ტელევიზიების ოპერატორები

ერთის ნაცვლად სამი კრიტიკული ტელევიზია ანუ ახალი შანსი ქართველ ჟურნალისტთა კოჰორტისათვის

189
(განახლებულია 13:55 22.10.2019)
სად წავიდნენ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები და რა გეგმები აქვთ ახალ მედია-კომპანიებს

„რუსთავი 2“-ის ირგვლივ დავა გრძელდება. ტელეკომპანია ისევ დაყადაღებულია. ამჯერად აქიმიძისა და დვალის სარჩელის საფუძველზე, რომლებიც კომპანიის 50 პროცენტიან წილს ითხოვენ. პარალელურად, ძლიერდება „მთავარი არხი“ და „ფორმულა“. ხოლო „რუსთავი 2“-ის სულისკვეთება და სტუმრები თითქმის უცვლელნი რჩებიან.

მართალია, ხელისუფლებამ მედიასთან სტრასბურგში სარჩელი მოიგო, მაგრამ შედეგად ერთის ნაცვლად სამი დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია მიიღო. თუ ამას „TV პირველს“ და „კავკასიას“ დავუმატებთ, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მმართველმა ძალამ ამ ბრძოლაში რაიმე სერიოზულ მიზანს მიაღწია.

არადა, მედია გადაკიდებულია, დასავლური ორგანიზაციები - ინფორმირებული...

ზოგადად, მედია თავისი არსით კრიტიკულია. ადამიანებს უყვართ და აინტერესებთ განსხვავებული, თუნდაც საწინააღმდეგო აზრი. ხოდა, საქართველოს მოსახლეობის ძალზეც მცირერიცხოვან აუდიტორიას ჰყავს, ერთის მხრივ, ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის მედგრად მებრძოლი გვარამია-კეზერაშვილ-სააკაშვილის მომხრე ჟურნალისტების არმია, მეორეს მხრივ კი უმოტივაციო და ცოტა შეშინებული სამთავრობო მედია, რომელთა ნაწილი პოზიციის დაკარგვას დარდობს, ნაწილი კი „ქართული ოცნების“ მხარეს ისევეა დროებით, როგორც თავის დროზე  „ნაციონალების“ მხარეს იყო და ცხოვრებას ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ასე თუ ისე, იწყობდა.

სასამართლო პროცესები, როგორც წესი, ანგრევს კომპანიას. ამიტომაც იყო სწორი გადაწყვეტილება გვარამიას და მისი გუნდის მხრიდან, დაეწყოთ სუფთა ფურცლიდან, თუმცა „მთავარ არხს“ ჯერჯერობით მაინც მესამე ძალად დაფიქსირებას უწინასწარმეტყველებენ.

ახალი სატელევიზიო რეიტინგებით, „რუსთავი 2“-ის მაყურებლის ნაწილი, დაახლოებით 10 პროცენტი, „მთავარი არხის“ ეთერში გასვლამდე „TV პირველმა“ წაიყვანა. ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვალა და საპროტესტო მაყურებელი ისევ „მთავარ არხს“ დაუბრუნდა.

„მთავარი არხი“ არც მალავს, ვის მხარესაა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მასში წილიც კი იყიდა. ეს კონტრიბუცია სხვა არაფერია, თუ არა იმის ჩვენება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ესმის მედიის მნიშვნელობა და მზადაა, მის შესანარჩუნებლად ფულიც გაიღოს.

მეორეს მხრივ, ბოკერია-ბაქრაძის ფრთა სავარაუდოდ, „ფორმულას“ დაუჭერს მხარს, თუმცა აქ უდავოდ უნდა აღინიშნოს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ისედაც ფლობდა „ტაბულას" და არ უჭირდა საზოგადოებამდე საკუთარი ეპატაჟური აზრების მიტანა.

თუ „ფორმულა" და „ევროპელი დემოკრატები“ ხელისუფლების მიერ დაშვებული ოპოზიციაა და მასთან ალიანსში მყოფი, ეს ძალიან მალე გაირკვევა.

ალბათ, საპარლამენტო არჩევნები იქნება ყველაზე კარგი ლაკმუსის ქაღალდი იმის საჩვენებლად, ვინ სად დგას.

აქვს თუ არა პოტენციალი „ქართულ ოცნებას“, შექმნას ისეთივე სერიოზული იდეოლოგიური ფრონტი მედიაში, როგორც ეს მოხერხდა სააკაშვილის მმართველობისას? ვფიქრობთ, აღარ აქვთ და არც არის საჭირო.

„ოცნებას“ ჰყავდა გულანთებული და სიმართლისათვის მებრძოლი ადამიანების გუნდი „ინფო 9“-ში, რომელთაც 2012 წლის დეკემბერში უთხრეს, რომ მისია შესრულებულია, პროექტი დასრულებული და მადლობის უთქმელად გაუშვეს სახლებში. მერე დრო გავიდა. ამ ადამიანების ნაწილმა რაღაც პოზიცია მოიპოვა, ნაწილი ქვეყნიდან საერთოდ წავიდა, ნაწილი კი ისევ სახლში ზის. მათი შემობრუნება და რწმენის დაბრუნება ძალიან რთული იქნება...

ამ ფონზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩნდება შანსი, ჩამოყალიბდეს ნამდვილად პროფესიონალური და ობიექტური მედია. მედია, რომელიც არავის მხარეს არაა და უბრალოდ, ასახავს მოვლენებს ანდა

თავად ქმნის საზოგადოებრივ აზრსა და რეალობას. ანუ ჩნდება შანსი მეოთხე ხელისუფლების რეალურად ჩამოყალიბებისათვის. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ შანსს ქართველ ჟურნალისტთა კოჰორტა.

 

189
ძველი თბილისის დაკეტილი კაფეები და რესტორნები

„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

858
(განახლებულია 20:11 30.11.2020)
რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობა შეიზღუდა. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება ამ სექტორისთვის მოულოდნელი, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ემუქრება თუ არა ბიზნესის ამ სახეობას განადგურება?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა, დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში ხანგრძლივად ვიმოგზაურე... არახალია, ვირტუალურ სამყაროში მთელი სიდიადით შეიგრძნობთ ჩვენი დროების მრავალფეროვნებას. ვინ რა თქვა, ვინ რას აპირებს, ვინ ვისთან და რა ვითარებაში, ვინ ვის რითი ემუქრება, ვის რა სწყინს და ვის რა უხარია?.. ერთი სიტყვით, სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობათა შორის ყურადღება მეგობრის FACEBOOK-ის კედელზე გამოქვეყნებულმა წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ფოტოპორტრეტმა მიიქცია. იქვე იყო საგულისხმო მინაწერიც: „ვხედავ, დეკემბერში დაბადებული ხალხი რესტორნებში ვერ გადაიხდიან დაბადების დღეს!“ ბევრი ვიცინე, მეგობარი ხუმრობდა. წამითაც არ დამიშვია, რომ წინასწარმეტყველი საიუბილეო თარიღების აღნიშვნის დისლოკაციის ადგილის პროგნოზირებით დაკავდებოდა, ის მხოლოდ გლობალურ საკითხებს უთმობს ყურადღებას. არ შევმცდარვარ, გადავამოწმე, ქალბატონი ლელას კედელიც დავათვალიერე, თუმცა მსგავსი არაფერი მინახავს. დღევანდელი გადასახედიდან კი ნათელია, რომ ხუმრობა რეალობად იქცა. მკითხველი ბრძანებს, მეგობარი შეცდა, ერთი თვით შემოიფარგლა, არადა დეკემბრის იუბილარების ბედს იანვარში დაბადებულებიც გაიზიარებენო და მართალიც იქნება. სიტყვა გამიგრძელდა, დროა, ყურადღება მთავარი სათქმელისკენ მივაპყრო. მადლობა მეგობარს, უწყინარმა ხუმრობამ წინამდებარე სტატიაზე მუშაობის სტიმული მომცა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, გამონაკლისი არც სარესტორნო ბიზნესია. კერძოდ, მრავალპუნქტიან დოკუმენტში ვკითხულობთ: „რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. Takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებები. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მათთვის შოკისმომგვრელი იყო. შეზღუდვის შედეგად კი მეოთხედ მილიონამდე ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მუშაობს, უმუშევარი დარჩება.

„შეხვედრების დროს ჩვენ მთავრობას ვთავაზობდით – ოქროს შუალედი მოგვენახა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ უკვე არსებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი მომხდარიყო და ვინც არღვევდა მოთხოვნებს, მკაცრად ეგო პასუხი. მაგრამ მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრისას ასეთი ვერსია არც კი განიხილებოდა“, − განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ რესტორნების 90 პროცენტი ვეღარც გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 11.000 რესტორანი, მათ შორის 40 პროცენტი − თბილისში, 60 პროცენტი − დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. „თბილისსა და დიდ ქალაქებში რამდენიმე რესტორანი ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის ისე, რომ რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ შეზღუდვების შედეგად მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ“, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე, რომელიც დასძენს, რომ „ლოკდაუნს“ შედეგი არც წინა შემთხვევაში გამოუღია, გარდა იმისა, რომ ბიზნესს პრაქტიკულად გადაულახავი პრობლემები შეუქმნა. კოტე გაბრიჩიძის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პაკეტი კარგია, მაგრამ ფაქტიურად განადგურების პირას მყოფი

ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება დიდი შეღავათი ვერ იქნება.

„მესმის, ამ „ლოკდაუნებით“ შედეგი მიგვეღო, მაგრამ არა მარტო სარესტორნო ბიზნესი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურეთ, ხოლო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ. ამჯერად საუბარია რესტორნების ე.წ. დელივერი სერვისით მუშაობაზე. პროდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, თანამშრომელი როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და მერე უკან სახლში როგორ უნდა დაბრუნდეს, ამაზე არავინ ფიქრობს“, − აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა პოზიციას ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც იზიარებს. მათი შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ სფეროში მომუშავე პერსონალი COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდ რისკ-ზონას არ წარმოადგენს.

„დიდი საწარმოები, მშენებლობის სექტორი და სხვა სექტორები, რაც ქმნის ეკონომიკის დიდ ნაწილს, იმათ რატომ არ აჩერებენ, იქ არ არის ვირუსის გავრცელების რისკ-ზონა მაღალი? ცხადია: ის რომ გააჩერონ, მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება. არასამართლიანი მიდგომაა, რატომ ვაჩერებთ კვების ობიექტებს? საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება გასაგებია, ეს ვირუსის გავრცელების ტემპს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეჭვი მეპარება, კვების ობიექტებისა და რესტორნების ოპერირების შეჩერება რამენაირად ამცირებდეს ვირუსის გავრცელების ტემპს. თუ რომელიმე საწარმო არის ვირუსის ტემპის გავრცელების მაღალი მატარებელი, ეს პირველ რიგში დიდი საწარმოებია, სადაც ბევრი ადამიანი ერთდროულად მუშაობს“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

მისი შეფასებით, არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, გამოიწვევს ეკონომიკის ვარდნას, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი უმუშევარი დარჩება. ექსპერტი მიანიშნებს, რომ, ზოგადად, დაწესებული რეგულაციები ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობის შედეგია.

„როგორ ხორციელდება მართვის პროცესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში?.. სწორად მართვა ნიშნავს, საავადმყოფოებში ხვდებოდნენ ის პაციენტები, რომელთაც ჰოსპიალიზაცია სჭირდებათ. პროცესის სამართავად ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომელიც მან ვერ გამოიყენა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ვერ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევა, ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ვის არა, როგორ ვმართოთ ეს პროცესი. ჯანდაცვის სისტემის მართვის პროცესში არ მეგულება ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ეფექტური მართვა შესაძებელია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ვერ ახერხებს. ამის ფასს კი დანარჩენი საზოგადოება ვიხდით ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებით“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად შეზღუდვების გამკაცრება და გაფართოება საქართველოს ეკონომიკაზე რომ ნეგატიურად იმოქმედებს, ამას არავინ უარყოფს. საკამათო არც ის არის, რომ ქვეყანას მძიმე ზამთარი და გაზაფხული ელის. ახლა მთავარია, რომ მკაცრად დავიცვათ რეგულაციები და მედიკოსთა რეკომენდაციები. სხვაგვარად ალბათ ვერც თებერვალ-მარტში დაბადებულებს ექნებათ დაბადების დღის არა თუ რესტორანებში, არამედ ვიწრო წრეში გადახდის ხალისი. და, ბოლოს, არ დავივიწყოთ, ადამიანის მრავალ უფლებათა შორის მთავარი სიცოცხლის უფლებაა. სხვა ყველაფერი მოიცდის!..

 

858
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მიმოხილვა: როგორ წარმოიშვა მითები თურქული დრონების შესახებ ყარაბაღში

22
(განახლებულია 10:09 29.11.2020)
საომარი მოქმედებები 21-ე საუკუნეში არ შეიძლება იყოს „იაფი და გაბრაზებული“, მაგრამ ვერც ცალკეული ტექნოლოგია, მაგალითად, როგორიცაა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები, გამარჯვების გარანტი ვერ იქნება.

განმსაზღვრელ როლს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის მთელი სისტემა, თავდაცვითი მრეწველობის პოტენციალის, არსენალებისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების ჩათვლით. ყარაბაღის კონფლიქტმა პირველ რიგში თურქული Bayraktar TB2-ის უპირატესობა კი არ აჩვენა ჰაერში, არამედ სომხეთის მხრიდან საკუთარი ძალების გადაჭარბებით შეფასება და თავდაცვის ცუდი ორგანიზაცია მიწაზე.

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მედია-სივრცეში არაერთი შეფასებითი პუბლიკაცია გაჩნდა, რომელთა შინაარსი ორ მარტივ მტკიცებულებამდე შეიძლება დავიყვანოთ:

1. აზერბაიჯანმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ თურქული დრონები ჰქონდა;

2. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „მძიმე“ სისტემები უსარგებლო ხდება დრონების თანამედროვე ომში.

ესოდენ გამარტივებული მიდგომა ექსპერტების შედარებით აბსტრაქტული სამხედრო-ტექნიკური ცოდნითა და ასევე სომხური საბრძოლო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მარცხის თვალსაჩინო მაგალითების უზარმაზარი რაოდენობით აიხსნება. მაგრამ რეალობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი შეხედულებები მასზე.

სასწაულები არ არსებობს, ნებისმიერი ფილმის რეჟსორის ჩანაფიქრის ნაყოფია. „ბაირახტრებისა“ თუ აზერბაიჯანის არმიის სხვა დრონების მიერ ყარაბაღში გადაღებული ვიდეოსიუჟეტები იმთავითვე მოწინააღმდეგის საბრძოლო სულის განადგურებასა და თურქული დრონების შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ამასთან კადრს მიღმა რჩებოდა „ამაო ფრენები“ და შეცდომები, ასევე ათობით დრონის ჩამოგდების კადრები.

ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების ძირითადი ინსტრუმენტები კვლავ საარტილერიო იარაღი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები რჩება. ჯარებში ამგვარი ტექნიკა უფრო მეტია, ვიდრე უპილოტო საფრენი აპარატები. არტილერია შეუდარებლად ძლიერია საომარი სიძლიერის კუთხით. მაგალითად,  მილიონ დოლარად ღირებულ Bayraktar-ს სამიზნემდე 150 კგ საბრძოლო მასალის მიტანა შეუძლია, ხოლო შედარებით ბიუჯეტური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ერეთ ზალპში ტონობით მომაკვდილენელი ლითონი შედის. ამგვარად, არტილერია მნიშვნელოვნად ამცირებს სამიზნეების განადგურების „თვითღირებულებას“.  

დაუდევარი თავდაჯერებულობა

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწორად ორგანიზებულ, ეშელონირებულ სისტემას მოწინააღმდეგის დრონების ნებისმიერ რაოდენობასთან გამკლავება შეუძლია, ხოლო რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებს წამებში შეუძლია მათი კოორდინატების გამოთვლა.  ამასობაშ კი ყარაბაღში განთავსებული სომხური თავდაცვის სისტემების ცალკეული კომპლექსები ვერ უზრუნველყოფდა საიმედო თავდაცვას ― არა მარტო მოძველებული მახასიათებლების გამო. ამაზე ისახებოდა სამსახურის ორგანიზების დონეც და სისტემის არარსებობაც. შევნიშნავთ, რომ 1960-იანი წლების საზენიტოპსარაკეტო კომპლექსები Стрела-10 და Оса-АКМ ზოგჯერ ვერ აღწევდნენ „ბაირახტრებამდე“ რვა კილომეტრის სიმაღლეზე. ხოლო თანამედროვე კომპლექსები Тор-М2КМ და Бук-М2Э მხოლოდ ერევანსა და მეწამორის ატომურ სადგურს იცავდნენ.

კიდევ ერთი პრობლემა ― ეს ადგილზე შენიღბვის არარსებობა იყო. ცალკეული სამხედრო ობიექტები თითქოს ყვიროდნენ, მომკალიო.

მეორე მხრივ, როცა თურქულმა დრონებმა „შემთხვევით“ დაიწყეს ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე შეფრენა, იქ სწორად ორგანიზებულმა თავდაცვისა და რადიოელექტრონული  ბრძოლის სისტემებმა უპრობლემოდ ჩამოყარეს ისინი. შესაბამისად, დრონებმა მალევე შეწყვიტეს იქ ფრენები. 

1994 წლის გამარჯვებამ ჩამოაყალიბა და წლების განმავლობაშ განამტკიცა მითი სომხური არმიის უძლეველობის შესახებ ყარაბაღის მიმართულებით. მხოლოდ ამით შეიძ₾ება აიხსნას სერიოზული საინჟინრო ნაგებობების არარსებობა მდინარე არაქსიდან მრავას ქედამდე ასკილომეტრიან ხაზზე. ღია ტრანშეები და საცეცხლე წერტილები, ბლინდაჟები ― ეს გასული საუკუნის დასაწყისის ფორტიფიკაციის ნიმუშებია.  სომხურ მხარეს არ უზრუნია გამძლე საცეცხლე წერტილებისა (რკინაბეტონის) და მიწისქვეშა კომუნიკაციების შექმნაზე, მიუხედავად იმისა, რომ დრო სრულიად საკმარისი ჰქონდათ ― 25 წელზე მეტი. ამ ფონზე კი სომხეთის პრემიერ მინისტრი 2019 წელს აცხადებდა, ყარაბაღი სიმხეთიაო (თუმცა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არ ცნო), ხოლო თავდაცვის მინისტრმა დავის ტონოიანმა კონცეფციის ასეთი ფორმულირება ჩამოაყალიბა: „ახალი ტერიტორიები ახალი ომის შემთხვევაში“.

სომხური მხარის სამხედრო პოტენციალი 27 სექტემბრისთვის რამდენჯერმე ჩამორჩებოდა აზერბაიჯანულს. თუმცა მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მაინც დიდი მსხვერპლი ჰქონდა. სამხრეთის მიმართულებით აზერბაიჯანულმა ძალებმა ერთ-ერთ ეტაპზე ათმაგი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 30-40 კილომეტრით წაიწიეს წინ.  ბაქოს ბლიცკრიგი არ შედგა. უნდა აღვნიშნოთ სომეხი სამხედროებისა და მოხალისეების სიმტკიცე და სიმამაცე, რომლებსაც საბრძოლო მართვის ცენტრალიზებული სისტემის, ჰაერიდან დაცვის არქონის პირობებში უწევდათ ბრძოლა.

სირიული და ლიბიური გამოცდილება

თუ რუსული თავდაცვის სისტემებისა და თურქული დრონების შედარების თემას დავუბრუნდებით, შეიძლება სირიასა და ლიბიაში მომხდარი „დრონთა ცვენა“ გავიხსენოთ, სადაც პროფესიონალურად გამოიყენეს საზინიტო-სარაკეტო კომპლექსები Тор-М2КМ, Бук-М2Э და Сосна.. ასეთივე მაღალეფექტურობა გამოავლინა Панцирь-С1-მაც. ეს კომპლექსები დროულად რომ განეთავსებინათ მთიან ყარაბაღში, ისინი თურქულ „ბაირახტრებს“ ერთ შანსსაც არ დაუტოვებდნენ.

რუსეთმა სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი კომპლექსები Леер-3 გადაისროლა. მისი ძირითადი ამოცანები ― ეს ფიჭური კავშირის GSM-ს, 3G და 4G სისტემების სიგნალების ჩახშობაა. კომპლექსი ერთი ავტომობილი „კამაზისა“ და ორი-სამი დრონ „ორლან-10-სგან“ შედგება, რომელთა გამოყენების რადიუსი 120 კმ-ა.

დრონს შეუძლია აღმოაჩნოს ტელეფონები, პლანშეტები აწარმოოს დაზვერვა, დაიტანოს მონაცემები ციფრულ რუკაზე და გადასცეს ისინი არტილერიას იერიშის მისატანად.

ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ გაყინულია და არა გადაჭრილი, და დაზვერვისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს მცირედითაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

22
ტყე

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
(განახლებულია 11:55 30.11.2020)
სტრესული და დრამატული ვითარებებისგან თავისუფალი თვე გველოდება. მისი მთავარი მახასიათებელი მონოტონურობა იქნება. წინასაახალწლო განწყობა კი, შესაძლოა, რამდენადმე ბანალური იყოს და არ ეტყობოდეს ის საყოველთაო მხიარულება, რაც ზოგადად ამ პერიოდს ახასიათებს

ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ზამთარი ემოციური სიცივისა და ამაღლებული მერკანტილიზმის პირობებში დაიწყება.

რაც შეეხება ცალკეულ სტიქიებს, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს – თხის რქებს, ქალწულებსა და კუროებს ვენერა გაუწევს მფარველობას. მათთვის უსიამოვნებები პიროვნულ ურთიერთობებში მოსალოდნელი არ არის.

წყლის სტიქიის წარმომადგენლებს – კირჩხიბებს, მორიელებსა და თევზებს სატურნი გაუწევს მფარველობას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ბუნებით ბოძებული ინტუიცია.

ცეცხლის სტიქიის ნიშნებს – ლომებს, ქალწულებსა და ვერძებს ძალიან აქტიურად არა, მაგრამ მაინც დაეხმარება მზე. ზამთრის დასაწყისში ნაკლებად სავარაუდოა იმუნიტეტის დაქვეითებასთან და ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები.

რაც შეეხება ჰაერის ნიშნებს – ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს, დეკემბერში მათი მხარდამჭერი მთვარე იქნება. მათი ინტუიცია კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც საუკეთესო დამხმარე იქნება საქმიანობაში.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

ვერძი

ვერძებს რამდენადმე ქაოტური თვე გელოდებათ. სხვადასხვა სურვილს შორის „გაიხლიჩებით“: მოგზაურობა, სამუშაოს შეცვლა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება, დაქორწინება... ერთი უკიდურესობიდან მეორეში შეიძლება გადავარდეთ, ამიტომ გონივრული მოქმედებებია საჭირო. დეკემბერი სურვილების განხორციელებისთვის ძალზე ხელსაყრელი თვეა, მაგრამ სანამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, წელიწადი ვალებისა და შეუსრულებელი დაპირებების გარეშე დაასრულოთ, ნუ გაიყოლებთ „კუდებს“ მომავალი წლისთვის. ურთიერთობებში არ გამოავლინოთ აგრესია, მოერიდეთ კონფლიქტებს ახლობლებთან. წინასაახალწლოდ სასიამოვნო სიურბრიზები გელოდებათ. ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი თვის ბოლო კვირა იქნება.

კურო

კუროებისთვის ძალზე სასიამოვნო დრო დგება. შეძლებთ მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებას, მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებას. ფორტუნა თქვენ გვერდით იდგება ყველა სფეროში – სიყვარულში, საქმიანობაში, ოჯახურ საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით, ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ, რადგან მიმდინარე მოვლენებზე პასუხისგებლობის აღება საკუთარ თავზე მოგიწევთ.

მარტოხელებისთვის ამ თვეში სიყვარულის პოვნის პერსპექტივა არ ჩანს. ჯანმრთელობას რაც შეეხება, დეკემბერში მას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. იმუნიტეტი დაქვეითებული გექნებათ, ასევე პრობლემები შეიძლება იყოს ემოციური თვალსაზრისით. ასტროლოგები გირჩევენ, უარყოფით ვითარებებს შეძლებისდაგვარად არ მიაქციოთ ყურადღება. წაგადგებათ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ფინანსების მხრივ წარმატებული თვის ბოლო დეკადა იქნება.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო>>

ტყუპი

მთლიანობაში სტაბილური თვე გელოდებათ, თუმცა გარკვეული ემოციური დაძაბულობები მაინც იქნება. მოგიწევთ ამტანობისა და სტრესისადმი მდგრადობის გამოჩენა. პრობლემებია მოსალოდნელი სამსახურშიც. მაგრამ ასტროლოგები როგორც ამბობენ, ამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და ნებისმიერ წვრილმანზე არ მოიშლით ნერვებს.

სიყვარულსა და ურთიერთობებში კარგი იქნება, თუ ჩხუბსა და აყალმაყალს მოერიდებით. სამუშაოზე თვის შუა პერიოდში ინტრიგები და ჭორებია მოსალოდნელი, მაგრამ წლის ბოლოს ყველაფრის გარკვევასა და გამოსწორებას შეძლებთ. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები და ზოგადად, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა. თქვენი ფიზიკური მდგომარეობა დეკემბერში სტაბილური იქნება. ყურადღება გმართებთ ემოციური ფონისადმი – უნდა შეივსოთ პოზიტიური ენერგიით. ამაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ტყუპი>>

კირჩხიბი

კირჩხიბებმა წლის ბოლოს სამსახურთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. სანამ კონტრაქტს დადებთ ან საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან. ვარსკვლავები გირჩევენ, შეწყვიტოთ ყველასა და ყველაფერში ეჭვის შეტანა, დატკბეთ იმით, რაც გაქვთ.

თვის პირველ ნახევარში სიყვარულის სფეროში მრავალი სასიამოვნო რამ გელოდებათ: საჩუქრები, სიყვარულში გამოტყდომა, რომანტიკული ნაცნობობა. მარტოხელებს ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებზე იმედების დამყარება ჯერ ადრეა, ხანმოკლე მსუბუქი ფლირტი კი მრავალი დადებითი ემოციით აგავსებთ. ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილე გმართებთ დეკემბრის მეორე ნახევარში. რაც შეეხება საქმიანობასა და ფინანსებს, აქ ასტროლოგები გირჩევენ, მნიშვნელოვან საქმეებს თვის მეორე ნახევარში შეუდგეთ.

2021 წლის ჰოროსკოპი: კირჩხიბი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ლომი

დეკემბერში გექნებათ შეგრძნება, რომ ომის ველზე იმყოფებით და თითქოს მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა. ამის გამო დიდი აქტიურობა თვის პირველ ნახევარში ძალების გამოფიტვამდე მიგიყვანთ. ასტროლოგები გირჩევენ, მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. სამუშაოს გამო დეკემბერში ბევრი საზრუნავი გექნებათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში უსიამოვნო სიურპრიზები არ გელოდებათ.

მთელი თვე რომანტიკული განწყობით იქნებით განმსჭვალული, ცოლიან ლომებს ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოიტყუოთ და გარეთ რომანი არ გააბათ – ეს ძალიან სარისკოა. ზოგადად, სასიყვარულო ასპარეზზე დიდი წარმატებები გელოდებათ. მიუხედავად რომანტიკული განწყობისა, მუშაობა ბევრი მოგიწევთ. თვის ბოლოს ფინანსური პრობლემები შეიძლება გამწვავდეს. იფრთხილეთ ამ კუთხით – მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები.

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ქალწული

ქალწულებს თვის პირველი ნახევარი რამდენადმე დაძაბული გექნებათ, მოსალოდნელია ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები და მეტოქეებისა და მოშურნეების ფარული ინტრიგები. მაგრამ დეკემბრის ბოლოს უკვე ბედი გაგიღიმებთ, დადგება მშვიდი პერიოდი. გაგიტაცებთ ყოფითი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, რემონტის გაკეთება, ბინის გადაწყობა და ა.შ. სანამ „საშინაო რევულუციას“ დაიწყებთ, მოიშორეთ თავიდან ყველაფერი უსარგებლო, გათავისუფლდით ძველმანებისგან. ეს ეხება თქვენს ფიქრებსაც – არ გაიკაროთ ნეგატიური აზრები.

სიყვარულსა და ურთიერთობებში ყველაფერი კარგად იქნება. მარტოხელებმა, შესაძლოა, დაქორწინებაც გადაწყვიტონ. ჯანმრთელობას კი უნდა მიხედოთ აუცილებლად, ოღონდ თვითმკურნალობის გარეშე – მიაკითხეთ სპეციალისტს. იმუნიტეტის ამაღლებაში ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ. წარმატებებია მოსალოდნელი სამუშაოზე, თუმცა თვის შუა პერიოდში კონფლიქტებია სავარაუდო, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება, თუ საქმის გარჩევასა და ურთიერთობების გამორკვევაზე დროს არ დახარჯავთ. თვის მეორე ნახევარში დამატებითი შემოსავალი გელოდებათ.

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

სასწორი

წლის ბოლო თვეში სასწორებს არ გელოდებათ არც განსაკუთრებული წარმატებები და არც განსაკუთრებული ცვლილებები. ამ თვეში, სჯობს, უარი თქვათ შორეულ მგზავრობაზე, ყურადღებით იყოთ ახალ ნაცნობებთან, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია საშინაო საქმეებში გარკვეული ორომტრიალი, ფინანსური პრობლემები, მაგრამ, სავარაუდოდ, გაჩნდება შემოსავლების მოულოდნელი წყარო და პრობლემას გაუმკლავდებით.

თვის დასაწყისი კარგი დროა სერიოზული ურთიერთობების დაწყებისთვის. დაოჯახებულებს კი შუა რიცხვებში ოჯახური კონფლიქტი ელოდება. თუ ეგოისტურად და ჯიუტად მოიქცევით, არაა გამორიცხული, რომ კავშირი გაწყდეს. ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ უფრო მოქნილი და ეძებოთ კომპრომისი და გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. რაც შეეხება სამუშაოს, დეკემბრის ბოლოს ახალი იდეები გაგიჩნდებათ, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ცხოვრება დინამიკურად განვითარდება.

მორიელი

დეკემბერში მორიელებს საზრუნავი ახლობლების ჯანმრთელობის მხრივ გაგიჩნდებათ, რაც ემოციურად და სულიერად დაგღლით. სამუშაოზე, სჯობს, გაღიზიანება არ გამოავლინოთ. წლის ბოლო კვირები ოჯახთან ერთად გაატარეთ, უარი თქვით შორეულ მგზავრობაზე, შეამცირეთ საქმიანი აქტიურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. დეკემბრის ბოლოს დაისვენეთ, ხოლო იანვრიდან უკვე ენერგიულად შეუდექით საქმიანობას.

დაოჯახებულ მორიელებს შესაძლოა პრობლემები გაგიჩნდეთ ბავშვებთან ურთიერთობებში, მოგიწევთ ავტორიტეტის მოპოვება. მარტოხელებს გაგიმძაფრდებათ სასიყვარულო და საქმიანი გმირობისადმი მიდრეკილება, მათ შორის, არაა გამორიცხული სარისკო რომანების გაბმა. რაც შეეხება ქალ მორიელებს, მათ შესანიშნავი შანსი აქვთ დაორსულების. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ასტროლოგების რჩევაა, პირველ რიგში ნერვულ სისტემას გაუფრთხილდეთ, ასევე არის ტრავმების მიღების ალბათობა, ხოლო სამუშაოსა და ფინანსების მხრივ ცვლილებები შუა თვეშია მოსალოდნელი ცვლილებები პროფესიული კუთხით დადებითი იქნება, ფინანსების მხრივ გაურკვეველი ვითარება ჩამოყალიბდება, ამიტომ, სჯობს, ხარჯები შეამციროთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ დეკემბერში სიფრთხილე გამოიჩინოთ საქმიანობისა და მგზავრობის დროს. მგზავრობა სჯობს, თვის ბოლოსთვის გადაიტანოთ. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ და რამე სარისკო პროექტში ჩაებათ. შუა რიცხვებში პირად საქმეებში შესაძლოა, წყენა და ბრაზი გაჩნდეს, მაგრამ გეყოფათ საიმისო ძალა, რომ ურთიერთობები მოაგვაროთ. ასევე შუა რიცხვებში ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი.

ოჯახურ ურთიერთობებში იყავით გულწრფელი, გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან. ბევრ თქვენგანს გარეგნობაში სიახლეების შეტანის სურვილი გაუჩნდება – ეწვიეთ სილამაზის სალონს, განაახლეთ გარდერობი, არ შეუშინდეთ ცვლილებებს. რაც შეეხება სამუშაოს, აქ პრობლემებია მოსალოდნელი, მაგრამ პანიკაზე აყოლა არაფერს გარგებთ, შეხედეთ ყველაფერს ფხიზელი გონებით. ამასთან, თვის შუა რიცხვებში ახალი სამსახურის პერსპექტივა შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც კარგ შემოსავალს გპირდებათ. წლის ბოლო იდეალური დროა რამე ახალი საქმის დასაწყებად.

თხის რქა

დეკემბერში თხის რქებს უამრავი დადებითი და უარყოფითი ემოცია გელოდებათ. საკმაოდ წარმატებული დროა რომანტიკული და სამუშაო კავშირების განვითარებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, დაძაბული სამუშაო გრაფიკი მოდუნებისა და ახალი წლისთვის მომზადების საშუალებას არ მოგცემთ. თვის ბოლოს დიდი ფინანსური ხარჯები გელოდებათ. ამ პერიოდში შეანელეთ სამუშაო ტემპები და მოერიდეთ რთულ პრობლემებს. 20 დეკემბერის შემდეგ თქვენი განწყობა გაუმჯობესდება.

საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად ბევრი დრო დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, წლის ბოლო დაუთმოთ საკუთარ პიროვნებას, ფასეულობათა გადახედვას, პრიორიტეტების განაწილებასა და მომავლის დაგეგმვას. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ, რომელიც, შესაძლოა, მტკიცე და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ბოლო ხანს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო თქვენი განწყობა ცვალებადი იქნება. აუცილებლად გჭირდებათ დასვენება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ისეთ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც თქვენში გაღიზიანებას არ იწვევენ. ფინანსური კუთხით გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი შუა რიცხვებში, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება და წლის ბოლოს „ბედნიერი ბილეთის“ მფლობელი გახდებით.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მერწყული

მერწყულებს დეკემბერში ფულთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. შემთხვევებს, რომლებიც ცხოვრებას გირთულებთ, ფილოსოფიურად შეხედეთ. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და განწყობას, რათა ირგვლივ მყოფ ადამიანებს პრობლემები არ შეუქმნათ.

პირად ცხოვრებაში საკუთარი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, ეცადეთ და ყველაფერი გამოგივათ. მარტოხელებს ძალიან საინტერესო შეხვედრა გელოდებათ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ეს სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ეძებდით. დეკემბრის მეორე ნახევარს, კარგი იქნება, თუ დასვენებასა და შემოქმედებას მიუძღვნით, ზედმეტად არ გადაიღალოთ. ფინანსების კუთხით დეკემბერში დიდი მოლოდინები გაქვთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმედები ახდეს. თვის შუა რიცხვებში ეცადეთ, არ ჩაებათ ავანტიურაში, როგორი მომგებიანიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ის. მოსალოდნელია დიდი ხარჯები, მაგრამ თვის ბოლოს, თქვენი სიმტკიცისა და ინიციატივების წყალობით, წარმატებას მიაღწევთ და მოგებასაც მიიღებთ.

თევზები

წლის ბოლო თვე თევზებისთვის ზოგიერთი საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემის გადაჭრისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. ეცადეთ, ამ პერიოდში საკუთარ სურვილებს ხორცი შეასხათ. თუ წლის ბოლომდე ყველა საქმეს გაუმკლავდებით, 2021 წელს თქვენი მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდება. თვის ბოლოს დროს ნუ დაკარგავთ მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვასა და რეალიზებაზე, სჯობს, პერიოდი მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ.

მოერიდეთ ჩხუბსა და კამათს ოჯახშიცა და სამუშაოზეც. დაოჯახებულ თევზებს ჰარმონიული ურთიერთობები გელოდებათ საყვარელ ადამიანთან, ხოლო მარტოხელებს წლის მიწურულს – დიდ სიყვარულთან შეხვედრა. ემოციური თვალსაზრისით თვის ბოლოს განწყობის ხშირი ცვლაა მოსალოდნელი, ამიტომ გაუფრთხილდით თავს და ყველაფერზე ნუ ინერვიულებთ. რაც შეეხება სამუშაოს, აქ ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. მათთან მიმართებით იმპულსური ნაბიჯების გადადგმა არ ღირს. ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი თვე გელოდებათ.

0