კალაუბანი

როგორ სრულდება ბიუჯეტი საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ფონზე

58
(განახლებულია 14:35 03.06.2020)
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2020 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე იმყოფებოდა.

ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში ჯერ კიდევ გრძელდებოდა, მაგრამ პანდემია და კრიზისი უკვე აისახა მასზე. პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დადებითი იყო – 1.5%, იანვარში მაღალი ეკონომიკური ზრდის (5.5%) და თებერვალში გაგრძელებული პოზიტიური ტენდენციის (2.2%) გამო. მაგრამ მარტში უკვე ვარდნა დაიწყო – -2,7%-მდე .

„მიმდინარე შეფასებით, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 4%-ით, და ეს გავლენას მოახდენს ისეთ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, როგორიცაა საბიუჯეტო დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, უმუშევრობა და ა.შ.“, – ნათქვამია განმარტებებში ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია, ნაცვლად მოსალოდნელი 3%-ისა, აღმოჩნდა 6,1%-ის დონეზე. საშუალო ინფლაციამ შეადგინა 5,8%. განსაკუთრებით გაიზარდა ფასები სურსათზე, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურებაზე, ასევე სხვადასხვა საქონელზე და მომსახურებაზე.

ამავე დროს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 2019 წლის დეკემბერთან შედარებით მარტში 14,5%-ით დაეცა.

პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაც 2,7%-ით შემცირდა და მან დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტი დაეცა 5,9%-ით, იმპორტი – 1,4%-ით. 2020 წლის პირველ სამ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი, რაც ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვის 43,9%-ს შეადგენს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 17,6%-ით და, შესაბამისად, ტურიზმით მიღებული შემოსავლები 26,1%-ით. ამგვარად, პირველ კვარტალში ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 427,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

იპოთეკური სესხი ბინის შესაძენად – ვინ მიიღებს დახმარებას მთავრობისგან >>

2020 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯერ კიდევ შეინიშნებოდა ფულადი გზავნილების მცირე ზრდა – 0,1%-ით. საქართველოში სულ 328,2 მილიონი დოლარია გადმორიცხული. თუმცა, ამასთან ერთად ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა რუსეთიდან (22,2%-ით) და თურქეთიდან (16,1%-ით), ხოლო გაიზარდა იტალიიდან (11,3%-ით), საბერძნეთიდან (9%-ით) და აშშ-დან (8,1%-ით).

როგორ სრულდებოდა ბიუჯეტი

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა შემოსავლების ნაწილში და ვერ შესრულდა ხარჯების ნაწილში.

პირველ კვარტალში ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარი მოსალოდნელი 2,6 მილიარდის ნაცვლად, ხოლო ასიგნებებმა შეადგინა 3,5 მილიარდი (ნავარაუდევი იყო 3,7 მილიარდი).

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა დაახლოებით 2,7 მილიარდი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე 160,2 მილიონი ლარით მეტია.

შემოსულობები საშემოსავლო გადასახადის სახით საპროგნოზო მაჩვენებელს აღემატება 12,2%-ით, მოგების გადასახადის – 29,3%-ით, დღგ-ს – 8%-ით.

სახელმწიფო ბიუჯეტი და პანდემია

კორონავირუსის პანდემიის და 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო მიღებულია გადაწყვეტილებები დაუგეგმავი ხარჯების შესახებ.

მსგავს გადაწყვეტილებებს შორისაა მარტში აპრილის პენსიების გაცემა, ასევე კომპენსაციების გაცემა, გადახდების შეჩერებისთვის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად.

გარდა ამისა, პანდემიასთან საბრძოლველად პირველ კვარტალში განხორციელდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, აღჭურვილობის შესყიდვები, დაიხარჯა სახსრები საკარანტინო ზონების მოსაწყობად და ეს ყველაფერი 4,6 მილიონი ლარი დაჯდა.

კიდევ 16 მილიონი ლარი დაიხარჯა 5 ათასი ტონა შაქრის, 500 ათასი ტონა მაკარონის და 1,5 მლნ ლიტრი ზეთის შესყიდვაზე.

ასევე 10 მილიონი ლარი პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების შენარჩუნებაზე გამოიყო.

კიდევ 28 მილიონი ლარი დაიხარჯა 121 ხელშეკრულებაზე იმ კომპანიებთან, რომლებმაც იზრუნეს კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების განთავსებაზე, ტრანსპორტირებაზე, კვებაზე, სივრცეების დალაგებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კორონავირუსი რთველს ვერ შეაფერხებს – საქართველოს მთავრობა მეღვინეობის სფეროს დაეხმარება >>

გარდა ამისა, ამ პერიოდში მიღებულია გადაწყვეტილება გარკვეული სახის ბიზნესისთვის გადასახადების გადავადების შესახებ, შეწყდა რეგულარული ავიამიმოსვლა, დაიკეტა საბაჟო-გამშვები პუნქტების ნაწილი.

სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები

გარდა ამისა, ამ პერიოდში გაიცა 705,8 მილიონი ლარის პენსიები და კომპენსაციები, კიდევ 195,2 მილიონი ლარი მოხმარდა სოციალური დახმარებების, დევნილების, შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, მრავალშვილიანი ოჯახების და სხვა დახმარებების გაცემას.

კიდევ 14,4 მილიონი ლარი დაიხარჯა მაღალმთიანი სოფლების დახმარების პროგრამის ფარგლებში, საპენსიო და სოციალური დახმარებების დანამატებზე, მედპერსონალის ხელფასებზე და ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაზე.

გარდა ამისა, 244,8 მილიონი ლარი საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე დაიხარჯა.

ასევე, 2020 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფომ გასწია ხარჯები იძულებით გადაადგილებულთა და ავარიული სახლების მობინადრეებისათვის ბინების დაქირავების გამო. ამ პერიოდში საცხოვრებელი ფართის ქირა გადაუხადეს 2,5 ათას იძულებით გადაადგილებულ და 342 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს.

ამ პერიოდში სახელმწიფომ 451 ოჯახს საკუთრებაში გადასცა ბინები და 255 სახლი შეუძინა სახელმწიფო პროგრამის „სახლი სოფლად“ ფარგლებში. ასევე სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სახლების მშენებლობა იძულებით გადაადგილებულთათვის.

58
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (644)
ახალი სახლები თბილისში

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!

522
(განახლებულია 17:21 14.07.2020)
ვის და როგორ შეუძლია საცხოვრისის შეძენისას სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით ისარგებლოს, რას მოუტანს სამშენებლო და საბანკო სექტორს, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა?

სამსონ ხონელი

ტელეფონი არ ჩერდება, შეტყობინებას შეტყობინება მოსდევს...  

დეველოპერულ კომპანიებს კომერციული ბანკები ენაცვლებიან, და პირიქით. „ისარგებლე იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამით, შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე“, − ასეთია გზავნილის შინაარსი.

მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკით სამშენებლო სექტორიც დაზარალდა. განვმარტავ – რატომ: მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, საკრედიტო ბაზარზე ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი კი 14.8 პროცენტიდან 16.6 პროცენტამდე გაიზარდა. სესხის გაძვირება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. არადა, საცხოვრებელი ბინისა თუ სხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის ძირითადი ფინანსური წყარო სწორედ საბანკო კრედიტია. ასე რომ, გაყიდვები შემცირდა და ეს არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის ლოგიკური შედეგია.

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და დეველოპერულმა კომპანიებმა ერთობლივი პროგრამა შეიმუშავეს. ის ბინის შესაძენად ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხზე საპროცენტო ტვირთის შემსუბუქებას ითვალისწინებს. კერძოდ, მოქალაქეს, რომელიც ბინის შესაძენად მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ეროვნულ ვალუტაში იპოთეკურ სესხს აიღებს, მთავრობა კრედიტის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტს დაუსუბსიდირებს. პროგრამის ეს დებულება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას შეეხება, რომლის საკრედიტო თანხის ჯამური მოცულობა 200 ათას ლარს არ აღემატება. სუბსიდირების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელია. ეს არის ის პერიოდი, როცა მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ საპროცენტო ტვირთი შეუმსუბუქოს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ერთი სიტყვით, ქვეყნის წამყვანი ბანკები სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩაერთნენ. თუმცა ამ ინიციატივის გარშემო, რომელიც მაისის ბოლოს გახმოვანდა, დისკუსია დღემდე არ წყდება. სამშენებლო და საბანკო სფეროს წარმომადგენელთა შეფასებები დადებითია. საცხოვრისის პოტენციური მყიდველებიც კმაყოფილებას გამოხატავენ. რატომაც არა, ისინი პროგრამის მომხმარებლები არიან, სიკეთით ისარგებლებენ. მაგრამ ვიღაცებმა შედარებით იაფი კრედიტით ბინები რომ შეიძინონ, საამისოდ ბიუჯეტიდან ხალხის ფული რატომ უნდა დაიხარჯოს?! − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა და... აბა, რა გითხრათ, ყველამ თავისთვის განსაჯოს, რამდენად სწორია ამგვარი მიდგომა.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა აზრი გაიყო. ეკონომისტების ერთი ნაწილი სუბსიდირების ფაქტს არ მიესალმება. მათი შეფასებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბიუჯეტის ფულით ბანკებს აფინანსებს. არსებობს სერიოზული რისკი, რომ იმ მოსახლეობის ფულით, რომელსაც კრიზისში თავად გაუჭირდა, ბინების შეძენის მსურველ შეძლებულ მოქალაქეებს იპოთეკური სესხები დაუფინანსდეთ. 

„ძალიან მნიშვნელოვანია სუბსიდიის ფორმა. გამოდის, რომ სახელმწიფო ბანკებს 70 მილიონ ლარს ჩუქნის. არადა, ეროვნული ბანკის დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება და ამ თანხის ბანკებისთვის სესხება იმისათვის, რომ იპოთეკურ სესხებზე ლარში დაბალი საპროცენტო განაკვეთები დააწესონ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ბიუჯეტის და მოსახლეობის გადასახადების ფული ტყუილად იფანტება. გარდა ამისა, ასეთი სტიმულირება სიგნალს აძლევს ბაზარს – დეველოპერები ეცდებიან ამ სუბსიდირების ფონზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ. ეს ძირეულად არასწორია. თუ უნდათ, რომ ფართები გაიყიდოს, ფასები მინიმუმამდე უნდა დაწიონ. ახლა ისინი ცდილობენ თან მარჟაც შეინარჩუნონ, ბინები მაღალ ფასში გაყიდონ და ამავდროულად სახელმწიფოს მხარდაჭერით ისარგებლონ. ფასი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს“, − აცხადებს ეკონომისტი დავით კიკვაძე, რომელიც არ იზიარებს ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ სამშენებლო სექტორი, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის ყველაზე დიდი გადამხდელი, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია.

ექსპერტთა ერთი ნაწილი კობა გვენეტაძის უწყების ხედვას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი და თანაც მაღალანაზღაურებადი დარგია. შესაბამისად, მასზე ძალიან ბევრი მომიჯნავე დარგი და უამრავი დასაქმებული თუ თვითდასაქმებულია დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემების მოშველიება შორს წაგვიყვანს, მკითხველს შეუძლია თავადაც გაეცნოს „საქსტატის“ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, ექსპერტთა ამ ნაწილის აზრით, გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული, რადგან, თუ კრიზისი გაღრმავდება, მერე ძალიან რთულია იქიდან გამოსვლა...  

„სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო წაახალისებს არსებულ ბაზარს. თავის მხრივ საბანკო სექტორი მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ დაკრედიტება გაიზარდოს. ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ინიციატივით, რაც სესხების გაცემაში მხოლოდ ახლა გამოჩნდება, სექტორის აღდგენა უფრო ადრე მოხდება. იპოთეკური სესხების სუბსიდირება ბანკებისთვისაც პოზიტიურია, თუმცა მთავარი გათვლა მაინც სამშენებლო სექტორზე და ზოგადად ეკონომიკაზეა“, − აცხადებს ეკონომისტი ოთარ ნადარაია.  

ამასობაში ივლისის დასაწყისისთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის პირობებში პირველად გადაუსწრო იანვარი-თებერვლის პერიოდის საშუალო მაჩვენებელს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების წილი კიდევ უფრო გაიზრდება. რა ეფექტი ექნება სუბსიდირების სამთავრობო პროგრამას სამშენებლო, საბანკო სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამას დრო გვიჩვენებს...

 

522
ვალუტის კურსი

რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

241
(განახლებულია 20:13 13.07.2020)
კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკის იმ სფეროებს, საიდანაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება ხდება, სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ტურიზმის გაჩერებამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიცების კლებამ ისედაც გაუფასურებული ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურების საფრთხის წინაშე დააყენა.

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით იყო გაუფასურებული და 3,45 ნიშნულამდე იყო მისული.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით ეროვნულმა ბანკმა მარტიდან მოყოლებული სამ თვეში რვა აუქციონი გამართა, რომლებზეც ჯამში 230 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი უკვე 3 616 მილიონი აშშ დოლარია.

ეკონომისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკს ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკუთარი რეზერვების დახარჯვა კიდევ ბევრჯერ მოუწევს.

„ეროვნულს ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსის სტაბილურობა 3-იან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიახლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს დამატებით 250-300 მილიონი დოლარი დაუჯდება“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

თუმცა ქვეყანაში, სადაც იმპორტს დიდი წილი უჭირავს, არასტაბილური და გაუფასუფრებული ეროვნული ვალუტა საფრთხეს ფასების სტაბილურობასაც უქმნის, რაც, თავის მხრივ, უკვე ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროა.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

13 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,0624 GEL/$1 ნიშნულზეა.

ნიკა შენგელიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს ისევ გააგრძელებს, ლარის კურსის მერყეობა თვალშისაცემი სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახდება და ამის მიზეზი იმპორტის ზრდა იქნება.

„რაც შეეხება ინფლაციას, რომელიც თარგეთირებულთან შედარებით 3,1%-ით მეტია, ვფიქრობთ, ივლისი-აგვისტოს თვეში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

„საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაცია (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება – 6,1%.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე კი თვლის, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვით ლარის კურსის სტაბილურობას დიდხანს ვერ უზრუნველყოფს. 

„ეროვნული ბანკი თუ არ შეამცირებს რეალურად ფულის მასას ეკონომიკაში და მის რაოდენობას ეკონომიკის ადეკვატურს არ გახდის, მაშინ მას მოუწევს ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ლარის კურსიც მეტად გაუფასურდება, ვერც ინფლაციას გაართმევს თავს და ეს რეზერვიც შემოელევა გზადაგზა“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

როგორც ვეფხია გიორგაძემ განმარტა, ეროვნულ ბანკს ეკონომიკაში ფულის მასის შემცირება რეზერვების გამოყენების გარეშეც შეუძლია რეფინანსირების სესხების შემცირების ხარჯზე.

„რეფინანსირების სესხი ის ინსტრუმენტია, რომლითაც ეროვნული ბანკი ახდენს კომერციული ბანკებისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებას, აქ დავამატებდი, რომ ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს რეალურად – აქვს თუ არა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა კომერციულ ბანკს, ის ენდობა კომერციული ბანკებისგან შემოსულ მოთხოვნას, რის შემდეგაც ფული უკვე ეკონომიკაში ხვდება“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძის თქმით, დღეს საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ისედაც ნაკლებია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ მინიმალურ მაჩვენებელზე. რეზერვები კი ქვეყნის მხრიდან საგარეო ვალდებულებების შესრულების – უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ერთგვარი გარანტია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ქვეყნისთვის სესხების გაცემისას ითვალისწინებენ.

ნატა პატარაია

 

241
აზერბაიჯანის ტანკი

სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლები არ წყდება: განადგურებულია კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი - ვიდეო

0
(განახლებულია 09:46 15.07.2020)
შეტაკებებში, რომლებიც მესამე დღეა გრძელდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი და ოთხი სომეხი სამხედრო

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტოვუზის მიმართულებით სომხეთის სამხედრო ობიექტი და ტექნიკაა განადგურებული.

„საბრძოლო მოქმედებების დროს, ტოვუზის რაიონის მიმართულებით, 14 ივლისს ჩვენმა ქვედანაყოფებმა ზუსტი ცეცხლით გაანადგურეს სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ობიექტი“, — განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარგიაჰლიმ.

მისი თქმით, ასევე განადგურებულია სომხედის სამხედრო ტექნიკა.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყებამ საკუთარ გვერდზე ოპერაციის დამადასტურებელი ვიდეოც განათავსა.

12 ივლისს დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, მესამე დღეა გრძელდება.

დაღუპულია აზერბაიჯანელი გენერალი – ვრცელდება ღამით შეტევის ვიდეო>>

ბაქოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალ–მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზიაევი.  ერევნის მონაცემებით,  მათი მხრიდან დაღუპულია ორი ოფიცერი და ორი ჯარისკაცი, ხოლო დაჭრილია ხუთი სამხედრო.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

0