ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ფასები იზრდება ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვეს

141
(განახლებულია 11:07 08.10.2019)
იმოქმედებს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ზომები ლარის კურსსა და ფასების ზრდაზე – ამ კითხვით „Sputnik–საქართველომ“ ექსპერტებს მიმართა.

სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 6,4% შეადგინა. ამასთან, საკვები პროდუქტები 11,7%-ით გაძვირდა. ექსპერტები ფასების მატებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.

ნახევარ წელიწადში ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა. თუ 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ იყო 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს მან უკვე 2,9770 GEL/$1 მაჩვენებელს მიაღწია.

ეროვნული ბანკი ლარის გამყარებისთვის ბრძოლას აგრძელებს>>

ეროვნულმა ბანკმა უკვე ორჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და გაყიდა რეზერვების ნაწილი, მაგრამ ამ ზომებმა მხოლოდ ხანმოკლე შედეგი გამოიღო. ბოლოს ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა 26 სექტემბერს, როდესაც ლარის კურსმა ანტირეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 2,9808 GEL/$1. ამის შემდეგ ლარი ცოტა ხნით გამყარდა, მაგრამ 1 ოქტომბრისთვის თითქმის დაუბრუნდა ამავე პოზიციას.

პანიკის საფუძველი არ არსებობს

„პანიკის საფუძველი არ არის, ჩვენ თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პირველი არხის ეთერში.

გვენეტაძის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა ეროვნული ვალუტის მოსალოდნელზე მეტად გაუფასურებამაც გამოიწვია, რაც ზაფხულში რუსეთის მიერ ორ ქვეყნას შორის ფრენების აკრძალვას მოჰყვა შედეგად.

GEO VERSION - Лари, живи!
ლარო, იცოცხლე!

„მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში რუსეთის მხრიდან ავიასანქციების დაწესებამ გააჩინა მოლოდინები, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სავალუტო შემოდინებები ფაქტობრივად შემცირდებოდა, რომ იქნებოდა ასეთი შემცირება. მოლოდინების მექანიზმი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამას შემდეგ ტურისტული შემოსავლების ფაქტობრივი შემცირებაც მოჰყვა: ივლისში – 13 პროცენტით, აგვისტოში – 11 პროცენტით“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკი: საქართველომ აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლების 10% დაკარგა>>

მისი თქმით, პირველ პერიოდში კურსის გაუფასურებას ინფლაციისთვის პრობლემები არ შეუქმნია, მაგრამ ახლა ეს უკვე ქმნის პრობლემას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ეროვნულ ბანკს ინფლაციის სამართავად საკმარისი ბერკეტები აქვს და იგი ამ ბერკეტებს გამოიყენებს. ამიტომ ინფლაცია აუცილებლად შემცირდება.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს. გამოვიყენეთ საპროცენტო რეფინასირების განაკვეთი და ორჯერ გავზარდეთ 0.5 პროცენტით. ორჯერ გავყიდეთ სავალუტო რეზერვები და ორი დღის წინ 5 პროცენტით შევამცირეთ უცხოურ ვალუტაზე რეზერვების მოთხოვნა“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

შედეგად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საბანკო სექტორს შესაძლებლობა აქვს, ეკონომიკას უცხოური ვალუტის მეტი ლიკვიდური სახსრები მიაწოდოს.

„ჩვენ თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელმაც უნდა შეამციროს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის პირობები და ინფლაცია აუცილებლად შემცირდება“, – განმარტა გვენეტაძემ.

ლარის გამყარება უახლოესი ერთ თვის განმავლობაში დაიწყება

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა ზომებმა შედეგი უნდა გამოიღოს – პირველ რიგში, ლარის კურსის ვარდნა შეაჩეროს, შემდეგ კი გაამყაროს.

„მთლიანობაში, ზომები დადებითად შეიძლება შეფასდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ზომების გატარება ბევრად ადრე შეიძლებოდა. ნაკლები დანაკარგით როგორც ბანკის რეპუტაციისთვის, ისე ვალუტის კურსისთვის“, – განაცხადა არჩვაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

„კურსის გამყარება, ვფიქრობ, აუცილებლად დაიწყება უახლოეს თვე-ნახევარში. რადგან უკვე დაგროვილია გარკვეული პოზიტიური შედეგი. ეკონომიკაში არ არსებობს ასეთი ელვისებური რეაგირება შეცვლილ პირობებზე. ანუ გადაწყვეტილებები მიიღება გარკვეულ პერიოდში, შედეგები კი მიიღწევა რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. მით უმეტეს, ჩვენ აღგვენიშნება დადებითი შემთხვევა, რომელიც იმპორტთან შედარებით ექსპორტის ზრდას უსწრებს“, – აღნიშნა არჩვაძემ.

საქართველოს სავალუტო კრიზისის მიზეზები ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის მიზეზი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პრობლემაა.

„ეროვნული ვალუტის მოცულობა თითქმის ხუთჯერ ნაკლებია ქართული ეკონომიკის მოცულობაზე. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად შესამჩნევი შოკის დროს ლარი იწყებს დიდი ამპლიტუდით ხტუნაობას ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა“, – განუცხადა გიორხელიძემ „Sputnik–საქართველოს“.

მისი აზრით, ვერანაირი ინტერვენცია ამ ვითარებას ვერ გამოასწორებს, რადგან საჭიროა უფრო მკაფიო და ურთიერთდაკავშირებული პოლიტიკა.

„ქვეყანაში, რომელიც იმპორტზეა ჩამოკიდებული და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო საკმაოდ შეზღუდული საექსპორტო შესაძლებლობები გააჩნია, ბიზნესმენები მოქმედებენ საკუთარი ნეგატიური მოლოდინების საფუძველზე. კურსი მყარდება – აგებენ ექსპორტიორები, კურსი სუსტდება – წაგებული რჩებიან იმპორტიორები. ორივე შემთხვევაში ამ ყველაფრისგან ზარალდება ბიზნესი და ჩვენი მოსახლეობა“, – ფიქრობს გიორხელიძე.

მისი თქმით, როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების პროცენტს ზრდის, ეს ფულის გაძვირებასაც ნიშნავს.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7,5 პროცენტამდე გაზარდა>>

„ეს ძალიან უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე უბრალო მიზეზის გამო – საქართველოში ფული ცოტაა, ბიზნესს ქრონიკულად არ ჰქოფნის ფული, ასე რომ, ეროვნული ბანკი წყვეტს თავის პრობლემებს და არა ეკონომიკის პრობლემებს. ამიტომ ამ ზომების არ მჯერა“, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.

 

141
თემები:
ლარის კურსის დაცემა (33)
სავალუტო ჯიხური

მიზეზ-მიზეზ... ანუ რა აკლია ლარს?

153
ლარის საშემოდგომო გამოცდა... ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება... რა გახდა ამის მიზეზი და რა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს ფინანსურ სისტემას.

სამსონ ხონელი

სავალუტო ბაზარზე სიახლეა! ღვინობისთვის პირველი რიცხვიდან ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბლუმბერგის ახალ - Bmatch-ის პლატფორმაზე გამართული სავაჭრო გარიგებებით დადგინდება. ეს რას ნიშნავს? − დაინტერესდება მკითხველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მას ნაკლებად აღელვებს, სად და რა წესით ყალიბდება ლარის კურსი. მისთვის მნიშვნელოვანი შედეგია და მოახლოებულ სიახლესაც ამ კონტექსტში განიხილავს, კერძოდ, როგორ აისახება ის ლარის კურსზე. ამ საკითხებზე ვრცლად მომდევნო სტატიაში მოგახსენებთ, ამჯერად კი მარტივად მივანიშნებ - სავალუტო ბაზრის სუბიექტები სიახლის მოლოდინში არიან, თუმცა ეროვნულ ვალუტას, როგორც „წყაროზე“ ამბობენ, დიდი ხანია „დედა აღარ ჰყავს“...

საკამათო არ არის, ლარის გაუფასურების ახალი და სავარაუდოდ, ყველაზე ძლიერი ტალღა დაიწყო. მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა კიდევ 13 პუნქტით გაუფასურდა. კერძოდ, ორშაბათს ლარი 1 დოლართან მიმართებაში 3.22−3.25−ის ფარგლებში მერყეობდა, პარასკევს, დღის მეორე ნახევარში 1 დოლარის ღირებულებამ 3.35−ს ლარს გადააჭარბა. საინტერესოა, რატომ უფასურდება ლარი?.. შესაძლოა, ჩამეძიოთ, ახალი რა უნდა ბრძანოთო, მაგრამ, მე მაინც ვეცდები...  

არავის გავეჯიბრები, თუმცა ვიტყვი, კითხვაზე პასუხის ძიებისას, ექსპერტ-ანალიტიკოსთა აქცენტები, ხშირად, შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გადადის ხოლმე. არადა, პირდაპირ უცხოურ ინვერსტიციებს სავალუტო ბაზარზე ისეთი ძლიერი გავლენა არა აქვს, როგორც სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს - ექსპორტს, ფულად გზავნილებსა და საერთაშორისო ტურიზმს ვგულისხმობ. არც ეროვნული ბანკის პოლიტიკა დავივიწყოთ, თანმიმდევრულად მივყვეთ:

ექსპორტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2071.4 მილიონ დოლარს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტით ნაკლებს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში იმპორტის მოცულობა 4951.4 მილიონი დოლარით, 17.5 პროცენტით ნაკლები იყო. თვალნათლივ ჩანს, რომ სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიუხედავად, ქვეყნის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში, 2880.0 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია და 1.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მთავარია, რომ ექსპორტზე მეტად შემცირებულია იმპორტი ანუ წმინდა ექსპორტი ბალანსში დადებით დინამიკას ინარჩუნებს. სავალუტო კურსზე სწორედ წმინდა ექსპორტის დადებითი დინამიკა ახდენს პოზიტიურ გავლენას. დასკვნა − ლარის საშემოდგომო გაუფასურების მიზეზი ნაკლებად სავარაუდოა, ექსპორტის შემცირება იყოს...    

ფულადი გზავნილები

ეს უცხოური ვალუტის შემოდინების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. „საქსტატისა“ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 184.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 25.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელზე. ვფიქრობ, ეს გარემოება, განსაკუთრებით კი გლობალური კრიზისისას, პოზიტიურად უნდა შეფასდეს. დასკვნა − ფულადი გზავნილების შემოდინების დინამიკა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფაქტორი არ არის.   

საერთაშორისო ტურიზმი

არახალია, ზოგადად, ლარის კურსზე მისი ეფექტი არის, მაგრამ ამ ეტაპზე ის ძალზე მცირეა, რადგან უცხოური ტურიზმის გაჩერების გამო, შემოსავლები ფაქტიურად განულებულია. დასკვნა − ეს ფაქტორი შესაძლებელია, ლარის გაუფასურების მიზეზი იყოს, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთასორისო ტურიზმიდან ვერმიღებული შემოსავლები, ნაწილობრივ, საერთაშორისო დახმარებებმა დააბალანსა.

ფისკალური ხარჯები

საკამათო არ არის, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელსაც სავალუტო კურსზე გავლება აქვს. მოგეხსენებათ, რომ აგვისტო-სექტემბერში მთავრობამ სოციალური დახმარების რამდენიმე პროგრამა განახორციელა. 1200 და 300 ლარიანი კომპენსაცია გაიცა დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე, 17 წლამდე პირებმა ერთჯერადი დახმარების სახით 200 ლარი მიიღეს. დასკვნა − ბოლო სამ თვეში ფისკალური ხარჯები გაიზარდა, რის გამოც სავსებით შესაძლებელია, ეროვნულ ვალუტაზე დაწოლა გაზრდილიყო.

ეროვნული ბანკის პოლიტიკა

ეს უწყება ლარის სტაბილურობაზე პირდაპირ აგებს პასუხს. კობა გვენეტაძის უწყებამ სწორედ ეროვნული ვალუტის კურსის მხარდასაჭერად, მარტიდან მოყოლებული სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით, ინტერვენციის სახით სავალუტო ბაზარზე 409.6 მილიონი დოლარი გაყიდა და საფინანსო ბაზარზე მიმოქცევიდან მილიარდ ლარზე მეტი ამოიღო, თუმცა ამავე პერიოდში რეფინანსირების სესხების საბაბით ბაზარს ორ მილიარდზე მეტი ლარი მიაწოდა. კიდევ სხვა საკითხია ეროვნული ბანკის ინტერვენციების სტრუქტურა. თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარს, ძირითადად, 40 მილიონ დოლარს აწვდის. საკითხავია, ეს რამდენად ჰყოფნის სავალუტო ბაზარს. ერთი ნათელია, შეუძლებელია სავალუტო ბაზარი მუდმივად ერთი და იგივე რაოდენობის დოლარის რესურსს ითხოვდეს... დასკვნა − დღეს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები ლარის კიდევ უფრო მკვეთრ გაუფასურებას აჩერებს, თუმცა პარალელურად მიმოქცევაში ლარის ჭარბი მოცულობის გაშვება სავალუტო კურსზე ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად აისახება.       

სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს? − უსათუოდ ჩამეძიება მკითხველი. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ფისკალური ხარჯებისა და საფინანსო ბაზარზე ლარის მოცულობის ზრდასთან ერთად, ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი გაუფასურების მიზეზი უარყოფითი მოლოდინებია...

ფაქტია, რომ ლარმა სწრაფი ტემპით გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მოლოდინებზე მხოლოდ ნეგატიურად აისახება გაცხადებული ე.წ. მეორე ტალღის სცენარი და ეკონომიკის შესაძლო გაჩერება. ასეთ პირობებში ბიზნესი რისკებს აზღვევს და თანხები სავალუტო ანგარიშზე გადააქვს. მოსახლეობის ნაწილიც ანალოგიურად იქცევა, ვისაც ამის შესაძლებლობს აქვს, უცხოურ ვალუტას იმარაგებს. ეს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის საჭიროება. ბუნებრივია, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება.

წინამდებარე სტატია დასასრულს უახლოვდება და ერთსაც ვიტყვი, მიუხედავად იმისა, თუ

რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი, ფაქტია ეს პროცესი უკიდურესად მძიმედ აისახება ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ყოფაზე. განსაკუთრებით მათზე, ვისაც კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვთ. მარტივი არითმეტიკაა, მოქალაქეს, რომელმაც სესხი დოლარში 2015 წლის სექტემბრამდე აიღო, ყოველთვიური საბანკო ვალდებულება ფაქტიურად უკვე გაუორმაგდა და არავინ იცის, რა იქნება ხვალ. სამწუხაროდ, ამ საკითხზე არავინ მსჯელობს, არადა, თუ ასე გაგრძელდა, მერწმუნეთ, რომ არც იპოთეკური კრიზისის პირველი ნიშნები დააყოვნებს... შეიქმნება ვითარება, როცა მსესხებელი სახესხო ვალდებულების გასტუმრებას ვეღარ აუვა, ხოლო კრედიტის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უძრავი ქონების მყიდველი, თუნდაც სალიკვიდაციო ფასად, ფაქტიურად არავინ იქნება... ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ, სოციალური ფონის უკიდურესად გაუარესებასთან ერთად, რა საფრთხე დაემუქრება სახელმწიფოს საფინანსო სისტემას. ასე რომ, ვფიქრობ, დროა, სახელმწიფომ გამოსავლის ძიება დაიწყოს და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღოს. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და წაყრუება სიკეთეს ვერ მოიტანს...  

 

153
რიყის პარკი

წინასაარჩევნო კამპანია COVID-19-ის ფონზე - პოლიტიკური კვირის შედეგები

56
ზოგი პრემიერად, ზოგი ინტრიგნად, ზოგი დებატებზე - წინასაარჩევნო ცხელების გრადუსი მატულობს, მასთან ერთად კი ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულთა და პანდემიის მსხვერპლთა რიცხვიც იზრდება

გასულ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის ფონზე წინასაარჩევნო კამპანია შენელდა, თუმცა რამდენიმე მკვეთრი მომენტი მაინც იყო. პარტიებმა და ბლოკებმა მიიღეს კუთვნილი რიგითი ნომრები და ადგილებზე აგიტაცია გააძლიერეს. თუმცა ის ძირითადად ამომრჩევლებთან წვრილ-წვრილი შეხვედრებით შემოიფარგლებოდა.

კვირის მთავარი მოვლენა

ამ კვირაში ერთბაშად ორმა ძალამ საბოლოოდ შეაჯერა მაჟორიტარობის კანდიდატების საკუთარი სიები.

ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“, რომლის სათავეში დგას ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაჟორიტარების სიაში აქცენტი ცნობად სახეებზე გააკეთა.

თუმცა ზუგდიდის ოლქის ირგვლივ მოსალოდნელი ინტრიგა არ მომხდარა - ექს-პრეზიდენტის ნათესავებმა კანდიდატობა გადაიფიქრეს.

ამასობაში კი „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“ აქცენტი გააკეთა პარტიის ძველ, გამოცდილ აქტივზე და ახალგაზრდა კადრებზე. თუმცა მისი კანდიდატები კენჭს მხოლოდ დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში იყრიან.

კვირის სკანდალი

ოპოზიციაში მორიგი სკანდალის გარეშე ამ კვირასაც არ ჩაუვლია. „ნაცმოძრაობამ“ მოულოდნელად მოითხოვა ბოდიშის მოხდა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისგან, რომელმაც სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები მკაცრად გააკრიტიკა.

Лидер Гирчи Зураб Джапаридзе
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

თუმცა ჯაფარიძეს ბოდიში არ მოუხდია და ყველა ერთად ალაპარაკდა იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება წავიდეს ოპოზიციის შეთანხმების წინააღმდეგ და დიდუბის ოლქში ჯაფარიძეს თავისი კანდიდატი დაუყენოს. მოგვიანებით ენმ-ის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ამ ნაბიჯზე არ წავლენ.

კვირის გამოწვევა

სანამ ოპოზიცია ურთიერთობებს არკვევდა, პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მმართველი ძალა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია დებატებზე - ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. თუმცა გამოწვევა ცალმხრივი დარჩა. „ქართულმა ოცნებამ“ ხაზარაძის წინადადება უყურადღებოდ დატოვა.

კვირის კანდიდატი

ამასთან ერთად საქართველოში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კიდევ ერთი პრემიერობის კანდიდატი გამოჩნდა.

შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს >>

მთავრობის მოქმედი მეთაურის, გიორგი გახარიას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის („ძალა ერთობაშია“), იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძის („სტრატეგია აღმაშენებელი“) შემდეგ ამ პოსტზე პრეტენზია „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გამოთქვა.

ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ ამ კვირაში განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებამდე პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატის წამოყენებას არ აპირებს.

კვირის ანონსი

ამასობაში საერთაშორისო ორგანიზაციამ - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) განაცხადა, რომ საქართველოში 400-მდე დამკვირვებელს გამოგზავნის.

27 დამკვირვებელი და 13 ექსპერტი საქართველოში მომდევნო კვირაში ჩამოვა, საარჩევნოდ - კიდევ 350 და ეს მხოლოდ ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლობაა.

თავის დამკვირვებლებს აგზავნის კიდევ ორი ორგანიზაცია - აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) და აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების ყველა ასპექტს - დაწყებული კანდიდატების და პარტიების რეგისტრაციით, დამთავრებული არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებით.

ახალი გამოკითხვები

ამ კვირაში გამოქვეყნდა ახალი გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც კომპანია Survation-მა ტელეარხ Rustavi2-ის დაკვეთით ჩაატარა.

ამჯერად გამოკითხვა ეხებოდა არა პარტიულ რეიტინგებს, არამედ მაჟორიტარების რეიტინგებს ექვს ოლქში. მან აჩვენა მმართველი პარტიის კანდიდატების აბსოლუტური გამარჯვება, თუმცა გარკვეული შეუსაბამობების გამო ბევრს კითხვები გაუჩინა.

გამოკითხვის შედეგები - ლიდერთა სამეულები

ოლიქი პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
ვაკე  „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძე 52,4% ოპოზიციის კანდიდატი ელენე ხოშტარია 33,2% „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ნანა დევდარიანი 5,3%
გლდანი „ქართული ოცნება“ ლევან კობიაშვილი 52,1% ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია 36,6% „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“  მერაბ ჭიქაშვილი  4,9%
რუსთავი   „ქართული ოცნება“ ნინო ლაცაბიძე 56,2% „ძალა ერთობაშია“ დავით კირკიტაძე 30,2% „ევროპული საქართველო“ ირმა ნადირაშვილი  6,3%
ფოთი-ხობი-სენაკი „ქართული ოცნება“ ირაკლი ხახუბია 64,4% „ძალა ერთობაშია“ მურთაზ ზოდელავა 17,9% „ევროპული საქართველო“ გიგა ბოკერია  8,5%
მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთი „ქართული ოცნება“ შალვა კერესელიძე 52,1% „ძალა ერთობაშია“ ცეზარ ჩოჩელი 18,6% „ერთიანი საქართველოსთვის“ თამაზ მეჭიაური 11%
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძე 80,5% „ძალა ერთობაშია“ გიორგი კაპანაძე 7,5% „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გიორგი კასრაძე 4,6%







56
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პოლიციის ლენტი

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

0
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ფაქტზე ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებიათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ირანის მოქალაქეა და დადიანის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მისი დაჭრა კი ადგილობრივებთან სიტყვიერი კონფლიქტის შედეგად მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში