გიორგი გახარიას შეხვედრა ბიზნესმენებთან

დახურულ კარს მიღმა... ანუ რას ითხოვს ბიზნესი ხელისუფლებისგან?..

1127
(განახლებულია 18:50 22.10.2019)
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სახელისუფლებო გუნდმა ტაქტიკა შეცვალა... გააქტიურდა კომუნიკაცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი, ამჯერად, შემაჯამებელი აუდიენცია გამართა. ორსაათიანი დიალოგის გამხელილი დეტალები...

სამსონ ხონელი

არჩევნები!... ყველაზე კარგად ეს პროცესი ასახავს ჩვენი დროების მაჯისცემას. პოლიტიკურ ძალთა შერკინებამდე კიდევ ერთი წელია, მაგრამ საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლა უკვე დიდი ხნის დაწყებულია. პოლიტიკური „ელიტის“ მთავარი საფიქრალი სალაყბოსკენ მიმავალი გზის ძიებაა... ხალხის რჩეულთა შორის ყოფნა-არყოფნის დილემა აყალიბებს ჩვენი პოლიტიკოსების ხედვებს, პოზიციებსა და ქცევას... ბოლო დროს სახელისუფლებო გუნდმა ტაქტიკა შეცვალა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის ბიზნესსექტორთან, კომუნიკაცია გააქტიურა. არახალია, პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნოდ როგორი იქნება ბიზნესის განწყობა. წინამდებარე სტატიაც, ხელისუფლებისა და ბიზნესის დიალოგს ეთმობა.

ოქტომბრის თვის პირველ და მეორე დეკადაში მთავრობის თავმჯდომარე ჯერ ტურისტული, მევენაზეობა-მეღვინეობისა და სამშენებლო კომპანიების მესვეურებს შეხვდა. მესამე დეკადა ორმოცამდე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთან შემაჯამებელი აუდიენციით დაიწყო... პრემიერ-მინისტრი დამსწრეთ ორი საათის განმავლობაში უსმენდა. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალები მედიამ თავყრილობის მონაწილეთაგან შეიტყო. საბანკო რეგულაციები, ლარის კურსი და დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა, რომელიც შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. ეს არის ის სამი ძირითადი საკითხი, რომელიც ბიზნეის სფეროს განსაკუთრებით აწუხებს. თანმიმდევრულად მივყვეთ. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა კომერციული ბანკებისთვის, საფინანსო სექტორისთვის დაწესებული თამაშის პირობები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, საბანკო რეგულაციების გადახედვას და დაკრედიტების წესების ლიბერალიზაციას ითხოვს არა მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ სხვა დარგებიც. მისივე განმარტებით, მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, როდის და რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი. საინტერესო დეტალია, იმ დროს, როცა ალექსანდრე ძნელაძე რეგულაციების დაწესების შედეგად, საფინანსო ბაზარზე წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობდა, კობა გვენეტაძის უწყებამ ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ კომერციულ ბანკებს საწუწუნო არაფერი აქვთ...

თავად განსაჯეთ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 96.620 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.663 მილიონი ლარით მეტია. საინტერესოა, წლიურ მაჩვენებელიც, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 650.173 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებელს 47.834 მილიონი ლარით აღემატება. ეროვნული ბანკის სტატისტიკას მკითხველი უწყების ვებგვერდზე მარტივად გაეცნობა და დარწმუნდება, რომ ყველა პარამეტრით, საბანკო საქმე ჩვენში ძალიან მომგებიანია. არავინ კამათობს, რომ მეტი მოგება სჯობს ნაკლებს, მაგრამ საფინანსო სექტორში კრიზისზე საუბარი გადაჭარბებულია...      

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად შექმნილ პრობლემებზე კი დისტრიბუტორთა ასოციაციი ხელმძღვანელმა ისაუბრა. ივა ჭყონიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა პირდაპირ ეროვნულ ვალუტაზეა დამოკიდებული. ფასების ცვლილების პირდაპირი კომპონენტი არის ლარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს მთავრობა და ეროვნული ბანკი, როგორ აპირებს ხელისუფლება ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის შეჩერებას, როცა ქვეყანაში სულ უფრო მცირდება უცხოური ინვესტიციების მოცულობა. დამეთანხმება მკითხველი, ეს საკითხი მართლაც აქტუალურია. როგორც ბოლო დროს გამოიკვეთა, კობა გვენეტაძის უწყება ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოიაზრებს.

ნათქვამის დასტურია, ეროვნული ბანკის მიერ ორჯერ, ჯამურად ერთი პროცენტით გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი. რაც შეეხება, უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ მიზეზებს, ანალიტიკოსები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე მიანიშნებენ, მათ შორის არის პოლიტიკური სტაბილურობა, რითაც მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში ქვეყანა ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა... არის გარე ფაქტორიც. კერძოდ, სულ უფრო მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს სამეზობლოშიც, ისწავლეს ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობებისა და სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნა. შესაბამისად, პოტენციურ ინვესტორებსაც უფრო ფართო არჩევანი აქვთ. ექსპერტების შეფასებით, გაცილებით მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, რათა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მომხიბლავი გავხადოთ.

საკამათო არ არის, საინვესტიციო გარემოს განუყოფელი ნაწილია საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის შრომის კანონმდებლობა, რომელიც შრომის ბაზარზე სხვა მრავალ საკითხთან ერთად დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას არეგულირებს. შეხვედრის მონაწილეებს არ დაუმალავთ, რომ აშფოთებთ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა, რომელიც კანონმდებლობაში დამატებითი რეგულაციების შემოღებას გულისხმობს. „ვისოლი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, სოსო ფხაკაძემ, კონკრეტულად ჩამოთვალა ყველა ის საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით ბიზნესს აწუხებს. მისი თქმით, ეს არის − ნორმირებული სამუშაო დროის შემოღება, ზეგანაკვეთური სამუშაოს საათების და ანაზღაურების პარამეტრების განსაზღვრა, შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და შეწყვეტის წესის გამკაცრება. როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ამ ნაწილში ბიზნესისა და მთავრობის პოზიციეში სრული თანხვედრაა. საინტერესოა, რას მოიაზრებს ეს თანხმობა. ამ კითხვაზე პასუხი თავად პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ. შეხვედრის დამთავრებისთანავე გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა, რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესებს შორის ბალანსის პოვნა აუცილებელია. რაც შეეხება დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივას, ეს ერთი კონკრეტული დეპუტატის ხედვაა, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირებული არ არის და შესაბამისად, ვნებათა ღელვაც ნაადრევია. თქვენი არ ვიცი, მე კი ძალიან მაინტერესებს, როგორ დასრულდება „ბალანსს იპოვნის“ ხელისუფლებისეული მცდელობა და ვისთვის იქნება ის ხელსაყრელი... 

შეხვედრაზე ისაუბრეს დარგობრივ თუ გნებავთ თემატურ პრობლემებზეც. კონტრაბანდული დიზელის საკითხზე ყურადღება გაამახვილა ბიზნესმენმა ვანო მთვრალაშვილმა, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს ხელმძღვანელობს. როგორც მან აღნიშნა, არის ეჭვი, რომ ქვეყანაში, გაურკვეველი დოზით, აღურიცხავი პროდუქცია შემოდის, რაც ბაზარზე ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირებას იწვევს. მისივე განმარტებით, ეს ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე, მცირდება იმპორტიორი კომპანიების შემოსავლები და შესაბამისად მათი შენატანებიც ბიუჯეტში. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, არაფერი ითქვა, რატომ ძვირდება ჩვენში საწვავი მაშინაც, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებულობს და ეროვნული ვალუტის კურსიც მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა კი სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროცესში ხელისუფლებისგან დახმარება მოითხოვა. ნინო ზამბახიძემ აღნისნა, რომ ასოციაციაში მზად არიან ეს ადამიანები დაასაქმოს... რა უშლით ხელს? − შესაძლოა ჩამეძიოთ. გაგიკვირდებათ, როგორც ნინო ზამბახიძე აცხადებს, თავად სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამბობენ უარს. რა მიზეზით? − არც ეს შეკითხვა იქნება უცხო. ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ფერმერები გასამრჯელოს უნაღდო ანგარიშსსორებით გასცემენ. სწორედ ეს არის პრობლემა. როგორც კი თანხა სოციალურად დაუცველი პირის ანგარიშზე ჩაირიცხება, მას   სოციალური დახმარება ავტომატურად შეუწყდება. ნინო ზამბახიძემ წამოაყენა ინიციატივა, რამდენიმე წლით დაწესდეს მორატორიუმი, სოციალურად დაუცველ პირებს დამატებითი შემოსავლების არსებობის შემთხვევაში, არ მოეხსნათ დახმარება. ბიზნესმენის განმარტებით, ეს ადამიანები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, ჩაერთვებიან ეკონომიკურ პროცესში და შემდეგ უკვე მუდმივად დასაქმებული იქნებიან...

მთავრობის თავმჯდომარემ თავყრილობის მონაწილეებს პრობლემების მოგვარება აღუთქვა. გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ უკლებლივ ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილება, მიღებულლი იქნება ბიზნესის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. მისი კიდევ ერთი პირობა ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ეხებოდა. „ძლიერი და სოციალურად პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი“, − განაცხადა გიორგი გახარიამ. სულ ეს იყო, ახლა საინტერესოა, რას გაითვალისწინებს მთავრობა და რა დრო დასჭირდება დაპირებების შესრულებას?!    

 

1127