საპროტესტო აქცია

პოლიტიკური შურისძიება თუ დანაშაული: რა მოხდა კენჭისყრის დროს პარლამენტში

1717
(განახლებულია 15:11 24.06.2020)
უცხოელმა პოლიტიკოსებმა ყველა დეპუტატს მოუწოდეს, მესამე მოსმენის დროს დაესწრონ პარლამენტის სხდომას და კენჭი უყარონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა შეძლო მეორე მოსმენით საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საკონსტიტუციო შესწორებების დამტკიცება, კენჭისყრით ბევრი უკმაყოფილო დარჩა.

საქართველოსთვის ცვლილებების მიღება მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების შედეგია, რომლის მიღწევა საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მოხერხდა.

მეორე მოსმენის დროს ცვლილებებს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, მაშინ, როდესაც პირველი მოსმენისას ამ პროექტმა 136 ხმა მიიღო. ამჯერად კენჭისყრა ერთბაშად ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაიმართა.

მართალია, ცვლილებები საჭიროზე ორზე მეტი ხმით არის მიღებული, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ემოციები ვერ შეიკავეს.

„ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარის წინაშე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია ზრუნავს „თავისი გეგმების შესრულებაზე და არა საზოგადოების კეთილდღეობაზე“.

მმართველი პარტიის სხვა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავისი საქციელით ოპოზიცია არჩევნებზე თავის პოზიციებს მხოლოდ გაიუარესებს.

„ისინი ამით აზიანებენ საკუთარ თავს, რაც ჩვენთვის ბუნებრივია, არის აბსოლუტურად მისასალმებელი. რაც მეტად დაიზიანებენ ისინი საკუთარ თავს, მით უფრო დაბალი მაჩვენებელი ექნებათ ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის პოლიტიკური შურისძიება

ამასობაში „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა უკავშირდება ერთადერთ საკითხს – ოპოზიციური „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას.

„ძალიან კარგი რაღაც მოხდა. ეს აჩვენებს საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების, საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის ძალას. როცა ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც მას არ უნდა და არ უნდოდა, ეს ძალიან კარგია. ახლა ამას უნდა მოჰყვეს რურუას გათავისუფლება მესამე მოსმენამდე და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. რომელიმე კომპონენტს თუ არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

შედეგით კმაყოფილია ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.

„ამ პროექტში არის ჩანაწერი, რომელიც განსაკუთრებით ღირებული იყო „ქართული ოცნებისთვის“, რომ 2024 წლამდე რამდენი რიგგარეშე არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, ყველა უნდა ჩატარდეს არა სრული პროპორციული სისტემით, არამედ ამ სისტემით. ეს იყო ჩანაწერი, რომელიც კობახიძეს და მის გუნდს ძალიან უნდოდათ, რომ გაესწორებინათ, იმიტომ რომ გაეპარათ წინა კონსტიტუციურ ცვლილებებში. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ცვლილებებზე „ქართული ოცნება" მობილიზებას გააკეთებდა. ახლა ეს ცვლილებები მიღებული იქნება სამი მოსმენით, თავად უზრუნველყოფენ, რომ არავინ დააკლდეს, არავინ ავად არ გახდეს, რადგან ამ პროექტში არის ის ჩანაწერი, რომელიც განსაკუთრებულად უნდოდათ“, – განაცხადა ბესელიამ.

გადაწყვეტილებით მოხარულები არიან ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც.

რურუას საქმე - საჯილდაო ქვა ქართულ პოლიტიკაში >>

„ქართული ოცნება” პირველი მოსმენითაც დიდი სიამოვნებით ჩააგდებდა კვლავ ამ კანონპროექტს, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ” მხარი დაუჭირა პირველ მოსმენას, მიხვდა, რომ მეორე ან მესამე მოსმენით კანონპროექტის ჩაგდება უკვე „ქართული ოცნების” აბსოლუტური განულება და დასასრული იქნებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც ამას მიხვდა „ქართული ოცნება”, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ამასობაში საერთაშორისო პარტნიორებმა, რომლებიც მოლაპარაკებების მედიატორები იყვნენ, მხარეებს მოუწოდეს, რომ მესამე მოსმენისას კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ მიიღოს.

მოუსმენს თუ არა ოპოზიცია ამ მოწოდებას, თუ რურუას გამო „შურისძიებას“ განაგრძობს, ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება, როდესაც ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა მოხდება.

 

1717
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (102)
თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერი

მიმოხილვა: ევროპა და აზია ამერიკულ გაზზე უარს ამბობენ

178
(განახლებულია 19:10 09.07.2020)
ევროპასა და აზიაში ცისფერი აირის ფასები მრავალწლიან მინიმუმამდეა დაცემული. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროშიც კი აღიარეს, რომ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის შეძენას არანაირი აზრი არ აქვს.

ნატალია დემბინსკაია

კლიენტებმა ზაფხულში დაგეგმილ ასზე მეტ მიწოდებაზე თქვეს უარი. შედეგად – ექსპორტი თითქმის 63,6%-მდე დაეცა. რატომ არ სჭირდება არავის ოკეანისგაღმური გაზი?

ფასები დაეცა

გასულ წელს აშშ-ში ბუნებრივი გაზის ნეტო–ექსპორტმა 54,7 მლრდ კუბომეტრს მიაღწია — 20,7 მილიარდით მეტს, ვიდრე 2018 წელს. გათხევადებული ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებლის Cheniere Energy-ს მონაცემებით, პირველ კვარტალში მსოფლიო გაყიდვების მოცულობამ 100 მლ ტონას მიაღწია — 10 მილიონით მეტს, ვიდრე 2019 წელს. ზრდა ძირითადად ამერიკელებმა უზრუნველყვეს.

გეგმები ამბიციური იყო: 2020 წელს 67,2 მლრდ კუბომეტრი, 2021 წელს კი — 79,5 მლრდ. ეს მაჩვენებლები იანვარში აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის სამმართველომ (EIA) გაახმოვანა. მაგრამ უკვე ნათელია, რომ ეს არ მოხდება.

თბილი ზამთრისა და კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპასა და აზიაში გაზის ბაზრები ჩამოიშალა. მაგალითად, ჰოლანდიურ ჰაბ TTF-ზე ფასები პირველად ოთხი თვის განმავლობაში ორჯერ დაეცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო სპოტური მიწოდებები იაპონიაში 44%-ით შემცირდა.

უკვე აპრილში ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტი ევროპაში ეკონომიკურად მიზანშეუწონელი გახდა. მსხვილმა ევროპულმა და აზიურმა კომპანიებმა ივნისი–ივლისის კონტრაქტები გააუქმეს.

Bloomberg-ის მონაცემებით, აშშ-ში თხევადი გაზის ქარხნების განტვირთვა აპრილში თითქმის 30%-ით შემცირდა, მაისში ექსპორტმა მესამედზე მეტით დაიკლო, მათ შორის, კორონავირუსული შეზღუდვების გამოც.

ეკონომიკურად არასიცოცხლისუნარიანი

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს ივნისის პროგნოზი მეტად პესიმისტურია. ევროპელმა და აზიელმა კლიენტებმა უარი თქვეს თხევადი გაზის 110 პარტიაზე. გაზის მიწოდება ამერიკულ საზღვაო ტერმინალებზე მარტის შემდეგ ორჯერ შემცირდა.

„დაბალმა სპოტურმა ფასებმა ბუნებრივ აირსა და გათხევადებულ გაზზე ევროპასა და აზიაში შეასუსტა აშშ-დან ექსპორტის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მეტად მგრძნობიარეა ფასების მიმართ“, — აცხადებენ EIA-ს ანალიტიკოსები.

მათი შეფასებით, ივნისში აშშ-დან ევროპასა და აზიაში საშუალოდ 101 მლნ კუბომეტრია გაგზავნილი დღე-ღამეში, ხოლო ივლისსა და აგვისტოში 62 მლნ იქნება. ეს კი საექსპორტო პოტენციალის 25%-ზე მეტი არ არის.

განაგრძობს დაცემას

დადასტურდა ექსპერტების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ კლიენტები ოკეანისგაღმურ გაზზე უარს მინიმუმ ზაფხულის ბოლომდე იტყვიან: აშშ-ში ფიუჩერსული ფასები ევროპულს სექტემბრამდე აჭარბებს.

