რადიკალი ისლამისტები

მოსაზრება: ამერიკელებმა მსოფლიო ტერორიზმში „რუსული კვალი“ შენიშნეს

54
(განახლებულია 21:31 16.06.2020)
შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელებმა რუსეთი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. „თალიბანის“, „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჰესბოლას“ სავარაუდო სპონსორობისთვის კანონმდებლებმა სანქციების გამკაცრება შემოგვთავაზეს.

გალია იბრაგიმოვა

თუ დონალდ ტრამპი ამ ბრალდებებს მხარს დაუჭერს, მოსკოვისა და ვაშინგტონის ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. რატომ აყენებენ ამერიკელები დარტყმის ქვეშ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველაზე ნაყოფიერ სფეროს?  

აშშ-ის მტრების ამბიციების აღკვეთა

„რუსეთი ასპონსორებს ტერორიზმს, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორის იმიჯს ქმნის. ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მეთაურმა მოსკოვი თალიბებისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდებაში დაადანაშაულა. სირიის ომის დროს რუსეთს პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან და ჰესბოლასთან. სირიაში რუსული კონტინგენტი ძირითადად ამერიკის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხეთა წინააღმდეგ იბრძოდა. 2015 წლის ოქტომბერში რუსეთმა ავიაიერიშები აჯანყებულებზე მიიტანა და „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს დაეხმარა“, – ნათქვამია მოხსენებაში „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

დოკუმენტი მოამზადეს წარმომადგენელთა პალატის უმსხვილესმა რესპუბლიკურმა ფრაქციებმა. ახლა პრეზიდენტის პარტიის წევრები იქ უმცირესობაში არიან, მაგრამ სწორედ ისინი ითვლებიან თეთრი სახლის პოლიტიკის მეგზურებად. ეს არის მოხსენებისადმი გაზრდილი ინტერესის მიზეზი. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საფრთხეებს შორის პირველ ადგილზეა ჩინეთი, მეორეზე — რუსეთი.

„კანონი (რომელსაც რესპუბლიკელები სთავაზობენ კონგრესში მისაღებად —  რედ.) გვავალდებულებს რუსეთის, როგორც ტერორიზმის სპონსორის, წინააღმდეგ მთელი რიგი ეკონომიკური შეზღუდვები შემოვიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები შეეხოს ორმაგი დანიშნულების საქონელს და გაითვალისწინონ დიპლომატიური იმუნიტეტის მოხსნა იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს მხარს უჭერენ. ტერორისტების მსხვერპლთა ოჯახის წევრებს აშშ-ის სასამართლოებში საჩივრის შეტანის უფლება უნდა ჰქონდეთ. უნდა აიკრძალოს ეკონომიკური დახმარება და იარაღის გაყიდვა“, — განმარტავენ რესპუბლიკელები.

გარდა ამისა, მოხსენების ავტორები კიდევ ერთხელ იმეორებენ ამერიკის არჩევნებში ჩარევისა და ამერიკელების დეზინფორმაციის წინა ბრალდებას. უკრაინასა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაშიც, რასაკვირველია, მოსკოვია დამნაშავე.

კონგრესმენების მთავარი დასკვნაა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ამერიკის ინტერესებს სირიაში, ლიბიაში, ვენესუელასა და მონტენეგროში. ამიტომ სანქციებია აუცილებელი.

რაც შეეხება პეკინს, მზარდ ჩინურ ძალას რესპუბლიკელი სტრატეგები განიხილავენ როგორც პოტენციურ გრძელვადიან საფრთხეს. მოსკოვი კი პირდაპირ ახლა უშლის ხელს.

„რუსეთი და ჩინეთი მომართულები არიან საერთაშორისო სისტემის რესტრუქტურიზაციაზე და ძირს უთხრიან ხალხის რწმენას დემოკრატიაზე“, — ასკვნიან დოკუმენტის ავტორები.

გაერთიანებული ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

ახლა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მრავალწლიანი რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს. მიუხედავად რთული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა, მოსკოვი და ვაშინგტონი ამ სფეროში ყოველთვის მიმართავდნენ საერთო მიდგომას.

ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ გასული წლის ბოლოს აშშ-ის სპეცსამსახურებმა ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს აცნობეს სანქტ-პეტერბურგში ჩასული „ისლამური სახელმწიფოების“ ბოევიკების შესახებ.

„ეს სიტუაცია ამერიკელებმა გააკონტროლეს. შემდეგ მოსკოვს დაუკავშირდნენ. ტერორისტები დააკავეს. მე დავურეკე დონალდს მადლიერების გამომხატველი სიტყვებით იმისათვის, რომ მათ ეს ინფორმაცია გადმოგვცეს“, — განმარტა პუტინმა.

არაერთხელ დაეხმარა რუსეთიც. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოსკოვმა დაუყოვნებლივ გამოხატა ვაშინგტონის მიმართ მხარდაჭერა. ავღანეთში ნატოს ანტიტერორისტული კამპანიის დროს ქაბულში ულიანოვსკის გავლით ყველა არასამხედრო ტვირთის ნახევარი გადაიტანეს. ეს მარშრუტი ამერიკელებმა 2015 წლამდე აქტიურად გამოიყენეს.

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატები და რუსეთი კოორდინირებულად იბრძოდნენ ალ-ქაიდას, შემდეგ კი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

2013 წელს რუსეთის სპეცსამსახურებმა კოლეგებს FBI-დან ურჩიეს, თვალყური ედევნებინათ ამერიკაში მცხოვრები დსთ-დან ემიგრირებული ძმებისთვის, გვარად ცარნაევებისთვის. მაგრამ მათ არ მიაქციეს ამ რჩევას ყურადღება. და ბოსტონში მარათონის დროს ცარნაევების მიერ მოწყობილ ტერაქტში სამი ადამიანი დაიღუპა, სამასამდე კი დაშავდა.

სოჭის ოლიმპიადის წინა დღეს მოსკოვი და ვაშინგტონი ინტენსიურად უზიარებდა ერთმანეთს საეჭვო ადამიანებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციას.

თანამშრომლობა კორონავირუსის პანდემიის დროსაც კი არ შეწყვეტილა. „ჩვენ ძველებურად განვაგრძობთ მონაცემების გაცვლას სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების ინფორმაციის მიხედვით ტერორისტული თავდასხმების მოახლოებასთან დაკავშირებით“, —  განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა მაისში.

ისტორიასთან ცუდად

„კონგრესმენთა მოხსენებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მაგრამ მოსკოვის სანქციებით დასჯის ინიციატივა მანიშნებელია“, — განიხილავს „რია ნოვოსტისთან“ საუბრის დროს RSMD-ს პროგრამის დირექტორი ივან ტიმოფეევი. — „შიდაპოლიტიკურმა პრობლემებმა: ანტირასისტულმა პროტესტმა, წინასაარჩევნო კამპანიამ დაყო ამერიკული საზოგადოება. რესპუბლიკელები ეძებენ გამაერთიანებელ მოცემულობას. ხოლო რუსეთის, ჩინეთის, ირანის მუქარაზე ყოველთვის არსებობს ორმხრივი კონსენსუსი“.

ტერორიზმის სპონსორების სიაში რუსეთი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შეიყვანეს, „კრემლის აგრესიისგან ამერიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში“, — გვახსენებს ტიმოფეევი. გათვალისწინებული სანქციების პაკეტს DASKA დაერქვა, მაგრამ საბოლოოდ ის არ მიიღეს.

„თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი დეკემბერში DASKA-ს მკაცრად აკრიტიკებდნენ. აშშ-ის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იცის, რომ ეს სანქციები რუსეთის კუთხეში მიმწყვდევის მცდელობაა. თუმცა, ასეთი რუსეთი ამერიკელებისთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ პროექტი უარყვეს. ახლა რესპუბლიკელებმა მოხსენებაში უბრალოდ გაიმეორეს DASKA-ს მრავალი დებულება, მაგრამ მისი ძირითადი თეზისები მაინც მარგინალურია“, – ამბობს ტიმოფეევი.

ექსპერტის აზრით, ტერორიზმის სპონსორობის ბრალდება კონგრესმენების მიერ ისტორიის უგულებელყოფას აჩვენებს. „თუ ღრმად ჩაეძიებით, აღმოჩნდება, რომ თალიბანის ან ჰესბოლას შექმნის უკან საერთოდ არ დგანან რუსები, სწორედაც რომ ამერიკელები. რესპუბლიკელებმა უნდა ისწავლონ მასალა“, — აღნიშნავს ის.

ტიმოფეევს მიაჩნია, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობა გაგრძელდება. მაგრამ რაც უფრო ახლოსაა არჩევნები, მით უფრო მეტი იქნება პოპულისტური ინიციატივები და მოწოდებები – დასაჯონ ყველა, ვინც ამერიკელებს არ ეთანხმება. 

54
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რას უნდა ველოდოთ მათგან? ექსპერტთა პროგნოზები

52
(განახლებულია 19:59 30.10.2020)
უკვე ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა სერიოზული არჩევანი უნდა გააკეთონ – მეათე მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატი აირჩიონ.

საკანონმდებლო ორგანოს სავარძლებზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა – წელს არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

ქართული პარტიების რეიტინგები არჩევნების წინ>>

რას უნდა ველოდოთ დამდეგი არჩევნებისგან და როგორია პარტიების შანსები? ექსპერტთა პროგნოზები და მოსაზრებები.

ძალთა გადანაწილება მომავალ პარლამენტში

ცნობილი სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი, ძირითადად, უკვე ცნობილი პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტდება.

„გამარჯვებას ამ არჩევნებში თავისი ფასი აქვს; მოსალოდნელია, ძალიან ძვირი ფასიც. დავიწყოთ საკანონმდებლო მოცემულობით: პროპორციულ არჩევნებში 40.5%-იან პარტიას აქვს უფლება, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. სხვადასხვა კვლევით, 40.5%-იანი შედეგის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უმრავლესობის მოპოვებას“, – წერს კაჭკაჭიშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე.

უბრალო უმრავლესობა პარლამენტში ნიშნავს კანონპროექტების მიღების შესაძლებლობას. სოციოლოგის განმარტებით, 40.5%-იანი შედეგი პროპორციული სიით პარლამენტში 48 ადგილს უდრის.

„მაშასადამე, უმრავლესობის (76 მანდატი) მისაღებად „ქართულ ოცნებას“ + 28 მანდატი სჭირდება მაჟორიტარების ხარჯზე, რომლის მოპოვება მას ნამდვილად არ შეუძლია. არადა, უმრავლეობის გარეშე მთავრობა ვერ დამტკიცდება. ანუ, 40.5%-ის მოპოვება ჯერ კიდევ არ არის გამარჯვება (ან, ფსევდო გამარჯვებაა)“, – დასძენს სოციოლოგი.

„დავუშვათ, რომ „ოცნებამ“ აიღო 45% (რისი შანსიც არსებობს). ეს ნიშნავს პროპორციულ არჩევნებში 54 მანდატს. უმრავლესობის მოსაპოვებლად ოცნებას მაჟორიტარების 21 მანდატი სჭირდება, რაც სრულიად რეალისტურია. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: უბრალო უმრავლესობის ხელში „ოცნების“ ხელისუფლება ხდება მყიფე და ის მუდმივად იდგება უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე“, – წერს კაჭკაჭიშვილი.

„რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ „ოცნება“ 40.5%-ზე ნაკლებს აიღებს (რაც, ასევე, კვლევების მიხედვით, გამორიცხული არ არის), აქ უკვე კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დგება, ანუ ხელისუფლებაში დარჩენის ან მოსვლის პერსპექტივაში ჩაერთვებიან პარლამენტში მოხვედრილი სხვა პოლიტიკური პარტიები, რაც, ცხადია, რომელიმე ერთი პარტიის გამარჯვებას არ ნიშნავს; თუმცა, ნიშნავს „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული ხელისუფლების დასრულებას“, – აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი.

„ძალთა გადანაწილების ნებისმიერი ზემოაღწერილი დიზაინის შემთხვევაში, ის, რაც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მომავალი პარლამენტი აღარ იქნება შავ-თეთრი, ის იქნება მრავალფეროვანი და მასში თავს მოიყრის მოქმედი პოლიტიკოსების უმრავლესობა“, – ასკვნის სოციოლოგი.

მეორე ტური

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში. დამდეგ არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემით მხოლოდ 30 დეპუტატს აირჩევენ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ, 2016 წლისგან განსხვავებით, წელს მეორე ტური საჭირო გახდეს 20 მაჟორიტარულ ოლქში მაინც. ექსპერტი ამას მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნით ხსნის.

„ვფიქრობ, ოლქების უმრავლესობაში მოსალოდნელია მეორე ტურის ჩატარება... 2016 წელს „ქართული ოცნების“ რეიტინგი შედარებით მაღალი იყო და პროპორციულ ნაწილში მათ 48% მიიღეს“, – განუცხადა ჩიტაძემ გაზეთ „რეზონანსს“.

ახლა, როდესაც სხვაობა რეიტინგში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კიდევ უფრო შემცირდა, ეს იძლევა იმის თქმით საფუძველს, რომ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება, აღნიშნავს ექსპერტი.

განსხვავებული აზრისაა ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც მეორე ტურს მხოლოდ 10-მდე მაჟორიტარულ ოლქში, დანარჩენში კი „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ვარაუდობს.

„იმ ოლქებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, ყველაფერი პირველივე ტურში დასრულდება. თბილისშიც, რამდენიმე ოლქის გამოკლებით, მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდები“, – განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსისა და ჟურნალისტის არჩილ გამზარდიას აზრით, მეორე ტური შეიძლება 15 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ამ მაჟორიტარული ოლქების არსებობას იმიტომ დათანხმდა, რომ აქედან ყველაზე დიდი ნაწილი მიიღოს, ვინაიდან მეტ მხარდაჭერას ელოდება პროპორციულ ნაწილში. დაახლოებით ოლქების ნახევარში შეიძლება ჩატარდება მეორე ტური“, – აღნიშნა გამზარდიამ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, მმართველ პარტიას დიდ ქალაქებში გამარჯვება გაუჭირდება, თუმცა პროპორციულ არჩევნებში ის მაინც გაიმარჯვებს.

„როდესაც ხელისუფლება რეიტინგს კარგავს, ეს ძირითადად დიდ დასახლებულ პუნქტებზე აისახება, ძირითადად, თბილისზე, ქუთაისზე, ზუგდიდსა და ბათუმზე. ამიტომ მმართველ პარტიას გაუჭირდება მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, განსაკუთრებით, თბილისში, რომელიც ზედმეტად ინფორმირებული და პოლარიზებული ქალაქია. ამ ქალაქებს შეიძლება დაემატოს გორი და თელავი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, „ოცნება“ პროპორციულ არჩევნებს მოიგებს“, – განაცხადა ძაბირაძემ.

არჩევნების დღეს ცესკოში ბრიფინგები ყოველ სამ საათში გაიმართება>>

რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიციას ამომრჩეველთა არანაირი მხარდაჭერა არა აქვს, რათა პროპორციული არჩევნები მოიგოს.

ამომრჩეველთა აქტივობა

ბოლო ორ კვირაში იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ ხმას, ორჯერ შემცირდა, ხოლო მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც გადაწყვეტილებას უშუალოდ საარჩევნო ყუთთან მიიღებს, მინიმალური იქნება, ფიქრობს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Jepra-ს ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი.

სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა, 24-35%-ს შუა მერყეობს.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რასაკვირველია, ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭირონ მხარი, შემცირდება. საერთო ტენდენცია ისეთია, რომ არჩევნების დღეს და ერთი დღით ადრე არჩევნებამდე მათი რაოდენობა 10%-მდე მცირდება და ძალიან მცირე რჩება იმათი რიცხვი, ვინც გადაწყვეტილებას უშუალოდ საარჩევნო ყუთთან იღებს“, – ამბობს გალუმაშვილი გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოში არ ჩატარებულა საგანგებო კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენი პროცენტი იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან, თუმცა, როგორც გალუმაშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 4-7%-ს უტოლდება.

„ვფიქრობ, საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა, დაახლოებით 15%-ია... ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე აქტივობა 60%-ის ფარგლებში იქნება“, – ამბობს გალუმაშვილი.

ამასთან, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ დამდეგ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ოპოზიციისთვის ხელსაყრელი არ არის.

„იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ხალხი მივა არჩევნებზე, სასწორი შეიძლება „ნაციონალების“ მხარეს გადაიხაროს, რადგან სწორედ მათი მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც რევანშზე ფიქრობს და აუცილებლად მიდის არჩევნებზე“, – განუცხადა შარაშენიძემ რადიო „ფორტუნას“.

საპირისპირო აზრისაა პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს>>

„ქართული ოცნება“ სულ უფრო ართულებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას, რადგან პარტიას უნდა, არჩევნებზე არ მივიდნენ სხვა პარტიების ამომრჩევლები და ისინი, ვისაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. „ოცნებას“ ჰყავს თავისი ელექტორატი და მან იცის, ვინ უჭერს მხარს. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ახლა ხალხს მაინცდამაინც არ უხარია სახლიდან გამოსვლა და კორონავირუსით დაავადება, ამიტომ ისინი არ მონაწილეობენ წინასაარჩევნო გარემოში აგრესიული ფორმით. ბუნებრივია, ოპოზიციურ პარტიებს უფრო მეტად აწყობთ აქტიურობა“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

შედეგები, აქციები და პროვოკაციები

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე არ გამორიცხავს პროვოკაციებს და სიტუაციის გამწვავებას არჩევნების პერიოდში.

„ვითარებას ძაბავს ოპოზიცია, ძირითადად, „ნაციონალები“ და მათი თანამოაზრეები. მათ ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა და პირდაპირ დასვეს კითხვა: „არჩევნების გაყალბების შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი რეაქცია – მიიღებთ მონაწილეობას გამოსვლებში თუ სხვა რადიკალურ ზომებს მიმართავთ?“ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი რადიკალური ქმედებებისთვის ემზადებიან. იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა ბელარუსში, ყირგიზეთში, ზოგიერთი შიშობს, რომ ვითარება შეიძლება საქართველოშიც დაიძაბოს. ამის საფუძველი არ არის, რადგან ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერს. მაგრამ მათ, ვფიქრობ, შეუძლიათ რაღაც რადიკალური ქმედებებისა და პროვოკაციების მოწყობა“, – განუცხადა კიკნაძემ „Sputnik-საქართველოს“.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, პოლიტოლოგის აზრით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ხოლო მისი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 20%-ს აიღებს.

„ყველა დანარჩენი პარტია მცირერიცხოვანია. მაგრამ ახალი კანონი, ძალიან დაბალი ბარიერი მათ პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს. ძირითადად, არც ერთი მათგანი საფრთხეს არ წარმოადგენს. შეიძლება ერთად რაღაც რაოდენობა მოაგროვონ, ერთი ადამიანი ერთი პარტიიდან, ორი – მეორედან. ამასთან, ეს უკვე ძველი პარტიებია. ზოგიერთი დიდი ხანია პოლიტიკურ არენაზე მოღვაწეობს და მოსახლეობას ახალს ვერაფერს შესთავაზებს. ამისათვის საჭიროა რესურსები, იდეოლოგია, საჭიროა პოლიტტექნოლოგიები, ეს კი დიდი ფული ღირს“, – აღნიშნა კიკნაძემ.

არჩევნების დროს ინციდენტებს არ გამორიცხავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც.

შსს–ს საგანგებო განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით>>

„წინასაარჩევნო კამპანია დუნედ მიმდინარეობს. მოსახლეობაში დაძაბულობა უმნიშვნელოა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გამწვავებას საარჩევნო უბნებთან ველოდები. ცალკეული ინციდენტები მოსალოდნელია, მაგრამ ისინი, არა მგონია, მასობრივი იყოს ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ დაპირისპირებას არ ველოდები. უფრო მგონია, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის“, – განუცხადა ძაბირაძემ „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ანალიტიკოსის აზრით, განსაკუთრებული დარღვევები ან გაყალბება დამდეგ არჩევნებზე მოსალოდნელი არ არის.

„შესაძლოა იყოს გაყალბების მცდელობები, მაგრამ როგორც ადრე იყო, ე.წ. „კარუსელები“, საარჩევნო ყუთების გატაცება და ა.შ., მსგავსი არ მოხდება. ცალკეული რეციდივები ცალკეულ უბნებზე იქნება, მაგრამ ისეთი ხასიათის არა, რომ ადგილობრივმა ან საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, ანალიტიკოსის აზრით, საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ათი სუბიექტი მოხვდება.

„პირველ ადგილს „ქართული ოცნება“ დაიკავებს. რამდენად მოახერხებს ის 76 მანდატის მიღებას, რომელიც მას მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების შესაძლებლობას მისცემს, რთული სათქმელია. თუმცა ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. იქნება ასევე „ნაცმოძრაობა“, შემდეგ კი ცალკეული პარტიები – მესამე კატეგორია, რომელიც 5%-იანი წარმატების ფარგლებში იმუშავებს. ასეთები არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა მასობრივ საპროტესტო აქციებს არჩევნების შემდეგ, ანალიტიკოსმა მიუგო:

„ამის სურვილი შეიძლება გაუჩნდეთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, მაგრამ, როგორც ვხედავ, დღეს ამომრჩევლებსა და მოსახლეობას მსგავსი საპროტესტო გამოსვლების მზადყოფნა არ აქვს. ძალიან გამიკვირდება, თუ პროტესტი მასობრივ ხასიათს მიიღებს. მხედველობაში მაქვს იმ დონისა და მასშტაბის აქციები, როგორიც იყო, მაგალითად, ბელარუსში. ამის მცდელობა იქნება, მაგრამ სერიოზული საპროტესტო ტალღის დაწყებას ქვეყანაში არ ველოდები“.

დამდეგი არჩევნების მთავარი ინტრიგაა – შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას, თუ ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით მოიპოვებს უპირატესობას? მაგრამ კენჭისყრის შედეგები ისტორიული იქნება ყველა შემთხვევაში: „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ისტორიაში პირველად შეინარჩუნებს ერთი პარტია ძალაუფლებას მესამე ვადით. ხოლო თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, საქართველოს ისტორიაში პირველად მმართველი პარტია მართვის ბერკეტებს დაიბრუნებს.

52
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
არჩევნები საქართველოში

ინსტრუქცია: როგორ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და არ ვავნოთ ჯანმრთელობას

43
(განახლებულია 17:21 30.10.2020)
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდება და ამიტომ ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა აუცილებელია.

„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ სრულ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა ისე, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მხოლოდ პირბადით მოხვდება. გამონაკლისია ის ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ექიმის ცნობა იმის თაობაზე, რომ პირბადის ტარება არ შეუძლიათ.

შემდეგ ამომრჩეველი გადის გარკვეულ პროცედურებს:

  • გადის მარკირების შემოწმებას
  • პირადობის მოწმობის წარდგენის დროს იხსნის პირბადეს და უბნის კართან მდგომ კომისიის წევრს აჩვენებს თავის სახეს
  • იკეთებს პირბადეს
  • იტარებს ხელების დეზინფექციას
  • რეგისტრატორს აწვდის პასპორტს ან პირადობის მოწმობას და პირბადის ჩამოწევით აჩვენებს სახეს
  • იკეთებს პირბადეს და გადის მარკირების პროცედურას
  • იღებს კალამს და ხელს აწერს სარეგისტრაციო ჟურნალში
  • იღებს ბიულეტენს
  • ხმას აძლევს კაბინაში
  • ბიულეტენს დებს კონვერტში და აგდებს ყუთში
  • ათავსებს კალამს სპეციალურ კონტეინერში
  • იტარებს ხელების დეზინფექციას
  • ტოვებს საარჩევნო უბანს

უსაფრთხოების ზომები უბანზე

  • ყველა შენობაში, სადაც არჩევნები გაიმართება, ერთი დღით ადრე დეზინფექცია ჩატარდება
  • შესასვლელში განთავსდება დეზობარიერი
  • კომისიის ყველა წევრი, პარტიების წარმომადგენლები, დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები, სანამ შენობაში მოხვდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს
  • ხელმეორე შემოწმებისას 37 და ზემოთ ტემპერატურის შემთხვევაში ადამიანს შენობაში არ დაუშვებენ
  • კომისიის წევრები იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.
43
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ჩამოხეული სარეკლამო პლაკატები

აგიტაცია იკრძალება: საქართველოში „დუმილის საათები“ დაიწყო

0
(განახლებულია 22:44 30.10.2020)
საქართველო 31 ოქტომბერს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ, 31 ოქტომბრის 00:00 საათზე დუმილის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც საღამოს 20:00 საათამდე გასტანს.

ამ პერიოდში იკრძალება პოლიტიკური რეკლამის ტრანსლაცია ტელეიზიითა და რადიოთი, ასევე არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების პროგრამების განთავსება და მათი გავრცელება.

ასევე არ დაიშვება პარტიის სახელით ამომრჩევლებთან რეკვა და მათთვის შეტყობინებების გაგზავნა.

გარდა ამისა, ხმის მიცემის დაწყებამდე — დილის 08:00 საათამდე იკრძალება გამოკითხვების პუბლიკაცია.

საქართველო 31 ოქტომბერს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. ამის პარალელურად ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების არჩევნები.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020