თბილისი

რატომ დატოვა საპენსიო სქემა დასაქმებულთა თითქმის ნახევარმა?

169
(განახლებულია 17:20 16.08.2019)
ლანა ჩეჩელაშვილი
როდის მიიღებენ თანხებს ისინი, ვინც დაგროვებით პენსიას არ და ვერ ენდო...

ამ დროისათვის დაგროვებითი საპენსიო სქემა 141 ათასმა ადამიანმა დატოვა. მათგან 41 ათასი საჯარო მოხელეა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ამცნო საზოგადოებას.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილისადმი სადეპუტატო შეკითხვის პასუხად გაგზავნილი სააგენტოს წერილიდან ირკვევა, რომ ეს ციფრი უფრო დიდია და 148 ათასს შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ სქემის დატოვებიდან 2 თვეზე მეტი უკვე გავიდა, მაგრამ დასაქმებულები ხელფასიდან ჩამოჭრილ თანხას უკან ვერ იბრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ სულ სქემაში 860 ათასი დასაქმებული იყო ჩართული. მათ შორის 325 ათასი ადამიანი - 40 წელს ზემოთ ანუ ეს ის ხალხია, ვისაც სქემის დატოვება შეეძლო. 40 წელს ქვემოთ კი დასაქმებულები სავალდებულო წესით გაწევრიანდნენ დაგროვებითი პენსიის მისაღებ სქემაში.

მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფონდში ხელფასის 2 პროცენტს იხდის თავად დასაქმებული, 2 პროცენტს - სახელმწიფო, 2 პროცენტს -დამსაქმებელი. დადებითია ის ფაქტიც, რომ დასაქმებულს პენსიაზე გასვლის შემდეგ შეუძლია, ნებისმიერი ვადა მიუთითოს, რამდენ წელზე სურს დაგროვილი პენსიის გადანაწილება.

ჩვენ უკვე გვყავს დაგროვებითი პენსიით კმაყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ხელფასზე უარი სწორედ იმიტომ თქვა, რომ თავის დროზე საფრანგეთში საკმაოდ დიდი თანხა დააგროვა.

დადებითია ისიც, რომ სახელმწიფო 2 პროცენტს მხოლოდ 24 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს არიცხავს. 1 პროცენტს 24 ათასიდან 60 ათას ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე პირებს, 60 ათას ლარზე ზემოთ კი აღარ მონაწილეობს მოქალაქის სიბერის უზრუნველყოფაში.

რატომ დატოვა დაგროვებითი საპენსიო სქემა იმ ადამიანების თითქმის ნახევარმა, ვისაც ამისი გაკეთება შეეძლო? ამ კითხვაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ხალხს ისედაც დაბალი შემოსავლების გამო არ აქვს დაგროვების საშუალება და ეს ფული დღესვე სჭირდება.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი უნდობლობაა, მეორე კი -დაბალი შემოსავლები. მისი თქმით, დასაქმებულთა 2/3-ს 600 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, რის გამოც სიბერეზე კი არა, დღევანდელ დღეს ოჯახის გამოკვებაზე უწევს ფიქრი.

ექსპერტების აზრით, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში არ არსებობს ეკონომიკის რეალური სექტორი, სადაც საპენსიო ფონდში აკუმულირებული მილიონები ჩაიდება და მოგებას მოიტანს. ამის გამო დღეს დაგროვებული 311 მილიონამდე ლარი ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული, რაც რეალურად არაფერს მატებს ქართულ ეკონომიკას.

და ბოლოს - დაგროვებითი პენსია ძალიან კარგია, თუ სიბერემდე მიაღწიე და სახელმწიფოს და ეროვნული ვალუტის ნდობა გაქვს. აი, ნდობაა ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც დასაქმებულს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია. კი ურჩევნია, მაგრამ რომ არ უბრუნებენ?

169