ეროვნული პარკი „რუსული არქტიკა“

ყინულის გუმბათების საგანძური: ვინ და რისთვის იბრძვის ანტარქტიდაში

65
(განახლებულია 11:06 29.01.2020)
ზუსტად 200 წლის წინ რუსმა მეზღვაურებმა კიდევ ერთი კონტინენტი - ანტარქტიდა აღმოაჩინეს. იმ დღიდან მოყოლებული მისი ათვისება მხოლოდ სამეცნიერო მიზნით მიმდინარეობს.

შედეგად, ამინდის პროგნოზები უფრო ზუსტი გახდა, აღდგა დედამიწის კლიმატური მატიანე მილიონობით წლის განმავლობაში, ნათელი მოეფინა დედამიწის მომავალს გლობალური დათბობის ეპოქაში. უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებსა და ყველაზე აქტუალურ პროექტებზე „რია ნოვოსტი“ მოგითხრობთ.

სამხრეთის ზღვების ათვისება

ადამიანებს უხსოვარი დროიდან სწამდათ, რომ სამხრეთის ოკეანეში იყო მატერიკი - წონასწორობისთვის, რომ დედამიწა თავდაყირა არ ამობრუნებულიყო. ამის დასტურად ძველისძველი რუკებიც გამოდგება, რომლებზეც სამხრეთ პოლუსის ირგვლივ გამოსახულია ხმელეთი სახელწოდებით - Terra Australis Incognita - უცნობი სამხრეთი მიწა.

სამხრეთ ოკეანეში გამოუკვლეველი ტერიტორიის არსებობას ვარაუდობდა მიხეილ ლომონოსოვიც. რადგან იქ აისბერგები დაცურავენ, ამბობდა მეცნიერი, ესე იგი ისინი გამოეყოფიან ყინულს, რომელიც ხმელეთზეა. ვინაიდან აისბერგი უზარმაზარია, ესე იგი მიწაც დიდია. 

„ხმელეთს სამხრეთის წყლებში ეძებდა ჯეიმს კუკიც - XVIII საუკუნის ყველაზე ცნობილი ზღვაოსანი. თუმცა ყინულებამდე მან ვერ მიაღწია, რადგან ხომალდები იმ დროს მცირე ზომისა და აფრიანი იყო. მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყინულის მატერიკის ძებნა აღარავის უცდია. რუსეთის ექსპედიცია მსოფლიოს გარშემო პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ეს მოახერხა“, - აღნიშნავს უამრავი პოლარული კვლევის მონაწილე, გლაციოლოგი, აკადემიკოსი ვლადიმერ კოტლიაკოვი.

1819 წლის ივლისში კრონშტადტიდან სამხრეთის ზღვებისკენ ორი გემი გაემართა. „აღმოსავლეთისა“ და მთელ ექსპედიციას ფადეი ბელინსჰაუზენი ხელმძღვანელობდა, „მსოფლიოს გარშემო“ ექსპედიციას - მიხეილ ლაზარევი. 1820 წლის 28 იანვარს ექსპედიციის მონაწილეები მატერიკს აღმოსავლეთიდან მიუახლოვდნენ.

დაახლოებით იმ პერიოდში იმავე განედზე იმყოფებოდნენ ამერიკელებისა და ინგლისელების კარტოგრაფიული და სამრეწველო გემები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ დაინახეს ხმელეთი. მაგრამ რუსული ექსპედიცია კვლევითი და კარგად აღჭურვილი იყო, მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები. ანტარქტიკიდან ზღვაოსნებმა უზარმაზარი სამეცნიერო მასალა ჩამოიტანეს, რომელიც მოგვიანებით ფრანგულ ენაზე გამოიცა.

 „ამიტომ ამ აღმოჩენას რუსებს პირდაპირ არავინ ედავება“, - აღნიშნავს კოტლიაკოვი.

ანტარქტიდა უზარმაზარი ყინულის ფენის ქვეშ მდებარეობს, რომელმაც დაახლოებით 35 მილიონი წლის წინ დაიწყო ფორმირება.

„ჩრდილოეთის ნახევარსფეროში ყინულები პერიოდულად დნებოდა. მაგალითად, მოსკოვის ტერიტორია ყინულით ათი ათასი წლის წინათ იყო დაფარული. ანტარქტიდაში კი ის არასდროს დნება. მისი სისქე ხმელეთზე ოთხ კილომეტრს აღწევს“, - განმარტავს მეცნიერი.

 

საერთაშორისო კონვენციის თანახმად, ანტარქტიდა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის, იქ აკრძალულია ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობა და გეოლოგიური კვლევები. შეიძლება მხოლოდ მეცნიერული კვლევების ჩატარება.

 

მყიფე წონასწორობა

მაშინ, როცა არქტიკას ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ამინდის „სამზარეულოს“ უწოდებენ, ანტარქტიდას სამხრეთი ნახევარსფეროს კლიმატზე პასუხისმგებელ მატერიკად მიიჩნევენ.

„უტყუარი ამინდის პროგნოზისთვის საჭიროა კოლოსალური რაოდენობის ნედლი მონაცემის დამუშავება. როდესაც ანტარქტიდიდან ინფორმაციის მიღება დავიწყეთ, ამინდის პროგნოზი მთელ დედამიწაზე გაუმჯობესდა“, - მოჰყავს მაგალითი ვლადიმერ კოტლიაკოვს.

ანტარქტიდა გარშემორტყმულია სამხრეთის ოკეანით - დედამიწის ბიორესურსების ყველაზე დიდი წყაროთი. ანტარქტიდის ცენტრში ტემპერატურა არასდროს არ ადის მინუს 20 გრადუს ცელსიუსზე ზევით. როგორც წესი - მინუს 50-60 გრადუსზე ნაკლებია. რეკორდი - მინუს 89,2 გრადუსი - დაფიქსირდა 1983 წელს.

„ასეთ პირობებში თოვლი არასდროს დნება. იქ აგვისტოს მიწურულს ვიყავი. ტემპერატურა მინუს 60 გრადუსი იყო, მოწმენდილი ცა, ღრუბლის ნასახიც არ ჩანდა, არც ქარი უბერავდა. ციდან კი ყინულის წმინდა კრისტალები ცვიოდა. ასე თოვს განუწყვეტლივ, ყინულის მასა იზრდება, თანდათანობით მიიწევს ზღვისკენ, სადაც მას აისბერგები გამოეყოფა. ასე ნარჩუნდება ყინულის მასის ბალანსი“, - ამბობს მკვლევარი.

ჩვენს დროში ყინულის მასას მუდმივად აკვირდებიან თანამგზავრებიდან. საფრთხეს დასავლეთი ანტარქტიდა წარმოადგენს, რომელიც მასას უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე იძენს. 

2010 წლამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდაში ყინულის მასა იზრდებოდა. ეს იმით აიხსნება, რომ დათბობის პერიოდში მეტი ნალექი მოდის. ახლა გაჩნდა მონაცემები, რომ ყინულის ფარის ამ ნაწილის ბალანსი უარყოფითს უახლოვდება. ოკეანეში ყინული უფრო სწრაფად ჩაედინება.

„აისბერგი ზღვაში მოხვედრის შემდეგ, არქიმედეს კანონით, გამოდევნის წყლის მოცულობას, რომლის წონაც აისბერგის წონის ტოლია. შედეგად, მსოფლიო ოკეანის დონე მილიმეტრის მეასედით იმატებს. გლობალური დათბობის ეპოქაში მთავარი საფრთხე დასავლეთ ანტარქტიდას უკავშირდება, რომლის ძირიც ზღვის დონის დაბლა მდებარეობს. თუ ზღვის წყალი ხმელეთის სიღრმეში აღწევს, წარმოიქმნება წყალში ყინულის უფრო დიდი ნატეხების მოხვედრის საფრთხე. იქ მომუშავე ამერიკელი კოლეგები აცხადებენ, რომ ასი წლის განმავლობაში დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიშალოს. უარეს შემთხვევაში ზღვის დონე ხუთი მეტრით აიწევს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ისინი საფრთხეს აზვიადებდნენ“, - დასძენს ვლადიმერ ლიპენკოვი.

აღმოსავლეთის ტბა

1961 წელს გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელმა იგორ ზოტიკოვმა გამოაქვეყნა სტატია გათვლებით, რომლებიც მიუთითებდა ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის ქვეშ მტკნარი წყლის ტბის არსებობას. მაშინ მას ბევრმა არ დაუჯერა. თუმცა ჰიპოთეზა მალევე დადასტურდა და 1970 წელს საბჭოთა მეცნიერებმა „აღმოსავლეთის“ სადგურზე ჭაბურღილის გაჭრა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ სადგური სწორედ ერთ-ერთ ასეთ ტბაზე იდგა.

„იმ მომენტამდე ფიქრობდნენ, რომ გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა დასრულებული იყო. ჩვენ კი ანტარქტიდაში ყველაზე დიდი ტბა ვიპოვეთ. ახლა ორასამდე ასეთი ტბის შესახებაა ცნობილი. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ბურღვა, სხვებზე ადრე მივაგენით ყინულის ქვეშ ტბას, რომლის არსებობაც ზოტიკოვმა იწინასწარმეტყველა. ეს უზარმაზარი მიღწევაა, აღიარებული მთელ მსოფლიოში“, - ხაზს უსვამს კოტლიაკოვი. 

აღმოსავლეთის ტბა - დედამიწაზე მტკნარი წყლის სიდიდით მეხუთე ტბაა - დაახლოებით ექვსი ათასი კუბური კილომეტრი წყლით. მას ოთხი კილომეტრის სისქის ყინული ფარავს.  

„ზედა 3318 მეტრი - არის ატმოსფერული ყინული დაურღვეველი სტრატიგრაფიით“, - ამბობს ვლადიმერ ლიპენკოვი.

სტრატიგრაფია - გეოლოგიური ფენების თანამიმდევრობაა. სწორედ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი ბოლო 420 ათასი წლის განმავლობაში დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობისა და კლიმატის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

მომდევნო 220 მეტრი ასევე ატმოსფერული ყინულისგან შედგება, მაგრამ ფენების დარღვეული თანამიმდევრობით. უფრო ქვემოთ 230 მეტრის მანძილზე სრულიად სხვა წარმომავლობის ყინულია. ესაა გაყინული ტბის წყალი, რომელიც ყინულის ქვედა ფენას ძალიან ნელა ეყინებოდა, დაახლოებით ხუთი მილიმეტრი წელიწადში. ყინული ძალიან სუფთაა, ფაქტობრივად, ორმაგი დისტილატია. ყველაფერი, რაც ტბის წყალზეა ცნობილი, ამ ყინულის შესწავლის შედეგია.

როგორც გაირკვა, აღმოსავლეთის ტბა გაჯერებულია აირებით, განსაკუთრებით ჟანგბადით, რაც მასში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ტბის გაყინულ ფენებში აღმოჩენილია ფსკერიდან ამოღებული მინერალები და თერმოფილური ბაქტერიების დნმ, რომლებიც 50-60 გრადუსამდე ცხელ წყაროებში ცხოვრებასთან არიან შეგუებული. ამიტომ ბიოლოგები მიიჩნევენ, რომ ის ყინულში მოხვდა არა წყლიდან, რომლის ტემპერატურაც მინუს 2,8 გრადუსია, არამედ წყალსატევის ქვეშ მდებარე მიწის ქერქის ნაპრალებიდან.

2012 წელს ჭაბურღილმა ყინულის ქვედა ზედაპირს მიაღწია. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. სიღრმიდან ამოხეთქილი წყალი რეაქციაში შევიდა ფრეონთან (იყენებენ საბურღი ჭაურისთვის) და წარმოქმნა ჰიდრატული საცობი - წყალსატევის ერთგვარი ბუნებრივი დაცვა გარეშე გავლენისგან. მისი გაჭრა ტბის წყლის ნიმუშების ამოსაღებად შეუძლებელი იყო.

ლიპენკოვის თქმით, კვლევის ეს ეტაპი - ტბის გაჭრა - დასრულებულია, რადგან მან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

ფსკერისკენ

როგორც ვლადიმერ ლიპენკოვი აღნიშნავს, ახალი ჭაბურღილის გასაჭრელად, სხვადასხვა სიღრმიდან წყლის ნიმუშების ამოსაღებად და შესამოწმებლად საჭიროა უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომელიც კოსმოსური პროექტების დაფინანსებას უტოლდება.

კიდევ უფრო გრანდიოზული ამოცანაა - ფსკერიდან ნალექის ამოღება. ის შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას ანტარქტიდის ყინულით დაფარვისა და მის ცენტრში გიგანტური ყინულქვეშა წყალსატევების წარმოქმნის შესახებ, ასევე ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ბუნებრივი გარემოს ცვლილების შესახებ.

ახლა მეცნიერთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ აღმოსავლეთის ტბა - არის ყინულის ფსკერის დნობის შედეგი და არა იმ ეპოქის რელიქტი, როდესაც ანტარქტიდა თავისუფალი იყო ყინულის საფარისგან.

„ვიცით, რომ ყინულქვეშ არსებობს დაქსაქსული ჰიდროლოგიური სისტემა - ტბები, მდინარეები, ჭაობები. აღმოსავლეთის ტბა - მისი უმსხვილესი ობიექტია. ისმის საინტერესო კითხვა: არსებობს თუ არა იქიდან წყლის გადინების შესაძლებლობა? წარსულში ისეთი კატასტროფული მოვლენები, როგორიცაა წყლის დიდი მოცულობის გამოდევნა, როგორც ჩანს, ხდებოდა, მაგრამ ჩვენს ეპოქაში ტბა სტაბილურ მდგომარეობაშია“, - დასძენს მეცნიერი.

საინტერესო იქნებოდა აღმოსავლეთის ტბის წარმოქმნის საიდუმლოს გარკვევა და იქ მიკროორგანიზმების აღმოჩენა. თუ ის რელიქტურია, ცოცხალ არსებებს შესაძლოა ევოლუცია ყველაზე უჩვეულო გზით განეცადათ. ეს კი უკვე არის პოტენციური კვლევის ობიექტი ასტრობიოლოგებისთვის.

თუ მიკრობები ტბაში გარედან მოხვდნენ, უნდა გაირკვეს, როგორ შეეგუენ ისინი ჟანგბადით გაჯერებულ და შესაბამისად, მომწამვლელ გარემოს. არანაკლებ უცნაური იქნებოდა ასეთ დიდ მტკნარ წყალსატევში ცოცხალი ორგანიზმების არარსებობა.

ახლა „აღმოსავლეთის“ სადგურზე შენდება ახალი კომპლექსი, რომლის ბაზაზეც შეიძლება დაიწყოს ტბის შესწავლის ახალი ეტაპი.

მახეში გაბმული ჰაერი

მეცნიერები ანტარქტიკის ყინულისგან დედამიწის კლიმატის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მოიპოვებენ. მაგრამ მთელი ეს ინფორმაცია უსარგებლო იქნებოდა იმის ცოდნის გარეშე, თუ როდის წარმოიქმნა ეს ყინული. ტრადიციული, შემოწმებული მეთოდები მუშაობს, თუ ყინულის სტრატიგრაფია დარღვეული არ არის. ასე დადგინდა, რომ ევროპული სადგურის, „კონკორდიის“ ჭაბურღილიდან ამოღებული კერნი 800 ათასი წლისაა. „აღმოსავლეთის“ სადგურის ყინულის სვეტი შეიცავს კლიმატის უწყვეტ მატიანეს ბოლო 420 ათასი წლის განმავლობაში. უფრო ქვემოთ დეფორმირებული ატმოსფერული ყინულია. როგორ უნდა განისაზღვროს მისი ასაკი?

საქმე ისაა, რომ ყინული შეიცავს ჰაერის ბუშტუკებს. ახალი ფენების წარმოქმნისას ძველები უფრო ღრმად იმალება, ჰაერის წნევა ბუშტუკებში მატულობს. გარკვეული მაჩვენებლების შემთხვევაში ბუშტუკები გარდაიქმნება ჰაერის კლატრატული ჰიდრატების კრისტალებად. ყინულის ასაკის მატებასთან ერთად კრისტალების მოცულობაც იზრდება. ფიზიკოსები ამ პროცესს ოსტვალდის მომწიფებას უწოდებენ.

ყველაზე ღრმა ჭრილიდან ამოღებული კერნის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ჰიდრატების კრისტალები მკვეთრად ფართოვდება სიღრმის მატებასთან ერთად. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ ეს ყინული ძალიან ძველია და მისი ასაკის გამოსათვლელად საჭირო იყო ყინულის მიმართ ჰიდრატების ზრდის მათემატიკური მოდელის შემუშავება.

მოდელი შეიქმნა მათემატიკის პროფესორ ანდრეი სალამატინის მონაწილეობით, მაგრამ კრისტალების გაფართოების ზოგიერთი პარამეტრი უცნობი რჩებოდა. ამ პროცესის აღდგენა ლაბორატორიის პირობებში შეუძლებელი იყო მისი მეტისმეტად ნელი ტემპის გამო.

ჰიდრატების ზრდის პარამეტრების განსასაზღვრად მეცნიერებმა გამოიყენეს ძველი, კარგად დათარიღებული ყინულის ნიმუშები „კონკორდიის“ სადგურიდან, რომლებიც ყინულის მინუს 55 გრადუს ტემპერატურაზე თოვლის ქვეშ, ქვაბულში ინახებოდა. მხოლოდ ამ პირობებში არ იშლება ჰიდრატების კრისტალები ჰაერის ბუშტუკებად. ნიმუშების გამოტანა კონტინენტიდან არ შეიძლება, რადგან ისინი შეიძლება გაფუჭდეს. საბოლოოდ „აღმოსავლეთის“ კერნის სვეტის ქვედა ნაწილის ყინულის ასაკის გამოთვლა მოხერხდა და ის 1,2 მილიონ წელზე ოდნავ მეტი აღმოჩნდა.

სიძველით მას უსწრებს ალან ჰილსის რაიონიდან ტრანსანტარქტიკულ მთებში ამერიკელების მიერ ამოღებული კერნი, რომლის ასაკიც 2,7 მილიონი წელია. ნიმუშები აღებულია სულ რაღაც 200 მეტრის სიღრმიდან. თუმცა ასაკი განსხვავებული მეთოდითაა გამოთვლილი და მისი ცდომილება 400 ათას წელიწადს შეადგენს.

 „ჩვენ სამ მეთოდს ვიყენებთ. ერთი მათგანი არ აუმჯობესებს დათარიღებას, თუმცა ადასტურებს მას. ის მხოლოდ უხეში შეფასებისთვის გამოიყენება“, - ამბობს მეცნიერი და დასძენს, რომ „აღმოსავლეთის“ სადგურიდან უძველესი ყინულის დათარიღება და შესწავლა რუსეთის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სიღრმისეული რეკორდები

პრობლემა ის არის, რომ ალან ჰილსიდან და აღმოსავლეთიდან ნიმუშები აღებულია დარღვეული სტრატიგრაფიის ფენებიდან. მათ მიხედვით შესაძლებელია იმის გაგება, როგორი იყო ატმოსფეროს შემადგენლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში, მაგრამ შეუძლებელია მისი ევოლუციის რეკონსტრუირება. ყველა ისწრაფვის კლიმატური ცვლილებების რაც შეიძლება გრძელი უწყვეტი ჩანაწერის მიღებისკენ.

ეს მეცნიერებს იმის დადგენაში დაეხმარება, რატომ გარდაიქმნა კლიმატური სისტემა დაახლოებით მილიონი წლის წინ. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი - ატმოსფეროში CO2-ის შემცირებაა. უძველესი ყინულის ნიმუშების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს თითქოს ასე არ არის. მაგრამ არც „აღმოსავლეთის“ ყინული, არც ალან ჰილსის ყინული დროითი კლიმატური რიგის მიღებისა და დედამიწის ატმოსფეროს ევოლუციის ისტორიის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა.

შესაბამისად, საჭიროა თანამიმდევრული ფენების შემცველი უძველესი ყინულის პოვნა. მისი აღმოჩენა შესაძლებელია ანტარქტიდის ყინულოვანი გუმბათების საძირკველში, საიდანაც იწყება ყინულის საფარის გაშლა. იქ თოვლის აკუმულაციის დაბალი სიჩქარეა, ნელი დინებაა, ყინულის სისქე ყველაზე დიდი არ არის, ამიტომ არ მიმდინარეობს დნობის პროცესი.

საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად ეძებს ანტარქტიდაზე დედამიწის უძველეს ყინულს. ერთბაშად ოთხი პროექტი მოქმედებს. ჩინელები ბურღავენ A გუმბათზე, იაპონელები ეძებენ თავიანთი სადგურის მახლობლად, ევროპელების კონსორციუმი, რომელიც 10 ქვეყნის 14 ორგანიზაციას აერთიანებს, ბურღავს С გუმბათის რაიონში, რუსი მეცნიერები კი გეგმავენ უძველესი ყინულის მოძიებას В გუმბათის რაიონში.

ვლადიმერ ლიპენკოვი დარწმუნებულია, რომ ყინულის უძველესი ფენების აღმოჩენა დაურღვეველი სტრატიგრაფიით შესაძლებელია, თუ ჭაბურღილები სწორი მიმართულებით გაიჭრება.

ამ სეზონზე მეცნიერები В გუმბათზე მცირე ექსპედიციას მოაწყობენ. უახლოესი გეგმაა - იქ საველე სამუშაოების ორგანიზება, რადიოლოკაციური ზონდირება და თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად განვითარდება, ყინულის ბურღვის დაწყება.

65
თემები:
რუსეთი დღეს (483)

„პოსეიდონის გამოცდა“: მზადდება უპილოტო ტორპედოს პირველი გაშვება

51
(განახლებულია 17:28 27.05.2020)
მოწინააღმდეგის თავდასხმის შემთხვევაში უნიკალური რუსული უპილოტო წყალქვეშა კომპლექსი გარანტირებულს ხდის საპასუხო დარტყმას. მსოფლიოს ტექნოლოგიურად ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს შორის ასეთი იარაღი მხოლოდ რუსეთს აქვს, ირწმუნება სამხედრო მიმომხილველი.

ალექსანდრ ხროლენკო

სააგენტო РИА Новости-ს წყარომ რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში 26 მაისს განუცხადა, რომ უპილოტო წყალქვეშა აპარატის „პოსეიდონის“ პირველი გაშვება 2020 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. მანამდე კი უახლესი სისტემის ცალკეული კვანძები და აგრეგატები გამოიცდება. გაშვება წყალქვეშა მრავალმიზნობრივი ატომური ნავიდან „ბელგოროდიდან“ მოხდება, რომელიც უახლესი უპილოტო აპარატების პირველი საცდელი მატარებელია.

ექსპერიმენტული ხომალდი სპეციალურად „პოსეიდონისთვის“ გადაკეთდა და ის წყალში 2019 წლის აპრილში ჩაუშვეს. თავად სუბმარინის გამოცდა 2021 წლამდე გაგრძელდება და, წარმატების შემთხვევაში, „პოსეიდონებთან“ ერთად შევა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში. 

საკონტინენტთშორისო უპილოტო აპარატების პირველი საშტატო მატარებელი მომავალში ატომური წყალქვეშა ნავი „ხაბაროვსკი“ გახდება, რომლის წყალში ჩაშვებაც ზაფხულის დასაწყისში იგეგმება, რის შემდეგაც ტესტირება დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს „პოსეიდონისგან“ თავდაცვის სისტემები თუ საშუალებები. მრავალმიზნობრივი საოკეანო სისტემა „პოსეიდონი“ არის რუსეთის ასიმეტრიული პასუხი აღმოსავლეთ ევროპაში პენტაგონისა და ნატოს შემტევი პოტენციალის სახიფათო კონცენტრაციაზე, და ასევე აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფორმირებაზე, რაც რუსეთის თავდაცვითი პოტენციალის გასანადგურებლად შეიძლება იყოს გამოყენებული.

რუსეთის წინდახედულება ზედმეტი არ გამოდგა — 2019 წელს აშშ გამოგონილი მიზეზით გავიდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან, რითიც სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ შეთანხმების დასანგრევად პრეცედენტი შექმნა. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა 2020 წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი 750 მლრ დოლარამდე გაზარდა.

გამაოგნებელი უპილოტო აპარატი

„პოსეიდონი“ — ეს სტრატეგიული საკონტინენტთაშორისო ღრმაწყლოვანი აპარატია ატომური ენერგეტიკული დანადგარებით, რომელსაც 1000 მ სიღრმეზე 10 ათასი კილომეტრის გავლა შეუძლია 100 კვანძის სიჩქარით (185 კმ/სთ). „პოსეიდონის“ გამოცდებმა დაადასტურა მისი უნიკალური მახასიათებლები და უპილოტო ცურვის პრაქტიკულად შეუზღუდავი მანძილი.

24 მეტრი სიგრძისა და დაახლოებით 1,6 მ დიამეტრის მქონე აპარატი შესაძლოა აღჭურვილი იყოს ჩვეულებრივი ან მეგატონური თერმობირთვული საბრძოლო მასალებით, რომლის დანიშნულებაც ავიამზიდების დაჯგუფების განადგურებაა. ოკეანეში ამგვარი ტორპედოს მოძებნა მარტივი არ არის, დაბალ სიჩქარეზე ის ძალიან ჩუმად მოძრაობს, თუმცა ჰიდროაკუსტიკური კონტაქტის (აღმოჩენის) შემთხვევაშიც კი მისგან თავდაცვა შეუძლებელია. უპილოტო რეჟიმში „პოსეიდონს“ შეუძლია იმოძრაოს ისეთ სიღრმეებსა და ისეთი სიჩქარით, რომლებიც მიუწვდომელია მოწინააღმდეგის ყველა არსებული თუ პერსპექტიული სუბმარინისთვის, ტორპედოებისა თუ რაკეტებისთვის. 

მართვის ავტონომიური სისტემა ანტისუბმარინული სისტემების აღმოჩენისა და გადალახვის საშუალებას იძლევა, რაც არის კიდეც დაცულობის და წარმოუდგენელი გამანადგურებელი ეფექტის გარანტია. ეს შეკავების ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია.

რუსულმა პროექტმა ამერიკული სტრატეგიული სარდლობა (STRATCOM) ჯერ კიდევ მისი გამოცდების ეტაპზე შეაშფოთა. კონგრესის მოსმენებზე თებერვალში STRATCOM-ის ხელმძღვანელმა ჯონ ჰაიტენმა აღნიშნა, რომ „პოსეიდონი“, როგორც შეიარაღების პრინციპულად ახალი სისტემა, არ ხვდება СНВ-III-ის შეზღუდვებში, ხოლო აშშ-ში მისი ანალოგი არ მუშავდება. ამერიკული მხარე მაშინ ახალი შეთანხმებით დაინტერესდა, რომელიც ბირთვული აღჭურვილობის წყალქვეშა აპარატებისა და სხვა სისტემების რეგლამენტაციას მოახდენდა. მანამდე აშშ-ში გაჩნდა პუბლიკაცია–პროგნოზები, თითქოს გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში წყალქვეშა მატარებელი აშშ-ის სანაპიროებთან 100-მეგატონიან თერმობირთვულ ტორპედოს მიიტანდა, რომელიც ცუნამის გამოიწვევდა და ოკეანეში ჩარეცხავდა მთელ სანაპირო ინფრასტრუქტურას ავიამზიდებთან, თავდაცვით ქარხნებთან და მთელ ქალაქებთან ერთად. ამგვარად, უპილოტო „პოსეიდონმა“ ჯერ კიდევ შეიარაღებაში შესვლამდე მოახდინა გავლენა საერთაშორისო მდგომარეობაზე და ნაწილობრივ რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზეც. მაგრამ „პოსეიდონი“ არასდროს იღებს სტარტს წონადი მიზეზის გარეშე.

იდუმალი „ხაბაროვსკი“  

უახლესი სუბმარინა „ხაბაროვსკი“ დღეისათვის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო საიდუმლოა. ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ ხომალდი აღჭურვილია პრინციპულად ახალი ატომური ენერგეტიკული დანადგარით და აქვს უნარი, გადაიტანოს ექვსი „პოსეიდონი“, რომლებსაც დასავლეთში „განკითხვის დღის ტორპედოებს“ უწოდებენ.

ხომალდის წყალწყვა დაახლოებით 10 ათასი ტონაა, სიჩქარე — 32 კვანძი, ჩაყვინთვის სიღრმე — 500 მეტრი, ავტონომიურობა — 12 დღე-ღამე, ეკიპაჟი — არანაკლებ 100 კაცისა. სუბმარინის კორპუსი უახლეს სტრატეგიულ რაკეტმზიდ „ბორეის“ ჰგავს. „ხაბაროვსკის“ ძირითადი მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტი ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტებში „პოსეიდონების“ მატარებელი ორ–ორი სუბმარინის ყოლას გეგმავს.

ეს რუსეთის წყალქვეშა სტრატეგიული შეიარაღების პრინციპულად ახალი სისტემებია. ატომური სუბმარინ-მატარებლებისა და „განკითხვის დღის ტორპედოების“ „ორმაგი იდუმალება“ გარანტირებულად საიმედოს ხდის საპასუხო-შემხვედრ ბირთვულ დარტრყმას იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ და ნატო „გაურღვეველ“ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს შექმნიან ხმელეთზე, ზღვასა თუ კოსმოსში.

თუმცა რუსეთის ფედერაცია არ მიისწრაფვის საფრთხეების მანიაკალური გენერირებისკენ. უფრო მეტიც, მსოფლიოში სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცებისთვის მოსკოვი მზადაა იმსჯელოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად.

 

51
ნიკა შენგელია

ნიკა შენგელია: ემიგრანტები საქართველოში სულ უფრო ნაკლებს გადმორიცხავენ

385
(განახლებულია 20:11 26.05.2020)
კორონავირუსის პანდემია ნეგატიურ გავლენას საქართველოში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულის მოცულობაზეც ახდენს. უცხოეთიდან უფრო ნაკლები ვალუტის შემოდინება კი  უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსახლეობის შემოსავლებზე, ასევე ლარის სტაბილურობაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ქართულ კომერციულ ბანკებში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 42,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 79,1 მლნ დოლარი შეადგინა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისი კველევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აღნიშნავს, აპრილის თვეში რომ ემიგრანტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა 40-45%-ით დაეცემოდა, სპეციალისტები ამაზე ჯერ კიდევ მარტის თვეში საუბრობდნენ და ამ მხრივ არც შემდეგი თვეების პროგნოზია კეთილსაიმედო.

„ფულადი გადმორიცხვების კლებას მაისის თვეშიც ველოდებით, ვვარაუდობთ, რომ ემიგრანტების მხრიდან ტრანზაქციების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45-50%-ით იქნება შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 38-47%-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ „Sputnik- საქართველოსთან“ საუბრისას.

ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნების ეკონომიკების რეცესია მოჰყვა. 

„ექნება თუ არა გავლენა ამას ლარის კურსზე? ვიტყოდი რომ არა. იმიტომ რომ ეროვნული ბანკი აქტიურად  ახორციელებს ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს, რადგან რეგულატორს კარგად ესმის, რომ დღევანდელ სიტუაციაში ლარის კურსის გაუფასურება 3,3 ნიშნულზე მეტად პროდუქტებსა და სხვა საქონელზე ფასების 8-15%-ით მატებას გამოიწვევს, ეს კი ინფლაციის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში მოსახლეობის ჯიბეზე ნეგატიურად აისახება“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

აქედან გამომდინარე, ეკონომისტის პროგნოზით, ლარის კურსი დოლარის მიმართ მაისის თვეში 3,30-ის ფარგლებში იქნება. ეს ნიშნული ეროვნულმა ვალუტამ შეიძლება წლის ბოლომდეც კი შეინარჩუნოს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეგულატორმა მარტის შემდგომი პერიოდიდან დღემდე ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად რეზერვებიდან 120 მილიონი დოლარი გახარჯა, და იმასაც, რომ საერთაშორისო დახმარებებიც ნელ-ნელა შემოდის, რეგულატორის სწორი მოქმედების შედეგად სრულებით არის შესაძლებელი წლის ბოლოსთვის ლარის კურსის 3,0 ნიშნულიან მაჩვენებელთან მიახლოებაც კი“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

ეროვნული ბანკმა უკვე განაცხადა, რომ უწყება მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებს. მათი მიზანი სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის თავიდან არიდებაა.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ინტერვენციებს გამოიყენებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხებისა თუ გრანტების სახით მისაღები სავალუტო შემოდინებების ნაწილის ბაზრისთვის მისაწოდებლად.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2020 წლის იანვარ–აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები 9,4%-ით შემცირდა და დაახლოებით 467,9 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი. ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ნატა პატარაია

 

385
დაკეტილი კაფე მცხეთაში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი

78480
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 735 ადამიანს შეადგენს, აქედან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78480
თემები:
COVID-19 საქართველოში