ცესკო

განხეთქილება, განაჩენი და ორიგინალური სვლა: საპარლამენტო არჩევნები 2020 კვირის შედეგები

1050
(განახლებულია 22:15 01.08.2020)
გასული კვირა პოლიტიკური ცხოვრებით საკმაოდ დატვირთული იყო, წინასაარჩევნო დუღილის ტემპერატურა სულ უფრო მატულობს

 

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik.  საქართველოში ბოლო შვიდ დღეში მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატების ვინაობა გახდა ცნობილი, გაჩნდა პირველი პარტიული სიები, ასევე განისაზღვრა მომავალი კავშირები. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი1%–ია. ამ არჩევნებზე ხმის უფლება როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს 3 550 054 მოქალაქეს აქვს.

კვირის მთავარი მოვლენა

გასული პოლიტიკური კვირის ყველაზე მთავარი მოვლენა ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ განხეთქილება გახდა, რომელიც 2018 წელს 11–მა ოპოზიციურმა პარტიამ ჩამოაყალიბა, რომელთაც სათავეში ექს–მმართველ პარტია „ნაცმოძრაობა“ ედგა. 

ექსპერტები „ერთობის“ დაშლას ივნისში ელოდებოდნენ, როდესაც პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კოალიციური ოპოზიციური მთავრობის პრემიერობის სურვილი გამოთქვა, რამაც ოპოზიციის მხრიდან მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა.

ახლა ვაშაძე კვლავ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია, ოღონდ უკვე ახალი გაერთიანებიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც მან პარტია „კანონი და სამართლიანობასთან“ ძალების გაერთიანების შედეგად ჩამოაყალიბა.  „კანონი და სამართლიანობის“ სათავეში თაკო ჩარკვიანია.

ვაშაძეც და ჩარკვიანიც – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დამაარსებლის, მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ. ბოლო არჩევნების დროს ისინი „ნაცმოძრაობიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ.

კვირის „ნომინანტები“

გასულ კვირას ერთბაშად სამმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა მაჟორიტარი კანდიდატის ამპლუაში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო საქართველოსთვის) საბურთალოს რაიონში, ანა დოლიძე („მოძრაობა ხალხისთვის“) –ჩუღურეთში და  ეკა ბესელია („პარტია სამართლიანობისთვის“) – მცხეთაში.

მათი დასახელება მოულოდნელი იყო, რადგანაც ოპოზიციაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები და დავა ერთიანი კანდიდატების თაობაზე.

კვირის ორიგინალები

ამ კვირაში ორიგინალობით გამოირჩეოდა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, რომელმაც სიის პირველი ხუთეული წარმოადგინა: ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რახვიაშვილი და ჰერმან საბო. 

და თუ თავად სია იყო პროგნოზირებადი, სამაგიეროდ, მისი შედგენა იყო საკმაოდ უჩვეულო – სიას ამომრჩეველი პარტიის ვებგვერდზე ხმის მიცემითა და კანდიდატების დაფინანსებით ადგენდა. ამასთან, საიტზე შესაძლებელი იყო თითოეული კანდიდატის ფინანსური სარგებელის ნახვა.

კვირის განაჩენი

ამ კვირას არ ჩაუვლია სასამართლო პროცესის გარეშე. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ–ერთ მფლობელ გიორგი რურუას, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება ედება ბრალად.

რურუას ფაქტორი: „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელისადმი განაჩენი, როგორც სკანდალის საბაბი>>>

ოპოზიცია რურუას  „პოლიტპატიმარს“ უწოდებს და სწორედ მის გამო  უარი განაცხადა მეორე და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე. მმართველ პარტიას მოუხდა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან მოლაპარაკება, რათა ხმების საკმარისი რაოდენობა მოეგროვებინა და საკონსტიტუციო ცვლილებები დაემტკიცებინა.

არჩევნების საქმე

ამასთან ცესკო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს.

ჯერჯერობით საარჩევნო კომისია არასაპარლამენტო პარტიების სიებს განიხილავს. სულ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 68 პოლიტიკურმა ძალამ გამოთქვა.

შაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა 33–მა პარტიამ, 11–ს კი უარი ეთქვა.

დარეგისტრირებული პარტიები (1 აგვისტოსთვის)

·  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – ლიდერი მიხეილ სულუაშვილი;       
· „სოციალური სამართლიანობისთვის“ – ლიდერი მამუკა ტუსკაძე’

·  „საქართველო“ – ლიდერი გიორგი ლილუაშვილი

· „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – ლიდერი ჯონდო ჯავახიშვილი;

· „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – ლიდერი იაგო ხვიჩია;

· „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ლიდერი გია ბერძენიძე

·  „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ – ლიდერი გრიგოლ ჯოჯუა;

·  „ახალი ქრისტიან–დემოკრატები“ – ლიდერი ნიკოლოზ ჯოგლიძე;

·  „ევროპელი დემოკრატები“ – ლიდერი პაატა დავითაია;

· „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – ლიდერი ხათუნა ქოიავა;

· „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ლიდერი გიორგი ვაშაძე;

· „ლელო საქართველოსთვის“ – ლიდერი მამუკა ხაზარაძე;

·  „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა" – ლიდერი ნინო ბურჯანაძე;

·  „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა" – ლიდერი მალხაზ გორგასლიძე;

·  „სახელმწიფო ხალხისთვის" – ლიდერი ნიკა მაჭუტაძე;

·  „თავისუფალი დემოკრატები" – ლიდერი შალვა შავგულიძრ;

·  „ნაციონალურ–დემოკრატიული პარტია" – ლიდერი ბაჩუკი ქარდავა;

·  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – ლიდერი შალვა ნათელაშვილი;

·  „თავისუფალი საქართველო" – ლიდერი კახა კუკავა;

·  „ქრისტიან–კონსერვატორული პარტია " – ლიდერი შოთა მალაშხიაა;

·  „გამარჯვებული საქართველო" – ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;

·  „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა" – ლიდერი გაიოზ მამალაძე

·  „ქართული დასი – ლიდერი ჯონდი ბაღათურია;

·  „მწვანეთა პარტია" – ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე;

·  „კანონი და სამართლიანობა" – ლიდერი თაკო ჩარკვიანი;

·   „რეფორმატორები" – ლიდერი დავით მიროტაძე;

·  „პროგრესი და თავისუფლება" – ლიდერი ნიკოლოზ გვრიტიშვილი;

·  „მამულიშვილთა ორდენი – სამშობლო" – ლიდერი გრიგოლ სოხაძე;

·  „კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია" – ლიდერი ირაკლი კობრავა;

· „სახალხო მოძრაობა – ქრისტიან–დემოკრატები" – ლიდერი ანა რეხვიაშვილი;

·   „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" – ლიდერი ხათუნა ქოიავა;

·   ქართული ფესვები" – ლიდერი თენგიზ ოქროფილაშვილი;

·  „სოციალ–დემოკრატები – საქართველოს განვითარებისთვის“ – ლიდერი გია ჟორჟოლიანი

1050
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (136)
მშენებლობა

როგორ იმოქმედა იპოთეკის სუბსიდირების პროგრამამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე

65
(განახლებულია 19:13 17.09.2020)
ქვეყანაში 1 აგვისტოსთვის 2,1 მილიარდი ლარის საერთო ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკაზე 46,6 ათასი კრედიტი გაიცა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სექტორებისთვის მთავრობის დახმარების პროგრამა, პირველ რიგში, იპოთეკური კრედიტის პროცენტების სუბსიდირება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილების ანალოგიურია, იუწყება ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

  • რეფინანსირების განაკვეთი არის პროცენტის მოცულობა წლიური დაანგარიშებით, რომელსაც ეროვნულ ბანკს ორგანიზაციები მათთვის გაცემული კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი არის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთებისთვის ორიენტირად მიიჩნევა.

როგორ ეხმარება ხელისუფლება იპოთეკის მიღების მსურველებს

„ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გაყიდვების შემცირების პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოქალაქეებისთვის ბინების შეძენის პროცესის გამარტივება. მაისში მთავრობამ იპოთეკის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის 70 მილიონი ლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, 14 მილიონი ლარი გამოიყო იპოთეკური კრედიტების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის.

საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და 2020 წლის ბოლომდე ბინების შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკური კრედიტების საპროცენტო განაკვეთის დასაფარად სუბსიდიებს გამოუყოფს. 4%-იანი სუბსიდია 5 წლის განმავლობაში გავრცელდება ყველა საკრედიტო შეთანხმებაზე, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.

გარდა ამისა, კრედიტების გასასტუმრებლად ვადამდელი შენატანების მატების, ასევე საპროცენტო განაკვეთის ზრდის თავიდან ასაცილებლად მთავრობა იძლევა 20%-ის გარანტიას ყველა კრედიტზე, რომელიც 2020 წლის ბოლომდეა აღებული. გარანტია შეეხება კრედიტებს პირველი შენატანის არანაკლებ 10%-ის მოცულობით.

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბინას ვიგირავებთ... ანუ სად იმალება ეშმაკი>>

საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ მთავრობა, ძირითადად, მოსახლეობის შედარებით შეძლებულ ფენებს ეხმარება.

„დღეს ბინას ყიდულობენ ისინი, ვისაც აქვს ფული ან მაღალი ხელფასი. რატომ უნდა დაუფარონ კრედიტის პროცენტი ბიუჯეტიდან იმათ, ვისაც უკვე შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს? აჯობებდა ამ თანხის გამოყენება სოციალური დახმარების პაკეტებში“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

თუმცა, მისი თქმით, მეორე მხრივ, მთავრობა ცდილობს წაახალისოს არა მხოლოდ მოსახლეობის შედარებით შეძლებული ფენები, არამედ დეველოპერები და საბანკო სექტორი.

„გაიზარდა არა მხოლოდ ბინების, არამედ სამშენებლო მასალების გაყიდვების მოცულობა, გარდა ამისა, შეჩერდა ფასების ვარდნა ახალაშენებულ ფართსა და მშენებარე ბინებზე, ზოგ შემთხვევაში კი გაიზარდა კიდეც“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მთლიანობაში, შენგელიას აზრით, სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი საქონლის გაყიდვის სუბსიდირება არ იქნება შეცდომა, პირიქით, ეს სარგებელს მოუტანს ეკონომიკასაც და მოსახლეობასაც.

„მით უმეტეს, რომ სექტემბრის ბოლოდან საბაზრო მოთხოვნილება საგრძნობლად დაიწევს, რადგან ადამიანებს სულ უფრო ნაკლები ფული ექნებათ საქონლისა და მომსახურების შესაძენად“, – აღნიშნა ექსპერტმა.

რამდენი კრედიტია გაცემული საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოსთვის საქართველოში საერთო ჯამში 6,2 მილიარდი ლარის მოცულობის 120,3 ათასი კრედიტი გაიცა. კრედიტების საერთო რაოდენობიდან მნიშვნელოვანი ნაწილის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 აგვისტოსთვის ქვეყანაში გაცემულია 2,1 მილიარდი ლარის ოდენობის 46,6 ათასი იპოთეკური კრედიტი. მათი საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10,35%-ს.

რადგან ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა, შესაბამისად, არ შეიცვლება საპროცენტო განაკვეთი უკვე აღებულ კრედიტებზეც.

როგორ იცვლებოდა წელს რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება ხანგრძლივი გამკაცრების პერიოდის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნით გამოწვეული ინფლაციის ზეწოლის გასანეიტრალებლად განაკვეთის აწევა რეგულატორმა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

სექტემბრიდან დეკემბრამდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ 2020 წლის 21 მარტს კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი 8%-მდე.

ნიკა შენგელიამ უკმაყოფილება გამოთქვა რეგულატორის ბოლო გადაწყვეტილებით – დაეტოვებინა რეფინანსირების განაკვეთი იმავე დონეზე.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რეგულატორი შეამცირებდა განაკვეთს, ვინაიდან მთელ მსოფლიოში – ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთშიც კი, განაკვეთი შემცირდა. უკვე დროა მონეტარული პოლიტიკა შეიცვალოს, ვგულისხმობ, რომ საჭიროა რეფინანსირების განაკვეთის ნულთან მიახლოება, რადგან ეკონომიკა რეცესიაშია და საჭიროა მისი წამოწევა“, – აღნიშნა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ექსპერტის აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ნამდვილად არ იმოქმედებს პოზიტიურად ეკონომიკაზე, უბრალოდ არ ჩაძირავს მას.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

ინფლაციის დონის რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!>>

„ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია რეგულატორის განცხადებაში.

წლიურმა ინფლაციამ 2019 წელს 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს – 2019 წლის დეკემბერში.

წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ კლება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4%, მარტში – 6,1% შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბლა ინფლაციის დონე 2021 წლის პირველ ნახევარში ჩამოვა.

„ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი, მეტწილად, საგარეო მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა შენგელია არ იზიარებს ეროვნული ბანკის პროგნოზს ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით.

პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით>>

„ჩვენ ველით ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდას, ძირითადად, ოქტომბრის ბოლოდან, რადგან ამ პერიოდიდან კვლავ მოსალოდნელია საქონლისა და მომსახურების გაძვირება. ვინაიდან ამ დროისთვის ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგი უკვე ამოწურულია, ჩვენ კვლავ დამოკიდებული ვიქნებით იმპორტირებულ საქონელზე“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, ქვეყანას სასურსათო კალათის 80%-მდე კვების პროდუქტების შემოტანა მოუწევს.

65
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
სავალუტო ჯიხური

რატომ „გარბის“ ლარი და ვინ „დაიჭერს" ეროვნულ ვალუტას?

1032
(განახლებულია 11:17 17.09.2020)
საპარლამენტო არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. რატომ, სანამდე დაეცემა ლარი, რა იქნება არჩევნების შემდეგ?

სამსონ ხონელი

მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი კვირაა, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად მზარდია. პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღიური მაჩვენებელი ორ ათეულს იშვიათად სცდებოდა. სექტემბრის მეორე დეკადაში კი უკვე სამნიშნა რიცხვი დაფიქსირდა. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მედლის ერთი მხარეა. სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია კორონავირუსის ის უარყოფითი ეფექტი, რაც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე აისახება.

ეროვნულმა ვალუტამ კორონავირუსისგან პირველი დარტყმა მარტში მიიღო, როცა ქვეყანაში ე.წ. კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. შედეგად – ტურისტული ნაკადი განულდა, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა და ეკონომიკაც პრაქტიკულად გაჩერდა. მაშინ ლარი რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა. იქიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის კურსი 1 ამერიკული დოლარის მიმართ 3.06-3.08-ის ფარგლებში მერყეობდა და იყო მოლოდინი, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებდა. მაგრამ არ არის ასე, მეტიც, უკვე ერთი კვირაა, უხილავ ვირუსს „სიმაღლეების“ დაპყრობის ტემპში ეროვნული ვალუტა აჰყვა. 3.160-3.175 − ასეთია მოცემულობა, როცა კომპიუტერის კლავიატურაზე წინამდებარე სტრიქონები იკრიფება.

რას ფიქრობს ხელისუფლება, სად არის ეროვნული ბანკი?! − მკაცრი ტონით დაინტერესდება გაბრაზებული მკითხველი და მართალიც იქნება. ფაქტია – ლარი „გარბის“, მისი „დამჭერი“ კი არ ჩანს... „ეროვნული ბანკი, მთავრობა კურსის ცვალებადობას აკვირდება და მაქსიმალურად ცდილობს შოკური ეფექტის მინიმიზებას“, − აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში სავალუტო აუქციონზე გამართულ ვაჭრობაში სულ უფრო და უფრო ხშირად მონაწილეობს. კობა გვენეტაძის უწყებამ ლარის კურსის მხარდასაჭერად 13 მარტიდან მოყოლებული 329.65 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. ინტერვენციების მიუხედავად, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარება ვერ ხერხდება. ანალიტიკოსთა და საბანკო სფეროს სპეციალისტთა მოსაზრებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები ლარს მხოლოდ მკვეთრი გაუფასურებისგან იცავს.

„ეროვნული ბანკის ერთადერთი მიზანია, მთავრობის დავალებით ლარის კურსი როგორმე, მინიმუმ, არჩევნებამდე შეინარჩუნოს, რაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვლება კურსი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ეროვნული ვალუტის გამყარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, ეს მოლოდინი არც უნდა გვქონდეს. ეროვნულ ბანკს არა მარტო არჩევნების წინ, მუდმივად უნდა ჰქონდეს მიმართული ყურადღება კურსზე ინტერვენციებით თუ სხვა მექანიზმებით. სხვა ყველაფერს შეეგუება ეკონომიკა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა“, − აცხადებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა.

საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ლარის გაუფასურებას ბევრი არ ელოდა. საკამათო არ არის, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა წყალს ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს. არ დავკონკრეტდები, რატომ. მმართველი გუნდის ოპონენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს წინასაარჩევნოდ ლარის კურსი „კბილებით უჭირავთ“. 

„დღეს ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა. ეკონიმიკა ჩამოშლილია და ხელისუფლებას არც ერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს კრიზისიდან გამოსასვლელად. წინასაარჩევნოდ კურსი იქნება იმდენი, რამდენიც მოესურვება მთავრობას და ეროვნულ ბანკს. ის 5 მილიარდი ლარი, რომელიც სესხად ავიღეთ, დევს ეროვნულ ბანკში, რომელიც უკვე ყოველდღიურად ახორციელებს ე.წ. ინტერვენციებს. ზუსტად ის სცენარია, რომელიც 2016 წელს იყო – სამი თვე დაიჭირეს კურსი, არჩევნები დამთავრდა და გაუფასურებაც დაიწყო. დღეს პოლიტიკურად მართული ლარი გვაქვს“, − აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

შევთანხმდეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში კობა გვენეტაძის უწყება ეცდება შეაჩეროს ლარის კურსის გაუფასურება. საინტერესოა, გაუფასურდება თუ არა ლარი არჩევნების შემდეგ. როგორია ექსპერტ-ანალიტიკოსთა მოლოდინი?

ეკონომიკაში არსებული პრობლემის გამო ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოებაში გაურკვეველი მოლოდინია. ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, საფინანსო სფეროში შოკის მინიმუმამდე დაყვანა საკმაოდ რთული იქნება.  საბოლოოდ ლარის კურსის გამყარება და სტაბილურობა დამოკიდებულია ეკონომიკური აქტივობის ტემპზე.  

„ლარის კურსზე მოქმედებს არა პანდემია, არამედ ეკონომიკური აქტივობა. თუ ეკონომიკას საშუალებას მისცემენ, რომ იმუშაოს ეპიდემიის პირობებში, ლარზე COVID-19-ის გავლენა მძიმე არ იქნება. საბოლოოდ ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, მაგრამ ამავე დროს გაძლიერდება იმ ფაქტორების ზემოქმედება, რაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას გაზრდის. იმის წინასწარ პროგნოზირება, რომელი რომელს გადააჭარბებს, რთულია. ახლა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოვადიან პერიოდში, არსებული ეკონომიკის პირობებში ეროვნულ კურსზე ზეწოლა მოსალოდნელია და, ცხადია, გაუფასურებასაც უნდა ველოდოთ“, − აცხადებს ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მეორე ტალღა მომდევნო სამ თვეში ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს, შემდეგ კი შესაძლოა მკვეთრ გაუფასურებას ვეღარ ავცდეთ.  

„ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ლარის კურსის ვარდნას აჩერებს. ამასთან, ჯერჯერობით ბრუნვაში ზედმეტი ფულის მასა არ გამოდის, ბიზნესის დაკრედიტება შეჩერებულია. რაღაც პერიოდის შემდეგ ლარის კურსის ცვლილება დაიწყება და დიდი ტემპით გაუფასურებაც მოსალოდნელია. წლის ბოლომდე ეროვნულ ვალუტას დიდი ვარდნა არ ელის, იანვრიდან კი სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს“, − აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

წინამდებარე სტატიაში ვახსენეთ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე ინტერვენციებს ახორციელებს. შესაძლოა დაინტერესდეთ, რამდენია სავალუტო რეზერვები, უძირო ქვევრი ხომ არ არის? გაგიკვირდებათ, უცხოური ვალუტის რეზერვი რეკორდულ ნიშნულზეა და 3.73 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ზრდა დიდწილად COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად

აღებულმა საგარეო ვალის ჩამორიცხვებმა განაპირობა. ცნობილია, რომ რეზერვების ნაწილი ლარის კურსის გამყარებასა და სტაბილურობას მოხმარდება. სხვა საკითხია, რომ ნასესხები ფული ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების გასასტუმრებელი იქნება. სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

და, ბოლოს, მხოლოდ სავალუტო რეზერვების იმედად არ უნდა ვიყოთ. საჭიროა მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, რაც ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიურად აისახება. საამისოდ აუცილებელია ეკონომიკის გამოცოცხლება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ პანდემიის მეორე ტალღის პირობებში თავიდან ავიცილოთ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება. ბრძანეთ, ბატონო, და ყველაფერს ვიკადრებ, − შესაძლოა მომიწოდოს მავანმა და პასუხად მივუგებ, ყველაფრის კადრება საჭირო არ არის, სულ ცოტაც საკმარისია: გაითვალისწინეთ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები, დაიცავით დისტანცია, უფრო ხშირად დაიბანეთ ხელები და გაიკეთეთ პირბადე!..

1032
სასწრაფო დახმარება

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა

0
ეპიდემიოლოგები პაციენტების მკურნალობს სახლის პირობებში გეგმავენ - მიმდინარეობს ექიმების გადამზადება

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჭარბობენ მსუბუქი, უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის პაციენტები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისათვის 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ჩართული.

„ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ აჭარაში პაციენტების მართვა სახლში დაიწყოს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში პირველადი ჯანდაცვის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან, რათა პაციენტებს სახლის პირობებში უმკურნალონ.

გამყრელიძის თქმით, 30 იანვრიდან საქართველოში 534 ათასი PCR-ტესტი და დაახლოებით 301 ათასი სწრაფი ტესტი გაკეთდა.

ეპიდემიოლოგმა მოუწოდა ყველას ცხელების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს მიმართონ. მისი თქმით, ეს პირველი წელიწადია, როდესაც გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, რომლებიც შემოდგომით აქტიურდება, იარსებებს ასევე კორონავირუსი. საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება.

გურიაში კორონავირუსი პედაგოგებს დაერია >>

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასამდე დოზა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე მუშაობს.

„როგორც წესი, ვაქცინა გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ მაქსიმალურად, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 182-ით გაიზარდა. სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 3119-ე შეადგენს.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში