მამუკა ბახტაძე

რას ელიან სომხეთში ბახტაძის გადადგომისგან

151
როგორ იმოქმედებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადადგომა საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე და ვინ იქნება მთავრობის მომდევნო მეთაური - Sputnik-ს ექსპერტები ესაუბრებიან

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველო განაგრძობს სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ცვლილებისგან დამოუკიდებლად, წერს „Sputnik-სომხეთი“. საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახება არც „ფაშინიანი-ბახტაძის“ არაფორმალური შეხვედრების ფორმატის შესაძლო შეწყვეტა, დარწმუნებული არიან ქართველი და სომეხი ექსპერტები.

ორშაბათს, 2 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან დასახული მიზნები და ამოცანები შეასრულა.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, პრემიერის თანამდებობას შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს. საბოლოო გადაწყვეტილება 3 სექტემბერს იქნება მიღებული.

გადატვირთვა არ იგეგმება

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ „Sputnik-სომხეთთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მეთაურის ცვლილება საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე არ აისახება.

„ყველა პროექტი და დღის წესრიგი ერევანსა და თბილისს შორის ძალაში დარჩება. ორმხრივი თანამშრომლობა იმავე დონეზე შენარჩუნდება, რომელზეც დღესაა - ეს სტრატეგიული პარტნიორობაა“, - აღნიშნა მაისაიამ.

მის შეხედულებას იზიარებს ექსპერტი საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანი. მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი, შს მინისტრი გიორგი გახარია, შეეცდება ორი მეზობელი ქვეყნის თანამშრომლობას უფრო დინამიკური ხასიათი შესძინოს.

 „გახარია პოზიტიურად უყურებს ერევანსა და თბილისს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას“, - განმარტა მელიქიანმა.

რაც შეეხება საქართველოსა და სომხეთის პრემიერებს - მამუკა ბახტაძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის არაფორმალური შეხვედრების ფორმატს, მელიქიანმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ძნელი სათქმელია, შენარჩუნდება ის თუ არა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არაფორმალური შეხვედრების არარსებობა თბილისსა და ერევანს შორის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს. ამ ე.წ. სიცარიელეს ოფიციალური შეხვედრები შეავსებს.

რატომ გადადგა ბახტაძე

მაისაია და მელიქიანი მამუკა ბახტაძის გადადგომას ლოგიკურად მიიჩნევენ. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანა პოლიტიკური განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა.

„ბახტაძე იყო ტექნოკრატი. დამდეგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ახალი სისტემით ჩატარდება. ის უნდა ჩაატაროს ადამიანმა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური წონა აქვს. ბახტაძეს კი ასეთი წონა არ ჰქონდა“, - აღნიშნა მაისაიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა თავისი რესურსი ამოწურა. ახალი პოლიტიკური ფიგურა შს მინისტრ გახარიას სახით კი ადეკვატურად გაუმკლავდება გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქართული საზოგადოება არჩევნების მოლოდინში დგას.

მელიქიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბახტაძის გადადგომა მოსალოდნელი იყო და ბოლო თვეებში აქტიურად განიხილებოდა. იგი დარწმუნებულია, რომ ბახტაძის დანიშვნა 2018 წლის ივნისში უფრო ჩამოგავდა გარკვეულ ნაბიჯს ანტიკრიზისული მენეჯმენტის დასაწესებლად.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ საჭირო იყო მთავრობის ახალი მეთაურის დანიშვნა. ბახტაძე თავდაპირველად იხილებოდა, როგორც დროებითი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მოგვიანებით მმართველი გუნდის სხვა წევრს უნდა ჩაენაცვლებინა“, - განაცხადა მელიქიანმა.

თუმცა ეს საკითხი გააჭიანურა შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა და საპროტესტო აქციებმა, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა საბაბით პერმანენტულად  იმართება. საზოგადოების უკმაყოფილების ბოლო ტალღამ ნათლად აჩვენა ბახტაძის უუნარობა, გავლენა მოეხდინა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

ამან ხელი შეუშალა გუნდს, რომელიც სასარგებლო და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინიციატივების, ინფრასტრუქტურული პროექტების  რეალიზებით იყო დაკავებული და ცდილობდა, საქართველო განვითარების ახალ დონეზე გადაეყვანა. მაგრამ საშინაო პოლიტიკაში ბახტაძის გუნდი შექმნილ კრიზისს ვერ გაუმკლავდა.

 „ბახტაძის გადადგომით დაიწყო მმართველი პარტიის „რებრენდინგი“ და ახლა იგი შეეცდება დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებას“, - აღნიშნა მელიქიანმა.

გახარია თუ სხვა?

მაისაიას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრ გიორგი გახარიას დანიშვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია. მასზე ფსონს დებს მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. რაც შეეხება შს მინისტრის საქმიანობით საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილებას, ეს მთავრობის მეთაურად მისი არარჩევის საბაბი არ არის.

„აღსანიშნავია, რომ მიტინგებზე მის გადადგომას ითხოვდა რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ისინი კი მთელი ქართული საზოგადოების ნებას არ გამოხატავენ“, - განაცხადა მაისაიამ.

მელიქიანის აზრით, ამ მომენტისთვის არსებობს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმის ორგვარი ვარიანტი.

ან ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, არის დროებითი ნაბიჯები და ძირითადი ცვლილებები 2020 წლის ოქტომბერში, არჩევნების დასრულების შემდეგ მოხდება, ან ყველაფერი კეთდება ახლა, საბოლოო კორექტივები კი მომდევნო წელს იქნება შეტანილი.

იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ გახარიაა ის ადამიანი, რომელიც იქნება არა დროებითი ფიგურა, არამედ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ექნება, მათ შორის, არც ისე პოპულარული ნაბიჯების კარტბლანში.

151
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (51)