თბილისის ხედი

ეკონომიკის მთავარი გამოწვევა: საქართველოს ხელისუფლება ფასების ზრდას ებრძვის

44
(განახლებულია 13:06 06.12.2019)
ლარის გაცვლით კურსზე და, შესაბამისად, ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირება, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პერმანენტული პროტესტი, ასევე უცხოური ინვესტიციების შემცირება.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის პოლიტიკა მთლიანად არის მიმართული ქვეყანაში ინფლაციური პროცესების მაქსიმალურ შეკავებაზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნოემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ მოსალოდნელი 3%-ის ნაცვლად 7% შეადგინა. სურსათზე ფასები უკვე 13,4%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.

ლარის ახალი ანტირეკორდი - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერვენციას იწყებს >>

„ინფლაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, ამას რეალისტურად ვაფასებთ, ვიცით რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის დაძლევა და ინკლუზიური ეკონომიკა არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.

მთავრობა იღებს ზომებს

მინისტრის თქმით, ინფლაციის დონის შესამცირებლად უწყება ეროვნულ ბანკთან ერთად ყველა საჭირო ზომას მიმართავს.

„როდესაც ვაფასებთ, რა უნდა იყოს ჩვენი ამა თუ იმ ნაბიჯის პრიორიტეტი, ყოველთვის სათავეში ვაქცევთ ანტიინფლაციურ მოქმედებებს, თუნდაც ეს იწვევდეს გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თურნავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ესმის, რამდენად მტკივნეულად აისახება მოსახლეობაზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.

„ზოგჯერ ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებზეც მივდივართ, რომელიც ეკონომიკური ზრდის შემაკავებელიც კი არის. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ავამოქმედეთ ეკონომიკური ზრდის წახალისების სხვა ბერკეტები, როგორიც არის პრივატიზაცია, წიაღის რეფორმა, დასაქმების ხელშეწყობა“, – განაცხადა მან.

ეროვნული ბანკი მზად არის პოლიტიკა გაამკაცროს

ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. თუ 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ შეადგენდა 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს ის უკვე იყო 2,9770 GEL/$1.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სექტემბერიდან დაიწყო. ორთვიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 8,5%-მდე, 2%-ით გაიზარდა.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თვალსაზრისით, ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს არ დავიჯეროთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდეგ ის გააგრძელებს ქვემოთ სვლას. ამის ყველა წინაპირობა არის და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებს, თავის მხრივ, მიაჩნიათ, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როდესაც შემცირდება გარკვეული ფაქტორების გავლენა ფასებზე და მონეტარული პოლიტიკა საჭიროების მიხედვით შეიცვლება. ეკონომიკურ პერსპექტივას აქვს უარყოფითი რისკები, რაც ძირითადად საგარეო ვითარებასთან არის დაკავშირებული.

ინფლაციის შესაკავებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ წელს ეროვნულმა ბანკმა მრავალი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მხოლოდ მისი დადანაშაულება არ იქნებოდა სწორი.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია ეროვნულ ბანკს საბანკო რეგულაციების გადახედვას სთავაზობს >>

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომელი მონეტარული ინსტრუმენტები, რა სიხშირით, რა დროს გამოიყენება. ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს, მონეტარული ინსტრუმენტების პარალელურად ზოგადად როგორია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბაირახტარმა.

მისივე თქმით, თუ ფულადი მასის ზრდა გაგრძელდება, ხოლო მეორე მხრივ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, ამას სრული ეფექტი არ მოჰყვება.

„დღეს ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება და მისი გავლენა ფასების საერთო დონეზე. თუ ნომინალურ გაცვლით კურსზე ზეწოლა არ შემცირდება, ინფლაციის შეკავება შეუძლებელი იქნება”, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესება, რომლებმაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. კერძოდ ის, რომ ინვესტიციები 53%-ით შემცირდა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურისტული ნაკადის შემცირების გამო ფულადი ნაკადები შემცირდა. ჩვენ ამ მიმართულებიდან 300 მილიონი დოლარი დავკარგეთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველდღიური საპროტესტო აქციების რეჟიმში ვცხოვრობთ. ეს ყველასათვის ცუდია, პირველ რიგში ეროვნული ვალუტისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა ბაირახტარმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ინფლაცია იზრდება >>

მისი აზრით, აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა მოკლევადიან პერსპექტივაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან ერთად გეგმაზომიერად და სისტემატურად შეზღუდოს რეფინანსირების სესხების მოცულობა, რათა ფულის მასა არ გაიზარდოს.

საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, მიაჩნია ექსპერტს.

44
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (686)
სახელმწიფო დეპარტამენტი

მიმოხილვა: რა წერია აშშ-ის გლობალური ურთიერთქმდების ცენტრის მოხსენებაში

398
(განახლებულია 15:55 07.08.2020)
ამერიკელებმა ფარდა ახადეს მსოფლიო სადეზინფორმაციო კამპანიის რუსულ ტაქტიკას. მაგრამ ეს „ფარდის ახდა“ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ამერიკელების დეზინფორმირებისა და ამასთან, მთავრობისთვის უფრო მეტი ფულის „გამოძალვის“ მცდელობაა.

გევორქ მირზაიანი

ამ დღეებში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულმა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრმა გამოაქვეყნა მოხსენება „რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ეკოსისტემის საფუძვლები“. ავტორების მიზანი „რუსეთის მოქმედების ტაქტიკის მხილება იყო, რათა ჩვენმა პარტნიორებმა, მოკავშირე მთავრობებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მეცნიერებმა, პრესამ და საზოგადოებამ მთელ მსოფლიოში შეძლონ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე შემდგომი ანალიზის ჩატარება და კოლექტიური პასუხის გაძლიერება“.

სიურპრიზი სიურპრიზზე 

ერთი შეხედვით ყველაფერი სოლიდურად გამოიყურება — ტექსტის 75 გვერდი, 313 ბმული, გრაფიკები და ცხრილები. მისი მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს მედიასაშუალებები თავისი თვალსაზრისით გასატარებლად (!) — და, რა თქმა უნდა, ეს კრემლის გენიალური გამოგონებაა, სხვა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ, როგორ მოიქცნენ. 

კიდევ ერთი „აღმოჩენა“ ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს სხვა გამოცემები იტაცებემ და შემდეგ მთელ ინტერნეტში ვრცელდება. ავტორებმა, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს ინტერნეტის თავისეურებები და ინფორმაციის გადაცემის ამჟამინდელი გარემო.

მოხსენებაში რუსეთის ძირითადი მედიასაშუალებებისა და მათი მფლობელების აღწერა ასევე წარმოადგენს კოლოსალურ ფასეულობას ნებისმიერი ანალიტიკოსისთვის — რატომღაც ხომ ისე გამოდის, რომ პროსახელმწიფოებრივ არხებს, გამოცემებსა და ინტერნეტსაიტებს ისეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებიც პროსახელმწიფოებრივ იდეოლოგიას იზიარებენ?!

გარდა ამისა, მკვლევარებისთვის ასევე დიდი ფასეულობაა მოხსენების ცენტრალური აზრი: მოსკოვის ნებისმიერი თვალსაზრისი მსოფლიო პრობლემებზე, მის შესახებ ნებისმიერი პუბლიკაცია არის არა სიტყვის თავისუფლების გამოვლენა, არამედ რუსული პროპაგანდისა და სიცრუის ბოროტი მაგალითი, რომელიც გონებას უბინდავს დასავლეთის უცოდველ მოსახლეობას.

რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ  მოხსენების მეცნიერულ ღირებულებას მარტო ეს აზრიც კი აუფასურებს, მაგრამ მას ღირებულება უბრალოდ არ გააჩნია. არსებითად ეს 75 გვერდი არის ბანალური აზრების ჩამონათვალი, რომლის მიზანიც არა საფარველის ჩამოგლეჯაა, არამედ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თხოვნის მატერიალური გამყარებაა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის დაფინანსების ორჯერ გაზრდის თაობაზე. სწორედ რუსეთისა და სხვა ქვეყნების დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით.

ბედნიერება ფულშია  

გასაკვირი არ არის, რომ რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების რეაქცია ამ მოხსენებაზე იყო რაღაც საშუალო დაცინვასა და ზიზღს შორის. მასში მოყვანილი არგუმენტები მათ სერიოზულად არ აღიქვეს და მორიგ რუსოფობიულ თითხვნად შეაფასეს. თუმცა იმავდროულად არიარეს, რომ მოხსენების ავტორებს მის გამოსაქვეყნებლად სრულიად მართებული საფუძველი ჰქონდათ.

„სახელმწიფო დეპარტამენტის რუსოფობების ანტირუსული ბოდვის მორიგი ულუფა მოხსენების ფორმით, ხილულად წარმოაჩენს ამერიკელი პოლიტიკოსების პანიკურ შიშს ქვეყნის შიგნით და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ალტერნატიული თვალსაზრისის წინაშე“, — ამბობს რუსი დეპუტატი სერგეი ჟელეზნიაკი.

RT–სა და Spputnik–ს იმაზე ნაკლები ფული აქვთ, ვიდრე მსხვილ დასავლურ მედიას, მაგრამ მათ სწორედ ის ალტერნატიული თვალსაზრისი გააჩნიათ.

ვირაცას შესაძლოა აქამდე ეჩვენებოდეს, რომ დასავლეთში სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს ასე არაა. მთელ რიგ საკითხებზე ამერიკული მედია საბჭოთა გაზეთებს ჩამოჰგავს — ისინი ერთიან, პოლიტიკურად კორექტულ თვალსაზრისს ტრანსლირებენ.

და ეს თვალსაზრისი — შავკანიანებისა და მემარცხენეების მიერ ამერიკაში მოწყობილი არეულობა, ამერიკული ისტორიული მემკვიდრეობის რღვევის სისწორე, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ ზიზღი და ასევე რუსეთის დემონიზაცია — დასავლელ მკითხველს ბეზრდება და ალტერნა ტიულ თვალსაზრისს ისინი რუსეთის ინგლისურენოვან მედიაში ნახულობენ.

ეს კი უკვე სერიოზული პრობლემაა აშშ–სთვის, ვინაიდან მსოფლიო საინფორმაციო სფეროზე კონტროლი არის კიდევ ამერიკული დომინირების საფუძველი. სწორედ ამიტომაც, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, „ვაშინგტონი აკრიტიკებს ნებისმიერ საინფორმაციო წყაროს, რომლებიც ალტერნატიულ თვალსაზრისს ავრცელებენ, და ცდილობს ჩაახშოს ნებისმიერი ხმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკულ მიდგომებს“. ხოლო როცა კრიტიკა არ შველის, სანქციებს აწესებენ.

ამგვარი დევნა რეალურად ასუსტებს აშშ–ის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს. მაგალითად, რუსეთის გამოყენების მხრივ ჩინეთის შესაკავებლად, და ასევე სხვა გლობალური საკითხების გადასაჭრელად. სულ უფრო მეტი ამერიკელი ექსპერტი მოუწოდებს ვაშინგტონს, უფრო პრაგმატულად მიუდგეს მოსკოვთან დიალოგს. ამის მაგალითია 103 გამოჩენილი ამერიკელი ექსპერტის ღია წერილი Politiko–ში, რომელთა შორის არიან ყოფილი დიპლომატები და პოლიტიკოსები.

„მაგრამ ოკეანისგაღმელი ოპონენტების ისეთი დოკუმენტებს, როგორიცაა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის მოხსენება, შეუძლია მხოლოს ერთ მიზანს მიაღწიოს — ბოლო მახვილი ჩასცეს რუსულ–ამერიკულ დიალოგს გლობალურ საკითხებზე და წლების განმავლობაში გამორიცხოს უნდობლობის კრიზისის გადალახვა ჩვენს ქვეყნებს შორის“, — აღნიშნავს ჟელეზნიაკი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

398
კომპიუტერთან მუშაობა

სომხეთი ინტერნეტის გარეშე დარჩება? Caucasus Online-ის აქციები ბაქოს ხელშია

1322
(განახლებულია 16:43 07.08.2020)
აზერბაიჯანის მხარეს არაერთხელ უცდია Caucasus Online-ის აქციების ხელში ჩაგდება, მაგრამ წინა წლებში საკითხი პოლიტიკურ დონეზე წყდებოდა. ამჯერად კი შეთანხმება ხელისუფლების გარეშე შედგა.

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. ინტერნეტ-კავშირის კომპანია Caucasus Online-ის მაგისტრალური არხის აქციების 49%-ის მიყიდვამ აზერბაიჯანელი მეწარმისთვის სომხეთში შეშფოთება გამოიწვია. ექსპერტების შეფასებით, გარიგება ბაქოს რეგიონულ ჰაბად აქცევს, რისკენაც ის არაერთი წელია ისწრაფვის. მეტიც, ეს აზერბაიჯანის მხარეს სომხეთის ინტერნეტ-ტრაფიკის მონიტორინგის თუ არა, სულ მცირე, გაანალიზების შესაძლებლობას მისცემს.

„Sputnik-სომხეთთან“ საუბრისას ექსპერტმა საინფორმაციო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, აღნიშნა, რომ Caucasus Online-ის შეძენა აზერბაიჯანს სტრატეგიული თვალსაზრისით მრავალ შესაძლებლობას აძლევს, უხეშად რომ ვთქვათ, ბაქოს ხელ-ფეხს უხსნის.

ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ქართველი ექსპერტებიც. ინტერნეტ-კომუნიკატორის მისამართით უკვე გაისმა არაერთი კრიტიკული შეფასება. ამასთან, ერევანში უკვე ცდილობენ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გზით შესაძლო რისკების მინიმუმამდე შემცირებას.

რა მოხდა?

ქართული კომპანია Caucasus Online – ოპტიკური კაბელის ოპერატორია, რომელიც ბულგარეთიდან საქართველოს მიმართულებით შავი ზღვის ფსკერზე გადის. ესაა ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის უმსხვილესი ინტერნეტ-არხი. კომპანიის მთავარი აქციონერები არიან ქართველი ინვესტორები, რომელთა ნაწილი ევროპაშია რეგისტრირებული.

17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით მიიღო მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული შესწორებები კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“. ცვლილებები მარეგულირებელს უფლებას აძლევს, დანიშნოს სპეციალური მმართველები კომპანიებში, რომლებიც მის მოთხოვნებს არ ასრულებენ.

ქართულ მასმედიაში ამას მოჰყვა ინფორმაციის „გაჟონვა“ მარეგულირებლის გვერდის ავლით გარიგების, კერძოდ, ინტერნეტ-კომპანია Caucasus Online-ის აქციების 49%-ის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის შესახებ. მეტიც, აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩის მეტიუ ბრაიზას ინფორმაციით, აქციები 61 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

იმავე მასმედიის ცნობით, აქციები შეიძინა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მეწარმე ნასიმ ჰასანოვმა. იგი არის ასევე ნავთობის ბიზნესში უმსხვილესი ჰოლდინგის – კომპანია NEQSOL-ის მფლობელი. ქართული მხარის ინფორმაციით, ინტერნეტ-კომპანიის საკუთარი წილი გაყიდა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან („ნაციონალურ მოძრაობასთან“) დაახლოებულმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ.

ამასთან, Caucasus Online-ის გაყიდვის შესახებ არ აცნობეს მარეგულირებელს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის დარღვევაა. კანონის თანახმად, აქციების 5 ან მეტი პროცენტის გაყიდვის შემთხვევაში ამის თაობაზე კომისიას უნდა ეცნობოს. 

Caucasus Online ერთხელ უკვე დაჯარიმდა დარღვევის გამო, როდესაც კომპანიამ „რკინიგზის ტელეკომში“ თავისი წილი გაყიდა. კომპანიამ „საქართველოს რკინიგზის ტელეკომი“ 2010 წელს შეიძინა. ამან მას მისცა შესაძლებლობა, შემოსულიყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე გასულიყო ირანსა და ერაყში.

საქართველოში წინააღმდეგი არიან

მთელ ამ ისტორიას ქართველი ექსპერტების შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. ისინი აქტივების გაყიდვის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ. ბევრი საუბრობს ბაქოს გეგმებზე – ხელში ჩაიგდოს ინტერნეტ-კომუნიკაციები და ერთადერთი კაბელი, რომლითაც ევროპიდან საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს 2016 წლიდან ინტერნეტი მოეწოდება. კაბელი შავი ზღვის ფსკერზე გადის.

იმ დროს გაყიდვის საკითხი პოლიტიკურ დონეზე დაიხურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ კაბელი და კომპანია არ იყიდება, რადგან საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ „Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამით ბაქო ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს რეგიონში ინტერნეტ-ჰაბის როლი.

რაც შეეხება საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში შესაძლო რისკებს, მან აღნიშნა, რომ რისკები შესაძლოა არსებობდეს, თუმცა დასაწყისისთვის აუცილებელია გაგება, რამდენად გაფართოვდა აზერბაიჯანული მხარის უფლებამოსილება.

ზოგიერთი ქართველი ექსპერტი შიშობს, რომ ეს აზერბაიჯანს ხელ-ფეხს გაუხსნის და იგი რეგიონში თამაშის წესების კარნახს დაიწყებს.

Caucasus Online-ის ყოფილმა მფლობელმა მამია სანადირაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფლობდეს დამოუკიდებელ კაბელს ევროპაში და ამას აქსიომა უწოდა. მისი შეფასებით, ინტერნეტის უსაფრთხოდ მიღებას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს ეს სომხეთს?

გარიგების შესახებ ცნობამ, ბუნებრივია, მეზობელ სომხეთში შეშფოთება გამოიწვია. როგორც ინტერნეტ-კომუნიკაციების სფეროში სომეხმა ექსპერტმა „Sputnik-სომხეთთან“ საუბრისას აღნიშნა, აქციების გაყიდვა არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის მხარე სომხეთს ინტერნეტს გამოურთავს.

„ჯერ ერთი, ესაა 49% და არა საკონტროლო პაკეტი, მეორეც, Caucasus Online საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და ნაკლებ მოსალოდნელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვინმეს ხაზების ბლოკირების ნება დართოს“, – აღნიშნა მან.

თუმცა, ტექნიკურ დონეზე ეს აზერბაიჯანელ პარტნიორებს ტრაფიკის გაანალიზების, გარკვეული კანონზომიერების პოვნისა და ამის საფუძველზე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. ეს მათთვის ერთმნიშვნელოვნად ხელსაყრელია.

„ისინი ნამდვილად გამოიყენებენ ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, რათა თავიანთი პროექტები განავითარონ და ჩვენები „ჩაძირონ“, – აღნიშნა მან.

სომეხი ექსპერტის შეფასებით, Caucasus Online-ის აქციების შეძენა აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, დააჩქაროს TASIM-ის პროექტის რეალიზება (ტელესაკომუნიკაციო ტრანზიტი დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით). იგი აერთიანებს ევროპის, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის ტელეკომუნიკაციებს მომავალში აზიასა და ჩინეთში გასვლის პერსპექტივით.

ამგვარად, ამ ნაწილის გაძლიერებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სომხეთის გეგმებს, გააფართოოს თავისი სატრანზიტო ფუნქციები ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისკენ.

ექსპერტის თქმით, ამ მიზნით სომხეთში უკვე შექმნილია არაოფიციალური ჯგუფი, რომელიც სომხური კომპანიების რეგიონული ტელეკომ-ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გავრცელების გეგმაზე იმუშავებს.

იგი სომხეთს ურჩევს, გამოიყენოს უკმაყოფილება საქართველოში და შექმნას კოოპერაციები. მნიშვნელოვანია საკუთარი ინტერესების, რეგიონული გეგმების ხორცშესხმა.

„ამასთან, ჩვენ ქართველ მარეგულირებელთან და სამინისტროსთან, ინტერნეტის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, უნდა შევთანხმდეთ კონსოლიდირებულ მოქმედებაზე რეგიონული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც სომხეთსა და საქართველოს გააერთიანებს“, – განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა, რომ Caucasus Online არ გაიყიდება ყოველმხრივი განხილვის გარეშე.

საქართველოზე, სხვადასხვა შეფასებით, მოდის სომხეთის საგარეო ინტერნეტ-ტრაფიკის 80%. გარდა ამისა, სომხეთი იყენებს კიდევ ორ კაბელს რუსეთში – შავი ზღვისას და სახმელეთოს. ტრაფიკის 20% მოდის ირანისკენ გამავალ კაბელებზე.

სომხეთის ოპერატორები ასრულებენ ირანში, ავღანეთსა და კატარში ინტერნეტის ტრანზიტის ფუნქციას.

1322
 AirFrance

Air France–მა საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა

0
(განახლებულია 11:12 09.08.2020)
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა პარიზიდან პირველი მგზავრები მიიღო – ავიაკომპანია  რეისებს  A320 და A321 მარკის თვითმფრინავებით კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა – პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა, იუწყება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი TAV Georgia.  

საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს თბილისის აეროპორტში საჩუქრად დამცავი პირბადეები და ავიაკომპანიის ლოგო გადასცეს.

ავიაკომპანია  რეისებს  A320 და A321 მარკის თვითმფრინავებით კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. რეისები პარიზიდან თბილისში ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, თბილისიდან პარიზში კი ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოდან კი თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლა განახლდა. 

საქართველო ევროკავშირის არაწევრი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა. იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. 

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა.

იმ ქვეყნების განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებისთვისაც ევროკავშირი რეკომენდაციას გასცემს, რომ მოიხსნას მოქმედი შეზღუდვა საზღვრების გადალახვაზე, ითვალისწინებს ეპიდემიურ ვითარებას, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებულ ზომებს, მათ შორის ფიზიკურ დისტანცირებას, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.







 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში