დახლები დეზერტირების ბაზართან

ეროვნული ბანკის პროგნოზი: როდის შეწყდება საქართველოში ფასების მატება

218
(განახლებულია 22:58 08.05.2020)
გრძელვადიან დინამიკაში ინფლაციის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი იქნება მოთხოვნა, მიიჩნევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. საქართველოში ინფლაციის წლიურმა დონემ აპრილში 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში 6,9% შეადგინა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

მარტთან შედარებით აპრილში ფასები 0,9%-ით გაიზარდა.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. ამ დონის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა სექტემბრიდან დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. ბოლოს ზრდა 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

წლის დასაწყისიდან ინფლაციის წლიურმა დონემ კლება დაიწყო - იანვარსა და თებერვალში 6,4% შეადგინა, მარტში - 6,1%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

საერთაშორისო პროგნოზისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ, რომელიც კვირაზე მეტხანს მოქმედებდა, ასევე ქალაქების ჩაკეტვამ, ფერმერები დააზარალა.

„სეზონი ჩავარდნილია. ამ მომენტისთვის თავადაც რეგიონში ვიმყოფები და ვხედავ, რომ ადამიანებს არ აქვთ ფული ტრაქტორის დასაქოქად. რეგიონებში ძალიან რთული ვითარებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალაქები ჩაიკეტა და ორი კვირა არ მოძრაობდნენ მსუბუქი ავტომობილები. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც საჭირო იყო თესვა და ხვნა. ყველანი სახლში ისხდნენ. ახლა კი უკვე გვიანია“, - განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

შედეგად საქართველოში ხილის ფასი 45,4%-ით გაიზარდა, რძის, ყველისა და კვერცხის - 23,2%-ით, ხორცის - 15%-ით, ბოსტნეულის - 14,1%, პურის და პურპროდუქტების - 8,4%-ით. პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით, გაძვირდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურება 4,9%-ით, მათ შორის, ამბულატორიული მომსახურება - 4,4%-ით.

როდის დაიწყებს შემცირებას ინფლაციის დონე

ინფლაციის დონე კლებას მხოლოდ 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და 2021 წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სპეციალურ მიმართვაში.

„2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4% შეადგინა. თუმცა, შემდგომ COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზეც იმოქმედა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ერთი მხრივ, და ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების წარმოების ხარჯების ზრდა, მეორე მხრივ.

„ამავე დროს, საგარეო და შიდა მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციის შემცირებას განაპირობებს. არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი, თუმცა, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოება არ ნიშნავს მკაფიო ციფრს, არამედ მიუთითებს მხოლოდ საზღვარს.

„განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 4%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, რასაც როგორც ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების კლება, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება განაპირობებს. მოსალოდნელი შემცირება უკვე გამოჩნდა ბოლო მონაცემებში. მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. 9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ფულად გზავნილებშიც. ამასთანავე, 13 პროცენტით შემცირებულია იმპორტიც, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 29 აპრილის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5 პროცენტამდე შეამცირა.

კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას ურტყამს: "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს>>

„შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრებული რჩება. მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად განხორციელდეს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ინფლაციის მოლოდინები არ გაიზარდოს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ხელისუფლების ნაბიჯები ვითარების სტაბილიზაციისთვის

საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების სახით 3 მილიარდ დოლარს მიიღებს.

ქვეყნის მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმად, ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შმმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

ცალკე გეგმაა შემუშავებული ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც მთავრობა განსაკუთრებულ საგადასახადო და საკრედიტო შეღავათებს შესთავაზებს.

ამასთან, მთავარი აქცენტი ამჯერად გაკეთდება ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და პროფილის ცვლილებაზე.

218
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (595)
საპროტესტო აქციის პორტრეტები

ვინ გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ოპოზიციის დავის ახალი საგანი

79
საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთ თვეზე ოდნავ ნაკლები რჩება, ოპოზიციაში კი უკვე დაიწყო ადგილების გადანაწილება და მთავარი საჯილდაო ქვა - პრემიერ-მინისტრის თანამდებობაა

საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით უნდა გადადგეს. ახალ პრემიერს წარადგენს პარტია, რომელიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნები და ჯარი: ვის დაუჭერს მხარს შეიარაღებული ძალები >>

იმის მიუხედავად, რომ არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული, ოპოზიციაში, რომელიც ბოლო დრომდე ერთობასა და თანხმობას ავლენდა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე დავა დაიწყო.

ერთობის პრობლემები

დღევანდელი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მოძრაობა სხვადასხვა იდეოლოგიისა და მიმართულების 30-მდე პარტიისგან შედგება. ყველანი დაუფარავად აღიარებენ, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ცალ-ცალკე ვერ დაამარცხებენ, ამიტომ მოუწევთ კოალიციის ფორმირება.

მსგავსი კოალიციის უმთავრესი პრობლემა - პოლიტიკური ამბიციები და მეტისმეტად განსხვავებული შეხედულებებია, ფიქრობენ ექსპერტები.

„მაინცდამაინც არ მჯერა ოპოზიციის ერთობის და არა მგონია, რომ არჩევნებზე ეს რამე როლს შეასრულებს. ალბათ აქცენტი გაკეთდება ცალკეულ პარტიებზე, რომლებსაც მეტი გავლენა აქვთ და მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ... ვინ ვის ეჩხუბება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არსებობს ორი-სამი ძალა, რომლებიც არჩევნებში დომინირებას შეძლებენ“, - განუცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა დემურ გიორხელიძემ Sputnik-საქართველოს.

ის, რომ ოპოზიციის რიგებში ერთობა არ არის, ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც ცხადყო.

კამათი ვაშაძის ირგვლივ

ორიოდე კვირის წინ პარტია „საქართველო და კანონის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე იხილება პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა.

ჩარკვიანიც და ვაშაძეც თავის დროზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. ბოლო არჩევნებზე ორივე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატისა და პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის შტაბში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

„საქართველო და კანონი“, „ახალი საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ექვს პარტიასთან ერთად ქმნიან ბლოკს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ შიგნით და საერთო წესებით მოქმედებენ.

თუმცა ჩარკვიანის განცხადებამ, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია, „ნაცმოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა პარტიების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

„გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში არასდროს განიხილებოდა, არც დღეს განიხილება და არც მომავალში იგეგმება ამ კანდიდატურის განხილვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. სხვა სუბიექტებს, იქნება ეს თაკო ჩარკვიანი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენი პარტიის შესაძლო კანდიდატი გიორგი ვაშაძე არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

რატომ შეიძლება თქვას უარი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო აგიტაციაზე >>

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ჩრდილოვანი კაბინეტის“ მინისტრთა შემადგენლობა განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება მისი ფორმირების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც პარტიები შეჯერდებიან, რა დაეხმარება მათ არჩევნების მოგებაში.

თავად „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ვერ დამალა, რომ თანამოაზრეების ეს პოზიცია მისთვის არასასიამოვნოა.

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ – რადიკალური განცხადებები. მე, ხალხნო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანებისა, ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან მან დასძინა, რომ არ დაუპირისპირდება ოპოზიციის ერთობას, რადგან მხოლოდ ეს ერთობაა გამარჯვების გარანტი.

მოულოდნელი გაგრძელება

ვიდრე „ძალა ერთობაშია“ გაერთიანებაში ვაშაძის კანდიდატურაზე დაობენ, პარტიაში „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოულოდნელმა განცხადებამ გაიჟღერა.

მართალია, ის „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერებისგან შედგება, მაგრამ კოალიციაში ოპოზიციის სხვა ნაწილთან, მათ შორის, „თავისუფალ დემოკრატებთან“ და სხვა პროდასავლურ ძალებთან, ერთადაა გაერთიანებული.

„ქვეყნის პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ხედვა, ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან ქვეყანას როგორ გამოიყვანს, ეკონომიკაში როგორ დაწევს გადასახედებს, როგორ გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს. როგორ გადატეხს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ამავე დროს მან განმარტა, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი ვერ ნახავს ერთ ბლოკს „გაერთიანებულ ოპოზიციის“ სახელით და პარტიული დაჯგუფებების ნაწილი არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას.

„ამ ეტაპზე ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავიანთი ხედვა ჰქონდეთ იმის თაობაზე, რა პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებებს. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მმართველი პარტიის პოზიცია

მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის შიდა კამათი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ღიმილის მომგვრელია.

„რეალურად, ნებისმიერი კანდიდატის დასახელება მათი მხრიდან იქნება ღიმილის მომგვრელი, იმიტომ რომ ყველა ხედავს, როგორია კვლევის შედეგები. ყველა ხედავს, რომ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს“, - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მისთვის ნათელია, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს.

თუმცა ოპოზიციას არჩევნებზე აბსოლუტურად სხვა გეგმები აქვს და პასუხი კითხვაზე, ვინაა მართალი, 1 ნოემბერს გახდება ცნობილი, როდესაც არჩევნების პირველი შედეგები გამოჩნდება.

79
ალექსანდრ მიასნიკოვი

მოსაზრება: რატომაა COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

25
(განახლებულია 22:57 03.06.2020)
საინფორმაციო სააგენტო Sputnik-მა სპეციალური ვიდეოხიდი გამართა მოსკოვის №71 საავადმყოფოს ექიმთან, პოპულარულ ტელეწამყვანთან და COVID-19-ის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელ ალექსანდრ მიასნიკოვთან.

ექიმმა ვიდეოხიდისას Sputnik-ს მოუთხრო, რეალურად როგორ ვითარდება დაავადება და რატომ არ განმეორდა პოსტსაბჭოთა სივრცეში იტალიის, ესპანეთისა და აშშ-ის მსგავსად ტრაგიკული მოვლენები. 

შველის თუ არა ტუბერკულოზის ვაქცინა?

ბევრ მეცნიერსა და ექიმს აკვირვებს ის ფაქტი, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საშუალოდ მთელ მსოფლიოში. სერვისი coronavirus-monitior.ru-ს მონაცემებით, ივნისისთვის ამ ქვეყნებში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 0,4%-დან (უზბეკეთი) 4,23%-მდე (ლიეტუვა) მერყეობს. და ეს იმ დროს, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიასა და დიდ ბრიტანეთში 14%-ია, საფრანგეთში — 15%, ხოლო ბელგიაში — 16%. 

ალექსანდრ მიასნიკოვი ამ ვითარებას „საბჭოთა სასწაულს“ უწოდებს.

„პოლიტიკოსები და სერიოზული ექიმები ახლა ერკვევიან ამაში, აკვირდებიან ყოფილი საჭოთა კავშირის ქვეყნებს. ეს სწორედაც რომ საბჭოთა სასწაულია. მძიმედ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ეპიდემიის ნამდვილ მდგომარეობას ასახავს. სსრკ-ის ყველა ქვეყანას ბევრად ნაკლები სიკვდილიანობა აქვს. უნდა დადგინდეს – რატომ. შესაძლოა ეს მართლაც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა იყოს (რომელსაც მასიურად იყენებდნენ სსრკ-ში, - რედ.). სხვათა შორის, უკვე არსებობს კვლევა — ამერიკელებმა BCG-ს გაკეთება დაუწყეს მცირე ჯგუფებს. ჯანმოც ამბობს, რომ „შესაძლოა საქმე BCG-ზე იმუნურ პასუხში იყოს, თუმცა ჯერჯერობით რეკომენდაციას ვერ გავცემთო“, — განაცხადა მიასნიკოვმა.

ექიმის ვარაუდით, პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობის იმუნიტეტის სიმტკიცე კორონავირუსის მიმართ შესაძლოა ასევე აიხსნას წარსულში ტუბერკულოზით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლითაც.

„ზოგი მეცნიერი ფრთხილად ვარაუდობს, რომ ლეტალური ტუბერკულოზის ფართო გავრცელება იმუნური სისტემის იმგვარ ცვლილებას იწვევს, რომ კორონავირუსი დიდ წინააღმდეგობას აწყდება. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ ფაქტს: რატომ იღუპებიან რუსები, ბელორუსები, უკრაინელები თუ ყაზახები ათჯერ უფრო ნაკლებად, ვიდრე ამერიკელები, ფრანგები თუ იტალიელები? ამაში უნდა გავერკვეთ“, — აზუსტებს სპეციალისტი. 

რა საჭიროა კარანტინი?

არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს კარანტინს შეუძლია სამუდამოდ გაანადგუროს კორონავირუსი ან სხვა დაავადება.

„კარანტინი იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა ერთად არ დაავადდეს, თორემ ჯანდაცვის სისტემა მომენტალურად ჩამოიშლება. გადაიტენება საავადმყოფოები და სასწრაფო დახმარებები, ადამიანები მარტო COVID-19-სგან კი არა, ინფარქტებისგან, ინსულტებისგან და, ზოგადად, სამედიცინო დახმარების გაუწევლობისგან დაიღუპებიან. ამიტომ თითოეული სახელმწიფო თავად აგებს მოდელს, რომლითაც ჯანდაცვის სისტემა პრობლემას თავს გაართმევს. კარანტინი არ კურნავს, მას შეუძლია დაავადების მატება შეანელოს, რათა ხალხი ეტაპობრივად დაავადდეს და დახმარების მიღება მოასწროს. კარანტინი — ეს არის გათვლა და ქცევის მოდელი“, — განმარტა მიასნიკოვმა.

ვირუსის მკვლელი ულტრაიისფერი სხივები და ზღვა

არსებობს მოსაზრება, რომ სიცხეს შეუძლია მოკლას ვირუსი. ალექსანდრ მიასნიკოვი დარწმუნებული არ არის, რომ სითბო მართლაც მოახდენს გავლენას ვირუსის გავრცელებაზე, თუმცა, მისი თქმით, მზის რადიაცია საკმაოდ აქტიურად  კლავს ვირუსს.

ბელარუსის გამოცდილება 

ცნობილია, რომ ბელარუსი და შვედეთი გამონაკლისი ქვეყნებია, რომლებმაც კარანტინის დაწესებაზე უარი თქვეს. მაგრამ მიასნიკოვი ირწმუნება, რომ ამის გამო ბელორუსში არაფერი უჩვეულო არ ხდება.

„თითოეული ქვეყანა ამოდიოდა მათემატიკური გათვლებიდან. ითვლებოდა სცენარები — როგორც ხელსაყრელი, ისე არახელსაყრელი, ეკონომიკური დანაკარგები და სხვა ყველაფერი. ბელარუსში ჯანდაცვის სისტემა საბჭოეთის დროინდელია — ინფექციური საავადმყოფოებით, ექიმი–ინფექციონისტებით. ეს გათვლის შედეგებია, ლუკაშენკომ კი გადაწყვიტა, იცით რა, გავრისკავო. ბელარუსის გათვლამ გაამართლა. საბჭოთა სასწაულმა ყველგან იმუშავა“, — თქვა ექიმმა.

როგორ ვრცელდება კორონავირუსი რეალურად?

ალექსანდრ მიასნიკოვი უარყოფს თეორიას, რომ თითო დაავადებული სამ სხვას აინფიცირებს. ექიმის თქმით, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია აქტიური გავრცელებიდან 1,5–2 თვეში ქრება.

ამის მაგალითად მან „ისპანკის“ მაგალითი მოიყვანა, რომლისგანაც 1918 წელს პირველსავე თვეებში 30 მლნ ადამიანი დაიღუპა. 

„ახალი ვირუსი, გადადის რა ცხოველიდან ადამიანზე, აგრესიულია. ის უცნობია, ბოროტი, ხოცავს ადამიანებს, მაგრამ ყოველი გადამტანის შემდეგ დაავადება სუსტდება. თქვენ ისუნთქვათ ვირუსს, უკან კი მის „შვილთაშვილს“ ამოისუნთქავთ, რომელიც ბევრად სუსტია. ამის შემდეგ ის სხვა ადამიანზე გადადის და ისიც ასუსტებს მას. ეს იმას ჰგავს, ტალღამ რომ სანაპიროს შეუტიოს, ჯერ სასტუმრო, ხეები გადარეცხოს, მერე კი დასუსტდეს და გუბედ იქცეს. ასეა ინფექციაც. თავიდან იმატებს, მერე კი ქრება“, — ხსნის ექიმი.

მიასნიკოვი დარწმნებულია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორიც პირველი იყო.

რატომაა უაზრობა დაავადებულების თვლა?

ექიმმა მიასნიკოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაავადებულთა საერთო რაოდენობას, რომელიც საკმაოდ საშიშად გამოიყურება. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ინფიცირებულების რაოდენობაზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება მთლად გამართლებული არ არის, ირწმუნება სპეციალისტი.

„ჩვენ ვახმოვანებთ ციფრებს, ვპედალირებთ მათით: ხუთი მილიონი! ეს უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებსაც დადებითი ტესტები აქვთ. რეალურად მათი რაოდენობა ათჯერ მეტია. მოდით მაშინ და ვითვალოთ ჩვეულებრივი პნევმონია, რომლისგანაც მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონი ადამიანი იღუპება. ჩვენ რას ვითვლით იანვრიდან? რეალურად ავად ის ადამიანები არიან, რომლებიც ორი კვირის წინ დაინფიცირდნენ. დანარჩენები დიდი ხანია, რაც განიკურნენ და თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ. ორიენტირად სიკვილიანობის მაჩვენებელი უნდა ავიღოთ“, — აცხადებს ექიმი.

 

25
პატარა თვითმფრინავი

როდის განახლდება შიდა ავიარეისები საქართველოში

0
(განახლებულია 09:36 04.06.2020)
საქართველოს მოსახლეობა შიდა ავიარეისებით, რომელთა შესრულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე შეწყდა, თითქმის ორთვენახევარი ვერ სარგებლობდა

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შიდა ავიარეისები 15 ივნისს განახლდება, ინფორმაცია ამის შესახებ გამოაქვეყნა ქართულმა ტურისტულმა კომპანია Vanilla Sky–მ.

რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია>>

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო ქვეყანა მოგზაურებს უცხოეთიდან 1 ივლისიდან მიიღებს.

„Vanilla Sky 15 ივნისიდან აღადგენს შიდა რეისებს თბილისი-ბათუმის; ნატახტარი - მესტიას; ნატახტარი - ამბროლაურის მიმართულებით. სულ მალე შეგატყობინებთ ფრენების განრიგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანია Ak-Air Georgia–მ, რომელიც საქართველოში შიდა ავიარეისებს ასრულებს, ფრენები 22 მარტს საგანგებო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეაჩერა.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს დაწესდა და 23 მაისამდე მოქმედებდა. შემდეგ დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა. ამჟამად მთავრობა შეზღუდვებს აჩქარებული ტემპით ხსნის.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსი პუნქტისგან შედგება, მაგრამ მისი რეალიზება ქვეყანაში ეპიდემიურ ვთარებაზეა დამოკიდებული. გეგმის მიხედვით შეზღუდვები საბოლოოდ 6 ივლისისთვის უნდა მოიხსნას. მანამდე კი ქვეყანაში აუცილებელია სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში.

0
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში