ელექტროგადამცემი ხაზი თბილისში

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

194
(განახლებულია 16:10 30.09.2019)

ლიზა შელია

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2019 წლის პირველ რვა თვეში ქვეყანამ თითქმის 8,6 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა და 8,3 მილიარდი კვტ/სთ გამოიმუშავა. შედეგად, საქართველო იძულებული გახდა, ელექტროენერგია მეზობლებისგან შეეძინა.  

ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში

2016-დან 2018 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი მხოლოდ 5%-ით. შედეგად საჭირო გახდა მეზობლებისგან სამჯერ მეტი ელექტროენერგიის შეძენა.

 

ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება საქართველოში (მლრდ კვტ/სთ)
ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება საქართველოში (მლრდ კვტ/სთ)

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, მაშინ, როცა დღეს ეს მაჩვენებელი 13 მილიარდია.

„მოხმარება ზაფხულის თვეებშიც სწრაფად იზრდება, რაც ტურიზმის ზრდას უკავშირდება – მეტი სასტუმროები, მეტი კონდიციონერები,“ – განაცხადა განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია, საქართველო თბოელექტროსადგურებს ზაფხულშიც იყენებს. მაგრამ წელს ისინიც არ აღმოჩნდა საკმარისი ენერგოდეფიციტის შესავსებად და საჭირო გახდა იმპორტის მოშველიება.

აბრამიშვილს ეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავაც.

„10 წლის განმავლობაში მოხმარება მკვეთრად იზრდებოდა სწორედ ზაფხულის პერიოდში. მიზეზი – ტურისტული ბიზნესის განვითარება და ახალი სასტუმროების მშენებლობაა. წელს აგვისტოში მოგვიწია იმპორტზე გადასვლა, ვინაიდან თბოსადგურების დახმარებითაც კი ვერ შევავსეთ ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება“, – განუცხადა მირცხულავამ „Sputnik-საქართველოს“.  

მისი თქმით, შედეგად იზრდება მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება, ამასთან, მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია.

„აზერბაიჯანი ძალიან საიმედო, ხარისხიანი ელექტროგადამცემი ხაზების საკმაოდ სტაბილური წყაროა. მეზობელთან ორი ელექტროგადამცემი ხაზი გვაკავშირებს – 500- და 330-კილოვოლტიანი. აზერბაიჯანის მხარე ახლა გეგმავს კიდევ ერთი, 330-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას. ასე რომ, ეს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან საიმედო კავშირი იქნება“, – აღნიშნა მირცხულავამ.

 

ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი ზაფხულში
ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი ზაფხულში

ამას გარდა, საქართველო ელექტროგადამცემი ხაზებით უკავშირდება რუსეთსა (ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“) და თურქეთს, რომლის საზღვართანაც 2013 წლის ბოლოს აშენდა ელექტროქვესადგური „ახალციხე-500“. საქართველოს 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი აქვს ასევე სომხეთთანაც.

აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის განვითარება

სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი „Sputnik-საქართველოს“ ენერგოდეფიციტის შესავსებად მთავრობის მიერ დასახულ გეგმებზე ესაუბრა.

„დაახლოებით 12 მილიარდს გამოვიმუშავებთ და 1,5 მლრდ შემოგვაქვს იმპორტით. ტენდენცია ცხადყოფს, რომ იმპორტი გაიზრდება, თუ ჩვენი ენერგოსისტემის ახალ სიმძლავრეებს არ შევქმნით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი საქართველოში 2018 წელს
ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი საქართველოში 2018 წელს

ქვეყნის სტრატეგია არის ადგილობრივი განახლებადი რესურსების, თანაც არა მხოლოდ წყლის რესურსების, მაქსიმალური ათვისება. ჩიქოვანის თქმით, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო თავისი ენერგეტიკული პოტენციალის დაახლოებით 20%-ს იყენებს.

ენერგიის ალტერნატიული წყაროები

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ბოლო წლებში ამ მიმართულებით საქართველოც აქტიურად მუშაობს. ახლა ქვეყანაში, კერძოდ, გორში უკვე მოქმედებს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომლის სიმძლავრეც 20 მგვტ-ია.

მისი მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 24 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო. სადგური ოფიციალურად 2016 წლის 20 დეკემბერს ამუშავდა. ამჟამად ის სახელმწიფოს საკუთრებაა, მაგრამ ხელისუფლებამ ზაფხულში სადგურის აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტა.

 

ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში 2018 წელს
ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში 2018 წელს

„ვგეგმავთ ახალი ქარის სადგურების აშენებას, რომლებიც პირველ ეტაპზე 350 მეგავატს გამოიმუშავებენ, მეორე ეტაპზე – დამატებით კიდევ 350 მგვტ-ს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამჟამად მიმდინარეობს კვლევა ადგილების შესარჩევად თბილისთან, კასპთან, გორთან, საჩხერესთან, ზესტაფონთან, სადაც ქარის ელექტროსადგურები აშენდება. ჩიქოვანის თქმით, უკვე მზადაა პროექტები ამ რაიონებში მუშაობის დასაწყებად.

გარდა ამისა, იგეგმება მზის ენერგიის გამოყენება.

„ვამზადებთ პროექტს ტენდერისთვის, რათა გამოვავლინოთ კერძო ინვესტორი 30 მეგავატი სიმძლავრის სადგურის ასაშენებლად“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ჰესი მაინც პრიორიტეტია

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, მხოლოდ ენერგიის ალტერნატიული წყაროების იმედად ყოფნა არ შეიძლება. ქარის სადგურები 100%-ით ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროენერგეტიკას. ასეთ სადგურებს აქვს სტაბილურობასა და გენერაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

„ქარის სადგურებს სჭირდება სისტემური რეზერვუარები, რომლებიც დააბალანსებს ენერგიას უქარო ან ძლიერ ქარიან ამინდში. სისტემა უნდა იყოს მოქნილი. ამისთვის საჭიროა ან ჰიდროელექტროსადგურები, ან გაზის ტურბინები. რადგან ჩვენ არ გვაქვს საკუთარი გაზი, აჯობებს რეზერვების ფუნქცია ჰესებმა შეასრულონ“, – განაცხადა ჩიქოვანმა. 

საქართველოს ჰიდრორესურსების განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. თუ ქვეყანა ამ პოტენციალის 80%-ს აითვისებს, საკუთარ გენერაციას წელიწადში დაახლოებთ 50 მილიარდ კვტ/სთ-მდე გაზრდის. ეს კი ორჯერ მეტია, ვიდრე 2030 წლისთვის ნავარაუდევი ენერგიის მოხმარება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ მოთხოვნილებასაც დავაკმაყოფილებთ და დარჩენილ 25 მილიარდ კვტ/სთ-ს ექსპორტზე გავიტანთ. თუ ერთ კილოვატს ხუთ ცენტად გავყიდით, ქვეყანას ყოველ წელს ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალი ექნება“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

ენერგოდეფიციტის საკითხის მოგვარება ნიშნავს ელექტროენერგიის გამოსამუშავებელი ყველა შესაძლო სადგურის აშენებას, რომელთა შორის პრიორიტეტი ისევ და ისევ ჰესებს ენიჭება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის ტემპები არც ისე მაღალია, 2030 წლისთვის ჩვენ უნდა ავაშენოთ ბევრი ჰესი, პირველ რიგში, სადგურები, უზრუნველყოფილი წყალსაცავებით, რომლებიც ზამთარში საქართველოში არსებული ჰიდროპოტენციალის გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა მირცხულავამ.

საქართველოს თბოელექტროსადგურები ეკოლოგიურად სუფთა იქნება

მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების მშენებლობა ასევე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, 237 მგვტ სიმძლავრით, გარდაბანში 2015 წლის აგვისტოში ამუშავდა.

„წელს სრულდება მეორე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ძველი სადგურები. ის 2015 წელს აშენებული სადგურის ანალოგიურია. მისი ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლიდან დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები კი 2019 წლის დეკემბრიდან“, – აღნიშნა მირცხულავამ. 

ახალი, 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ახალი სადგურის ამუშავება 2020 წლის ზამთარში იგეგმება.

ორთქლაირულ ელექტროსადგურზე დამონტაჟებულია სპეციალური აირტურბინული დანადგარი. ასეთი დანადგარის ბაზაზე კომბინირებული ციკლით მომუშავე ელექტროსადგურებს ძალიან მაღალი – 58% მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვთ, ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, რადგან ბევრად ნაკლებ სათბურ აირებს გამოყოფენ.

ენგურჰესი – ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში

ქვეყნის ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ენგურის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ნახევარს გამოიმუშავებს.

კავკასიაში ყველაზე დიდი ელექტროსადგური 1970-იან წლებში აშენდა. ენგურჰესის კაშხალი ამ ტიპის დამბებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ამჟამად სადგურის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ს შეადგენს. ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული პრაქტიკულად მთელი ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდება.  

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი ოთხი ვარდნილჰესი – მდინარე ერისწყალზე, მაგრამ გალის წყალსაცავსა და გამანაწილებელ მოწყობილობას აკონტროლებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თავდაპირველი სახით აღადგინოს ენგურჰესის კასკადის ვარდნილჰესები.

„ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა – ენგურვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროს სრულიად საქართველოს“, – განუცხადა ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

ოთხი ვარდნილჰესიდან მხოლოდ ერთი მუშაობს, დანარჩენი სამი 90-იან წლებში გაიძარცვა. თითოეულის დადგმული სიმძლავრე 40 მეგავატია. ყოველ სადგურში იყო 20 მგვტ სიმძლავრის ორ-ორი აგრეგატი. სამივე სადგურის დადგმული სიმძლავრე შეადგენდა 120 მგვტ-ს, ხოლო საპროექტო გამომუშავება – 390 მილიონ კვტ/სთ-ს.

ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთელ საქართველოში ნაწილდება, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთშიც. როდესაც „ენგურჰესის“ რესურსები არ არის საკმარისი აფხაზეთის მზარდი მოხმარების დასაბალანსებლად, საქართველო იყენებს „ინტერ რაოსგან“ პირდაპირი შეძენის მექანიზმს, რათა აფხაზეთში წარმოქმნილი ენერგოდეფიციტი შეავსოს.

ჰესის მშენებლობას ყველა არ ეთანხმება

ჰიდრორესურსების განვითარება საჭიროა, მაგრამ ჰესების მშენებლობის პროექტები ზოგჯერ სირთულეებს აწყდება. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ეკოლოგები და იმ რეგიონების მოსახლეობა, სადაც ჰესების აგება იგეგმება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობას კარგად არ აქვს გააზრებული ჰესების მშენებლობის აუცილებლობა და ის სარგებელი, რომელსაც ამ პროექტების რეალიზების შედეგად მიიღებს. 

მაგალითად, 21 აპრილს პანკისის ხეობის მოსახლეობამ მდინარე ალაზანზე „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა აქციით გააპროტესტა. ადგილობრივებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად 55 ადამიანი დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰესის სიმძლავრე მხოლოდ და მხოლოდ 5,4 მეგავატია, მოსახლეობა შიშობს, რომ მისი მშენებლობა სოფელს უწყლოდ დატოვებს და ზიანს მიაყენებს გარემოს. შედეგად კი ადგილობრივ მცხოვრებთ სახლების დატოვება მოუწევთ.

ექსპერტების აზრით, გამოსავალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან აქტიური დიალოგია. მათი თქმით, რეგიონების მოსახლეობას, სადაც მშენებლობებია დაგეგმილი, გულდასმით უნდა აუხსნან ჰესების მშენებლობის უპირატესობები და დაანახონ ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც მათ ჰესების მშენებლობა მოუტანს.

„საჭიროა კომპლექსური მიდგომა. უნდა გაუმჯობესდეს კავშირი მოსახლეობასთან რეგიონებში, სადაც მშენებლობები იგეგმება. საჭიროა მათთან პროექტების ეკონომიკურ პლუსებზე დალაპარაკება“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ენერგეტიკაში ინვესტიციები მცირდება

ექსპერტების აზრით, სექტორს სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამ. 2017 წლიდან ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.

ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ დარჩა ერთი დეპარტამენტი და ის ვერ უმკლავდება დატვირთვას, რომელსაც მთელი უწყება ასრულებდა“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა.

ფინანსისტის სიტყვებით, ამან გავლენა იქონია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 53,7%-ით შემცირდა და 187 მლნ დოლარი შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

ბოლო დროს კვლავ განახლდა საუბარი ენერგეტიკის სექტორის ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაზე. ამ ინიციატივას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძეც ემხრობა.

„ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნისთვის. მე მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი, როცა ერთიანდებოდა, თუმცა ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო. თუ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები. ვიმეორებ, ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“, – აღნიშნა კალაძემ.

ამ მოსაზრებას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავაც ეთანხმება.

„ჰესების მშენებლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა და ეს საინვესტიციო კლიმატს უკავშირდება. იცით, რომ ახალი ჰესებისგან ელექტროენერგიის შეძენის საგარანტიო შეთანხმებაზე მორატორიუმია დაწესებული?!“ – აღნიშნა მირცხულავამ.

მისი თქმით, დღეს ამ დარგის წასახალისებლად მეთოდების ძიება მიმდინარეობს, რათა ინვესტორები კვლავ დაინტერესდნენ ენერგეტიკაში თანხების დაბანდებით.

ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს მოსალოდნელ ენერგოდეფიციტს თავიდან ააცილებს.

194
სისხლის ანალიზის ჩაბარება

აივ-ინფექცია/შიდსი სასიკვდილო განაჩენი არაა ყველაფერი, რაც ამ ვირუსზე უნდა ვიცოდეთ

31
(განახლებულია 20:56 01.12.2020)
დღეს მსოფლიო აივ-ინფექცია/შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (World AIDS Day) აღნიშნავს. პირველად ეს დღე 1988 წელს აღინიშნა და მისი მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა აივ-ინფექციის გავრცელებისადმი.

შიდსის პირველი დიაგნოზი 1981 წელს აშშ-ში დაისვა (ტერმინი „შიდსი” – „შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის” აბრევიატურაა, იგივე AIDS – Acquired Immune Deficiency syndrome), 1983 წელს კი მეცნიერმა ლუკ მონტანიემ აღმოაჩინა ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს და მას ძალზე ბანალური სახელი – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ-ინფექცია, Human immune Deficiency Virus, შემოკლებით – HIV) უწოდა.

ვეცდებით დღევანდელ სტატიაში მოგაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები ვირუსის შესახებ, რა არის აივ-ინფექცია/შიდსი, როგორია მისი სიმპტომები, როგორ გადაეცემა, რა ღირს მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორია სტატისტიკა და ა.შ.

AIDS/HIV ციფრებში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 80 მლნ ადამიანია ინფიცირებული და 40 მილიონზე მეტი გარდაცვლილი. 2019 წლის ბოლოსთვის კი მსოფლიოში 38 მლნ აივ ინფიცირებულია (მათმა 20%-ზე მეტმა არც იცის, რომ ვირუსის მატარებელია), მათ შორისაა 1.8 მლნ 15 წლამდე ასაკის ბავშვი.

საქართველო აივ-ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. შიდსით დაავადების პირველი და იმ წელს ერთადერთი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. 2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით,  საქართველოში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 8598 შემთხვევა (6422 – მამაკაცი, 2176 – ქალი). პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 4441 პაციენტს, 1781 გარდაიცვალა. 2020 წელს კი გამოვლინდა 496 ახალი შემთხვევა.

რა არის აივ-ინფექცია/შიდსი?

აივ-ინფექცია არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რომლის ბოლო კლინიკურ სტადიასაც წარმოადგენს შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. მიუხედავად მეცნიერების მცდელობისა, ჯერჯერობით შიდსის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს. სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების კონტროლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა და, შესაბამისად, სიცოცხლის გახანგრძლივება.

საიდან წარმოიშვა აივ-ინფექცია?

დღემდე სადავოა აივ-ინფექციის ზუსტი წარმოშობის ადგილი. ყველაზე სარწმუნო ვერსიაა, რომ მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსმა (მივ) ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მუტაცია განიცადა. ათწლეულების მანძილზე ვირუსი ნელ-ნელა გავრცელდა მთელ აფრიკაში და შემდეგ მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე.

აივ-ინფექცია/შიდსის სტადიები

აივ-ინფექციის მიმდინარეობის შემდეგ სტადიები გამოიყოფა:

მწვავე ინფექცია – ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში გრიპის მსგავსი სიპტომებით ვითარდება. აღნიშნულ სტადიას მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, ან პირველადი აივ-ინფექცია ეწოდება.

ქრონიკული (ასიმპტომური) აივ-ინფექცია – ამ შემთხვევაში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მრავლდება ნაკლები სიხშირით, არ ხდება კლინიკური სიმპტომების გამოვლენა.

შიდსი – ინფექციის განვითარების ბოლო სტადია, როდესაც იმუნური სისტემა მკვეთრად დასუსტებულია და ადამიანი დაუცველია სხვადასხვა ინფექციებისა და სიმსივნური დაავადებების განვითარებისგან. შესაბამისი მკურნალობის გარეშე პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 წელი, იმუნური სისტემის დაქვეითების დროს მიმდინარე დაავადებების განვითარების შემთხვევაში კი დაახლოებით ერთი წელია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი დაავადების განვითარების ყველა ეტაპზე გადამდებია.

როგორ გადაეცემა აივ-ინფექცია/შიდსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

აივ-ინფექციის გადაცემა შესაძლებელია მოხდეს:

- დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს

- შიდსით დაავადებული დედისგან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს

- დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას (რისკ-ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)

- ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას

- ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა:

- წყლით, საცურაო აუზით სარგებლობით

- ჰაერით

- კოღოსა და მწერების ნაკბენით

- ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.

- ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით

- საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით

- დახველებით, ცემინებით

- საერთო ტუალეტის ან აბაზანით სარგებლობისას

- აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობით სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში

რამდენად სიცოცხლისუნარიანია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გარემოში?

აღსანიშნავია, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გარემოში (ადამიანის ორგანიზმის გარეთ) დიდხანს ვერ ცოცხლობს.

როგორ უნდა გავიგოთ, რომ ვართ ინფიცირებული

მართალია, აივ-ინფექციას კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ-ინფექცია/შიდსზე. ესენია:

არამოტივირებული ცხელება; ძლიერი საერთო სისუსტე; წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად; ოფლიანობა; ლიმფური კვანძების გადიდება; ფაღარათი; სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე; თეთრი ფერის ნადები ენაზე; გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას; ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება (დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია) და სხვ.

როგორ უნდა მოვიქცეთ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში

დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს, სადაც ჩაუტარდება აივ-ინფექციის გამოვლენის სპეციალური სადიაგნოსტიკო ტესტები.

აივ-ზე ტესტირება უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ:

1. ერთხელ მაინც გქონიათ დაუცველი სექსი;

2. გაქვთ ტატუირება ან პირსინგი;

3. ეჭვი შეგიტანიათ სამედიცინო ხელსაწყოების სტერილურობაში (მაგალითად, სტომატოლოგთან, ან სილამაზის სალონში ვიზიტისას);

4. დაგჭირვებიათ სისხლის დონაცია;

5. თუ თქვენი პარტნიორი არის აივ–დადებითი;

როგორ ხდება აივ-ინფექცია/შიდსის მკურნალობა?

აივ-ინფექცია/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსისგან ორგანიზმის საბოლოოდ განდევნის მეთოდი, მაგრამ შესაძლებელია ვირუსის გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება.

თუ შიდსის დიაგნოზის დასმისას პაციენტი დროულად დაიწყებს მკურნალობას, მისი იმუნური სისტემა ჯანსაღდება, ე.წ. იმუნური უჯრედების რაოდენობა იზრდება, სისხლში კი ვირუსის ოდენობა მცირდება. გარკვეული პერიოდის მერე სისხლში ვირუსი ნულის ნიშნულზე ჩამოდის, იმუნიტეტი კი ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, სხვა, არაინფიცირებული ადამიანების მსგავსია. თუმცა, შიდსის კლინიკური დიაგნოზი, რომელიც თავიდანვე დაესვა ადამიანს, არ იცვლება. ერთადერთი, რაც პაციენტს მოეთხოვება – ცხოვრების ჯანსაღი წესი და აივ-ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების სიცოცხლის ბოლომდე მიღებაა. ადამიანები ამ დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში.

რაც უფრო ადრე იქნება დასმული აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოზი, მით უფრო მარტივად და ეფექტიანად მოხდება მასთან გამკლავება. დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება მკურნალობა, რაც გულისხმობს ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს, დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში 1, 2, ან 3 აბის მიღებას, რომელსაც თითქმის არ გააჩნია გვერდითი ეფექტი.

რა ღირს აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს. საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ.

თუ ადამიანს აღმოაჩნდა აივ-ინფექცია, ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები ჰეპატიტებზე, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. მის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.

 

31
თბილისი

საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

27
(განახლებულია 19:15 01.12.2020)
ეკონომიკის ზრდის ძირითადი ფაქტორი 2021 წელს ადგილობრივი მოთხოვნა იქნება, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ისევ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპი, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია – ოქტომბერში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, მშპ 3,9%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

შედარებისთვის: ვარდნის მაჩვენებელი სექტემბერში იყო 0,7%, აგვისტოში – 5,3%, ივლისში – 5,5%, ივნისში – 7,7%, მაისში – 13,5%, ხოლო აპრილში – 16,6%.

ოქტომბერში შემცირების ტენდენცია ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში დაფიქსირდა, გარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობისა.

ეკონომიკის ვარდნამ 10 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულ 4,5%-ზე მაღალი იყო.

როგორ აისახება ეკონომიკაზე შეზღუდვები?

სექტემბრიდან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები შემოიღო, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობასა და საცალო ვაჭრობაზე, რაც 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს. 

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ეკონომიკის ვარდნა მინუს 5%, 2021 წელს კი ზრდა პლუს 4,3%-ის დონეზე იქნება. ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მიაჩნია, რომ ახალი შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზზე კიდევ აისახება.

„როდესაც ჩვენ ეკონომიკის 5%-მდე ვარდნაზე ვსაუბრობდით, ეს ოპტიმისტური პერიოდიდან გამომდინარე იყო გათვლილი, ამიტომ ნოემბერი და დეკემბერი ამ მაჩვენებელზე გავლენას მოახდენს... უნდა დაითვალოს ახალი პროგნოზი გამომდინარე იქიდან, თუ რა სურათს მოგვცემს შეზღუდვები. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზრდა 2021 წელს 4% იქნება“, – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.

ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას პროგნოზირებს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია.

„შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა უახლოეს თვეებში გაუარესდება. ახალი შეზღუდვები და კერძო სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის დახურვა ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა ცომაიამ „Sputnik–საქართველოსთან“.

რა გახდება ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს

ეკონომიკის ზრდის ძირითადი ფაქტორი 2021 წელს ადგილობრივი მოთხოვნა იქნება, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 

„წინასწარი მონაცემებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აგვისტოში წლიური 5,3%-ით შემცირდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას ძირითადად წინა თვეებთან შედარებით ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება განაპირობებს, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება.

27
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილი ტუჩს იზრდის? - სოციალურ ქსელში პროცესის ამსახველი ფოტო ვრცელდება

0
(განახლებულია 12:57 02.12.2020)
ცნობილმა მომღერალმა კოსმეტოლოგს მიაშურა და ტუჩის ფორმას იცვლის? ნახეთ ფოტო, რომელმაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ავტორის განცხადებით, ცნობილი მომღერალი გია სურამელაშვილი კოსმეტიკურ პროცედურას იკეთებს და ტუჩს იზრდის, თუმცა თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, სავარაუდოდ, მომღერალი სტომატოლოგიურ პროცედურაზე იმყოფება.

ექსტრავაგანტური მომღერალი გია სურამელაშვილი ცნობილია სამკაულების სიყვარულით. ცნობილი მოდელისა და მსახიობის შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტი“ მომღერალ გია სურამელაშვილის ოქროს სამკაულები აწონეს. იდეა თავად წამყვანს ეკუთვნოდა, რომელიც დაინტერესდა, რამდენს იწონის სურამელაშვილის სამკაულები, რომლის გარეშეც მაყურებელს ალბათ ის არც ახსოვს.

თავიდან სურამელაშვილი წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ დათანხმდა. შორენას დახმარებით სამკაულები მოიხსნა და ააწონინა. ძვირფასეულობის მასამ 600 გრამი შეადგინა, თანაც იმ დროს, როდესაც სამაჯური და საყურეები წამყვანმა ვერ მოხსნა. „ერთ კილოგრამამდე ოქროთი დადიხარ, გია?!“ – ჰკითხა მას შორენამ, რაზეც სურამელაშვილმა უპასუხა, რომ ეს იმ სამკაულების მხოლოდ ნახევარია, რომელიც ჩვეულებრივ უკეთია ხოლმე.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის.

გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება