ფორუმი CampСamp2019 მოლდოვაში

#CampСamp2019: არდადეგები ბარიკადებზე

52
(განახლებულია 11:56 29.10.2019)
მოლდავეთის დედაქალაქში 15 ქვეყნის ახალგაზრდა „სამოქალაქო აქტივისტების" ყოველწლიური სემინარი გაიმართა. მკაცრად გასაიდუმლოებულ გარემოში ღონისძიებაზე მოხალისეებს ესაუბრებოდნენ ხელისუფლებასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, მასობრივი პროტესტის ორგანიზებასა და მედიამხარდაჭერაზე.

CampСamp2019-ის კონფერენციაზე, რომელიც კიშინიოვში 24-27 ოქტომბერს ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა ქართველი ჟურნალისტიც, რომელმაც დამსწრეთ განუმარტა, როგორ ეწყობა საქართველოში ანტისამთავრობო ფლეშმობები და გაუზიარა „ქეისი", რატომ ჯობს „პოსტებთან" სიცილის რეაქციების დასმა: არასასურველი კომენტარების წაშლა შესაძლებელია, მაგრამ რეაქციისა - არა.

მოლდოვაში კონფერენციას ორგანიზება გაუკეთა პარიზის სამოქალაქო ცენტრმა (Prague Civil Society Centre, PCSC), რომელიც აშშ-ის ბიუჯეტიდან „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის შესახებ" (CAATSA ) კანონის ფარგლებში ფინანსდება.

კონფერენციაზე დასასწრებად ევროპისა და აზიის 15 ქვეყნიდან 300 ადამიანი ჩავიდა. ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა, მოხალისეებმა, ბლოგერებმა, ინსტაგრამ-ინფლუენსერებმა, მარკეტოლოგებმა და სხვა შემოქმედებითმა ადამიანებმა - ყველამ პატარა კიშინიოვში მოიყარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია დახურული იყო, „Sputnik-მოლდოვას" კორესპონდენტმა მაინც შეძლო მის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

„ლექციების, დისკუსიების, შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და მასტერ-კლასების ოთხი დღე, რომლის დროსაც მარკეტინგის, რეკლამისა და მედიის სფეროების აქტივისტები და პროფესიონალები ეძებენ რეალურ მეთოდებს, როგორ გახადონ მსოფლიო უკეთესი", - იუწყება კონფერენციის ოფიციალური საიტი.

როგორც გაირკვა, სინამდვილეში ეს პროფესიონალები ბელარუსიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ათამდე ქვეყნიდან ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლისა და რუსეთის გავლენასთან ბრძოლის გამოცდილებას.

2018-19 წლებში ამგვარი გამოცდილების გაზიარებისთვის 250 ათასი დოლარია გამოყოფილი.

სრული კონსპირაცია

ამგვარი კონსპირაცია კიშინიოვისთვის უჩვეულოა. ორგანიზატორებს კონფერენციის ჩატარების ადგილიც კი არ გაუმხელიათ. სემინარის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართი იყო მითითებული ჟურნალისტების აკრედიტაციისათვის.

CampCamp2019-ისთვის მონაწილეები საგულდაგულოდ შეირჩნენ

ღონისძიებაზე მოხვედრა ჟურნალისტისთვის უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ცენტრალური საგამოძიებო სამმართველოს შტაბბინაში. მონაწილეებსაც აკრძალული ჰქონდათ ორგანიზატორებთან საფოსტო მიმოწერა. კავშირის დამყარება მხოლოდ სოციალური ქსელით შეიძლებოდა.

ვინ და რას ასწავლიდა ახალგაზრდობას CampCamp2019-ზე

ზედიზედ ოთხი დღე ასობით მონაწილე, რომელიც წარმატებულ თვითრეალიზაციაზე ოცნებობს, ათობით გამოსვლას უსმენდა.

მოწვეულმა ლექტორმა, მოსკოვში მცხოვრებმა მწერალმა ლინორ გორალიკმა წაიკითხა ლექცია ფერვერტაიზინგსა და ახალგაზრდულ მარკეტინგზე. ლონდონელმა კრისტინა ვაზოვსკიმ ისაუბრა ქსელებში პოპულარობის მოპოვების მეთოდებზე. უკრაინელმა მედიააქტივისტმა ვლად კრილევსკიმ - მედიაში მილენიალების ადგილზე.

„რუსეთის სამხედრო აგრესია ყირიმში აბსოლუტურ კატასტროფად მესახება", - უკრაინულ პრესაში გამოქვეყნებული გორალიკის ეს განცდები კონფერენციის ორგანიზატორების დიდი მოწონებით სარგებლობს.

„რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის თანამშრომელმაც, ვლად კრილევსკიმაც პოპულარობა არა მხოლოდ მილენიალების შესწავლით, არამედ ოკუპირებული დონბასისა და გოლოდომორის შესახებ პუბლიკაციებითა და ფეისბუქში რუსული ტროლების საწინააღმდეგო კამპანიის მხარდაჭერით მოიპოვა. შედეგად, სემინარის პროგრამა გადავსებული იყო რუსულ პროპაგანდასთან და რუსულ გავლენასთან ბრძოლის, მასობრივი პროტესტის ორგანიზებისა და მედიამხარდაჭერის შესახებ ლექციებით.

კიშინიოვში ასწავლიდნენ, როგორ უნდა წარიმართოს პროტესტი, რომ მოსაწყენი არ გახდეს

„არდადეგები ბარიკადებზე - პროტესტის ასი დღე" - ჟღერს სემინარზე, მაგრამ ასი დღე დიდი დროა და მანიფესტანტები შეიძლება დაიღალონ. ამიტომ გამოსვლას განაგრძობენ მომხსენებლები ნიუ-იორკის არტისტიზმის ცენტრიდან და სკოპიეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრიდან.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელოვნებას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ძალიან შემცდარა. CampCamp-2019-ის მტკიცებით, ხელოვნება პოლიტიკურ ტვირთს უნდა ეზიდებოდეს.

სემინარზე გამოდიან ბელარუსები, რომლებიც პრაღის სამოქალაქო ცენტრის ყველა საერთაშორისო პროგრამის ყველაზე აქტიური მონაწილეები არიან. მათ შორის არის ბელარუსის სახალხო ფრონტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც მხარს უჭერს ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტას, ევროინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას.

2018 წლის ნოემბერში იგი კოორდინირებას უწევდა ამერიკული რადიოსადგურის, „რადიო თავისუფლების" რუმინული სამსახურის შექმნას.

ეს მედიამოვლენა არ არის

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი მოლდავეთში დამოუკიდებელი მასმედიის მხარდაჭერის პროგრამის ორგანიზებასა და ჩატარებაზე. აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტთა ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც მომავალში მოლდავურ მასმედიას უნდა ჩაუდგეს სათავეში.

2018 წლის მარტში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გრანტების პროგრამა არასამთავრობო სექტორისთვის, რომლის ამოცანაა, „აღადგინოს რწმენა იმისა, რომ მოლდავეთის ევროპული გზა მართებული არჩევანია".

გრანტების ცალკე პაკეტია გამოყოფილი „სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მხრიდან რისკების შემცირებისთვის". გასაგებია, რომ საუბარია რუსეთის სამხედრო დანაყოფებზე დნესტრისპირეთში, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირს „მთავარ რისკად" მიაჩნიათ.

დასაწყისისთვის თითოეული ასეთი პროექტისთვის 25 ათასამდე დოლარია გამოყოფილი. მოლდავეთში ანტირუსული განწყობის ჩამოსაყალიბებლად პროექტებს აფინანსებენ ნატოში აშშ-ის მოკავშირეებიც.

იანვარში Anonymous დაჯგუფების ჰაკერებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ბრიტანული საიდუმლო სახელმწიფო პროექტის Integrity Initiative დოკუმენტები, რომელთა შორის აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, მოლდავეთში „რუსეთის გავლენის" შესასუსტებლად ექსპერტთა და სამოქალაქო აქტივისტთა ქსელის შექმნის დირექტივები.

მეზობელი რუმინეთი და უკრაინა უკვე დიდი ხანია ამ კალაპოტში არიან მოქცეული. თუმცა მოლდავეთი ტაქტიკურ მედიარუკებზე კვლავ რჩებოდა „თეთრ ლაქად". ბოლო ათი წელია, მასაც პროდასავლური მთავრობები ჩაუდგნენ სათავეში.

52
თბილისის აეროპორტი

როდის აღდგება ფრენები საქართველოს ცაზე და როგორი იქნება ვოიაჟი პანდემიის შემდეგ

71
(განახლებულია 19:10 25.05.2020)
პუბლიკაციაში გაგაცნობთ ავიაფრენებთან დაკავშირებულ იმ პროცედურებსა და რეგულაციებს, რაც საქართველოში პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება.

საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, ოცივე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ოპერირებდა, აპირებს რეისების განახლებას.

ამ ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველო უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მრავალ ქვეყანაში შეწყვეტილია საერთაშორისო ფრენები. ჯერჯერობით კი არ არსებობს საერთო სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა დაემორჩილოს ფრენების განახლების შემდეგ.

სპეცილისტები იმ სავარაუდო ტენდენციებზე საუბრობენ, რაც ტურიზმის აღდგენის შემდეგ იქნება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში ოფიციალური პროცედურების დრო გახანგრძლივდება, თუმცა მგზავრთა ნაკადიც არ იქნება ისეთი, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

ჯერჯერობით ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ; ასევე მოკლე ფრენების შემთხვევაში არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა სამ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა. იქ, სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას, თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია. ასევე არსებობს რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვენტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით როგორც ტერმინალებში, ისე საჰაერო ხომალდებზე.

შესაძლოა საჰაერო ხომალდზე ხელბარგის ატანა შეიზღუდოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მგზავრებს იმუნური პასპორტი, ტესტირების ჩატარება და რეგისტრაციის დამოუკიდებლად გავლა მოსთხოვონ. ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ, წამყვან აეროპორტებთან ერთად, ზრუნვა ბიომეტრიული ჩასხდომის დანერგვაზეც დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პასპორტის როლს მგზავრის სახე შეითავსებს.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი ამ დროისთვის შემუშავების პროცესშია.

„პროტოკოლი შემუშავების პროცესშია. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და პირობები ეცნობება მგზავრებს, ავიასაწარმოებს და მომსახურე პერსონალს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, – აცნობეს სააგენტოს.

უწყებაში გვპირდებიან, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის. საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.

ამასობაში უკვე არაერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ აღდგეს ქვეყნებს შორის რეგულარული მიმოსვლა.

ავიაკომპანიებს, რომელთა ფრენები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გაუქმდა, მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდა რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის განმავლობაში მოუწევთ. მგზავრს კი, რომლის ფრენაც COVID-19-ის პრევენციის ფარგლებში გაუქმდა, უფლება აქვს შეცვალოს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი მისი სურვილისამებრ, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

ასეა თუ ისე, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მოგზაურებისთვის კი (და არა მხოლოდ მათთვის) 1 ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დღესასწაული გახდება.

გისურვებთ უსაფრთხო და მხიარულ მგზავრობას.

 

71
მზის პანელები

9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის როგორ მოვიპოვოთ

771
(განახლებულია 15:25 25.05.2020)
ალბათ საკამათო არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის განვითარებას. ბოლო წლებია ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

რამდენიმე დღეს წინ სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 9 მლნ ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაა. კერძოდ, არაფერმერული ბიზნესის განვითარება, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის ხელის შეწყობა.

საგრანტო პროგრამის პირობები:

აღნიშნული საგრანტო პროგრამა განხორციელდება 8 მუნიციპალიტეტში – ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში. პროგრამის პირველ ეტაპზე განცხადებები მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე მიიღება.

წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-იანი თანადაფინანსება ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ. თავად სააგენტო კი თითოეულ ბიზნეს-პროექტზე გასცემს არანაკლებ 20 ათასი და არაუმეტეს 170 ათასი ლარის ოდენობის გრანტს.

კომერციული საქმიანობისთვის გათვლილი განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიების გამოყენებით თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას, დაფინანსდება შემდეგი პირობებით: სააგენტოს თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30 000 ლარს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-იანი თანადაფინანსება ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს. ეს შეიძლება იყოს ფულადი სახსრები, ან ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს (პროგრამაში განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე რეგისტრირებული) მეწარმე იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ძირითადი საშუალებები.

ვის აქვს პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება:

- საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ბენეფიციარს მოეთხოვება შემდეგი პირობების დაცვა:

- პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან მიღებული ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით

- უძრავ ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა);

- არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის ან შემოსავლების სამსახურის მიმართ.

- იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის  ბენეფიციარი, მას განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა ჰქონდეს პროექტის პირობები დარღვეული.

რა სახის პროექტები არ დაფინანსდება:

პროექტები, რომლებიც უკავშირდება

- სამხედრო, ბირთვულ, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას;

- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას

- სათამაშო ბიზნესს და აზარტულ თამაშებს;

- საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);

- საქველმოქმედო საქმიანობას;

- ვაჭრობას.

როგორ მივიღოთ თანადაფინასება:
თანადაფინანსების მისაღებად შემდეგი ეტაპები უნდა გაიაროთ:

1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია

განაცხადის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე (www.arda.gov.ge). რეგისტრაცია ხორციელდება აუცილებელი ველების შევსების შემდეგ.

რეგისტრაციისას სავალდებულოდ შესავსები ველები:

• სახელი/გვარი;

• დაბადების თარიღი;

• პირადი ნომერი;

• მობ/ტელ ნომერი;

• დამატებითი ტელ. ნომერი;

• ელექტრონული ფოსტის მისამართი;

• პაროლი

განაცხადის შევსება
 1. შედიხართ ვებ-გვერდის საკუთარი მართვის პანელში;

2. აჭერთ ღილაკს „განაცხადის დამატება“;

3. ირჩევთ - „ფიზიკური პირი“/„იურიდიული პირი“;

4. ავსებთ განაცხადის ელექტრონულ ფორმას;

5.  ავსებთ განაცხადის ფორმაში ყველა აუცილებელ ველს;

6.  განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ავსებთ ბიზნეს-მოდელის ელექტრონულ ფორმას;

7. ღილაკზე დაჭერით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი;

8.  აჭერთ ღილაკს „განაცხადის/ბიზნეს-მოდელის შენახვა“.

განაცხადის/ბიზნეს-მოდელის შესავსებ გვერდზე განთავსებულია ღილაკი „განაცხადის გაგზავნა“, რომელზეც დაჭერის შემდეგ ვებ-გვერდზე ჩნდება შეტყობინება განაცხადის გაგზავნის თანხმობის შესახებ – „ვეთანხმები“.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევსებული განაცხადი აღირიცხება სისტემაში და მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

განაცხადის/ბიზნეს-მოდელის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ მისი კორექტირება დაუშვებელია.

აპლიკაციის შეფასება

პოტენციური ბენეფიციარების მიერ გაგზავნილი განაცხადები სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღირიცხება და ავტომატურად გადაუნაწილდება სააგენტოს თანამშრომლებს განსახილველად. განაცხადების განხილვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დროს ხელმისაწვდომია განაცხადით მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ფინანსური მდგომარეობის, პროფილის შენარჩუნების, დასაქმებულთა რაოდენობის, გადახდილი ხელფასების, გაწეული მომსახურების ან/და წარმოებული პროდუქციის მოცულობის და შესყიდული ნედლეულის (ღირებულება და მოცულობა) შესახებ.

სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, პროექტის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის და პროექტის პროგრესის შეფასების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პირადად ან დამოუკიდებელი სპეციალისტის/ექსპერტის/აუდიტორის მეშვეობით.

გაითვალისწინეთ, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისი განაცხადის ფორმები და ბიზნეს-მოდელის ფორმა, ასევე მომზადების ინსტრუქციები მოცემულია ელექტრონული სახით ვებ-გვერდზე (www.arda.gov.ge) და ხელმისაწვდომი გახდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

771
გიორგი გახარია

ხმები გახარიას გადადგომის შესახებ: პოლიტიკური სპეკულაცია თუ რეალური საკადრო გადაადგილებები

0
(განახლებულია 19:09 25.05.2020)
საზოგადოებაში ყველაზე ხშირად მომავალ პრემიერად ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სახელდება.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik.  ქართულ მასმედიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. 

გიორგი გახარიას ადგილმონაცვლედ ერთბაშად რამდენიმე კანდიდატი სახელდება. ყველაზე ხშირად კი მომავალი პრემიერის თანამდებობაზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სახელდება.

თუმცა, თავად ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ საუბარი არ მიდის.

მან მაღალი შეფასება მისცა პრემიერ გახარიას საქმიანობას და აღნიშნა, რომ „იგი წარმატებით ხელმძღვანელობს ქვეყანას“.

 „მთავრობაში (საკადრო) ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. გუნდში პრემიერის ცვლილების თაობაზე დისკუსია და კომუნიკაცია არ მიმდინარეობს. იგი ძალზე წარმატებით უძღვება ქვეყანას და ამავე სულისკვეთებით გააგრძელებს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, არანაირი კომუნიკაციას არ ყოფილა“ , – განაცხადა ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან.

ხმები პრემიერის ცვლილების შესახებ უფრო მწვავედ შეაფასა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისი სიტყვებით, გავრცელებული ინფორმაცია „პოლიტიკური სპეკულაციაა“, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან. 

 „როგორც კი არჩევნების პერიოდი მოდის და ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესები ხდება, რასაკვირველია, იწყება საუბარი დაბალ, საშუალო და მაღალ დონეზე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, დაინიშნა ახალი ელჩები, უნდა ველოდოთ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ცვლილებას. რაც შეეხება ინფორმაციას პრემიერ- მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, მთლიანად პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან.  ჩემი აზრით, გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ- მინისტრია, თავდადებული თავისი ქვეყნისთვის და საკმაოდ კომპეტენტური ყველა მიმართულებით, ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ამ კვირაში პრემიერი გახარია 27 და 29 მაისს პარლამენტში დეპუტატების წინაშე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგება.

და მაინც, მთავრობაში გარკვეული საკადრო გადაადგილებები უკვე დაიწყო. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ვაკანტური ხდება შერიგებისა და  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა – ქეთევან ციხელაშვილი ვენაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

0