„ვინაიდან ფასობრივი უპირატესობა პრაქტიკულად გაქრა, ამერიკულ მიწოდებებზე უარის თქმა მხოლოდ დროის ამბავი იყო“, — განაცხადა აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა ნიკოს ცაფოსმა.

როგორც ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი განმარტავს, ახლა მყიდველები მზად არიან გადაიხადონ ამერიკულ გათხევადებულ გაზში იმდენი, რამდენიც გათხევადებისა და ტრანსპორტირების საოპერაციო ხარჯებსაც კი ვერ დაფარავს. მთავარი დაზარალებული — პირველი და უმსხვილესი ამერიკული ტერმინალი Sabine Pass-ია: ქარხანა 2016 წლიდან მხოლოდ წაგებაზე მუშაობს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-დან გათხევადებული აირის ექსპორტმა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 218 მლნ კუბომეტრი შეადგინა დღე-ღამეში, მაგრამ 17%-ით დაეცა აპრილიდან მაისამდე პერიოდში. EIA-ში ელოდებიან, რომ მიწოდებები სექტემბერში დაიწყებს ზრდას, ვინაიდან მსოფლიო მოთხოვნა ბუნებრივ აირზე თანდათანობით აღდგება.

ჭარბი გაზი

მაგრამ უმსხილესი საინვესტიციო ბანკები ასე ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, მსოფლიოში საწვავის უზარმაზარი მარაგი დაგროვდა. გათხევადებული ბუნებრივი აირის საერთაშორისო ვაჭრობა ჩამოიშალა, გადაიკეტა რა მნიშვნელოვანი არხები ამერიკელი მეფიქალეებისთვის. ხოლო რამდენადაც ნავთობი ისევ გაძვირდა ერთ ბარელზე 40 დოლარამდე, მენავთობეებმა მოპოვება განაახლეს და გვერდითი პროდუქტის სახით ბაზარზე ბევრ იაფ გაზს უშვებენ.

ევროპაში ფასების ვარდნის გამო ამერიკულ თხევად გაზზე მოთხოვნა აღარ არის. ახლა საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად მას რეზერვუარებსა და საცავებში ქაჩავენ.

Goldman Sachs-ის დათვლით, ექსპორტის გაუქმების გამო ამერიკული მარაგები 21,52 მლრდ კუბომეტრით გაიზრდება. ერთი წლის წინ დაფიქსირებული დონე უკვე თითქმის მესამედითაა გაზრდილი, ხოლო ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. ოქტომბრისთვის ქვეყნის შესაძლებლობები გაზის შენახვასთან დაკავშირებით შესაძლოა ამოიწუროს, რაც გათხევადებული აირის მოპოვებასა და წარმოებას რეკორდულად შეამცირებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

178
უპილოტო საფრენი აპარატი

მიმოხილვა: რუსეთმა ახალი „იდეალური იარაღი“ შექმნა

235
(განახლებულია 16:23 07.07.2020)
რუსეთი წარმატებით ცდის მოიერიშე უპილოტო აპარატებს, ხელოვნური ინტელექტის მქონე ჯავშანტექნიკას, პოტენციური მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიური საბრძოლო სისტემებისა და რობოტების გამანადგურებელ დიდი რადიუსის მქონე საშუალებებს.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებული წყაროების თქმით, რუსეთის ელექტრომაგნიტური ქვემეხების საცდელი ნიმუშების მიერ სამიზნის დაზიანების სიშორე 10 კმ-ს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი ხედვის ზონაში მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიური საჰაერო და სახმელეთო შეიარაღება მყისიერად შეიძლება ლითონის გროვად იქცეს. უხმაურო გასროლას მილიწამი სჭირდება, რასაც არ ახლავს ცეცხლი, კვამლი და უკუდარტყმა. ელექტრომაგნიტური ქვემეხის პოზიციის გამოვლენა რადიოლოკაციის ან თანამგზავრული დაზვერვის სტანდარტული საშუალებებით შეუძლებელია.

მანამდე ელექტრომაგნიტური ქვემეხის მოქმედების სიშორე სამი კილომეტრი იყო. ახალი ტიპის შეიარაღების გამოცდა 2015 წლიდან მიმდინარეობს, ქვემეხები წარმატებით „წვავს“ უპილოტო აპარატებს ჰაერში და სხვადასხვა დანადგარებს ხმელეთზე.

ახალი ელექტრომაგნიტური ქვემეხების შეიარაღებაში შეტანის ვადა მონიშნული არ არის, თუმცა რუსეთი უკვე მჭიდროდ მიუახლოვდა მას — წარმატება ხილულია. დღეს საცდელ ნიმუშებს უკვე აქვთ უნარი, მნიშვნელოვან მანძილზე დააზიანონ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები და ფრთოსანი რაკეტები. ახალმა ქვემეხმა რეკორდი სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალების სახით დაამყარა: „დაწვა“ 10 კმ დაშორებით განთავსებული სასწავლო საჰაერო სამიზნე. თუ მოქმედების სიშორის გაზრდა 20 კილომეტრამდე იქნება შესაძლებელი, მაშინ სამიზნეებს შორის აღმოჩნდება თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებიც. სავარაუდოდ, რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამ კუთხით დიდი დრო არ დასჭირდება.

ელექტრომაგნიტური ქვემეხები მოწინავე ხაზზე

იარაღი, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტექნოლოგიას ეყრდნობა, მოქმედების პრინციპით ახლოსაა რადიოელექტრონულ საბრძოლო სისტემებთან. დენთისა და ლითონის ნაცვლად, რუსული ელექტრომაგნიტური ქვემეხი მაღალი სიხშირის გამოსხივებას იყენებს, რომელიც სინათლის სისწრაფით მოძრაობს. ჯერჯერობით პრობლემად რჩება უზარმაზარი ენერგოდანახარჯები თითოეულ გასროლაზე, მაგრამ ტექნოლოგია გამუდმებით იხვეწება.

პერსპექტივაში ელექტრომაგნიტური ქვემეხების დადგმა შესაძლებელი გახდება მეექვსე თაობის მძიმე გამანადგურებელ უპილოტო აპარატებზე, ქვეითი ჯარების ტექნიკასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებზე. თუ ერთ დღეს ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა, უპილოტო აპარატებმა, ფრთოსანმა რაკეტებმა, ტანკებმა და სხვა ჯავშანტექნიკამ „უმიზეზოდ გაჭედა“, ე.ი. ისინი ახალ ტექნოლოგიას აქვს მიზანში ამოღებული.  

ელექტრომაგნიტური ქვემეხი არალეტალურ იარაღად მიიჩნევა — ანადგურებს ელექტრონიკას, მაგრამ ინდობს ცოცხალ ძალას. ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შეუძლია დააზიანოს ნერვული, იმუნური და სხვა სისტემები. და მაინც, თუ ელექტრომაგნიტური იმპულსი „დაწვავს“ მიკროსქემებს და პილოტირებულ საფრენ აპარატს გააჩერებს, მაშინ პილოტი განწირულია — კატაპულტა ასევე არ იმუშავებს.  

ელექტრომაგნიტური იარაღი — ეს კონკრეტულ სექტორებში მუშაობისთვის გამიზნული ინსტრუმენტების მთელი სპექტრია. მაგნიტური ველი შესაძლოა გამოყენებული იყოს ჭურვისთვის საწყისი სიჩქარის მისანიჭებლად, როგორც დენთის ალტერნატივა.

რუსეთში პრიორიტეტულად ვითარდება რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, ელექტრომაგნიტურ ბომბებს აქვთ უნარი, გათიშონ მოწინააღმდეგის მთელი ელექტრონული და რადიოაპარატურა 4 კმ რადიუსში; ანუ დატოვონ მოწინააღმდეგის ჯარი კავშირისა და მართვის გარეშე, გადააქციონ მათი ქვედანაყოფები არაორგანიზებულ ბრბოდ.

საინტერესოა, რომ ელექტრომაგნიტური ქვემეხის შექმნის იდეა ერთდროულად გაჩნდა რუსეთსა და საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დროს. მას საფუძვლად დაედო გერმანელი მკვლევარის იოჰან კარლ ფრიდრიხ ჰაუსის, ელექტრომაგნეტიზმის თეორიის ავტორის ნაშრომები. იდეამ დროს გაუსწრო და ამიტომ სამხედრო ტექნიკაში გამოყენება ვერ ჰპოვა: ფრანგულმა მოდელმა 50-გრამიანი ჭურვი 200 მილიწამამდე ააჩქარა და ღიად დამარცხდა ჩვეულებრივ არტილერიასთან. „მაგნიტო-ფუგალური“ ქვემეხის რუსული პროექტი კი ნახაზებად დარჩა.

ელექტრომაგნიტური იარაღის იდეის რენესანსი 21-ე საუკუნის დასაწყისში დადგა. 2011 წელს არციმოვიჩის რელსოტრონმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მაღალი ტემპერატურის ლაბორატორიაში. ელექტრომაგნიტური ქვემეხი ძალიან პატარა ჭურვებს ისროდა, მაგრამ ელექტრომაგნიტური აჩქარების მქონე ეს „მარცვლები“ ფოლადის დაფებს პლაზმად აქცევდა. ხუთი წლის შემდეგ რუსმა სპეციალისტებმა მასალა პრაქტიკულად პირველ კოსმოსურ სისწრაფემდე ააჩქარეს.

პარტნიორები ჩამორჩებიან

ელექტრომაგნიტური ქვემეხების პროექტებზე მუშაობენ აშშ-ში, ისრაელში, თურქეთში, საფრანგეთსა და ჩინეთში. მაგრამ არც ერთ ამ ქვეყანას არ მიუღწევია „მაღალი ხარისხის ცეცხლის“ სიშორის ათკილომეტრიანი ეფექტისთვის. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გასულ წელს რელსოტრონული ქვემეხი გამოსცადა, რომლის ჭურვის გაშვების სიჩქარე დაახლოებით 2041 მ/წამი იყო. შევნიშნავ, რომ ეს მყარსხეულიანი საბრძოლო მასალა (არა ელექტრომაგნიტური იმპულსი) მაინც ვერ აჭარბებდა თანამედროვე არტილერიის მაქსიმალურ სიჩქარეს — 2500 მ/წამს. მომავლის ომებისთვის ეს აჩქარება აშკარად არ არის საკმარისი.

რელსოტრონი — ეს ელექტრომაგნიტური ქვემეხის სახეობაა, რომლის ძირითადი ელემენტებია კვების წყარო, კომუტაციური აპარატურა და ერთიდან ხუთ მეტრამდე სიგრძის ორი ელექტროგამტარი რელსი. გასროლა მაღალი ძაბვის მიწოდების მომენტში ხდება პლაზმისა და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიების ხარჯზე.

ამერიკელები 475 მმ-იანი რელსოტრონული ქვემეხის გამოცდას 2000-იანი წლების დასაწყისიდან აწარმოებენ, მაგრამ წარუმატებლად. 23 კილოგრამიანი ჭურვი, რომელიც ლულიდან დაახლოებით 2200 მ/წმ სიჩქარით ფრინდება, საშინელ ნგრევას იწვევს. უცნობია, საით და რამდენად შორს მიფრინავს იგი.

ამერიკული რელსოტრონული ქვემეხის მოწინავე ამერიკულ ესკადრონულ ნაღმმზიდ Zumwalt-ზე განთავსების იდეაზე საბოლოოდ უარი თქვეს იმის გამო, რომ ის უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას ხარჯავდა რამდენიმე ათეულ გასროლაზე. ხომალდი არ შეიძლება იყოს საკუთარი შეიარაღების მსხვერპლი, ხოლო ელექტრომაგნიტური ქვემეხის გამოყენება ნაღმმზიდის თითქმის მთელი ელექტრონიკის გათიშვას მოიაზრებდა, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ჩათვლით. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის სპეციალისტებმა Zumwalt-ის ტიპის ნაღმმზიდების საკომანდო ხომალდებად გამოყენების წინადადება დააყენეს. კვლევები გრძელდება. მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროში მოწინავე ქვეყნები აშკარად ჩამორჩებიან რუსეთს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

235
დაკავება

ზუგდიდში „ტყის ძმების“ ლიდერის შვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს

0
დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”. ასევე ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში