ბოსტანი

დასვენების სეზონი კარანტინში: ვისთვის გახდა მებაღეობა და მებოსტნეობა ახალი ჰობი?

280
(განახლებულია 14:24 22.05.2020)
კორონავირუსმა ცვლილებები პრაქტიკულად ყველა სფეროში გამოიწვია. COVID-19-ის პანდემია კარანტინის გამოცხადების მიზეზი გახდა და ამან ბევრს სააგარაკო სეზონის დროზე ადრე გახსნისკენ უბიძგა.

აგარაკი ამ რთულ პერიოდში ბევრისთვის ერთგვარ თავშესაფრად იქცა, სადაც გაცილებით იოლი აღმოჩნდა კარანტინის რეჟიმისა და თვითიზოლაციის გადატანა. აქ ყოველთვის არის საქმე, ხალხი ცოტაა, ე.ი. ინფიცირების ალბათობაც ნაკლებია. ამ ყველაფერთან ერთად გაცილებით სასიამოვნო და სასარგებლოა იზოლაცია სუფთა ჰაერზე, ვიდრე ოთხ კედელში.

„Sputnik-საქართველო“ მკითხველს კარანტინის პირობებში მოუთხრობს სააგარაკო სეზონზე, იმაზე, თუ როგორ გახდა ზოგიერთისთვის მებაღეობა და მებოსტნეობა ახალი ჰობი.

სააგარაკო სეზონი კარანტინში

ბუნებაში ნებაყოფლობითი თვითიზოლაცია აირჩიეს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებმა, მათ შორის, მოსწავლეების მშობლებმა, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. 

ვინაიდან საზაფხულო შვებულების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, აგარაკები ახლა განიხილება, როგორც ოჯახის დასასვენებლად შესაფერისი ადგილი.

აქ ბავშვებიც სუფთა ჰაერზე იქნებიან და შინაური ცხოველებიც.

ამიტომ ქალაქგარეთ მდებარე სახლებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში იყო მიტოვებული, წელს პატრონები გამოუჩნდნენ.

ამასთან, როგორც ჩანს, კრიზისის დროს გონიერ ადამიანში მიწათმოქმედის გენები იღვიძებს და მებაღეობისა და მებოსტნეობის სურვილი უჩნდება.

ბევრი ფიქრობს, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეული ზედმეტი არ იქნება ამ რთულ დროებაში. ზოგს კი მიაჩნია, რომ ყიდვა უფრო იაფი ჯდება და მებაღეობასა და მებოსტნეობას მხოლოდ გასართობად ჰკიდებს ხელს.

ეს დარგები ასე იქცა ახალ გატაცებად კარანტინში დასვენების სეზონზე.

ვისთვის გახდა მებაღეობა და მებოსტნეობა ახალი ჰობი

ბევრმა, ვინც პანდემიას ქალაქიდან გაექცა, მშობლიურ სოფელს მიაშურა, რომელსაც უკანასკნელ წლებში ძალიან იშვიათად სტუმრობდა. ერთ-ერთი მათგანი არის დიასახლისი ნინო რ., რომელიც ოთხ მეგობართან ერთად გურიაში გაემგზავრა, როგორც კი სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ.  

„ეს გადაწყვეტილება ყველაზე ჭკვიანური იყო. ეს ყველაზე იზოლირებული და უსაფრთხო ტერიტორიაა, - ჰყვება ნინო, - ახალი ჰობი კი სტრესებისა და თანამედროვე ცხოვრების სხვა საფრთხეების თავიდან არიდებაში გვეხმარება“, - ამბობს იგი.

ახალი ჰობი ნინოსთვის მებაღეობა გახდა. თავის ამ გატაცებაში იგი ხედავს ორმაგ სარგებელს - ორგანიზმის აღდგენას და სულიერად დასვენებას.

„არაფერია საკუთარი ხელით გახარებული ნაყოფის დანახვაზე სასიამოვნო, - ამბობს ქალი, - გარდა ამისა, ქიმიის საუკუნეში მებაღეობა გეხმარება, გაანებივრო ბავშვები ნატურალური პროდუქტებით და თანდათანობით აღადგინო ორგანიზმი“.

ბუღალტრობიდან ფერმერობამდე

მებოსტნეობა ახალი გატაცებაა რამაზისთვის, რომელიც პროფესიით ბუღალტერია და რომელმაც კარანტინის აგარაკზე გატარება გადაწყვიტა.

მისი თქმით, ჩვეულებრივ დროს აგარაკზე სიარულს ხშირად ვერ ახერხებს.

„საათობით მიწაზე მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ბარვა, დარგვა ან გადარგვა, - ჰყვება რამაზი. - ეს პროცესი თითქოს ამშვიდებს და დაძაბულობას გიხსნის. ბოსტანში მუშაობის შემდეგ დაღლაც კი სასიამოვნოა“. 

ამასთან, მისი თქმით, როდესაც ადამიანი სიყვარულით უვლის მცენარეს, შედეგიც არ აყოვნებს, მაგრამ ძალით რამის გახარება არ გამოდის.

„საიდუმლო ის არის, რომ მცენარეები გრძნობენ ადამიანის დამოკიდებულებას და თუ ისინი ნამდვილად უყვართ და ესაუბრებიან კიდეც, მწვანე მეგობრები ძალიან სწრაფად იზრდებიან“, - ამბობს რამაზი.

მსგავსი მაგალითი ბევრია. ასე რომ, მებაღეობა და მებოსტნეობა - ძალიან სასიამოვნო საქმეა, რომელმაც ადამიანი შეიძლება მთელი არსებით და დიდი ხნითაც ჩაითრიოს.

280
ჟურნალისტები აქციაზე

რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

30
(განახლებულია 01:15 26.05.2020)
მომავალი საპარლამენტო არჩევნები - შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ რეიტინგს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წყალობით მოიპოვა, და როდის წარმოადგენს ოპოზიცია მაჟორიტარი კანდიდატების ერთიან სიას - მთავარი თემები ქართულ პრესაში.

რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს რეიტინგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ხარჯზე მოიპოვა, მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე - ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შეიმჩნევა კეთილგანწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლისას კარგი გამოცდილება მიიღო და დაინახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია პროფესიონალების მოსმენის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს.

„ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის“, - განუცხადა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“.

ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფი რეალიზება, სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” მიღწეულის კაპიტალიზაციას“, - განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი.

„დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის. ადამიანებს ადარდებს სოციალური თემები, დასაქმება და ეკონომიკური პრობლემები”, - აღნიშნა არეშიძემ.

როდის წარადგენს ოპოზიცია კანდიდატების ერთიან სიას?

მაჟორიტარი კანდიდატების სიის საბოლოო მონახაზი სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იქნება მზად, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ოპოზიციის შიგნით მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესათანხმებლად დაიწყო.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შეათანხმეს 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების საზღვრები, თავად კი თბილისში იყრის კენჭს.

„ჯერ მონახაზი არ არის, სავარაუდოდ, საბოლოო მონახაზი ივნისის ბოლოს იქნება. ჯერ დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მის მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და არც მიილტვის ამისკენ.

როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით >>

„ჩვენი მიზანია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და აუცილებლად შევიდეს ცვლილება კონსტიტუციაში. თუ ხელისუფლება კვლავ გაჯიუტდა, მოვლენები მისთვის სახარბიელოდ არ განვითარდება. ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა შეირცხვინოს თავი შინ თუ გარეთ?! პირობა უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

საქართველოში უკვე მესამე დღეა რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, - კვლავ ღიად რჩება.

ალერგოლოგი-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის ამუშავების საკითხი ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

„შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა“, - განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „რეზონანსს“.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დეზინფექციას და აუცილებლად გაიზარდოს კონტროლიორების რაოდენობა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მიმოხილვა მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ და „კვირის პალიტრას“ მიხედვით

30
თბილისის აეროპორტი

როდის აღდგება ფრენები საქართველოს ცაზე და როგორი იქნება ვოიაჟი პანდემიის შემდეგ

104
(განახლებულია 19:10 25.05.2020)
პუბლიკაციაში გაგაცნობთ ავიაფრენებთან დაკავშირებულ იმ პროცედურებსა და რეგულაციებს, რაც საქართველოში პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება.

საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, ოცივე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ოპერირებდა, აპირებს რეისების განახლებას.

ამ ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველო უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მრავალ ქვეყანაში შეწყვეტილია საერთაშორისო ფრენები. ჯერჯერობით კი არ არსებობს საერთო სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა დაემორჩილოს ფრენების განახლების შემდეგ.

სპეცილისტები იმ სავარაუდო ტენდენციებზე საუბრობენ, რაც ტურიზმის აღდგენის შემდეგ იქნება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში ოფიციალური პროცედურების დრო გახანგრძლივდება, თუმცა მგზავრთა ნაკადიც არ იქნება ისეთი, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

ჯერჯერობით ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ; ასევე მოკლე ფრენების შემთხვევაში არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა სამ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა. იქ, სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას, თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია. ასევე არსებობს რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვენტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით როგორც ტერმინალებში, ისე საჰაერო ხომალდებზე.

შესაძლოა საჰაერო ხომალდზე ხელბარგის ატანა შეიზღუდოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მგზავრებს იმუნური პასპორტი, ტესტირების ჩატარება და რეგისტრაციის დამოუკიდებლად გავლა მოსთხოვონ. ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ, წამყვან აეროპორტებთან ერთად, ზრუნვა ბიომეტრიული ჩასხდომის დანერგვაზეც დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პასპორტის როლს მგზავრის სახე შეითავსებს.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი ამ დროისთვის შემუშავების პროცესშია.

„პროტოკოლი შემუშავების პროცესშია. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და პირობები ეცნობება მგზავრებს, ავიასაწარმოებს და მომსახურე პერსონალს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, – აცნობეს სააგენტოს.

უწყებაში გვპირდებიან, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის. საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.

ამასობაში უკვე არაერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ აღდგეს ქვეყნებს შორის რეგულარული მიმოსვლა.

ავიაკომპანიებს, რომელთა ფრენები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გაუქმდა, მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდა რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის განმავლობაში მოუწევთ. მგზავრს კი, რომლის ფრენაც COVID-19-ის პრევენციის ფარგლებში გაუქმდა, უფლება აქვს შეცვალოს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი მისი სურვილისამებრ, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

ასეა თუ ისე, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მოგზაურებისთვის კი (და არა მხოლოდ მათთვის) 1 ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დღესასწაული გახდება.

გისურვებთ უსაფრთხო და მხიარულ მგზავრობას.

 

104
შალვა კეკელია

„ძალიან გულიანი ადამიანი...“ - მამა შალვა კეკელია ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

0
(განახლებულია 22:27 25.05.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ცნობილი დეკანოზი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს.

სასულიერო პირი საზოგადოებას მოუწოდებს თავი დაანებონ დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება