საქართველოში კორონავირუსს ებრძვიან

რას წერენ გაზეთები: გამოცხადდება თუ არა საყოველთაო კარანტინი საქართველოში

314
(განახლებულია 13:39 26.03.2020)
გამოცხადდება თუ არა საქართველოში საყოველთაო კარანტინი კორონავირუსის გამო – ამ კვირის ერთ-ერთი უმთავრესი თემაა ქართულ პრესაში.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ჩანს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლისის ტბის, კუს ტბის და თბილისის ზღვის ტერიტორიებზე სეირნობს, იუწყება გაზეთი „რეზონანსი“.

პოლიტიკოსების ნაწილი ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციას მთელი საქართველოს მასშტაბით კარანტინის გამოცხადებაში ხედავს. კერძოდ, ამას აცხადებს „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგი ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით მსგავსი უკიდურესი ზომების მიღების საჭიროება არ დგას. მისი თქმით, ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია – სწრაფი დიაგნოსტიკა და სიტუაციის სწორი მენეჯმენტი.

ის აღნიშნავს, რომ მთელი საქართველოს ჩაკეტვა კარანტინზე ფიზიკურად შეუძლებელია, ქვეყანას ამის რესურსი და შესრულების მექანიზმი არ გააჩნია.

„პირველ რიგში ჩვენ დაგვეხმარება პაციენტთა ნაკადის მართვა, მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა და მობილიზაცია, ასევე დროული დიაგნოსტიკა და გამოვლენა. კარანტინი მთელ ქვეყანაში ვერაფრით ვერ დაგვეხმარება. ჩვენი ეკონომიკა ისედაც დანგრეულია და ქვეყანა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლებს“, – განაცხადა ექსპერტმა.

„რეზონანსი“ კიდევ ერთ ტენდენციას აღნიშნავს: ამ დღეებში ქალაქები თანდათან ცარიელდება, სოფლები კი ხალხით გაივსო.

ხალხი მომრავლდა იმ სოფლებშიც კი, სადაც ბოლო წლებში ძალიან იშვიათად ჩადიოდნენ და გაქრობის პირას იყო მისული.

მაგალითად, სვანეთში გაემგზავრა ნინო გულბანი: „სამი შვილი მყავს და როგორც კი სკოლები დაითხოვეს, წავიყვანე სვანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულშიც კი არ ჩავდივარ. ახლა ეს გადაწყვეტილება ყველაზე სწორი მგონია. ეს ყველაზე იზოლირებული და უსაფრთხო ტერიტორიაა. ვფიქრობ, ასე ყველაზე კარგად დავიცავ ჩემს შვილებს“.

ქალმა დედაქალაქში შეიძინა არამალფუჭებადი პროდუქტები, როგორც ჩანს, ასე მოიქცა ბევრი „გაქცეული“ და ეს ერთ-ერთი მიზეზია ერთი კვირის წინ თბილისის ჰიპერმარკეტებში უზარმაზარი რიგებისა.

ზოგიერთ სოფლებში პანიკამ მოიცვა ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებსაც ეშინიათ, რომ სტუმრები დედაქალაქიდან კორონავირუსს ჩაუტანენ.

„ერთი კვირის წინ ქუჩები მანქანებით იყო სავსე – თბილისიდან სოფლებში ადამიანების უწყვეტი ნაკადი მოდიოდა. ისეთი დიდი ნაკადი, რომ რთულია გააკონტროლო, ვინ სად იყო და ვის ეკონტაქტა, არ ვიცით და ამიტომ ძალიან გვეშინია“, – აცხადებს ხობის მკვიდრი ნანა სამსონია.

საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პიკს შეიძლება თავი აარიდოს >>

დემოგრაფები შექმნილ სიტუაციას დროებითს უწოდებენ – როგორც კი ვირუსის საფრთხე ჩაივლის, რეგიონები კვლავ დაცარიელდება: ბევრ ქალაქელს სოფელი მაშინ ახსენდება, როდესაც სხვა გამოსავალი არ აქვს, და პირველივე შესაძლებლობისთანავე ქალაქში დაბრუნდებიან.

გაზეთ „რეზონანსის“ მასალების მიხედვით

314
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
მიგრანტების ხელშემწყობი ცენტრი

„ცვლილებების დრო“: რუსეთის შსს მიგრანტებს დასაქმებას გაუმარტივებს

14
(განახლებულია 21:08 29.09.2020)
2020 წელს დაახლოებით 600 ათასი ადამიანი შეძლებს გახდეს რუსეთის მოქალაქე, მათი უმეტესობა დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეა.

რა პრეფერენციები მიიღეს მიგრანტებმა კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესების დღიდან და კიდევ როგორ გამარტივდება დოკუმენტების გაფორმება ქვეყანაში უცხოელების ლეგალურად ყოფნისთვის – ამ საკითხებზე Sputnik-ს რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვალენტინა კაზაკოვა ესაუბრა.

Начальник Главного управления по вопросам миграции МВД России, генерал-лейтенант Валентина Казакова
© photo: Sputnik / Nina Zotina
ვალენტინა კაზაკოვა

რუსეთის პასპორტი გაუჭიანურებლად

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიმჩნევა რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა ზრდის ტენდენცია. ამის შესახებ Sputnik-ს ინტერვიუში რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალენტინა კაზაკოვამ განუცხადა.

მისი სიტყვებით, 2019 წელს რუსეთის მოქალაქე 500 ათასამდე უცხოელი გახდა, 2020 წლის 8 თვეში კი რუსეთის მოქალაქეობა 400 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი 90% დსთ-ის ქვეყნებიდან არის.

„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს რიცხვი გაიზრდება და 600 ათასს მიაღწევს“, – ვარაუდობს კაზაკოვა.

ასეთ მაჩვენებლებს არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ჯერ ერთი, გამარტივდა მოქალაქეობის მიღების პროცედურა. მაგალითად, აღარ არის საჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ დოკუმენტების წარმოდგენა, რაც ადრე სავალდებულო პირობა იყო. ექვსიდან სამ თვემდე შემცირდა ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის განხილვის ვადა.

გარდა ამისა, ივლისიდან ყაზახეთის, ბელარუსის, მოლდავეთისა და უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც ბინადრობის ნებართვა აქვთ, უფრო იოლად აიღებენ რუსულ პასპორტს. თუ ადრე ბინადრობის ნებართვის საფუძველზე აუცილებელი იყო რუსეთში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, ამიერიდან მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტების წარდგენა იმთავითვე იქნება შესაძლებელი. ზაფხულის შუა რიცხვებში რუსული პასპორტის მიღების მსურველი 240 ათასი ადამიანი იყო.

„აღნიშნული კატეგორიის პირთა რაოდენობის ზრდას ველოდებით“, – ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

დამატებით კიდევ ერთი შეღავათით ისარგებლებენ ყაზახეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ისინი არ გაივლიან გასაუბრებას შსს-სთან არსებულ კომისიებში რუსული ენის ცოდნაზე.

გამარტივდა ასევე ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც თანამემამულის სტატუსი აქვთ.

„ისინი დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურის გვერდის ავლით შეძლებენ ბინადრობის ნებართვის მიღებას და, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების ვადები მათთვის შემცირდება“, – დააზუსტა გენერალ-ლეიტენანტმა.

მიგრანტების დამსაქმებელთა რეესტრი

რუსეთის შსს გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დასაქმებულების და იმ დამსაქმებლების რეესტრი, რომლებიც მზად არიან, უცხოელები მიიღონ სამსახურში, აღნიშნა კაზაკოვამ. ეს იდეა შეტანილია სამინისტროს მიერ შემუშავებულ უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის ახალ კონცეფციაში.

ამჟამად სამუშაოზე გასაფორმებლად მრავალი სახის დოკუმენტი არსებობს: შრომის პატენტები, უცხო სამუშაო ძალის მოზიდვის ნებართვა, მუშაობის ნებართვა.

„უცხოელისთვის რთულია გაერკვეს ყველა პროცედურაში. დადგა ცვლილებების დრო. ამიტომ შევიმუშავეთ უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის კონცეფცია, სადაც ზოგიერთი ინოვაციის დანერგვის წინადადებით გამოვდივართ“, – ხაზი გაუსვა შსს-ს წარმომადგენელმა.

ახალი წესების თანახმად, მას შემდეგ, რაც მიგრანტი რეესტრის დახმარებით ახალ ვაკანსიას იპოვის, მომდევნო ეტაპი იქნება დოკუმენტების გაფორმება სახელმწიფო მომსახურების ერთიანი პორტალის მეშვეობით. მათი ონლაინ-შემოწმების შემდეგ უცხოელი რუსეთის ფედერაციაში შესვლის ნებართვას მიიღებს.

„ნებართვის მიღების შემდეგ უცხოელს რუსეთში ჩასვლისას უკვე ეცოდინება, რომელ დამსაქმებელთან მიემგზავრება. ჩვენი ვარაუდით, ასეთი სქემა ნებართვის დოკუმენტების გაფორმებას გაამარტივებს და მათი მიღების ვადებს შეამცირებს“, – ფიქრობს კაზაკოვა.

უფასო პატენტი და დოკუმენტების ვადის გაგრძელება

2020 წლამდე რუსეთში ყოველწლიურად 15-17 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩადიოდა. მათ შორის დასაქმების მიზნით – 5-6 მილიონი ადამიანი, აღნიშნა ვალენტინა კაზაკოვამ.

საკარანტინო შეზღუდვების გამო წელს დაახლოებით 1,5-მა მილიონმა მიგრანტმა მიმართა რუსეთის შსს-ს ტერიტორიულ სამსახურებს ქვეყანაში ყოფნის ნებართვის გასაფორმებლად. მაგრამ ამავე პერიოდში ზოგიერთი უცხოელი რუსეთში უმუშევარი დარჩა, ზოგი საზღვრების ჩაკეტვის გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. რუსეთში მიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი მიიღეს, რომლებმაც ისინი უამრავი ბიუროკრატიული პროცედურისგან გაათავისუფლა.

„ამჟამად შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ უცხოელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდეს და მუშაობდეს წინასწარ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.

15 მარტიდან 15 ივნისამდე მიგრანტებს შეეძლოთ რუსეთში მუშაობა და ცხოვრება ნებართვის დოკუმენტების გაფორმების გარეშე, თუ მათი მოქმედების ვადა ამოწურული იყო. შრომით მიგრანტებს შრომითი პატენტის ვადის უფასოდ (პატენტის შეძენის გარეშე ვადის გაგრძელება ძალაში იყო 15 ივნისამდე) გაგრძელების შესაძლებლობა რუსეთიდან გასვლის გარეშე მისცეს. პირველ რიგში ამ შეღავათმა თანხები დაუზოგა უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც პატენტის გაფორმება 5350 რუბლი უჯდებოდათ.

15 ივნისის შემდეგ მიგრანტებს კიდევ არაერთხელ გაუგრძელეს დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამ მომენტისთვის ყველა უცხოელ მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერად იმყოფებოდა 15 მარტამდე, დაუბრკოლებლად შეუძლია დარჩენა და მუშაობა 15 დეკემბრამდე.

ამჟამად არსებობს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორია, რომელთაც რუსეთში ოფიციალურად მუშაობა შეუძლიათ. პირველი კატეგორია – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოქალაქეები არიან. მათ რუსეთის მოქალაქეთა თანასწორი უფლებებით, ყოველგვარი ნებართვის დოკუმენტის გარეშე შეუძლიათ მუშაობა.

მეორე კატეგორიაში არიან პირები, რომლებიც შრომით პატენტებს იღებენ და ავანსს იხდიან. მესამე კატეგორია – ვიზების საფუძველზე ჩასული მოქალაქეები, რომლებიც შრომით ნებართვას აფორმებენ.

„2020 წლის 6 თვეში ჩვენთან 700 ათასი შეტყობინება მოვიდა დამსაქმებლებისგან უცხოელი მოქალაქეების სამსახურში მიღების თაობაზე. მათგან 50 ათასი სომხეთის მოქალაქეა, ეს დაახლოებით 7%-ია“, – აღნიშნა კაზაკოვამ.

მიგრაციის აღრიცხვა უფრო გამჭვირვალე გახდა

კიდევ ერთი სიახლე რუსეთის კანონმდებლობაში ეხება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში კერძო საკუთრებას ფლობენ. მათ შეუძლიათ მიიღონ და თავიანთ საცხოვრებელ ბინაში დაარეგისტრირონ სხვა უცხოელები. 2020 წლის სექტემბრამდე მათ კერძო საკუთრებაში ახლო ნათესავების (მეუღლე, მშობლები, შვილები) რეგისტრაციის უფლებაც კი არ ჰქონდათ.

„როდესაც მოქალაქეს არ შეუძლია საკუთარ საცხოვრებელ ფართში უცხოელის დარეგისტრირების უფლებით სარგებლობა, ის სხვადასხვა უკანონო სქემას იყენებს და გვაწვდის არასწორ ინფორმაციას. ანუ უცხოელი ცხოვრობს ერთ მისამართზე, ხოლო რეგისტრირებულია სხვა მისამართზე. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და სწორედ მის თავიდან ასაცილებლად გამოიცა ახალი კანონი“, – განმარტავს კაზაკოვა.

დანაშაული მკვეთრად არ გაზრდილა

რუსეთში კორონავირუსის გამო სხვადასხვა აკრძალვის ამოქმედება, არაერთი პროგნოზით, მიგრანტებს შორის დანაშაულის მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა. კაზაკოვას აზრით, ყველა იმ პრეფერენციის წყალობით, რომელიც უცხოელებმა პანდემიის პერიოდში მიიღეს, ასეთი ნეგატიური სცენარისთვის თავის არიდება მოხერხდა.

„ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს შიში უსაფუძვლო იყო. ზომებმა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელების ლეგალიზაციისთვის დროულად იქნა მიღებული, ნაყოფი გამოიღო. როდესაც უცხოელი თავს დაცულად გრძნობს, მას დანაშაულის ჩადენა არ სჭირდება, რადგან სამართლებრივ ველში იმყოფება. დანაშაული მაშინ იმატებს, როდესაც უცხოელი თავს დაუცველად გრძნობს, კარგავს სამუშაოს, ვერ შოულობს ახალს, ეწურება ნებართვის დოკუმენტების მოქმედების ვადა“, – ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

მისი თქმით, გარკვეული შედეგი მოჰყვა შსს-ს ერთობლივ მუშაობას ქვეყნების, კერძოდ, უზბეკეთის და ტაჯიკეთის საელჩოებთან. დიპლომატიური უწყებები თანამემამულეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, დასაქმებაში ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, მიგრანტებს რუსეთიდან გასვლაშიც უწყობდნენ ხელს – გასამგზავრებელი რეისების დანიშვნის გზით.  

 

14
თემები:
რუსეთი დღეს
ბანკის საქმიანობა

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება

93
(განახლებულია 14:24 28.09.2020)
კორონაკრიზისის პერიოდში ნასესხებ ფულს თუ გავითვალისწინებთ, მთავრობა 2020 წელს საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის.

საგარეო ვალი მთავრობის და ეროვნული ბანკის ვალია, ხოლო საშინაო - სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვალს მოიცავს.

ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, კოვიდპანდემიამდე გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვალი 3.6 მლრდ-ით იმატებდა. შედეგად საგარეო ვალი 17.7 მილიარდს (წინა წელთან შედარებით ზრდა 2.3 მლრდ), ხოლო საშინაო ვალი 5.6 მლრდ ლარს (წინა წელთან შედარებით ზრდა 1.2 მლრდ) მიაღწევდა. მაგრამ ჯერ კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ საქმე გაცილებით უფრო გაართულა.

რას ხმარდება ნასესხები ფული

საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს ბიუჯეტში ცვლილებები, ე.წ. „ანტიკრიზისული ბიუჯეტის“ პროექტი დაამტკიცა. წლის ბოლომდე მთავრობა 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს, საიდანაც ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში, 3.4 მილიარდი ლარია განსაზღვრული.

მთავრობის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, სახელმწიფო რესურსი ძირითადად შემდეგი მიმართულებებით დაიხარჯება:

• უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეების 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 450 მლნ;

• თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება – 75 მლნ;

• კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 170 მლნ;

• სოციალურად დაუცველთა და შშმ პირების გარკვეული კატეგორიების დახმარება 6 თვის მანძილზე – 85 მლნ;

• საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურება და ფრენების სუბსიდირება – 45 მლნ;

• ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები – 345 მლნ;

• საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 330 მლნ;

• სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება – 77 მლნ;

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40 მლნ;

• სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139 მლნ;

• კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნა – 600 მლნ.

ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლებას

ქვეყნის მიერ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აღებული ვალდებულებები, წინა წლის ვალებთან ერთად, პიკურ ნიშნულს უახლოვდება. ოპოზიციის კითხვები ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება, ასევე უპასუხოა, რატომ არ გამოიყენა 3 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო ნაშთი ხელისუფლებამ კრიზისის დროს. ოპონენტების ვარაუდით, თანხა ივანიშვილის გუნდმა შეგნებულად წინასაარჩევნოდ შემოინახა.

დღევანდელი მდგომარეობით მთლიანი სახელმწიფო ვალი 31,019 მლრდ ლარს შეადგენს, რაც თითოეული მოქალაქის წილად 8,3 ათასი ლარია. 2019 წელს სახელმწიფო ვალი 20,622 მლრდ ლარი იყო, ხოლო თითოეულ მოქალაქეზე 5,5 ათასი ლარი მოდიოდა. 2018-ში სახელმწიფო ვალი 17,795 მლრდ ლარი გახლდათ და თითო მოქალაქის წილად 4,7 ათასი ლარი მოდიოდა. როგორც ვხედავთ, წელს სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხოლო რა მაჩვენებელი იქნება წლის ბოლოს, ეს დამოკიდებულია კიდევ რამდენს ისესხებს მთავრობა საგარეო ვალს, რომელიც დოლარშია, და ასევე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ლარის კურსი წლის ბოლოს. ყოველი პუნქტით გაუფასურებული ლარი მნიშვნელოვნად ზრდის საგარეო ვალს თითოეული მოქალაქისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფომ უზარმაზარი საგარეო ვალი აიღო, რაც ქვეყანას არაფერში დასტყობია.

„არასწორი გზით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა და სად იხარჯება ეს ფული, არავინ იცის“, – ამბობს გოცირიძე.

გოცირიძემ პრემიერ გახარიას ინიციატივაც გააკრიტიკა, როდესაც მან აგვისტოს დასაწყისში სოციალური დახმარების მესამე ტალღა დააანონსა.

„მთავრობამ 530 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის. დღეისათვის გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი ლარი. როგორც ველოდით, დანარჩენი წინასაარჩევნოდ შემოინახეს“, – ამბობდა გოცირიძე.

მისი თქმით, მთავრობამ თავიდან ისეთი მკაცრი კრიტერიუმები დააწესა, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო ეს დახმარება. არჩევნების მოახლოების დროს კი ყოველგვარი ცნობის გარეშე დაიწყეს ფულის დარიგება.

„ამით ორ მიზანს აღწევენ – წინასაარჩევნოდ გულის მოგებას და საკუთარი აქტივის უპრობლემოდ ჩასმას ფულადი დახმარების მიმღებთა სიაში. ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ფული ვალად არის აღებული უცხოეთიდან და ეკუთვნის ხალხს და არაა ივანიშვილის და მისი პარტიის მოწყალება.

საგარეო ვალდებულებების დაფარვა

გარდა იმისა, თუ რას ხმარდება ნასესხები ფული, მნიშვნელოვანია როგორ და რა გრაფიკით მოხდება ნასესხები ვალის გასტუმრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს 2020 წელს კრიზისის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა მომდევნო წლიდან არ მოუწევს. მისი თქმით, საქართველო წელს სრულად მიიღებს პანდემიიდან გამომდინარე სესხად აღებულ თანხას, რომელიც $1.5 მლრდ-ია, აქედან 900 მილიონ დოლარზე მეტი უკვე რატიფიცირებულია. კაკაურიძის ვარაუდით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში 80%-მდე იქნება ჩამორიცხული.

„რაც შეეხება ვალის დაფარვის გრაფიკს, მხოლოდ კრიზისის გამო აღებულ ვალს თუ ავიღებთ, არც ერთი ვალის დაფარვა მომდევნო წელს არ გვიწევს, იმიტომ რომ ყველას აქვს შეღავათიანი პერიოდი მინიმუმ 3 წელი, თუმცა, ზოგადად ქვეყანას ვალის დაფარვა უწევს“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს 2.4 მილიარდ ლარამდე საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს. ყველაზე დიდი წილი კი 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების დაფარვაზე მოდის.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რაც უფრო გაუფასურდება ლარი, მით მეტი იქნება ბიუჯეტიდან საგარეო ვალის მომსახურებაზე გადასახდელი თანხაც.

როგორც ირკვევა, 2020 წლის პირველი 6 თვის მანძილზე მთავრობამ მხოლოდ საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საგარეო ვალის სიმძიმეს ეკონომიკისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საგარეო ვალის სიმძიმე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარამეტრებზე ნეგატიურად აისახება და კიდევ უფრო მეტად დააზარალებს მოსახლეობას.

„ბიუჯეტის გეგმას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით მეათედი მიდის ვალის მომსახურებაზე, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ეკონომიკის დაახლოებით 30-32% და როცა ამის მეათედი ვალის მოხმარებაზე მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე ვალის მომსახურებაში დიდ თანხას იხდის თავისი გამომუშავებული ფულიდან“, – განაცხადა ხორგუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ფულს იხდის ისეთი ვალების მომსახურებაში, რაც რეალურად ვერ გამოიყენა ან მოძველდა.

„ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად წლების განმავლობაში მოცულობითი ვალია აღებული, მაგრამ ფული გაიფლანგა, საქმე უხარისხოდ გაკეთდა, ვალი კი ვალად დარჩა. ასეთი არაერთი შემთხვევაა.

გარდა იმისა, რომ ამხელა ვალი თითოეულ მოქალაქეს აზარალებს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს საკრედიტო რეიტინგს შეიძლება პრობლემა შეექმნას – შემდეგში სესხი უფრო ძვირად მოგვცენ. ამით ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გავხვდებით“, – აღნიშნა ხორგუაშვილმა.

წინა წლებს თუ გავიხსენებთ, საგარეო ვალის ზრდის ტემპი 2013 წლამდე პერიოდულად მცირდებოდა. ბოლო წლებში კი სესხის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროექტი „ბიუჯეტის მონიტორი“ აქვეყნებს სახელმწიფო ვალის დინამიკას წლების მიხედვით.

სახელმწიფო ვალი 2016 წელს 14,45 მლრდ, 2017 წელს 16,283 მლრდ, 2018 წელს 17,795 მლრდ, 2019 წელს 20,622 მლრდ ლარი იყო.

2020 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, როცა 1 დოლარი 2.33 ლარს შეესაბამება, სახელმწიფო ვალი სულ 31 019 313 066 ლარია, საიდანაც საგარეო ვალის წილად მოდის 24 533 157 613 ლარი, ხოლო საშინაო ვალი 5 966 796 000 ლარია.

რაც შეეხება მთლიანად სახელმწიფო ვალის მომსახურებას, არსებული ლარის კურსის პირობებში შემდეგი სიტუაციაა: წელს ვალდებულებების მომსახურებაზე ჯამურად 3 157 947 294 ლარია ბიუჯეტიდან გადასახდელი, ხოლო მომავალ, 2021 წელს 4 360 451 988 ლარის დაფარვა მოგვიწევს.

 

თემურ იოსელიანი

93
შემოდგომა

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
(განახლებულია 17:42 29.09.2020)
ოქტომბერში ვარსკვლავები შეეცდებიან, მხარი დაგვიჭირონ, რათა საკუთარი თავის რეალიზება შევძლოთ. საჭიროა აქტიურობა – გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ჩვენ ხელთაა.

ოქტომბერი უფრო მეტ სტაბილურობას გვპირდება, ვიდრე ეს სექტემბერში იყო. ვარსკვლავები და პლანეტები ხელსაყრელ განლაგებაში იქნებიან და განწყობას ხშირად არ შეიცვლიან.

ვერძი

ვერძებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც მარტოა და მეორე ნახევრის პოვნა სურს. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, გაზრდიან თქვენს მომხიბვლელობასა და ქარიზმას. ეს უკვე ოქტომბრის პირველ რიცხვებში გახდება შესამჩნევი.

რაც შეეხება მუშაობას, ამ სფეროში ასევე წარმატებები გელოდებათ. განსაკუთრებით გაუმართლებს იმ ვერძებს, რომელთა საქმიანობა ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.

კურო

კუროებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სახლის ენერგეტიკული გაწმენდა. პირველივე დღეებში გადაყარეთ უსარგებლო ნივთები და ძველმანები, დაასუფთავეთ სახლი საფუძვლიანად და გადააადგილეთ ავეჯი. ეს ყველაფერი შესანიშნავად აისახება თქვენს განწყობასა და იღბალზე.

ოქტომბერი თქვენთვის წარმატებების მომტანი თვე იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, არ ჩაებათ კონფლიქტებში, განსაკუთრებით თვის მესამე დეკადაში. მშვიდად შეხვდით კრიტიკას. ოქტომბერში მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახსა და ნათესავებს.

ტყუპი

ამურულ სფეროში ყველაფერი წესრიგშია. ოქტომბერში მარტოხელებს საინტერესო ადამიანთან შეხვედრის დიდი შანსი გაქვთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მათ ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან.

ოქტომბრის პირველ თვეში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ტოქსიკურ ადამიანებსა და მტრებს მოერიდოთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე. არ ღირს ვინმესთან საკუთარ სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ამბიციებზე საუბარი.

კირჩხიბი

კირჩხიბები ოქტომბერში ერთ–ერთი ყველაზე იღბლიანი და ბედნიერი ადამიანები გახდებით. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს ძვირადღირებული რამის შეძენაა. სამსახურში დიდი წარმატებები გელოდებათ, თუ საქმეებს მთლიანად მიუძღვნით თავს. ახლა თქვენი მთავარი მტერი სიზარმაცე და საქმეების სამომავლოდ გადადებაა.

იღბალი თქვენ გვერდით იქნება, რომ გარკვეული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. საუბარია ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ასევე ასტროლოგები გირჩევენ, არ გაცივდეთ და საჭესთან ფრთხილად იყოთ.

ლომი

ლომებისთვის ოქტომბერში უმთავრესი სიყვარული და ურთიერთობები გახდება. ამ თვეში არ შეიძლება დიდხანს მარტო დარჩენა, ამიტომ იაქტიურეთ და ხშირად იქონიეთ კონტაქტი ახლობლებთან. ექსპერტები გირჩევენ, რომ ენდოთ საყვარელ ადამიანს, რომელიც სასარგებლო რჩევებს მოგცემთ.

ლომებს 4 ოქტომბრიდან ფინანსური მდგომარეობა გამოგისწორდებათ. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები ბიზნესსა და სამუშაოზე. დიდი წარმატებები გელოდებათ მომსახურების სფეროსთან დაკავშირებული პროფესიების მქონე მშვილდოსნებს. თვის მეორე ნახევარში შეგიძლიათ იმოგზაუროთ, ეწვიოთ სავაჭრო ცენტრებს. შოპინგი განწყობას აგიმაღლებთ.

ქალწული

ქალწულებმა ჯანმრთელობასა და ენერგიის დონეს უნდა მიხედოთ. ამაში ძალიან წაგადგებათ სხვაგან გადასვლა, მოგზაურობა ან საქმიანი მივლინება. გარემოს გამოცვლა სასარგებლოა ენერგეტიკისტვის და განწყობასა და იღბალზე კარგად აისახება. თვის ბოლოს ვარსკვლავები სიმხნევეს შეგმატებენ, მანამდე კი ამაზე თავად უნდა იზრუნოთ.

ოქტომბერში ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ, რომ შეურიგდეთ ნათესავებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. ექსპერტები გირჩევენ, არ ჩაიდოთ გულში წყენა. უნდა დაივიწყოთ ყველაფერი ცუდი, რათა პოზიტიური ემოციებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.

სასწორი

პრიორიტეტების თვალსაზრისით ფინანსური სფერო სასწორებისთვის პირველი ნომერი უნდა გახდეს. დაასრულკეთ დაწყებული საქმეები და გამოავლინეთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა.13 ოქტომბრიდან იღბალი გაგიღიმებთ. გაძლიერდება თქვენი ინტუიცია.

აჯობს, უარი თქვათ ურთიერთობების გამორკვევაზე, მით უმეტეს – სახალხოდ. სამუშაოზეცა და სახლშიც ყველაფერი თავსთავად მოგვარდება, თქვენ მხოლოდ მოთმინება გჭირდებათ. პროვოკაციებს არ უპასუხოთ აგრესიით, ეს ძალზე ნეგატიურ შედეგებს მოიტანს. ოქტომბერში იაქტიურეთ ფიზიკურად, მაგრამ ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი.

მორიელი

ოქტომბერში დასვენება თქვენთვის უპრიანი იქნება. ეს თქვენს იღბალსა და ენერგეტიკას წაადგება. თუ დაღლას იგრძნობთ, მაშინვე თავი გაანებეთ ყველაფერს და მოდუნდით. შეგიძლიათ წახვიდეთ სადმე და ბუნების პეიზაჟებით დატკბეთ.

თუნდაც მცირევადიანი შვებულება მოგიწესრიგებთ ფიქრებს, გრძნობებს, სამყაროზე სხვაგვარად შეხედვაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დროა ნიჭის განვითარებისთვის, თვალსაწიერის გაფართოებისთვის, ახალი ცოდნის, უნარების თვისებისა და ახალი ემოციების მიღებისთვის. თუ გეგმები ჩაგეშალათ, საპანიკო არაფერია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ოქტომბრის დასაწყისში სიფრთხილე გმართებთ, რადგან, შესაძლოა, წინა პლანზე გამოვიდეს თქვენი (და ასევე ზოდიაქოს სხვა ნიშნების) ხასიათის ცუდი თვისებები. ეს რთული დღეები იქნება, რადგან საკუთარ თავთან მოგიწევთ ბრძოლა, შინაგანი ბარიერების გადალახვა.

თვის მეორე დეკადიდან უკვე დიდი წარმატებებისა და გამარჯვებების პერიოდი გეწყებათ. ეს შეეხება მუშაობასაც, სწავლასაც და სიყვარულსაც. შეგიძლიათ რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, მაგრამ მოვლენების არ დააჩქაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ „ჩაიციკლოთ“ წყენებზე და წვრილმანების გამო არ განაწყენდეთ.

თხის რქა

თუ თქვენი გეგმები მოულოდნელად ჩაიშალა, არ ინერვიულოთ. აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა და წინსვლა. ძალიან დაგეხმარებათ ინტუიცია. პოზიტიურ განწყობას დაგაკარგვინებთ არა მხოლოდ უარყოფითი აზრები, არამედ ზოგიერთი მავნე ჩვევაც.

ოქტომბრის ბოლო კვირა ძალზე პროდუქტიული და დადებითი იქნება. ფინანსური საკითხები და პრობლემები სამუშაოზე სწრაფად გადაწყდება. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ არასაჭირო ხარჯებს, ებრძოლოთ ცდუნებებს. თვის მეორე ნახევარში ბევრად იოლი იქნება საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან.

მერწყული

ოქტომბერი იდეალური დროა ფიზიკური აქტიურობისთვის, მგზავრობისა და გარემოს შეცვლისთვის. ეს ყველაფერი შესანიშნავად აისახება თქვენს იღბალსა და ენერგეტიკაზე. ოქტომბრის შუა რიცხვები იდეალური დროა საკუთარ გარეგნობასა და სტილზე ზრუნვისთვის, გარდერობის განახლებისთვის.

ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ ტოქსიკურ ადამიანებს და იმათ, ვინც არ მოგწონთ. იქნებიან ფარული არაკეთილმოსურნეებიც, რომელთა ამოცნობაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ოქტომბერში მარტოხელებს ძალიან დიდი შანსი გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანს შეხვდეთ და ბედნიერი ურთიერთობები დაიწყოთ.

თევზები

თევზებისთვის იდუმალებით მოცული და უცნაური დრო დგება. ვარსკვლავები და პლანეტები თქვენგან ზოგიერთ მნიშვნელოვან რამეს დამალავენ და მხოლოდ მინიშნებებს მოგცემენ. მეორე მხრივ, მათ ზოგიერთ საბედისწერო და უაღრესად მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი შეიძლება მოგცენ.

მოგზაურობისა და სავაჭრო ცენტრებში სტუმრობისთვის საუკეთესო პერიოდია 10–დან 25 ოქტომბრამდე პერიოდი. ვინც ახლა იწყებს ურთიერთობებს, სჯობს, არ დააჩქაროთ მოვლენები. სიყვარული თქვენზე დადებითად იმოქმედებს – გააძლიერებს სიმხნევესა და შემოქმედებით პოტენციალს.

0