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამცირებთ მოხმარებას, ეცემა იმპორტიც. ასევე მცირდება ექსპორტი – იმ ქვეყნებშიც ეცემა ეკონომიკა, სადაც ჩვენ ჩვენს პროდუქციას ვყიდით“, – განაცხადა ცომაიამ „Sputnik–საქართველოსთან“.

იმ ქვეყნების ათეულში, სადაც პანდემიის დროს საქართველოდან საქონელი გადიოდა, შედიან ასევე შვეიცარია, აშშ, ესპანეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყველა ეს ქვეყანა, ესპანეთისა და შვეიცარიის გარდა, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

როდის გაუმჯობესდება მაჩვენებლები

ვაჭრობის მაჩვენებლები ეკონომიკის ზრდის პირობებში გაუმჯობესდება, მიაჩნია ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაიას.

„მაჩვენებლები გაუმჯობესებას დაიწყებს, როგორც კი ეკონომიკაში რაიმე საკვანძო ცვლილებები მოხდება, ანუ როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, როდესაც ადამიანები, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, მათ შორის ტურიზმის სექტორში, რამე ალტერნატივას იპოვიან, ან ტურიზმი კვლავ ამუშავდება, ისინი კვლავ მიიღებენ შემოსავალს და მეტს დახარჯავენ. ამ შემთხვევაში გაიზრდება იმპორტი და შეიძლება ექსპორტზე საუბარიც. როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები დაიწყებენ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, ჩვენი ექსპორტიც დაიწყებს გაზრდას", – განუცხადა ცომაიამ „Sputnik–საქართველოს“.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, საჭიროა საერთაშორისო ბაზრების მოძიება, სადაც შესაძლებელი გახდება ქართული პროდუქციის რეალიზაცია, რაც, პირველ რიგში, დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობაზე, შექმნან ის პროდუქტი, რომელიც განვითარებულ საერთაშორისო ბაზრებზე გაიყიდება.  

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ნამდვილი კრიზისი მიმდინარე წლის შემოდგომაზეა მოსალოდნელი, როდესაც სექტემბრის ბოლოს მთავრობის მიერ გამოცხადებული „საგადასახადო არდადეგები“ და მოსახლეობისთვის საბანკო შეღავათები დასრულდება.

„ნამდვილ კრიზისს, რომელიც ჩვენ პანდემიასთან დაკავშირებით მივიღეთ, მოსახლეობა ნოემბერ–დეკემბერში იგრძნობს. ასე იქნება სხვა სახელმწიფოებშიც – რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპის ქვეყნებში... ვითარება გაუარესდება და კორონავირუსის პიკი, რომელიც მაისში დაიწყო, მაქსიმალურ შედეგს 2021 წლის მაისში მოგვცემს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროს უძრავ ქონებაზე ფასები მინიმუმ 50%-ით დაეცემა“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“.

როგორ უნდა შეუწყოს ხელისუფლებამ ხელი ექსპორტის ზრდას?

ხელისუფლებამ ექსპორტის ზრდის მიზნით ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რათა იმპორტის ჩანაცვლება მოხდეს ადგილობრივი პროდუქციით და განვითარდეს გადამამუშავებელი მრეწველობა, მიაჩნია „საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტს ნიკა შენგელიას. 

„ჩვენ ვთვლით, რომ შეცდომაა მთავრობის კურსი, რომელიც კვლავ ტურიზმის სექტორზე კონცენტრირდება. ვფიქრობთ, რომ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა“, – განაცხადა შენგელიამ.

მისი თქმით, თუ იმ პროდუქციის ასორტიმენტს გავზრდით, რომელიც ქვეყნიდან გადის, მაშინ ექსპორტიდან სარგებელს მეტი ადამიანი მიიღებენ.

„ის სეგმენტები, რომლებიც ამ დრომდე ძირითადად ექსპორტზე გადიოდა – ნედლეული, ავტომობილები, ასევე ღვინო და თხილი – ასევე შემცირდა. ამიტომაც მთავრობა უნდა დაფიქრდეს, როგორ განავითაროს გადამამუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა“, – განაცხადა შენგელიამ.

როგორ ებრძვის კრიზისს მთავრობა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოს ხელისუფლება აიძულა პრიორიტეტებს გადახედოს – მთავრობამ განაცხადა იმპორტის ჩანაცვლების გეგმებზე, შეიმუშავა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, რომელიც მიმართულია ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ, რომლებიც ფლობენ რეგისტრირებულ მიწას.

პროგრამის წყალობით 200 ათასამდე ფერმერი უკვე სარგებლობს დამატებითი შეღავათებით.

დღეს ქვეყანაში ხორციელდება რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო პროექტი: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, საწარმოების თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, „საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში ფერმერების ხელშეწყობის პროექტი“, „ქართული ჩაი“. ზოგიერთი მათგანი კრიზისთან დაკავშირებით შეიცვლება.

160
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
მშენებლობა

როგორ იმოქმედა იპოთეკის სუბსიდირების პროგრამამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე

65
(განახლებულია 19:13 17.09.2020)
ქვეყანაში 1 აგვისტოსთვის 2,1 მილიარდი ლარის საერთო ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკაზე 46,6 ათასი კრედიტი გაიცა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სექტორებისთვის მთავრობის დახმარების პროგრამა, პირველ რიგში, იპოთეკური კრედიტის პროცენტების სუბსიდირება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილების ანალოგიურია, იუწყება ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

  • რეფინანსირების განაკვეთი არის პროცენტის მოცულობა წლიური დაანგარიშებით, რომელსაც ეროვნულ ბანკს ორგანიზაციები მათთვის გაცემული კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი არის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთებისთვის ორიენტირად მიიჩნევა.

როგორ ეხმარება ხელისუფლება იპოთეკის მიღების მსურველებს

„ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გაყიდვების შემცირების პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოქალაქეებისთვის ბინების შეძენის პროცესის გამარტივება. მაისში მთავრობამ იპოთეკის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის 70 მილიონი ლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, 14 მილიონი ლარი გამოიყო იპოთეკური კრედიტების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის.

საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და 2020 წლის ბოლომდე ბინების შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკური კრედიტების საპროცენტო განაკვეთის დასაფარად სუბსიდიებს გამოუყოფს. 4%-იანი სუბსიდია 5 წლის განმავლობაში გავრცელდება ყველა საკრედიტო შეთანხმებაზე, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.

გარდა ამისა, კრედიტების გასასტუმრებლად ვადამდელი შენატანების მატების, ასევე საპროცენტო განაკვეთის ზრდის თავიდან ასაცილებლად მთავრობა იძლევა 20%-ის გარანტიას ყველა კრედიტზე, რომელიც 2020 წლის ბოლომდეა აღებული. გარანტია შეეხება კრედიტებს პირველი შენატანის არანაკლებ 10%-ის მოცულობით.

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბინას ვიგირავებთ... ანუ სად იმალება ეშმაკი>>

საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ მთავრობა, ძირითადად, მოსახლეობის შედარებით შეძლებულ ფენებს ეხმარება.

„დღეს ბინას ყიდულობენ ისინი, ვისაც აქვს ფული ან მაღალი ხელფასი. რატომ უნდა დაუფარონ კრედიტის პროცენტი ბიუჯეტიდან იმათ, ვისაც უკვე შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს? აჯობებდა ამ თანხის გამოყენება სოციალური დახმარების პაკეტებში“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

თუმცა, მისი თქმით, მეორე მხრივ, მთავრობა ცდილობს წაახალისოს არა მხოლოდ მოსახლეობის შედარებით შეძლებული ფენები, არამედ დეველოპერები და საბანკო სექტორი.

„გაიზარდა არა მხოლოდ ბინების, არამედ სამშენებლო მასალების გაყიდვების მოცულობა, გარდა ამისა, შეჩერდა ფასების ვარდნა ახალაშენებულ ფართსა და მშენებარე ბინებზე, ზოგ შემთხვევაში კი გაიზარდა კიდეც“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მთლიანობაში, შენგელიას აზრით, სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი საქონლის გაყიდვის სუბსიდირება არ იქნება შეცდომა, პირიქით, ეს სარგებელს მოუტანს ეკონომიკასაც და მოსახლეობასაც.

„მით უმეტეს, რომ სექტემბრის ბოლოდან საბაზრო მოთხოვნილება საგრძნობლად დაიწევს, რადგან ადამიანებს სულ უფრო ნაკლები ფული ექნებათ საქონლისა და მომსახურების შესაძენად“, – აღნიშნა ექსპერტმა.

რამდენი კრედიტია გაცემული საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოსთვის საქართველოში საერთო ჯამში 6,2 მილიარდი ლარის მოცულობის 120,3 ათასი კრედიტი გაიცა. კრედიტების საერთო რაოდენობიდან მნიშვნელოვანი ნაწილის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 აგვისტოსთვის ქვეყანაში გაცემულია 2,1 მილიარდი ლარის ოდენობის 46,6 ათასი იპოთეკური კრედიტი. მათი საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10,35%-ს.

რადგან ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა, შესაბამისად, არ შეიცვლება საპროცენტო განაკვეთი უკვე აღებულ კრედიტებზეც.

როგორ იცვლებოდა წელს რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება ხანგრძლივი გამკაცრების პერიოდის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნით გამოწვეული ინფლაციის ზეწოლის გასანეიტრალებლად განაკვეთის აწევა რეგულატორმა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

სექტემბრიდან დეკემბრამდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ 2020 წლის 21 მარტს კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი 8%-მდე.

ნიკა შენგელიამ უკმაყოფილება გამოთქვა რეგულატორის ბოლო გადაწყვეტილებით – დაეტოვებინა რეფინანსირების განაკვეთი იმავე დონეზე.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რეგულატორი შეამცირებდა განაკვეთს, ვინაიდან მთელ მსოფლიოში – ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთშიც კი, განაკვეთი შემცირდა. უკვე დროა მონეტარული პოლიტიკა შეიცვალოს, ვგულისხმობ, რომ საჭიროა რეფინანსირების განაკვეთის ნულთან მიახლოება, რადგან ეკონომიკა რეცესიაშია და საჭიროა მისი წამოწევა“, – აღნიშნა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ექსპერტის აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ნამდვილად არ იმოქმედებს პოზიტიურად ეკონომიკაზე, უბრალოდ არ ჩაძირავს მას.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

ინფლაციის დონის რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!>>

„ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია რეგულატორის განცხადებაში.

წლიურმა ინფლაციამ 2019 წელს 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს – 2019 წლის დეკემბერში.

წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ კლება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4%, მარტში – 6,1% შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბლა ინფლაციის დონე 2021 წლის პირველ ნახევარში ჩამოვა.

„ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი, მეტწილად, საგარეო მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა შენგელია არ იზიარებს ეროვნული ბანკის პროგნოზს ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით.

პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით>>

„ჩვენ ველით ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდას, ძირითადად, ოქტომბრის ბოლოდან, რადგან ამ პერიოდიდან კვლავ მოსალოდნელია საქონლისა და მომსახურების გაძვირება. ვინაიდან ამ დროისთვის ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგი უკვე ამოწურულია, ჩვენ კვლავ დამოკიდებული ვიქნებით იმპორტირებულ საქონელზე“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, ქვეყანას სასურსათო კალათის 80%-მდე კვების პროდუქტების შემოტანა მოუწევს.

65
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
სავალუტო ჯიხური

რატომ „გარბის“ ლარი და ვინ „დაიჭერს" ეროვნულ ვალუტას?

1033
(განახლებულია 11:17 17.09.2020)
საპარლამენტო არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. რატომ, სანამდე დაეცემა ლარი, რა იქნება არჩევნების შემდეგ?

სამსონ ხონელი

მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი კვირაა, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად მზარდია. პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღიური მაჩვენებელი ორ ათეულს იშვიათად სცდებოდა. სექტემბრის მეორე დეკადაში კი უკვე სამნიშნა რიცხვი დაფიქსირდა. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მედლის ერთი მხარეა. სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია კორონავირუსის ის უარყოფითი ეფექტი, რაც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე აისახება.

ეროვნულმა ვალუტამ კორონავირუსისგან პირველი დარტყმა მარტში მიიღო, როცა ქვეყანაში ე.წ. კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. შედეგად – ტურისტული ნაკადი განულდა, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა და ეკონომიკაც პრაქტიკულად გაჩერდა. მაშინ ლარი რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა. იქიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის კურსი 1 ამერიკული დოლარის მიმართ 3.06-3.08-ის ფარგლებში მერყეობდა და იყო მოლოდინი, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებდა. მაგრამ არ არის ასე, მეტიც, უკვე ერთი კვირაა, უხილავ ვირუსს „სიმაღლეების“ დაპყრობის ტემპში ეროვნული ვალუტა აჰყვა. 3.160-3.175 − ასეთია მოცემულობა, როცა კომპიუტერის კლავიატურაზე წინამდებარე სტრიქონები იკრიფება.

რას ფიქრობს ხელისუფლება, სად არის ეროვნული ბანკი?! − მკაცრი ტონით დაინტერესდება გაბრაზებული მკითხველი და მართალიც იქნება. ფაქტია – ლარი „გარბის“, მისი „დამჭერი“ კი არ ჩანს... „ეროვნული ბანკი, მთავრობა კურსის ცვალებადობას აკვირდება და მაქსიმალურად ცდილობს შოკური ეფექტის მინიმიზებას“, − აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში სავალუტო აუქციონზე გამართულ ვაჭრობაში სულ უფრო და უფრო ხშირად მონაწილეობს. კობა გვენეტაძის უწყებამ ლარის კურსის მხარდასაჭერად 13 მარტიდან მოყოლებული 329.65 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. ინტერვენციების მიუხედავად, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარება ვერ ხერხდება. ანალიტიკოსთა და საბანკო სფეროს სპეციალისტთა მოსაზრებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები ლარს მხოლოდ მკვეთრი გაუფასურებისგან იცავს.

„ეროვნული ბანკის ერთადერთი მიზანია, მთავრობის დავალებით ლარის კურსი როგორმე, მინიმუმ, არჩევნებამდე შეინარჩუნოს, რაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვლება კურსი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ეროვნული ვალუტის გამყარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, ეს მოლოდინი არც უნდა გვქონდეს. ეროვნულ ბანკს არა მარტო არჩევნების წინ, მუდმივად უნდა ჰქონდეს მიმართული ყურადღება კურსზე ინტერვენციებით თუ სხვა მექანიზმებით. სხვა ყველაფერს შეეგუება ეკონომიკა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა“, − აცხადებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა.

საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ლარის გაუფასურებას ბევრი არ ელოდა. საკამათო არ არის, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა წყალს ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს. არ დავკონკრეტდები, რატომ. მმართველი გუნდის ოპონენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს წინასაარჩევნოდ ლარის კურსი „კბილებით უჭირავთ“. 

„დღეს ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა. ეკონიმიკა ჩამოშლილია და ხელისუფლებას არც ერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს კრიზისიდან გამოსასვლელად. წინასაარჩევნოდ კურსი იქნება იმდენი, რამდენიც მოესურვება მთავრობას და ეროვნულ ბანკს. ის 5 მილიარდი ლარი, რომელიც სესხად ავიღეთ, დევს ეროვნულ ბანკში, რომელიც უკვე ყოველდღიურად ახორციელებს ე.წ. ინტერვენციებს. ზუსტად ის სცენარია, რომელიც 2016 წელს იყო – სამი თვე დაიჭირეს კურსი, არჩევნები დამთავრდა და გაუფასურებაც დაიწყო. დღეს პოლიტიკურად მართული ლარი გვაქვს“, − აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

შევთანხმდეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში კობა გვენეტაძის უწყება ეცდება შეაჩეროს ლარის კურსის გაუფასურება. საინტერესოა, გაუფასურდება თუ არა ლარი არჩევნების შემდეგ. როგორია ექსპერტ-ანალიტიკოსთა მოლოდინი?

ეკონომიკაში არსებული პრობლემის გამო ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოებაში გაურკვეველი მოლოდინია. ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, საფინანსო სფეროში შოკის მინიმუმამდე დაყვანა საკმაოდ რთული იქნება.  საბოლოოდ ლარის კურსის გამყარება და სტაბილურობა დამოკიდებულია ეკონომიკური აქტივობის ტემპზე.  

„ლარის კურსზე მოქმედებს არა პანდემია, არამედ ეკონომიკური აქტივობა. თუ ეკონომიკას საშუალებას მისცემენ, რომ იმუშაოს ეპიდემიის პირობებში, ლარზე COVID-19-ის გავლენა მძიმე არ იქნება. საბოლოოდ ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, მაგრამ ამავე დროს გაძლიერდება იმ ფაქტორების ზემოქმედება, რაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას გაზრდის. იმის წინასწარ პროგნოზირება, რომელი რომელს გადააჭარბებს, რთულია. ახლა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოვადიან პერიოდში, არსებული ეკონომიკის პირობებში ეროვნულ კურსზე ზეწოლა მოსალოდნელია და, ცხადია, გაუფასურებასაც უნდა ველოდოთ“, − აცხადებს ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მეორე ტალღა მომდევნო სამ თვეში ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს, შემდეგ კი შესაძლოა მკვეთრ გაუფასურებას ვეღარ ავცდეთ.  

„ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ლარის კურსის ვარდნას აჩერებს. ამასთან, ჯერჯერობით ბრუნვაში ზედმეტი ფულის მასა არ გამოდის, ბიზნესის დაკრედიტება შეჩერებულია. რაღაც პერიოდის შემდეგ ლარის კურსის ცვლილება დაიწყება და დიდი ტემპით გაუფასურებაც მოსალოდნელია. წლის ბოლომდე ეროვნულ ვალუტას დიდი ვარდნა არ ელის, იანვრიდან კი სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს“, − აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

წინამდებარე სტატიაში ვახსენეთ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე ინტერვენციებს ახორციელებს. შესაძლოა დაინტერესდეთ, რამდენია სავალუტო რეზერვები, უძირო ქვევრი ხომ არ არის? გაგიკვირდებათ, უცხოური ვალუტის რეზერვი რეკორდულ ნიშნულზეა და 3.73 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ზრდა დიდწილად COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად

აღებულმა საგარეო ვალის ჩამორიცხვებმა განაპირობა. ცნობილია, რომ რეზერვების ნაწილი ლარის კურსის გამყარებასა და სტაბილურობას მოხმარდება. სხვა საკითხია, რომ ნასესხები ფული ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების გასასტუმრებელი იქნება. სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

და, ბოლოს, მხოლოდ სავალუტო რეზერვების იმედად არ უნდა ვიყოთ. საჭიროა მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, რაც ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიურად აისახება. საამისოდ აუცილებელია ეკონომიკის გამოცოცხლება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ პანდემიის მეორე ტალღის პირობებში თავიდან ავიცილოთ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება. ბრძანეთ, ბატონო, და ყველაფერს ვიკადრებ, − შესაძლოა მომიწოდოს მავანმა და პასუხად მივუგებ, ყველაფრის კადრება საჭირო არ არის, სულ ცოტაც საკმარისია: გაითვალისწინეთ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები, დაიცავით დისტანცია, უფრო ხშირად დაიბანეთ ხელები და გაიკეთეთ პირბადე!..

1033
ტესტირება კორონავირუსზე

აჭარა, თბილისი და რეგიონები - როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების გეოგრაფია

0
COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის, რეგიონში ერთ დღეში ასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, დანარჩენი გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სად უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს >>

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს - 11 , გურიას - 4, კახეთს - 3, შიდა ქართლს - 3, ქვემო ქართლს - 2, ასევე მცხეთა-მთიანეთს - 2, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსზე მკურნალობს სულ 1 798 ადამიანი, აქედან 14 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 70-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 28-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

ახალინფიცირებულთა უმრავლესობა ბათუმის მკვიდრია. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან არასრულწლოვნები და ორსულებიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 486 ინფიცირებული მკურნალობს, 300-ზე მეტი პირი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება. დღევანდელი შედეგი 3 ათას 500-ზე მეტი ტესტის შედეგად გამოვლინდა.

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ჩვილს დაუდასტურდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში