ტურისტები თბილისის ცენტრში

რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

120
(განახლებულია 17:47 19.02.2020)
2020 წლის დადგომის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მაჩვენებლები გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს პოზიციები გაუარესებულია.

კორუფციის აღქმის ინდექსი

The Corruption Perceptions Index – ანუ კორუფციის აღქმის ინდექსი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება. 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.

საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა წინა წელთან შედარებით. ამის მიუხედავად, საქართველო კვლავ პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების ანალიზში ვკითხულობთ: „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით“.

საერთაშორისო დონეზე საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ და, შესაბამისად, პირველ ათეულში შედიან დანია, ახალი ზელანდია, ფინეთი, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია და ლუქსემბურგი. 

რეგიონის ქვეყნებიდან 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესდა სომხეთისა (77-ე ადგილი) და აზერბაიჯანის (126-ე ადგილი) შედეგები (შესაბამისად, შვიდი და ხუთი ქულით).

აღნიშნულ რეიტინგში თუნდაც მცირედი გაუარესება დასანანია იმ ფონზე, როდესაც გასულ წლებში საქართველოს ამ მიმართულებით თვალში საცემი წინსვლა ჰქონდა. თუ 2004 წელს ქვეყანა 133-ე ადგილს იკავებდა, 2012 წელს უკვე 51-ე პოზიცია ჰქონდა. 8 წელიწადში ასეთი პროგრესი Corruption Perceptions Index-ში სხვას არასდროს ჰქონია.

რეგრესი კორუფციის რისკის ინდექსში

Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, რომელიც ბიზნესის რისკს განსაზღვრავს, 2019 წელს საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა 26 ქულით. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურია, მაგრამ გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით.

საერთაშორისო დონეზე ბიზნესში კორუფციული რისკების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიაში გამოვლინდა და 4 ქულით შეფასდა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სომალიში, სადაც ბიზნესის კორუფციული რისკი 94 ქულას შეესაბამება.

ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის ქვეყნებად შეფასდნენ და პირველ ათეულში მოხვდნენ ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ფინეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა, გერმანია და ჰონკონგი.

World Justice Project (WJP)-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 2019 წელს 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა 0.61 ქულით, კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში კი – 24-ე ადგილზეა 0.70 ქულით. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 38-ე ადგილს იკავებდა, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში 23-ე ადგილზე იყო.

WJP კანონის უზენაესობის ინდექსის შეფასება ეყრდნობა ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპერტების აღქმას და გამოცდილებას, და შეფასებას ახდენს რვა ფაქტორის გათვალისწინებით, საიდანაც ერთ-ერთს კორუფციისგან თავისუფლება წარმოადგენს. ქვეყნები ფასდება 0-დან 1-მდე ქულით, საიდანაც ერთი ქულა საუკეთესო შეფასებაა.

კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში ხელისუფლების ოთხი შტო შეფასდა, საიდანაც საქართველოში კორუფციისგან ყველაზე ნაკლებად თავისუფალ შტოდ საკანონმდებლო ხელისუფლება (0.55 ქულა) შეფასდა, ხოლო კორუფციისგან ყველაზე თავისუფალ ინსტიტუტებად მიჩნეულია პოლიცია და ჯარი (0.90 ქულა). სასამართლო ხელისუფლებამ 0.74 ქულა მიიღო, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ – 0.66.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ქულა კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში შემცირდა და ქვეყანამ საერთაშორისო რეიტინგშიც ერთი საფეხურით უკან გადაინაცვლა.

WJP-ს შეფასებით, საუკეთესო შედეგის მქონე ათი ქვეყნის სიაში შედიან დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია, ახალი ზელანდია, კანადა და ესტონეთი.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 75.9 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზეა. მართალია, 2018 წელს საქართველო იმავე პოზიციაზე იყო, თუმცა, მისი ქულა წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა (-0.3).

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებში ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულირების ეფექტიანობა და ბაზრის ღიაობა.

Heritage Foundation-ის ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება გამოიწვია სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანობის მკვეთრმა შემცირებამ, ხელისუფლების კეთილსინდისიერების მიმართულებაში აღებულმა დაბალმა ქულამ და მონეტარული თავისუფლების სიდიდემ, რომელიც აღემატება ფინანსური თავისუფლების სარგებელს. ამავე დოკუმენტის თანახმად, მართალია, საქართველომ წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.

2019 წელს საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდნენ ჰონკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ავსტრალია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ტაივანი.

საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს

ევროკავშირის პალატის ყოველწლიურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა და 70 ქულით მე-18-ე ადგილი დაიკავა. შარშან საქართველო 71 ქულით მე-16 ადგილს იკავებდა. კვლევის ავტორები მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსს იყენებენ. ევროკავშირის პალატამ კვლევა ევროპის 46 ქვეყანაში ჩაატარა და ისინი 0-დან 100 ქულამდე შეაფასა.

ბიზნესის კეთებისთვის ევროპის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: 1. დანია – 86, 2. შვედეთი – 84, 3. ნორვეგია – 83, 4. ფინეთი – 83, 5. შვეიცარია – 81, 6. გაერთიანებული სამეფო – 80, 7. გერმანია – 80, 8. ნიდერლანდები – 79, 9. ისლანდია – 79, 10. ავსტრია – 78.

საქართველოს მეზობლებმა შედეგი გააუმჯობესეს. სომხეთმა 39-დან 33-ზე, აზერბაიჯანმა კი 44-დან 41-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

კომენტარები რეიტინგებში ცვლილებებთან დაკავშირებით

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და რეიტინგებში საქართველოს დაქვეითება ტრაგედია არ არის.

„სასამართლო უნდა იყოს წესიერი და დამთავრდება ყველაფერი. ბიზნესს სხვა არაფერი სჭირდება, აბსოლუტურად არაფერი“, – ამბობს ჭყონია.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ინდექსებში პოზიციის გაუარესება, შესაძლოა, სამომავლოდ გახდეს ინვესტორების შემაფერხებელი მიზეზი, რადგან ისინი ყურადღებას აქცევენ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.

პოზიციის გაუარესების ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას ორგანიზაცია ISET-ს წარმომადგენელი, ეკონომისტი გიორგი პაპავა.

„ISET-ს კვლევითი ცენტრი აქვეყნებს ბიზნესის განწყობის ინდექსს, რომელიც ბოლო დაახლოებით წელიწად-ნახევარია საკმაოდ იკლებს. ზოგადად, ტრენდი არ არის სახარბიელო. სამომავლო განწყობა ბიზნესის მომავალთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არის გაუარესებული, რაც საყურადღებო ფაქტია. განწყობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ზრდის თუნდაც იმ ნიშნულზე შესანარჩუნებლად, რაც დღეს გვაქვს“, – ამბობს პაპავა.

მიუხედავად გაუარესების ტენდენციისა, საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგში საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს ლიდერობას რეგიონში. სომხეთი 33-ე ადგილზეა, თურქეთი – 35-ე, აზერბაიჯანი – 41-ე, რუსეთი – 43-ე, ხოლო უკრაინა სულაც 46-ე ადგილს იკავებს. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ტენდენცია არასახარბიელოა და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალში უკვე უარეს შედეგებს უნდა ველოდოთ.

 

თემურ იოსელიანი

120
წინასაარჩევნო კამპანია

სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთთან გარიგებული არიან? მწვავე დებატების მორიგი რაუნდი

70
(განახლებულია 22:10 23.10.2020)
წინასაარჩევნო მარათონი  საქართველოში მალე დასრულდება - საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება

 

ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ პირველი არხზე მორიგ დებატებში მიიღო მონაწილეობა.

გადაცემა „დებატები 2020“-ში მონაწილეობდნენ:

– ირაკლი ჯამბურია („თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“)

– ირაკლი ყიფიანი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“)

– ირაკლი ქართველიშვილი („ახალი ქრისტიან-დემოკრატები“)

– ზურაბ ჭიაბერაშვილი („ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო“)

ეკონომიკური პროგრამა

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ეკონომიკურ პროგრამაში საუბარია თავისუფალი ბაზრის პოტენციალის გამოყენებასა და ასევე, ე.წ. პროგრესულ გადასახადზე.

 „პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა დაანგრია, ვინაიდან ის დამოკიდებული იყო ტურიზმზე და ვალის ეკონომიკაზე. პანდემიის დროს მთელმა ქვეყანამ იზარალა, მარტო ბანკებმა მიიღეს მოგება. პროცენტის შემცირებაზე იყო საუბარი, ამის ნაცვლად კი მათ საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ საბანკო ეკონომიკისგან, ვალის ეკონომიკისგან. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს აქვს ვალი, თანაც ისეთი ვალი, რომელსაც ვერ იხდის. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც პენსიას ვერ იღებს ვალის გამო“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

პარტია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ ეკონომიკურ პროგრამაში აქცენტი კეთდება ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და აღორძინებაზე.

 „საქართველოში 730 დასახელების მინერალური წყალია. მაგრამ არავის უფიქრია 730 ქარხნის აშენება, რომელშიც, თითოეულში, მინიმუმ 100 ადამიანი დასაქმდებოდა. ეს ნიშნავს 73 ათას სამუშაო ადგილს. ამდენივე ოჯახში შევიდოდა ხელფასი, ამდენივე იქნებოდა უზრუნველყოფილი ელემენტარული საარსებო წყაროთი. ამგვარად, ფული შემოვიდოდა ბიუჯეტში. ამის ნაცვლად, ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მინერალურ წყალს, რომლის თითებზე ჩამოთვლაც შეიძლება“, - განაცხადა ჯამბურიამ. 

პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პროგრამაში საუბარია გადასახადების შემცირებაზე, სოციალური დახმარების გაზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებაზე.

 „გადასახადების შემცირების, ნაკლები რეგულაციის და ბიუროკრატიის პროგრამა, ინვესტიციების მოზიდვა არის გასაღები იმისა, რომ წარმოება ქვეყანაში განვითარდეს. ხოლო კონკრეტულად რომელი წარმოება, რომელი სფეროები განვითარდება - ამას გადაწყვეტს თავად მეწარმე, თავად ბიზნესი, თავად ხალხი. მთავრობის ამოცანაა - შექმნას საუკეთესო ბიზნესგარემო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პროგრამა ითვალისწინებს გადასახადების, კერძოდ, მოგების გადასახადის ეტაპობრივად გაუქმებას.

 „ჩვენ საქართველო უნდა ვაქციოთ შესაძლებლობების ქვეყნად, რათა საქართველოში წარმატებულ ადამიანს უნდოდეს ბიზნეს–საქმიანობის განხორციელება. ერთადერთი გამოსავალია - საქართველომ ინტენსიურად აითვისოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, მიღწეული ევროკავშირთან, მიღწეული ჩინეთთან და ვიმუშაოთ, რათა ახალი ხელშეკრულებები გაფორმდეს სხვა ქვეყნებთან. თუ საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც არ არსებობს საშემოსავლო და მოგების გადასახადი, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ განვითარებული ქვეყნების ინვესტორებისთვის ეს არის ადგილი, სადაც ისინი მოინდომებენ ბიზნესსაქმიანობის წარმოებას“, - განაცხადა ყიფიანმა.  

განათლება

პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პროგრამაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სასწავლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის საკითხზე.

 „კერძო სკოლებში მოსწრება უკეთესია, ვიდრე საჯარო სკოლებში. საჯარო სკოლებიც უნდა გავხადოთ ისეთი, სადაც მოსწრების ხარისხი ამაღლდება. ამისათვის კი აუცილებელია, რომ სკოლა გახდეს მოსწავლის, რათა მოსწავლემ მიიღოს საუკეთესო განათლება. ამას ყველაზე უკეთ ემსახურება დეცენტრალიზაცია, მათ შორის, დერეგულაცია. ჩვენ უნდა გავზარდოთ სკოლის ვაუჩერი, მეტი ფული წავიდეს სკოლაში, რაც მოემსახურება მასწავლებლების ხელფასების ზრდას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პროგრამა ითვალისწინებს განათლების სისტემის დაფინანსების გაორმაგებას და ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლას.

 „განათლებით უნდა დავამარცხოთ სიღარიბე. დღეს ქვეყანაში 70 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში, რომელიც ვერ იღებს სრულფასოვან განათლებას. ეს პირდაპირ ნიშნავს ხვალინდელ ღარიბ საქართველოს. სწორედ დღეს ამ 70 ათას ბავშვს არ აქვს სრულფასოვანი განათლება, ეს არის ყველაზე დიდი რისკი, რატომაც საქართველოში შეიძლება იყოს სიღარიბე. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიციის პროგრამით, ჩვენ ვაორმაგებთ განათლების საბიუჯეტო დაფინანსებას და გადავდივართ ვაუჩერულ დაფინანსებაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მშობელს ვაძლევთ 2 ათას ლარს და მას თავისი შვილი შეუძლია წაიყვანოს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლაში. ჩვენი მიზანია - განათლების სისტემაში გავაჩინოთ კონკურენცია“, - განაცხადა ყიფიანმა.

განათლების დონისა და ხარისხის გაზრდა „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ პროგრამის ძირითადი ხედვაა.  

 „ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც უნდა ისწავლოს, ჩააბაროს, განათლება მიიღოს და გამოადგეს თავის ქვეყანას, ვერ ღებულობს განათლებას უსახსრობის გამო. ქვეყანაში წარმატებულად ის ითვლება, რომელიც სკოლას დაამთავრებს, საზღვარგარეთ წავა, იქ მიიღებს განათლებას და ან ჩამოვა, ან არ ჩამოვა და იქ დარჩება. რეალურად საქართველო კარგავს ამ ახალგაზრდა ძალას, რომელმაც უნდა განავითაროს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.  

პარტიის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ პროგრამაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ხარისხიანი განათლება მოსახლეობის ყველა ფენისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

 „პირველ რიგში, სანამ ჩვენ განათლებაზე ვისაუბრებთ, ეკონომიკაა მოსაწესრიგებელი. თუ ეკონომიკურად არ გაძლიერდნენ ოჯახები, თუ არ შემცირდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, როგორ ჩამოვიდნენ ეს ადამიანები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სად მიიღონ განათლება? როგორ უნდა ისწავლონ, თუ საჭმლის ფული არ აქვთ? 30 წელიწადში რეფორმების შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა მდიდარი და ღარიბი, მდიდრები სწავლობენ, ღარიბები - ვერ სწავლობენ“, - განაცხადა ჯამბურიამ. 

კითხვა-პასუხი

დებატების მორიგ რაუნდში პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა გადაცემის წამყვანის კითხვებს უპასუხეს.

ჟურნალისტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამიდან ამონარიდი წაიკითხა: „ხელისუფლება მოქალაქის ცხოვრებაში არ იჭრება, ადამიანის თავისუფლებას, პირად ცხოვრებას, კანონის უზენაესობას და სამართლიანობას განუხრელად იცავს, კერძო საკუთრება დაცულია, თავისუფალი მეწარმე წნეხს არ განიცდის, ოჯახების უსაფრთხოება და სიმშვიდე უზრუნველყოფილია, ხელისუფლება გამაერთიანებელია და არა გამყოფი, დაპირისპირებისა და შუღლის გამღვივებელი.  თუ თქვენ ერთპარტიული ხელისუფლება გექნებათ და უმრავლესობაში იქნებით, რატომ უნდა დაგიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი შესრულდება – კითხვა დასვა დებატების წამყვანმა. 

 „ჩვენ წარმოვადგენთ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიული სუბიექტებისგან და მინდა აღვნიშნო, რომ ეს გაერთიანება გადაიქცა საზოგადოებრივ ერთობად და ამის მაგალითია რეფორმების გუნდი, რომელმაც შეიმუშავა ქვეყნის განვითარების გეგმა პარტიებთან ერთად. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს საზოგადოებრივი ერთობა, რომელიც პარტიული მრავალფეროვნების საფუძველს ქმნის პარლამენტში, არის გარანტი იმისა, რომ ეს რეფორმები განხორციელდება. სწორედ ეს მთავარი რეფორმა, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას, პროკურატურას, ეკონომიკურ რეფორმებს, არის გარანტია ჩვენი ქვეყნის წარმატების და ჩვენს ქვეყანაში მეტი შესაძლებლობის გაჩენის“, - განაცხადა ყიფიანმა.

მომდევნო კითხვის ადრესატი „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი იყო. წამყვანი დაინტერესდა, რომელ პარტიებთან ითანამშრომლებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში მოხვდებიან.

 „ჩვენ პარლამენტში ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პარტიასთან. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ იდეა ლიბერალურ და კონსერვატორულ ელემენტებზე დაფუძნებული იდეოლოგიაა. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტი ხომ პოლიტიკური მოლაპარაკებების მაგიდაა. დიალოგი შესაძლებელია ყველა პოლიტიკურ გუნდთან და ჯგუფთან“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

ვისთან გამორიცხავთ თანამშრომლობას ან გყავთ თუ არა უკვე პარტნიორები, ვისთანაც წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა? - ამ კითხვით მიმართა წამყვანმა პარტიის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ ლიდერს.

 „პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობას, რომელიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ ეს ცესკოში დაითვლება და გამოჩნდება გამარჯვებული ან დამარცხებული მხარე... ჩემი ოპონენტი წეღან ამტკიცებდა, რომ შევარდნაძე გადააგდეს. შევარდნაძე კი არ გადააგდეს, მან თავისი „მოქალაქეთა კავშირის“  ახალგაზრდულ ფრთას, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბარა ხელისუფლება. ასე არ იყო? შეიძლება გარიგებულიც არიან ერთმანეთთან (ბიძინა ივანიშვილთან, რედ.), არ გებადებათ ასეთი შეკითხვა? რატომ უპირისპირდებიან ყოველთვის წინასაარჩევნოდ ერთმანეთს, შემდეგ კი ჩახუტებული არიან პარლამენტში. საჯაროდ ერთმანეთს მტერს ეძახიან, შემდეგ კი ეხუტებიან. გატყუებენ, ჩემო კარგებო, გატყუებენ“, - განაცხადა ჯამბურიამ.

მორიგი კითხვა წამყვანმა ზურაბ ჭიაბერაშვილს დაუსვა: თუ „ევროპულ საქართველოს“ მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ექნება, ამ შემთხვევაში ის მაინც გაუზიარებს ძალაუფლებას სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს?

 „ქვეყნის მოსახლეობის 75% ამბობს, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრინციპული მიდგომაა ზუსტად ის, რომ დავეთანხმოთ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პარტიებმა, „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, უნდა გამონახონ საერთო ენა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალებისგან და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, რომელიც მიიღებს ურთიერთშეთანხმებით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სიკეთეს მოუტანს მოქალაქეებს და ამ ქვეყანას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

70
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ვლადიმირ პუტინი

პანდემიაზე, ეკონომიკაზე, სანქციებზე პუტინი კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

20
(განახლებულია 20:10 23.10.2020)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაში ვიდეოკავშირის საშუალებით მონაწილეობს.

ვლადიმირ პუტინმა ვიდეოკავშირის მეშვეობით მონაწილეობა მიიღო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაში. მიმდინარე წლის თემა – „პანდემიის გაკვეთილები და ახალი დღის წესრიგი: როგორ გარდავქმნათ მსოფლიო კრიზისი შესაძლებლობად მსოფლიოსთვის“.

მათზე, ვინც „რუსეთის დასუსტებას“ ელოდება

პუტინმა კომენტარი გააკეთა ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის დასუსტების მოლოდინზე.

„ჩვენი ქვეყნის გაძლიერებით, იმის შემყურე, რაც მსოფლიოში, სხვა ქვეყნებში ხდება, მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჯერ კიდევ ელოდება რუსეთის თანდათანობით დასუსტებას: ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ გვაწუხებს: როგორმე არ გავცივდეთ თქვენ დაკრძალვაზე“.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ადეკვატურად აფასებს თავის ინტელექტუალურ, ტერიტორიულ, ეკონომიკურ და სამხედრო შესაძლებლობებს და პოტენციალს.

პანდემიაზე

„კოვიდ-19“-ის პანდემიაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ კორონავირუსს უკან არ დაუხევია, მსოფლიო კი „ტექტონური ძვრების“ ზღურბლზე დგას ყველა სფეროში.

„კორონავირუსის პანდემიამ სერიოზულად შეცვალა საზოგადოებრივი, საქმიანი, საერთაშორისო ცხოვრება. მეტსაც გეტყვით, თითოეული ადამიანის ყოველდღიური ჩვეული ყოფა“.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ სიამაყეს გრძნობს რუსეთის მოქალაქეთა და მათი მზადყოფნის გამო, დახმარება აღმოუჩინონ ერთმანეთს, უპირველეს ყოვლისა, ექიმებისა და მედიცინის მუშაკების გამო.

„პანდემიამ ადამიანის ცხოვრების სიმყიფე შეგვახსენა. ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ ჩვენს XXI საუკუნეში ყველაზე შეძლებულ ქვეყნებშიც კი ადამიანი დაუცველი აღმოჩნდებოდა, ერთი შეხედვით, არც ისე ფატალური ინფექციის წინაშე“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაფერი არ გაუკეთებია, არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები.

ახალი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობაზე

პუტინის თქმით, დღეს არ არსებობს პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, მათ შორის იმიტომაც, რომ „მედიცინამ ეფექტურად იმუშავა“. მან აღნიშნა, რომ შექმნილია საწოლების რეზერვები საავადმყოფოებში, გაჩნდა წამლები, „მედიკოსებს უკვე ესმით და იციან, რა უნდა გააკეთონ“.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ შვედეთს კორონავირუსის გამო შეზღუდვები არ დაუწესებია, მაგრამ შედეგად მათ ეკონომიკური ვარდნა განიცადეს.

ახლა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რუსეთში მისაღებია, ეკონომიკა აღდგენის გზაზეა, დასძინა პრეზიდენტმა.

სამოქალაქო საზოგადოებაზე

რუსეთის განვითარებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს მოქალაქეთა ხმები, ხაზი გაუსვა პუტინმა. როგორც მან აღნიშნა, რუსების აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი, სხვადასხვა საზოგადოებრივი ძალის კონსტრუქციული განაცხადი კი – რეალიზებული.

სახელმწიფოების დამოუკიდებლობაზე

სახელმწიფო მოწყობაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიღაცის მაგალითის ბრმად გადმოღება არასწორია.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიის ასეთი შემოტანილი მოდელები. ეს უბრალოდ ღრუბელია, ფიქციაა, როგორც წესი, ფიქცია, მოკლებული შიდა შინაარსს, სუვერენიტეტის მსგავსიც კი. ხალხს იქ, სადაც მსგავსი სქემების რეალიზება მიმდინარეობს, რეალურად არაფერს ეკითხებიან, შესაბამისი ხელმძღვანელები კი ვასალებზე მეტი უფლებით არ სარგებლობენ. ვასალის ნაცვლად კი, როგორც ცნობილია, ყველაფერს ბატონი წყვეტს“.

მისი სიტყვებით, არა აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია პოლიტიკურ წყობას, რომელიც ყოველ ქვეყანაში განსხვავებულია, აქვს საკუთარი პოლიტიკური კულტურა, ტრადიციები, საკუთარი შეხედულება განვითარებაზე.

„დაისმის კითხვა: რა არის ძლიერი სახელმწიფო? რა წარმოადგენს მის ძალას? რასაკვირველია, არა სამართალდამცველი ორგანოების ტოტალური კონტროლი ან სისასტიკე, არც კერძო ინიციატივის ჩახშობა ან სამოქალაქო აქტივობის შელახვა, არც შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვითი პოტენციალის ძლევამოსილება. თუმცა, ვფიქრობ, გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შემადგენელი რუსეთისთვის გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური გამოწვევების მთელი კომპლექსის თვალსაზრისით. და, რასაკვირველია, ჩვენი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ისტორიული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. და ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს სიძლიერეს, უპირველეს ყოვლისა, მის მიმართ მოქალაქეთა ნდობა წარმოადგენს. აი, რა არის სახელმწიფოს სიძლიერის საწინდარი“.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ძალაუფლების წყარო – ადამიანები არიან, ეს გამოიხატება „არჩეული ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილებების დელეგირების მზადყოფნით“, როდესაც სახელმწიფო მათთვის არის მათივე წარმომადგენლების გუნდი, რომელსაც მკაცრად უნდა მოსთხოვო საქმის კეთება.

მსოფლიოში ცვალებად როლებზე

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს აშშ-ს უკვე გაუჭირდება, პრეტენზია ჰქონდეს განსაკუთრებულ როლზე, და დასვა კითხვა, სჭირდება თუ არა ეს თავად აშშ-ს.

„თავისი ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური გავლენით აქტიურად მიემართება სუპერსახელმწიფოს პოზიციისკენ ჩინეთი. ამავე მიმართულებით მოძრაობს გერმანია“.

ამავდროულად, დასძინა მან, შესამჩნევად გარდაიქმნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის როლი მსოფლიო საქმეებში, სერიოზულად გაძლიერდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

პრეზიდენტმა სახელმწიფოებს მოუწოდა, სამართლიანობა შეინარჩუნონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში კორონავირუსის პანდემიის პირობებში და უარი თქვან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე.

„ბევრ სხვა ქვეყანას, რომელიც დაზარალდა კორონავირუსული ინფექციისგან, სჭირდება არა ის დახმარება, რომელიც შეიძლება გვერდიდან მიიღოს, არამედ უბრალოდ შეზღუდვების მოხსნა, თუნდაც ჰუმანიტარულ სფეროში, მედიკამენტების მიწოდების, საკრედიტო რესურსების, მოწყობილობის, ტექნოლოგიების გაცვლის სფეროში. მაგრამ არადა არ გააუქმეს შეზღუდვები, რასაც ხსნიან რაღაც მოსაზრებებით, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს ჰუმანიტარულ შემადგენელთან. თუმცა ამავდროულად ყველა ჰუმანიზმზე საუბრობს“.

შეიარაღების კონტროლზე

შეიარაღების კონტროლზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ამ სფეროში შეზღუდვების გარეშე მსოფლიოს მომავალი არ აქვს. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი ნელ-ნელა გადის მსგავსი შეთანხმებებიდან.

„ყველას კარგად მოეხსენება – რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემიდან, შემდეგ მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან, შემდეგ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებიდან გასვლა, მართალია, ჯერ არ გასულა, მაგრამ აშშ-ში განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა წამოიწყეს. რატომ? რის საფუძველზე? არც ხსნიან – რატომ, უბრალოდ არ ხსნიან“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არ არის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში ჩინეთის მონაწილეობის წინააღმდეგი, მაგრამ ვაშინგტონმა თავად უნდა აწარმოოს დიალოგი პეკინთან და არ გადააბაროს ეს რუსეთს.

პუტინმა მხარი დაუჭირა ასევე ამ შეთანხმებაში ყველა ბირთვული სახელმწიფოს ჩართვას.

„ევროპელები გვეუბნებიან – გავიდეს (აშშ, - რედ.), თქვენ კი ნუ გახვალთ. მე ვეუბნები: თქვენ ხომ ყველანი ნატოს წევრები ხართ, ე.ი. თქვენ იფრენთ, გადასცემთ ამერიკელებს ინფორმაციას, ჩვენ კი ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან ამ შეთანხმებაში დავრჩებით. ამიტომ, მოდით, ერთმანეთს პატიოსნად ველაპარაკოთ. <...> მაგრამ სინამდვილეში მე ასე მესმის, რომ აშშ-ის ევროპელ პარტნიორებს უნდათ – აშშ ამ შეთანხმებაში დარჩეს“.

ყარაბაღის ვითარებაზე

დისკუსიისას მონაწილეებმა მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების თემა წამოჭრეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის ესკალაციის მომენტიდან თითოეულ მხარეს დაიღუპა უკვე 2 ათასზე მეტი ადამიანი, მსხვერპლის საერთო რაოდენობა 5 ათასს აღწევს.

მან მიუთითა, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი ამ კრიზისის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდა მხარეებს, რათა მშვიდობა ხანგრძლივი დროით დამყარებულიყო. პრეზიდენტის სიტყვებით, ეს პოზიციების დასაახლოებლად დაძაბული სამუშაო იყო.

„ცოტაც და გადაჭრის გზას ვიპოვიდით. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და დღეს გვაქვს კონფლიქტი“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი – თანასწორი პარტნიორები არიან, რომლებთანაც მოსკოვს სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარება სურს.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა ასევე, რომ ის ისურვებდა კომპრომისის გამონახვას მთიანი ყარაბაღის საკითხზე. პრეზიდენტის თქმით, ის დღეში რამდენჯერმე ესაუბრება ტელეფონით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს.

ნავალნის შესახებ

ნავალნის შესახებ დასმულ კითხვას პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი მზადაა მომხდარი გამოიძიოს, მაგრამ ამისათვის საჭიროა დასტური, რომ ის მოწამლეს, „ასეთ ინფორმაციას კი არ გვაწვდიან“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გენპროკურატურას დაავალა სამკურნალოდ პაციენტის საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობის შემოწმება, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მისი მეუღლის მომართვისთანავე.

„მეტიც, ერთ-ერთ ევროპელ ლიდერს საუბრისას შევთავაზე, რომ ჩვენი სპეციალისტები ჩავიდოდნენ გერმანიაში ფრანგ, გერმანელ, შვედ სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე იმუშავებდნენ, მიიღებდნენ რაღაც მასალას. და ეს მასალები გახდებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, თუ ეს მართლაც კრიმინალური მოვლენა იყო. მაგრამ არაფერს იძლევიან“.

პუტინმა დასძინა ასევე, რომ არსებობს ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ კვალის აღმოჩენის შესახებ ცნობების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

„თქვეს, რომ იპოვეს „ნოვიჩოკის“ კვალი. შემდეგ ეს ყველაფერი გადაეცა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას <…>, და უცებ გვეუბნებიან: „ეს არ არის „ნოვიჩოკი“, ეს რაღაც სხვა არის. <…> ბოლოს და ბოლოს, „ნოვიჩოკია“ თუ არ არის „ნოვიჩოკი“? თავდაპირველი ნათქვამი უკვე ეჭვქვეშ დგება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას პუტინმა მიუთითა, რომ ისინი ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.

„ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლებიც ახლა ვახსენეთ, მიმართულია არა მარტო იმისკენ, რომ სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს მიეცეს უფლება, კენჭი იყაროს 2024 წელს ან კიდევ უფრო გვიან. ისინი გამიზნულია, უმთავრესად, იმისკენ, რომ განმტკიცდეს რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტი, შეიქმნას ფუნდამენტური საკონსტიტუციო ბაზა ეკონომიკის, სოციალური სფეროს გასავითარებლად და ჩვენი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იმუშავებს“.

გარემოს დაცვაზე

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს საჭიროა უსაზღვრო მოხმარებაზე უარის განხილვა გონივრული, სამყოფი რესურსების სასარგებლოდ.

„თუ გვინდა შევუნარჩუნოთ ჩვენი საერთო სახლი მომავალ თაობებს, უნდა დავასუფთაოთ ჩვენი პლანეტა. გარემოს დაცვის თემამ დიდი ხანია და მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს დღის წესრიგში“.

20
თემები:
რუსეთი დღეს
თიკა ფაცაცია

„თინეიჯერი არასტანდარტული კიდურებით“- თიკა ფაცაციას ბავშვობის შოკის მომგვრელი სურათი

0
თვითიზოლირებული თიკა ფაცაცია ნოსტალგიურ განწყობაზეა. მან საიდუმლოს ფარდა ახადა და საკუთარი თინეიჯერობის სურათი გამოაქვეყნა. აი, როგორ გამოიყურებოდა პოპულარული ტელეწამყვანი წლების წინ...

რამდენიმე დღეა თიკა ფაცაცია ყურადღების ეპიცენტრშია, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე ოჯახის წევრებისგან. სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი თვითიზოლაციაში გადავიდა და სულ მარტო დარჩა. სწორედ, მარტოობაში მყოფს დაბადების დღე მას შვილებმა გაულამაზეს. უმცროსი ბიჭები კარის ზღურბლთან ულამაზეს დედას მისალოც ბარათებს უტოვებდნენ, თიკა კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ამ პერიოდში ტელესახემ საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება. რას წერს თიკა თინეიჯერობისას გადაღებულ ფოტოზე?

View this post on Instagram

ცეცხლოვანი ფინალი ❤️ @archil_sologhashvili @makratelli @natatotato

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

„ხომ გინახავთ თინეიჯერები არასტანდარტული კიდურებით? თურმე ეგეთი ვყოფილვარ. ეს ისტორიაც კარგად მთავრდება...“, - წერს იმედგაცრუებული თიკა ფაცაცია. როგორც აღმოჩნდა, თიკას თინეიჯერობისას საკუთარი ქვედა კიდურები განსაკუთრებულად არ მოსწონდა. არქივიდან ამოღებულ ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ მას განსაკუთრებულად თხელი და გამოკვეთილი ფეხები აქვს.

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.

არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი. მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება