პოლიცია

მთავრობის მიზანი: კორონავირუსის დამარცხება და პოლიტიკური გვირგვინის შენარჩუნება

71
(განახლებულია 18:01 18.05.2020)
საქართველოში ვირუსული ინფექციის პიკმა, როგორც ჩანს, ჩაიარა, თუმცა წინაა პოლიტიკური ბატალიები. პრესა აქტიურად საუბრობს პოსტეპიდემიურ პროცესებსა და დამდეგ საარჩევნო რბოლაზე.

ალბათ ძნელად მოიძებნება ადგილი, სადაც კორონავირუსის პანდემია ასე ძლიერად მოქმედებდეს პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაზე. მმართველი გუნდი ცდილობს, თანაც არცთუ წარუმატებლად, პანდემიასთან ბრძოლით პოლიტიკური ქულები დააგროვოს. ოპოზიცია კი, რომელმაც ვერა და ვერ მოძებნა ამ ვითარებაში თავისი ნიშა, ძირითადად ხელისუფლების კრიტიკითაა დაკავებული („კვირის პალიტრა“, 11-17.05).

„მამიკო, გააგდე კორონა - თოჯინების თეატრში მინდა...“

ვირუსთან ბრძოლის საკვანძო ფიგურა უდავოდ ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარიაა. პრესა გახარიაზე, როგორც პოლიტიკოსზე, ცოტას წერს და მის საქმიანობას თითქმის არ აფასებს. შემოიფარგლება ოფიციალური განცხადებებით. ეს სტილია. არა პრესის, არამედ გახარიასი! პრემიერი ერიდება თვითრეკლამას და არ მალავს, რომ პროფესიონალების რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. „ხელისუფლებამ მოუსმინა კომპეტენტურ ადამიანებს და გადაწყვიტილება არ მიუღია, რომ ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს“, - დადებითად აფასებს ამ პოზიციას საზოგადო მოღვაწე, პოეტი დავით მაღრაძე („კვირის პალიტრა“). 

პანდემიის ფონზე მოსახლეობაც და საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ პრემიერი კარგი ორგანიზატორია. თუმცა, მისი კომპრომეტირების მცდელობები მაინც არის. მათ შორის, მედიკოსების მისამართით გამოთქმული შენიშვნების სახით. მაგრამ ეს მცდელობები საზოგადოებამ არ აიტაცა. ციფრები და პარალელები მეზობელ ქვეყნებთან ყველაფერზე მეტყველებს („რეზონანსი“, 13.05). „დღემდე უცხოელები აღფრთოვანებული იყვნენ ცეკვებით, სიმღერებით, სტუმართმოყვარეობით, მაგრამ პანდემიამ ცხადყო, რომ ჩვენ პრობლემებსაც წარმატებით ვუმკლავდებით“, - მოჰყავს „კვირის პალიტრას“ პოლონეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის თამუნა ლოლაძის სიტყვები.

ფსიქოლოგიურად, თუმცა, რა თქმა უნდა, არა მორალურად, შეიძლება ოპონენტების მდგომარეობაში შესვლა, რომლებიც არაკორექტულ ხერხებს მიმართავენ. „თუ გახარიას არ გაათავისუფლებენ, ის ივანიშვილსაც მოერევა“, - აღნიშნავს „ახალი თაობა“ (13.05), რომელიც, როგორც ჩანს, ცდილობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ეჭვები გაუღვივოს. თავად ოლიგარქი დუმილს ინარჩუნებს. თუმცა, სააგენტო „ნიუპოსტის“ საშუალებით პრესაში „გაჟონა“ (უკვე მერამდენედ) კულუარულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, თითქოს მალე გახარიას თავიდან მოიშორებენ („ახალი თაობა“, 12.05). თავად პრემიერის რეაქცია მშვიდი იყო. მან ჟურნალისტებს ურჩია, შემოდგომამდე მოეთმინათ, უფრო ადრე კი ურჩევდა, გაზაფხულამდე მოეცადათ... 

მით უმეტეს, ბოლო დროს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგიერთ რეგულაციას აღიქვამს, როგორც ზედმეტს – უპირველეს ყოვლისა, კომენდანტის საათსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვას. დღემ მოიმატა, ცხოვრება კი საღამოს 9 საათზე კვდება, - აკრიტიკებს მთავრობას „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია (13.05). ან კიდევ: „მამა, თოჯინების თეატრში მინდა!“ - მოჰყავს 3 წლის შვილის სიტყვები მხატვარ-ილუსტრატორ ზალიკო სულაკაურს („კვირის პალიტრა“).

როგორც ჩანს, ბევრ აკრძალვას მთავრობა გამოცხადებულ ვადაზე ადრე გააუქმებს. მისთვის მეტად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვირუსთან გამკლავება, არამედ შემოდგომის არჩევნებამდე ინიციატივის შენარჩუნება.

დამსხვრეული ილუზიების სამყარო

ხელისუფლების ოპონენტების ამოცანა კი ნაკლებად ნათელია. საქართველოში შესუსტებული პანდემიის პარალელურად ძალებს იკრებს პოლიტიკური ბრძოლა, ამტკიცებს „რეზონანსი“ (14.05). პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ უკვე გააფრთხილა ოპოზიცია სტანდარტული შეცდომისგან: არასერიოზულია იმ თემებთან დაბრუნება, რომლებმაც თავი ამოწურა. კორონავირუსმა ყველაფერი სხვაგვარად დაალაგა და ახლა ახალი მიდგომებია მოსაძებნი. თუმცა, პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკური პარტიები ელოდებიან მომენტს, რათა კვლავ გაკვალულ გზას დაადგნენ. 

მთელი ეს კვირა ოპოზიციური სუბიექტების ნაწილი ამტკიცებდა, რომ შეთანხმების განხილვისას აშშ-ის საელჩოში მიღწეულ იქნა შეთანხმება, თითქოს ხსენებულ დაკავებულებს ციხიდან გამოუშვებდნენ. მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, საკითხის ამ ფორმით დასმა შეუძლებელი იყო. ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ უცხო ქვეყნების ელჩებმა სახელმწიფოს ჩარევა სასამართლო საქმეებში მართლზომიერად მიიჩნიეს. პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ამას გამორიცხავს („რეზონანსი“ 14.05).

ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის მორიგი წერილების ირგვლივ სკანდალი ააგორა. წერილებში გამოყენებულია ტერმინი „პოლიტპატიმრები“, რამაც პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრ გურამ ჩალაგაშვილს მისცა საფუძველი, ეთქვა: „ამერიკის განცხადება, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები - არის მოქმედი მთავრობის მიმართ განაჩენი" („ახალი თაობა“ 14.05).

მოსაზრებას, შესაძლებელია, არც დაეთანხმო - ცალკეული პოლიტიკოსების შეხედულება შეიძლება არ ასახავდეს სახელმწიფოს პოზიციას. ისევე, როგორც ის, რომ ეს ადამიანები გაასამართლეს არა იატაკქვეშა საქმიანობისა თუ პროკლამაციების გავრცელებისათვის („საქართველოს რესპუბლიკა“ 14.05). თუმცა, დავა ყველასათვის სრულიად მოულოდნელად გადაჭრა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც გამოიყენა პრეზიდენტის უფლება და თავისი აქტით შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.

პრინციპში, შესწორებების მიღება „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშეც იყო შესაძლებელი. „ქართული ოცნებისთვის“ საკმარისია, რომ მან დანარჩენი დეპუტატების ხმების მობილიზება მოახერხოს. თანაც ოპოზიცია სერგი კაპანაძის პირით იმუქრებოდა, რომ გაიმარჯვებდა არჩევნებში ნებისმიერი სისტემის პირობებში („ახალი თაობა“ 12.05). რისთვის გახდა საჭირო ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა? ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, შესწორებები, უპირველეს ყოვლისა, არ არის ხელსაყრელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან პარტია დგას რისკის წინაშე - დაკარგოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის მონოპოლია (12.05). ახლა კი პრეზიდენტმა ყველას კარტი აურია.

სახალხო რჩეულების გამოცანები და პარადოქსები

ოპოზიციას აინტერესებს არა ვირუსთან ბრძოლა, არამედ იგი შეშფოთებულია იმ პოზიტიური შედეგებით, რომლებსაც მთავრობა თავის სასარგებლოდ იყენებს, - უკმაყოფილებას გამოთქვამს აკადემიკოსი ბონდო ქობულია („საქართველოს რესპუბლიკა“, 14.05).

პანდემიის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ ასწავლიდა პროფესიონალებს, რა ეკეთებინათ. ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ნაკლებ სავარაუდოა, სხვაგვარად მოქცეულიყო, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე („კვირის პალიტრა“) და დასძენს - ოპოზიციას შესანიშნავად ესმის, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ნებისმიერ შესაძლებლობას ებღაუჭება, რათა არჩევნები არალეგალურად გამოაცხადოს („რეზონანსი“, 13.05). 

კიდევ ერთი, საკმაოდ არაორდინარული, მაგრამ ფართოდ წარმოდგენილი ოპოზიციური პლასტის შეხედულებებს ასახავს „ასავალ-დასავალი“. ესაა მისტიკის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ასტროლოგიის ერთგვარი ნაზავი. აქ არც ისე აქტიურად არიან წარმოდგენილი პროფესიონალი პოლიტიკოსები. სამაგიეროდ, გაზეთი თამამად დაჩრდილავს სხვა გამოცემებს ფრაზეოლოგიზმების, ორიგინალური შეხედულებებისა და უჩვეულო განსჯის სიუხვით. რთული სათქმელია, რამდენად შეიძლება მათი სერიოზულად აღქმა, მაგრამ ყველაფერი დიდი ინტერესით იკითხება.  

რაც შეეხება მოუხელთებელ კორონავირუსს, მსოფლიო პანდემია - შესანიშნავი სკივრია ორიგინალური თემებისთვის! გამოცემის ბოლო ნომერი (11-17.05) სავსეა უცნაური მსჯელობით. დაწყებული მიხეილ ცაგარელით, დამთავრებული დეკანოზ დავით ისაკაძით, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებს!

ამასთან, რთულია არ დაეთანხმო „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის პარადოქსულ დასკვნებს. ხალხი პარლამენტში წარმოდგენილია 150 ადამიანით, რომლებიც ამტკიცებენ კანონებს, რომელთა წინააღმდეგაც მოქალაქეთა 99% გამოდის. დავა შეიძლება პროცენტებზე - 99 თუ 90? რაც მთლიანობაში მავნე ტენდენციას, ბუნებრივია, ვერ ცვლის.

სწორედ ეს ამოუცნობი პარადოქსი განსაზღვრავს ნებისმიერი ჩვენი არჩევნების მთავარ ინტრიგას. როდესაც მრავალრიცხოვანი გამოკითხვისა და დახვეწილი პოლიტტექნოლოგიების მიუხედავად, კორონავირუსის შედეგები, შესაძლოა, ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდეს...

71
ჟურნალისტები აქციაზე

რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

24
(განახლებულია 01:15 26.05.2020)
მომავალი საპარლამენტო არჩევნები - შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ რეიტინგს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წყალობით მოიპოვა, და როდის წარმოადგენს ოპოზიცია მაჟორიტარი კანდიდატების ერთიან სიას - მთავარი თემები ქართულ პრესაში.

რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს რეიტინგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ხარჯზე მოიპოვა, მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე - ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შეიმჩნევა კეთილგანწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლისას კარგი გამოცდილება მიიღო და დაინახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია პროფესიონალების მოსმენის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს.

„ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის“, - განუცხადა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“.

ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფი რეალიზება, სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” მიღწეულის კაპიტალიზაციას“, - განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი.

„დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის. ადამიანებს ადარდებს სოციალური თემები, დასაქმება და ეკონომიკური პრობლემები”, - აღნიშნა არეშიძემ.

როდის წარადგენს ოპოზიცია კანდიდატების ერთიან სიას?

მაჟორიტარი კანდიდატების სიის საბოლოო მონახაზი სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იქნება მზად, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ოპოზიციის შიგნით მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესათანხმებლად დაიწყო.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შეათანხმეს 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების საზღვრები, თავად კი თბილისში იყრის კენჭს.

„ჯერ მონახაზი არ არის, სავარაუდოდ, საბოლოო მონახაზი ივნისის ბოლოს იქნება. ჯერ დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მის მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და არც მიილტვის ამისკენ.

როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით >>

„ჩვენი მიზანია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და აუცილებლად შევიდეს ცვლილება კონსტიტუციაში. თუ ხელისუფლება კვლავ გაჯიუტდა, მოვლენები მისთვის სახარბიელოდ არ განვითარდება. ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა შეირცხვინოს თავი შინ თუ გარეთ?! პირობა უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

საქართველოში უკვე მესამე დღეა რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, - კვლავ ღიად რჩება.

ალერგოლოგი-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის ამუშავების საკითხი ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

„შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა“, - განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „რეზონანსს“.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დეზინფექციას და აუცილებლად გაიზარდოს კონტროლიორების რაოდენობა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მიმოხილვა მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ და „კვირის პალიტრას“ მიხედვით

24
თბილისის აეროპორტი

როდის აღდგება ფრენები საქართველოს ცაზე და როგორი იქნება ვოიაჟი პანდემიის შემდეგ

103
(განახლებულია 19:10 25.05.2020)
პუბლიკაციაში გაგაცნობთ ავიაფრენებთან დაკავშირებულ იმ პროცედურებსა და რეგულაციებს, რაც საქართველოში პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება.

საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, ოცივე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ოპერირებდა, აპირებს რეისების განახლებას.

ამ ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველო უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მრავალ ქვეყანაში შეწყვეტილია საერთაშორისო ფრენები. ჯერჯერობით კი არ არსებობს საერთო სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა დაემორჩილოს ფრენების განახლების შემდეგ.

სპეცილისტები იმ სავარაუდო ტენდენციებზე საუბრობენ, რაც ტურიზმის აღდგენის შემდეგ იქნება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში ოფიციალური პროცედურების დრო გახანგრძლივდება, თუმცა მგზავრთა ნაკადიც არ იქნება ისეთი, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

ჯერჯერობით ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ; ასევე მოკლე ფრენების შემთხვევაში არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა სამ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა. იქ, სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას, თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია. ასევე არსებობს რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვენტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით როგორც ტერმინალებში, ისე საჰაერო ხომალდებზე.

შესაძლოა საჰაერო ხომალდზე ხელბარგის ატანა შეიზღუდოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მგზავრებს იმუნური პასპორტი, ტესტირების ჩატარება და რეგისტრაციის დამოუკიდებლად გავლა მოსთხოვონ. ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ, წამყვან აეროპორტებთან ერთად, ზრუნვა ბიომეტრიული ჩასხდომის დანერგვაზეც დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პასპორტის როლს მგზავრის სახე შეითავსებს.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი ამ დროისთვის შემუშავების პროცესშია.

„პროტოკოლი შემუშავების პროცესშია. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და პირობები ეცნობება მგზავრებს, ავიასაწარმოებს და მომსახურე პერსონალს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, – აცნობეს სააგენტოს.

უწყებაში გვპირდებიან, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის. საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.

ამასობაში უკვე არაერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ აღდგეს ქვეყნებს შორის რეგულარული მიმოსვლა.

ავიაკომპანიებს, რომელთა ფრენები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გაუქმდა, მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდა რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის განმავლობაში მოუწევთ. მგზავრს კი, რომლის ფრენაც COVID-19-ის პრევენციის ფარგლებში გაუქმდა, უფლება აქვს შეცვალოს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი მისი სურვილისამებრ, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

ასეა თუ ისე, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მოგზაურებისთვის კი (და არა მხოლოდ მათთვის) 1 ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დღესასწაული გახდება.

გისურვებთ უსაფრთხო და მხიარულ მგზავრობას.

 

103
საკონსტიტუციო სასამართლო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

0
(განახლებულია 10:10 26.05.2020)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების უფლების მინიჭება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ შესწორებებთან დაკავირებით, რომლებიც პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეიტანა.

შესწორებები, რომლის მიხედვით მთავრობას შეუზღუდავი უფლება ენიჭება, დააწესოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, პარლამენტმა 22 მაისს მიიღო. ნორმა 23 მაისს ამოქმედდა და 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა>>

„კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამგვარად მთავრობა იღებს უფლებას, პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდოს ასევე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

კანონის ამოქმედების შემდეგ მთავრობას შეუძლია პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და მოაწესრიგოს წესებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავდება. გარდა ამისა, მთავრობა მიიღებს უფლებას, შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

ასოციაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შეზღუდვითი ნორმა კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურად.

გახარია: ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის>>

საია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის მინიჭებული უფლება, შეზღუდოს საკუთრების უფლება, ანტიკონსტიტუციურია, რადგანაც მთავრობას მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ახალი წესების დადგენის უფლება აქვს. ამიტომ ახალგაზრდ იურისტები მიიჩნევენ, რომ ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდვები, მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს, მათი თქმით, არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია.

საკუთრების უფლებაზე სრული არძალვისთვის, როგორიცაა სასტუმროების ან ტანსაცმლის მაღაზიების დაკეტვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, საჭიროა ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი რადიკალური ზომების მიღების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელშია.

საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლო ასოციაციის სარჩელს წარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუსასამართლოს კოლეგია მას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამოქმედებული შესწორებების საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ სპეციალური დადგენილებით შეზღუდვებისა და აკრძალვების ნაწილი შეინარჩუნა.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია რესტორნები, ტანსაცმლისსა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები, აკრძალულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა (გარდა ონლაინ მუშაობისა). საკარანტინე ზონებად რჩება თეთრიწყაროს რაიონი დაორი სოფელი ბოლნისის რაიონში.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი