შოთა შალელაშვილი

რატომ დატოვა პარლამენტი უმრავლესობის მილიონერმა დეპუტატმა

563
(განახლებულია 19:08 10.09.2019)
დღეს უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა და ყველაზე მდიდარმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს განცხადებით მიმართა პარლამენტიდან წასვლის შესახებ.

შოთა შალელაშვილი ზაქარია ქუცნაშვილის შემდეგ მეორე დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, რომელიც პარლამენტიდან მიდის.

დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალელაშვილს უმრავლესობის მეორე წევრი, სამტრედიის მაჟორიტარი გრიგოლ მიქელაძე აშანტაჟებდა, მაგრამ ის, რომ მან ამის გამო დატოვა პარლამენტი, ძნელი დასაჯერებელია.

შალელაშვილი, სიმდიდრის გარდა, სკანდალური განცხადებებითა და ბიოგრაფიით გამორჩეული დეპუტატი იყო. მან საქართველოს ხელისუფლებისგან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება და დონალდ ტრამპის იდეების გაზიარება მოითხოვა.

თავად შოთა შალელაშვილი საქართველოში არ იმყოფება და კომენტარებს არ აკეთებს, მაგრამ ოფიციალურად მისი წასვლის მიზეზად ბიზნესის სფეროში დაბრუნება დასახელდა.

რატომ გრიგოლ მიქელაძე და რატომ სამტრედია?

დეპუტატ შალელაშვილის ცხოვრების გზა მჭიდროდაა დაკავშირებული სამტრედიასთან. სწორედ იქ დაიწყო მუშაობა 1976 წელს რაიკავშირის უნივერმაღის მუშად, შემდეგ იყო რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილე, ასოციაცია „საქართველოს“ სამტრედიის ფილიალის დირექტორი. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს დეპუტატებს შორის შუღლი, თუმცა არავინ იცის, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია.

მივყვეთ ბიოგრაფიას: 1991 წლიდან შალელაშვილი მოსკოვში აგრძელებს საქმიანობას „პროგრეს-ბანკის" ვიცე-პრეზიდენტად. არის სხვადასხვა კომპანიების დირექტორი.

2016 წლიდან საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია.

რაც შეეხება ქონებას, გარდა იმისა, რომ შოთა შალელაშვილის ოჯახის საკუთრებაში 35 მილიონი ლარის უძრავი ქონებაა, მის მიერ დეკლალირებულ საბანკო ანგარიშებზე 8 მილიონამდე აშშ დოლარია. მის მეუღლეს 1,1 მლნ ევროდ ღირებული მხოლოდ სამკაულები აქვს, ხოლო თავად დეპუტატს – სამი მაჯის საათი, რომელთა საერთო ღირებულება 270 ათას ევროს აღწევს.

შოთა შალელაშვილი არა მხოლოდ ქონებითაა ცნობილი. მისი შვილი გარი შელონი მსოფლიოს ცნობილი ჰაკერების სათავეშია.

32 წლის გარი შელონი და 41 წლის ზივ ორენშენი 2015 წლის ივლისში დააკავეს. მათ ექსტრადიციას აშშ, კერძოდ FBI ითხოვდა. საქმე ისაა, რომ მათ მიერ გატეხილი ანგარიშებიდან მოხსნილმა თანხამ 403 მილიონი დოლარი შეადგინა. გარი შელონმა დანაშაული აღიარა.

მოპარული თანხა ისრაელში, რუსეთში, საქართველოში, შვეიცარიაში, კვიპროსსა და ვირჯინიის კუნძულებზე ირიცხებოდა.

შელონი აშშ-ში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ელექტრომეთვალყურეობის ქვეშ გაათავისუფლეს. ის მითვისებული თანხის დაბრუნებას დათანხმდა.

დეპუტატი შალელაშვილი იმედოვნებდა, რომ მის შვილს აშშ-ის სასამართლო 5-წლიან პატიმრობას და 403 მილიონის დაბრუნებას აკმარებდა.

პროცესი ჯერ დასრულებული არაა. ისრაელში გამომავალი მედია ვარაუდობს, რომ გარი შელონის არადეკლარირებული ქონება 2 მილიარდამდე აღწევს.

თავის დროზე დეპუტატი შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც იყო დაბარებული, მაგრამ დღემდე უცნობია, კითხვები შვილთან დაკავშირებით დაუსვეს თუ მისი სკანდალური ღია წერილის გარშემო, რომლითაც ის პრემიერ კვირიკაშვილს დონალდ ტრამპის მხარდაჭერისა და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდებდა.

და სანამ გაირკვევა, რატომ წავიდა დეპუტატი შალელაშვილი, გაურკვეველია ისიც, რატომ მოვიდა და რა უნდოდა საქართველოს პარლამენტში.

ცნობილია მხოლოდ მისი ინიციატივა – სკოლებში პროგრამირება სავალდებულო საგნად შემოეღოთ, რაც უდავოდ გონივრული იდეაა ამდენი უმუშევარი ადამიანის არსებობის პირობებში. ცნობილია, რომ პროგრამისტებზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა, ეს ძალიან კარგად ანაზღაურებადი და მომავლის პროფესიაა.

ჯერჯერობით ამ უმდიდრესი დეპუტატის პარლამენტიდან წასვლაზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. არ არის გამორიცხული, რომ შოთა შალელაშვილმა მართლაც ბიზნესში გადაწყვიტა დაბრუნება. როგორც ირკვევა, მისი შემცვლელი პროპორციულ სიაში მომდევნო კანდიდატი – ლევან მგალობლიშვილი შეიძლება გახდეს.

 

563