ინვესტიციების მოსაზიდად ჩინი და თანამდებობა საკმარისი არ არის?

გამოწერა
რატომ განახევრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა.

ნატა პატარაია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტს ნიკა შენგელიას მიაჩნია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კლება ძირითადად ეკონომიკური გუნდის არაეფექტური მუშაობის შედეგია, რასაც დაემატა ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი პოლიტიკური ფონიც.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა დაკრედიტების წესები გადახედოს

„ყოველივე ამას ემატება ტენდერების არაგამჭირველობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ დიდი ტენდერები მხოლოდ კაბინეტებში წყდება, სამწუხაროდ. საკმაოდ ხელშემშლელი ფაქტორია საფონდო ბაზრის ფაქტიურად არარსებობაც“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

„საქსტატის“ ცნობით, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ სასესხო დავალიანების დაფარვა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის აზრით, ინვესტიციების შემცირება ძველი პროექტების დასრულებით არ უნდა აიხსნას, მიზეზი კი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან არ იყო ინიცირებული ახალი საინვესტიციო პროექტები.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
კოჭლი, რომელიც მარდია...

„მხოლოდ ჩინი და თანამდებობა ინვესტიციას არ იზიდავს. ამას სჭირდება პროექტები, პრაქტიკული ნაბიჯები, აქტიურობა და მუშაობა. ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა ვერ ქმნის ახალ და მსხვილ პროექტებს. ვერ ქმნის ისეთი კაპიტალის ნაკადებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა“, – აღნიშნა რატი აბულაძემ.

მისი თქმით, საინვესტიციო აქტივობაზე გავლენა ისეთმა ფაქტორებმაც მოახდინა როგორებიცაა არასტაბილური ვალუტის კურსი, არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემო, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა.

„ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა ფოკუსირებული უნდა იყოს ციფრული ეკონომიკის პოტენციალზე. ინვესტორისთვის მომგებიანი იქნება ასევე ფულის ჩადება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, სამხედრო მრეწველობა“, – მიაჩნია რატი აბულაძეს.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
ინვესტიციები საქართველოში მკვეთრად შემცირდა

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ აშშ დოლარით. ჯამში სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0