გიორგი გაბუნია

ვინ დგას გაბუნიას სკანდალური განცხადების უკან? ვერსიები და „რუსთავი 2“-ის მიზნები

1160
(განახლებულია 13:26 09.07.2019)
პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და მედიაექსპერტების მოსაზრებები ორად გაიყო იმის თაობაზე, როგორი რეაქცია უნდა მოჰყვეს ოპოზიციური ტელეარხი „რუსთავი 2“-ის ეთერში სკანდალურ გამოსვლას.

ტელეარხის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვებამ პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს.

თბილისში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს >>

ჟურნალისტის ამ განცხადების შემდეგ ქართული სოციალური ქსელები წამებში აივსო კომენტარებით, ერთ საათში კი „რუსთავი 2“-ის შენობასთან გაიმართა სტიქიური საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც გაბუნიასა და ტელეკომპანიის დირექტორს ნიკა გვარამიას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

გაბუნია და „რუსთავი 2“ დაუყოვნებლივ გააკრიტიკეს საქართველოს პირველმა პირებმა და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“.

„რუსთავი 2“-ის დირექციამ წამყვანის საქციელისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ აქვე განაცხადა, რომ არსებობს „ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალური საფრთხე“. არხის გენერალურმა დირექტორმა ხელისუფლება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დევნის მცდელობაში დაადანაშაულა და თავისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვა. არხის მაუწყებლობა დროებით შეწყდა.

ამორალური საქციელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ დღეში ორი განცხადება გააკეთა. ბოლო კომენტარში მან „რუსთავი 2“-ის ქმედებებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ქართველი ხალხის წინააღმდეგ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აგრესია უწოდა.

„ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები; ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია, რომელიც მოდის “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ბელადის მხრიდან. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ძალა უწოდა.

„გუშინ იყო მცდელობა, რომ აქცენტი გადაეტანათ ერთ ჟურნალისტზე, თუმცა ყველამ ვიცით, რომ აქ საქმე ერთ ჟურნალისტზე არ არის. საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აკეთებდა იმ ყველაფერს, რამაც მოგვიტანა ძალიან მძიმე შედეგები, ახლა იმავეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ამ პოზიციებიდან. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი, უნდა დაერქვას მას მტერი და ეს არის პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი სიტყვებით, სახელმწიფო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს ყოველთვის, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს საფრთხე შეექმნება.

რა შემთხვევაში დატოვებს „რუსთავი 2“–ს  ნიკა გვარამია >>

„რეაგირების ადრესატი უნდა გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფერი დანარჩენი – მხოლოდ ინსტრუმენტებია. „ნაციონალური მოძრაობა“ – ეს მტრული პოლიტიკური ძალაა“, – ხაზი გაუსვა კობახიძემ.

ოპოზიციის პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს კი მიაჩნიათ, რომ პრობლემას ამჟამად წარმოადგენს არა ის, რაც დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა თქვა, არამედ „ხელისუფლების ისტერია“.

„ეს არის სრულმასშტაბიანი ისტერია, რომელიც ხელისუფლებამ მოაწყო ერთი ჟურნალისტის განცხადებაზე რეაგირებისას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების რეალურ დღის წესრიგს. ესაა შიშის მაქსიმალური ინსპირაცია, იმის ნაცვლად, რომ ეს განვიხილოთ, როგორც ერთი ჟურნალისტის განცხადება, რომელიც ვიღაცას შეიძლება მოეწონოს და ვიღაცას – არა“, – განუცხადა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.

მან სრული აბსურდი უწოდა იმას, რომ გაბუნიას განცხადებას შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია.

„დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია კრიზისის მართვა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატებმა ხელისუფლების განცხადება შეაფასეს, როგორც ღია მუქარა დამოუკიდებელი ტელეარხის მისამართით.

„არ შეიძლება სახელმწიფო გადავიდეს ამ ზღვარს და ერეოდეს კერძო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში... ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება აპირებს „რუსთავი 2“-ზე და ზოგადად დამოუკიდებელ მასმედიაზე ზეწოლის მცდელობის გაგრძელებას და ამას აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოება“, – აღნიშნა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ.

ამჟამად „რუსთავი 2“-ის საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იხილავს. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 18 ივლისს გამოაცხადებს.

„რუსთავი 2“-ის იურისტებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2017 წლის მარტში მიმართეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სასამართლო პროცესი ქართული სასამართლოს ისტორიაში. ტელეკომპანიის საქმე საქართველოს სასამართლოებში ორ წელზე მეტხანს იხილებოდა.

ვინ მისცა დავალება გაბუნიას?

რატომ მაინცდამაინც ახლა და დგას თუ არა ვინმე სკანდალური ტელეწამყვანის ქმედებების უკან – ეს კითხვები ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ყველაზე აქტუალურია.

ნინო ბურჯანაძე „რუსთავი 2“–ის კვირის ეთერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს >>

საქართველოში ვითარება 20 ივნისს დაიძაბა – საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, დააკავეს 300-ზე მეტი. თბილისში გაკეთებული ანტირუსული განცხადებების პასუხად რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. საპროტესტო აქცია მესამე კვირაა გრძელდება.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ გაბუნიამ სკანდალური განცხადება სხვისი დავალებით გააკეთა, მაგრამ ვინ მისცა მას ასეთი დავალება – ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ იყო ემოციურ ნიადაგზე გაკეთებული განცხადება. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა იმის დადგენა, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოემზადებინა ნიადაგი ქვეყანაში რუსული ჯარების შემოსაყვანად“, – განაცხადა ლაგაზიძემ გაზეთ „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისი სიტყვებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მხოლოდ განცხადებების კეთება არასაკმარისია.

პუტინის გინება პირდაპირ ეთერში: რა ელოდება გაბუნიას ქართული კანონმდებლობით >>

„ეს იყო დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

ჟურნალისტი, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ გაბუნიას გამოსვლაში უკანონო არაფერი ყოფილა.

„ეს იყო უცენზურო რეპლიკა... მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის თვითრეგულირების (მასმედიის, - რედ.) ჩარჩოებში ჯდება... ამიტომ ახლა, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოება სახიფათო მოსახვევთან იმყოფება. თუ უნდა წავიდეთ ცენზურისკენ, მაშინ შეგვიძლია საერთოდ უარი განვაცხადოთ დემოკრატიულ განვითარებაზე“, – განაცხადა ქორიძემ პირველი არხის ეთერით.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს „რუსთავი 2“-ის ქმედების კავშირს საპროტესტო აქციის ტალღასთან, რომელიც პარლამენტის წინ 20 ივნისს დაიწყო.

„ინციდენტი გავრილოვთან კვლავაც გამოიყენეს სააკაშვილმა, მისმა გუნდმა და რადიკალებმა ანტირუსული ისტერიის გასაღვივებლად. რასაკვირველია, საჭირო იყო ამ აქციის გამოკვება“, – განუცხადა ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოს“.

ის არ გამორიცხავს ასევე, რომ გაბუნიამ სკანდალური განცხადება იმის გამო გააკეთა, რომ ტელეარხის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სტრასბურგის სასამართლოსგან უარყოფით გადაწყვეტილებას ელოდება.

„ანუ ეს ყველაფერი – ერთი ჯაჭვის რგოლებია. ამ ჯაჭვს მთავარი მიზანი აქვს – რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება, რათა არ მოხდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება და დაახლოება“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ტელეარხის ისტორია

ტელეარხი „რუსთავი 2" უკვე 25 წელია მაუწყებლობს. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი კომერციული ტელეკომპანიაა. ამ წლების განმავლობაში ტელეკომპანია მფლობელებს ხელთათმანებივით იცვლიდა – ბევრჯერ გადავიდა ხელიდან ხელში.

გაბუნიას განცხადება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია – კომუნიკაციების ეროვნული კომისია >>

ტელეკომპანიის წილების ყიდვა-გაყიდვა მრავალ კითხვას ბადებდა და უკავშირდებოდა ბიზნესმენების სიმპათიებს ამა თუ იმ ხელისუფლებისადმი. ყველაზე დიდხანს ტელეკომპანიას ფლობდა მისი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ორ თანადამფუძნებელთან – დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად.

ამჟამად ტელეარხის მფლობელები არიან შპს ტელეკომპანია „საქართველო" (51%), ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანაშვილები, ნინო ნიჟარაძე (9%). შპს ტელეკომპანია „საქართველო" ეკუთვნის ნიკოლოზ ნაყოფიას (50%) და ძმებ ყარამანაშვილებს (25-25%).

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ფაქტობრივად ტელეარხ „რუსთავი 2"-ის სახე და ყველაზე რეიტინგული გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" წამყვანია. მისი გამონათქვამები არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების, საზოგადოებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი.

მაგალითად, 2018 წლის მარტში სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა აჭარიდან და გურიიდან მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას, გაბუნიამ განაცხადა, რომ იესო ქრისტემ შეცდომა დაუშვა, როდესაც ორი ათასი წლის წინ საქადაგებლად ისრაელში მივიდა. ჟურნალისტის თქმით, ის ორი ან სამი წლის წინ აჭარაში უნდა მისულიყო, სადაც მას ჯვარზე არ გააკრავდნენ, რადგან რეგიონში აღარ დარჩა ხე ჯვრის დასამზადებლად. საპატრიარქომ „რუსთავი 2" ღვთის გმობაში დაადანაშაულა.

1160
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)

მოსაზრება: რატომ აღორძინებს რუსეთი „განკითხვის დღის თვითმფრინავებს“

53
(განახლებულია 18:53 26.10.2020)
„განკითხვის დღის“ კლასის თვითმფრინავები დღეს მსოფლიოში მხოლოდ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავთ.

ანდრეი კოცი

ვრცელი, დაცული, მაღალტექნოლოგიური — უახლოეს მომავალში რუსეთის შეიარაღებული ძალები ახალ საჰაერო მართვის პულტებს მიიღებენ შორი მაგისტრალის ლაინერ Ил-96-400М-ის ბაზაზე. დასავლეთში ამგვარ მანქანებს „განკითხვის დღის თვითმფრინავებს“ უწოდებენ. მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში სწორედ „მფრინავი შტაბის“ ბორტიდან განკარგავს ქვეყნის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავდაცვას და მართავს ჯარებს დედამიწაზე, ჰაერსა და ზღვაზე. ამ კლასის თვითმფრინვები დღეს მხოლოდ რუსეთსა და აშშ-ს ჰყავთ.

სარდლობის გადარჩენა

ბირთვულ ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობა უკიდურესობამდეა გამწვავებული. დიპლომატები ჩიხში არიან, მხარეებმა ელჩები გაიწვიეს. შეიარაღებული ძალები მაქსიმალურ მზადყოფნაშია მოყვანილი. სტრატეგიული ბომბდამშენები ჰაერში ადიან, ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური სუბმარინები ოკეანეში ჩადიან, სახმელეთო სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო პატრულირების მარშრუტებზე გადიან. სამყარო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინშია.

საბედნიეროდ, ეს სცენარი ჯერჯერობით მხოლოდ ფანტასტიკაა. რუსეთშიცა და აშშ-შიც მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ფართომასშტაბიანი ომი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ბირთვულ ომში და ათობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს. თუმცა სამხედროები ყოველთვის უფრო უარესისთვის ემზადებიან. ორივე მხარე ვარაუდობს, რომ ამგვარ კონფლიქტში სწორედ პირველი დარტყმა „მოკვეთს თავს“ მოწინააღმდეგეს — ჯარების მართვის სადავეებსა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას წაართმევს. მთავარი მიზანი — სამხედრო და პოლიტიკური ცენტრებია.

სახიფათო პერიოდში რუსეთის ხელმძღვანელობასა და უმაღლეს სამხედრო სარდლობას მკაცრად გასაიდუმლოებულად გადაიყვანენ სამხედრო აეროდრომზე, სადაც მათ ფრთოსანი საკომანდო პუნქტები დახვდება. „განკითხვის დღის თვითმფრინავების“ ეკიპაჟების ძირითადი ამოცანა იქნება სახელმწიფოს პირველი პირების დარტყმისგან გარიდება და მათთვის ჰაერიდან სარდლობის შესაძლებლობის მიცემა. ამ საკომანდო პუნქტების საბრძოლო სტაბილურობას თანმხლები გამანადგურებლები და მომარაგების ტანკერები უზრუნველყოფენ. მსგავსი ტაქტიკაა შემუშავებული აშშ-შიც — ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში.

ნანატრი ცვლა

რუსეთის სამხედრო–კოსმოსურ ძალებში ოთხი „განკითხვის დღის ხომალდი“ Ил-80 შედის, რომლებიც სამგზავრო ლაინერ Ил-86-ის ბაზაზეა აგებული. მძლავრი ელექტროსადგური, კავშირის თანამედროვე საშუალებები, სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა ჰაერში რამდენიმე დღის განმავლობაში ყოფნის საშუალებას იძლევა — რაღა თქმა უნდა, მარაგების შევსებით.

სამოქალაქო წინამორბედისგან Ил-80 მაღალი „შუბლით“ განსხვავდება — ფიუზელაჟის ცხვირის ნაწილში დიდი ნაკვეთურით, სადაც სხვადასხვა რადიოელექტრონული მოწყობილობაა განთავსებული. გარდა ამისა, Ил-80-ს არ აქვს ილუმინატორები, რათა ეკიპაჟი და მგზავრები ახლო ბირთვული აფეთქებისგან არ დაბრმავდნენ. კუდის ნაწილში მდებარეობს ანტენა წყალქვეშა ნავებთან დასაკავშირებლად.

დეტალური ინფორმაცია Ил-80-ის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბორტზე დამონტაჟებულია აპარატურა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და ტიპების მართვისთვის, არსებობს სამუშაო და დასასვენებელი სათავსოები მაღალჩინოსანი მგზავრებისთვის, დამატებითი რეზერვუარები საწვავის მარაგებისთვის. თვითმფრინავს შეუძლია აფრინდეს ნებისმიერი სამოქალაქო და სამხედრო აეროდრომიდან, აღჭურვილია მასობრივი განადგურების იარაღისგან თავდაცვის საშუალებებით და შეუძლია ავტონომიურ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ რეტრანსლაციის, ნავიგაციისა და კავშირის სახმელეთო და თანამგზავრული სისტემები განადგურდება.

მაგრამ Ил-80-ები ჯარებში უკვე 15 წელზე მეტია, რაც ექსპლუატაციაშია და მათ თავიანთი რესურსის დიდი ნაწილი ამოწურეს. გარდა ამისა, საბაზო ლაინერი Ил-86 საშუალო მაგისტრალურია. მათი პრაქტიკული ფრენის სიშორე სულ 3800 კილომეტრს შეადგენს, რაც არასაკმარისია მართვის საჰაერო პუნქტისთვის. ამიტომ Ил-96-400М-ის საბაზისოდ შერჩევა „განკითხვის დღის“ ახალი ხომალდისთვის სრულიად გამართლებულია: მისი ფრენის სიშორე მაქსიმალური დატვირთვისას დაახლოებით 9 ათას კმ-ს შეადგენს.

მფრინავი სასტუმროები

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ოთხი E-4B Nightwatch-ია („ღამის მზვერავი“), რომლებიც ავიალაინერ Boeing-747-ის ბაზაზეა აგებული. თითოეულის ბორტზე 100 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და ჰაერში ერთ კვირამდე ყოფნა შეუძლია რეგულარული მომარაგების პირობებში. Е-4B დაცულია ბირთვული აფეთქების გამანადგურებელი ფაქტორებისგან და აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე რადიოელექტრონული მოწყობილობით.

ამერიკული „განკითხვის დღის ხომალდი“ არსით მფრინავი სასტუმროა. მასზე ყველაფერია რამდენიმე დღის განმავლობაში ავტონომიური მუშაობისთვის — სამზარეულო, სველი წერტილები, დასვენების ზონა, საძინებელი კაბინები, სათათბირო ოთახი მაგიდითა და ცხრა სავარძლით, 29 ადგილზე გათვლილი კომუნიკაციისა და კავშირის ზონა და ასევე სხვა სათავსოები. ინტერიერი გამოირჩევა კომფორტით, ხოლო აღჭურვილობა — მაღალი ერგონომიკით. შესაძლოა ამიტომაც ირჩევენ აშშ-ის პირველი პირები E-4B-ს სხვა ქვეყნებში ხანგრძლივი ფრენებისთვის, ნაცვლად კლასიკური საპრეზიდენტო თვითმფრინავისა Air Force One.

E-4B-ები რუსულ Ил-80-ებზე მნიშვნელოვნად ასაკოვანია. ისინი ექსპლუატაციაში 1970-იან წლებში მიიღეს, თუმცა გამუდმებით უტარდებათ მოდერნიზება. 2015 წელს მათ ნაწილს საკომუნიკაციო აღჭურვილობის გადაპროგრამებისა და მოდიფიკაციის პროცედურა ჩაუტარდა. თვითმფრინავებს ინტერნეტზე ჩქაროსნული წვდომა, ფართოზოლიანი თანამგზავრული კავშირი და ასევე სპეციალური დაცული არხები აქვთ მაღალი გატარების უნარით. E-4B-ს ფრენის სიშორე 11 ათასი კილომეტრია.

გარდა ამისა, ამერიკელებს ჰყავთ 16 E–6, რომელთა დანიშნულებაც სტრატეგიულ ატომურ წყალქვეშა ნავებთან კავშირის სარეზერვო სისტემის უზრუნველყოფაა. მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სტრატეგიული სარდლობის საკომანდო პუნქტის სახით. ომის შემთხვევაში ეს მანქანები ატლანტიკისა და წყნარი ოკეანეების ზონებში საბრძოლო პატრულირებაზე გავლენ, რა დროსაც მუდმივი კავშირი ექნებათ წყალქვეშა ხომალდებთან და „განკითხვის დღის თვითმფრინავ“ E-4B-სთან.

53
წინასაარჩევნო აგიტაცია

ჩხუბი, შეხვედრები და კორონავირუსი: არჩევნების ბოლოსწინა კვირა საქართველოში

83
(განახლებულია 10:28 26.10.2020)
არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, პარტიებმა თავისი სიები წარადგინეს, ცესკომ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო და კორონავირუსის ყველა „სიურპრიზი“ გაითვალისწინა, ხოლო დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე ბოლო ანგარიშები გამოაქვეყნეს

გასულ კვირაში რამდენიმე სერიოზული ინციდენტი მოხდა, ასევე გარკვეულ განწყობას კორონავირუსის პანდემია ქმნის.

ცესკოს გადაწყვეტილებები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას უკვე საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. სულ 7 102 600 ბიულეტენი დაიბეჭდება.

თბილისის 7 სტამბაში 3 160 900 ბიულეტენი დაიბეჭდება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - 584 000 ბიულეტენი.

გარდა ამისა, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების შესახებ კორონავირუსით დაავადებულთათვის, რომლებიც საკარანტინე ზონებსა და კლინიკებში იმყოფებიან. ამისათვის 127 სპეცუბანი გაიხსნება, სადაც განსაკუთრებული წესები იმოქმედებს.

აგრეთვე ცესკომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად საუბნო საარჩევნო კომისიები წევრების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში არასრული შემადგენლობით სპეცჯგუფების სახით მაინც იფუნქციონირებენ.

ცნობილია საქართველოს ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობაც - 3 526 032 ადამიანი.

ბურჯანაძე ხელისუფლებას და ცესკოს არჩევნების გაყალბების სქემის შემუშავებაში ადანაშაულებს >>

კორონავირუსი და არჩევნები

კორონავირუსს კი მწყობრიდან სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი გამოჰყავს. გასულ კვირაში ინფექცია არჩევნების ორ ცნობილ მონაწილეს დაუდგინდა.

დაავადდა ლიდერი პარტიისა „ლელო საქართველოსთვის“ მამუკა ხაზარაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

ასევე კორონავირუსს უკავშირდება გასულ კვირას მომხდარი სკანდალი, როდესაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ აქციაზე ბათუმში, შემდეგ კი ქუთაისში გამართულ აქციაზე ადამიანები არ იცავდნენ დისტანციას და პირბადეების გარეშე იყვნენ. ბლოკი მოსახლეობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

კვირის ინციდენტები

ამ კვირასაც არ ჩაუვლია ინციდენტების გარეშე. ორშაბათს საღამოს ბოლნისში მოხდა თავდასხმა „ძალა ერთობაშიას“ ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატზე, პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე კახა ოქრიაშვილზე.

ვინ იყო პიროვნება, რომელიც ავჭალაში ავტომობილში ჩაცხრილეს >>

შტაბის წარმომადგენლები სოფელ ნიხიდურიდან ავტომობილით თბილისში მიემგზავრებოდნენ, როდესაც მათ სავარაუდოდ ბოლნისიდან ორი მანქანა აედევნა. ერთ-ერთმა გაუსწრო პოლიტიკოსებს, მეორე უკნიდან მიუახლოვდა. მათ გზა გადაუჭრეს შტაბის წარმომადგენლებს, აიძულეს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა, რის გამოც პოლიტიკოსების მანქანა ხევში გადავარდა.

გარდა ამისა, ოპოზიციონერების მისამართით დაახლოებით ექვსჯერ ისროლეს.

ისმოდა სროლა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან დმანისში, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, დღემდე უცნობია.

ორივე შემთხვევას შსს იძიებს.

ანგარიშები არჩევნების წინ

ამასობაში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მსვლელობის შეფასებას აგრძელებენ.

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა წინასაარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც აფასებს ცესკოს მუშაობას, საარჩევნო კამპანიების კუთხით მიმდინარე მდგომარეობას, გენდერულ თანასწორობას პოლიტიკაში და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიასა და დეზინფორმაციას, ასევე COVID-19-ის ზემოქმედებას საარჩევნო პროცესებზე.

ბიულეტენი მოიცავს პერიოდს 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე და აქცენტს აკეთებს რამდენიმე ძირითად დასკვნაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა: ძალადობა და მუქარები ჟურნალისტების მიმართ ბოლნისსა და მარნეულში, საპროტესტო აქცია პანკისში, რომლის გამო პანკისის საზოგადოებრივმა რადიომ დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა; „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა უარი მონაწილეობა მიიღოს დებატებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებში; ანონიმური გვერდები სოციალურ ქსელებში, რომლებიც როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ახდენენ.

ორგანიზაცია ურჩევს საარჩევნო სუბიექტებს თავი შეიკავოს ისეთი თემების განხილვისგან, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს საზოგადოებრივი დაპირისპირების და განხეთქილების რისკებს.

საკუთარი ანგარიში წარმოადგინა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციამ - სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED). დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე და მასში მითითებულია ყველა გამოვლენილი დარღვევა, მათ შორის: პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ცხრა სავარაუდო შემთხვევა; სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის ორი ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ერთი ფაქტი; ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის ათი ფაქტი; შესაძლო პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან დათხოვნის სამი ფაქტი და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების 18 ფაქტი.

83
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ჯანმოში გადაკვალიფიცირებას გაივლის

21
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გადაკვალიფიცირებაზე გადაამისამართეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პირდაპირი ინვესტირების რუსულმა ფონდმა განაცხადები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ის რეგისტრაციისა და გადაკვალიფიცირების დაჩქარებული პროცედურისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიტანა, იუწყება РИА Новости.

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ჯანმოს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გადაკვალიფიცირებისთვის მიმართა.

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

„რუსეთმა პირველმა მსოფლიოში დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V", რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების უსაფრთხო, ეფექტურ და კარგად შესწავლილ პლატფორმაზე შეიქმნა... მადლობას ვუხდით ჯანმოს აქტიური თანამშრომლობისთვის და გადაკვალიფიცირების პროცესის ყველა ძირითადი ეტაპის წარმატებული გავლის იმედს ვიტოვებთ“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

გადაკვალიფიცირების პროგრამა - სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი გლობალური პროგრამაა. მის კოორდინირებას ახდენს ჯანმო, რომელიც ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასებას. თუ სამედიცინო პრეპარატი შეესაბამება ჯანმოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ის გადაკვალიფიცირება გავლილ პრეპარატების ჩამონათვალში შეაქვთ.

პანდემიის გათვალისწინებით, რუსული ვაქცინის რეგისტრაციის დაჩქარებული პროცედურა (Emergency Use Listing, EUL) გახდის მას ხელმისაწვდომს მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მოკლე ვადებში, ვიდრე ამას ჩვეულებრივი პროცედურები ითვალისწინებს, და ხელს შეუწყობს გლობალურ ძალისხმევას კორონავირუსის ინფექციის პრევენციისათვის, აღნიშნავს სააგენტო.

თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის გადაკვალიფიცირებას, ის შევა სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში, რომელსაც საერთაშორისო შემსყიდველი ორგანიზაციები და ქვეყნები სამკურნალო საშუალებების მასობრივი შესყიდვების მართვის პროცესში იყენებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა გახდა პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ-V“, რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ეპივაკკორონას“ წარმოება, რომელიც სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ შემუშავდა. ასევე გრძელდება მუშაობა ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

21
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში