ტყიბულის მაღარო

რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს?

155
(განახლებულია 17:32 23.08.2019)
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰუმან რაიტს უოჩი", რომელიც წარსულში მეტ ყურადღებას პატიმართა მდგომარეობას და მედიის თავისუფლებას უთმობდა, წელს თავის ანგარიშში საქართველოს შესახებ დასაქმებულთა მძიმე შრომით პირობებსა და საფრთხეებზე წერს.

„საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა", – ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

ორგანიზაციის მკვლევარების აზრით, გარდა უსაფრთხოების ზომების დაუცველობისა, ამ კატასტროფულ შედეგებს საკანონმდებლო რეგულაციებისა და სახელმწიფოს მხრიდან ინსპექტირების გამკაცრების აუცილებლობა ემატება.

ეგნატე ნინოშვილი რომ ცოცხალი იყოს, ყოველ წელს ათეულობით რეალური სიუჟეტის დაწერას შეძლებდა, როგორ ჩამოვარდა მშენებლობიდან და დაიღუპა ლუკმაპურის საძიებლად ჩამოსული 16 წლის მუშა, როგორ ჩაეძინა ნათხოვარი მანქანით მომუშავე ტაქსის მძღოლს საჭესთან და დაღუპა ოჯახიც და მგზავრებიც, როგორ ჩაიტანა ლიფტმა 400 მეტრის სიმაღლიდან მეშახტეები, რომელთა სხეულის ნაწილების პოვნა გაძნელდა... ესაა ის ტრაგიკული რეალობა, რომელიც სამწუხარო სტატისტიკითაა გამყარებული. დასაქმებულთა შრომის პირობებსა და 8-საათიან სამუშაო დღეზე აღარაფერს ვამბობთ, არც იმაზე, თუ როგორ უხდიან ადამიანებს და აქვთ თუ არა მათ საარსებო მინიმუმი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2011-2018 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად დაშავდა 1081 და დაიღუპა 376 ადამიანი.

2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების საზედამხედველო ორგანოს მანდატი გაიზარდა და შრომის ინსპექტორებს დასაქმების ადგილებზე მოულოდნელად, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესვლის უფლება მიეცათ.

ეს ნორმა სულ რაღაც ერთ კვირაში, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და იმედია, ის დადებით შედეგებს მოიტანს.

ზოგადად კი საერთაშორისო ორგანიზაციის 60-გვერდიან ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მშრომელთა უფლებების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში საერთოდ არ ცნობდნენ შრომის კოდექსის საჭიროებას.

ანგარიში აღწერს "ჯორჯიან მანგანეზსა" და "საქნახშირში" არსებულ მძიმე მდგომარეობას.

ჭიათურის მაღაროებში მომუშავე 3500 ადამიანის უფლებები თუნდაც იმით ირღვევა, რომ მათ 15 დღის განმავლობაში ფაქტობრივად 12-საათიანი რეჟიმით უწევთ მუშაობა და ეს ზრდის როგორც გადაღლის, ასევე შეცდომის დაშვების რისკს.

ცალკე საკითხია უბედური შემთხვევები, რომელთა 90 პროცენტი ისევ დასაქმებულს ბრალდება და რომელთაც სათანადოდ არავინ იძიებს. ხშირად კი ის ექსპერტები, რომლებიც უბედური შემთხვევების მაკვალიფიცირებლად გვევლინებიან, თავად აღმოჩნდებიან ხოლმე საწარმოში მაღალ პოზიციებზე ასევე მაღალი ანაზღაურებით.

"ჰუმან რაიტს უოჩის" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შრომის ბაზრის დერეგულაცია 2006 წელს დაიწყო, როცა მთავრობამ ინვესტიციების მოსაზიდად შრომის ინსპექცია გააუქმა.

ამის შედეგად კი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვი 74 პროცენტით გაიზარდა, განსაკუთრებით, მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეთა შორის.

ანგარიშის ავტორების რეკომენდაციაა, მთავრობამ კიდევ უფრო გააფართოოს შრომის ინსპექციის მანდატი, ხოლო მაღაროელების უფლებების დასაცავად გააღრმაოს კონსულტაციები როგორც დამსაქმებლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

და, ბოლოს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სწორედ შრომითი უსაფრთხოებაა ის ძირითადი საკითხი, რის გამოც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მეტის გაკეთება მოეთხოვება.

155