რეალობა და სტატისტიკა: საქართველოში უმუშევართა აღრიცხვის სისტემა შეიცვლება

© photo: courtesy of Elizabeth Joudroსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გადაწყვიტა თვითდასაქმებულთა განსხვავებული მეთოდით დათვლა, რის გამოც ექსპერტები საქართველოში უმუშევრობის დონის ზრდას ელოდებიან.

საქართველოში უმუშევრობის დონეს ამჟამად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობების თანაფარდობის საფუძველზე ითვლიან.

ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა, უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა. 

სამუშაოს მძებნელები - Sputnik საქართველო
უმუშევრობის პრობლემას ახალი სტრუქტურა გადაწყვეტს

დასაქმებულ მოქალაქეებს „საქსტატი“ ყოფს დაქირავებულებად და თვითდასაქმებულებად.

თვითდასაქმებულად მიიჩნევა პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში მუშაობს უსასყიდლოდ ან არის მესაკუთრე, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში შემოსავლის მიღების მიზნით მუშაობს.

ციფრებით გამოსახული უმუშევრობა

„საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 11,1% შეადგინა. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 12,2% იყო.

ამასთან, დასაქმების დონე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,9%-ით შემცირდა და 55,6% შეადგინა.

იმავე მონაცემების თანახმად, თვითდასაქმებულია დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49,4%.

ახლებურად დათვლა

როგორც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, 2020 წელს თვითდასაქმებულთა შესახებ მონაცემები ახალი მეთოდით დაითვლება.

„თუ ადრე თვითდასაქმებულად მიიჩნეოდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის მიწაზე მუშაობდა და პროდუქტი თავისთვის ან ბაზარზე გასაყიდად მოჰყავდა, ახალი მეთოდოლოგიით, პირები, რომლებიც თავისთვის მუშაობენ, თვითდასაქმებულთა სიიდან ამოირიცხებიან“, – აღნიშნა თოდრაძემ.

თოდრაძემ ასევე განაცხადა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში დათვლა ერთდროულად ახალი და ძველი მეთოდოლოგიით განხორციელდება, ხოლო მესამე კვარტალში ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა იგეგმება.

ქართული რეალობა

საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები უმუშევრობას ქვეყნის ერთ-ერთ ეროვნულ პრობლემად მიიჩნევენ.

როგორც საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, უმუშევრობასთან ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა აქვე დასძენენ, რომ უმუშევრობის შემცირების ტემპი ძალიან დაბალია. პროცესის დასაჩქარებლად 2025 წლამდე აუცილებელია ყოველწლიურად 50-60 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო საქართველო ეკონომიკურ რისკებს სწავლობს

1 იანვრიდან საქართველოში ქვეყანაში უმუშევრობის შემცირების მიზნით გაიხსნა ცალკე უწყება – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

სააგენტო შეასრულებს შუამავლის როლს სამუშაოს მაძიებლებსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამსახურის მაძიებლებს, შეისწავლის შრომის ბაზარს და ქვეყანაში დასაქმების ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს გასცემს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, განუხრელად შეასრულოს რეფორმების პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

უმუშევრობა გაიზრდება

ეკონომიკის სფეროს ექსპერტები დასაქმებულთა რაოდენობის დაანგარიშების მეთოდის შეცვლის შემდეგ უმუშევრობის დონის ზრდას ელოდებიან.

„უმუშევრობის დონე, რომელიც ოფიციალურადაა დაფიქსირებული და 12%-ს აღწევს, სერიოზულად გაიზრდება, მაგრამ ის იქნება ქვეყანაში არსებული რეალური სურათის ამსახველი. რამდენი პროცენტით – ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია იმის თქმა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მას ეკონომისტი სოსო არჩვაძეც ეთანხმება.

„დღეს უმუშევრობის დონე დაახლოებით 12%-ია. ახალი მეთოდოლოგიის შემოღებით ის გაიზრდება და 20%-ს მიაღწევს. უკეთესი იქნება, თუ ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და გვეცოდინება, როგორი ვითარებაა რეგიონებში, რათა შემდეგ სწორი სოციალური პოლიტიკის გატარება დავიწყოთ. ამით იხეირებს საზოგადოებაც და ის ადამიანებიც, რომლებიც ახლა უმუშევრებად ითვლებიან“, – განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.

ყველა ახალი ამბავი
0