„არმატა“

მოსაზრება: რატომ არის „Т-15 არმატა“ მსოფლიოში საუკეთესო

109
(განახლებულია 14:37 08.06.2020)
რუსეთს შეიარაღების შექმნისა და წარმოების სფეროში წამყვანი პოზიციები უკავია. „არმატას“ პლატფორმის ბაზაზე შექმნილი ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა - ხარისხიანი ტექნოლოგიური ნახტომია. ახალ მანქანაზე მოთხოვნილება იარაღის მსოფლიო ბაზარზე იქნება.

ალექსანდრ ხროლენკო

მოსკოვში 24 ივნისს დაგეგმილ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობას მიიღებს მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა „Т-15 არმატა“, რომელიც უახლესი დისტანციური მართვის უნივერსალური საბრძოლო მოდულითაა ("Кинжал" - დაშნა) აღჭურვილი. ამჟამად ის დედამიწაზე ყველაზე მძლავრი და კარგად დაცული ქვეითთა საბრძოლო მანქანაა.

მუხლუხოს პლატფორმიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „არმატა“ გამიზნულია ბრძოლის წინა ხაზზე ქვეითთა გადასაყვანად და ჯარის დასახმარებლად. მანქანის შეიარაღება და სისტემა მას ტანკების გვერდით ბრძოლის შესაძლებლობას აძლევს. ძრავა მანქანის წინა ნაწილშია განლაგებული, ცენტრში - მართვის განყოფილებაა, უკანა ნაწილში კი - სადესანტო ნაკვეთური. იარაღი და საბრძოლო მასალა განთავსებულია დისტანციური მართვის გუმბათში. შიდა სივრცე ისეა ორგანიზებული, რომ ეკიპაჟსა და დესანტს სამი დღის განმავლობაში მანქანის დატოვების გარეშე საბრძოლო ამოცანების შესრულების შესაძლებლობას აძლევს.  

მანქანას ეკიპაჟის სამი წევრი მართავს, სადესანტო განყოფილება იტევს ცხრა სრულად ეკიპირებულ მოტომსროლელებს. მანქანა „Т-15“ შთამბეჭდავი გაბარიტებისა და მასისაა (9,5 მ - სიგრძე, 4,8 მ - სიგანე, 3,5 მ - სიმაღლე, ხოლო წონა - 55 ტონა). ეს „მონსტრი“ აღჭურვილია 1 500 ცხენის ძალის სიმძლავრის დიზელის ძრავით - 2В-12-3А. შეუძლია 5 მეტრამდე სიღრმის წყლით დაფარული დაბრკოლების გადალახვა და ავითარებს 50 კმ/სთ სიჩქარეს, ტრასაზე კი - 75კმ/სთ-მდე სიჩქარეს. სვლის მარაგი - 500 კმ-ია.

უნიკალური დაცვა

მსოფლიოში არსებული ყველა ქვეითთა საბრძოლო მანქანა მოწყვლადია მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების დროს, მაგრამ ეს არ ეხება „Т-15“-ს. ხარისხიანი დაცვა - „არმატას“ მანქანების მთავარი მახასიათებელია. მისი კონსტრუქციის მნიშვნელოვანი თავისებურება - საბრძოლო კომპლექტისგან იზოლირებული  ჯავშნიანი კაფსული (სადაც სხედან მეთაური, მექანიკოსი-მძღოლი და ოპერატორი) და კორპუსის ნაღმსაწინააღმდეგო კონსტრუქციაა, რომელიც იცავს ეკიპაჟსა და დესანტს ფუგასების აფეთქებისგან. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისგან დაცვის მრავალდონიანი სისტემა.

მანქანის აქტიური დაცვის კომპლექსი „ავგანიტი“ - ავტომატიზებული სისტემაა, რომელიც პოულობს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ანადგურებს მათ. მას შეუძლია რაკეტის გამშვები პუნქტის აღმოჩენაც. მანქანა აღჭურვილია ასევე ვიდეოკამერებით, რომლებიც გამოსახულებას ეკიპაჟის ეკრანზე ასახავენ.

თუ მოწინააღმდეგის ჭურვები მაინც ახერხებენ „ავგანიტის“ დამცავი ზღურბლის დაზიანებას, საქმეში ერთვება დინამიკური დაცვის კომპლექსი „მალაქიტი“. დარტყმას უძლებს ასევე ძირითადი ჯავშნიანი კორპუსი, დამზადებული კომპოზიტებისა და ფოლადისგან. გარდა ამისა, მანქანას აქვს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებიც ახშობენ თანამგზავრულ ნავიგაციას და რადიოსიგნალებს, კურსს უკარგავენ მოწინააღმდეგის ჭურვებსა და რაკეტებს.

 „Т-15“ დაცვის ხარისხით ჯაბნის ყველა უახლოეს კონკურენტს, მათ შორის, უახლეს გერმანულ „პუმას“ (Schützenpanzer Puma). მხოლოდ ზოგიერთი პარამეტრით შეიძლება შეეჯიბროს მას ისრაელის ჯავშანტრანსპორტიორი „Namer“. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოებრიობისთვის „Т-15 არმატას“ ყველა მახასიათებელი არ არის ცნობილი - ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული პროექტია.

დამანგრეველი ძალა

უახლესი რუსული ქვეითთა საბრძოლო მანქანა აღჭურვილია სატანკო ჯავშნით, საიმედოდ იცავს ქვეითს და შეუძლია შეებრძოლოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. მძლავრი, კარგად დაცული და შეიარაღებული მანქანა ერთნაირად წარმატებით მოქმედებს საველე და ქალაქის პირობებში.

 „Т-15“-ის მთავარი იარაღი - არის საბრძოლო მოდული „დაშნა“. საბრძოლო მოდული წარმოადგენს დისტანციური მართვის წრეზე მბრუნავ საბრძოლო სისტემას. 57 მმ-იანი მძლავრი სასროლი იარაღი გამიზნულია სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად 14 500 მეტრის სიშორეზე. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები 9М120 მუშაობენ ჯავშნიან სამიზნეებზე 10 კმ-ის სიშორეზე. დამატებითი საბრძოლო საშუალება მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასთან - 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევია. სამიზნეების მოსაძებნად მანქანას ოპტიკური ლოკატორი აქვს დამონტაჟებული.

აღსანიშნავია, რომ ნატოს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისგან განსხვავებით, „Т-15“-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახლო მანძილზე ბრძოლის რეჟიმი და სატელევიზიო და ინფრაწითელი ოპტიკური ხელსაწყოებით საფრენი აპარატების პასიური აღმოჩენის სისტემა გააჩნია. მანქანის იარაღს პრაქტიკულად ყველა სახმელეთო სამიზნის განადგურება და მოიერიშის ჩამოგდება შეუძლია. მართვის კომპიუტერიზებულ სისტემაში ორი მრავალფუნქციური სამიზნეა.

საბრძოლო ინტეგრაცია

ტაქტიკური რგოლის მართვის ერთიან სისტემაში ქვეითთა საბრძოლო მანქანა „Т-15“-ს შეუძლია სხვა მანქანებისთვის აღმოჩენილი სამიზნეების შესახებ მონაცემების ინტეგრირებულად გადაცემა და გასანადგურებელი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიღება. ეს ჯარების საბრძოლო ორგანიზების ხარისხობრივად ახალი დონეა.

საბრძოლო საინფორმაციო მართვის სისტემა უზრუნველყოფს „Т-15 „-ის სამეთაურო მართვის გაცილებით უფრო მაღალ დონეს წინა თაობის მანქანებთან შედარებით. სისტემა ეკიპაჟს აწვდის სრულყოფილ მონაცემებს მანქანის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

ძველი ქვეითთა საბრძოლო მანქანები იქმნებოდა ბრძოლის ველზე მებრძოლი სატანკო დანაყოფების დასახმარებლად. თუმცა სუსტი ჯავშანი სიცოცხლის დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. ახალი „Т-15“ კი თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით უსწრებს ყველა არსებულ ანალოგს. გარდა ამისა, ძირითად საბრძოლო ტანკ „Т-14“-სა და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „Т-15“-ს ერთნაირი ჰიდრომექანიკური ტრანსმისიები გააჩნია. ასეთი უნიფიკაცია რუსეთში გამოყენებულია პირველად და ძლიერ ამარტივებს საბრძოლო მანქანების ტექნიკურ მომსახურებას.

შემთხვევით არ მოსწონებიათ „Т-15“ ინდოელ სამხედრო მეთაურებს. უახლესი საბრძოლო მანქანების შეძენას ფიქრობენ ერაყში, კუვეიტში, ტაილანდსა და პაკისტანშიც. რუსეთს ამ ნიშაში თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს, რომელიც განაგრძობს ქვეითთა საბრძოლო მანქანებით „M2 Bradley“ ათობით ქვეყნის მომარაგებას. რუსი და უცხოელი ექსპერტების აზრით, „Т-15“ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება მისაბაძი ნიმუში უცხოურ კონსტრუქტორთა ბიუროებში.

P.S. რედაქცის შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

109
სპეცოპერაცია ზუგდიდში

მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში

63
(განახლებულია 16:17 22.10.2020)
მთელი საქართველო შოკირებულია ზუგდიდში მძევლების აყვანის ფაქტით. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ დამნაშავემ მიმალვა მოახერხა, თან ნახევარი მილიონი დოლარიც გაიყოლა.

21 ოქტომბერს უცნობმა პირმა ზუგდიდში დაახლოებით 40 ადამიანი აიყვანა მძევლად. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი დამნაშავე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარითა და ავტომატით შეიჭრა, მოითხოვა 500 ათასი დოლარი, მანქანა ან ვერტმფრენი, ასევე უსაფრთხოების გარანტია. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელსაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და ერთი პოლიციელის თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი იძებნება.

საქართველოში მძევლების აყვანის ყველაზე სისხლიან და გახმაურებულ საქმედ 1983 წელს თვითმფრინავის გატაცება ითვლება. ამ მოვლენაზე არაერთი წიგნი და ფილმიც კი შეიქმნა. 1983 წლის 18 ნოემბერს სსრკ-დან აშშ-ში გაქცევის მიზნით ახალგაზრდებმა მძევლად აიყვანეს Ту-134 თვითმფრინავის მგზავრები. სპეცდანიშნულების რაზმმა თვითმფრინავი შტურმით აიღო. დაიღუპა შვიდი ადამიანი – ორი მფრინავი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. 

Спецоперация по освобождению заложников в филиале Банка Грузии в Зугдиди
© AP Photo / Zurab Tsertsvadze
„საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლების სპეცოპერაცია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მძევლების აყვანის სხვა გახმაურებული ფაქტებიც მოიძებნება. „Sputnik-საქართველო“ მათ ქრონოლოგიას გთავაზობთ.

1998 წლის 19 თებერვალი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი – შვედეთის, ურუგვაის ორი, ჩეხეთის მოქალაქეები აიყვანეს მძევლად.

გამართული მოლაპარაკებების შედეგად 22 თებერვალს ერთი ურუგვაელი გაათავისუფლეს. დანარჩენი მძევლები 25 თებერვალს ოპოზიციის წარმომადგენლებთან პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის შემდეგ გამოუშვეს. პოლიციამ რვა გამტაცებელი დააკავა.

1999 წლის 9 ივლისი. კოდორის ხეობაში ვერტმფრენი გაიტაცეს და მასში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები და ჟურნალისტები მძევლად აიყვანეს. ვერტმფრენში იმყოფებოდა ასევე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც გატაცებიდან მალევე გაათავისუფლეს, ყველა დანარჩენი კი ერთი დღის განმავლობაში გამოუშვეს. გამტაცებლებს ყურადღება არ მიუქცევიათ ტომრებისთვის, რომლებიც ვერტმფრენში ეყარა. ტომრებში ეწყო ფული – რეგიონის დაწესებულებათა თანამშრომლების ნახევარი წლის ხელფასები.

1999 წლის ოქტომბერი. უცნობმა პირებმა გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს გაეროს მისიის წევრები – ჩეხეთის, საბერძნეთის, ურუგვაის, შვეიცარიის, შვედეთის მოქალაქეები. მოგვიანებით მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2000 წლის 1 ივნისი. გაეროს მისიის საპატრულო ჯგუფი მძევლად კოდორის ხეობის პატრულირებისას აიყვანეს. მძევალთა შორის იყვნენ გაეროს მისიის თანამშრომლები – დანიის მოქალაქეები კაი ლაურსენი და ტომას როზენკვისტი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი ჯონ ვუდვორდი და მთარგმნელი – აფხაზეთის მკვიდრი. მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2000 წლის ნოემბერი. პანკისის ხეობაში გაიტაცეს ესპანელი ბიზნესმენები ფრანცისკო როდრიგესი და ანტონიო ტრიმილიო. ისინი თითქმის ერთი წელიწადი ჰყავდათ ტყვეობაში პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში და 550 ათასი დოლარის გამოსასყიდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

2001 წლის დეკემბერი. კოდორის ხეობაში გაიტაცეს საბერძნეთისა და პოლონეთის მოქალაქეები. მძევლები გამოსასყიდის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

2002 წლის 18 მარტი. კოდორის ხეობაში მძევლად აიყვანეს რუსი სამხედროების ჯგუფი – კაპიტანი სტაროვაროვი, ლეიტენანტები ბელოვი და სტაროვოიტოვი, ასევე რიგითი პოდშივალოვი. ჯგუფი დავალების შესრულებისას გაიტაცეს ჩასაფრებულმა პირებმა, თუმცა ისინი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2002 წლის 18 ივნისი. პანკისის ხეობაში გაიტაცეს ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ. მან მძევლად ხუთი თვე დაჰყო. მის გასათავისუფლებლად ქართული სპეცსამსახურების ოპერაციის დროს ორმხრივი სროლა გაიმართა. დაიღუპა ერთი გამტაცებელი.

2003 წლის ივნისი. კოდორის ხეობაში გერმანიის ორი მოქალაქე და დანიის ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2012 წლის 7 აგვისტო. პანკისის ხეობის ტერიტორიაზე შემოაღწია კარგად შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფმა. ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს ადგილობრივ მცხოვრებთა სამი ჯგუფი, დაახლოებით ათი ადამიანი. მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის სამი თანამშრომელი და დაიჭრა ხუთი, ამასთან, 11 სავარაუდო ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული. 

63
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
ამერიკული რაკეტა Patriot-ი

მიმოხილვა: ამერიკელები ძნელად გასანადგურებელ ბაზას უბრუნდებიან

77
(განახლებულია 18:49 21.10.2020)
ასობით მეტრიანი კლდოვანი გრუნტი, პირდაპირი ბირთვული დარტყმის გაძლების უნარი და რაკეტებით შეიარაღებული ატომური სუბმარინები — ეს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალები მიწისქვეშა სამხედრო ბაზის აღდგენას აპირებენ ნორვეგიის ოლავსვერნში, რომელიც იქ ცივი ომის დროიდან დარჩა.

ქალაქი კლდეში

ოლავსვერნის ბაზაზე აქტიური სამხედრო საქმიანობა 2000-იანების დასაწყისში შეწყდა, 2009 წელს კი ობიექტი საბოლოოდ გაყინეს. მაგრამ ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს, იქ თავიანთი ატომური წყალქვეშა ნავები განათავსონ არქტიკაში რუსეთის გაძლიერების გამო — ასე აცხადებენ დასავლეთში.

ოლავსვერნში Seawolf-ის კლასის ყველა წყალქვეშა ნავს გადაისვრიან. აგვისტოში ერთ-ერთი მათგანი უკვე გადავიდა ნორვეგიის ტრომსში ბანგორის (ვაშინგტონის შტატი) სამხედრო–საზღვაო ბაზიდან. ამ პორტს ამერიკელები ატომური წყალქვეშა ნავების შუალედურ სადგომად იყენებენ: პროდუქტების მარაგს ივსებენ და რემონტს ატარებენ.

Seawolf-ის კლასის ატომური წყალქვეშა ნავები ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ამერიკული სუბმარინია. ის 1980-იან წლებში შეიქმნა სპეციალურად იმ რაიონებში სამოქმედოდ, რომლებსაც მოწინააღმდეგე სრულად აკონტროლებდა. „ზღვის მგელი“ მეტისმეტად ჩუმი და იდუმალი გამოდგა. ბორტზე მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო იარაღით. ერთ სუბმარინზე 50 ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკი“ ან „ჰარპუნი“, ან ამდენივე ხომალდსაწინააღმდეგო ტორპედოა განთავსებული. ХХ საუკუნის ბოლოს ამერიკელები ასეთი 30 წყალქვეშა ნავის აგებას აპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს — საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ. საბოლოოს აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალებმა მხოლოდ სამი ასეთი სუბმარინი მიიღეს.

ოლავსვერნის სამხედრო–საზღვაო ბაზა 1960-იან წლებში აშენდა. ის სულ 350 კმ-ით არის დაშორებული რუსეთის საზღვრიდან და უშუალოდ ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავების პატრულირების მარშრუტის სიახლოვეს მდებარეობს. ცივი ომის წლებში ამერიკელებსა და მის მოკავშირეებს ბაზაზე წყალქვეშა ძალები ჰყავდათ განლაგებული, რომლებიც ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აკვატორიაზე აგებდნენ პასუხს. ნატოს სუბმარინების ეკიპაჟები მზად იყვნენ ნებისმიერ დროს გადაეკეტათ გზა ჩრდილოეთის ფლოტისთვის ნორვეგიის ზღვაში და უფრო შორსაც — ჩრდილოეთ ატლანტიკაშიც.

უზარმაზარი მიწისქვეშა კომპლექსი კლდეშია გამოკვეთილი და 300 მეტრი სისქის ქანებითაა დაცული. 25 ათას კვ.მ-ზე მეტ ფართობზე განთავსებულია საწყობები, საბრძოლო მასალების საცავები, სარემონტო ნავმისადგომები. გვირაბების პროექტირებასა და გაყვანაზე, ასევე ობიექტის თანამედროვედ აღჭურვაზე 500 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

უფრო ახლოს არქტიკასთან

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ექს-სარდლის, ადმირალ ვიაჩესლავ პოპოვის აზრით, ოლავსვერნის განახლებული ბაზა ნატოს მხრიდან კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხედ იქცევა რუსეთისთვის.

„Seawolf კარგადაა მორგებული ყინულქვეშ ცურვას. ამერიკელებს მათი ბაზირების ადგილის სამოქმედო ზონასთან დაახლოება აქვთ განზრახული, აპირებენ სულ უფრო ახლო მოვიდნენ რუსეთის საზღვრებთან და არქტიკასთან, სადაც დღეს რუსეთი ლიდერობს ატომური ყინულმჭრელების წყალობით. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ფლოტს მოუწევს ოლავსვერნის გაკონტროლება — ამისთვის ყველა აუცილებელი ძალა და საშუალება არსებობს“, — თქვა ადმირალმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამერიკელები შესაძლოა სირთულეებს გადააწყდნენ, ვინაიდან იურიდიულად ბაზა ახლა კერძო პირს ეკუთვნის. 2000-იანების ბოლოს დასავლელმა ანალიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ რუსეთი მეტად აღარ წარმოდგენდა ნატოსთვის საფრთხეს, ხოლო ოლავსვერნის შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა. და ნორვეგიის მთავრობამ ბაზა აუქციონზე გაიტანა.

2011 წელს ოლავსვერნი 4,5 მლნ დოლარად შეიძინა ნორვეგიელმა ბიზნესმენმა, რომელიც კომპლექსს იჯარით აქირავებდა, მათ შორის რუსულ კომპანიებზეც. იქ პერიოდულად შედიოდნენ სამეცნიერო–კვლევითი ხომალდები „აკადემიკოსი ნემჩინოვი“ და „აკადემიკოსი შატსკი“. გარიგების შემდეგ ბევრმა ნორვეგიელმა სამხედრო ჩინოსანმა გააკრიტიკა ქვეყნის ხელმძღვანელობა. ვიცე-ადმირალმა ეინარ სკორგენმა ობიქტის გაყიდვა „წმიდა წყლის სიგიჟედ“ შეაფასა.

„ჩვენ საკუთარ თავს წავართვით უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი და ვაიძულეთ სუბმარინები, გაიარონ ასობით ზედმეტი მილი. ჩვენ რუსეთთან საერთო საზღვარი გვაქვს ბარენცის ზღვაში. გასაგებია, რომ ჩვენი სამხედრო–საზღვაო ფლოტი არქტიკაში საზღვაო ბაზაზე უნდა განთავსდეს“, — განაცხადა სკორგენმა.

ორმაგი სტანდარტები

ათი წლის შემდეგ ნატომ თავისი შეცდომა გააცნობიერა. ნორვეგიული ტელეარხი NRK-ს მონაცემებით, ბოლო კვირებში პენტაგონის მაღალჩინოსნები არაერთხელ ეწვივნენ ოლავსვერნს. ხოლო ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ მოიწონა შეთანხმება, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, აშშ-სა და მოკავშირე ქვეყნებს ბაზის დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალებას აძლევს.

„ნორვეგიის ხელისუფლება არამეგობრულად იქცევა რუსეთის მიმართ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთან ბარენცის ზღვაში სივრცის გამიჯვნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, — ამბობს პირველი რანგის კაპიტანი მიხაილ ნენაშევი. — ჩვენ ამაზე კეთილმეზობლობისა და რეგიონში თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკიდან გამომდინარე წავედით, გვქონდა რა იმედი, რომ ნორვეგიაც შესაბამისად მოიქცეოდა. მაგრამ ვაშინგტონის „აღმასკომის“ ჩაწოდებით, ნორვეგია, პირიქით, ზრდის აგრესიის დონეს რუსეთის მიმართ ჩრდილოეთ ატლანტიკაში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში“.

ამასთან, ექსპერტის აზრით, სამხედრო თვალსაზრისით, ოლავსვერნი აშშ-ისა და ნატოს პოზიციებს ჩრდილოეთ განედებზე სრულიად უმნიშვნელოდ გააძლიერებს, ვინაიდან ბაზის კოორდინატები და შესაძლებლობები, უკვე დიდი ხანია, არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. საფრთხის შემთხვევაში სწრაფად შეიძლება მისი დანაღმვა სუბმარინების, თვითმფრინავებისა თუ უპილოტო წყალქვეშა აპარატების მეშვეობით.

მიწისქვეშა ლაბირინთები

ოლავსვერნის მიწისქვეშა ბაზა უნიკალური არ არის. ცივი ომის წლებში ათობით ასეთი ობიექტი აიგო. ყველაზე მსხვილი ბუნკერი – სამხედრო–საზღვაო ბაზა მუსკიო შვედებმა გასული საუკუნის შუა წლებში გამოკვეთეს გრანიტის კლდეში, რომელიც რეალურად ცალკე კუნძულია სტოკჰოლმის არქიპელაგის სამხრეთით.

ბაზას შეუძლია გაუძლოს მასირებულ სარაკეტო შეტევას და, უფრო მეტიც, ბირთვულ დაბომბვასაც. მატერიკიდან კუნძულამდე სამკილომეტრიანი გვირაბია გაყვანილი ზღვის ფსკერქვეშ. 2000-იანებში ბაზა დააკონსერვეს, 2019 წელს კი განაცხადეს, რომ შვედეთის სამხედრო–საზღვაო ძალებმა იქ თავისი შტაბ-ბინა გადაიტანა. ბაზაზე დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურისა და „ვიუსბიუს“ ტიპის ხუთი კორვეტის განთავსება იგეგმება.

რაც შეეხება რუსეთს, მისი ყველაზე დიდი განსაიდუმლოებული მიწისქვეშა ბაზა ყირიმშია. ტავროსის მთაზე ორი ობიექტია დამალული: მშრალი დოკი წყალქვეშა ნავების რემონტისთვის და ასევე საწყობი ატომური ქობინებისა („ბოეგოლოვკა“) და რაკეტების შესანახად.

ბირთვული ომის შემთხვევაში მიწის ქვეშ დაახლოებით სამი თვით საკმაოდ კომფორტულად შეიძლება განთავსდეს ათასი ადამიანი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბაზა უკრაინის მფლობელობაში დარჩა, რომელიც, სხვა ობიექტების მსგავსად, გაიძარცვა.

ექსპერტების შეფასებით, აუცილებლობის შემთხვევაში ბაზის თავიდან აღჭურვა და მწყობრში დაბრუნება შესაძლებელი იქნება, თუმცა თანამედროვე სუბმარინებს ვერ მიიღებს — მათი ზომების გამო.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

77
თემები:
რუსეთი დღეს
ამირან გამყრელიძე

საქართველოში 25 ოქტომბერს გრიპის ვაქცინის 77 000 დოზა ჩამოვა

10
(განახლებულია 16:54 22.10.2020)
როგორც ადრე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, თუმცა გრიპის ვირუსი და სხვა კორონავირუსები არ ფიქსირდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში გრიპის საწინააღღმდეგო იმუნიზაციის აქტიური პერიოდი ოქტომბერ–ნოემბერი იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად, შემოდგომაზე, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გაციების პერიოდი და რესპირაციული ინფექციების თანდართვა. ეპიდემიოლოგი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე თან სეზონური გრიპებიც დაერთვება.
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორშაბათიდან განაწილდება. პირველ რიგში მოხდება კონკრეტული კონტიგენტის აცრა: 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქთ  გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტით დაავადებული ადამიანები ასაკის განურჩევლად, სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, აივ და C ჰეპატიტით დაავადებული პირები და ა.შ.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე შემოსულია 25 ათასი დოზა – ოთხკომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინა, რომელიც უკვე განაწილებულია თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს ჯამში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი დადებული და დანარჩენი 110 ათასი დოზა ქვეყანაში ნოემბრის შუა რიცხვებამდე შემოვა. კერძოდ 77ათასი დოზა მიმდინარე კვირის ბოლომდე, 23 ათასი დოზა კი ნეომბრის დასაწყისში. 

როგორც ადრე გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, თუმცა გრიპის ვირუსი და სხვა კორონავირუსები არ ფიქსირდება.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

10