ამნისტია და გამკაცრებული პასუხისმგებლობა... ანუ შენების ახალი წესები...

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი და ახალი თბილისი
ძველი და ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მთავრობის სხდომა მეტად ნაყოფიერი გამოდგა... რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. საგულისხმოა, რომ ყოველი მათგანი სამშენებლო-დეველოპერულ სფეროს ეხება. მივყვეთ თანმიმდევრულად...

სამსონ ხონელი

ქალაქის ურბანული განვითარების მიმართ მიდგომები შეიცვალა და წლების განმავლობაში არსებული ხედვა − ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ძალიან მალე წარსულს ჩაბარდება. უფრო კონკრეტულად? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა, განვმარტავ:

მშენებლობისას ზოგიერთი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულის ნაცვლად უახლოეს მომავალში სისხლის სამართლის წესით დაისჯება. შესაბამისი კანონპროექტი მერიამ შეიმუშავა და პარლამენტს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ინიციატივით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია K1 და K2 პარამეტრების ანუ სამშენებლო მოცულობის ან და სიმაღლის პარამეტრის დარღვევისთვის; უნებართვო მშენებლობისთვის; მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობისთვის, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას. ძალიან მაღალი ალბათობით, ხალხის რჩეულები დედაქალაქის მერის ინიციატივას მხარს დაუჭერენ და ახალი რეგულაციებიც მალე ძალაში შევა.

ამწეკრანი მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
თბილისში არაკეთილსინდისიერი მშენებლების მიმართ სანქციები გამკაცრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი, ილია წულაია: „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა, იმისგან განსხვავებით, რაც დღემდე იყო... მიუხედავად იმისა, რომ მერიის ახალმა ადმინისტრაციამ ჯარიმები გაზარდა და ზოგ შემთხვევაში გაათმაგა, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთასაც გულისხმობს და საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმდება. დეტალები პარლამენტში განხილვის დროს განისაზღვრება, მაგრამ პრინციპულად უნდა გამოირიცხოს ის, რომ ადამიანმა დარღევევებით და უნებართვოდ ააშენოს...“  

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სამშენებლო პროცესში დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, გასულ წელს საგრძნობლად მოიმატა ჯარიმების ტარიფმა. 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობებზე და 25 ათასი ლარი შეადგინა; 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე და 15 ათასი ლარს გაუტოლდა. სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო ტარიფმა 10-ჯერ მოიმატა და 30 ათასი ლარია. ასევე 10-ჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე და ის 50 ათასი ლარი გახდა. ამოქმედდა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებიც. ცნობილია, რომ აღნიშნულ დარღვევებზე გასულ წელს ათი მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა, თუმცა მშენებლობის პროცესში დარღვევებზე ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებას შედეგი არ მოჰყვა და რადიკალური ზომების მიღებაც ამან განაპირობა.

დაუსრულებელი შენობები თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტია გამოცხადდება

კახა კალაძე: „როგორც ჩანს, ჯარიმების ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც ჩვენში არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით მშენებლობის დროს იღებენ. შესაბამისად, მოგვიწია გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, მთავარი არის ქალაქის ურბანულად სწორად განვითარება. მიგვაჩნია, რომ არც ერთი ჯარიმა და  მის ხარჯზე ბიუჯეტში შესული თანხები არ არის იმ ზიანის ტოლფასი, რასაც სამშენებლო დარღვევების შედეგად ზოგიერთი სამშენებლო კომპანია აყენებს ქალაქს...“

საკანონმდებლო პაკეტის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დასრულებული და ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი სახლების საკითხი. თბილისის მერია უკვე დასრულებულ, მაგრამ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამნისტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებს ეხება. ქალაქის თავის თქმით, ამნისტია შეეხება იმ შენობა-ნაგებობას, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. დედაქალაქში ამჟამად დაახლოებით ექვსასი ობიექტია, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ამ ტიპის შენობა-ნაგებობებში, ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები და ფლობენ საცხოვრებელ ფართებს. უპირველესად, მათთვის არის მნიშვნელოვანი ამნისტიის საკითხი. ამ ფართების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით დაბალია. უნდა ითქვას, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელი ფართები არალიკვიდურია საბანკო სექტორისთვის და მისი მფლობელი ვერ იყენებს კრედიტის ასაღებად. არც ერთი ბანკი ასეთ საცხოვრებელ ფართს, არც კი განიხილავს იპოთეკური სესხის გირაოდ.  

ლარი - Sputnik საქართველო
ვის ჩამოაწერენ ჯარიმებს საქართველოში

კახა კალაძე: „სამომავლოდ დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამნისტია კი არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და დედაქალაქის ვიზუალურ სტანდართან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. რაც შეეხება პერიოდს,  ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს, მიმდინარე წლის 16 მაისის მდგომარეობით..."

თბილისის მერის გადაწყვეტილებას ქალაქის საკრებულოშიც გამოეხმაურენ. უმრავლესობის წევრები მას პოზიტიურად აფასებენ და რევოლუციურს უწოდებენ. აცხადებენ, რომ ყველაფერი ეს მინიმუმამდე შეამცირებს მშენებლობისას დარღვევების რაოდენობას. ოპოზიცია საკუთარ თავს არც ახლა ღალატობს და საკანონმდებლო პაკეტს აკრიტიკებს, თუმცა ნეგატიურ ასპექტებს არ აკონკრეტებს. თბილისის მთავრობის მიდგომას დადებითად აფასებენ სამშენებლო დარგის წარმომადგენლებიც.

მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში - Sputnik საქართველო
ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმებული მოქალაქეები ამნისტიის მოლოდინში

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი: „ექსპლუატაციაში არმიღება არ არის ვინმეს ახირება, დაუსრულებელ შენობებზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ჩემი აზრით, ეს უნდა დასრულდეს და შემდეგ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ამ საკითხს აქვს ბევრი პლიუსიც და მინუსიც, თუმცა მე მგონია, რომ უფრო მეტი პლიუსი აქვს. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ბინაში ცხოვრობს, მაგრამ ბინის ექსპლუატაციაში არყოფნის გამო ის ამ ქონებას ვერ იყენებს. მის მფლობელს არ შეუძლია იპოთეკური სესხის აღებაც, ანუ ეს ქონება ჰაერშია გამოკიდებული, ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ქონება არ აქვს...“

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იქნება ექსპლუატაციაში მიღებული. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აქტი, რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომელმაც კვლავაც შესაძლებელი გახადა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, ისევ ძალაში შევა.

მომავალ კვირაში შედგება პრეზენტაცია და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ახალ რეგულაციებსა და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთაც ამნისტია შეეხება...

ამასობაში კი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 ათას 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით – 12 ათას 745 ადამიანით შემცირდა. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, რომ დარგში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა შესაძლოა, სამუშაო დაკარგოს. ეს კი მათი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირდება. როგორია გამკაცრებული საკრედიტო წესების გავლენა დეველოპერულ სფეროში მიმდინარე პროცესებზე? − პასუხით ამ კითხვაზე უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0