საპროტესტო აქციის დაშლა

„ჰემატომები თავზე“: რას იხსენებენ აქციის დაშლის დროს დაშავებული ადამიანები - ექსკლუზივი

86
სანამ საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულები მკურნალობენ, დანარჩენები თბილისის ცენტრში მიტინგს მართავენ

უკვე მესამე დღეა საქართველოში სიმშვიდე აღარაა, ადამიანები დილიდანვე კომპიუტერსა და ტელევიზორს მიუსხდებიან, რათა გაიგონ, როგორ ჩაიარა ღამემ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ქვეყანაში აქციები ხშირია. საქართველოს მოსახლეობა შეჩვეულია, რომ პოლიცია იცავს უსაფრთხოებას, ადამიანები მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს და არ ეშინოდათ, რომ მათ დაარბევდნენ. მაგრამ 21 ივნისის ღამეს ყველაფერი შეიცვალა. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რაღაც მომენტში გადაიზარდა არეულობაში და დასრულდა დარბევით, პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით.

შსს: პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები >>

შეიძლება დიდ ხანს ვეძებოთ დამნაშავეები, მაგრამ ფაქტია, რომ იქ ათობით ადამიანი დაშავდა.

„Sputnik-საქართველო“ ესაუბრა დაშავებულების ოჯახებს და გთავაზობთ რიგითი ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც დარბევის შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადეს.

სახლის ნაცვლად საავადმყოფო

50 წლის ბესიკ ლომთაძე (სახელი და გვარი შეცვლილია - რედ.) სამსახურში ღამემდე შეყოვნდა და ის პარლამენტის ტერიტორიის გავლით მშვიდად ბრუნდებოდა სახლში. სახლამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, მან ფეხს აუჩქარა, მაგრამ უცებ ტკივილი იგრძნო და დაინახა, რომ სისხლი მოსდის. სახლამდე მისვლა შეძლო, მაგრამ იქიდან „სასწრაფომ“ საავადმყოფოში წაიყვანა.

„აქვს ჰემატომები თავზე, თვალები ეწვის გაზის შემდეგ, რეზინის ტყვიები ფეხში სამ ადგილას აქვს მოხვედრილი. ნორმალურად სიარული არ შეუძლია, კოჭლობს. სახლში მოვიდა დასისხლიანებული და გახეული ტანსაცმლით“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ მისმა ქალიშვილმა.

არაჩვეულებრივი სასწაული

23 წლის დემეტრე ნაყოფია, გრიბოედოვის თეატრის მსახიობი, აქციაზე პროტესტის გამოსახატავად მივიდა. მისი კარიერა იმ ღამეს კინაღამ დასრულდა - მას პოლიციის რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა სასწაული მოახდინეს და თვალი შეუნარჩუნეს.

„ჩვენმა ექიმებმა მართლაც სასწაული მოახდინეს. სამი ქირურგი მრავალი საათის განმავლობაში იბრძოდა დემეტრეს მხედველობისთვის. ჩატარდა ორი ოპერაცია და მათ მოახერხეს დემეტრეს თვალის გადარჩენა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გრიბოედოვის თეატრის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ფანჯიკიძემ.

შეცვლილი ცხოვრება

18 წლის მაია გომური - მაღაზიის გამყიდველი, სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად იყო და ღამით სახლში ბრუნდებოდა. გოგონას თავისუფლების მოედანზე პოლიციის შეეშინდა და მან სახლში წასვლა სხვა გზით გადაწყვიტა. ის თითქოსდა ყველაზე უსაფრთხო მიმართულებით, ქაშუეთისკენ დაეშვა. ის სანაპიროზე ჩასვლას და ტაქსის გაჩერებას აპირებდა, მაგრამ იმ ღამეს ის სახლში ვერ მოხვდა.

პოლიციის მიერ ნასროლი ბრმა ტყვია გოგონას თავში მოხვდა.

„მას ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი თვალი ვერ შეუნარჩუნეს, ასევე მუშაობდა ყბა-სახის ქირურგი, დაზიანებული ნაწილი აღადგინეს, ახლა პოსტოპერაციულ პერიოდს გადის, ნაკლებად კონტაქტურია“, - გვიამბო გოგონას დამ.

ეს მხოლოდ რამდენიმე ისტორიაა იმ ადამიანების, ვისი ცხოვრებაც 21 ივნისის ღამეს შეიცვალა. სულ საავადმყოფოებში 240 ადამიანი მოხვდა, აქედან 80 პოლიციელია და 32 - ჟურნალისტი. ერთ-ერთმა მათგანმა თვალი დაკარგა.

ამ ადამიანების ამბავმა ყველა შეაძრწუნა და უკვე საღამოს რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბა ხალხი. აქციის ახალი ლოზუნგი გახდა ფრაზა „ნუ მაბრმავებ“, ხოლო სიმბოლო - ახვეული თვალი.

პროვოცირებული ისტერია

ბოლო მოვლენების ფონზე ქართულ საზოგადოებაში გამწვავდა ანტირუსული განწყობები. გააქტიურდა ანტირუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც 20 ივნისის საღამოს საპროტესტო აქციების დაწყებით ისარგებლეს.

შეგახსენებთ, რომ აჟიოტაჟი თბილისში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოყვა. პოლიტიკოსი საქართველოს დედაქალაქში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე სესიაზე სამუშაოდ ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტია.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში >>

ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომმა გახსნა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც ღონისძიების ჩასაშლელად ყველა ღონე იხმარეს.

ანტირუსული განწყობების გამწვავება განსაკუთრებით ცხადი იყო არა ქუჩებში, არამედ სოციალური ქსელ Facebook-ის ქართულ სეგმენტში, სადაც ყველაფერი რუსულის აკრძალვის მოწოდებები გამოჩნდა.

ამ პოსტებმა და მოწოდებებმა სოციალურ ქსელებში ისტერია გამოიწვია. ბევრი მომხმარებელი წერდა, რომ რუსეთიდან მეგობრების დაპატიჟების და ქუჩაში რუსულად საუბრის ეშინია, სხვები მათ ამშვიდებდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველოში პროტესტი მიმართულია არა რიგითი რუსების, არამედ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.

განხეთქილება საზოგადოებაში?

ემოციური ფონი საქართველოში გამძაფრებულია. ის, რასაც ადრე ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას, ახლა უფრო შესამჩნევი გახდა.

შაბათს, რუსული მედიის მონაცემებით, თბილისში ტელეარხ „როსია 24“-ის გადამღები ჯგუფის წევრების ცემის მცდელობა მოხდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი სტანისლავ ბერნვალდი ინტერვიუს იღებდა ტურისტული სააგენტოს მფლობელებისგან, რა დროსაც მათ რამდენიმე ახალგაზრდა მიუახლოვდა. მათ არხის კორესპონდენტისა და ოპერატორის ცემა სცადეს.

ჟურნალისტებს ტურისტული სააგენტოს მეპატრონის ქმარი გამოექომაგა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.

შსს იძიებს: „მოლოტოვის კოქტეილები" და გამოკითხვაზე დაბარებული პარტიების ლიდერები >>

მსგავსი რამ საქართველოში იშვიათად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არაცალსახა განწყობებია, ყველაზე ანტირუსული პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მაინც აცხადებენ, რომ რუსი ხალხის მიმართ არავის აქვს პრეტენზია, საქმე მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობაშია.

ამასობაში კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. ეს საპროტესტო მოძრაობის მესამე დღეა.

რუსთაველის გამზირი, და განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ადგილია ქვეყანაში - ბოლო 30 წლის განმავლობაში აქ არაერთ მრავალათასიან დემონსტრაციას ჩაუვლია და არაერთხელ დაღვრილა სისხლი. და ყოველ ჯერზე ხალხი სამართლიანობას მოითხოვდა...

 

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას.

86
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (361)