რა აწუხებთ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს – დიასპორა უმთავრესი პრობლემების ჩამონათვალს ადგენს

© photo: Sputnikსაქართველოს და რუსეთის დროშები
საქართველოს და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში ქართული დიასპორა ახლო მომავალში მთავარი პრობლემების ნუსხას ჩამოწერს და მათ მოგვარებას შეუდგება

Sputnik–ი, ალექსანდრა ობოლონკოვა

რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალურ–კულტურული ავტონომია 25 ნოემბრამდე შეადგენს იმ საკითხებისა და პრობლემების ჩამონათვალს, რომელთაც ქართული დიასპორა აწყდება და რომელთა მოგვარებაც აუცილებელია.

 „უკვე მრავალი წელია, ეს პრობლემები არსებობს. ისინი ხან სად იჩენენ თავს, ხან სად, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ანდრო ივანოვმა, ქართველთა გაერთიანების პრეს–მდივანმა, – ახლა ორგანიზაციის პრეზიდენტ გიორგი წურწუმიას ინიციატივით, ეს პრობლემები თავს მოიყრის ერთიან რეესტრში. ჩვენ დავაფიქსირებთ, სისტემურად დავალაგებთ და ბოლოსდაბოლოს დავიწყებთ მათ გადაჭრას“. 

გიორგი წურწუმია - Sputnik საქართველო
რუსეთში ქართულმა დიასპორამ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა

ქართული ავტონომიის ელექტრონულ ფოსტაზე უამრავი წერილი იგზავნება, მაგრამ ბევრი თემა მეორდება და ამიტომ წინასწარ შესაძლებელია ძირითადი საკითხების გამოყოფა, რომლებიც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ.

 „ამჟამად დომინირებს მოსკოვში ქართული კულტურული ცენტრის გახსნის საკითხი, რომელიც ადრე არბატზე მდებარეობდა, – აღნიშნავს ანდრო ივანოვი, – ეს იყო ქართული კულტურის გამაერთიანებელი ცენტრი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია რუსეთში, მეორე მხრივ კი, ვიდრე ჩვენს ქვეყნებს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, მას შეუძლია სახალხო დიპლომატიის ფუნქციის შესრულება.

მეორე აქტუალური პრობლემა – ქართული ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობის არარსებობაა. თუ რუსეთში მცხოვრებ ქართველს სურს მშობლიური ენის სწავლა, მან პედაგოგი უნდა დაიქირაოს. ძალიან მნიშვნელოვანია კურსების განახლება, მისი სასწავლო მასალით უზრუნველყოფა.

და მესამე: საქართველოს მხრიდან წამახალისებელი სისტემის არარსებობა დიასპორის მეტად აქტიური წევრებისთვის. მაგალითად, ჩვენ გვყავს შესანიშნავი სტუდენტები – რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ ეთნიკური ქართველები. ისინი ხედავენ, როგორ აჯილდოებენ წარჩინების სიგელებითა და ქვეყნის სახელით მადლობას უხდიან (როგორც წესი, ამას დიასპორების დეპარტამენტი აკეთებს) სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს, რომლებიც კარგად სწავლობენ ან იმარჯვებენ ოლიმპიადებზე და თავიანთი მიღწევებით მშობლიურ ქვეყანას უხვეჭენ სახელს და ეწევიან მის პოპულარიზაციას. სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან ეს არ იგრძნობა, რაც განსაკუთრებით საწყენია ახალგაზრდობისთვის, მაშინ როცა რუსეთის დიასპორა ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა მსოფლიოში!“

რასაკვირველია, მოდის ბევრი კითხვა, დაკავშირებული სხვადასხვა ბიუროკრატიულ პრობლემასთან: დოკუმენტების გაფორმებასთან, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა ყოფნასთან, დევნილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებასთან. ერთ–ერთი მოთხოვნაა, ქართულ მასმედიას ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემებს გააშუქებს.

ყველა კითხვა და წინადადება გაეგზავნება ორი ქვეყნის ხელმძღვანელობას, თუმცა ქართველთა გაერთიანების ორგანიზაციაში ჯერ არ იციან, კონკრეტულად ვის:

„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ წინადადებები ნამდვილად გაეგზავნება არა მხოლოდ ერთ პირს, – ამბობს ივანოვი, – გასაგებია, რომ ერთი ხელის მოსმით ყველა ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, მით უმფრო ორი ქვეყნის რთული პოლიტიკური ურთიერთობის გათვალისწინებით. მაგრამ სწორედ ამისათვის არსებობს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომ მოილაპარაკონ, თანაც ორივე მხარესთან – როგორც რუსულ, ისე ქართულ მხარესთან“.

ინფორმაციის შეგროვება 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 „გვინდა მივმართოთ  „Sputnik–საქართველოს“ მკითხველს, რომელთა შორის დიასპორის ძალიან ბევრი წევრია, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსულენოვანი ქართველები, – ამბობს ანდრო ივანოვი, – თუ ხედავთ რამე პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია – არა პირადულს, არამედ გლობალურს, რომლებიც რუსეთში მცხოვრებ ოჯახებსა თუ ათასობით ადამიანს ეხება – ჩამოაყალიბეთ ისინი და გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე – Info@kartvelebi.ru, რათა ჩვენ შევძლოთ ამ სურვილების შეტანა ერთიან სიაში“. 
ჟურნალისტი ანდრო ივანოვი - Sputnik საქართველო
ანდრო ივანოვი: რუსეთთან მეგობრობა ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმას არ ნიშნავს

რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალურ–კულტურული ავტონომია – არის ფედერალური დონის ქართული დიასპორული გაერთიანება. მოქმედებს 1996 წლის 17 ივნისის „ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის შესახებ“ ფედერალური კანონის საფუძველზე. შექმნილია 2016 წელს თვითმყოფადობის, ენის, ეროვნული კულტურის შენარჩუნების საკითხის მოგვარების მიზნით, ასევე ქართველ და რუს ხალხს შორის ყველა სახის ურთიერთობის განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით. დღეს ფედერალურ ავტონომიაში გაერთიანებულია ყველა რეგიონული ქართული ორგანიზაცია მოსკოვიდან, სანქტ–პეტერბურგიდან, ტვერიდან, ივანოვოდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან.

რუსეთის მოსახლეობის 2010 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, რუსეთში 160 ათასამდე ქართველი ცხოვრობს, არაოფიციალური მონაცემებით კი –300–დან 500 ათასამდე, ხოლო წარმოშობით საქართველოდან – დაახლოებით მილიონი.

ყველა ახალი ამბავი
0