ვლადიმირ ზელენსკი

მოსაზრება: ექსპერტებმა ზელენსკის პრეზიდენტობის პირველი წლის შედეგები შეაჯამეს

59
(განახლებულია 19:32 20.05.2020)
ერთი წლის წინ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა. ზელენსკიმ, ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი წინამორბედი პეტრო პოროშენკო დაამარცხა და ამომრჩეველთა ხმების 73% მიიღო.

ამ ერთ წელიწადში ზელენსკიმ მოახერხა ზოგი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, კერძოდ, გააუქმა დეპუტატის იმუნიტეტი. თუმცა ვერ დაამყარა მშვიდობა დონბასში. ასევე ვერ შეძლო რეფორმების გატარება და „სიღარიბის ეპოქის“ დაძლევა, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელთ ძალაუფლების უპრეცედენტო კონცენტრაცია აღმოჩნდა. ზელენსკის ხშირად აკრიტიკებენ ისეთი მეთოდების გამოყენებისთვის, როგორიცაა ნეპოტიზმი თანამდებობებზე კადრების დანიშვნისას, რასთან ბრძოლასაც ის ხალხს ჰპირდებოდა. მისი საქმიანობის ეფექტიანობაზე აისახება ასევე საკადრო შიმშილი: ხშირად საკვანძო თანამდებობებზე ვერ პოულობენ კანდიდატებს, ან მათი მოძიება პრეზიდენტს ყოფილ მოხელეთა შორის უწევს.

მოლოდინის მიუხედავად, ვერ დალაგდა ურთიერთობა რუსეთთან: ანტირუსული რიტორიკა მნიშვნელოვნად შემცირდა ზელენსკის ოფისის მხრიდან, თუმცა ახალი პრეზიდენტი კვლავ ადანაშაულებს რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტში და მოსკოვისთვის სანქციების გაძლიერებას ითხოვს. 

„რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზელენსკი „მთელი ამ დროის განმავლობაში სწავლობდა პრეზიდენტობას, მაგრამ ბოლომდე არ ესმის, როგორ უნდა მართოს ეს გემი“.

ზელენსკიმ პრეზიდენტის პოსტზე თავისი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, რომ გახდა ნაკლებად მიმნდობი და უფრო მკაცრი, მაგრამ ჯერ ვერ შეეჩვია ახალ როლს.

„ტურბორეჟიმი“

ქვეყნის სათავეში ზელენსკის მოსვლის შემდეგ ყველა ცვლილება „ტურბორეჟიმში“ მიმდინარეობდა - სწორედ ასე დაახასიათა სახელისუფლებო პარტიამ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის სურვილი, უსწრაფესად შეეცვალათ დადგენილი წესები და მოხელეები და მიეღოთ გადაწყვეტილებები რადაში. ზელენსკის პირველი გადაწყვეტილება ინაუგურაციის დღეს იყო პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომელიც წინა წლის ზაფხულში ჩატარდა. შედეგად პრეზიდენტის მხარდამჭერმა პარტიამ 246 მანდატი მიიღო (აუცილებელი 226-ის პირობებში) და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა კოალიცია.

რადამ ერთ წელიწადში მოასწრო 180 კანონის მიღება. მათ შორის - დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეწყვეტის თაობაზე. ხელისუფლებაში დღევანდელი პრეზიდენტის მოსვლამდე ამ იდეას რადა წლობით ამუხრუჭებდა. ამავდროულად, ახალი კანონით დეპუტატის მიმართ საქმის აღძვრა შეუძლია მხოლოდ გენერალურ პროკურორს, რომელსაც პარლამენტი პრეზიდენტის წარდგენით ნიშნავს. რადაში მიიღეს კანონი იმპიჩმენტის შესახებ, ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ღია რეგიონულ სიებს ითვალისწინებს.

საკადრო შიმშილი და ნეპოტიზმი 

ზელენსკის მმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საკადრო პოლიტიკა იქცა: ხელისუფლების სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელსაც არ ჰყავდა გუნდი ქვეყნის სამართავად. ჩაიშალა ასევე პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალი პირის მოყვანის იდეა. 

„ზელენსკი და ამომრჩევლები ფიქრობდნენ, რომ საკმარისი იყო ხელისუფლებაში ახალი ადამიანების მოყვანა და ყველაფერი სწრაფად მოგვარდებოდა. აღმოჩნდა, რომ - არა. რთული პრობლემების მოგვარება სწრაფად და მარტივად არ შეიძლება“, - ფიქრობს უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო.

ახალი პირები „ხალხის მსახურ“ დეპუტატთა შორის სწრაფად გადაიქცნენ „ძველებად“. სახელისუფლებო პარტია ფაქტობრივად დაიყო გავლენის არაფორმალურ ჯგუფებად და უკვე დიდი ხანია, არასტაბილურად მუშაობს. მიწის კანონსა და სხვა საკითხებზე კენჭისყრამ ცხადყო, რომ ზელენსკის რადაში მყარი კოალიცია აღარ ჰყავს.

„ვინაიდან ის ძალიან ჩქარობდა გუნდის ჩამოყალიბებას, ამ გუნდის დისციპლინის ერთადერთი კრიტერიუმი - თავადაა, რადგან იდეოლოგიური ფაქტორი ან სხვა ფასეულობა არ არსებობს. არ იქნება ზელენსკი - არ იქნება სისტემაც, რომელიც მან შექმნა“, - მიაჩნია ფესენკოს.

არაეფექტურმა საკადრო პოლიტიკამ პრობლემები უკრაინის ეკონომიკაშიც შექმნა. მინისტრთა კაბინეტის შეცვლამ ეკონომიკური სირთულეები ვერ მოაგვარა. ახლა უკრაინის რადაში არ გამორიცხავენ, რომ მალე დღევანდელი მინისტრთა კაბინეტიც შეიცვლება, რადგან იგი ვერ ართმევს თავს კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ეკონომიკის სტაბილიზებას.

„საკადრო პოლიტიკაში საოცარი რამ ხდება - ხელისუფლების სათავეში ბრუნდებიან ადამიანები არა მხოლოდ წარსულიდან, არამედ საეჭვო პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე კადრები. თანაც ყველა ბანაკიდან - იქნება ეს ვიქტორ იანუკოვიჩისა თუ პეტრო პოროშენკოს გუნდი. ნათელია, რომ საკადრო პოლიტიკა, როგორც ასეთი, არ არსებობს“, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ცენტრის“ ხელმძღვანელი ოლეგ რიბაჩუკი. 

უკრაინის ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორის რუსლან ბორტნიკის აზრით, საკადრო პოლიტიკის შეცდომები ნათელია, რადგან ზელენსკის ნახევარ წელიწადში მოუწია მთავრობის, გენერალური პროკურორისა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის შეცვლა. „ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი საკადრო პოლიტიკა უსისტემოა, ხელისუფლებაში ხშირად შემთხვევითი ადამიანები ხვდებიან და საჭირო ხდება მათი თავიდან მოშორება, თუნდაც რეიტინგის ვარდნის ხარჯზე“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ ექსპერტმა.

ერთ-ერთი უპირატესობა, რომლის წყალობითაც ზელენსკიმ არჩევნებში გაიმარჯვა, იყო მისი დაპირება - თანამდებობებზე არ დაენიშნა მეგობრები და ნათესავები, როგორც ეს მისი წინამორბედების დროს იყო. თუმცა ერთი წლის შემდეგ უკრაინელებს უკვე აღარ უკვირდათ სახელმწიფო თანამდებობებზე „კვარტალი 95“-ის მორიგი მონაწილის დანიშვნა.

კორუფციასთან ბრძოლა და დაპირებული დაკავებები

სტადიონზე პოროშენკოსთან დებატებზე ზელენსკიმ წარმოთქვა ფრაზა: „მე - თქვენი განაჩენი ვარ“. ზელენსკის გარემოცვის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ასე ჟღერდა: „გაზაფხული დადგება - დაკავებას დავიწყებთ“. კორუფციისადმი ნულოვანი მიმტევებლობის შესახებ არაერთი განცხადების მიუხედავად ზელენსკიმ უკვე მიიღო საკუთარი კორუფციული სკანდალი.

მარტის ბოლოს გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც იმას მოწმობდა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ერმაკის ძმა გასაუბრებას ატარებდა კანდიდატებთან ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასანიშნად და, შესაძლოა, ამისთვის ფულს იღებდა. ამ სკანდალს რეაგირება ზელენსკის ოფისის მხრიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოჰყვა. განაცხადეს, რომ არც ერთი მათგანი, ვინც ვიდეოში ჩანს, თანამდებობაზე არ დანიშნულა, მაგრამ „ყველა ფაქტი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს“. მოგვიანებით გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ერმაკის განცხადების საფუძველზე აღძრა საქმე თითქოსდა სახელმწიფო თანამდებობების გაყიდვის შესახებ მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით. ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აღძრა საქმე სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობებზე პირთა დანიშვნისას გავლენის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. შემდეგ კი გადააკვალიფიცირა „თაღლითობად“. 

თავად ზელენსკიმ, იმაზე საუბრისას, თუ რატომ არ შეასრულა კორუფციონერების „ჩასმის“ დაპირება, განაცხადა, რომ სამართალდამცველ ორგანოებზე პირდაპირი გავლენა არ აქვს. გახმაურებულ საქმეთა შორის, რომლებზეც ამ პერიოდში გამოძიება გაგრძელდა, იყო სისხლის სამართლის საქმე პოროშენკოს წინააღმდეგ. ყოფილი პრეზიდენტი არის 16 სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, რომლებიც აღძრულია „სახელმწიფო ღალატის“, „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის“ და „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების“ მუხლებით.

დაპაუზებული დონბასი

ამ ერთი წლის განმავლობაში ზელენსკი ყველაზე დიდ დროს უთმობდა დონბასში სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის მცდელობას. გასული წლის ბოლოს საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები სამწლიანი შესვენების შემდეგ „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. შეხვედრის შედეგად უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყო ძალთა დაშორიშორება და მოხერხდა ტყვეთა გაცვლა.

როგორც ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ ამ ომს დაასრულებდა. „მზად ვარ ვიმუშაო ერთი წელი. თუ მინსკის პროცესი არ იმუშავებს, ტაქტიკას შევცვლით. ერთი წელი ჯერ არ გასულა“, - აღნიშნა მან.

დონბასის თემაზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფმა მინსკში შეათანხმა „შტაინმაიერის ფორმულა“, რომელიც განსაზღვრავს რეგიონის საგანგებო სტატუსის შესახებ კანონის ამოქმედების წესს. ფორმულის შეთანხმების შემდეგ კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა. დონბასის სტატუსის შესახებ კანონი რადაში ჯერაც არ გამოჩენილა.

ზელენსკიმ მაისში ასევე გააძლიერა მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შემადგენლობა და მასში შეიყვანა ვიცე-პრემიერი, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. 

„მოლაპარაკების პროცესი დაიძრა და ეს უდავოდ ზელენსკის პლუსია. მაგრამ, სამწუხაროდ, „ნორმანდიული ოთხეულის“ მეორე შეხვედრა არ შედგა. მიზეზი - ჯერ კიდევ არ შესრულებულა პირველი შეხვედრის შედეგები. პოზიტიური სტარტის მიუხედავად, ზელენსკი მიუახლოვდა გარკვეულ რუბიკონს, როდესაც აუცილებელია დონბასთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც, როგორც ჩანს, გამოიყენებენ მემარჯვენე რადიკალები ქვეყნის შიგნით, მაგრამ რომელთა გარეშეც შემდგომი რეინტეგრაცია შეუძლებელია“, - აღნიშნა ბორტნიკმა სააგენტოსთან საუბრისას.

ურთიერთობა მოსკოვთან და დასავლეთთან

საგარეო პოლიტიკაში ზელენსკიმ ევროინტეგრაციული ვექტორი შეინარჩუნა და განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობას. ამასთან, პრეზიდენტის ოფისში არ არის მკაფიო სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს უკრაინის საგარეო პოლიტიკა იმ პირობებში, როდესაც უახლოეს ათწლეულში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი არ არსებობს.

„გუნდში არ იგრძნობა სტრატეგიული გეგმა, პირველ რიგში, პრიორიტეტების დალაგება. ჩვენ, არსებითად, განვაგრძობთ ძველი კეთილი მრავალვექტორიანი პოლიტიკის გატარებას“, - ფიქრობს პერსპექტიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი ნიკოლაი კაპიტონენკო.

პოლიტოლოგ ბორტნიკის აზრით კი, არ ღირს მრავალვექტორიან პოლიტიკასთან დაბრუნებაზე საუბარი, რადგან ახალი პრეზიდენტი ისეთი ინტენსივობით არ ატარებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას, როგორც პოროშენკო.

„ჩვენ შევწყვიტეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით დაჟინებული სვლა, მაგრამ ამაზე გავლენა იქონია არა იმდენად ზელენსკის პოზიციამ, რამდენადაც კრიზისმა, კორონავირუსმა, რომლის შედეგადაც დასავლეთი უკრაინას დაშორდა და თავის პრობლემებს დაუბრუნდა. არავინ ამბობს უარს ევროკავშირისა და ნატოს კურსზე, ეს დებულება კონსტიტუციაში რჩება, მაგრამ არც არავინ აჩქარებს ამ პროცესებს“, - ფიქრობს ექსპერტი.

რუსეთის მისამართით უკრაინამ საგრძნობლად შეამცირა აგრესიული რიტორიკა. მოსკოვთან თანხვედრის წერტილების გამონახვის მცდელობისას ოფიციალურმა კიევმა თითქმის გამოიტანა მოლაპარაკების ფრჩხილებიდან „ყირიმის დეოკუპაციის“ საკითხი. 

„რუსეთთან ურთიერთობა ქართული სცენარით ვითარდება - ერთი მხრივ, გაფორმებულია მნიშვნელოვანი, გაზის სატრანზიტო კონტრაქტი, შემცირდა სავაჭრო ბარიერების რაოდენობა, მეორე მხრივ, რაიმე პოლიტიკურ ნორმალიზებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. რუსეთის ელჩი უკრაინაში არ არის და პოლიტიკური ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზეა“, - ფიქრობს ბორტნიკი.

რეიტინგის ვარდნა

შეცდომებისა და საზოგადოებისთვის ხშირად გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღების მიუხედავად, ზელენსკი კვლავაც გაიმარჯვებდა არჩევნებში, თუ ის უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს მხარს უჭერს პოტენციურ ამომრჩეველთა 40%.

შარშანდელი არჩევნების პირველი ტურის შედეგად მან მიიღო ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა (30,24%) ყველა კანდიდატს შორის და ორჯერ მეტი, ვიდრე მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ. მეორე ტურში ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73,22%-ით დაამარცხა კონკურენტი.

ზელენსკის პარტიამ ათ თვეში დაკარგა ყოველი მეოთხე ამომრჩეველი, თავად ზელენსკიმ კი - ამომრჩეველთა 30%. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგი კვლავაც მაღალია, მისი ვარდნის დინამიკა მაინც ნეგატიურია“, - განუცხადა ბორტნიკმა „რია ნოვოსტის“.

მისი აზრით, საზოგადოებაში ელოდნენ, რომ ეს ელექტორატის რევოლუცია, არასისტემური პოლიტიკოსის არჩევა გამოიწვევდა პოლიტიკურ რევოლუციას და სოციალურ-ეკონომიკური კავშირების ტრანსფორმაციას. თუმცა ეს არ მოხდა და ზელენსკი სათავეში ჩაუდგა მმართველობის იმ სისტემას, რომელიც წინამორბედებისგან ერგო.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეიცვალა ხელისუფლება, ძველი წესები კი არც ისე კონცენტრირებულია, როგორიც პოროშენკოს დროს იყო. ჩემი აზრით, ზელენსკის ეშინია ოლიგარქების, ეშინია რეიტინგის დაკარგვის ან იმის, რომ მასზე ვინმე ცუდ რამეს დაწერს. მსახიობის სინდრომი, რომელსაც ყველა ტაშს უკრავს, არსად გამქრალა“, - ფიქრობს პოლიტოლოგი ანატოლი ოკტისიუკი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს

59
ალექსანდრ მიასნიკოვი

მოსაზრება: რატომაა COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

15
(განახლებულია 17:46 03.06.2020)
საინფორმაციო სააგენტო Sputnik–მა სპეციალური ვიდეოხიდი გამართა მოსკოვის №71 საავადმყოფოს ექიმთან, პოპულარულ ტელეწამყვანთან და COVID-19-ის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელ  ალექსანდრ მიასნიკოვთან.

ექიმმა ვიდეოხიდისას Sputnik–ს მოუთხრო, რეალურად როგორ ვითარდება დაავადება და რატომ არ განმეორდა პოსტსაბჭოთა სივრცეში იტალიის, ესპანეთისა და აშშ–ის მსგავსად ტრაგიკული მოვლენები. 

შველის თუ არა ტუბერკულოზის ვაქცინა?

ბევრ მე ცნიერსა და ექიმს აკვირვებს ის ფაქტი, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საშუალოდ მთელ მსოფლიოში. სერვის coronavirus-monitior.ru–ს მონაცემებით, ი ივნისისთვის ამ ქვეყნებში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 0,4%-დან (უზბეკეთი) 4,23%-მდე (ლიეტუვა) მერყეობს. და ეს იმ დროს, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი  იტალიასა და დიდ ბრიტანეთში 14%-ია, საფრანგეთში —15%, ხოლო ბელგიაში — 16%. 

ალექსანდრ მიასნიკოვი ამ ვითარებას „საბჭოთა სასწაულს“ უწოდებს.

„პოლიტიკოსები და სერიოზული ექიმები ახლა ერკვევიან ამაში, აკვირდებიან ყოფილი საჭოთა კავშირის ქვეყნებს. ეს სწორედაც რომ საბჭოთა სასწაულია. მძიმედ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ეპიდემიის ნამდვილ მდგომარეობას ასახავს. სსრკ–ს ყველა ქვეყანას ბევრად ნაკლები სიკვდილიანობა აქვს. უნდა დადგინდეს, რატომ. შესაძლოა ეს მართლაც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა იყოს (რომელსაც მასიურად იყენებდნენ სსრკ–ში, — რედ. ). სხვათა შორის, უკვე არსებობს კვლევა — ამერიკელებმა BCG–ს გაკეთება დაუწყეს მცირე ჯგუფებს. ჯანმოც ამბობს, რომ „შესაძლოა საქმე BCG–ზე იმუნურ პასუხში იყოს, თუმცა ჯერჯერობით რეკომენდაციას ვერ გავცემთო“, — განაცხადა მიასნიკოვმა.

ექიმის ვარაუდით,  პოსტსაბჭოტა სივრცის მოსახლეობის იმუნიტეტის სიმტკიცე კორონავირუსის მიმართ შესაძლოა ასევე აიხსნას წარსულში ტუბერკულოზით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლითაც.

„ზოგი მე ცნიერი ფრთხილად ვარაუდობს, რომ ლეტალური ტუბერკულოზის ფართო გავრცელება იმუნური სისტემის იმგვარ ცვლილებას იწვევს, რომ კორონავირუსი დიდ წინააღმდეგობას აწყდება. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ ფაქტს: რატომ იღუპებიან რუსები, ბელორუსები, უკრაინელები თუ ყაზახები ათჯერ უფრო ნაკლებად, ვიდრე ამერიკელები, ფრანგები თუ იტალიელები? ამაში უნდა გავერკვეთ“, — აზუსტებს სპეციალისტი. 

რა საჭიროა კარანტინი?

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს კარანტინს შეუძლია სამუდამოდ გაანადგუროს კორონავირუსი ან სხვა დაავადება.

„კარანტინი იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა ერთად არ დაავადდეს, თორემ ჯანდაცვის სისტემა მომენტალურად ჩამოიშლება. გადაიტენება საავადმყოფოები და სასწრაფო დახმარებები, ადამიანები მარტო COVID-19–სგან კი არა, ინფარქტებისგან, ინსულტებისგან დაზოგადად სამედიცინო დახმარების გაუწევლობისგან დაიღუპებიან. ამიტომ თითოეული სახელმწიფო თავად აგებს მოდელს, რომლითაც ჯანდაცვის სისტემა პრობლემას თავს გაართმევს. კარანტინი არ კურნავს, მას შეუძლია დაავადების მატება შეანელოს, რათა ხალხი ეტაპობრივად დაავადდეს და დახმარების მიღება მოასწროს. კარანტინი — ეს არის გათვლა და ქცევის მოდელი“, — განმარტა მიასნიკოვმა.

 ვირუსის მკვლელი ულტრაიისფერი სხივები და ზღვა

არსებობს მოსაზრება, რომ სიცხეს შეუძლია მოკლას  ვირუსი. ალექსანდრ მიასნიკოვი დარწმუნებული არ არის, რომ სითბო მართლაც მოახდენს გავლენას ვირუსის გავრცელებაზე, თუმცა, მისი თქმით, მზის რადიაცია საკმაოდ აქტიურად  კლავს ვირუსს.

ბელარუსის გამოცდილება 

ცნობილია, რომ ბელარუსი და შვედეთი ერთადერთი ქვეყნებია, რომლებმაც კარანტინის დაწესებაზე უარი თქვეს. მაგრამ მიასნიკოვი ირწმუნება, რომ ამის გამო ბელორუსში არაფერი უჩვეულო არ ხდება.

„თითოეული ქვეყანა ამოდიოდა მათემატიკური გათვლებიდან. ითვლებოდა სცენარები — როგორც ხელსაყრელი, ისე არახელსაყრელი, ეკონომიკური დანაკარგები და სხვა ყველაფერი. ბელარუსში ჯანდაცვის სისტემა საბჭოეთის დროინდელია — ინფექციური საავადმყოფოებით, ექიმი ინფექციონისტებით. ეს გათვლის შედეგებია, ლუკაშენკომ კი არ გადაწყვიტა, იცით, რა გავრისკავო. ბელარუსის გათვლამ გაამართლა. საბჭოთა სასწაულმა ყველგან იმუშავა, — თქვა ექიმმა.

როგორ ვრცელდება კორონავირუსი რეალურად?

ალექსანდრ მიასნიკოვი უარყოფს თეორიას, რომ თითო დაავადებული სამ სხვას აინფიცირებს. ექიმის თქმით, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია აქტიური გავრცელებიდან 1,5–2 თვეში ქრება.

ამის მაგალითად მან „ისპანკას“ მაგალითი მოიყვანა, რომლისგანაც 1918 წელს პირველსავე თვეებში 30 მლნ ადამიანი დაიღუპა. 

„ახალი ვირუსი, გადადის რა ცხოველიდან ადამიანზე, აგრესიულია. ის უცნობია, ბოროტი, ხოცავს ადამიანებს, მაგრამ ყოველი გადამტანის შემდეგ დაავადება სუსტდება. თქვენ ისუნთქვათ ვირუსს, უკან კი მის „შვილთაშვილს“ ამოისუნთქავთ, რომელიც ბევრად სუსტია. ამის შემდეგ ის სხვა ადამიანზე გადადის და ისიც ასუსტებს მას. ეს იმას ჰგავს, ტალღამ რომ სანაპიროს შეუტიოს, ჯერ სასტუმრო  ხეები გადარეცხოს, მერე კი დასუსტდეს და გუბედ იქცეს. ასეა ინფექციაც. თავიდან იმატებს, მერე კი ქრება“, — ხსნის ექიმი.

მიასნიკოვი დარწმნებულია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორიც პირველი იყო.

რატომაა უაზრობა დაავადებულების თვლა?

ექიმმა მიასნიკოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაავადებულთა საერთო რაოდენობას, რომელიც საკმაოდ საშიშად გამოიყურება. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ინფიცირებულების რაოდენობაზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება მთლად გამართლებული არ არის, ირწმუნება სპეციალისტი.

„ჩვენ ვახმოვანებთ ციფრებს, ვპედალირებთ მათით:  ხუთი მილიონი! ეს უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებსაც დადებითი ტესტები აქვთ. რეალურად მათი რაოდენობა ათჯერ მეტია. მოდით მაშინ და ვითვალოთ ჩვეულებრივი პნევმონია, რომლისგანაც მსოფლიოში ყოველწლირად 3 მილიონი ადამიანი იღუპება. ჩვენ რას ვითვლით იანვრიდან? რეალურად ავად ის ადამიანები არიან, რომლებიც ორი კვირის წინ დაინფიცირდნენ. დანარჩენები დიდი ხანია, რაც განიკურნენ და თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ. ორიენტირად სიკვილიანობის მაჩვენებელი უნდა ავიღოთ“, — აცხადებს ექიმი.

 

15
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია

ქართული პოლიტიკის წინასაარჩევნო პერიპეტიები: ძველი სკანდალი ახალი ძალით

76
(განახლებულია 17:44 03.06.2020)
საქართველოში კორონავირუსის გამო მიჩუმებული პოლიტიკური ცხოვრება ახალი ძალით ახმაურდა: სცენაზე ნელ-ნელა გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ყველა ერთად კი საშემოდგომო არჩევნებისთვის ემზადება.

პარლამენტისთვის ბრძოლა სულ უფრო ახლოვდება, წინასაარჩევნო კამპანიაც, პრაქტიკულად, დაიწყო, თუმცა კენჭისყრის დღემდე ხუთი თვეა დარჩენილი.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენის იმედი აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ის რეკორდს დაამყარებს, რადგან პირველი პარტია იქნება საქართველოში, რომელიც ზედიზედ სამჯერ მიიღებს უმრავლესობას პარლამენტში.

დღეისათვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვიან როგორც ცალკეული ოპოზიციური პარტიები, ისე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება. ყოველი მათგანი გამარჯვების საკუთარი რეცეპტის პოვნას ცდილობს.

თუმცა, ბოლო დროს ოპოზიციურ გაერთიანებაში ყველაფერი დალაგებული არ არის. 30-ზე მეტი პარტიის გაერთიანების განხეთქილების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდნენ დეპუტატობის კანდიდატები ერთმანდატიან ოლქებში.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილი პარტიული სიებით აირჩევა, ნაწილი კი – ერთმანდატიან ოლქებში. სულ 73 ოლქია, თუმცა ახლა პარლამენტი მათი 30-მდე შემცირების შესაძლებლობას იხილავს.

ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია, რადგან არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, ვიდრე ციხეში იმყოფება „მთავარი არხის“ თანამესაკუთრე გიორგი რურუა.

ხოლო თუ კანონპროექტი ჩავარდება, მას მოუწევს 73 კანდიდატის წარდგენა, რომლებიც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მეორე ნაწილის კანდიდატებს უნდა დაუპირისპირდნენ და გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვონ.

მაჟორიტარობის კანდიდატები უთანხმოების საბაბია - მოხდება თუ არა განხეთქილება ოპოზიციაში?>>

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების წარსადგენად დრო ჯერ კიდევ არის, ოპოზიციაში უკვე იჩინა თავი პრობლემებმა.

გაერთიანებულ ოპოზიციას გამოეთიშა შედარებით ახალი პოლიტიკური წარმონაქმნი „ლელო საქართველოსთვის“, რომელშიც შედიან ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო“, დავით უსუფაშვილის პარტია „შენების მოძრაობა“ და ფიქრია ჩიხრაძის პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

„ლელოს“ 30 საარჩევნო ოლქში 30 მაჟორიტარი ეყოლება. ჩვენ დღეს აქტიურად ვემზადებით ამისთვის, გვყავს საკმარისი კანდიდატები, რათა არჩევნებზე ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზეა, ჯერჯერობით ოპოზიციის თამაშის ორ ვარიანტზე საუბრობს.

„ერთიან მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენი როლი მნიშვნელოვანი და, დარწმუნებული ვარ, პოზიტიური იქნება. მაგრამ შესაძლოა ცალკეულ ოლქებში ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთიანი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, სხვაგან კი – ერთი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას მხოლოდ სხვა პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მელიას ეთანხმება კიდევ ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

„ცალკეულ ოლქებში, განსაკუთრებით თბილისში, ერთიანი კანდიდატების წარდგენა საკვანძოდ მიმაჩნია. ის, ვინც მუშაობს ან იმუშავებს ამის წინააღმდეგ, ტაქტიკურ შეცდომას დაუშვებს და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ძალიან სახიფათო პოლიტიკურ სიხარბეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

რატომ შეიძლება თქვას უარი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო აგიტაციაზე>>

ამასთან, ოპოზიციის კონსულტაციები კვლავ გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინ გამოაცხადებენ, როდესაც საჭირო იქნება განაცხადების შეტანა. სწორედ მაშინ გაირკვევა, რა უფრო მნიშვნელოვანია – შედეგი თუ პოლიტიკური ამბიციები. მით უფრო, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდა ახალი პარტიები, რომლებსაც ძველი კონკურენტებისთვის ხმების წართმევის შანსი გაუჩნდათ.

ლიზა შელია

76
ძლიერმა ქარმა გორში სახლებს სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში სახლებს სახურავები გადახადა

0
(განახლებულია 20:29 03.06.2020)
ამ კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი - თითქმის ყველგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ქარი და სეტყვა

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, იუწყება პირველი არხი.

დაზიანებული კორპუსები სტალინის ქუჩაზე მდებარეობს. სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

ქარმა პრობლემები ჩოჩიშვილის ქუჩაზეც შექმნა, სადაც ქარის შედეგად მოტეხილი ხე ასევე ავტომობილს დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყებოდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6 ივნისამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი – უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა, ქარი, ზღვაზე შტორმი.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში