ბათუმის პორტი

რა საჭიროა ანტიდემპინგური კანონი და რა სარგებელს მოუტანს ის ქართულ ბაზარს

140
(განახლებულია 17:07 02.07.2019)
საქართველოს პარლამენტი მალე ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე იმსჯელებს.

ნატა პატარაია

ქვეყნის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადდა. უწყების ცნობით, კანონპროექტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე შემუშავდა.

რა არის დემპინგი და რას ითვალისწინებს კანონპროექტი

დემპინგი საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ, ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიზანი დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვაა.

„ამისთვის უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. თუ საკითხის შესწავლა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიება გატარდება“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინსიტროში.

კანონპროექტის მიხედვით, მოკვლევის ორგანო არის კონკურენციის სააგენტო, რომელიც დემპინგური იმპორტის შესწავლას იწყებს ყოველი კონკრეტული პროდუქტის შესახებ ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე. ხოლო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა, კონკურენციის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე. ანტიდემპინგური ღონისძიების შედეგად დაწესებული ტარიფის ადმინისტრირებას კი ახორციელებს საქართველოს შემოსავლების სამსახური.

კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი, რაც გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

ეკონომიკის სამინისტროში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და ხელს შეუწყობს მის განვითარებას.

„ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ რეგულაციები გამოყენებული იქნება როგორც ვაჭრობის შემზღუდავი მექანიზმი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ადგილი ექნება ადგილობრივ მეწარმეთა დაზარალების მცდელობას, ჩვენ ვიქნებით მათი ინტერესების და, შესაბამისად, ადგილობრივი მუშახელის სადარაჯოზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

საქართველოს აქამდე არ ჰქონია საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზა, თუმცა მის შემუშავებას ადგილობრივი ბიზნესი კარგა ხანია ითხოვს.

მეწარმეები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ქართულ ბაზარზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს და ამაზე არაერთხელ განუცხადებიათ კიდეც ადგილობრივ კომპანიებს.

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების მომხრეების აზრით, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას.

მათი განცხადებით, სწორედ დემპინგურმა ფასებმა შეაჩერა ბოლო წლებში საქართველოში მეტალურგიური ქარხნის და ცემენტის ადგილობრივი წარმოებები. ასევე შეუქმნა პრობლემა შაქრის ადგილობრივ წარმოებას, რადგან ამ პროდუქტის ძირითად მწარმოებელ კომპანია „აგარის“ ქარხანას უკრაინულ შაქართან კონკურენცია გაუჭირდა.

ბაზარზე სწორი კონკურენციის პირობების ჩამოსაყალიბლებლად, მათ შორის დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი მწარმოებლების დასაცავად, ადგილობრივმა ბიზნეს-გაერთიანებებმა და კომპანიებმა რამდენიმე წლის წინ ახალი ბიზნეს-გაერთიანება „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციაც” შექმნეს, სადაც 150-მდე კომპანია გაერთიანდა.

მომხრეების გარდა, ანტიდემპიგურ კანონმდებლობას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ მომხმარებლისთვის საზიანოა, როცა იმპორტიორს არ ეძლევა საშუალება – პროდუქტს თავისთვის მომგებიანი, მაგრამ ბაზარზე არსებულზე ნაკლები ფასი დაადოს. ეს მომხმარებელს პროდუქციას უძვირებს და არჩევანის თავისუფლებას ართმევს.

მათ არგუმენტებს არ ეთანხმება „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან სილაგავა. მისი აზრით, დემპინგური ფასით ბაზარზე შემოსულ კომპანიას არაფერი უშლის ხელს, რომ კონკურენტების ჩამოშორების შემდეგ ფასები ასწიოს.

„როცა ბაზარზე პროდუქცია დემპინგური ფასით შემოდის, ის პრობლემას უქმნის ადგილობრივ წარმოებას, ხშირად ეს სპეციალურად კეთდება, რათა ბაზრიდან განიდევნონ კონკურენტები და კომპანია გახდეს მონოპოლისტი, რის შემდეგაც მას არავინ დაუშლის პროდუქციის გაძვირებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ანტიდემპინგური კანონმდებლობა“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება მომხმარებლების არჩევანის თავისუფლებას, ლევან სილაგავას განმარტებით, მომხმარებელია ის ადამიანიც, რომელიც მუშაობს, მაგალითად, იმავე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.

„თუ შემოდის, მაგალითად, არმატურა დემპინგურ ფასად, ის პრობლემას უქმნის რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. შედეგად მომხმარებელი, რომელიც არის დასაქმებული რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, რჩება უმუშევარი, რადგან წარმოებამ ვერ გაუძლო კონკურენციას და გაჩერდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ქარხნის გაჩერების შედეგად არ ივსება ბიუჯეტი“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისი თქმით, წარმოება უნდა განვითარდეს და არა გაჩერდეს, ეს არის ამოსავალი წერტილი. ამოცანა კი ის არის, რომ უმუშევარი გახდეს დასაქმებული და ის ვინც დასაქმებულია, არ შეუერთდეს უმუშევართა რიგებს.

„შეიძლება დღეს ბედნიერი იყოს ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომ ქვეყანაში პროდუქცია იაფად შემოდის, მაგრამ ხვალ და ზეგ ეს მოსპობს ადგილობრივ წარმოებას, გახდის ქვეყანას მთლიანად იმპორტზე დამოკიდებულს, რაც ჩამოანგრევს ქვეყნის ეკონომიკას“, – განმარტა ლევან სილაგავამ.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც დემპინგური იმპორტის განხორციელება არის შესაძლებელი, ლევან სილაგავას თქმით, არის ხოლმე კითხვები, მაგალითად, ჩინეთთან, ირანთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ კანონის არარსებობის პირობებში დემპინგის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია და, შესაბამისად, ყველაფერი მხოლოდ კომპანიების ეჭვებად და ვარაუდებად რჩება.

რას ფიქრობენ მწარმოებელთა ფედერაციაში კანონპროექტზე

ლევან სილაგავას აზრით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი საკმაოდ მაღალი დონისაა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას ეფუძება.

„რა თქმა უნდა, იყო საუბარი იმაზეც, რომ ეს კანონი შეიძლება ვიღაცამ სათავისოდ გამოიყენოს, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტი საკმაოდ დაბალანსებულია და გათვალისწინებულია როგორც იმპორტიორის, ასევე ადგილობრივი მეწარმის ინტერესი“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ.

კანონპროექტის თანახმად, იმისათვის რომ კონკურენციის სააგენტომ დემპინგზე სექტორის კვლევა დაიწყოს, მას ამ დარგში დასაქმებული მწარმოებლების დაახლოებით 60%-მა უნდა მიმართოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დარგს აშკარად ეტყობა, რომ დემპინგი ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს ადგილობრივ წარმოებას, მთავრობას შეუძლია მიიღოს ოპერატიული ზომები. კერძოდ, იმპორტიორს, რომელიც ეჭვია, რომ დემპინგს ახორციელებს, გარკვეული სატარიფო კოეფიციენტი დაუწესოს, რათა პროდუქტი დაბალი ფასით არ შემოიტანოს, და დაიწყოს კვლევა. თუ იმპორტიორს დაუდასტურდება დემპინგი, მას ჯარიმა დაეკისრება, ხოლო თუ არ დაუდასტურდება, ის სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს.

ლევან სილაგავას თქმით, კანონში ასევე გათვალისწინებულია, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკურენციის სააგენტო, თუ პროდუქცია არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან – ჩინეთიდან ან ირანიდან შემოვა. ასეთ შემთხვევაში ბაზრის კვლევა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ანალოგიურ პროდუქციაზე და დასკვნა – არის თუ არა დემპინგი, იქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მომზადდეს.

 

140
ლუგარის ლაბორატორია

ამერიკული ბიოლაბორატორიები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში: რა საჭიროა?

14
(განახლებულია 15:01 29.05.2020)
ყაზახეთში, სომხეთსა და ტაჯიკეთში ამერიკელებმა დააარსეს ბიოლაბორატორიების ქსელი, რაც ბევრ კითხვას უჩენს რუსეთს.

გალია იბრაგიმოვა 

„შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ახორციელებენ სამხედრო–ბიოლოგიურ საქმიანობას, მათ შორის, ჩვენს საზღვრებთანაც“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მოსკოვი დიდი ხანია შეშფოთებულია მეზობელი ქვეყნების ბიოლოგიური უსაფრთხოებით. 

წინასწარგანზრახული გაჟონვა 

ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მარტის დასაწყისში დაფიქსირდა. ხელისუფლებამ ჩაკეტა საზღვრები და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინტერნეტში გაჩნდა ხმები, რომ ვირუსი შესაძლოა  იმ ბიოლაბორატორიასთმ ყოფილიყო კავშირში, რომელიც ამერიკელებმა 2016 წელს ააგეს რესპუბლიკის სამხრეთ–აღმოსავლეთში. 

ალმათის ცენტრალური რეფერანს–ლაბორატორია (ცრლ) ყაზახეთისთვის დამახასიათებელი ვირუსების შტამების შესწავლაზე სპეციალიზდება და რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. მიიჩნევა ყაზახეთის საკუთრებად, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონის ხარჯებითაა აგებული. ამ ობიექტისთვის აშშ–მა 108 მლნ დოლარი გამოყო.

ვაშინგტონმა განმარტა: რეგიონში იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები და კვლევები დაეხმარება მათ, ტავი დაიცვან უცნობი  ვირუსული ინფექციებისგან.

მოსკოვის წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ამერიკელებს ამ ლაბორატორიის რუსული ინტერესების წინააღდეგ გამოყენება შეეძლოთ, მაგრამ ყაზახეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ადგილობრივი ბიოლოგების მუშაობაში არავინ ერეოდა.

„უცხოელი მეცნიერების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი კვლევები ტარდება და საგრანტო პროექტები რეალიზდება“, — განმარტეს  ცენტრალურ რეფერანს ლაბორატორიაში.

2018 წელს ყაზახეშთი შესამჩნევად გაიზარდა მენინგიტით დაავადების რაოდენობა და ალმათში ლაბორატორიიდან მენინგიტური ინფექციის შტამის გაჟონვაზე ალაპარაკდნენ. ჟურნალისტები და ბლოგერები სერიოზულად წერდნენ, რომ ამერიკელებმა განზრახ დაუშვეს ვირუსის გავრცელება — თითქოს მათ ამ გზით სურდათ შეე მოწმებინათ ლაბორატორიაში შექმნილი ბაქტეოროლოგიური იარაღის ეფექტურობა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, არანაირ  ეპიდემიას ადგიი არ ჰქონდა.

„ყაზახეთში მენინგიტის 58 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 32 — ალმათში, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საზომებით, დაბალი მაჩვენებელია“, — აცხადებდნენ უწყებაში.

კრონავირუსთან დაკავშირებითაც მსგავსი ისტორია განმეორდა. ხელისუფლებამ უარყო კონსპირალოგია და საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეეკავებინათ პანიკის თესვისგან.

მუშაობის დახურული რეჟიმი 

საბჭოთა პერიოდში სომხეთის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი დარგის უმსხვილესად ცენტრად მიიჩნეოდა. 90–იან წლებში ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევებით აშშ და დიდ ბრიტანეთი დაინტერესდნენ. სომეხ სპეციალისტებს დასავლეთში იწვევდნენ სტაჟირებაზე.

2000–ანებში ამერიკელები დაეხმარნენ სომხეთს, გაეხსნათ რამდენიმე ბიოლაბორატორია. თანხები, ყაზახეთის მსგავსად, იქაც პენტაგონმა გამოყო. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მოდერნიზაციაზე 10 მლნ დოლარი დაიხარჯა.

ერევანში, გიურმიში, ვინაძორში, მარტუნისა და იჯევანში აგებული სამეცნიერო ცენტრები კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელ ვირუსებსა და შტამებს სწავლობს. ლაბორატორიები სომხეთის  ჯანდაცვის სისტემაში შედის, მაგრამ აშშ–ის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საფრთხეების შემცირების სააგენტოს თანამშრომლებს იქ შესვლის უფლება აქვთ. ადგილობრივი სპეციალისტების გარდა, იქ ამერიკელებიც მუშაობენ.

სომხეთის ბიოლაბორატორიების დახურულობა მოსკოვის კრიტიკას იწვევს. ეჭვების გასაფანტად პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გასულ შემოდგომაზე დათანხმდა რუს სპეციალისტებთან თანამშრომლობაზე მემორანდუმის გაფორმებას. დეტალები შეთანხმდა, მაგრამ სომხურმა მხარემ ბოლო მომენტში უარი თქვა დოკუმენტზე.

საშიში ეპიდემიოლოგია

2010-იამ წლებში ამერიკელმა ბიოლოგებმა ყურადღება ტაჯიკეთზე გაამახვილეს. მათ არახელსაყრელი ეპიდემიოლოგიური ვითარება აშფოთებდა, რასაც ინფექციური დაავადებების აფეთქების გამოწვევა შეეძლო. დასავლეთის რამდენიმე ფონდმა სახსრები გამოყო ქვეყანაში კვლევითი ცენტრების შესაქმნელად.

2013 წელს დუშანბეს გასტროენტეროლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე  ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორია გაიხსნა. პროექტი ფრანგულმა საქველმოქმედო მერიოს ფონდმა დააფინანსა, რომელსაც მსგავსი ობიექტები აგებული აქვს ჩინეთში, მიანმაში, ბანგლადეშსა და აფრიკის ქვეყნებში.

ფრანგებს, როგორც წესი, დაეხმარნენ გაერო და აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID–ი. ინვესტიციებმა სამ მილიონ დოლარს გადააჭარბა.

2019 წელს შეიქმნა ტუბერკულოზთან ბრძოლის რესპუბლიკურ ცენტრთან არსებული ლაბორატორია. სპონსორები იყვნენ USAID–ი და პენტაგონი. ადგილობრივი ბიოლოგები უცხოელ კოლეგებთან ერთად სწავლობენ ცენტრალური აზიისთვის დამახასიათებელ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი და ქოლერა.

გასულ წელს ტაჯიკეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ისფარაში კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა. ინფომაცია მის შესახებ მწირია. დამფინანსებლები კვლავაც ამერიკელები არიან.

„ცენტრალურ აზიაში კორონავირუსამდე ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული იყო. რეგიონს ახასიათებ ჰეპატიტის, ქოლერის, ტუბერკულოზის აფეთქებები, ამიტომ ახალი ბიოლაბორატორიები აუცილებელია. ამისთვის საჭიროა სახსრები. უცხოური დახმარების გარეშე ფონს ვერ გავალთ“,  —  განმარტა დუშანბეს პოლიტოლოგიურ კვლევათა ცენტრის დირექტორმა აბდუგანი მამადაზიმოვმა.

ტაჯიკი ექსპერტი ვერაფერ საეჭვოს ვერ ხედავს ამერიკელების აქტიურობაში.

„უბრალოდ, ისინი ყოველთვის პირველები გვეხმაურებიან. თუ კორონავირუსის შემდეგ რუსეთი, ჩინეთი ან ევროკავშირი უფრო აქტიურად დაეხმარებიან რეგიონს  ვირუსებთან ბრძოლაში, რესპუბლიკის ხელისუფლება ამას მხარს დაუჭერს“, — დარწმუნებულია ექსპერტი.

14
ამწე სამშენებლო მოედანზე

ასობით მილიონი ლარი მშენებლობის დასახმარებლად: საქართველოს ხელისუფლების ახალი გეგმა

58
(განახლებულია 22:52 28.05.2020)
დეველოპერული სექტორის დასახმარებლად, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა, საქართველოს ხელისუფლება 434 მილიონ ლარს გამოყოფს

კორონავირუსის პანდემიის ფონზე სამშენებლო სფერო დიდ ზარალს განიცდის - გაძვირდა სამშენებლო მასალები, ხოლო მოქალაქეთა გადახდისუნარიანობა შემცირდა. მსხვილი სამშენებლო კომპანიები თანამშრომლების შტატის შეკვეცაზე ფიქრობენ.

სექტორის და მასში დასაქმებული მოქალაქეების დასახმარებლად ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა.

საბანკო რეგულაციები მარტივდება – რა იცვლება სესხის აღების მსურველებისთვის >>

ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად ხელისუფლებამ დეველოპერულ სექტორში 4 ძირითადი გამოწვევა განსაზღვრა: გაყიდვების მოცულობების შემცირება, მშენებლობის დასრულების რისკების გაზრდა, რაც ყველა კრიზისისთვის არის დამახასიათებელი, მესამე არის ფასების მერყეობა და მეოთხე - სამშენებლო კომპანიებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობა.

გეგმის მიხედვით, მთავრობა იპოთეკაზე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონ ლარს გამოყოფს; იპოთეკური კრედიტების პორტფელზე სახელმწიფო გარანტიებისთვის  - 14 მილიონ ლარს; 150 მილიონ ლარს - დევნილების ბინებით უზრუნველსაყოფად; 200 მილიონ ლარს - საცხოვრებელი მშენებლობების დასრულებისთვის სახელმწიფო გარანტიების პროგრამაზე.

იპოთეკური კრედიტების სუბსიდირება

გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის ბინების შეძენის პროცესის გამარტივება გადაწყვიტა. 2020 წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების და ბინების შეძენის მსურველთათვის მთავრობა იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს დაასუბსიდირებს. 4%-იანი სუბსიდია 5 წლის განმავლობაში 200 ათას ლარამდე მოცულობის ყველა სასესხო შეთანხმებაზე გავრცელდება.

„ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

გარდა ამისა, სესხების დასაფარად წინსწრებით შენატანების და საპროცენტო განაკვეთის ზრდის პრევენციისთვის, მთავრობა 2020 წლის ბოლომდე აღებული ყველა სესხის 20%-ის გარანტიას საკუთარ თავზე აიღებს. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანაკლებ 10 პროცენტისა.

დეველოპერების დასახმარებლად შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი დაჩქარდება. მთავრობა წლის ბოლომდე აუქციონზე 150 მილიონი ლარის ღირებულების დაახლოებით 1800 ბინის შეძენას გეგმავს.

ამგვარად, იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 1800 ოჯახი დაგეგმილზე სამი წლით ადრე საცხოვრებელ ბინებს მიიღებს.

ხელისუფლება ასევე მშენებლობის დასრულების რისკებს დაფარავს. გარანტიების გაცემის პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. იმ შემთხვევაში, თუ მშენებლები პროექტით გათვალისწინებული ბინების 30%-ს ვერ გაყიდიან, მათ მთავრობა დევნილების დასაკმაყოფილებლად შეიძენს.

„ეს არის ის გარანტია, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ მათ შეუფერხებლად განახორციელონ მუშაობა და მეორე მხრივ, სექტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს საპროექტო პროცესში სამშენებლო ფართების 30%-ის რეალიზაციას სახელმწიფოზე და შესაბამისად მას უადვილდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაჭრა თბილისში

თბილისის მერია განაგრძობს დახმარების გაწევას 2013 წლამდე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების კუთხით. ამჟამად მერია განიხილავს 30 განაცხადს, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ ბინებს მიიღებს დაახლოებით 4 000 ადამიანი, რომელიც დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალდა.

9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის – როგორ მოვიპოვოთ >>

„გადავწყვიტეთ, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე ჩვენ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სიახლე დეველოპერებისათვის

დეველოპერული კომპანიების საქმიანობაში Escrow-ანგარიშების გამოყენება იგეგმება. 2020-2021 წლებიდან ამ საბანკო ანგარიშის გამოყენება სავალდებულო გახდება, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.

„ამ Escrow-ანგარიშის მიხედვით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და მშენებელს მხოლოდ სამშენებლო პროცესის პარალელურად ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ ანგარიშის გამოყენება. ეს არის სისტემური ნაბიჯი, რომელიც გამოყენებულია მრავალ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და არის იმისი წინაპირობა, რომ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გააჯანსაღებს სექტორს“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სიახლე შეეხება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის კომპანიებს გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე, ხოლო რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება.

საქართველოს მშპ-ში სამშენებლო სექტორის წილი დაახლოებით 9%-ს შეადგენს, ხოლო მასში დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა - თითქმის 120 ათასს. ამდენივეა დასაქმებული სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ სფეროებში. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სექტორის გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოყვანა პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.

58
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
გიორგი გახარია პარლამენტში

გახარია: არასდროს მითქვამს 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადავუვადეთ

0
(განახლებულია 15:32 29.05.2020)
პრემიერ-მინისტრის თქმით, 38 000 მოქალაქეს  განბაჟების თანხა მთავრობამ იმიტომ გადავუვადა, რომ  მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი.

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ 38 000  მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში ფერმერთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა>>

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეებს განბაჟების თანხა მთავრობამ იმიტომ  გადაუვადა, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი.

„არასდროს არ მითქვამს. მოგეხსენებათ, რომ ეს კრიზისი იყო მოულოდნელი. 38 000 ჩვენს მოქალაქეს განბაჟებისთვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხო ქვეყნებიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ზოგი მცირე მეწარმე, ბიზნესი, ინდმეწარმე იყო, ზოგს თავისთვის ჰყავდა ჩამოყვანილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, განბაჟების თანხა, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ კრიზისში, ადამიანისთვის რა იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ მინისტრი საქართველოს პარლამენტში დღეს  „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

0